დღეს გამგებლები შეიცვალნენ შუახევსა და ხულოშიც. შუახევში გამგებლად ტარიელ ებრალიძე, ხულოში კი ბესიკ ბაუჩაძე დაინიშნა.
დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას შუახევში საკრებულოს 19 დეპუტატიდან 18 დეპუტატი ესწრებოდა, გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად წარდგენილ კანდიდატს – ტარიელ ებრალიძეს ყველა დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ტარიელ ებრალიძე ხიჭაურის უნივერსიტეტის სრული პროფესორია.
ხულოში გამართულ რიგგარეშე სხდომას კი 23-დან 22 დეპუტატი ესწრებოდა, წარდგენილ კანდიდატს, ბესიკ ბაუჩაძეს ყველა დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ბესიკ ბაუჩაძე კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია.
რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ საკრებულო სხდომა ორშაბათისთვის აქვს ჩანიშნული. „ბათუმელების” ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მოქმედ გამგებელზე ზეწოლა მოხდება, ქედის საკრებულო საკუთარი კანდიდატების, ჯემალ შარაძისა და ედნარ აბულაძის წარდგენას გეგმავს. ჯემალ შარაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, ედნარ აბულაძე კი საკრებულოს წინა მოწვევის თავმჯდომარე. ქედის მოქმედი გამგებელი კი გუშინ შვებულებაში გავიდა.