Batumelebi | ლეიბორისტი ტაქსის მძღოლი ლეიბორისტი ტაქსის მძღოლი – Batumelebi
RU | GE  

ლეიბორისტი ტაქსის მძღოლი

 

ბათუმის ბულვარის შესასვლელთან, რუსთაველისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში, ხის სკამზე ჩამომსხდარი ტაქსის მძღოლები კლიენტებს ელოდებიან. მათ შორისაა „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც.  აჭარის მთავარი ლეიბორისტი, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი, დავით რობაქიძე ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, უსამსახუროდ დარჩა. 

ლეიბორისტული პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი საკუთარი მანქანით სამუშაოდ ძირითადად დღის მეორე ნახევარში გადის. მისი „დისლოკაციის ადგილი“ რუსთაველისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაა. აქედან მგზავრები გადაჰყავს, უკან ბრუნდება და თავის რიგს ელოდება.

ამბობს, რომ უხელფასოდ დარჩა და ოფისში უსაქმურად ჯდომას მუშაობა და ოჯახის მოვლა ამჯობინა: „ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებ, სათაკილო არაფერია“.

კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს არღვევთ?  – პასუხობს: „ყოველთვის ვარღვევდი. ჰალსტუხით ან კაბინეტში მჯდარი გინახივართ?“

ამბობს, რომ მგზავრები, რომელთა გადაყვანაც მას უწევს, ხშირად მანამდეც კი ცნობენ, ვიდრე მათ გამოელაპარაკება. მათი რეაქცია უარყოფითია: „რომ ხედავენ ვინ ემსახურება, მთავრობის მიმართ უწმაწურ სიტყვებს არ იშურებენ, შენ აქ უნდა იყოო? – მეუბნებიან.“

ლეიბორისტების რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი მგზავრთა გადაყვანას ხშირად პარტიულ საქმიანობასაც უთავსებს. უკეთესი დრო და ადგილი ამომრჩევლის დასარწმუნებლად, „რომ შალვა ნათელაშვილი უალტენატივო საპრეზიდენტო კანდიდატია“ დავით რობაქიძეს სხვაგან არ ეგულება: „დანიშნულების ადგილამდე ამომრჩეველი შენია, ვერსად წავა, იძულებულია მოგისმინოს და საუბარი მანქანაში უმეტესწილად რაზე იქნება, ამას თქვენ ჩემზე უკეთ მიხვდებით,“ –  ამბობს რეგიონის პირველი ლეიბორისტი.

დავით რობაქიძე

პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, მიუხედავად ამისა, მის რეგიონულ შტაბში წინასაარჩევნო აქტიურ რეჟიმზე ჯერ არ გადასულან, პარტიას  დაფინანსება არ აქვს, რეგიონული ორგანიზაციის ლიდერს კი – ხელფასი. დავით რობაქიძის თქმით პარტია „პროტესტის ნიშნად“ არც იმ 150 000 ლარის მიღებას აპირებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა არჩევნებში მონაწილეობის ხარჯების დაფინანსების მიზნით არაკვალიფიციური პარტიებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით დააწესა.

„ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით“ რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერს სჯერა, რომ შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატია და ხალხის მხარდაჭერასაც სწორედ ის მიიღებს: „რა მოგვიტანა ძველმა, კარგად ვიცით და რა ძველის გადმონაშთმა, ისიც კარგად ვიცით. ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდება მოსახლეობა და მიხვდება, ვისთან ჰქონდა საქმე, ვისთან აქვს საქმე  და რა არჩევანი უნდა გააკეთოს. ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ჩვენ წრეზე არ ვიტრიალოთ,  არის ახალი პოლიტიკური ძალის მოყვანა ხელისუფლებაში,“ –  ამბობს აჭარის მთავარი ლეიბორისტი.

მაშინ, როცა პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებდა, დავით რობაქიძის, როგორც პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელფასო ანაზღაურება დარიცხვის გარეშე 400 ლარს შეადგენდა. კოორდინატორებისთვის კი პარტია აფინანსებდა სატელეფონო და გადაადგილების ხარჯს. პარტია ინახავდა ოფისსაც.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ლეიბორისტებმა ბარიერი ვერ გადალახეს.  შესაბამისად პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვერ იღებს. ლეიბორისტული პარტიის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე  წინა მოწვევის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრი იყო, ამჟამად კი ის უმუშევარია და როგორც პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე არანაირ ანაზღაურებას არ იღებს.

დავით რობაქიძეს ოჯახში მეუღლე, შვილი და პენსიონერი დედა ჰყავს. მეუღლე უმუშევარია. მისივე თქმით, ძმა ახალი მთავრობის მოსვლიდან მალევე სამსახურიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად და იქ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

დავით რობაქიძე ამბობს, რომ ახალი მთავრობიდან მას არანაირი შეთავაზება არ მიუღია: „არც ირაკლი ჩავლეიშვილი, ჩემი ყოფილი კოლეგა და ჩემი ფრაქციის ხელმძღვანელი არ შემხმიანებია. მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, პირველივე, რასაც გავაკეთებდი, მას დავიყენებდი გვერდით“.

ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა. წინა მოწვევის საკრებულოში ის ოპოზიციურ ფრაქციას ხელმძღვანელობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე