დღეს, ბათუმში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში – „გენდერული თანასწორების ხელშეწყობისთვის საქართველოში“ – ცნობილი ქართველი სპორტსმენები უფროსკლასელ ბიჭებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მორაგბეები – ნოდარ ანდღულაძე, გიორგი ჭყოიძე, ლექსო გუგავა და კიკბოქსიორი – გიგი ჭიკაძე.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მენეჯერის, ირინა ჯაფარიძის თქმით, „ვაჟებთან ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვანია, რადგანაც მათი ჩართულობის გარეშე ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა შეუძლებელია. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ოჯახის ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ცხელი ხაზის (2 309 903) მომსახურების პოპულარიზაციას, რომელშიც ასევე აქტიურად მონაწილეობენ სპორტსმენები.
საქართველოში ოჯახში ძალადობის 3 თავშესაფარი არსებობს: თბილისსა და გორში, ხოლო ქუთაისში აგვისტოს თვეში გაიხსნება. თავშესაფარები გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა, ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
ირინა ჯაფარიძის თქმით, ამ პროექტისათვის „რაგბისა და მოჭიდავეების გუნდის წევრები იმიტომ შეარჩიეს, რომ რაგბი არის ერთ-ერთი მამაკაცური და პოპულარული სპორტი საქართველოში, რომელსაც გააჩნია თავისი ეთიკის კოდექსი. ძალადობა არასდროს გამოდის მოედნის გარეთ.“
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ნოდარ ანდღულაძე 3 წელია ჩართულია ამ პროექტში. ის ამბობს: „ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის სწორი და რა არა? რომელი სტერეოტიპი უწყობს ხელს ქალთა მიმართ ძალადობას და თუ რა შეგვიძლია შევცვალოთ. ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს თავზე, თუ როგორ გავიზარდეთ, როგორ შეიცვალა ჩვენი ფასეულობები და იმ შეცდომებზეც, რასაც არასდროს დავუშვებთ ჩვენი ქცევით“.
ნოდარ ანდღულაძე ამბობს, რომ პროექტში ჩართვის ინიციატივა სხვა სპორტსმენებს – წყალბურთელებსა და კალათბურთელებსაც აქვთ.
გლობალური პროექტი „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ 2008 წელს დაიწყო და 2015 წლამდე გაგრძელდება. პროექტში რაგბისტები 2010 წლიდან არიან ჩართულები.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და ქალი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. შეხვედრის მონაწილეებმა მედიასთან კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის გლობალური კამპანიის ეგიდით – „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, გამართული ინიციატივა – „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, მიზნად ისახავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ვაჟების ცნობიერების ამაღლებას და მგრძნობელობის გაზრდას.