მუფტი ასლან აბაშიძე: აჭარიდან მუსლიმი მრევლი ახალციხისკენ მიემართება

ხულოს მუფტის, ასლან აბაშიძის თქმით, ხალხი გზაშია სოფელ დანისპარაულის პერიფერებში ჩერდებიან. „ვჩერდებით იმიტომ, რომ როგორმე სახელმწიფომ გამოიჩინს კეთილი ნება და ეს საკითხი მშვიდობიანად გადაწყდეს. ხალხი არის აღელვებული და შეურაცხყოფილი, სპეცრაზმა ჩაკეტა საზოგადოება, მოჭრეს მინარეთი, ვინც წინაღმდეგობა გაუჭია სასტიკად სცემეს სოფელ ჭელში.

მეც მრევლთან ერთად ვართ, შეიძლება გავჩერდეთ იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დესტაბილიზაცია სახელმწიფოში და არ დაიწყოს არეულობა რელიგიის ნიადაგზე. ჩვენ რადგანაც გვინდა სტაბილურობის შენარჩუნება, იქედან გამომდინარე, დავიცდით დანისპარაულში, ხელისუფლებამ ეს საკითხი დადებითად რომ გადაჭრას“.

სოფელ ჭელში დღეს დილით მინარეთი დაანგრიეს, ხოლო მრევლის წარმომადგენლები სცემეს და დააკავეს. მუფტის – ასლან აბაშიძის ინფორმაციით, მრევლი ამ ფაქტის გამო არის აღშფოთებული.

ნადირობის სეზონი გამკაცრებული კანონითა და ჯარიმებით

 

მაია ჩხობაძე: მონადირეს აუცილებლად სჭირდება ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამ ქვითრის ღირებულება სეზონზე, ანუ აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე შეადგენს 10 ლარს. ამასთანავე, მოქალაქეს რომელიც გადამფრენ ფრინველებზე ნადირობს, უნდა ჰქონდეს თოფის ფლობისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია შსს სამინისტროს მიერ. ნადირობის წესები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, ნორმატიული აქტით და ნადირობის წესებში გაწერილია სად უნდა ვინადიროთ, რა სახეობებზე, რა დღიური ლიმიტები არსებობს და ა.შ.

 

– როგორია დღიური ლიმიტი ცალკეულ სახეობაზე და სად არის აკრძალული ნადირობა?

– ნადირობა აკრძალულია ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო ხუთასმეტრიან ზოლში. განსაზღვრულია ნადირობის დღიური ლიმიტი, ანუ რა სახეობებზე უნდა ინადიროს მონადირემ, რა რაოდენობით და ა.შ. 17 აგვისტოდან 2014 წლის თებერვლამდე ნადირობა დაშვებულია ჩიბუხაზე, მწყერზე, ქედანზე, გარეულ მტრედზე, გულიოზე, ჩვეულებრივ გვრიტზე. ეს არის პერიოდი, როცა ამ სახეობებზე ნადირობა შესაძლებელია. ამავდროულად თითოეულ სახეობაზე დადგენილია დღიური ლიმიტი, მაგალითად, ჩიბუხა არ შეიძლება, რომ დღეში მოვკლათ ხუთზე მეტი. მწყერი არ შეიძლება მოვიპოვოთ 20 ცალზე მეტი, ქედანის დღიური ლიმიტი განსაზღვრულია 10 ცალით და ა.შ. უახლოეს პერიოდში განხორციელდება ნადირობის წესებში ცვლილება და წყალმცურავ ფრინველების რაოდენობას, რაც დღეისათვის არის შვიდი სახეობა, დაემატება კიდევ ხუთი სახეობა. სამეცნიერო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, წყალმცურავი ფრინველების 12 სახეობაზე იქნება ნადირობა დაშვებული.

 

– რა მეთოდებითაა აკრძალული ნადირობა და როგორ მოხდება ამის კონტროლი?

 – მინდა მონადირეები გავაფრთხილო, რომ გაძლიერებული იქნება კონტროლი, რა თქმა უნდა, გამკაცრებულია წესები. ნადირობა არ შეიძლება მცენარეული საფარის დაწვით, ღამით განათებული ფარების და ცეცხლის დანთების მეშვეობით. ეს ისეთი მეთოდებია, რომელიც მასობრივად იზიდავს ფრინველებს. ასევე არ შეიძლება წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან, როდესაც ძრავა გამორთული არ არის. წინა წლებში გავრცელებული იყო ნადირობა ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობებით, ე.წ. „მანიოკებით“. ეს არის აკრძალული და ვინც მას გამოიყენებს, განიხილება როგორც ნადირობის წესის დარღვევა და გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პასუხისმგებლობის ზომები. ამასთან მინდა ვთქვა, რომ საჯარიმო სანქციები გაზრდილია.

 

თუ ნადირობას მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობს პიროვნება და დარღვევა გამოვლინდა, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა არის ასიდან 500 ლარამდე. ამ ჯარიმას ემატება, თუ მოპოვებული ჰყავს უკანონოდ ფრინველი, გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა. ხოლო თუ ნადირობს ისეთ სახეობაზე, რომელიც არ მიეკუთვნება ნადირობის ობიექტს, ამ შემთხვევაში ჯარიმა არის 500-დან 700 ლარამდე. ასევე ნადირობა იმ იარაღით ან მეთოდით, რომლითაც ნადირობა აკრძალულია, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 2000 ლარამდე. გამკაცრებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომებიც. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა აჭარბებს 2000 ლარს, ეს არის უკვე მნიშვნელოვანი ზიანი. თუ ნადირობა ხდება ნებართვის გარეშე, აკრძალულ ადგილას, აკრძალული იარაღით, ეს უკვე წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

 

იმ შემთხვევაში, თუკი ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან ეროვნულ პარკში ხდება, ასევე მექანიკური, სატრანსპორტო ან მასობრივი განადგურების იარაღით თუ ხდება საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ფრინველზე ნადირობა, ამ შემთხვევაშიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს.

 

– სამონადირეო მეურნეობებს რაც შეეხება, რამდენი მეურნეობაა ამ დროისათვის საქართველოში და როგორი მდგომარეობაა იქ?

– ცხოველებზე ნადირობა, დამტკიცებული კვოტების მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში. ნადირობა დანარჩენ შემთხვევებში დაშვებულია მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზე.

 

სამონადირეო მეურნეობებზე გაცემულია სპეციალური ლიცენზიები. დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 17 სამონადირეო მეურნეობა და 8 თევზის მეურნეობა. სამონადირეო მეურნეობა სწორედ იმ მიზნით იქმნება, რომ იქ გამრავლდეს გარეული ცხოველები. სამონადირეო მეურნეობა ყოველწლიურად იმტკიცებს კვოტას _ ეს არის მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა. თუ ადამიანს სურს ინადიროს გარეულ ცხოველზე და არამხოლოდ ფრინველზე, ამ შემთხვევაში უნდა მიაკითხოს სამონადირეო მეურნეობებს.

 

–  როგორია მიმდინარე და გასული წლების ბრაკონიერობის ფაქტების სტატისტიკა?

– 2011 წელს ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა ბუნებრივი რესურსების მართვის სააგენტო. ამ პერიოდმა უარყოფითად იმოქმედა და ბრაკონიერობის ფაქტების გამოვლენათა რიცხვი შემცირებულია. მაგრამ ამ წლებამდე მე მაქვს სტატისტიკა და შემიძლია ვთქვა, რომ ნადირობისას ბრაკონიერობის 134-150 ფაქტი იყო გამოვლენილი. ასევე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეები უკანონო ნადირობის ფაქტებზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2013 წლის მაისში შეიქმნა და დღემდე 10-მდე ფაქტია გამოვლენილი უკანონო ნადირობის, აღძრულია ერთი სისხლის სამართლის საქმე.

 

ახალგაზრდები თურქეთში, მოხუცები – ბეშუმში

სოფლამდე მისვლა საავტომობილო გზითა და ბილიკითაა შესაძლებელი. საავტომობილო გზა პირველ დასახლებამდე ერთ კილომეტრშია, ბილიკით კი, სოფელში რამდენიმე წუთში მიხვალ. რადგან სამარშრუტო ტაქსი მხოლოდ ხულოს ცენტრამდე მიდის, სოფელში მისვლა ბილიკით გადავწყვიტე.

გზაზე მხოლოდ ერთ ადამიანს შევხვდი, სოფლის შესახებ პირველ ინფორმაციასაც ემზარ ბოლქვაძისგან ვეცნობი. „შუამთობის დღესასწაულია, ბაირამიცაა, მოსახლეობა, უფრო მეტად მოხუცები, ბეშუმში არიან წასული, ახალგაზრდები კი –  თურქეთში, თხილის საკრეფად წავიდნენ, “  –  მიხსნის სოფლის მკვიდრი.

რამდენიმე წუთში პირველ მოსახლესაც შევხვდი, ომარ ბოლქვაძე სოფელში მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც ბატონი ომარი მიყვება, მისი შვილი ბათუმში მუშაობს და საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა: „სამსახური იქ აქვს, მე რომ წავიდე, რა ვქნა ქალაქში, ცოტ-ცოტა მოსავალი მომყავს, წელს ნერგები მოიტანეს, დავრგე პომიდორი, ამბობდნენ, ავადმყოფობას უძლებს, ადვილად ვერ აფუჭებსო, მაგრამ ადრე გაფუჭდა, არც მოსავალი მომცა. ჩემი მეზობლები, ძმისშვილები, სოფლის ახალგაზრდები თურქეთში არიან წასული, რატომ უნდა მიდიოდეს ჩვენი ხალხი თურქეთში სამუშაოდ, თან ისეთ პირობებში, რა პირობებშიც ამუშავებენ?! მაგრამ რა ქნას ხალხმა, შემოსავალი რომ არ არის, სკოლის მოსწავლეებიც წავიდნენ. კარგია, რომ წიგნებს უფასოდ დაურიგებენ, მაგრამ ჩაცმა-დახურვა ხომ უნდა, მშობელს რომ არ აქვს შესაძლებლობა, ბავშვმა რა ქნას? ამიტომაც მიდიან,“ –  მიყვება ომარ ბოლქვაძე. საუბარში ომარის მეზობელი ალბერტ ბოლქვაძეც ერთვება: „ოჯახს შემოსავალი რომ ჰქონდეს, სკოლის მოსწავლე თხილის საკრეფად წავა?!“  –  ამბობს ის.

ალბერტის მთავარი საფიქრალი უმუშევრობაა. სამი წელია, რაც უმაღლესი განათლება მიიღო და ვერ დასაქმდა. როგორც ის ამბობს, „ხულოში სამსახურს ვერ ნახავ შენი ნათესავი ან ახლობელი დიდ თანამდებობაზე თუ არ მუშაობს. სამი წელია მაგისტრატურა დავამთავრე, იურისტი ვარ, მაგრამ სამსახური ვერ ვნახე. ნათესავი თუ არ გყავს დიდ თანამდებობაზე, უმუშევარი დარჩები.  სოფელში 2-3 კაცი თუ იქნება საჯარო სამსახურში დასაქმებული, სხვა ყველა უმუშევარია,“  – ამბობს ალბერტი.

კოჩალიძეების ექვსსულიანი ოჯახიდან სოფელში მხოლოდ ამირანი და მისი ცოლი დარჩნენ.  როგორც ამირანი ამბობს, შვილები სამუშაოდ თურქეთში გაამგზავრა, მოხუცები მშობლები კი  –  ბეშუმში: „მოხუცები დასასვენებლად მთაში გავუშვი, შვილები სამუშაოდ თურქეთში წავიდნენ, ეს მათი სურვილი იყო, ჩვენი ფული გვექნებაო. ორი ბიჭი მყავს, უფროსს, ლაშას საინჟინრო დავამთავრებინე, ოთხი წელი 1500 ლარს ვუხდიდი სწავლაში, დიპლომსაც მალე აიღებს, მაგრამ რად გინდა, მეც ინჟინერი ვარ, მაგრამ ჩემი დიპლომი ამდენი ხანია ვერაფერში გამოვიყენე და ლაშას სად უნდა ვანახიო სამუშაო? ლერი მე-12 კლასშია, იფიქრა, მისი ფული ექნება, სასკოლოდ ჩასაცმელს მაინც იყიდის,“ – ამბობს ამირანი.

ამირანის მეზობლად მცხოვრები ზაზა ბოლქვაძის სახლი დაკეტილია, როგორც ამირანი ამბობს, ამ ოჯახიდანაც თურქეთში არიან წასული სამუშაოდ.

კოჩალიძეების საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში ხის ავარიული შენობაა, ავარიულ სახლში მზიური ბოლქვაძე მარტოდ ცხოვრობს, მისი ოჯახი საცხოვრებლად წლების წინ წალკაში გადავიდა, თუმცა როგორც ის ამბობს, ჰაერის გამოცვლას ვერ შეეგუა, სოფელს დაუბრუნდა და მამაპაპისეულ სახლსაც შემორჩა. ახლა სახლი დეფორმირებულია, იატაკი ალაგ-ალაგ ამოცვენილია და როგორც მზიური ამბობს, წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის: „ჩემი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა, სულ 130 ლარი, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ,“  –  მიყვება მზიურ ბოლქვაძე.

სოფელში საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. განახლებაში სამედიცინო პუნქტი არ არის.

სოფლის განაპირა მხარეს, ბოსელზე დაშენებულ  ხის ერთსართულიან სახლში კი ნანული ბოლქვაძე ქმართან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ბოლქვაძეების ოჯახის მთავარი საფიქრალი 16 წლის იმედას ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ორი წელია, რაც იმედამ გადაადგილების უნარი დაკარგა, მოზარდს ხერხემალთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, ოჯახს კი მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გააჩნია: „გასულ წელს თბილისში წავიყვანე სამკურნალოდ, ფული არ მქონდა, ვის არ ვთხოვე დახმარება, მაგრამ ამაოდ, ბოლოს ძროხები გავყიდე და იმ ფულით ვუმკურნალე თბილისში. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ისევ გამოკვლევები აქვს ჩასატარებელი და სამკურნალოა, მე ამის საშუალება არ მაქვს. სოციალურ შემწეობას ვიღებდი, გაზაფხულზე ისიც მომიხსნეს, იქნებ ვიღაცამ გულთან მიიტანოს ჩემი შვილის გასაჭირი და დამეხმაროს, უფულობის გამო დაინვალიდდა ბავშვი, ორი წელია სკოლიდანაც გამოვიდა, სიარული რომ ვეღარ შეძლო,“ –  ამბობს აცრემლებული დედა.

ახალგაზრდობის ცენტრები დაფინანსების გაზრდის იმედით

ქედის ახალგაზრდულ ცენტრში საინიციატივო ჯგუფ ,,new mentality” მის მიერ წარდგენილი პროექტის  –  „მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების სპორტულ – გამაჯანსაღებელ  ღონისძიებებში ჩართვა“ დაფინანსებას ერთი კვირაა ელოდება. პროექტის დაფინანსებისთვის 2894 ლარია საჭირო, თუმცა ამ ეტაპზე საჭირო თანხა სამსახურს არ გააჩნია. საინიციატივო ჯგუფის გარდა ქედის ახალგაზრდულ ცენტრში ოთხი პროექტია წარდგენილი, ახალგაზრდები დაფინანსებას დონორი ორგანიზაციებისგან ელოდებიან.

ახალგაზრდობის ცენტრების დაფინანსებისთვის მიმდინარე წელს სამივე მუნიციპალიტეტში 15 000 ლარი გამოიყო, 15 000-ლარიანი ფონდი ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, მუნიციპალიტეტების გამგეობების შესაბამისი სამსახურების მიერ წარდგენილი მიზნობრივი პროგრამებით დაამტკიცეს. გამოყოფილი თანხით ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებებმა ქედაში რვა, შუახევსა და ხულში კი ცხრა ღონისძიება დაგეგმა. ინტელექტუალური თამაშები, მარათონი ახალგაზრდებს შორის, ექსკურსიისა და დებატების მოწყობა, მუნიციპალური პირველობა მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის – ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რომლებსაც ახალგაზრდული ცენტრები წლის განმავლობაში ახორციელებენ. მიზნობრივი პროგრამების გარდა ცენტრები ახალგაზრდებს უფასო კომპიუტერულ მომსახურებასაც სთავაზობენ.

ლევან ქავთარია ქედაში ერთი თვეა იმყოფება. ზუგდიდელი ფეხბურთელი ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემში“ თამაშობს, როგორც ის ამბობს, ახალგაზრდულ ცენტრს ხშირად მიმართავს. „მნიშვნელოვანია ასეთი ცენტრების არსებობა ისეთ რაიონში, როგორიც ქედაა, რადგან აქ ინტერნეტი ახალგაზრდობისთვის მიუწვდომელია. ხშირად მოვდივარ, ზოგი ინფორმაციას ეცნობა, ზოგიც თემას იძიებს, მე ახლობლებს ვუკავშირდები ინტერნეტით, უკეთესია ცენტრი გაფართოვდეს და მეტი კომპიუტერით აღიჭურვოს, რადგან ხშირად როცა კომპიუტერთან ვზივარ, სხვა ჩემს წასვლას ელოდება“,  – ამბობს ლევან ქავთარია.

ქედის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი არჩილ ბეჟანიძე ახალგაზრდებს ეთანხმება. ის ამბობს, რომ ცენტრს არასაკმარისი ფართობი და დაფინანსება აქვს. მისი თქმით აუცილებელია დაფინანსების გაზრდა და დებატებისთვის შესაბამისი ოთახის მოწყობა. ბეჟანიძე აქვე დასძენს, რომ რაც უფრო დიდია ბიუჯეტი, აქტიურობაც მეტია.

„15 000 ლარი არაფერია, ახალგაზრდებმა რამდენიმე პროექტი შემოიტანეს. წარმოდგენილ პროექტებს შორის არის პროექტი სადებატო ბანაკის მოწყობაზე. დაფინანსება სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტს ვთხოვეთ, დეპარტამენტმა თანხის ნაწილი შემოგვთავაზა, თუმცა პროექტი ჩავარდა, რადგან თანხა ჩვენ არ გაგვაჩნდა. რაც უფრო დიდია დაფინანსება, აქტიურობაც მეტია, 25-30 000-მდე ლარი გვჭირდება. სადეპატო კლუბის მოწყობა ყველაზე კარგ პროგრამად მიმაჩნია, ფართობი რომ გვქონდეს, მოვიწვევ ახალგაზრდებს, ფირზე ვაჩვენებ თემებს: პოეზიაზე, არჩევნებზე, პოლიტიკაზე, ნატოს როლზე, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რანაირად,“ –  ამბობს არჩილ ბეჟანიძე.

ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მამია გვარიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას 10 მიზნობრივი პროგრამის დაფინანსებისთვის 20 000 ლარის გამოყოფა სთხოვა, წარმოდგენილი 10 პროგრამიდან რვა დააფინანსეს. ამ ეტაპზე ქედაში დაფინანსების 70 პროცენტი ათვისებულია.

„საფინანსო სამსახური 5 000 ლარის დამტკიცებას დაგვპირდა, თანხას თუ დაგვიმტკიცებენ, „ყველაზე ჭკვიანისა“ და „მხიარული სტარტების“ ჩატარება გვინდა. ფართობი არასაკმარისია, 9 კომპიუტერი გვაქვს, მათგან 8 არის გამართულ მდგომარეობაში. გვინდა ჩამოვაყალიბოთ ლიტერატურული კლუბი, წერა-კითხვის კლუბი, ახალგაზრდები გაწევრიანების სურვილს გამოთქვამენ, მაგრამ არსებული ფართობი არ გვაძლევს ამის საშუალებას,“ – ამბობს სამსახურის უფროსი.

„არდადეგებზე ბებიასთან ხულოში ამოვდივარ, აქ ინფორმაცია მიუწვდომელია, ახალგაზრდობის ცენტრი, სადაც კომპიუტერი და ინტერნეტია, რაც სკოლა მოიხსნა, მას შემდეგ თითქმის სულ დაკეტილია. როცა ცენტრი მუშაობს, კომპიუტერები დაკავებულია და უნდა დაელოდო სხვის წასვლას,“ –  ამბობს სალომე ქოქოლაძე.

ხულოს ახალგაზრდული ცენტრი კონფერენციებისათვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზს იყენებს, სამსახურის უფროსი აკაკი ქონიანიძე ამბობს, რომ ამ მხრივ პრობლემა არ ექმნებათ, თუმცა უკეთესია ცენტრს საკუთარი დარბაზი გააჩნდეს.

„კარგი იქნება, ცენტრი თუ გაფართოვდება და დაფინანსებას გაგვიზრდიან. უკეთესია თემებში გაიხსნას მსგავსი სამსახურები, რადგან რიგი თემებისა რაიონულ ცენტრებს ათეული კილომეტრითაა დაშორებული,“ –  ამბობს აკაკი ქონიანიძე.

დაფინანსებითა და ფართობით კმაყოფილია შუახევის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების  მთავარი სპეციალისტი თამილა თოიძე: „დაფინანსებაც და ფართობიც საკმარისი გვაქვს. შვიდი კომპიუტერი გვაქვს, ორი ოთახი და საკონფერენციო დარბაზი, 9 მიზნობრივი  ღონისძიებიდან 4 ჩავატარეთ, პროგრამებში აქტიურად ჩაერთო ახალგაზრდობა, საკუთარი პროგრამებიც შემოაქვთ, პროგრამას დეპარტამენტი თუ მოიწონებს, დააფინანსებს,“ –  ამბობს თამილა თოიძე.

„დღეს ყველა საკრებულოზე ერთდროულად შეტევა მოხდა“

 

როგორც რობერტ ჩხაიძემ  აღნიშნა,  „დღეს ყველა საკრებულოზე ერთდროულად შეტევა მოხდა“. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც კი ვერ იღებს და „ ეს განცხადებები იგეგმება და საბოლოო სახეს ღებულობს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა კაბინეტებში“.  

 

„მინდა დღევანდელი განცხადებით მოვუწოდო არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გაერკვნენ, თუ რა მოხდა დღეს აჭარაში.  დღეს, ფაქტიურად აიძულეს საკრებულოები, რომ ძალოვან სტრუქტურებთან შეთანხმებული კანდიდატები არჩეულიყო.“ – განაცხადა რობერტ ჩხაიძემ.

 

 

 „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში მიიჩნევენ, ის ფაქტი, რომ აჭარის ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთდროულად და დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება, საეჭვოა.

 

 

 „მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვესმის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომპეტენტური ადამიანები დანიშნა, თუმცა, რატომ გახდნენ ისინი ერთდროულად ცუდები, ჩვენთვის გაუგებარია. ასევე ინფორმაცია ქედის გამგებელთან დაკავშირებით, რომ ის გაიქცა,  არასწორია. ამ ადამიანმა საკრებულოს თხოვნით მიმართა და შვებულებაშია გასული. სამსახურში გამოსვლისთანავე თვითმართველობაში იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ბარამიძემ, რომელიც ქედის ყოფილი გამგებელია.

 

 

ქობულეთს ახალი გამგებელი ჰყავს

 

ქობულეთს ახალი გამგებელი ჰყავს – ამ ინფორმაციას ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ადასტურებს. მისი თქმით საკრებულომ გამგებლად გიორგი რომანაძე აირჩია.

 

ქობულეთის საკრებულო 27 წევრისგან შედგება. დღევანდელ სხდომაზე 25 წევრი ესწრებოდა. საკრემულომ  ახალი თავმჯდომარე გიორგი რომანაძე 25 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩია. ახლად არჩეული გამგებელი გიორგი რომანაძე ბიზნესსკოლაში ლექციებს კითხულობს და აქვს საბანკო სექტორში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება.

ახალი გამგებლები ხულოსა და შუახევში

 

 დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას შუახევში საკრებულოს 19 დეპუტატიდან  18 დეპუტატი ესწრებოდა, გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად წარდგენილ კანდიდატს – ტარიელ ებრალიძეს  ყველა დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ტარიელ ებრალიძე ხიჭაურის უნივერსიტეტის სრული პროფესორია.

ხულოში გამართულ რიგგარეშე სხდომას კი 23-დან 22 დეპუტატი ესწრებოდა, წარდგენილ კანდიდატს, ბესიკ ბაუჩაძეს ყველა დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ბესიკ ბაუჩაძე კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. 

 

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ საკრებულო სხდომა ორშაბათისთვის აქვს ჩანიშნული. „ბათუმელების” ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მოქმედ გამგებელზე ზეწოლა მოხდება, ქედის საკრებულო საკუთარი კანდიდატების, ჯემალ შარაძისა და ედნარ აბულაძის წარდგენას გეგმავს. ჯემალ შარაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, ედნარ აბულაძე კი საკრებულოს წინა მოწვევის თავმჯდომარე. ქედის მოქმედი გამგებელი კი გუშინ შვებულებაში გავიდა.

ხელვაჩაურში ახალი გამგებელი აირჩიეს

 

ნადიმ ვარშანიძე ცოტა ხნის წინ ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნუკრი სირაბიძის ინფორმაციით ის ამჟამად არც ერთი პარტიის წევრი არ არის.

 

მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა



ჯონი ცივაძე: მთელი ჩემი ცხოვრება სპორტს მივუძღვენი. მართალია, აქტიური სპორტული კარიერა დიდი ხნის წინ დავასრულე, მაგრამ სხვადასხვა სტრუქტურებში ვმუშაობდი, რომლებიც აჭარაში სპორტს კურირებდა. რვა წლის მანძილზე აჭარის სპორტის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი, საჩოგბურთო კორტების პრეზიდენტიც ვიყავი და ბათუმის „დინამოსაც“ ვმეთვალყურეობდი, ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტიც ვიყავი. ეს გასული საუკუნის 1990-იან წლებში იყო, სწორედ ის პერიოდია, როდესაც სპორტი აჭარაში იმაზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე ახლაა. გაიხსენეთ, რაგბი, კალათბურთი, ფეხბურთი, სხვადასხვა სახეობები და თავად მიხვდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. სწორედ ჩემი ინიციატივითა და ძალისხმევით მოხერხდა, რომ 2000 წელს, ბათუმში, აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩავატარეთ ჩოგბურთში 14 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის, იმავე წელს, „ბათუმი ლეიდის ოუფენის“ საპრიზო ფონდი 50 ათასამდე ავიყვანეთ.

 

 

ეს რაც შეეხება თქვენს წარსულს. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობა რატომ გადაწყვიტეთ?

 

 

– ეს ნაბიჯი სპორტსმენთა და მწვრთნელთა მიმართ უსამართლო დამოკიდებულებამ გადამადგმევინა. ვხედავდი, რომ ძირეული ცვლილებები აუცილებელი იყო და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პრეზიდენტობაზე კენჭი მეყარა. მადლობა მინდა გადავუხადო იმათ, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას.

 

 

არჩევისთანავე თქვენი გეგმების შესახებ ღიად ისაუბრეთ. რისი გაკეთება მოახერხეთ ამ ხუთი თვის მანძილზე?

 

 

– ამ ეტაპზე მუშა პროცესში ვართ. გეგმებს რაც შეეხება, არ შეცვლილა, ვაპირებ ყოველთვიური სტიპენდიების დანიშვნას სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის. სტიპენდიას ისინი ადრეც იღებდნენ, მაგრამ განსხვავება ის იქნება, რომ გაიზრდება სტიპენდიანტი სპორტსმენების რაოდენობა და თავად სტიპენდიაც. სავარაუდოდ, 20 სპორტსმენსა და 10 მწვრთნელს დავუნიშნავთ სტიპენდიას, რა თქმა უნდა, შედეგების გათვალისწინებით. უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს ოლიმპიური კომიტეტისთვის ოფისის გადაცემის საკითხი, სადაც პირველ რიგში, მუზეუმს განვათავსებთ, რათა მომავალ თაობას არ დავუკარგოთ ის სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი კუთხე. დიდი სურვილი მაქვს, რომ აჭარის ოლიმპიური კომიტეტი თავის მუზეუმთან ერთად, ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცეს. კავშირებს ვამყარებთ სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტებთან. ბადრი ნაკაშიძე, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მგუ) სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე კათედრის გამგეა, რუსეთში აჭარის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლად დავნიშნე, მას სერიოზული კავშირები აქვს, რაც სამომავლოდ სპორტის განვითარებისთვის გამოგვადგება, პირველ რიგში კი ინვესტიციების მოსაზიდად.

 

 

როგორც ვიცი, აჭარის მთავრობა ოლიმპიურ კომიტეტს აფინანსებს. რა ოდენობის თანხაზეა საუბარი და აპირებთ თუ არა სხვა ინვესტიციების მოზიდვასაც, თუ მხოლოდ სახელმწიფო კმაყოფაზე იქნებით?

 

 

– საუბარია 400 ათას ლარზე, მაგრამ ამის გარდა, ვაპირებთ კერძო სექტორის ჩართვასაც ამ საქმეში, მთავარი ისაა, რომ სახელმწიფო გვერდში დაგვიდგეს, მაშინ ინვესტორიც დაინტერესდება. მე კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისთვის უსახსრობა. პირადად მე ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როდესაც საკუთარი ჯიბიდან დამიფინანსებია ის სპორტსმენები, რომლებიც ბევრს ჩამოწერილად მიაჩნდა, მაგრამ შემდეგ ამ ბიჭებს შედეგი უჩვენებიათ. ასე რომ, უყურადღებოდ არავის დავტოვებთ.

 

 

სტიპენდიები ძირითადად დიდებს ენიშნებოდათ, ახალგაზრდები და კადეტები კი, ასე ვთქვათ, თამაშგარეთ რჩებოდნენ

 

 

– ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის. ვაპირებთ ოლიმპიური რეზერვების სკოლის დაარსებას, სადაც ახალგაზრდა თაობას დაეთმობა დიდი ყურადღება, რომელიც ახლანდელს კარგ შევსებას მოუმზადებს. რაც მთავარია, დავაფინანსებთ სპორტსმენებს, რათა მათ რაც შეიძლება მეტ ტურნირზე მიიღონ მონაწილეობა. ვინც სპორტში ჩახედულია, კარგად იცის, რომ ერთი შეჯიბრი ათ ვარჯიშს უდრის და თუ ტურნირებზე არ იარა ბავშვმა, ისე სპორტსმენად ვერ გაიზრდება. ავიღოთ გიორგი ნადირაძის მაგალითი, ის საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენია, ხელი მოვკიდე, ჩემთან ვარჯიშობდა და ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა.

 

 

ნადირაძის ლიცენზიას ბევრი მითქმამოთქმა მოჰყვა, თითქოს `ველური ბარათის~ საშუალებით მოხვდა ოლიმპიადაზე

 

 

– ეს ყველაფერი ჩემი დისკრედიტაციის გამო ხდებოდა. არ მინდა ინტერვიუს პოლიტიკური ელფერი მივცე, მაგრამ `ნაცმოძრაობის~ მხარეს რომ არ ვიყავი, ბევრი ჭორი მომიგონეს, მაგრამ დრომ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა და მტყუან-მართალიც გამოაჩინა.

 

 

რიოს ოლიმპიურ თამაშებამდე სამ წელზე ოდნავ მეტი დრო დარჩა, რამდენი სპორტსმენით აპირებთ წარსდგეთ მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ფორუმზე?

 

 

– პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. ვინც გაემგზავრება ოლიმპიადაზე, ყველა მედლისთვის უნდა წავიდეს და რაც მთავარია, უმაღლესი სინჯის მედლისთვის. მარტო მონაწილეობა მე არ მაკმაყოფილებს. მოგებას უნდა მივაჩვიოთ სპორტსმენები ჯერ ადგილზე, შემდეგ კი საერთაშორისო მასშტაბებზე. გვყავს რამდენიმე ბიჭი, რომლებსაც არა მარტო ლიცენზიის, არამედ ოლიმპიური მედლის მოპოვებაც შეუძლიათ. სალიცენზიო ტურნირები 2015 წელს დაიწყება და ყველაფერი მაშინ გამოჩნდება.

 

 

2015 წელს თბილისი ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს და ალბათ, აჭარასაც ეყოლება თავისი წარმომადგენლები

 

 

– რა თქმა უნდა, როგორც თბილისში, ასევე ბაქოს ახალგაზრდულ თამაშებზეც წარვადგენთ გუნდს, რომელიც იმავე წელს გაიმართება. კარგი თაობა მოდის და თუ როგორც ჩვენ, ასევე სახელმწიფო სათანადო ყურადღებას გამოიჩენს, მაშინ შედეგი აუცილებლად იქნება.

 

 

და ერთი კითხვა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები ხშირად ასპარეზობენ აჭარის სახელით, ადგილობრივები კი ჩრდილში რჩებიან, თუნდაც ვარლამ ლიპარტელიანი ავიღოთ

 

 

– ვარლამი უდავოდ კარგი სპორტსმენია, მე არ ვარ ამ მეთოდის წინააღმდეგი, მაგრამ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, თუ აჭარის სახელით უნდა სპორტსმენს გამოსვლა, მაშინ ძირითადად აქ უნდა იყოს, აჭარაში, აქვე ივარჯიშოს და რაც მთავარია, ახალი თაობის აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა. ასეთი ტიტულოვანი სპორტსმენების გვერდით ვარჯიში, ახალგაზრდა თაობისთვის დიდი სტიმული იქნება.

ევროპის ჩემპიონატამდე ერთი შეკრება დარჩა

თბილისიდან დაბრუნდა აჭარის ტაეკვონდისტთა ნაკრები, რომელმაც მონაწილეობა მიიღო შესარჩევ ტურნირზე. როგორც ადრე ვიუწყებოდით, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სექტემბერში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ელის. თბილისურმა ტურნირმა ის კანდიდატები გამოავლინა, რომლებიც უახლოეს დღეებში ქობულეთში საწვრთნელ შეკრებაზე შეიკრიბებიან, სწორედ იქ გადაწყვეტს ნაკრების ხელმძღვანელობა, თუ ვინ გაემგზავრება ევროპირველობაზე, რომელსაც პორტუგალია უმასპინძლებს. ბათუმელთაგან ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებად გურამ კუტუბიძე, კახა მახარაძე და მარი ბოლქვაძე მოიაზრებიან. შესარჩევ ტურნირზე იასპარეზეს დიდებმაც, რომლებიც ახალგაზრდებთან ერთად ქობულეთში მოემზადებიან, ვინაიდან მათ ოქტომბერში A კლასის ტურნირი ელით უკრაინაში. ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ დიდებიდან შეკრებაზე აკაკი ცენტერაძეს, თეონა ვაშაყმაძეს, სოფია ცეცხლაძესა და გოგია კაკაბაძეს უხმო.

სიახლეები ბათუმის “დინამოში”

ბათუმური კლუბის სპორტულ დირექტორად წარსულში “დინამოს” კაპიტანი მალხაზ მახარაძე დაინიშნა. მთავარ მწვრთნელს კობა ჟორჟიკაშვილს, ასევე წარსულში ცნობილი ბათუმის „დინამოელები“ ლევან ხომერიკი და ბორის გონჩაროვი დაეხმარებიან, განვითარების მენეჯერი კი გელა შეყილაძე იქნება. „დინამო 2“-ს ივანე მახარაძე ჩაიბარებს.

2013/14 სეზონში „დინამოს“ ახალი ტექნიკური სპონსორი, გერმანული „SALLER“-ი შემოსავს. ბათუმის „დინამოს“ ერთგულ ქომაგებს, ფანკლუბ „შავი ზღვის მეკობრეების“ დაფინანსებასა და ტრანსპორტირებას კომპანია „კოკა-კოლა“ უზრუნველყოფს.

Batumi Summer Set იწყება

ხვალ, 22 აგვისტოს, ბათუმში  „Batumi Summer Set“  იწყება. „Miracle Park”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე  საფესტივალო ქალაქის მშენებლობა, რომელიც ანბანის კოშკსა და ეშმაკის ბორბალს შორის მდებარეობს,  პრაქტიკულად დასრულებულია.

„Batumi Summer Set“ – ის  მთავარი მოვლენა  დანიური ელექტრონული მუსიკის დუეტი „Laid Back“-ია, რომელიც ფესტივალს გახსნის. „Laid Back“  რომელიც  1979 წელს ჩამოყალიბდა, 22 აგვისტოს ძველ და ახალ ჰიტებს შესთავაზებს მსმენელს.  მათ შორის  Sunshine Reggae და  Happy Dreamer.

უცხოელ დიჯეებს აკომპანიმენტს 12 ქართველი დიჯეი   გაუწევს.

„ფესტივალის მიზანია ქართველი არტისტების პრომოუშენი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არტისტები უკრავენ ძალიან დიდი სახელების გვერდით და შესაბამისად მათ კარიერაში ძალიან კარგად იწერება ამ არტისტებთან ერთად მონაწილეობის მიღება მსგავს ფესტივალებში. ასევე ეს ფესტივალის ბათუმის პრომოუშენსაც ემსახურება. მსგავსი ტიპის ფესტივალები აჭარი რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ფესტივალის არტ მენეჯერი ტატო ხარჩილავა.

„Batumi Summer Set“-ს 22 აგვისტოს  საღამოს რვა საათზე  SOLAR ECLIPSE გახსნის, ასევე გამოვლენ, BACHO&COBERT,  SYNKRO, PHON-O. ღამის 12 საათზე სცენა მთავარ ჰედლაინერს LAID BACK -ს დაეთმობა.

„Batumi Summer Set“ ბათუმში უკვე მეორედ იმართება.

ღია წერილი საქართველოს განათლების სამინისტროს

 

 

აღნიშნული კონცეპციის  ჩამოყალიბებისას უნდა გაეცეს პასუხი  შემდეგ ორ კითხვას: 1. როგორი უნდა იყოს თანამედროვე უმაღლეს სასწავლებლების კურსდამთავრებულების მომზადების დონე, რომ ის აკმაყოფილებდეს თანამედროვე  მოთხოვნებს და 2. როგორია ამჟამად ჩვენი უნივერსიტეტის შესაძლებლობანი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში და რა პერსპეკტივები ისახება დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

 

ამჟამად პოსტინდისტრიული საზოგადოება თანდათან გადადის  ინფორმაციულში, სადაც მთავარი სიმდიდრე გახდება  არა მატერიალური ობიექტები, არამედ   დაუფლება და მაქსიმალურად ქმედითად გამოყენება ინფორმაციული მასივების, სადაც პრიორიტეტულად იზრდება ინფორმაციული და ორგანიზაციული ტექნოლოგიების როლი, ინტელექტუალიზირდება წარმოება. შესაბამისად, პროგრესის ქვაკუთხედათ ისახება  ადამიანის პიროვნება, მისი ცოდნა, გამოცდილება, ღირებული ორიენტირები, უნარი მიიღოს დამოუკიდებელი  გადაწყვეტილებები და მათზე პასუხისმგებლობის გათვითცნობიერება.

 

 

      ამგვარი მიდგომის  გამოყენების მომწიფება გამოწვეულია განათლების უკვე არსებული მსოფლიო კრიზისით. ეს გამოიხატება რიგ ასპექტებში -შეუთანხმლებლობით  დინამიკურად ცვლადი  საზოგადოების მოთხოვნებსა და უმაღლესი სკოლის გამოშვებულების უნარებს შორის ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ამ ცვლილებეზე; წინაღმდეგობებში  უმაღლესი სასწავლებლების ახალ მიზნებსა და  ძველ ორგანიზაციულ სტრუქტურებთან და მთელი უმაღლესი სასწალებლების მართვის ფორმებთან.

 

 

ჩვენი ქვეყანა არაა იზოლირებული მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან და ის განიცდის მსგავს სიძნელეებს განათლების სფეროში, მაგრამ   ჩვენი მდგომარეობის სირთულე იმაშია, რომ ზოგად ტენდენციებს ემატება  საკუთარი  სპეციფიკური  პრობლემები, უპირველეს ყოვლისა დაფინანსების სიმცირე და ზოგ შემთხვევაში საერთოდ არარსებობა,  პროვინციალიზმი და წინა მთავრობის ცხრაწლიანი მართველობის პერიოდში გატარებული  „რეფორმისაგან“  დატოვებული რეციდივები.  

 

 

ასეთი სტაგნაციის  ნათელი მაგალითია ფიზიკის დეპარამენტის  ზოგიერთი პრობლემები განათლების სფეროში:

 

 

1) საბჭოთა პერიოდის ბოლო წლებიდან (დაახლოებით  1980 წლიდან) ფიზიკის   კათედრას, არავითარი ფინანსური მხარდაჭერა არ გააჩნდა, ნაციონალების „რეფორმის“   დროს ამას დაემატა სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიების გაჩანაგების ტენდენციების გაძლიერება. მაგალითად, ელექტრომაგნეტიზმის ლაბორატორია გადატანილ იქნა მცირე ფართის მქონე ოთახში, გადატანის დროს ადრე  დადგმული ამოცანების უმრავლესობა უვარგისი გახდა სტუდენტთა ლაბორატორიული სამუშაოთა ჩატარებისათვის. ლაბორატორიის ყოფილი ფართი კი გადაეცა ბიბლოთეკას. მსგავსი ბედი ეწია ფიზიკის პრაქტიკუმის და გამბნევ გარემოთა სამეცნიერო ლაბორატორიებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გამონთავისუფლებული ოთახების ნაცვლად ერთი დიდი აუდიტორია გაკეთდა.  შედეგად, სამი ლაბორატორია გაუქმდა.

 

 

2) არა დამაკმაყოფილებელი   შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შსუ) ფიზიკის  დეპარტამენტის სამეცნიერო საქმიანობა. აი რას წერს საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ – კორესპონდენტი გ. ჩაგელიშვლი თავის რეცენზიაში „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის  დეპარტამენტის 2011წლის სამეცნიერო საქმიანობის  ანგარიშზე“:  – „ფორმალურად ანგარიში წარმოდგენილია 18 გვერდზე. გარკვეული ფორმა ანგარიშს მიცემული აქვს, მაგრამ აქცენტები გადატანილია არა საჭირო საკითხებზე: ფოტოები კონფერენციის დროს, ფოტოები მუშაობის დროს, ფოტოები საუბრის დროს… ასევე, ბოლოში, ფაქტიურად, მთელი სტატია მოყვანილი თავისი გრაფიკებით (10 ნახაზი) და მსჯელობებით. გაბუნდოვნებულია ფაქტიური მონაცემები: კონფერენციის მასალებში გამოქვეყნებული სტატიები ჩათვლილია უცხოეთის რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულად. გამოქვეყნებული სტატიების სიაში არის 2010 წელს გამოქვეყნებული სტატია. მითითებულია, რომ 2011 წელს უცხოეთის რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულია 6 სტატია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ამგვარად, არსებითად ანგარიშის დონე დაბალია -იგი არ აკმაყოფილებს წლიური საქმიანობის ანგარიშის მოთხოვნებს. ამასთან, ანგარიშის გამოსწორება შეუძლებელია, რადგანაც რეალურად მაღალი დონის კვლევები ჩატარებული არ არის.

 

 

წლების განმავლობაში ბათუმის და სხვა რეგიონალური უნივერსეტებიდან მოსული წლიური ანგარიშები მიუთითებენ მეცნიერების „რეფორმების“ მცდარ კურსს.  მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ადრე შემავალი სამეცნიერო დაწესებულებები მექანიკურად არიან მიერთებული თბილისის უნივერსიტეტებს და ამდენად შეუძლებელია მათი ზემოქმედება რეგიონალური უნივერსიტეტების სამეცნიერო დონის აწევაზე. ამ მხრივ მათი როლი მეცნიერების ამაღლებაზე საქართველოს რეგიონალურ უნივერსიტეტებში დაკნინებულია. მიზანშეწონილი იყო მეცნიერებათა აკადემიის კომისიის მიერ ხელისუფლებისათვის 2004 წელს შეთავაზებული სამეცნიერო დაწესებულებების უნივერსიტეტებთან ინტეგრების სქემის რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტები უნივერსიტეტბთან ქმნიდნენ საერთო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. ამ სქემით ინტეგრების პირობებში იყო საშუალება რეგიონალური უნივერსიტეტებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების გაზრდისა, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აწევდა რეგიონალური უნივერსიტეტების სამეცნიერო დონეს. დღეს არსებული ინტეგრების ფორმის პირობებში კი რეგინალური უნივერსიტეტების სამეცნიერო დონის დონის აწევა პრობლემატურია თუ არა შეუძლებელი. მეტიც, „რეფორმების“ დღეს არსებული სქემით მიმდინარეობის პირობებში, ადრე მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შემავალი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებების ბედიც სავალალოა. უნივერსიტეტების მიერ მიღებული წესდებების მიხედვით, ისინი განწირული არიან უუფლებო და უსახსრო არსებობისათვის. “    

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ანგარიშში, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით, ჩვენი (აკად. დოქტორი თ. ბერიძე, ფიზ. მათემატ. მეცნიერებათა დოქტორი ჯ. ბერიძე ) ანგარიში არ შეუტანიათ. მაგრამ ეს არ ცვლის შეფასებას, „არსებითად ანგარიშის დონე დაბალია -იგი არ აკმაყოფილებს წლიური საქმიანობის ანგარიშის მოთხოვნებს. ამასთან, ანგარიშის გამოსწორება შეუძლებელია, რადგანაც რეალურად მაღალი დონის კვლევები ჩატარებული არ არის“. ამ ამოცანის გადაწყვეტა ცხადია სათანადო კადრების ყოლაზე არის დამოკიდებული.  ბოლო, 2009 წლის კონკურსის დროს დაშვებული შეცდომები მხილებულ იქნა საგაზეთო სტატიაში (ქრონიკა, 2009წ. 12 – 18 ოქტომბერი). კონკურსი უნდა ჩატარებულიყო  ზოგადი (ექსპერიმენტალური)  ფიზიკის   და თეორიული ფიზიკის მიმართულებით.  ზოგადი (ექსპერიმენტალური)  ფიზიკის  მიმართულება დეპარტამენტის ხელმძღვანელმა (10 წელი ერთი და იგივე პირია ამ თანამდებობაზე) თვითნებურად შეცვალა რადიოფიზიკით  რამაც  ზოგადი (ექსპერიმენტალური)  ფიზიკის  სპეციალისტებს ხელოვნურად შეექმნათ დაბრკოლება კონკურსში მონაწილეობაზე, სამაგიეროდ გზა გაეხსნათ ე.წ. რადიოფიზიკის და თეორიული ფიზიკის სპეციალისტებს. ეს დარღვევა გაკეთდა გააზრებულად ორი კონკრეტული პირის სასარგებლოდ და რა თქმა უნდა შედეგად ფიზიკის სწავლების საზიანოდ. მიმდინარე კონკურსის დროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოიგონა გაყალბების უფრო „უკეთესი“ სქემა, ინტერნეტში დეპარტამენტის განაცხადში მიმართულებათა გრაფაში მხოლოდ ერთი საგანმანათლებლო ფიზიკის მიმართულება ჩასვა ზოგადი (ექსპერიმენტალური) ფიზიკის და თეორიული ფიზიკის მიმართულებების ნაცვლად.

 

 

განა ფიზიკას არ ააქვს როგორც სხვა ფუნდამენტალურ საბუნებისმეტყველო მეცნიერებას ეს ძირითადი და ურთიერთ აუცილებელი განაყოფები: თეორია და პრაქტიკა? რა ფასი აქვს იმ თეორიას რომელიც ექსპერიმენტით არაა გამყარებული?

მაშინ როდესაც სხვა ყველა დანარჩენ სპეციალობებზე მსგავს მდგომარეობას ვერ შეხვდებით. ეს იგივე შენიღბული სიყალბეა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2009 წლის ჩატარებული კონკურსის დროს. ესე იგი კვლავ დაზარალდა ზოგადი (ექსპერიმენტალური) ფიზიკა.  ისახება დილემური სიტუაცია ერთის მხვრივ ასეთი მიდგომა უცოდინარობა და უკომპეტენტურობაა, თუ უფრო უარესი, ვეღაცის მერკანტილური ინტერესის გამო კნინდება დარგი მისი განვითარება და მომავალი.

        რა უნდა გაკეთდეს, რომ ფიზიკის სპეციალობაზე ამაღლდეს სამეცნიერო მუშაობის დონე? რა საკვირველია რომ ამისათვის საჭიროა სამეცნიერო კვლევითი მუშაობა ვაწარმოოთ ფიზიკის მოსაზღვრე დარგების სპეციალისტებთან ალიანსში.   ამჟამად,  ვღებულობთ  მონაწილეობას თემაში: შავი ზღვის ეკოლოგიური და ენერგეტიკული პრობლემები, საზოგადოებრივ საწყისებზე (თემის ხელმღვანელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის   პროფესორი მ.ჯიბლაძე).

 

 

ბოლოს ნაციონალების რეფორმატორებს უნდა შევახსენო, რომ წლების განმავლობაში დიდი რუდუნებით და შრომის ფასად ჩვენს მიერ შექმნილი იქნა ახალი მიმართულება მეცნიერებაში -სინათლის გამბნევი არხის ოპტიკა და მისი გამოყენება პრაქტიკაში. ამ მიმართულებით შექმნილი იყო სასწავლო და სამეცნერო ლაბორატორიები, სადაც შესრულებული იქნა სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები, რომლებიც წარმატებულად დაცული იქნა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის და თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტების სამეცნიერო საბჭოებზე. აქ მომზადებული და მივლინებული იქნა მოსკოვის უნივერსიტეტში ო. ნაკაშიძე, ზ. გამიშიძე, რომლებმაც დაიცვეს დისერტაცია და შემდეგ დაუბრუნდნენ მშობლიურ უნივერსიტეტს.

 

 

აღნიშნულ ლაბორატორიებში მომზადებულ იქნა  სადიპლომო და სამაგისტრო საკვალიფიკაციო შრომები სტუდენტების მიერ. სალიბაურის სკოლაინტერნატის მოსწავლეებმა დ.დევაძემ (ახლა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი) და ა. ლომინეიშვილმა მოამზადეს სამეცნიერო მოხსენებები ექსპერიმენტალურ თემებზე, რომლებმაც შემდგომში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე დაიმსახურეს პირველი პრიზები. ლაბორატორიის ბაზაზე ჩატარდა საკავშირო სამეცნიერო კონფერენცია გამბნევ გარემოთა სპეკტროსკოპიაში, რომლის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა ასზე მეტი მეცნიერი. ჩვენს ბაზაზე, აგრეთვე ჩატარდა(1984 წ) საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის კრისტალოგრაფიის ინსტიტუტის გამსვლელი სესია. ლაბორატორიის საქმიანობის ყველა შედეგის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

 

 

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულ ვანდალისტურ ქმედებებს ყველაფერი ვერ გაგვინადგურეს, ნაწილი შემოვინახეთ, უფრო მეტიც რამდენიმე ექსპერიმენტალური დანადგარის მოდერნიზაცია მოვახდინეთ მაგრამ უკვე პირადი სახსრებით უნივერსიტეტის გარეთ.

 

 

რჩება კითხვები:  რა აზრი აქვს შენობას დაარქვა სასწავლებლის სახელი თუ მხოლოდ კედლები გაქვს და არა გყავს პროფესიონალი სპეციალისტები? დასაფიქრებელია რა საჭიროა ასეთი „განათლება“? ან და რა საჭიროა ისეთი  „განმანათლებები“ რომელებიც არაფერს არ აძლევენ მომავალ თაობას პარავენ მას და ირგებენ გართულებულ მდგომარეობას თავიანთი ამპარტავნების და მუცლის დასაკმაყოფილებლად.

 

 

ალბათ პასუხი შემდეგნაირი უნდა იყოს: მხოლოდ შემოქმედ პიროვნებებს შეუძლიად  განვითრებას შეუწყონ ხელი. ხოლო შემოქმედებას ნიადაგი უნდა შეუქმნა და არა გამოაცალო ის.

51 მილიონი ევრო ბათუმის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის

 

დღეს ბათუმის მერიაში ბათუმის წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის   მესამე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოების პროექტი წარმოადგინეს. 

 

„ქალაქ ბათუმში ერთ-ერთი წარმატებული პროექტია წყლის და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, ახლა მიმდინარეობს მესამე ფაზის დაპროექტება. დაპროექტებას ახდენს კომპანია ეჯისი. ამ პროექტის განორციელებით ქალაქში ფაქტობრივად დარჩენილ 40 % ში მოხდება წყლის კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია.  ეს დასახლებებია  ბენზე, ბარცხანა, ბონი, გარადოკი და  ჭაობი ჯავახიშვილის ქუჩამდე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაპროექტების სამუშაოები. და ფაქტობრივად ჩვენ უკვე მზად ვიქნებით აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში გამოვაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი.  ვფიქრობთ  რომ ნოემბერ დეკემბერში გვეყოლება ის გამარჯვებული,“ – განაცხადა ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ.

 

მისივე თქმით პროექტი მომავალ სამ წელში განხორციელდება. პირველი სამუშაოები კი 2014 წელს დაიწყება. მერის განცხადებით ქალაქის სანიაღვრე  სისტემების მოწესრიგების  პარალელურად ქუჩების სრული მოწესრიგებაც მოხდება.  პროექტის საერთო ბიუჯეტი 51 მილიონი ევროა. თანხის ნაწილი  გრანტია, ნაწილი მერიის თანადაფინანსება, ნაწილი კი  სესხი. ამასთან  მომავალ სამ წელში მოხდება  ქალაქის სრული გამრიცხველიანება. რის შემდეგაც ბათუმს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

 

ტროტუარზე გაჩერებული მანქანები და ჯარიმები ბათუმში

 

ქუჩების შევიწროების ხარჯზე ტროტუარების გაფართოებისა და ველობილიკის მოწყობის გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების პროექტის ფარგლებში განახორციელა, თუმცა ბათუმში ჩამოსული ტურისტები და ბათუმელი ველოსიპედისტები ამბობენ, რომ  „ასეთი ველობილიკის არსებობას აზრი არ აქვს: `ცხრაჯერ რომ ჩამოხვალ ველოსიპედიდან იმისთვის, რომ მანქანას გვერდი აუარო და ტროტუარზე გადასვლის შემთხვევაში არავის დაეჯახო, რა არის აქ მოსაწონი.“-  ამბობს დამსვენებელი გოგი კახიშვილი.    

 

პრობლემაა ავტობუსის გაჩერებაზე არსებული ვითარებაც: „ავტობუსის გაჩერებაზე ვერ გაჩერდები, მანქანები დგას. ხშირად იქვე პატრული მოძრაობს, მაგრამ რეაგირებას არ ახდენს. #11-ით დავდივარ. რამდენჯერმე იმის გამო, რომ მანქანები იდგა გაჩერებაზე, ავტობუსმა ისე გაიარა, ვერ დავჯექი.“ –  ამბობს ლამარა ბალაძე.

 

 

მანქანის არასათანადო ადგილზე გაჩერების შემთხვევაში რეაგირების უზრუნველყოფა შპს „ბათუმის ავტოპარკინგის“ მოვალეობაა. ამ სამსახურმა იანვრიდან დღემდე 28 601 მძღოლი დააჯარიმა, მათ შორის 1372  მანქანა საჯარიმო ავტოფარეხში იყო გადატანილი. დაჯარიმებულებს შორის არიან ტურისტები და უცხოეთის მოქალაქეებიც.

 

ჯარიმის ფასი ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში 10 ლარია, მანქანის ავტოფარეხში გადატანის შემთხვევაში კი მძღოლმა მის დასაბრუნებლად „ბათუმის ავტოპარკინგის“ ადმინისტრაციას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან და მანქანის მფლობელობის დოკუმენტებთან ერთად 35-ლარიანი გადახდის ქვითარი უნდა წარუდგინოს. სპეციალურ სადგომზე მანქანის დამატებით 24 საათის განმავლობაში გაჩერების შემთხვევაში კი გადასახადი იზრდება. თუ მფლობელი მანქანას დროულად ვერ გადაიყვანს, ამ შემთხვევაში ის ვალდებულია დამატებით  ათი ლარი გადაიხადოს. სპეციალურ სადგომზე მანქანის გადაყვანის შემთხვევაში მფლობელს ეძლევა საჯარიმო ქვითარი, რომლის  გადახდის ვადაც 30 დღეს შესადგენს.  იმ შემთხვევაში კი თუ ჯარიმა არ იქნება გადახდილი მითითებულ ვადაში, მძღოლს საურავის სახით დამატებითი ჯარიმის სახით 150 ლარი დაერიცხება. 

 

ჯარიმის გადასახადი სახელმწიფო ხაზინაში ირიცხება, იანვრიდან დღემდე არსებული მონაცემებით, ბათუმში იმ პირთა მიერ გადახდილი ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 10 ლარით დაჯარიმდნენ, 272 290 ლარს შეადგენს, 35 ლარით დაჯარიმებულთა გადახდილი თანხა კი – 480 020 ლარია. მთლიანობაში ჯარიმისათვის ბიუჯეტში გადახდილი თანხა 752 310 ლარია, თუმცა ამას დაემატებოდა ის მოსაკრებელიც, რომელსაც მძღოლები სპეციალურ სადგომზე ავტომანქანის დამატებითი 24 საათის გაჩერების შემთხვევაში იხდიან.

 

პრეტენზიები აქვთ მძღოლებსაც: „ქუჩები დაავიწროვეს, მოძრაობაც გადატვირთულია, პარკინგის ნიშნებთან კი ხშირად ადგილი არ არის. მეც გამიჩერებია არასათანადო ადგილზე, რადგან ბანკში ვიყავი შესასვლელი და იმის გამო, რომ იქვე ახლოს ადგილი არ იყო, რამდენიმე მეტრის მოშორებით უნდა დამეყენებინა მანქანა. ვიფიქრე მალევე გამოვალ-მეთქი. ბანკში რიგში ჩადგომა მომიწია, რომ გამოვედი, მანქანა აღარ დახვდა“ –  უთხრა „ბათუმელებს“ დავით დიასამიძემ. 

 

კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი, როცა ბანკთან ან კაფესთან ახლოს მანქანის წესების ფარგლებში გაჩერების საშუალება არ არის, „ბათუმის პარკინგის“ დირექტორს ნუკრი ცინცაძეს ასეთი პასუხი აქვს: „გამოსავალი მანქანის  წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე გაჩერება და დარჩენილი გზის ფეხით გავლაა.“

 

პარკირების საფასური თვითმმართველი ქალაქის –  ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის #4 დადგენილებით განისაზღვრება. საკრებულოს დადგენილებით მსუბუქი მანქანებისთვის 30-დღიანი პარკირების ფასი ბათუმში 10 ლარია, ნახევარი წლის საფასური 25 ლარს, ერთი წლის პარკირების საფასური კი –  40 ლარს შეადგენს. იმ მძღოლებისთვის კი, რომლებიც ბათუმში მხოლოდ ერთი დღით ან ერთი კვირით აპირებენ დარჩენას, სპეციალური ტარიფი მოქმედებს: „მათ შეუძლიათ პარკირებისთვის შესაბამისი გადასახადი აირჩიონ, ნებისმიერ ბანკში გადაიხადონ და დოკუმენტი საჭიროების შემთხვევაში წარუდგინონ ჩვენს თანამშრომლებს“ –  განმარტა ნუკრი ცინცაძემ.

 

საკრებულოს დადგენილების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიის მანქანებისთვის დაწესებული გადასახადი ასე ნაწილდება: 

 

მსუბუქი ტექნიკა: 1-დღიანი პარკირება -1 ლარი; 7-დღიანი პარკირება – 5 ლარი;  30-დღიანი პარკირება _ 10 ლარი; 182-დღიანი პარკირება – 25 ლარი; 365-დღიანი პარკირება – 40 ლარი;

ტაქსის პარკირება: 10-დღიანი პარკირება – 10 ლარი; 20-დღიანი პარკირება – 20 ლარი;  30-დღიანი პარკირება – 30 ლარი; სპეც.ტექნიკის პარკირება: 1-დღიანი პარკირება – 3 ლარი; 30-დღიანი პარკირება  – 30 ლარი;182-დღიანი პარკირება – 150 ლარი; 365-დღიანი პარკირება – 250 ლარი.

 

 

როცა სასამართლოს დოკუმენტი უსარგებლოა


ჟურნალისტისთვის ბათუმის სასამართლოდან გადაწყვეტილების წამოღებას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, როცა ამ კონკრეტული საქმის სასამართლო პროცესებს ესწრები. სხვა შემთხვევაში სასამართლოდან გადაწყვეტილების გამოთხოვა აზრს კარგავს – გადაწყვეტილებაში, უბრალოდ, წაშლილია არამხოლოდ განსასჯელის ან დაზარალებული პირის ვინაობა, არამედ ადვოკატისა და პროკურორის გვარებიც კი.

 

გადაწყვეტილებაში, რომელიც ახლახანს მოაწოდა „ბათუმელებს“ საქალაქო სასამართლომ, წაშლილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაწესებულების სახელწოდება. ასევე საგულდაგულოდ არის წაშლილი იმ თანხის ოდენობა, რომელიც, ძიების ვერსიით, გარკვეული პირების ქმედების შედეგად სახელმწიფომ იზარალა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების – ბათუმის ყოფილი ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის სახელწოდება (დოკუმენტში ეს სახელწოდებაა მოშლილი) პირადი ინფორმაციაა. ასევე პირადი ინფორმაციის მოტივით წაშალეს გადაწყვეტილებიდან ხალხისთვის მოპარული თანხის – სამ მილიონზე მეტი ლარის ოდენობის შესახებ ინფორმაცია. 

 

ვისი პირადი ინფორმაცია შეიძლება იყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სახელწოდება ან ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა? – ამის გარკვევა „ბათუმელებმა“ უზენაეს სასამართლოში სცადა. სასამართლოში ამბობენ, რომ დოკუმენტის დაშტრიხვას მათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს, „რადგან, როგორც კანონით, ისე კონსტიტუციით პირადი ინფორმაცია საიდუმლოა“.

 

გარდა ამისა, პრესცენტრში ამბობენ, რომ „სასამართლოს აქვს შიდა სტანდარტის დოკუმენტი, რომელიც აზუსტებს რა როგორ დაშტრიხონ“.

 

„ბათუმელებს“ უზენაესი სასამართლოდან დაჰპირდნენ „შიდა სტანდარტის დოკუმენტის“ მოწოდებას, მაგრამ ეს დოკუმენტი არ მოგვაწოდეს. სასამართლოდან მიღებულ წერილში, რომელსაც საერთო განყოფილების უფროსი, გოჩა დიდავა აწერს ხელს, წერია: „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, პერსონალური მონაცემების დაცვა საჯარო დაწესებულების ვალდებულებას წარმოადგენს. პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული, ან სოციალური ნიშნით“.

 

უზენაესი სასამართლოდან მიღებულ დოკუმენტში ასევე წერია, რომ „პერსონალურ მონაცემების დაცვისა და დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით“.

 

ჟურნალისტები ამბობენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების „დაშტრიხვის არსებული მეთოდი უაზრობაა“. გიორგი მგელაძე – სტუდია „მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, მეთოდის აბსურდულობაზე საუბრის დროს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს: ღია სასამართლო სხდომაზე ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის არაჟურნალისტსაც, შეუძლია ჩაიწეროს ყველაფერი, რაც პროცესზე ითქმება, მათ შორის პროცესის მონაწილე ნებისმიერი პირის ვინაობა. პროცესიდან ორ დღეში თუ მოითხოვ განაჩენს, მასში აუცილებლად მოშლიან ყველა სახელს, გარდა მოსამართლისა.

 

სამი კვირის წინ გიორგი მგელაძე ამ პრობლემის შესახებ ერთ-ერთ ტრენინგზე პირადად ესაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, მოქმედ მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს. გიორგი ამბობს, რომ მოსამართლემ მანამდე არ დაიჯერა აპრობირებული დაშტრიხვის მეთოდების არსებობა, ვიდრე ერთ-ერთი გადაწყვეტილება არ აჩვენეს.

 

გიორგი და სხვა ჟურნალისტები აპირებენ გამოიყენონ მოსამართლე გაბინაშვილის შემდეგი შეთავაზება – „მოგვმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაც გახდეს საჭირო“.

 

ჯერ უცნობია მართლა იმსჯელებს იუსტიციის საბჭო ამ საკითხზე თუ არა. ფაქტად მხოლოდ ის რჩება, რომ სასამართლოდან გამოთხოვილ გადაწყვეტილება ფორმალურად არის დოკუმენტი, მაგრამ ამ დოკუმენტისგან ინფრომაციის მიღება შეუძლებელია და მისთვის დრო იმ შემთხვევაში უნდა დახარჯო, თუ კონკრეტული საქმის შესახებ სხვა წყაროსგან ხარ დეტალურად ინფორმირებული.

 

სხვა წყარო, როგორც წესი, ძირითადად, დაზარალებულია. 2010 წლამდე დაზარალებულს ჰქონდა უფლება მასთან დაკავშირებული საქმის გადაწყვეტილება მიეღო. 2010 წლის შემდეგ, როგორც გიორგი მგელაძე ამბობს, დაუშტრიხავი გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ ბრალდებულს დაუტოვეს. შესაბამისად, თუ დაზარალებული ჩათვლის, რომ მის მიმართ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანეს, დაზარალებული კი არ მოინდომებს ჟურნალისტთან თანამშრომლობას, მაშინ დაუშტრიხავი დოკუმენტის, ანუ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად, სამართლებრივი გზა აღარ რჩება.

 

ნინო ზურიაშვილი – კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელმაც დაშტრიხული განაჩენის მიწოდებისთვის საქართველოს ევროსასამართლოში უჩივლა, დაშტრიხვის არსებულ მეთოდს უწოდებს „უაზრობას, რომელიც საქმიანობაში ძალიან უშლის ხელს“.

 

ლეიბორისტი ტაქსის მძღოლი

ლეიბორისტული პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი საკუთარი მანქანით სამუშაოდ ძირითადად დღის მეორე ნახევარში გადის. მისი „დისლოკაციის ადგილი“ რუსთაველისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაა. აქედან მგზავრები გადაჰყავს, უკან ბრუნდება და თავის რიგს ელოდება.

ამბობს, რომ უხელფასოდ დარჩა და ოფისში უსაქმურად ჯდომას მუშაობა და ოჯახის მოვლა ამჯობინა: „ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებ, სათაკილო არაფერია“.

კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს არღვევთ?  – პასუხობს: „ყოველთვის ვარღვევდი. ჰალსტუხით ან კაბინეტში მჯდარი გინახივართ?“

ამბობს, რომ მგზავრები, რომელთა გადაყვანაც მას უწევს, ხშირად მანამდეც კი ცნობენ, ვიდრე მათ გამოელაპარაკება. მათი რეაქცია უარყოფითია: „რომ ხედავენ ვინ ემსახურება, მთავრობის მიმართ უწმაწურ სიტყვებს არ იშურებენ, შენ აქ უნდა იყოო? – მეუბნებიან.“

ლეიბორისტების რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი მგზავრთა გადაყვანას ხშირად პარტიულ საქმიანობასაც უთავსებს. უკეთესი დრო და ადგილი ამომრჩევლის დასარწმუნებლად, „რომ შალვა ნათელაშვილი უალტენატივო საპრეზიდენტო კანდიდატია“ დავით რობაქიძეს სხვაგან არ ეგულება: „დანიშნულების ადგილამდე ამომრჩეველი შენია, ვერსად წავა, იძულებულია მოგისმინოს და საუბარი მანქანაში უმეტესწილად რაზე იქნება, ამას თქვენ ჩემზე უკეთ მიხვდებით,“ –  ამბობს რეგიონის პირველი ლეიბორისტი.

დავით რობაქიძე

პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, მიუხედავად ამისა, მის რეგიონულ შტაბში წინასაარჩევნო აქტიურ რეჟიმზე ჯერ არ გადასულან, პარტიას  დაფინანსება არ აქვს, რეგიონული ორგანიზაციის ლიდერს კი – ხელფასი. დავით რობაქიძის თქმით პარტია „პროტესტის ნიშნად“ არც იმ 150 000 ლარის მიღებას აპირებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა არჩევნებში მონაწილეობის ხარჯების დაფინანსების მიზნით არაკვალიფიციური პარტიებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით დააწესა.

„ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით“ რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერს სჯერა, რომ შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატია და ხალხის მხარდაჭერასაც სწორედ ის მიიღებს: „რა მოგვიტანა ძველმა, კარგად ვიცით და რა ძველის გადმონაშთმა, ისიც კარგად ვიცით. ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდება მოსახლეობა და მიხვდება, ვისთან ჰქონდა საქმე, ვისთან აქვს საქმე  და რა არჩევანი უნდა გააკეთოს. ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ჩვენ წრეზე არ ვიტრიალოთ,  არის ახალი პოლიტიკური ძალის მოყვანა ხელისუფლებაში,“ –  ამბობს აჭარის მთავარი ლეიბორისტი.

მაშინ, როცა პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებდა, დავით რობაქიძის, როგორც პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელფასო ანაზღაურება დარიცხვის გარეშე 400 ლარს შეადგენდა. კოორდინატორებისთვის კი პარტია აფინანსებდა სატელეფონო და გადაადგილების ხარჯს. პარტია ინახავდა ოფისსაც.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ლეიბორისტებმა ბარიერი ვერ გადალახეს.  შესაბამისად პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვერ იღებს. ლეიბორისტული პარტიის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე  წინა მოწვევის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრი იყო, ამჟამად კი ის უმუშევარია და როგორც პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე არანაირ ანაზღაურებას არ იღებს.

დავით რობაქიძეს ოჯახში მეუღლე, შვილი და პენსიონერი დედა ჰყავს. მეუღლე უმუშევარია. მისივე თქმით, ძმა ახალი მთავრობის მოსვლიდან მალევე სამსახურიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად და იქ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

დავით რობაქიძე ამბობს, რომ ახალი მთავრობიდან მას არანაირი შეთავაზება არ მიუღია: „არც ირაკლი ჩავლეიშვილი, ჩემი ყოფილი კოლეგა და ჩემი ფრაქციის ხელმძღვანელი არ შემხმიანებია. მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, პირველივე, რასაც გავაკეთებდი, მას დავიყენებდი გვერდით“.

ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა. წინა მოწვევის საკრებულოში ის ოპოზიციურ ფრაქციას ხელმძღვანელობდა.

კოლიბაქტერიებით ბინძური წყალი

81 წლის  დურმიშხან გაბეჩავა ურეხის დასახლებაში მდებარე წყაროზე წყალს იმის საილუსტრაციოდ სვამს, რომ წყაროს წყალი დაბინძურებული არ არის და სასმელად ვარგისია.

„81 წლის გავხდი და  მთელი ცხოვრება ამ წყალს ვსვამ. საჭმელსაც მაგით  ვაკეთებთ, სასმელადაც მაგას ვხმარობთ. ვინ გასინჯა? სად გასინჯა? რა გასინჯა? ჩვენ გვკითხეს რამე, საბუთი მოიტანეს?“ –  კითხვაზე კითხვებითვე პასუხობს დურმიშხან გაბეჩავა.

მის მსგავსად ურეხის დასახლებაში, წყაროს მახლობლად მცხოვრები გივი თებიძეც ამბობს, რომ წყაროს წყალი უსაფრთხოა და ლაბორატორიის დასკვნა არაფერს ნიშნავს.

„2003 წელს გავაკეთეთ რემონტი. წყაროდან 30 მეტრში, მიწიდან  ამოდის წყალი. იმ ადგილას მცირე საცავი გავაკეთეთ, გავწმინდეთ, ზღვის კენჭები ჩავყარეთ.  თავის დროზე ბაბუაჩემმა ურეხში სახლი ამ წყაროს გამო იყიდა. შეუძლებელია ეს წყალი დაბინძურებული იყოს, იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს გაკეთებული,“ –  ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში გივი თებიძე.

გივი თებიძემ და ურეხის დასახლებაში მცხოვრებმა კიდევ რამდენიმე ადამიანმა თქვეს, რომ ინფორმაციას წყლის დაბინძურების შესახებ ვიღაც სპეციალურად ავრცელებს.

„მთელ ქალაქს აქედან მიაქვს წყალი. მაღაზიაში რომ შეხვიდე, ერთი ლარი ღირს ლიტრა წყალი, ვიღაცას ბიზნესი უვარდება და ამიტომ სჭირდებათ ალბათ ამ ინფორმაციის გავრცელება. მანქანებით მოდიან დილაობით ორგანიზაციებიდან და ბინულებით მიაქვთ წყალი,“ – ამბობს გივი თებიძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს  აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია სირაბიძე ამბობს, რომ ურეხში მდებარე წყაროს შემოწმება გეგმიური იყო, შემოწმების შედეგად კი წყალი დაბინძურებული აღმოჩნდა.

„მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული იყო წყალი. ნაწლავის ჩხირები იყო წყალში  და არაა რეკომენდებული მისი სასმელად გამოყენება. მას შემდეგ, რაც გამოკვლევის შედეგები მივიღეთ, მივწერეთ მერიას და გავაფრთხილეთ,“ –  უთხრა „ბათუმელებს“  ილია სირაბიძემ.

თავის მხრივ ბათუმის  მერიის ზედამხედველობის სამსახურის გარემოს დაცვითი და სანიტარული ზედამხედველობის  სამსახურმა წყაროზე აბრის დადგმა გადაწყვიტა, თუმცა მოსახლეობისგან წინააღმდეგობას წააწყდა.

„მერიაში შემოვიდა წერილი სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოდან. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ ურეხში მდებარე წყაროს წყალზე ჩაატარა მიკრობიოლოგიური კვლევები.  დასკვნის შემდეგ დადგინდა, რომ მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი არ შეესაბამებოდა სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს,“ –  უთხრა „ბათუმელებს“ მერიის ზედამხედველობის სამსახურის გარემოს დაცვითი და სანიტარული ზედამხედველობის  განყოფილების უფროსმა  ნუგზარ ცეცხლაძემ.

მისი თქმით, მერიამ მოამზადა დაფა, სადაც მითითებული იყო, რომ აღნიშნული წყაროს წყლის სასმელად გამოყენება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

„საუბარია სასმელად გამოყენებაზე და არა ტექნიკურ მოხმარებაზე. ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ ინფორმაცია მიგვეწოდებინა მოსახლეობისათვის, მაგრამ მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაგვიწია ბანერის გაკვრაზე. ჩვენ კი არ ვუკრძალავდით ამ წყლის გამოყენებას, ინფორმაციას ვაწვდიდით, რომ სასმელად გამოყენება არ შეიძლება,“ –  ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს მარო ჩხაიძეს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი წყალი ნამდვილად დაბინძურებულია, შესაძლოა ნაწლავური ინფექციები განვითარდეს და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.

მისივე  თქმით, არსებული მონაცემებით, ნაწლავურ ინფექციებსა ან დიარეაზე მიმართვიანობა არ გაზრდილა.

კომპანიამ საექსპერტო დასკვნა უნდა წარადგინოს

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სატენდერო პირობებში ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად საექსპერტო დასკვნა გასულ თვეში შეიტანა. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში საექსპერტო დასკვნის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ის კომპანიები, რომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 15 000 ლარს არ აღემატება.

ქედის საკრებულოს დეპუტატი ელგუჯა ნაკაშიძე საკრებულოს გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ საექსპერტო დასკვნა მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისმა სამსახურმა უნდა წარმოადგინოს და ამისთვის კომპანიები დამატებით თანხას არ უნდა იხდიდნენ.

„გამგეობაში არის სამსახურები, რომლებსაც ევალება ზედამხედველობა გაუწიონ სამშენებლო და სარემონტო პროცესებს, საექსპერტო დასკვნისთვის კომპანია დამატებით თანხას არ უნდა იხდიდეს, სატენდერო პირობებში ამ მოთხოვნის ჩადება ფირმებს დააზარალებს, მაშინ რატომ ფინანსდება რიგი სამსახურები?“ –  კითხულობს დეპუტატი.

 

მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გია გათენაძე ამბობს, რომ სატენდერო პირობებში ექსპერტიზის დასკვნის მოთხოვნა საჭიროებამ განაპირობა. იგი ამბობს, რომ მის სამსახურს ქედაში საკმარისი თანამშრომელი არ ჰყავს და არც შესაბამისი ხელსაწყო არ აქვს. ამიტომ დიდი ობიექტების ხარისხიანობის სრულად შემოწმებას ვერ უზრუნველყოფენ.

 

„არ ვართ აღჭურვილი ისეთი ხელსაწყოებით, რომლებიც დიდი ობიექტების ხარისხს სრულად შეამოწმებს. საჭიროებიდან გამომდინარე მივიჩნიეთ ექსპერტიზის დასკვნის ჩადება სატენდერო პირობებში. მარტო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 117 ღონისძიება არის დაგეგმილი, ჩვენს სამსახურში კი მხოლოდ  სამი თანამშრომელია. რაც შეეხება ფირმების დაზარალებას, მცირე კომპანიები ვერც იღებენ მონაწილეობას 100 და 200 000-ლარიან პროექტებში,“ –  ამბობს გია გათენაძე.

 

ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში დასრულებულ ობიექტებს მუნიციპალიტეტში მოქმედი ინსპექტირების ჯგუფი და მიმღები კომისია იბარებს.

 

„პირობებში მხოლოდ ლიცენზირებული ექსპერტიზის დასკვნა მოეთხოვებათ, რაც კარგი და მისასალმებელია, ეს მოთხოვნა გასულ წელს არ გვქონდა,“ –  ამბობს ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი გივი დევაძე. 

 

 

 

 

სებილე ბებოს 107 წელი

 

107 წლის სებილე შარაძეს ორი შვილი, 8 შვილთაშვილი და 15 შვილთაშვილიშვილი ჰყავს: „იმდენი შვილთაშვილი მყავს, რომ არ დეითლება. ვცხოვრობ ასე, შვილიშვილებთან და რძლებთან ერთად, ოთხი რძალი ვართ, რძლები არაფერს მაკლებენ, სტუმრები ბევრი გვყავს, ხშირად მოდიან, საჩუქრებსაც მჩუქნიან, ყველაზე მეტად შვილიშვილების კარგად ყოფნა მახარებს,“ –  ამბობს სებილე შარაძე. 

 

საკუთარი ქორწინების გახსენებისას ამბობს, რომ ოჯახის შექმნის ტრადიცია ძველად კარგი არ იყო, გათხოვებამდე ქალი საქმროს არ იცნობდა, მან საკუთარი მეუღლე პირველად ქორწილიდან მეორე ღამეს გაიცნო.

 

„კარგ გოგოს სხვასთან არ გუუშვებდნენ. 25 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. სახლში მოსვლამდე ქმარს არ ვიცნობდი, ნანახი არ მყავდა, არ ვიცოდი ვისთან ერთად უნდა მეცხოვრა. ქორწილი ასეთი იყო  – ფარდას ჩამოაფარებდნენ, შიგ დაგაყენებდნენ და მთელი ღამე უნდა ყოფილიყავი, ეს არ იყო კარგი ტრადიცია, მე ქმარი მეორე ღამეს დევინახე, ქორწილამდე და ქორწილშიც ერთმანეთს ვერ დევენახვებოდით, ფარდაში დაგაყენებდნენ და დილამდე არ გამოგაჩენდნენ. ახლა რომ არის, ისე არ იყო, ბიჭმა დედოფალი არ იცოდა, ქალმა  –  ქმარი. ახლანდელი ტრადიცია კარგია, გაცნობილი ჰყავს და ყველაფერი იცის“.

 

ოჯახის შექმნიდან რამდენიმე წელიწადში სიბილე შვილებთან ყაზახეთში გადაასახლეს: „ორი წელი შვილებთან ერთად გასახლებაში გავატარე, ჩემს ქმარს, ხასანს, იჭირავდნენ და რომ არ დაეჭირათ, თურქეთში გეიქცა. თურქეთში წასვლის შემდეგ აღარ მინახავს. ხასანის გაქცევისთვის ორ შვილთან ერთად ყაზახისტანში გამასახლეს, უფროსი შვილი მაშინ ოთხი წლის იყო. რომ ჩაგვიყვანეს და საცხოვრებელში მიგვიყვანეს, არ იცხოვრებოდა. იქ გაჭირვება, ჩამოვედი და აქ სახლი გავერანებული დამხვდა, აღარც იატაკი ჰქონდა შერჩენილი და აღარც ფანჯარა, 7 სული საქონელი მყავდა, კოლექტივში გეიყვანეს, 10 ფრთა ქათამიც წეეყვანათ… ასე წვალებით ავაგე ცხოვრება, მარტომ დავზარდე შვილები. გასახლებიდან 7 წლის შემდეგ გავიგე ხასანის გარდაცვალება, თურქეთშია მისი საფლავი, მაგრამ რას იზამ. შვილები გამეზარდა,  დავაქორწილე, ჩემი სოფლიდან მოვიყვანე რძალი,“ – გვიამბობს სებილე შარაძე.

 

მისი პირველი რძალი, ფატყუმე შარაძე, 83 წლისაა. ქალბატონი ფატყუმე ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრებით მაინც კმაყოფილია: „ოთხი შვილი მყავს, ყველას მისი ოჯახი აქვს. ბაირამზე დ ახალწელზე ყველა ვიკრიბებით, შვილიშვილები მოდიან, ეს მახარებს მოხუცებულს. ახლა სადაა პრობლემები, ჩემ დროს რომ იყო, არც გზა იყო, არც შუქი, ახლა პრობლემა არ არის, გზა არის, შუქი არის, იმუშავე და ჭამე,“ –  ამბობს ქალბატონი ფატყუმე.

 

სებილე ბებოს შვილთაშვილის ცოლი გულნარა ამბობს, რომ უხუცესებს საგულდაგულოდ უვლის. „ორივე მარხულობს, მუსლიმანი ოჯახი გვაქვს, ღამით ვდგები და ვუმზადებ, ერთხანს ვიფიქრე, საჭმელს თუ არ მოვუმზადებ, აღარ იმარხავენ-მეთქი, რადგან შემეცოდა, 107 და 83 წლის მოხუცებულებისთვის მთელი დღე უჭმელ-უსმელად ყოფნა, ერთი თვე მარხვა რთულია, მაგრამ მათი რომ არ დაიშალეს, მეც ვუმზადებ, რაც შემიძლია მათ გვერდში ვდგავარ,“ – ამბობს გულნარა შარაძე.

2 600 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა ბათუმში

 

„საბაგირო გზის მშენებლობა 29 აპრილს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ რიგითი მიზეზების გამო მოვითხოვეთ სამშენებლო ვადის გაგრძელება. მოგეხსენებათ საბაგირო გზა როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ფერიის მთაზე რთულ რელიეფურ ზონაში, გორაკ-ბორცვებზე გადის“, – განმარტა „ჰესტოკ-ბათუმის“ დირექტორმა გიორგი ქავჟარაძემ.

ბათუმის საბაგირო გზა კომპანია „ჰესტოკ-ბათუმის“ საკუთრებაა, რომელმაც 2010 წლის 11 ივნისს ფერიის მთაზე დაიწყო გასართობ კომპლექს „არგოს“ მშენებლობა. ქალაქის სანაპიროდან მასთან დამაკავშირებელი საბაგირო ზოლის მშენებლობა  2012 წლის 10 აპრილიდან მიმდინარეობდა.

 

სამშენებლო სამუშაოებს, დანადგარების შესყიდვასა და დამონტაჟებას ავსტრიული კომპანია „დობერმაიერი“  ახორციელებდა.

 

ბათუმის პირველი საბაგირო  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა. საზეიმო ცერემონიალს მინისტრთა კაბინეტის, მერიის, საკრებულოს, შს სამინისტროს აჭარის რეგიონალურო სამმართველოს, უმაღლესი საბჭოს და უცხო ქვეყნის საკონსულოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მშენებლობის დაგვიანებით გახსნა არჩილ ხაბაძემაც აღნიშნა და თქვა, რომ:

 

„საბაგირო გზის გახსნის დაგვიანება უსაფრთხოების ზომების სრული დაცვის გამო მოხდა. ამ პროექტით ჯამში 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამიერიდან ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ბათუმი ზემოდან დაინახონ “.

 

საბაგირო გზა ზღვის დონიდან 260 მეტრ სიმაღლეზეა და 22 გონდოლაზეა გათვლილი. „ჰესტოკ ბთუმის“ დირექტორი გიორგი ქავჟარაძე ამბობს, რომ:

 

„ერთ საათში შესაძლებელია 500 მგზავრის გადაყვანა. მგზავრობის ფასი 3 ლარი ეღირება. ბავშვებისთვის კი – ლარნახევარი. საბაგიროს მიზანია მოემსახუროს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ჩამოსულ სტუმრებს“.

 

რაც შეეხება გასართობ ცენტრის ფუნქციონირებას ფერიას გორაზე – ის ჯერ არ გახსნილა, რადგან მისი კეთილმოწყობა ჯერ არ დასრულებულა. გიორგი ქავჟარაძის თქმით, შესაბამისი კომპანიები შემოჰყავთ დიზაინრული კეთილმოწყობისთვის.

 

საბაგირო ხიდით ფერიის მთაზე ასვლას 10 წუთი სჭირდება. გასართობ ცენტრ „არგოზე“ მოხვედრა საავტომობილო გზითაცაა შესაძლებელი.

 

დღეს მგზავრებს ბათუმის სიახლით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ. ხვალიდან საბაგირო გზა ოფიციალურად დაიწყებს ფუნქციონირებას.

 

 

 

მძღოლების მორიგი პროტესტი

 

დღეს, აჭარის პროფკავშირების გაერთიანების ოფისში, საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირმა და აჭარის გაერთიანებულმა პროფკავშირებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.  ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირები შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს პროკურატურაში უჩივის და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით გაფიცვით იმუქრება.

 

მძღოლები ხელფასების მომატებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ამ მოთხოვნის გამო „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციამ პროფკავშირის აქტივის დევნა დაიწყო და წევრებს პროფკავშირებიდან გასვლას აიძულებდა. 

 

 

პროფკავშირების წარმომადგენლები ბათუმის ტრანსპორტის დირექტორს, გია ლორიას პროფკავშირების წევრი მძღოლების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, „ზეწოლის ქვეშ მყოფი მძღოლები იძულებით წერდნენ განცხადებებს პროფკავშირებიდან გასვლაზე. მათ აქვთ დამადასტურებელი ჩანაწერი, სადაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პროფკავშირის წარმომადგენლებს ბანდიტები უწოდა.

 

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თანაშემწისა ნიკა სიხარულიძის თქმით, რომელიც ასმავე დროს მძღოლადაც მუშაობს, „ახალი შრომის კოდექსიდან გამომდინარე, ზეგანაკვეთური სამუშაოები უნდა ანაზღაურდებოდეს, კვირაში 40 საათის ზემოთ ანუ თვეში 160 საათის შემდეგ. თუმცა, ბათუმის ავტოტრანსპორტი ზეგანაკვეთურ შრომას არ ანაზღაურებს და მსგავსი ანაზღაურება საერთოდაც არ აქვს გათვალისწინებული.

 

ნიკა სიხარულიძის თქმით, „არსებობს სხვა სახის პრობლემაც – მერიის მხრიდან დაპირებული ხელფასი, საათში 4,50 ლარი შემცირებულია 4,00 ლარამდე, 50 თეთრი ადმინისტრაციის წევრების ხელფასებს დაემატა“. 

 

კიდევ ერთ პრობლემად მძღოლებმა სპეცტანსაცმელი დაასახელეს – მათი თქმით, ადმინისტრაცია არ აძლევს სამუშაო სპეცტანსაცმელს, თუმცა მოითხოვს, რომ ყველა მძღოლმა ის შეიძინოს.

 

მძღოლებისთვის, ადმინისტრაციის უკმაყოფილება გაუგებარია, რადგანაც სახელმწიფო საწარმოში არსებული პრობლემა არანაირად არ ეხება დირექტორსა და ადმინისტრაციას.

ბათუმში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს

 

ბათუმში, ყოფილი ბლაგოვგრადისა  და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს. ის დღის 2 საათზე სასწრაფო დახმარების მანქანამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს ექიმის გია კიკაბიძის ინფორმაციით ჭრილობა ბასრი იარაღით თავისა და გულმკერდის არეში იყო მიყენებული: იყო შემავალი ჭრილობა, რომელიც დამუშავდა და პაციენტი სახლში გაიგზავნა. “

ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია. 

გამოფენა იუსტიციის სახლში

 

დღეს, ბათუმის იუსტიციის სახლში ქართველი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ესწრებოდნენ.

 

დავით ჯანდიერი და თეონა იაშვილი გამოფენაზე
დავით ჯანდიერი და თეონა იაშვილი გამოფენაზე

 

დავით ჯანდიერის თქმით, „ეს პროექტი  ეროვნულ არქივში დაცული საგანძურის რეგიონის მოსახლეობისთვის გაცნობას ისახავს მიზნად“.

 

გამოფენაზე წარმოდგენილია რამაზ ჩხიკვაძის 40-მდე ფოტო. წარმოდგენილია, როგორც ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოები, ასევე კინოროლებისა და რეპეტიციების ამსახველი ფოტოები. გამოფენაზე დაცული ფოტოების ნაწილი დაცულია „საქინფორმის“ კოლექციაში.

 

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი რამაზ ჩხიკვაძემ რუსთაველის თეატრის სცენაზე მრავალი საინტერესო როლი განასახიერა: ლირი („მეფე ლირი“), კირილე მიმინოშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი“), ქოსა მრჩეველი („ჭინჭრაქა“). რამაზ ჩხიკვაძე ასევე 70-ზე მეტ მხატვრულ ფილმშია გადაღებული. მათ შორის „ჭრიჭინა“, „თეთრი ბაირაღები“, „ნატვრის ხე“.

 

ბათუმის იუსტიციის სახლში გამოფენა 23 აგვისტომდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

როცა ბორდელების გარემოცვაში ცხოვრობ

მე და ჩემი მეზობლები ბორდელების გარემოცვაში ვცხოვრობთ: ოთხი ასეთი დაწესებულება გვაქვს წინა მხარეს და ერთი უზარმაზარი სასტუმრო უკან. დიდ სასტუმროს თურქეთის მოქალაქე ამუშავებს ქართველ პარტნიორთან ერთად.

 

ასეთ გარემოცვაში ცხოვრება ძალიან ჭირს, ამიტომაც მე და ჩემმა მეზობლებმა, დაახლოებით 15-მა ადამიანმა პოლიციის შესაბამის განყოფილებას განცხადებით შევატყობინეთ იმის შესახებ, რაც ხდება სასტუმრო „მირორში“. მოვიდა უბნის რწმუნებული, გამოიკვლია და რა… მისი შეფასებით იქ პროსტიტუციას ადგილი არ აქვს. პოლიციამ ჩვენი მტკიცებულება თუ არგუმენტები არ გაიზიარა.

 

„მირორში“ ყველა კატეგორიის გოგონები მუშაობენ, მათ შორის არიან ქართველებიც. ტრეფიკინგის ნიშნები ცხადია არის – თვენახევრის წინ ჩემი მეზობლები ასეთ ფაქტს შეესწრნენ – სექსმუშაკი პირდაპირ სასტუმროს წინ სასტიკად სცემა მამაკაცმა – ჯერ თმებით ათრია, შემდეგ კი ჩაარტყა მუცელში, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი… ბუნებრივია, შეიყარა მთელი ქუჩა.

 

ვფიქრობ, ამ და სხვა ქმედებებში, რასაც მე და ჩემი მეზობლები ყოველდღიურად ვხედავთ, ტრეფიკინგის ნიშნები არის. ტრეფიკინგს სამართალდამცავებიც დაინახავდნენ, ეს პრობლემა ნამდვილად რომ აინტერესებდეთ.

 

ქართული კანონმდებლობით პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა დანაშაულია. „მირორში“, ისე როგორც ამ ტიპის სხვა დაწესებულებებში, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის სასტუმრო, რესტორანი, ღამის კლუბი. ეს ნაწილობრივ სიმართლეა – იქ ღამის კლუბი არ მუშაობს, მაგრამ სასტუმრო, ძირითადად, მეძავებს იღებს. სხვათა შორის, იგივე მეძავები ამ სასტუმროს პირველ სართულზე არიან დასაქმებულები. რესტორანი და ღამის კლუბი კი მხოლოდ და მხოლოდ პროსტიტუციას ემსახურება.

არის თუ არა პროსტიტუციისთვის ადგილი გაცემული? – ამის დადგენა არც ისე იოლია, ამისათვის პოლიციამ უნდა აწარმოოს სისტემატური ოპერატიული დაკვირვება, უნდა განსაზღვროს რა ტიპის სამუშაო შეასრულოს. შესაძლოა ჩანერგოს ოპერმუშაკიც, რომელიც ამ ფაქტს გამოავლენს.

 

მე ასე ვხედავ ამ საკითხის შესწავლის გზებს, მაგრამ შს სამინისტროს ბათუმის მესამე განყოფილება ჩემს მოსაზრებას რომ არ იზიარებს, იქედანაც ჩანს, რომ რამდენიმეკვირიანი დაკვირვების შედეგად „მირორში“ პროსტიტუციის კვალიც კი ვერ აღმოაჩინეს… არ ვიცი ამას პოლიცია რითი ხსნის, მათი არგუმენტები არ მომისმენია.

 

არც ის ვიცი, რატომ უჭირთ მათ ტრეფიკინგის ნიშნების შემჩნევა – ალბათ იმიტომ, რომ ერთია, როცა კანონი რაღაცას კრძალავს და მეორე – ხელისუფლების პოლიტიკური ნება. თუ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის, მაშინ კანონი არ მოქმედებს.

 

ამდენი ბორდელის არსებობა ბათუმში არის თუ არა პოლიციის უმოქმედობის შედეგი? – ამ კითხვაზე მე ჩემი პასუხი მაქვს: დიახ, ეს არაეფექტური გამოძიების შედეგია. მოსახლეობაში არსებობს მოსაზრება, რომ ხშირ შემთხვევაში მათ პოლიციელები და ცალკეული ჩინოსნები მფარველობენ. პირადად მე ამის არავითარი დოკუმენტი, მტკიცებულება არ მაქვს. ის მეტ-ნაკლები სიზუსტით იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ტიპის დაწესებულების გვერდით ცხოვრობენ, ზუსტად იციან რომელი პოლიციელი და ჩინოვნიკი რომელ დაწესებულებას მფარველობს.

 

რაზეც მე ვსაუბრობ, ეს არ არის ცალკეული დანაშაული, ეს სისტემური პრობლემაა და ბათუმს აწუხებს. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ საზოგადოების აქტიური წევრები ამ სასტუმროებს დავასურათებთ და გამოვაქვეყნებთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ძალოვანები გამოვაფხიზლოთ. იქნებ როგორმე მათაც დავანახოთ, რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა და არა ისე, როგორც ეს მოხდა კაფე-ბარ „X“-ის მფლობელთან დაკავშირებით. ეს ადამიანი ცოტა ხნის წინ დააკავეს, მეორე თუ მესამე დაკავება იყო ეს მისთვის…

 

ვიცი ისეთი შემთხვევებიც, როცა მსგავსი დაწესებულების ხელმძღვანელი ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მაგრამ საოცრება ის არის, რომ საბოლოო ჯამში ეს ადამიანები რატომღაც იგივე დაწესებულებებში აგრძელებენ იმავე ტიპის საქმიანობას. არ ვიცი, ამას რა ახსნა უნდა მოვუძებნოთ. შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში საქმე გვქონდეს მფარველობასთან, რაზეც საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი ეჭვი არსებობს. მაგრამ როცა პოლიციის მთავარ სამმართველოსა თუ პოლიციის განყოფილებებში ათობით განცხადებაა შესული და პრობლემა პრობლემად რჩება, ვფიქრობ საქმე გვაქვს სხვა რამესთან, რასაც მხოლოდ ცალკეული პოლიციელების მხრიდან ან მაღალჩინოსნების მხრიდან ამ ტიპის დაწესებულებების მფარველობა ჰქვია. საქმე სისტემურ პრობლემასთან გვაქვს.

უჯინ რეი “ბუდა” ბარიდან

 

 

“ბევრს ჰგონია, რო Dj-ი მხოლოდ დისკს ატრიალებს და სკრეჩს აკეთებს, ამ პროფესიას დიდი პრაქტიკა სჭირდება და სმენა პირველ რიგში.”

 

 

 სად შეიძლება უჯინ რეის მოსმენა?

 

 „ბუდა ბარში” ვუკრავ თბილისში. ქსელური ბარია, თითქმის მთელი მსოფლიო მასშტაბითაა ეს ბარი, სტილი კი ყველგან ერთია. სანამ დავიწყებდი მუშაობას, სტილს მასწავლიდნენ. ამბარს განსხვავებული მუსიკა აქვს არაბულ სტილში, ამ მხრივ თავიდან დაძაბული ვიყავი, რადგან არ არის ეს ჩემი, ვეცადე და გამომივიდა. ხშირად მიწვევებსაც ვიღებ და სხვა ადგილებშიც ვუკრავ.

 

Dj-ს პროფესიაში მთავარია გიყვარდეს მუსიკა, თუ არ გიყვარს მუსიკა, ეს საქმიანობა ჰობის ემსგავსება. ბევრი Dj-ი საქართველოში უკრავს იმისთვის, რომ ჰონორარი მიიღოს, პროფესიას ცოტა სერიოზულად უნდა შეხედო, ბევრი მუშაობა უნდა ამ საქმეს, ასე თუ ისე რთულიცაა, თუმცა გარკვეული გამოცდილება გიგროვდება წლებთან ერთად და მერე გიმარტივდება წერაც.
 

 

რატომ აირჩიე ეს პროფესია?

 

 

მეგობრებმა მირჩიეს, სცადე, თუ გამოგივა დაკვრაო. მეც ვცადე და გამომივიდა, რაც მთავარია მსმენელს მოეწონა. „ვაკანტაში” დავუკარი, ეს კლუბი დღეს აღარ ფუნქციონირებს. 17 წლის ვიყავი, ძალიან ვნერვიულობდი, საერთოდ ყოველთვის, როცა ახალგარემოში მიწევს დაკვრა, განსაკუთრებულად ვნერვიულობ. თავიდან ასეა, მერე ეჩვევი სიტუაციას და ნერვიულობის ნაცვლად თავადაც სიამოვნების მიღებას იწყებ. მერე გერმანიაში წავედი ძმასთან სტუმრად და იქ დაიწყო ჩემთვის მეორე ეტაპი.

 

 

 გერმანელი მსმენელის მოხიბვლა რთული არ იყო? როგორ მიიღეს Dj-ი საქართველოდან?
 

 

ჩემს ძმასთან ვიყავი სტუმრად, არაფერს არ ვაკეთებდი, მერე უცებ მომინდა გერმანიაში დამეკრა. კლუბები ჩამოვიარე, ვუხსნიდი, რომ Dj-ი ვიყავი და მინდოდა მათ კლუბში დაკვრა, თავიდან უკვირდათ, საიდან, საქართველოდან? მითუმეტეს ამ მხრივ გერმანია ძალიან განვითარებული ქვეყანაა, მოეწონათ ჩემი მუსიკა, სისტემატურად ორ-სამ ადგილას ვუკრავდი გერმანიაში.

 

 როგორ რეაგირებდა შენს მუსიკაზე გერმანელი მსმენელი და რა განსხვავებაა ქართველ და გერმანელ მსმენელს შორის?

 

 თავიდან ვერა, თუმცა მალევე მივხვდი რა სჭირდებოდა მსმენელს და ის მივაწოდე, ძალიან კარგად მიიღეს. გერმანელი და ქართველი მსმენელი იმით განსხვავდება, რომ საქართველოში 20 პროცენტი უსმენს ხარისხიან ელექტრონულ მუსიკას, გერმანიაში კი თითქმის ყველა ბარსა და ლაუნჯში ისმის ეს მუსიკა. გერმანელ მსმენელს ერთხელ თუ მოეწონა, მერე სულ დადის და ისმენს. კლუბში მუსიკის მოსასმენად მიდიან და არა გასართობად, უყვართ მუსიკა. ჩვენთან სულ სხვა მუსიკასაა ხალხი მიჩვეული, თუ შემთხვევით აღმოჩნდებიან კლუბში, სადაც ხარისხიან ელექტრონულ მუსიკას უკრავენ, არ მოსწონს 80 პროცენტს და გადის კლუბიდან.

 

 რა არის საჭირო ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად?

 

 პირველ რიგში სმენა უნდა გქონდეს, უნდა გიყვარდეს მუსიკა და არ იყო ზარმაცი. მე მუსიკასთან კავშირი ადრეც მქონდა, მოცეკვავე ვიყავი, ანსამბლ `რუსთავში~ ვცეკვავდი, გარდა ამისა ანანიაშვილის დასის წევრიც ვიყავი. რამდენიმე წლის წინ ტრავმა მივიღე და ცეკვისთვის თავის დანებება მომიწია. მაშინ ძალიან მტკივნეული იყო ეს ჩემთვის, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ თავადაც დავანებებდი თავს, მაინცადამაინც პერსპექტიული არ არის, თუნდაც ანაზღაურება, ჩემი, როგორც მოცეკვავის მთელი თვის ხელფასზე სამჯერ მეტია Dj-ის ორი კვირის ხელფასი. თუმცა ანაზღაურება ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, ვცდილობ მსმენელს ვასიამოვნო და თავადაც მივიღო სიამოვნება.

 

 თავად თუ წერ მუსიკას?

 

 თავიდან მხოლოდ ვუკრავდი, მერე წერაც დავიწყე, “დიფ ჰაუსს” სტილში ვწერ. მუსიკის წერისას ვცდილობ უფრო კონცენტრირებული ვიყო, მშვიდად და წყნარად ვაკეთებ. ერთი თვეც გამგრძელებია წერა, თავიდან მონახაზს ვაკეთებ, მერე ვცვლი ხარვეზებს.

 

 რამდენად რეაგირებ მსმენელის გემოვნებაზე, თუ განსაზღვრავს მათი რეაქცია შემდგომ მელოდიას?

 

 რა თქმა უნდა, მომდევნო მუსიკას ხშირად მოცემული მომენტი განსაზღვრავს. თუ ასი პროცენტიდან ოც პროცენტს მოსწონს ჩემი მუსიკა, ვცდილობ, იმ ოც პროცენტს მუხტი არ დავუგდო და ბოლომდე ვასიამოვნო.

 

 რა არის ყველაზე რთული ამ პროფესიაში?

 

 უძილობა. ახლა უკვე Dj-ის რეჟიმზე ვარ გადასული, თავიდან ძალიან მიჭირდა, დღე-ღამე გეცვლება, მთელი დღე გძინავს და ღამით გღვიძავს. მეორე ის არის, რომ ქართველ მსმენელს ყველაფერი მალე ბეზრდება, ყოველთვის სიახლე უნდა. ჩემი ყველაზე დიდი კრიზისია მაქსიმუმ ერთი თვე უსაქმურობა, ამ პროფესიამ კი ლომკა იცის, საშინელი შეგრძნებაა. ამიტომ, როცა არ ვმუშაობ, ყოველთვის მეგობრებთან ერთად ვუკრავ, ბევრი Dj-ი მეგობარი მყავს, ერთად კარგ დროს ვატარებთ.

 

 თუ არის ადგილი, სადაც დაკვრა გსურს?

 

 ლონდონის კლუბია „ფეიბრიკი”, სადაც დაკვრა ყოველთვის მინდოდა. მონდომება უნდა, ვფიქრობ, გამომივა.

 

 ჰობი თუ გაქვთ?

 

 მოგზაურობა მიყვარს. როცა ვცეკვავდი, მაშინ თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარეთ. ახლა თავად ვგეგმავ, მთავარია კარგად დაგეგმო და ყველაფერი თავიდანვე გათვალო. ბოლოს გერმანიაში ვიყავი ისევ, ფეხით მოვიარე მთელი ბავარია. ახლა ვფიქრობ მონაკოში წასვლას, არ ვიცი რატომ, უბრალოდ მინდა ვნახო. ხშირად მოსმენილი ამბები იწვევს ჩემს დაინტერესებას, შეიძლება ორ დღეში მოვაგვარო ყველა საკითხი, ავიღო ბილეთი და წავიდე.

 

 რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

 

 ჩემს ცხოვრებაში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. როცა ადამიანს ეძებ და ვერ პოულობ, მერე კი სურვილიც რომ აღარ გაქვს ძებნის და რომ გამოჩნდება, სწორედ ის შემთხვევაა. თან ისე, რომ შენს ცხოვრებას შეცვლის დადებითად. საერთო მეგობარი გვყავს, ადრეც ვიცნობდი, მაგრამ შორიდან. ბარში იყო ჩემთან, მოეწონა ჩემი მუსიკა და მერე ფეისბუქზე მიმახვედრა, რომ მოეწონა, მივწერე და დაიწყო და დაიწყო. ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე.

ქობულეთელების პროტესტი შემოვლით გზას

 

ქობულეთის სოფელ საჩინოს მოსახლეობა შემოვლით გზის მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს. ისინი მოითხოვენ ადეკვატური ღირებულებით იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელსაც მათ ავტომაგისტრალის მშენებლობა მოუტანთ.

 

სოფლის მკვიდრი  ჯამბულ გოგიტიძე მშენებლობის ორგანიზატორების მხრიდან მოსახლეობისთვის არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაზე საუბრობს და იმასაც ამბობს, რომ თუნდაც მიწის გასხვისებაზე შეთანხმება შედგეს, გზის მშენებლობის შემდეგ იქ ცხოვრება შეუძლებელი იქნება:

 

„მოვიდნენ ჩემთან. 2000 მეტრო მიწა მიაქვთ. თქვეს, გზა რვა მეტროში გადის სახლს არ ეხებაო. მაგრამ რვა მეტროში რომ გზა გაივლის იქ გაჩერდება სახლი? მოვიდნენ და აგვიხსნან სახლი რამდენი მეტრის დაშორებით უნდა იდგეს გზიდან, რა ღირებულებას ანაზღაურებენ, ნარგავი რა ღირს, მიწის ნაკვეთი რა ღირს? მოიტანეს ხელშეკრულებები და შემოგვთავაზეს მხოლოდ მიწის თანხა – 55 ათასი ლარი. დაგვემუქრნენ თუ შეთანხმება არ შედგა გაგასახლებთო“.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი ზაურ აფშინაშვილის თქმით, ავტოტრასის მშენებლობა  საერთაშორისო პროექტია და საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ის კერძო ინტერესი კი არა, სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა:

 

 „ახალი ავტომაგისტრალის პროექტი აზიის განვითარების ბანკისგან“ ფინანსდება. თვითონ ბანკის მოთხოვნა და პოლიტიკაა  საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მშენებლობა. ეს ითვალისწინებს მიწის შესყიდვებისა და განსახლების გეგმასაც. პროექტის მოსამზადებელი ეტაპზე შევისწავლეთ და აღვწერეთ მოსახლეობის კუთვნილი მიწები, ნარგავები, ნათესები. დიფერენცირებული გვაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ღირებულება, რომელიც ათი ლარიდან იწყება. კომპენსაციის დროს ისიცაა გათვალისწინებული, მიწის მესაკუთრე სოციალურად დაუცველია თუ არა.

 

ამ მონაცემების მიხედვით, სერთიფიცირებულმა აუდიტორულმა კომპანიამ შეაფასა მოსახლეობისთვის ასანაზღაურებელი ქონების საბაზრო ღირებულება. გზის მშენებლობა სახელმწიფო მნიშვნელობისაა და ემსახურება არა ერთი და ორი ადამიანის ინტერესს, არამედ სახელმწიფოს და მის მოსახლეობას. თუ მოხდა ისე, რომ მოსახლეობასთან შეთანხმება არ შედგა, ჩვენ გამოვიყენებთ სახელმწიფო კანონით მინიჭებულ უფლებას“.

 

18-კილომეტრიანი შემოვლითი გზის  მშენებლობა ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს. პირველი მონაკვეთი შეკვეთილში იწყება და ქობულეთის შუა ტერიტორიაზე მთავრდება. მეორე მონაკვეთი იწყება ქობულეთის შუანაწილიდან და გვირაბიდან გასასვლელ გზას უერთდება.

 

ზაურ აფშინაშვილისვე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქცეულია დაახლოებით 355-მდე მიწის მესაკუთრე. აქედან მხოლოდ რამდენიმე ოჯახი მოითხოვს თანხის გაორმაგებას, მოსახლეობის უმრავლესობასთან ხელშეკრულებებს უკვე აფორმებენ.

ფოტოკამერით, ცარცითა და დაფით ტურისტების დასახვედრად

 

დღეს აჭარის  ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტში 2013 წლის სეზონის სიახლეს ონლაინ-მარკეტინგული ღონისძიებები წარმოადგინეს. სოციალურ მედიაში, სხვადასხვა ენაზე შექმნილია სპეციალური გვერდები ბათუმის შესახებ. დეპარტამენტმა 10 ქვეყანა შეირჩა (საქართველოს, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ისრაელი, პოლონეთი) საიტები შექმნილია ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებზე.  ინფორმაცია ბათუმის ღირსშესანიშნაობების, მიმდინარე ღონისძიებებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ ყოველდღიურად ახლდება Facebook-იქ გვერდზე. ( www.facebook.com/visitbatumi.travel)

 

დეპარტამენტის ერთ-ერთი ახალი პროექტია „გაიზიარე ბათუმის სიყვარული“. პროექტი ითვალისწინებს უკვე ტურისტად მყოფი ადამიანების შთაბეჭდილებებისა და მოსაზრების გაზიარებას იმ ტურისტებისთვის, რომლებიც სამომავლოდ გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას. პროექტში ჩართულია ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც ფოტოკამერებით, ცარცითა და დაფებით შეიარაღებულები ქალაქის ტურისტულად აქტიურ ადგილებში ხვდებიან უცხოელ ტურისტებს. (www.gobatumi.com)

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ტურისტული პროექტებისა და სერვისის განყოფილების უფროსის, მამუკა ბერძენიშვილის თქმით, პროექტი – „გაიზიარე ბათუმის სიყვარული“  ხელს შეუწყობს იმ ტურისტებს, რომლებიც მომავალში აპირებენ ჩამოსვლას.

 

ასევე მოქმედებს პროექტი – „Batumi In Your Pocket”  – მცირე ფორმატში მოქცეულია მაქსიმალური ინფორმაცია ბათუმის შესახებ. ბროშურა გამოიცა სამ ენაზე: ინგლისურ, რუსულ და პოლონურ ენებზე. ბროშურები ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებსა და სასტუმროებში ვრცელდება. 

მორაგბეები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ



დღეს, ბათუმში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში – „გენდერული თანასწორების ხელშეწყობისთვის საქართველოში“ – ცნობილი ქართველი სპორტსმენები უფროსკლასელ ბიჭებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მორაგბეები – ნოდარ ანდღულაძე, გიორგი ჭყოიძე, ლექსო გუგავა და კიკბოქსიორი – გიგი ჭიკაძე.


გაეროს ქალთა ორგანიზაციის მენეჯერის, ირინა ჯაფარიძის თქმით, „ვაჟებთან ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვანია, რადგანაც მათი ჩართულობის გარეშე ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა შეუძლებელია. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ოჯახის ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ცხელი ხაზის (2 309 903)  მომსახურების პოპულარიზაციას, რომელშიც ასევე აქტიურად მონაწილეობენ სპორტსმენები.


საქართველოში ოჯახში ძალადობის 3 თავშესაფარი არსებობს: თბილისსა და გორში, ხოლო ქუთაისში აგვისტოს თვეში გაიხსნება. თავშესაფარები გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა, ამჟამად  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.


ირინა ჯაფარიძის თქმით, ამ პროექტისათვის „რაგბისა და მოჭიდავეების გუნდის წევრები იმიტომ შეარჩიეს, რომ რაგბი არის ერთ-ერთი მამაკაცური და პოპულარული სპორტი საქართველოში, რომელსაც გააჩნია თავისი ეთიკის კოდექსი. ძალადობა არასდროს გამოდის მოედნის გარეთ.“


საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ნოდარ ანდღულაძე 3 წელია ჩართულია ამ პროექტში. ის ამბობს: „ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის სწორი და რა არა?  რომელი სტერეოტიპი უწყობს ხელს ქალთა მიმართ ძალადობას და თუ რა შეგვიძლია შევცვალოთ. ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს თავზე, თუ როგორ გავიზარდეთ, როგორ შეიცვალა ჩვენი ფასეულობები და იმ შეცდომებზეც, რასაც არასდროს დავუშვებთ ჩვენი ქცევით“.


ნოდარ ანდღულაძე ამბობს, რომ პროექტში ჩართვის ინიციატივა სხვა სპორტსმენებს – წყალბურთელებსა და კალათბურთელებსაც აქვთ.


გლობალური პროექტი „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ 2008 წელს დაიწყო და 2015 წლამდე გაგრძელდება. პროექტში რაგბისტები  2010 წლიდან არიან ჩართულები.


შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და ქალი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. შეხვედრის მონაწილეებმა მედიასთან კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.


გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის გლობალური კამპანიის ეგიდით – „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, გამართული  ინიციატივა – „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, მიზნად ისახავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ვაჟების ცნობიერების ამაღლებას და მგრძნობელობის გაზრდას.

ოსმალთა ბატონობისგან გათავისუფლების აღმნიშვნელი მემორიალური დაფა ქობულეთში

 

„აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის“ ხელმძღვანელი ნიაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ მისი კავშირი და „ქართული ოცნება სამართლიანობისათვის აჭარაში“ 17 აგვისტოსთვის ქობულეთში აპირებენ დადგან საინფორმაციო დაფა, „რომელიც მიეძღვნება აჭარის ოსმალთა იმპერიის 300 წლოვანი ბატონობისგან გათავისუფლების 135 წლის თავს“.

 

ნიაზ ბოლქვაძე
ნიაზ ბოლქვაძე

 

 

ნიაზ ბოლქვაძის თქმით, საინფორმაციო დაფა დაიდგმება ჩოლოქის ხიდთან. ის იმედოვნებს, რომ მომავალში საინფორმაციო დაფის ადგილზე შესაბამისი მემორიალის დადგმას ქობულეთის გამგეობა უზრუნვევლყოფს.

 

ნიაზ ბოლქვაძის განმარტებით, ეს დაფა არ იდგმება იმისთვის, რომ „მეზობელ თურქეთთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს“.

 

ნიაზ ბოლქვაძის თქმით, ქობულეთის გამგეობამ საინფორმაციო დაფის განთავსების მიზნით უკვე გამოყო შესაბამის ადგილი ჩოლოქში.

 

ქობულეთის გამგეობაში საინფორმაციო დაფისთვის ადგილის გამოყოფას არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ პროცედურა დაწყებულია.

 

ქობულეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ჯანსუღ ჯინჭარაძის თქმით, „ეს წერილი შემოვიდა იმ კვირაში, მაგრამ, ჯერჯერობით, პროცედურა მიმდინარეობს. შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისასვლელია, კონკრეტულად ადგილია გამოსაყოფი თუ რაც არის, ეს ყველაფერი დაწყებულია“.

ჩვენი მოგზაურობა საქართველოში

2012-2013 სასწავლო წლებში მე და ჩემმა ქმარმა გრეგორმა ერთწლიანი შვებულება ავიღეთ. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი ვიკითხეთ, ბინა გავარემონტეთ და რამდენჯერმე ვიმოგზაურეთ. ჩვენი მოგზაურობა სომხეთსა და საქართველოში იყო ყველაზე განსაკუთრებული ამ ერთი წლის განმავლობაში.

        

პირველად ამ მოგზაურობის იდეა დაახლოებით 6 წლის წინ გამიჩნდა. იმ დროისთვის ვენის ერთ-ერთ კინოთეატრში, რომელიც სპეციალიზებულია უცხოენოვან ფილმებზე, ერთი კვირის განმავლობაში იმართებოდა სომხური კინოს ფესტივალი. მე მხოლოდ ორ ფილმს ვუყურე, თუმცა აღფრთოვანებული დავრჩი ნანახი პეიზაჟითა და ხალხით.

ცოტა ხნის შემდეგ გერმანულ-ფრანგულ ტელეარხზე „ARTE“-ზე ვიხილე ქართული ფილმი – „მას შემდეგ, რაც ოთარი წავიდა“. საქართველომ ჩემში დიდი ინტერესი აღძრა, ვინაიდან შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალგაზრდებში გენიალური ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალი  იბადება. 

 

რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ფილმებით დავტკბი, მაგრამ გავხდი უფრო ცნობისმოყვარე. მაშინ მე არაფერი ვიცოდი საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, მხოლოდ ის, რომ საბჭოთა პერიოდში ძალიან პოპულარული იყო საქართველო ტურისტებისთვის და ქართული სამზარეულო – ზღაპრულად გემრიელი.                     

უკანასკნელი წლების განმავლობაში კავკასიის რეგიონმა განსაკუთრებით გაითქვა სახელი. ავსტრიულ გაზეთებში არაერთხელ დაიწერა სტატია ჩეჩნეთის კონფლიქტის, მთიანი ყარაბახის ომისა და სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ტელევიზიიდან ჩვენ ვიცნობდით შევარდნაძეს, გავიგეთ ვარდების რევოლუციის, სააკაშვილის რეფორმებისა და ქვეყანაში არსებული დიდი ეკონომიკური პრობლემების შესახებ. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა ძალიან შეგვაშინა ავსტრიელები – ჩემს მეგობრულ წრეში არ მეგულება ადამიანი, ვისაც სურდა ამ „კრიზისული რეგიონის“ მონახულება და დასვენება. 

 

ერთ დღესაც, 2012 წლის შემოდგომაზე, ჩემმა ქმარმა მაჩვენა სამოგზაურო შემოთავაზება საზოგადოებრივი რადიოსადგურისგან. მათ შემოგვთავაზეს საქართველოს მონახულება მაისში. ამ მოგზაურობის მთავარი მიზანი იყო გადაცემისთვის ინფორმაციის მიწოდება არჩეულ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობის შესახებ. სამწუხაროდ, ეს მოგზაურობა არ ითვალისწინებდა სომხეთის მონახულებასაც, მე კი ორივე ქვეყნის ნახვის სურვილი მქონდა.

 

ინტერნეტში შევარჩიეთ ბერლინში არსებული ტურისტული სააგენტო „Ex Oriente Lux~.  პოლიტიკურად საინტერესო პროგრამებს ის გვთავაზობდა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვეძლო ორ  ქვეყანაში მოგზაურობა – კერძოდ, საქართველოსა და სომხეთში.

 

ასე რომ, როგორც იქნა მოვედით სასაუბროდ გაზეთ „ბათუმელებში~. ამ დიალოგისას ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გავცნობოდით როგორც რედაქციის, ასევე მისი მკითხველების პოლიტიკურ ორიენტაციას. შევეხეთ ისეთ თემებს, როგორიცაა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ერთად ცხოვრება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი, სახელმწიფოს შესაძლებლობა გახდეს ეკონომიკურად უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი, საქართველოს ურთიერთობა ევროპასთან, ახალგაზრდების როლი ქვეყანაში, ეკოლოგიური თვითშეგნება და ასე შემდეგ. დიალოგი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისა და ჩემი ქმრისათვის.

 

ჩვენ ვცხოვრობთ ავსტრიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ მდიდარ ქვეყანაში, სადაც ომი არ ყოფილა 1945 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არის კორუფცია და ნეოლიბერალიზმმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მანძილი  მდიდარ და ღარიბ ფენას შორის. უკანასკნელი 15 წელია, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, თითქმის ყველაფრის პრივატიზაცია მოხდა. ეს ყოველთვის არ იყო ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო. ჩვენთან არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც იყენებს ლტოლვილებისა და მიგრანტების მდგომარეობას და საარჩევნო ხმებს ამით აგროვებენ. თუმცა ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და არც ერთი კონფლიქტი არ გადაზრდილა შეიარაღებულ დაპირისპირებაში 1945 წლის შემდეგ. ჩვენ გვაქვს კარგად განვითარებული სოციალური სისტემა და უმუშევართა დაბალი პროცენტული მაჩვენებელი.   

 

სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის გვქონდეს კონტაქტი სხვა ქვეყნის მოსახლეობასთან, რათა გავეცნოთ იქ არსებულ რეალობას. საქართველოში მოგზაურობას ხშირად ვიხსენებ, რადგან გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანაში მივიღე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მაგალითად, მე და ჩემი ქმარი თბილისში ყოფნისას გავემართეთ სასეირნოდ ქალაქის გარეუბანში.  იქ კორპუსების მაგივრად იდგა პატარა სახლები ეზოებითა და ბაღებით. მე დავეხმარე იქ მცხოვრებ ერთ-ერთ ხანდაზმულ ადამიანს ქლიავის მოკრეფაში, მან კი სახლში შეგვიპატიჟა. უკვე საღამო იყო და ამ მოხუცი კაცის ოჯახი სრული შემადგენლობით დაბრუნდა სახლში. მასპინძელთაგან ერთი ახალგაზრდა ქალი ლაპარაკობდა გერმანულად და ერთმა სკოლის მოსწავლემაც ცოტაოდენი ინგლისური იცოდა. ოჯახი ძალიან მეგობრულად და თბილად გვექცეოდა, დაგვათვალიერებინა სახლი და დესერტითაც კი გაგვიმასპინძლდა. ოჯახის ყველა ზრდასრული წევრი ინტელიგენტი იყო, თუმცა მხოლოდ ახალგაზრდა ქალს (მას ჰქონდა უმაღლესი განათლება) და დედამისს (მუშაობდა ბიოლოგიის მასწავლებლად) ჰქონდა სამსახური, დანარჩენებს არ ჰქონდათ შემოსავალი და იძულებულები იყვნენ, ამ ორი ადამიანის ხელფასზე ეცხოვრათ.

 

ამ ოჯახის ბინამ გამახსენა ჩემი ბინა, რომელშიც ახალგაზრდობის დროს ვცხოვრობდი. ის არც ისე დიდი, მაგრამ ძალიან მყუდრო იყო, ბევრი წიგნით. ყველა ოთახში ოჯახის რომელიმე წევრი ცხოვრობდა, ამიტომ ისედაც პატარა სახლში თაროები სხვა რაღაცისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი და არა წიგნებისთვის (ჩვენს სახლში, ვენაში, ძალიან ბევრი წიგნი გვაქვს და ძალიან გვიხარია მათი დანახვა).

 

საქართველოში ყოფნისას, ყველა ადგილის მონახულებისას მეუფლებოდა შეგრძნება, თითქოს ევროპის რომელიღაც სახელმწიფოს ვსტუმრობდი. ზოგიერთი ადგილი რუსეთს მახსენებდა, მაგალითად, მართლმადიდებლური ეკლესიები, საბჭოური დროის ნაგებობები, რომლებიც არა მარტო რუსეთში, არამედ პოლონეთში, ჩეხეთსა და აღმოსავლეთ გერმანიაში გვხვდება.

 

ძალიან შემაძრწუნა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ინდუსტრია აღარ ვითარდება, მაგალითად, რუსთავში. ჩვენ აგვიხსნეს, რომ ფაბრიკა-ქარხნები, რომლებმაც ფუნქციონირება შეწყვიტეს, საბჭოთა პერიოდშია აშენებული და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღარ სჭირდებოდა სახელმწიფოს. მაგრამ ახალჩამოყალიბებულმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ინდუსტრიის განვითარებაზე. დღეს ამ ქარხნების მაგივრად ნანგრევებია, რომლებიც მათ შემყურე ქართველებისთვის, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან ასოცირდება.

 

მიუხედავად ამისა, საქართველოში სომხეთთან შედარებით უფრო პოზიტიურად არიან განწყობილები. ქართველი მოსახლეობა არც ისე ღარიბია, როგორც სომხები, მაღაზიები საქართველოში უფრო დატვირთულია პროდუქტით, ბაზრებზე აქტიურად ვაჭრობენ და კვების პროდუქტების ასორტიმენტიც მრავალფეროვანია.

 

საქართველოში მოგზაურობის ერთ-ერთი ბანალური, თუმცა ძალიან შთამბეჭდავი მიზანი იყო კავკასიონის ნახვა, რომლის მთებშიც მდებარეობს არაერთი უმშვენიერესი მონასტერი. პირადად მე კათოლიკე ვარ, თუმცა არც ისე დიდი რწმენით გამოვირჩევი. გაოცებული ვარ იმ ფაქტით, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რელიგია „აყვავებულია~. არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ეკლესიების მშენებლობისთვის დიდი თანხის გამოყოფა, ვინაიდან უმჯობესია ეს თანხა სოციალურ პროექტებს მოხმარდეს. სამწუხაროდ, რწმენის გასაძლიერებლად არსებული პროგრამები ადგილობრივებში, რომლებიც ადრე კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ, იწვევენ კონფლიქტებს სხვადასხვა აღმსარებლობის გამო. გარდა ამისა, ისტორიამ გვიჩვენა, რომ სიღარიბე ეხმარება რწმენის გამტკიცებას ამა თუ იმ რეგიონში. 

 

ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი მე და ჩემს ქმარს ძალიან არ მოგვწონს. როგორც კი ჩამოვედით, რამდენიმე დღეში გაიმართა სერიოზული კონფლიქტი მოსახლეობასა და იმ მომიტინგეებს შორის, რომლებიც ითხოვდნენ ტოლერანტობას ჰომოსექსუალებისთვის. განსაკუთრებით გავლენიანმა პირმა საქართველოში ილია II-მ, მიტინგის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე მოითხოვა გეი-პარადის აკრძალვა. პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი კი მოუწოდებდა მოთმინებისკენ ქართულ მოსახლეობას, რომლებიც უარყოფითად იყვნენ განწყობილები პარადის მიმართ. მიტინგი დაარბიეს ძალიან აგრესიულად და არაჰუმანურად მართლმადიდებლებმა, რომლებსაც სასულიერო პირები ხელმძღვანელობდნენ. რამდენადაც მე ვიცი, ჰომოსექსუალიზმი საქართველოში აკრძალული არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი მართლმადიდებელი მორწმუნე უარყოფითად არის განწყობილი მათ მიმართ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ საჭიროა საქართველოსთვის ავსტრიისა და, ზოგადად, ევროპის მაგალითის აღება…

 

მიმაჩნია, რომ ეკლესიის ასეთი დიდი ზეგავლენა პოლიტიკაზე დამღუპველია ქვეყნისთვის. რელიგია არ ფუნქციონირებს დემოკრატიისთვის, თუმცა ის „მუშაობს~ ადამიანის გრძნობებსა და ემოციებზე როგორც დადებითად, მაგალითად, ქველმოქმედების თვალსაზრისით, ისევე უარყოფითად – იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ცხოვრების განსხვავებულ წესს ირჩევენ. ასეთი ხალხი ნორმალურად არ აღიქმება და საზოგადოება რიყავს მას, ყველაზე კარგ შემთხვევაში.  

 

საქართველოს სურს ევროპული სახელმწიფო გახდეს, ამიტომაც საჭიროა მოსახლეობამ არქაული აზროვნება წარსულს ჩააბაროს. მსგავსი პრობლემები გხვდება მუსლიმანურ თურქეთში, რუსეთში თავისი მართლმადიდებლური ეკლესიით, იუგოსლავიაში.

 

მე, პირადად, პატივს ვცემ მორწმუნეებს და არასდროს ჩავიცვამ ლოცვის დროს შეუფერებლად, შეურაცხმყოფელად. თუმცა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქართველ გოგოებთან მიმართებაში მექმნება შთაბეჭდილება, რომ მათ უცნაური დამოკიდებულება აქვთ რელიგიის მიმართ. მაშინ, როდესაც მე მართლმადიდებლურ ეკლესიაში მივდივარ თავსაფრითა და ჯინსებზე კაბას ვიცვამ, ახალგაზრდა გოგოები ეკლესიაში ძალიან მოკლე ქვედაბოლოებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილები მოდიან. ეს ძალიან მაკვირვებს. ავსტრიაში ახალგაზრდა გოგოები ასეთი ტანსაცმლით დისკოთეკებზე დადიან ხოლმე.

 

დავუბრუნდეთ მოგზაურობის მიზნებს – თბილისიდან ბათუმში მატარებლით ჩამოვედით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მგზავრობის წინ შევიძინეთ კარგი ქართული ღვინო, რომელსაც კუპეში ვსვამდით დესერტის თანხლებით.

 

განსხვავება ბათუმსა და თბილისს შორის ჩემთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მე ორივე ქალაქში კომფორტულად ვგრძნობდი თავს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილმდებარეობა და კლიმატიც. ბათუმი ზღვისპირა ქალაქია და ვრცელი  და უკიდეგანო ზღვა დადებითად აისახება ადგილობრივების განწყობაზე. ძველი ბათუმი (ძალიან გთხოვთ არ დამცინოთ) მახსენებს ამერიკაში, ნიუ ორლეანში გატარებულ ძველით ახალ წელს. აივნიანი სახლები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ერთობლიობაში „ბოჰემური“ ცხოვრების განწყობას ქმნის. სხვათა შორის,  ფრანგული უბანი ნიუ ორლეანში, სადაც მე ვცხოვრობ, ასევე ევროპული სტილისაა. 

 

ბათუმში ყოფნისას დამეუფლა შეგრძნება, თითქოს „დიდ მსოფლიოში“ ვიმყოფებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ძალიან წყნარია და არც თუ ისე დინამიური. თურქეთის სიახლოვე მახსენებდა ჩემთვის კარგად ნაცნობ სახელებს: ერზრუმსა და ტრაპიზონს. სანაპიროზე ჯდომისას მზერას ჰორიზონტს მივაპყრობდი ხოლმე და ვიძირებოდი ფანტაზიის მორევში, ვფიქრობდი, რომ სადღაც ახლოს ოდესაა და ჩემი მშობლიური ქალაქის მდინარე – დუნაი შავ ზღვაში ჩაედინება. რამდენიმე ფოტოც კი გადავიღე რესტორანში ყოფნისას ზღვის ფონზე. ისინი ასახავენ ჩემს განწყობას ზღვაზე ყოფნისას.

 

ძალიან დიდი სურვილი მქონდა მომენახულებინა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გავსაუბრებოდი იქაურ სტუდენტებსა თუ ლექტორებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამისთვის დრო აღარ მქონდა. ასევე სამწუხაროა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გადააქვთ ლამაზ თეთრ ცათამბჯენში, ეს ძალიან კარგი იქნებოდა უკეთესი განათლებისთვის.

 

თბილისი, თავისი მთების, რესტავრირებული ცენტრის, თანამედროვე და კარგად შესრულებული არქიტექტურული ნაგებობების გამო აქტიურ და ცოცხალ ქალაქად მიმაჩნია. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ქართული ენა მცოდნოდა, წავსულიყავი თეატრში, მეყიდა წიგნები და მომენახულებინა კინოთეატრი.

 

საქართველოში ყოფნისას არ შემქმნია შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობას ეშინია ხელისუფლების. ყველა, ვისთანაც ვისაუბრე პოლიტიკის შესახებ, თამამად აკრიტიკებდა ხელისუფლებას.  

 

წინათ, სხვადასხვა მოგზაურობისას ხშირად მინახავს, თუ რა დაჟინებით უცქერდნენ უცხოელებს, თუ რა სიფრთხილით ეკიდებოდნენ ტურისტები თავიანთ ნივთებს, რომ, ზოგადად, ქუჩები თუ მოედნები, ან თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის დაცული კრიმინალისგან. ამ მხრივ საქართველოში სასიამოვნო გარემო იყო.

 

საქართველო ძალიან მომეწონა, ქალაქები მოვლილი და სუფთაა, თუმცა ვნახეთ ნაგავსაყარებიც, რომლებზეც არავის სურდა პასუხისმგებლობის აღება.

 

საქართველოს ვუსურვებ, რომ მალე გაუმჯობესებულიყო პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში. შემიძლია დაუმთავრებლად ვილაპარაკო საქართველოში გატარებული დღეების შესახებ… სხვა დროს, ალბათ, აუცილებლად ვეწვევი კიდევ ერთხელ ამ ქვეყანას. 

 

თარგმნა ანანო იაშვილმა

სტადიონის აშენება გადაწყდა, „დინამოს“ მივხედოთ

ოთარ, თუ ათვითცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აიღეთ არა მარტო გუნდის, არამედ მთელი ქალაქის წინაშე?

 

 

– ვიცოდი რაზეც მივდიოდით მე და ჩემი გუნდი. რვა თვის წინ დავაარსეთ მოძრაობა „გადავარჩინოთ ბათუმის დინამო“, გული შეგვტკივა ბათუმის „დინამოზე“, ცვლილებები იყო საჭირო.

 

 

ცვლილებებს გეგმავთ ეს ცხადია! რა იქნება პირველი, რასაც გააკეთებთ ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ?

 

 

– პირველ რიგში აუდიტს მოვიწვევ, რათა „დინამოს“ ფინანსური მხარე შისწავლოს! არავის არაფერს ვაბრალებ, მინდა მხოლოდ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს და ჩვენ ახალი ეტაპი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ასევე ვაპირებთ საკონტრაქტო სისტემისა და თავად კონტრაქტების გადახედვას. შრომის ხელშეკრულებები შესასწავლია და არ არი გამორიცხული, რაიმე დეფექტი მათშიც აღმოჩნდეს. ამას უკვე აუდიტი და იურისტები გაარკვევენ.

 

 

პირველი, რაც განაცხადეთ, დინამოს ინფრასტუქტურის მოწესრიგება და მეტი გულშემატკივარი სტადიონზეო. უკაცრავად და, რომელ სტადიონს გულისხმობთ?

 

 

– თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ბათუმში, მომავალი წლიდან, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაიწყება საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. აჭარის პირველი პირი არჩილ ხაბაძე თავად არის ამით დაინტერესებული, ფეხბურთი უყვარს და სტადიონის მშენებლობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. უახლოეს დღეებში პირადად შევხვდები მას და დეტალებს მაშინ დავაზუსტებთ. 12 ან 15-ათასიანი სტადიონი აშენდება, შემდგომი დაშენების პერსპექტივით.

 

 

არჩევნებს დავუბრუნდეთ, კონკურენციას ვახტანგ ქორიძე გიწევდათ, ბათუმისა და თბილისის დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელი

 

 

– ბატონ ვახტანგს უდიდეს პატივს ვცემ. მან ძალიან ბევრი გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის და დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება აუცლებლად გამოგვადგება. ჩვენ ვაპირებთ ვახტანგ ქორიძე ვეტერან ფეხბურთელთა საბჭოს პრეზიდენტად მოვიწვიოთ და არა მარტო ის, არამედ ყველა ვეტერანი ფეხბურთელი, ვინც „დინამოს“ სამსახურში იყო, ყველასთან ვითანამშრომლებთ. ჩემი მიზანი დირექტორობა არ ყოფილა, მიყვარს ბათუმის „დინამო“, გული შემტკივა მასზე და დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი საქმის გაკეთებასაც შევძლებ ჩემს გუნდთან ერთად.

 

 

კონტრაქტების გადახედვას ვაპირებონიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დინამოს სამწვრთნელო შტაბშიც გეგმავთ ცვლილებებს?

 

 

– პირადად მე არც კობა ჟორჟიკაშვილის, არც ლევან ხომერიკისა და და არც ბორის გონჩაროვის წინააღმდეგი ვარ! პირიქით, ეს ის გუნდია, რომელსაც ჩვენთვის წარმატების მოტანა შეუძლია. რაც შეეხება კონტრაქტების გადახედვას, ეს უკვე იურიდიული მხარეა. მე მოხარული ვიქნები, თუ ეს სამეული „დინამოში“ მუშაობას გააგრძელებს.

 

 

ხშირად ახსენებთ ჩვენ გუნდს

 

 

– მივხვდი რისი კითხვაც გინდათ. ჩემს გვერდში არიან მალხაზ მახარაძე, ირაკლი თოთლაძე, ბესო თედორაზე, არჩილ ინწკირველი, კარლო მუკბანიანი და ბევრი სხვა ადამიანი, რომელსაც გულით უყვარს ბათუმის „დინამო“. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისაც სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენი გუნდისთვის.

– პირველ ლიგაში დაქვეითების შემდეგ, „დინამო“ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. ყოფილი დირექტორი სულხან გოგიბერიძე აცხადებდა, რომ კლუბის ანგარიშზე 700 ათას ლარამდე იყო დარჩენილი. როგორ აპირებთ ამ თანხის გამოყენებას?

– 7-8 ფეხბურთელი უნდა დავიმატოთ აუცილებლად, ოღონდ ისეთები, რომლებიც გუნდს რეალურ სარგებელს მოუტანენ და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარებიან. ეს არა მარტო ჩვენი მიზანი, არამედ ჩვენი მოვალეობაცაა. ჩემპიონატი 21 აგვისტოს იწყება და ვიმედოვნებ, მანამდე აუდიტორულ შემოწმებასაც ჩავატარებთ და საჭირო ცვლილებებსაც განვახორციელებთ.

 

 

ადრე აცხადებდით, რომ ინვესტორების მოზიდვას შეძლებდით

 

 

– არც ვუარყოფ. არის ინვესტორთა ჯგუფი, რომელიც მზადაა `დინამოში~ ინვესტიცია განახორციელოს, მაგრამ რაღაც ხომ უნდა დავახვედროთ? სტადიონი მაინც.

 

 

იყო საუბრები, რომ დინამოს ვეტერანი ფეხბურთელი, გელა შეყილაძე მოიაზრებოდა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე

 

 

– საუბრები იყო, გელასაც ველაპარაკე და გვინდა, რომ მას საფეხბურთო აკადემიია ჩავაბაროთ. ვიცი, ამჟამად ასეთი არ არსებობს, მაგრამ ეს ჩვენი გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. აღნიშნული აკადემია ანგისის სტადიონზე განთავსდება, მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები, შეიცვლება მინდვრის საფარი! მოკლედ ყველაფერი, რაც საჭიროა ახალი თაობის აღზრდისთვის. გლა შეყილაძეს ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, ამ საქმესაც ღირსეულად უთავკაცებს.

 

 

სიახლეები, რომელსაც გულშემატკივრებს ჰპირდებით?…

 

 

– პირველ რიგში სტადიონი და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე გვინდა ფუტზალისა და საპლაჟო ფრხბურთის, ასე ვთქვათ, შემოერთება, რომ ისინი ბათუმის „დინამოს“ სახელით გამოვიდნენ ასპარეზზე, ქალთა ფეხბურთის აღდგენა და განვითარება და „დინამოს“ მუზეუმის მოწყობა. დაგეგმილი გვაქვს, აგრეთვე, კვირაში ერთხელ მაინც, რომ „დინამოს“ ფეხბურთელებმა სკოლებში იარონ, რათა ბავშვებს თავად აუხსნან, თუ რა არის ბათუმის „დინამო“, ვინ თამაშობდა და რა ტრადიციების მატარებელი გუნდია. მომავალი წლისთვის ვაპირებთ ამხანაგური შეხვედრის გამართვას თურქეთის „ტრაბზონსპორთან“, ეს შეხვედრა გვინდა ქაზიმ ქოინჯუს ხსოვნას მივუძღვნათ, ის წარმოშობით ქართველია, ლაზი, მან დაწერა „ტრაბზონსპორის“ ჰიმნი, რომელიც დღეს გუნდის სავიზიტო ბარათია. გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ეტაპობრივად მათ განხორციელებას სევძლებთ.

 

 

 

და ბოლოს, დიდი მითქმამოთქმა გამოიწვია შენს მიერ საკრებულოს სხდომაზე ანუ არჩევნებზე, წმინდა გიორგის ხატით მისვლამ

 

 

– წმინდა გიორგის ხატი მეგობარმა მაჩუქა ზუსტად სხდომაზე შესვლის წინ, ის გამარჯვების სიმბოლოა, მე მორწმუნე კაცი ვარ და ეკლესიაში მარტო დღესასწაულებზე არ დავდივარ. და რატომ უკვირთ თუ ხატი მეჭირა ხელში?! ეს ჩემი სურვილი იყო. ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს.

ევროპის ჩემპიონატი – ახალი მწვრთნელების პირველი გამოცდა

დავით ბაბუაძე: როგორც იცით, ეროვნულ ფედერაციაში ახლახან რადიკალური ცვლილებები განხორციელდა, შეიცვალა ხელმძღვანელობა. ახლა ცვლილებები სამწვრთნელო შტაბშიცაა დაგეგმილი, თუმცა, ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, თუ ვის დაასახელებენ გუნდების მესაჭეებად.

 

 

ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდულ ნაკრებს ბათუმელი აკაკი ცენტერაძე უხელმძღვანელებს, კადეტების მთავარი მწვრთნელი კი ქუთაისელი რომეო გურეშიძე იქნება. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სიმართლეს?

 

 

– ცენტერაძე და გურეშიძე ამჟამად ჩვენთან იმყოფებიან შეკრებაზე. აკაკი ახალგაზრდებს ავარჯიშებს, რომეო კი კადეტებს მეთვალყურეობს. როგორც უკვე გითხარით, ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, თუ ვის დაასახელებს ფედერაციის ხელმძღვანელობა ნაკრების მწვრთნელებად, თუმცა ფაქტია, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდებს სწორედ ეს ორი მწვრთნელი ამზადებს, მათთან ერთად, გუნდების მომზადებაში ჩართულია წყალტუბოს გუნდის მწვრთნელი ნოდარ გოლეთიანი. სამივე თავისი საქმის პროფესიონალია და რაც მთავარია, გულით ეკიდებიან წვრთნებს. დღეში სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს შეკრება სათანადოდ გამოვიყენოთ, რათა ევროპულ სარბიელზე ღირსეულად წარვსდგეთ.

 

 

ვინ გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე?

 

 

– ამ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მიდის, თუმცა, მიახლოებთ ვიცით, თუ ვინ დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას. თქვენ ალბათ, თქვენი თანაქალაქელები გაინტერესებთ. კადეტთა შორის ბათუმელები არ არიან, იუნიორებში კი გურამ კუტუბიძე, კახა მახარაძე და მარი ბოლქვაძე მოიაზრებიან, თუმცა, მანამდე მათ კიდევ მოუწევთ ერთი შეკრების გავლა, სადაც საბოლოოდ დასახელდებიან ნაკრების წევრები, რომლებიც სექტემბერში პორტუგალიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

 

 

საწვრთნელი შეკრებებით განებივრებულნი არ იყავით

 

 

– შეკრებები გვქონდა ადრეც, ყოფილი ხელმძღვანელობის დროს, თუმცა ახლა სულ სხვა ვითარებაა. პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბავშვებმა რეალურად დაინახეს, რომ თუ დაიმსახურებენ, ტურნირზე გაემგზავრებიან და მათ არავინ დაჩაგრავს.

 

 

გინდათ თქვათ რომ ადრე ამ მხრივ პრობლემები იყო?

 

 

– თავადაც კარგად იცით, რომ ადრე მხოლოდ ორი კაცი განაგებდა ფედერაციას და საკუთარი სურვილით წყვეტდნენ, თუ ვინ დაეყენებინათ ნაკრებში, ახლა კი ყველა რეგიონისა და ქალაქის მწვრთნელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდება ნაკრების წევრების შერჩევა, რაც ბავშვებს დამატებით სტიმულს აძლევს, გარდა ამისა, სულ სხვა ატმოსფერო სუფევს თავად სპორტსმენებში. ერთ დიდ ოჯახად შეიკრა გუნდი, ვარჯიშის დროსაც ერთმანეთს ძალიან ეხმარებიან.

 

 

 

კადეტთა და იუნიორთა ნაკრების შესახებ უკვე ვისაუბრეთ, ეროვნული ნაკრების, ანუ დიდების სამწვრთნელო შტაბშიც იგეგმება ცვლილებები, ეს კი პირველ რიგში, გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის ბრალია. როგორც ვიცი, ამ პოსტზე თქვენი კანდიდატურა განიხილება

 

 

– არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. არის საუბრები, თუმცა, როგორც აღვნიშნე, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და ყველაფერი ნაკრების ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. როგორც ჩვენი ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა სულხან ბაბუაძემ აღნიშნა თქვენთან ინტერვიუში, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღება, ყველაფერს ერთობლივად განვიხილავთ, როგორც ფედერაციის ხელმძღვანელობა, ასევე სამწვრთნელო შტაბი და მხოლოდ ამის შემდეგ დავასახელებთ გვარებს.

 

 

სპორტსმენებზე რას იტყვით? გაკმაყოფილებთ მათი მომზადების დონე?

 

 

– პირველ რიგში მწვრთნელთა სათანადო მუშაობას აღვნიშნავ, გულით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. სპორტსმენებს რაც შეეხება, ამ გუნდში არიან ისეთი ბიჭები, ვისაც რეალურად შეუძლიათ მედლის მოპოვება. მარტივად რომ გითხრათ, კარგი თაობა წამოვიდა და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შევუწყობთ მათ განვიითარებას ხელს. შეკრებები იგეგმება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც, ვაპირებთ სხვა ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების მოწვევას ერთობლივი წვრთნების ჩასატარელად, ეს კი ჩვენების დონეს საგრძნობლად აამაღლებს. 

როგორ დავაბრუნოთ დათვი და შველი გარემოში

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ  ქართულ რეალობაში ბუნებაში დათვის დაბრუნება ჭირს. მისი თქმით, თავისთავად დათვის „მოშინაურება“ არასწორი და კანონით აკრძალულია, მაგრამ ასეთი ფაქტები მაინც ხდება. „დათვი დიდი ზომის მტაცებელი ცხოველია, რომლის ბუნებაში დაბრუნება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. დათვი არის პოტენციურად სახიფათო ცხოველი, მას შეუძლია დაესხას თავს საქონელს, რიგ შემთხვევაში, თუ მოხდა კონტაქტი ადამიანთან, მას არ ეშინია ადამიანის, შესაძლებელია თავს დაესხას კიდეც, ამიტომ მისი გაშვება, მით უფრო თუ ასაკოვანი ცხოველია, არ შეიძლება.  ერთადერთი, შესაძლებელია ბელების დაბრუნება, თუ სპეციალურად მომზადება ამისათვის, რასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება. ისე უნდა გაიზარდოს ბელი,  რომ მაქსიმალურად ველურ დათვს დაუახლოვდეს თავისი ქცევით, ეშინოდეს ადამიანების, იცოდეს საკვების მოპოვება და ა.შ.“ – ამბობს ზურაბ გურიელიძე.

 

მისი თქმით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ იმ პირებს, ვისაც დათვი ან დათვის ბელი ჰყავს, ცხოველი უნდა ჩამოართვას. თუმცა აქვე თავს იჩენს პრობლემა, სად უნდა წაიყვანონ ადამიანებთან გაზრდილი დათვები?

 

„რა უნდა უყონ ამ დათვებს? ერთადერთი  გამოსავალი იყო, ჩვენთან ზოოპარკში მოეყვანათ, მაგრამ ამჟამად ჩვენ 17 დათვი გვყავს და ზოოპარკი გადატვირთულია მთლიანად. გამოსავალი ის არის, რომ აშენდეს დათვების თავშესაფარი, სადაც დროებით მოთავსდებიან. ამასთან საჭიროა კონტროლის გამკაცრება ბრაკონიერობასთან  დაკავშირებით, რომ ისევ არ აღმოჩნდნენ დათვის ბელები ადამიანებთან“, – ამბობს ზურაბ გურიელიძე. მისი თქმით მალე დაიწყება კამპანია, რომელიც დათვების გადარჩენას ისახავს მიზნად.

 

დათვებისგან განსხვავებით შვლების ბუნებაში დაბრუნება სირთულეებთან დაკავშირებული არ არის. ოთხი შველი ბათუმის ზოოკუთხეში სხვადასხვა დროს მიიყვანეს. როგორც „ბათუმელებს“ „6 მაისის პარკის“ ადმინისტრაციიდან აცნობეს, ბათუმის ზოოკუთხეში აჭარის სოფლებიდან მოსახლეობას გზააბნეული შვლები ხშირად მიჰყავს. 2010 წლიდან დღემდე „6 მაისის პარკმა“ უპატრონოდ დარჩენილი ოთხი შველი შეიფარა. დღესდღეობით ყველაზე ასაკოვანი შველი (20.05.2010 წელს ხელვაჩაურის რაიონის სოფელი მახოდან მოყვანილი მდედრი) 3 წლისაა, ხოლო უმცროსი (ისიც მდედრი, 17.02.2012 წელს ხულოს რაიონის სოფელ ზამლეთიდან) – 1 წლის და 6 თვის. მანამდე `6 მაისის პარკში“ კიდევ ერთი მდედრი შველი (2011 წლის 9 იანვარს) ხულოს რაიონის სოფელ ირემაძეებიდან, ხოლო მამრი (იმავე წლის 30 მაისს) ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოდან  მიიყვანეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შვლები მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს. ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

 

ზურა გურიელიძე: „შველი არ არის ისეთი ცხოველი, რომლის ბუნებაში დაბრუნება შეიძლება იყოს დიდ სირთულეებთან დაკავშირებული, ამიტომაც მარტივად მოხდა მათი გაშვება.  როდესაც ცხოველი ტყვეობაშია, ის ეჩვევა ადამიანს, ეჩვევა მირთმეულ საკვებს, რაც შვლის  შემთხვევაში გამორიცხულია. ის ბალახისმჭამელია, შესაბამისად მათთვის  სპეციალურად რაღაც თვისებების გამომუშავება, რომ საკვების მოპოვება შეძლონ, საჭირო არ არის.  ერთადერთი რისკი რჩება, რომ ადამიანს ნაკლებად უფრთხის და შეიძლება ბრაკონიერმა მოკლას.  ამ შემთხვევაში უკვე ამის გარანტია ხდება დაცული ტერიტორია. ადგილი უნდა იყოს შერჩეული ისე, სადაც ეს უფრო ადვილად არის თავიდან ასაცილებელი. ასეც იქნა შერჩეული მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია. იმედი მაქვს, რომ ახლა თვითონ  პარკის რეინჯერები და დირექცია კარგად გაართმევს თავს მის დაცვას“.

 

პროექტი არასრულწლოვანი პატიმრებისთვის, უსინათლოებისთვის… სტუდენტებისთვის


დღეს, ბათუმში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა წარმოადგინა ის 12 პროექტი, რომლებიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა, ეთნიკური უმცირესობებისა და უსინათლოთა დახმარებას.



სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი არასრულწლოვანები პროექტის ფარგლებში სწავლობენ ხელსაქმეს, ხვდებიან ცნობილ ადამიანებს, მართავენ სპორტული ღონისძიებებს.


უსინათლო პირთათვის კი ბრაილის შრიფტით ლოცვები დაიბეჭდა. ამავე ჯგუფის მონაწილეობთ იღებენ სხვადასხვა სპექტაკლებსა და პანტომიმურ დადგმებს.


იგივე პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაზე სწრაფ ბეჭდვაში კონკურსი ჩატარდა.


სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ითვალისწინებს სტუდენტური თვითმართველობის მხარდაჭერას. პროექტის ავტორების თქმით, „პროგრამის მიზანია მივიღოთ თანამედროვე, დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული სტუდენტუნური თვითმართველობა, რომელიც არ იქნება პოლიტიზირებული და თითოეულ სტუდენტს ეცოდინება თავის უფლებები. სასწავლო სემესტრის დაწყებიდან თითოეულ უნივერსიტეტში  სტუდენტური უფლებების დეკლარაციის პრეზენტაცია ჩატარდება. დეკლარაციის შექმნაში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების თვითმართველობის გუნდის წევრები და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ“.


პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – „პრაქტიკების სააგენტო“ კი სექტემბრიდან ამოქმედდება.  ეს პროგრამა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას 2-თვიან პრაქტიკა გაიარონ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში. სარეგისტრაციო ბაზაში 6 000 ადგილია.


სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრის დროს კიდევ ერთ აქტივობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც გერმანულ ფონდ „ბერგქობთან“ ერთად დაიგეგმა – ქართველი, სომეხი და აზერბაჯანელი ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა  კონფერენცია. ამ კონფერენციაზე ჩამოაყალიბეს სტუდენტებისგან დაკომპლექტებული კვალიფიცირებული ჯგუფი, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან დიალოგი უნდა დაიწყონ. პირველი ასეთი შეხვედრა, სავარაუდოდ, წელს ჩატარდება.


ასევე, პროექტის ფარგლებში გაგზავნილია მოთხოვნა ევროპის ახალგაზრდული ბარათის ლიცენზიაზე. ამ ბარათის მფლობელი სტუდენტებს საქართველოდან ექნებათ ფასდაკლება ნებისმიერ სერვისზე,  ევროპის ნებისმიერ ქალაქში.

ნინო ჟიჟილაშვილი აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგებზე

ნინო, როგორ შეაფასებდით გასაუბრების პროცესს, რამდენად კვალიფიციური კონკურსანტები იყვნენ?

პროცესი იყო ჩვეულებრივი და მოსალოდნელი. არაფერი მომხდარა ისეთი, განსხვავებული, რისი მოლოდინიც პირადად მე ან კომისიის წევრებს არ გვქონია. რაკიღა შევარჩიეთ კონკრეტული ადამიანების გუნდი, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ნაწილი კონკურსანტების იყო  კვალიფიციური.


რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეთ კონკურსანტების შერჩევის დროს?

სამი ეტაპი გავიარეთ – პირველ ეტაპზე განვიხილეთ მხოლოდ საბუთები, რაც შემოვიდა საკონკურსო კომისიაში. ეს იყო სივები, სადაც აღწერილი იყო ადამიანების განათლება, გამოცდილება, თუ  პროფესიული ტრენინგები. სწორედ ამ სამ მიმართულებას მივაქციეთ ყურადღება. პრინციპში მეორე ეტაპზე ჩვენ გადავიყვანეთ თითქმის ყველა, ვისაც ჰქონდა ტელევიზიასთან ან ტელესააგენტოებთან ურთიერთობა, გამოცდილების თვალსაზრისით; ასევე ვისაც ჟურნალისტური განათლება ჰქონდა. მეორე ეტაპზე კრიტერიუმები გაიწერა დეტალებში.  ეს კრიტერიუმები იყო: განათლება, გამოცდილება, ანალიტიკური აზროვნების უნარი და ჟურნალისტური სტანდარტი. 


ამ ხუთი კრიტერიუმიდან რომელშიც ყველამ გამოავლინა უფრო მეტი უნარი, ბუნებრივია, მას მივანიჭეთ უპირატესობა გადასულიყო მესამე ტურში, რომელშიც უკვე პრაქტიკულად გამოვცადეთ ადამიანები. მაგალითად, თუკი პროდიუსერობა უნდოდა კონკურსანტს, მივეცით საშუალება, რომ კონკრეტული დავალება შეესრულებინა, დაეგეგმა ერთი დღე, მოეძიებინა თემები.  დეტალურად გაეწერა მაგალითად, როდესაც რეპორტიორს დაავალებდა გადაღებაზე წასვლას, როგორ დაუსახავდა მას ამოცანას. ასევე ვთქვათ, კითხვის დასმის თვალსაზრისით, რა კითხვებით დაინტერესდებოდა, რეპორტიორს მისთვის ამბავი რომ მოეტანა. პროდიუსერების შემთხვევაში ასევე ძალიან დიდი ყურადღება გავამახვილეთ ექსკლუზიურ თემებზე რეგიონში, რაც, ზოგადად, ქართულ ნიუსრუმებს აკლია, შესაბამისად, აჭარის ტელევიზიასაც.  


ვინც გვაჩვენა პროდიუსერების სიაში ეს უნარები უკეთ, რა თქმა უნდა, ისინი ავიყვანეთ. რეპორტიორებს რაც ეხება, მათ შევაქმნევინეთ ტელერეპორტაჟი ვირტუალურად. მივეცით კონკრეტული თემა, რომელიც იყო პრაქტიკულად გადაღეჭილი, მაგალითად, ერთ-ერთ თემად  „მარიამ კოჩალიძის მკვლელობის მეორე დღე“  მივეცით. აქ იყო ასეთი დეტალი, თუ რითი დაიწყებდნენ მეორე დღის რეპორტაჟს, რითი დაამთავრებდნენ, ბეგრაუნდს სად  ჩასვამდნენ, რომელ ბლოკს რა კადრებით გადაფარავდნენ არსებული ვიდეო მასალების მიხედვით. ასევე უნდა ჩამოეწერათ კითხვები, რომელიც არც ერთი ტელევიზიის მიერ არ დაისვა.


რეპორტიორებს ქუდისთვის უნდა დაეწერათ ტექსტი. ჩვენ ყველა მოვსინჯეთ პირდაპირ ჩართვაში. ყველას დავავალეთ იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეხვდათ, ჩამოეწერათ კითხვები, რასაც დაუსვამდნენ ამა თუ იმ რესპონდენტს. მოკლედ, გავსინჯეთ ისინი წერის უნარებში, ჩართვის უნარებში და შევარჩიეთ კითხვის დასმის უნარში.  რამდენად სწორი ფორმულირებით, რამდენად ლაკონურად, რამდენად გასაგებად დასვამდნენ კითხვას. ბარიერი გადალახეს მათ, ვინც გადალახა.


ტელეწამყვანების შემთხვევაში მარჟა ავწიეთ. აჭარის ტელევიზიის წამყვანების უმეტესობას არ ჰქონდა გამოცდილება, რომ ამ დრომდე დაეწერათ საკუთარი ტექსტები, ემუშავათ საკუთარ გამოშვებაზე თვითონ. ამიტომ ჩვენ მათ მივეცით თემები – ხუთი თემა, მოკლე ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც თვითონ უნდა გაეკეთებინათ მოკვლევა და საკუთარი საკადრო ტექსტები უნდა შეექმნათ, რომელსაც ეთერში წაიკითხავდნენ. ასევე მათ შევუმოწმეთ რეპორტიორის უნარები. ყველა დავაყენეთ პირდაპირ ჩართვაში და გავაკეთებინეთ ჩართვა. რა თქმა უნდა, წამყვანის უნარები შევამოწმეთ, რაკიღა წამყვანობაზე ჰქონდათ  შემოტანილი განაცხადი. ყველამ მოსინჯა თავი კამერასთან.


შედარებით რთული მდგომარეობა დაგვხვდა რადიოში. რადიოში იყო ნაკლებკონკურენტუნარიანი გარემო, ამიტომ ჩვენ წამყვან რეპორტიორის სამი ვაკანსია დავტოვეთ. სარეკომენდაციო ნაწილში ჩავწერეთ, რომ ტელევიზიის წამყვანებმა და რეპორტიორებმა, მორიგეობით, ვიდრე ახალი კადრები შეირჩევა (მათ აქვთ ამის უნარი და საკმარისი რაოდენობაც არის იქ), იმუშაონ რადიოშიც. რადიოს პროდიუსერები ადგილზე დავტოვეთ. მათ არ ჰყავდათ კონკურენტი.  რომ არ დაგვეტოვებინა, რადიო უნდა დაგვეხურა. თოქ-შოუს  ერთადერთი წამყვანი ავირჩიეთ მოქმედი თანამშრომლებიდან. მეორე ადგილი ასევე თოქ-შოუს წამყვანის, დავტოვეთ ვაკანტური.


რადიოს ვაკანსიებიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შევავსეთ. რადიომ უნდა იმუშაოს ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის გამოშვებასთან თანამშრომლობის რეჟიმში, ვიდრე ახლებს შეარჩევენ. ან დანარჩენი ტელევიზიის  დირექტორის გადასაწყვეტია.


ჩემი ინფორმაციით, კონკურსში მონაწილე რამდენიმე ჟურნალისტს პარლამენტარებმა გაუწიეს რეკომენდაცია. თქვენთვის ხომ არ მოუმართავთ მსგავსი რეკომენდაციით?

არა, ჩემთვის მსგავსი რეკომენდაციით არავის მოუმართავს. მინდა გითხრათ, რომ ვისთანაც მსგავსი რეკომენდაცია შეგვხვდა, ჩვენ ის ჩავთვალეთ სუსტ და არაკონკურენტუნარიან კანდიდატად.


 ჩვენ რეკომენდატორების ნაწილს ვურეკავდით. მითითებული ჰყავდათ რეკომენდატორები კონკრეტულ ადამიანებს, სხვადასხვა  ჩვენთვის უცხო გვარები ან ნაცნობი გვარები, ვთქვათ, მედიიდან, რაც  ჩვენთვის უფრო გასაგები იყო. მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვრეკავდით და რეკომენდატორი გვეუბნებოდა, რომ არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ მისი გვარი იყო მითითებული. ძალიან ფასეული აღმოჩნდა რამდენიმე რეკომენდაცია. როდესაც ყოფილ ხელმძღვანელს ეკითხები კონკრეტული ადამიანი, რომელსაც შემოტანილი აქვს რეპორტიორადაც და პროდიუსერადაც, რომელში უფრო უნარიანია და ის გიხასიათებს, იმიტომ რომ მისი ხელმძღვანელი იყო ორი წლის წინ, ასეთი რეკომენდაცია ძალიან ფასეულია. თუმცა, როცა ჩვენ გვხვდებოდა დეპუტატის რეკომენდაცია, იშვიათ შემთხვევაში, ჩვენ მასთან არც ვრეკავდით და ამ რეკომენდაციას ვთვლიდით ძალიან სუსტ რეკომენდაციად.


ასევე გვქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ მოქმედ ჟურნალისტს პრესსამსახური ჰყავდა მითითებული რეკომენდატორად. ძალიან ბევრი კითხვა გაგვიჩნდა ამასთან დაკავშირებით. ბევრი ვიფიქრეთ მის შესახებ.  მას შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება მივეცით, თუმცა ტექსტი, რომელიც მან შექმნა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა პიარშიკული, დაგეგმვის თვალსაზრისით, ვიდრე ჟურნალისტური. ის, რაც იყო მის რეკომენდაციაში და რის გამოც ჩვენ ძალიან დავეჭვდით, შემდეგ დაადასტურა საკუთარი ტექსტით. ასეთი შემთხვევები იყო, მაგრამ ზარი ჩვენთან არავის გაუკეთებია. საერთოდ, ჩვენ ძალიან ბევრი შანსი მივეცით მოქმედ ჟურნალისტებს,  თავი რომ გამოეჩინათ.


კონკურსამდე განსჯის საკითხი იყო ის თემა, რომ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს კონკურენტი არხის სახეები არჩევდნენ, გულისხმობდნენ ვახო სანაიას და თქვენ. მე მესმის თქვენ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევით, მაგრამ მაინტერესებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია, როდესაც კონკურენტი არხის სახეები („ტელეიმედის“ და „მაესტროს“), სხვა არხის საინფორმაციო სამსახურს აკომპლექტებენ?

თქვენ უკვე  აღნიშნეთ, რომ მე სხვა მიმართულებით ვმუშაობ, „მაესტრომდეც“ ვმუშაობდი და ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ამიტომ რაკიღა ამ საქმიანობას დავთანხმდი, რაკიღა ძალიან ბევრს ვზრუნავ, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ქართული მედიის განვითარებაზე და ამ შემთხვევაში ტელე მიმართულების, მე, უბრალოდ, ჩავთვალე, რომ არც კი მქონდა მორალური უფლება ამ წინადადებაზე უარის თქმის. ეს ჩემთვის იყო სირთულე, როგორც სამუშაო პროცესის თვალსაზრისით, ასევე ვთქვათ, მორალური თვალსაზრისით. ნამდვილად არაა სასიამოვნო, როდესაც შენზეა დამოკიდებული ამდენი ადამიანის ბედი და შესაძლებელია რომელიმე დარჩეს სამსახურის გარეშე. მაგრამ მე ჩავთვალე, რომ აჭარის მოსახლეობას რაკიღა აქვს თავისი ტელემაუწყებელი,  მას უნდა ენდობოდეს და მისგან ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია. ჩემს მოვალეობადაც კი მივიჩნიე ამაში მონაწილეობა. მე სხვადასხვა არხზე ვმუშაობ, სხვადასხვა რადიოსთან თუ გაზეთთან ვთანამშრომლობ. „ნეტგაზეთთან“ ვთანამშრომლობდი –  თქვენს გამოცემასთანაც, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის იმაში, რომ დავრჩე ობიექტური. პირიქით, ყველა ტელევიზიასა თუ გამოცემას მაქსიმალურად ვეხმარები ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ამ შემთხვევაში ასეთი აღმოჩნდა აჭარის ტელევიზია.


თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა განმეორებით კონკურსი არხის საზოგადოებრივი მაუწყებლქცევის შემდეგ?

ჩვენ ეს კონკურსი უკვე ჩავატარეთ. თუკი შემდეგ მენეჯერი ჩათვლის, რომ ჩასატარებელი აქვს კონკურსი, ბუნებრივია, უნდა ჩაატაროს, თუკი ამას საკანონმდებლო ნაწილიც ხელს შეუწყობს. ან არ უნდა ჩაატაროს, თუკი არ ჩათვლის საჭიროდ.  მე ამაზე პასუხი არ მაქვს. მე რომ ვიყო მენეჯერი, საკუთარ გადაწყვეტილებას მივიღებდი.


იყო თუ არა აზრთა სხვადასხვაობა ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით. თუ იყო ისეთი ვინმე, ვინც მოგეწონათ, თუმცა კონკურსს მიღმა დარჩა?

უფრო ტელე-რეპორტიორებში იყო დიდი კონკურსი, უფრო დიდი სია. ასე შევაჯამეთ… ვინც მოყვა პირველ ათეულში, შემდეგ პირველ 15-ში, მათზე ვიმსჯელეთ. ჟიურის  ერთმანეთთან ოპონირების რეჟიმი გვქონდა. გვეჭირა ადამიანის ტექსტი, ვუყურებდით მის ჩართვას, ვიხსენებდით დეტალებს მისი გასაუბრებიდან და ასე ვიღებდით ფინალურ გადაწყვეტილებას. არ ყოფილა არც ერთი კანდიდატი, რომელთან დაკავშირებითაც კომისიის ოთხივე წევრი არ შევთანხმდით.  


არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, რომ მე ვინმეზე გული დამწყდა. ვინც საშუალოზე უკეთესი სტანდარტი გვაჩვენა, ისინი ხვდებოდნენ შემდეგ ტურში.


რამდენიმე ადამიანთან დაკავშირდებით  გაჩნდა კითხვები, თუ რატომ ვერ მოხვდნენ ისინი გამარჯვებულებს შორის…

თითოეულ კონკურსანტს აქვს უფლება სამი დღის განმავლობაში სააპელაციო კომისიას მიმართოს. სააპელაციო კომისია დაგვისვამს კითხვას და ჩვენ ვუპასუხებთ მათ საფუძვლიანად. ყველა გასაუბრება არის ჩაწერილი. ყველა ნაწერი, რაც მათ მოგვცეს, არის შენახული და ჩვენ გვაქვს ყველასთან დაკავშირებით პასუხი. პრეტენზიები რომ იქნებოდა,  ეს გასაგებია. მე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით სააპელაციო კომისიამ შეცვალოს ჩვენი გადაწყვეტილება. ჩემთვის ეს გასაგები და მისაღები იქნება.  არ ვპასუხობ არც ერთ აპლიკანტს ინდივიდუალურად. ჩვენ ყველას ვუპასუხებთ გუნდურად. ვინც გაასაჩივრებს თავის შედეგს სააპელაციო კომისიაში, ჩვენ მზად ვართ თითოეულს განვუმარტოთ საფუძვლიანად, რატომ ვერ მოხვდა გამარჯვებულებს შორის. 

Exit mobile version