კვირის ამბები

კოლიბაქტერიებით ბინძური წყალი

19.08.2013 • 1998
კოლიბაქტერიებით ბინძური წყალი

81 წლის  დურმიშხან გაბეჩავა ურეხის დასახლებაში მდებარე წყაროზე წყალს იმის საილუსტრაციოდ სვამს, რომ წყაროს წყალი დაბინძურებული არ არის და სასმელად ვარგისია.

„81 წლის გავხდი და  მთელი ცხოვრება ამ წყალს ვსვამ. საჭმელსაც მაგით  ვაკეთებთ, სასმელადაც მაგას ვხმარობთ. ვინ გასინჯა? სად გასინჯა? რა გასინჯა? ჩვენ გვკითხეს რამე, საბუთი მოიტანეს?“ –  კითხვაზე კითხვებითვე პასუხობს დურმიშხან გაბეჩავა.

მის მსგავსად ურეხის დასახლებაში, წყაროს მახლობლად მცხოვრები გივი თებიძეც ამბობს, რომ წყაროს წყალი უსაფრთხოა და ლაბორატორიის დასკვნა არაფერს ნიშნავს.

„2003 წელს გავაკეთეთ რემონტი. წყაროდან 30 მეტრში, მიწიდან  ამოდის წყალი. იმ ადგილას მცირე საცავი გავაკეთეთ, გავწმინდეთ, ზღვის კენჭები ჩავყარეთ.  თავის დროზე ბაბუაჩემმა ურეხში სახლი ამ წყაროს გამო იყიდა. შეუძლებელია ეს წყალი დაბინძურებული იყოს, იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს გაკეთებული,“ –  ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში გივი თებიძე.

გივი თებიძემ და ურეხის დასახლებაში მცხოვრებმა კიდევ რამდენიმე ადამიანმა თქვეს, რომ ინფორმაციას წყლის დაბინძურების შესახებ ვიღაც სპეციალურად ავრცელებს.

„მთელ ქალაქს აქედან მიაქვს წყალი. მაღაზიაში რომ შეხვიდე, ერთი ლარი ღირს ლიტრა წყალი, ვიღაცას ბიზნესი უვარდება და ამიტომ სჭირდებათ ალბათ ამ ინფორმაციის გავრცელება. მანქანებით მოდიან დილაობით ორგანიზაციებიდან და ბინულებით მიაქვთ წყალი,“ – ამბობს გივი თებიძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს  აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია სირაბიძე ამბობს, რომ ურეხში მდებარე წყაროს შემოწმება გეგმიური იყო, შემოწმების შედეგად კი წყალი დაბინძურებული აღმოჩნდა.

„მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული იყო წყალი. ნაწლავის ჩხირები იყო წყალში  და არაა რეკომენდებული მისი სასმელად გამოყენება. მას შემდეგ, რაც გამოკვლევის შედეგები მივიღეთ, მივწერეთ მერიას და გავაფრთხილეთ,“ –  უთხრა „ბათუმელებს“  ილია სირაბიძემ.

თავის მხრივ ბათუმის  მერიის ზედამხედველობის სამსახურის გარემოს დაცვითი და სანიტარული ზედამხედველობის  სამსახურმა წყაროზე აბრის დადგმა გადაწყვიტა, თუმცა მოსახლეობისგან წინააღმდეგობას წააწყდა.

„მერიაში შემოვიდა წერილი სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოდან. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ ურეხში მდებარე წყაროს წყალზე ჩაატარა მიკრობიოლოგიური კვლევები.  დასკვნის შემდეგ დადგინდა, რომ მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი არ შეესაბამებოდა სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს,“ –  უთხრა „ბათუმელებს“ მერიის ზედამხედველობის სამსახურის გარემოს დაცვითი და სანიტარული ზედამხედველობის  განყოფილების უფროსმა  ნუგზარ ცეცხლაძემ.

მისი თქმით, მერიამ მოამზადა დაფა, სადაც მითითებული იყო, რომ აღნიშნული წყაროს წყლის სასმელად გამოყენება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

„საუბარია სასმელად გამოყენებაზე და არა ტექნიკურ მოხმარებაზე. ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ ინფორმაცია მიგვეწოდებინა მოსახლეობისათვის, მაგრამ მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაგვიწია ბანერის გაკვრაზე. ჩვენ კი არ ვუკრძალავდით ამ წყლის გამოყენებას, ინფორმაციას ვაწვდიდით, რომ სასმელად გამოყენება არ შეიძლება,“ –  ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს მარო ჩხაიძეს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი წყალი ნამდვილად დაბინძურებულია, შესაძლოა ნაწლავური ინფექციები განვითარდეს და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.

მისივე  თქმით, არსებული მონაცემებით, ნაწლავურ ინფექციებსა ან დიარეაზე მიმართვიანობა არ გაზრდილა.

გადაბეჭდვის წესი