Batumelebi | ახალგაზრდები თურქეთში, მოხუცები – ბეშუმში ახალგაზრდები თურქეთში, მოხუცები – ბეშუმში – Batumelebi
RU | GE  

ახალგაზრდები თურქეთში, მოხუცები – ბეშუმში

 

განახლება ხულოში მუნიციპალურ ცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელია. 70-კომლიან სოფელში, ძირითადად ბოლქვაძეები ცხოვრობენ, ახლა მოსახლეობის უმეტესობა სამუშაოდ თურქეთშია წასული, ზოგი კი  –  იალაღზე მემთეურობას ეწევა.

სოფლამდე მისვლა საავტომობილო გზითა და ბილიკითაა შესაძლებელი. საავტომობილო გზა პირველ დასახლებამდე ერთ კილომეტრშია, ბილიკით კი, სოფელში რამდენიმე წუთში მიხვალ. რადგან სამარშრუტო ტაქსი მხოლოდ ხულოს ცენტრამდე მიდის, სოფელში მისვლა ბილიკით გადავწყვიტე.

გზაზე მხოლოდ ერთ ადამიანს შევხვდი, სოფლის შესახებ პირველ ინფორმაციასაც ემზარ ბოლქვაძისგან ვეცნობი. „შუამთობის დღესასწაულია, ბაირამიცაა, მოსახლეობა, უფრო მეტად მოხუცები, ბეშუმში არიან წასული, ახალგაზრდები კი –  თურქეთში, თხილის საკრეფად წავიდნენ, “  –  მიხსნის სოფლის მკვიდრი.

რამდენიმე წუთში პირველ მოსახლესაც შევხვდი, ომარ ბოლქვაძე სოფელში მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც ბატონი ომარი მიყვება, მისი შვილი ბათუმში მუშაობს და საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა: „სამსახური იქ აქვს, მე რომ წავიდე, რა ვქნა ქალაქში, ცოტ-ცოტა მოსავალი მომყავს, წელს ნერგები მოიტანეს, დავრგე პომიდორი, ამბობდნენ, ავადმყოფობას უძლებს, ადვილად ვერ აფუჭებსო, მაგრამ ადრე გაფუჭდა, არც მოსავალი მომცა. ჩემი მეზობლები, ძმისშვილები, სოფლის ახალგაზრდები თურქეთში არიან წასული, რატომ უნდა მიდიოდეს ჩვენი ხალხი თურქეთში სამუშაოდ, თან ისეთ პირობებში, რა პირობებშიც ამუშავებენ?! მაგრამ რა ქნას ხალხმა, შემოსავალი რომ არ არის, სკოლის მოსწავლეებიც წავიდნენ. კარგია, რომ წიგნებს უფასოდ დაურიგებენ, მაგრამ ჩაცმა-დახურვა ხომ უნდა, მშობელს რომ არ აქვს შესაძლებლობა, ბავშვმა რა ქნას? ამიტომაც მიდიან,“ –  მიყვება ომარ ბოლქვაძე. საუბარში ომარის მეზობელი ალბერტ ბოლქვაძეც ერთვება: „ოჯახს შემოსავალი რომ ჰქონდეს, სკოლის მოსწავლე თხილის საკრეფად წავა?!“  –  ამბობს ის.

ალბერტის მთავარი საფიქრალი უმუშევრობაა. სამი წელია, რაც უმაღლესი განათლება მიიღო და ვერ დასაქმდა. როგორც ის ამბობს, „ხულოში სამსახურს ვერ ნახავ შენი ნათესავი ან ახლობელი დიდ თანამდებობაზე თუ არ მუშაობს. სამი წელია მაგისტრატურა დავამთავრე, იურისტი ვარ, მაგრამ სამსახური ვერ ვნახე. ნათესავი თუ არ გყავს დიდ თანამდებობაზე, უმუშევარი დარჩები.  სოფელში 2-3 კაცი თუ იქნება საჯარო სამსახურში დასაქმებული, სხვა ყველა უმუშევარია,“  – ამბობს ალბერტი.

კოჩალიძეების ექვსსულიანი ოჯახიდან სოფელში მხოლოდ ამირანი და მისი ცოლი დარჩნენ.  როგორც ამირანი ამბობს, შვილები სამუშაოდ თურქეთში გაამგზავრა, მოხუცები მშობლები კი  –  ბეშუმში: „მოხუცები დასასვენებლად მთაში გავუშვი, შვილები სამუშაოდ თურქეთში წავიდნენ, ეს მათი სურვილი იყო, ჩვენი ფული გვექნებაო. ორი ბიჭი მყავს, უფროსს, ლაშას საინჟინრო დავამთავრებინე, ოთხი წელი 1500 ლარს ვუხდიდი სწავლაში, დიპლომსაც მალე აიღებს, მაგრამ რად გინდა, მეც ინჟინერი ვარ, მაგრამ ჩემი დიპლომი ამდენი ხანია ვერაფერში გამოვიყენე და ლაშას სად უნდა ვანახიო სამუშაო? ლერი მე-12 კლასშია, იფიქრა, მისი ფული ექნება, სასკოლოდ ჩასაცმელს მაინც იყიდის,“ – ამბობს ამირანი.

ამირანის მეზობლად მცხოვრები ზაზა ბოლქვაძის სახლი დაკეტილია, როგორც ამირანი ამბობს, ამ ოჯახიდანაც თურქეთში არიან წასული სამუშაოდ.

კოჩალიძეების საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში ხის ავარიული შენობაა, ავარიულ სახლში მზიური ბოლქვაძე მარტოდ ცხოვრობს, მისი ოჯახი საცხოვრებლად წლების წინ წალკაში გადავიდა, თუმცა როგორც ის ამბობს, ჰაერის გამოცვლას ვერ შეეგუა, სოფელს დაუბრუნდა და მამაპაპისეულ სახლსაც შემორჩა. ახლა სახლი დეფორმირებულია, იატაკი ალაგ-ალაგ ამოცვენილია და როგორც მზიური ამბობს, წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის: „ჩემი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა, სულ 130 ლარი, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ,“  –  მიყვება მზიურ ბოლქვაძე.

სოფელში საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. განახლებაში სამედიცინო პუნქტი არ არის.

სოფლის განაპირა მხარეს, ბოსელზე დაშენებულ  ხის ერთსართულიან სახლში კი ნანული ბოლქვაძე ქმართან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ბოლქვაძეების ოჯახის მთავარი საფიქრალი 16 წლის იმედას ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ორი წელია, რაც იმედამ გადაადგილების უნარი დაკარგა, მოზარდს ხერხემალთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, ოჯახს კი მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გააჩნია: „გასულ წელს თბილისში წავიყვანე სამკურნალოდ, ფული არ მქონდა, ვის არ ვთხოვე დახმარება, მაგრამ ამაოდ, ბოლოს ძროხები გავყიდე და იმ ფულით ვუმკურნალე თბილისში. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ისევ გამოკვლევები აქვს ჩასატარებელი და სამკურნალოა, მე ამის საშუალება არ მაქვს. სოციალურ შემწეობას ვიღებდი, გაზაფხულზე ისიც მომიხსნეს, იქნებ ვიღაცამ გულთან მიიტანოს ჩემი შვილის გასაჭირი და დამეხმაროს, უფულობის გამო დაინვალიდდა ბავშვი, ორი წელია სკოლიდანაც გამოვიდა, სიარული რომ ვეღარ შეძლო,“ –  ამბობს აცრემლებული დედა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე