Batumelebi | ტროტუარზე გაჩერებული მანქანები და ჯარიმები ბათუმში ტროტუარზე გაჩერებული მანქანები და ჯარიმები ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

ტროტუარზე გაჩერებული მანქანები და ჯარიმები ბათუმში

 

2013 წლის იანვრიდან დღემდე ბათუმში, არასათანადო ადგილას გაჩერებული მანქანების დაჯარიმებისათვის გადახდილი თანხა ნახევარ მილიონ ლარს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი თვის მანძილზე 28 601 მძღოლი დააჯარიმეს, ტროტუარებზე, ველობილიკებსა და ავტობუსის გაჩერებებზე პარკირებულ მანქანებს ხშირად შეხვდებით.

 

ქუჩების შევიწროების ხარჯზე ტროტუარების გაფართოებისა და ველობილიკის მოწყობის გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების პროექტის ფარგლებში განახორციელა, თუმცა ბათუმში ჩამოსული ტურისტები და ბათუმელი ველოსიპედისტები ამბობენ, რომ  „ასეთი ველობილიკის არსებობას აზრი არ აქვს: `ცხრაჯერ რომ ჩამოხვალ ველოსიპედიდან იმისთვის, რომ მანქანას გვერდი აუარო და ტროტუარზე გადასვლის შემთხვევაში არავის დაეჯახო, რა არის აქ მოსაწონი.“-  ამბობს დამსვენებელი გოგი კახიშვილი.    

 

პრობლემაა ავტობუსის გაჩერებაზე არსებული ვითარებაც: „ავტობუსის გაჩერებაზე ვერ გაჩერდები, მანქანები დგას. ხშირად იქვე პატრული მოძრაობს, მაგრამ რეაგირებას არ ახდენს. #11-ით დავდივარ. რამდენჯერმე იმის გამო, რომ მანქანები იდგა გაჩერებაზე, ავტობუსმა ისე გაიარა, ვერ დავჯექი.“ –  ამბობს ლამარა ბალაძე.

 

 

მანქანის არასათანადო ადგილზე გაჩერების შემთხვევაში რეაგირების უზრუნველყოფა შპს „ბათუმის ავტოპარკინგის“ მოვალეობაა. ამ სამსახურმა იანვრიდან დღემდე 28 601 მძღოლი დააჯარიმა, მათ შორის 1372  მანქანა საჯარიმო ავტოფარეხში იყო გადატანილი. დაჯარიმებულებს შორის არიან ტურისტები და უცხოეთის მოქალაქეებიც.

 

ჯარიმის ფასი ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში 10 ლარია, მანქანის ავტოფარეხში გადატანის შემთხვევაში კი მძღოლმა მის დასაბრუნებლად „ბათუმის ავტოპარკინგის“ ადმინისტრაციას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან და მანქანის მფლობელობის დოკუმენტებთან ერთად 35-ლარიანი გადახდის ქვითარი უნდა წარუდგინოს. სპეციალურ სადგომზე მანქანის დამატებით 24 საათის განმავლობაში გაჩერების შემთხვევაში კი გადასახადი იზრდება. თუ მფლობელი მანქანას დროულად ვერ გადაიყვანს, ამ შემთხვევაში ის ვალდებულია დამატებით  ათი ლარი გადაიხადოს. სპეციალურ სადგომზე მანქანის გადაყვანის შემთხვევაში მფლობელს ეძლევა საჯარიმო ქვითარი, რომლის  გადახდის ვადაც 30 დღეს შესადგენს.  იმ შემთხვევაში კი თუ ჯარიმა არ იქნება გადახდილი მითითებულ ვადაში, მძღოლს საურავის სახით დამატებითი ჯარიმის სახით 150 ლარი დაერიცხება. 

 

ჯარიმის გადასახადი სახელმწიფო ხაზინაში ირიცხება, იანვრიდან დღემდე არსებული მონაცემებით, ბათუმში იმ პირთა მიერ გადახდილი ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 10 ლარით დაჯარიმდნენ, 272 290 ლარს შეადგენს, 35 ლარით დაჯარიმებულთა გადახდილი თანხა კი – 480 020 ლარია. მთლიანობაში ჯარიმისათვის ბიუჯეტში გადახდილი თანხა 752 310 ლარია, თუმცა ამას დაემატებოდა ის მოსაკრებელიც, რომელსაც მძღოლები სპეციალურ სადგომზე ავტომანქანის დამატებითი 24 საათის გაჩერების შემთხვევაში იხდიან.

 

პრეტენზიები აქვთ მძღოლებსაც: „ქუჩები დაავიწროვეს, მოძრაობაც გადატვირთულია, პარკინგის ნიშნებთან კი ხშირად ადგილი არ არის. მეც გამიჩერებია არასათანადო ადგილზე, რადგან ბანკში ვიყავი შესასვლელი და იმის გამო, რომ იქვე ახლოს ადგილი არ იყო, რამდენიმე მეტრის მოშორებით უნდა დამეყენებინა მანქანა. ვიფიქრე მალევე გამოვალ-მეთქი. ბანკში რიგში ჩადგომა მომიწია, რომ გამოვედი, მანქანა აღარ დახვდა“ –  უთხრა „ბათუმელებს“ დავით დიასამიძემ. 

 

კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი, როცა ბანკთან ან კაფესთან ახლოს მანქანის წესების ფარგლებში გაჩერების საშუალება არ არის, „ბათუმის პარკინგის“ დირექტორს ნუკრი ცინცაძეს ასეთი პასუხი აქვს: „გამოსავალი მანქანის  წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე გაჩერება და დარჩენილი გზის ფეხით გავლაა.“

 

პარკირების საფასური თვითმმართველი ქალაქის –  ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის #4 დადგენილებით განისაზღვრება. საკრებულოს დადგენილებით მსუბუქი მანქანებისთვის 30-დღიანი პარკირების ფასი ბათუმში 10 ლარია, ნახევარი წლის საფასური 25 ლარს, ერთი წლის პარკირების საფასური კი –  40 ლარს შეადგენს. იმ მძღოლებისთვის კი, რომლებიც ბათუმში მხოლოდ ერთი დღით ან ერთი კვირით აპირებენ დარჩენას, სპეციალური ტარიფი მოქმედებს: „მათ შეუძლიათ პარკირებისთვის შესაბამისი გადასახადი აირჩიონ, ნებისმიერ ბანკში გადაიხადონ და დოკუმენტი საჭიროების შემთხვევაში წარუდგინონ ჩვენს თანამშრომლებს“ –  განმარტა ნუკრი ცინცაძემ.

 

საკრებულოს დადგენილების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიის მანქანებისთვის დაწესებული გადასახადი ასე ნაწილდება: 

 

მსუბუქი ტექნიკა: 1-დღიანი პარკირება -1 ლარი; 7-დღიანი პარკირება – 5 ლარი;  30-დღიანი პარკირება _ 10 ლარი; 182-დღიანი პარკირება – 25 ლარი; 365-დღიანი პარკირება – 40 ლარი;

ტაქსის პარკირება: 10-დღიანი პარკირება – 10 ლარი; 20-დღიანი პარკირება – 20 ლარი;  30-დღიანი პარკირება – 30 ლარი; სპეც.ტექნიკის პარკირება: 1-დღიანი პარკირება – 3 ლარი; 30-დღიანი პარკირება  – 30 ლარი;182-დღიანი პარკირება – 150 ლარი; 365-დღიანი პარკირება – 250 ლარი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე, "ბათუმელები"