Batumelebi | მიწა შესაძლოა გაძვირდეს მიწა შესაძლოა გაძვირდეს – Batumelebi
RU | GE  

მიწა შესაძლოა გაძვირდეს

 

 

შეიცვლება და განვითარდება თუ არა მიწის ბაზარი  მთავრობის აგრარული პოლიტიკის შედეგად?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით,  ქვეყნის მთლიანი ფართობი 69.7 ათასი კვადრატული კილომეტრია. ამ ფართობიდან 2.6 მლნ ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულია. საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 0.6 ჰექტარი სახნავი და 0.62 ჰექტარი საძოვარი ფართობი მოდის.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიწების პრივატიზაცია და გაყიდვა 2012 წლის დეკემბერში შეაჩერა. სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს პროცესი მიწის კოდექსის ამოქმედებამდე არ განახლდება.

 

ზოგიერთი სპეციალისტი  ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია, იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებმა გაძვირება დაიწყო.

 

 

„სასოფლო–სამეურნეო მიწის კომერციული ფასი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ფასზე მაღალია. თუ სახელმწიფოს აუქციონზე 1 კვადრატული ფართობის მიწა 10 თეთრად გამოჰქონდა, ამ პროცესის შეჩერების შემდეგ, მიწის კომერციული ფასი 10 ცენტიდან – 30 ცენტამდე იცვლება“, _ ამბობს კონსალტინგურ-საშუამავლო კომპანია „პრივატ სერვისის“  ხელმძღვანელი ვაჟა ცუცქირიძე.

 

თუმცა ეს ფასი პირობითია, რადგანაც ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ მიწაზე ფასს მისი დანიშნულება  განსაზღვრავს. არის სხვადასხვა  კატეგორიის მიწა: სახნავ–სათესი, ბოსტნეულის და ხეხილის მოსაყვანი. ეს იყოფა კიდევ ქვეკატეგორიებად: სარწყავი და ურწყავი.

 

 

ვაჟა ცუცქირიძის განმარტებით, სახნავ–სათესი მიწების ძირითადი კულტივაცია ხორბალი და სიმინდია: „ურწყავ რეგიონებში, ძირითადად კახეთში, მიწის ერთი კვადრატის ფასი 10 ცენტიდან იწყება და ჰექტარის 1000 დოლარიდან – 2000  დოლარამდე მერყეობს. ეს არის საშუალო ფასი. არის იაფი მიწები, რომელიც გზიდან და მოსახლეობისაგან დაცილებულია. თუ მიწის პატარა ფართობი იყიდება მაშინ ფასი კვადრატზე 1-3  დოლარსაც უტოლდება.“

 

 

საქართველოში შავმიწანიადაგიანი მიწები, სადაც  ბოსტნეული მოჰყავთ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხისაა და აქ ფასს ის განსაზღვრავს, თუ რამდენად შორს არის სარწყავი სისტემებისგან და ახლოსაა მოსახლეობასთან და გზასთან.

 

 

ვაჟა ცუცქირიძე ამბობს, რომ ასეთი მიწების ჰექტარის ფასი 3 000 დოლარიდან 6 000 დოლარამდეა. რაც შეეხება იმ მიწებს, სადაც ხეხილის ბაღებია გაშენებული, აქ მიწის ფასს განსაზღვრავს მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი: „ერთ კვადრატულ მეტრზე ხეხილიანი მიწის ფასი 50 ცენტიდან იწყება და 6 დოლარამდე აღწევს. გამოდის, რომ ერთი ჰექტარის ფასი 5 000 დოლარიდან 60000 დოლარამდეა.“

 

სასოფლო–სამეურნეო მიწის გაყიდვების სეგმენტში ჩართული რეალთორები ამბობენ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია კახეთი, ქართლი,  გურია და  სამეგრელოა. აჭარასა და სვანეთში დარეგისტრირებული მიწების მაჩვენებელი დაბალია. 

 

 

საქართველოში მიწის ფასის შესახებ განცხადებები.გე–სა და საქმე.გე–ზე მოცემული ინფორმაციით, აჭარაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ფასი 3 დოლარია.

 

 

ეს ფასები ბევრად ჩამოუვარდება ურბანული მიწის ფასს. აჭარაში ურბანული მიწის ფასი დაახლოებით 100 დოლარია, ყველაზე ძვირი კი საქართველოში თბილისში, ვერაზეა, სადაც ერთი კვადრატული მიწის ფასი 500 აშშ დოლარსაც აღწევს.

 

 

მეცნიერ–აგრარიკოსის პაატა კოღუაშვილის თქმით, ფასები სოფლის მეურნეობის  დანიშნულების მიწაზე, მთელ მსოფლიოში, ურბანული დანიშნულების მიწებთან შედარებით დაბალია: „საქართველოშიც ასეა, ურბანული მიწა უფრო ძვირი ღირს. ეს ასეც უნდა იყოს“.

 

თუმცა კოღუაშვილი ამბობს, რომ განვითარებულ ქვეყნებში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი 20-40-ჯერ მეტია, ვიდრე – საქართველოში.

 

ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასს ხელისუფლების აგრარული პოლიტიკა გააძვირებს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფლად მოსახლეობას თებერვალში მიწის დამუშავების მიზნით ბარათები დაურიგა. „სოფლის მეურნეობის განვითარების 1 მილიარდიანი ფონდი“ კი ფერმერებსა და აგროსექტორში დასაქმებულ მეწარმეებზე დაბალპროცენტიან სესხებს გასცემს. დაგეგმილია სამაცივრე მეურნეობების განვითარება და რეგიონებში 60 საწარმოს შექმნა, სადაც მიღებული მოსავალი გადამუშავდება.

 

 

საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლელა შათირიშვილი  ამბობს, რომ საქართველოში მიწის ბაზრის განვითარება შესაძლებელია: „თუ სოფლის მოსახლეობა სწორად მიმართავს ამ თანხებს მათ საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად, მათი შემოსავალი უნდა გაიზარდოს, უკეთესი მოსავლის ხარჯზე. თუ გლეხის შემოსავალი გაიზარდა, მას მიწის დამუშავების ინტერესი გაუჩნდება და შესაბამისად მიწას იაფად არ დათმობს“.

 

 

ვაჟა ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს გააქტიურება აგროსექტორში მიწის ბაზრის განვითარებას გამოიწვევს: „გლეხს თავისთავად უფრო გაუჩნდება მიწის დამუშავების მოტივაცია. ჩემი პროგნოზით, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა გაძვირდება. რადგან სახელმწიფო არა მარტო ამ პროგრამას ავითარებს, არამედ დაგეგმილია მოსავლის შესანახი მშრალი და ცივი საწყობების მოწყობა.“

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ნატროშვილი