მეწყერსაშიში ზონები აჭარაში – „ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ“

 

მეწყრის გააქტიურების შემთხვევაში ადამიანების უსაფრთხოების თაობაზე კითხვას გარემოს დაცვის სამმართველოს სპეციალისტი ტარიელ ტუსკია პასუხობს: „ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს.“

 

 

გასული კვირის დასაწყისში ამინდის გაუარესებას აჭარის რამდენიმე სოფელში მცირე მეწყრული პროცესები მოყვა, ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრალური მაგისტრალი კი ზვავმა რამდენჯერმე გადაკეტა.

 

 

გარემოს დაცვის გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის ტარიელ ტუსკიას განმარტებით, რომელიც ამ დღეებში სოფლებში მეწყრულ ზონებს აკვირდებოდა, „ადგილი ჰქონდა მცირე მეწყრულ პროცესებს, ძირითადად კი თოვლის ზვავების ჩამოსვლას ცენტრალურ მაგისტრალზე, რაც პრობლემას უქმნის მუნიციპალიტეტს, თუმცა თოვლის დნობის პროცესის დაწყებამ შეიძლება გაცილებით უფრო დიდი პრობლემის წინაშე დაგვაყენოს. ამ დროს ნიადაგი წყლით იჟღინთება და მეწყრული პროცესები გააქტიურებას იწყებს.“

 

 

საცხოვრებელი ადგილის სეისმური მდგრადობის დადგენის მიზნით წელს მთავრობას აჭარის მუნიციპალიტეტიდან 1179-მა ოჯახმა მიმართა. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიის სამსახურმა ეს განცხადებები ადგილზე გასვლით შეისწავლა და დასკვნები მოამზადა. დასკვნების თანახმად 1179 ოჯახიდან 179 ოჯახი სიცოცხლისათვის სახიფათო ზონაში ცხოვრობს. „ეს სახლები სხვა გეოლოგიურად უფრო მდგრად ადგილზე გადატანას საჭიროებს“, 442 სახლი კი – აუცილებელ რეკონსტრუქციას.

 

 

უკვე მომზადებულ დასკვნებს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო მუნიციპალიტეტების  გამგეობებში აგზავნის.

 

 

„აქ ჩვენი კომპეტენცია მთავრდება“ -განმარტავს გარემოს დაცვის სააგენტოს  გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გაფრინდაშვილი. მისივე ინფორმაციით „დეპარტამენტი ატარებს მონიტორინგს ადგილზე გასვლით, დებს რეალურ სურათს, თუ რა ვითარებაში უწევთ სეისმურად არამდგრად ზონებში ოჯახებს ცხოვრება და რა შეიძლება მოხდეს არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში. ამ ოჯახების სხვაგან გადაყვანის უზრუნველყოფა კი უკვე სხვა უწყებების კომპეტენციაა.“

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის თქმით მეწყერსაშიში ზონები თუ გააქტიურდება, გამგეობა საშიშ ზონებში მცხოვრებ ოჯახებს „ძველი პრაქტიკის გამოყენებით დაიცავს.“

 

 

„ოჯახებს სახლებიდან გამოვიყვანთ, შეიძლება სადმე შევასახლოთ, შეიძლება ბინა დავუქირავოთ. მომავალში ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობას ვგეგმავთ.“ –  უთხრა ნადიმ ვარშანიძემ “ბათუმელებს.“

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით კი განსაკუთრებულად საშიში უბნებიდან ცამეტ ოჯახს შემდეგ კვირაში შუახევის სოციალურ სახლში შეასახლებენ.

 

 

ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერსაშიშ ზონაში, აჭარაში სულ 3688 ოჯახი ცხოვრობს. ეკომიგრანტების პრობლემის მოგვარებას კი სამომავლოდ აჭარის მთავრობა კიდევ რამდენიმე სოციალური სახლის აშენებით გეგმავს. 

ხარვეზები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

 

 

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები ბევრ პედაგოგს აქვს. მათ შორისაა #10 საჯარო სკოლის პედაგოგი მარინა გაბაიძეც. მისი განცხადებით, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სკოლის სახელმძღვანელოებს შორის შესაბამისობა არ არის.  

 

„ეროვნული სასწავლო გეგმა მოითხოვს მასალის ცოდნას, მაგრამ არსებული მასალა სახელმძღვანელოში ძალიან მცირე დოზითაა წარმოდგენილი. სასწავლო გეგმა მოსწავლეს  ეუბნება – „გაიხსენე“, ეს მასალა კი მოსწავლეს არ უსწავლია.   შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმას პრობლემები აქვს და ის არ არის შესაბამისობაში სახელმძღვანელოებთან. ეს სერიოზული ხარვეზია“. 

 

 

მარინა გაბაიძე მიიჩნევს, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტის გაძლიერებას სწორედ ეს პრობლემები უწყობს ხელს: „იქნება ეს ეროვნული გამოცდები, ოლიმპიადები თუ სხვა რამ, მოსწავლეებს სკოლასთან შედარებით უფრო მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს უყენებენ, შესაბამისად, ამან გააჩინა რეპეტიტორზე მოთხოვნაც. მასწავლებელს 45-წუთიან გაკვეთილზე არ შეუძლია იმაზე მეტი ინფორმაციის მიცემა, რასაც დღეს ვაკეთებთ, ამიტომ,  ეროვნული სასწავლო გეგმა დასახვეწია, ოღონდ ამაზე უნდა იმუშაონ იმ სპეციალისტებმა, რომლებმაც კარგად იციან სკოლა და ბავშვის ფსიქოლოგია“. 

 

 

ბიოლოგიის მასწავლებლის, ქეთინო რუსიას შეფასებითაც ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები მოსწავლეებს გაურკვევლობაში აყენებს: „ჩემს საგანში არის სამი სხვადასხვა ავტორის სახელმძღვანელო და სამივე სახელმძღვანელოში ერთსა და იმავე საკითხზე გარკვევით წერია სამი სრულიად განსხვავებული აზრი. ეს პრობლემაა მოსწავლეებისთვის, რომელ ინფორმაციას დაუჯეროს? ეროვნულ გამოცდებზე კი მოსწავლე მხოლოდ მე-11 ან მე-12 კლასის სახელმძღვანელოთი ვერ გავა, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში ნასწავლი ბიოლოგიის საკითხებიც  სჭირდება, ინფორმაციები კი განსხვავებულია და იძულებულია ამ პრობლემის დასაძლევად რეპეტიტორს მიმართოს“.

 

 

ქეთინო რუსიას თქმით, დღემდე არ არსებობს ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა კითხვაზე სრულყოფილ პასუხს გასცემდა.

 

 

#8 საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი ლალი ქორიძე კი პრობლემას უფრო მშობლებსა და მოსწავლეებში ხედავს: „ეროვნულ სასწავლო გეგმაში ალბათ არის     რაღაც დასახვეწი, მაგრამ ის, რომ მშობელს აქვს პრეტენზია სწავლების ხარისხთან დაკავშირებით, ეს მშობლების პრობლემაა. ბავშვს უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, მნიშვნელოვანია, რამდენად მუშაობს მოსწავლე საკუთარ თავთან“. 

 

 

ლალი ქორიძის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს მისთვის სკოლაში არსებობს, გადატვირთული კლასებია: „ერთადერთი, რაზეც შენივშვნა მაქვს, არის მოსწავლეთა რაოდენობა კლასში, რადგან თუ კლასში არ დაგხვდა სათანადო გარემო, გეგმით გათვალისწინებულ გაკვეთილს ვერ ატარებ.“

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ნატა ასათიანის განმარტებით, ეროვნული სასწავლო გეგმა შეიცვლება: „ეროვნული სასწავლო გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც მუდმივად ექვემდებარება გადამუშავებასა და განვითარებას. სასწავლო დღეების რაოდენობით საქართველო ჩამორჩება მრავალ განვითარებულ ქვეყანას. შესაბამისად, ეს იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის გადატვირთულობას. სწორედ ამიტომ ზოგადი განათლების განვითარების ახალი სტრატეგიის ფარგლებში გადაიხედება ეროვნული სასწავლო გეგმა და შინაარსიც“.

 

 

ნატა ასათიანის განცხადებით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. „ამ მიზნით ეროვნულმა სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა დაასრულა საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სხვა ქვეყნების (ფინეთი, ესტონეთი, ბრიტანეთი, ჩეხეთი, ამერიკა, სინგაპური) კურიკულუმების შედარებითი ანალიზი. ანალიზის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგი და მუშაობა საგნობრივ კათედრებთან, რათა გამოვლენილ იქნას ყველა ის პრობლემა, რაც აქვს ეროვნულ სასწავლო გეგმას და განვითარების პერსპექტივები.“

 

 

 

უფასო გამოკვლევა ბავშვებში ბრტყელტერფიანობასა და ხერხემლის პრობლემებზე

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის პრესრელიზის თანახმად, 22 დეკემბრერს, ბათუმში ბავშვებს ბრტყელტერფიანობასა და ხერხემლის პრობლემებზე უფასოდ გასინჯავენ:

 

პრესრელიზის მიხედვით, „2013 წლის 22 დეკემბერს, 10:00-დან 16:00 საათამდე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი მიხეილ სანდლერი ქ. ბათუმში, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი ბაზაზე ჩაატარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს.

 

აქციის ფარგლებში ექიმი გასინჯავს 6-დან 18 წლამდე ბავშვებს. მოზარდები შემოწმდებიან ხერხემლის დაავადებებზე და ბრტყელტერფიანობაზე. დაავადების გამოვლენის შემთხვეში პაციენტებს მიეცემათ რეკომენდაცია.

 

უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის მიხეილ სანდლერის ინიციატივით, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხადაჭერით.

 

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრს, მის: ბარათაშვილის ქ. N30, ტელ: (0422) 27-73-03 ან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, მობ: 577 75-01-20“.

 

ჩემი კლასელი თემური

მახსოვს, ერთხელ მასწავლებელმა გაკვეთილების შემდეგ, სულ რაღაც 15 წუთით დატოვა ერთი ჩემი კლასელი თემური მარტო, რადგან არასდროს სწავლობდა არაფერს. ამ დროს მე და რამდენიმე მისი მეგობარი არ წავსულვართ, ვიცოდით რამდენიმე წუთს გაგრძელდებოდა და ველოდებოდით, როდის გამოუშვებდა. არ დამავიწყდება მისი შეშინებული, უიმედო და ჩამქრალი თვალები, როცა მასწავლებელმა კარი გაუხსნა და გამოუშვა.
ზუსტად ასეთი თვალები ვნახე ამ კვირაში, ოღონდ ბევრი, მთელი ქალაქის.

არჩილ კახაძე
არჩილ კახაძე

მე, პირადად, ასეთი შეშინებული ამდენი ხალხი ერთად აჭარაში ბოლო წლებში რამდენჯერმე მინახავს მხოლოდ: 2004 წელს ჩოლოქზე ხიდი რომ ააფეთქეს, 8 ნოემბერს – უნივერსიტეტი რომ დაარბიეს, აგვისტოს ომი რომ დაიწყო და ციხის კადრები რომ გავრცელდა. ჩამოთვლილ მოვლენებთან ერთად ეს უკანასკნელი როგორ უნდა დააყენოს კაცმა, რთულად წარმოსადგენია, ბოლოს და ბოლოს რა მოხდა ისეთი, გათოვდა რაა…

2013 წლის ზამთარში აჭარაში გათოვდა. რა უბრალოდ ჟღერს არა? ხულოელს ან შუახეველს ერთი მეტრი თოვლით გააკვირვებ? თუ ბათუმში ან ქობულეთში არ ყოფილა ჯერ 20 სმ სველი თოვლი? რა, შუქი არ გათიშულა თუ გზა არ ჩაკეტილა? მაგრამ 2013 წლის 8 დეკემბერს აჭარაში გათოვდა და თავისი მოქალაქეები სახელმწიფომ მიატოვა. მიატოვა მანქანებში, რომლებიც გაუვალ თოვლში იყო გაჩხერილი, მიატოვა საკუთარ სახლებში, გამათბობლის და ინფორმაციის გარეშე გათოშილი, მიატოვა პურის, სანთლის და „დვიჟოკის“ ხელოსანთან რიგში… ხალხს უცებ გაახსენდა სულ ახლახან გავლილი, ძლივს დავიწყებული წარსული და უცებ შეეშინდა, ძალიან შეეშინდა, რომ მისმა რჩეულმა, ძლივს დაბადებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ მიატოვა.

ერთხელ ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თქვა, ნუ ლანძღავთ ჩემს მინისტრებს, რადგან იმედგაცრუება ეუფლებათ, როცა ამდენს წვალობენ, ღამეებს ათენებენ ხალხზე ზრუნვაში, აკეთებენ და ოდნავადაც არ უფასებთო. შეიძლება ახლაც დაწყდეს გული იმ მინისტრს და იმ ხელისუფალს,  ვინც თუნდაც ერთი საათი გატარა ხალხთან ერთად, ადგილზე ნახა დაზიანებული გზები და ელექტროხაზები, მაგრამ ისინი მაშინ გამოვიდნენ გარეთ, როცა ადამიანებს მარტოობა უკვე ტვინში ჰქონდათ გამჯდარი, უკვე თვითონ ცდილობდნენ ცენტრალური გზების ნიჩბით გაწმენდას, უკვე გაძვირებული სანთელი ჰქონდათ ნაყიდი, პურის რიგში იყვნენ ნამყოფი და სახლში ხელცარიელი დაბრუნებულნი.

თუ არ მიუტოვებია სახელმწიფოს ხალხი, მაშინ რატომ ღირდა ქობულეთიდან ბათუმამდე მატარებლის ბილეთი 19 ლარი? მერე რა, რომ თბილისი-ბათუმის რეისი იყო. რა დააკლდებოდა ქვეყანას საერთოდაც „მარშუტკის“ ფასად რომ ჩაეყვანა სველი და გაყინული ხალხი? თუ მაღალმთიანი აჭარისკენ უცებ მოვიდა დიდი თოვლი და გაწმენდა არ შეიძლებოდა, ერთი საპატრულო ეკიპაჟი ვერ დააყენეს ხელვაჩაურში, რომელიც მგზავრებით გატენილ მარშუტკებს არ გაატარებდა და თოვლში არ ჩაყრიდა? რუსთაველისა და სტალინის ქუჩაზე ქვიშას და მარილს ვერ დაყრიდა, სულ მოლიპული რომ იყო ქვაფენილი ყინვისგან? შუქი არ გვაქვს და გრაფიკით მოგეწოდებათო, ვერ აუხსნიდა პირდაპირ იმის მაგივრად, რომ დაზიანებები არ მოემიზეზებინათ?

მხოლოდ ერთ მაგალითს ვიტყვი, როგორ იქცევა სახელმწიფო და დავასრულებ, რადგან ისედაც ბევრი ითქვა ამ თემაზე: მეზობელ თურქეთშიც ასეთივე „სტიქია“ იყო. საზღვრის მიმდებარედ არსებული ორგანიზაციები და მაღაზიები დღის სამი საათისთვის გააფრთხილეს, რომ შუქი არ იქნებოდა და ჩვენი უამრავი თანაქალაქელი, რომლებიც იქ მუშაობენ, 4 საათისთვის სახლში გამოუშვეს გასათბობად…

აჭარაში ამბობენ: „თოვლი მოვა და წყლად წავაო“… თოვლი წავა, გაქრება, მაგრამ ის შიში დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თუ ქვეცნობიერში მიტოვებულის კომპლექსად. დღესაც კი, როცა კლასელები ვიკრიბებით და სასიამოვნო ბავშვობას ვიხსენებთ, თემურს ის საშინელი დღე ახსენდება, როცა ნახევრად ჩაბნელებულ და უსაშველოდ ცარიელ კლასში მარტო დატოვეს და თვალებში ისევ ვხედავ იმ შიშს, რომელიც მხოლოდ მარტო დარჩენილ, მიტოვებულ ადამიანებს აქვთ…

არჩილ კახაძე

თეომ ვაკო დაიმახსოვრა

 

 

ერთმანეთს საქმიან გარემოში, მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდნენ, მაგრამ „ამ  წუთებმა ყველაფერი შეცვალა.“  თეომ  „ვაკო დაიმახსოვრა“  და მიხვდა, რომ მეორე დღეს „რაღაც აუცილებლად მოხდებოდა.“   ასეც იყო. ვაკო და თეონა დამეგობრდნენ.

 

 

„მივხვდი, რომ ვაკოს გვერდით მეც შევძლებდი ვყოფილიყავი საინტერესო, მე მგონი თვითონაც ამიტომ ამირჩია.“ – ამბობს თეო. მსგავსი განცდა გაუჩნდა ვაკოსაც, „მასზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ თეო ჩემი იყო.“

 

 

პირველი შეხვედრიდან ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებამდე ექვსი წელი გავიდა. ამ დროის მანძილზე ბევრი ეუბნებოდა ვაკოს, რომ უკვირდა, რომ არ დაიღალნენ, არ შექმნეს ოჯახი ან არ დაშორდნენ, უფრო გაუკვირდათ, როცა თეო ორი წლით სასწავლებლად ჩეხეთში წავიდა.

 

 

„აპლიკაცია ისე შევავსე, ვაკომ არაფერი იცოდა. ცოტა ხანში, როცა ჩეხეთის უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხი მოვიდა, ვაკომ მხარი დამიჭირა. თუმცა ეს მაინც მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, ჩასვლიდან ერთ კვირაში გავაცნობიერე, რომ ვაკოს ისე ხშირად ვეღარ ვნახავდი და ვერც დაველაპარაკებოდი. ვერ გავძელი, ლექციებზეც კი ვტიროდი. მალევე უკან წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ვაკომ გადამაფიქრებინა. რაღაც პერიოდში ლექციების დაწყებამდე მირეკავდა და მაგულიანებდა. შემდეგ ზამთრის არდადეგებზე ჩამოვედი, ერთხელ ვაკოც ჩამოვიდა ჩემთან.“- მიყვება თეო.

 

 

ვაკო ფიქრობს, რომ ამ დაშორებამ ისინი უფრო გააძლიერა და „ერთმანეთის სუსტი და ძლიერი მხარეები დაინახეს,“  თეოს კი სიტყვა გაძლიერება „ეცოტავება.“

ერთად გატარებული წლების მიუხედავად ჰგონიათ, რომ დღემდე ბოლომდე არ იცნობენ ერთმანეთს: „ვფიქრობ, ვერასდროს ამოვწურავთ ერთმანეთს, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, უფრო საინტერესო ხდებოდა ჩვენი ურთიერთობა,“ – ამბობს ვაკო.

 

 

„რაღაცას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ეს ვაკოს მოეწონება, მე მინდა, რომ მას ეს გავუკეთო და არ მეშინია. გაცილებით თამამი ვარ, იმიტომ, რომ ასე უფრო საინტერესოა,“ – ამბობს თეო.

თეო რისკიანია, ვაკო – არა, მაგრამ თეო უფრო თამამად მხოლოდ იმიტომ რისკავს, რომ მის გვერდით ვაკოა. „ახლა რომ დავფიქრდი, გავაკეთებდი თუ არა ვაკოს გარეშე იმ რაღაცებს, რაც გამიკეთებია, ვფიქრობ, რომ შეიძლება მის გარეშე ვერც გავაკეთებდი. შეიძლება ვაკო არ მეთანხმებოდეს რაღაცებში, რასაც ვრისკავ, მაგრამ მაინც ვაკოს იმედად ვარ.“

 

 

ვაკო ამბობს, რომ შეუძლებელია ყველაფერში ეთანხმებოდე ადამიანს, ბევრი რამ შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ მთავარი ღირებულებებში თანხვედრა და სიყვარულია. „მე ისიც მომწონს, რაშიც ერთმანეთს არ ვგავართ, ჩვენ ერთმანეთს ინფორმაციას ვუცვლით.“

„მე შემიძლია მოვუსმინო ვაკოს, დავფიქრდე, მართალი ვიყავი თუ არა როცა რაღაცას ვამტკიცებდი, ან მან დამარწმუნოს ან პირიქით, ჩვენ იშვიათად ვკამათობთ.“ -მიყვება თეო.

ცოტა ხნის წინ, როცა ერთად ცხოვრების დაწყებისა და ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობა გადაწყვიტეს, „მაინც გაჩნდა შიში.“ თეო ფიქრობდა, რომ კიდევ ხომ არ იყო საჭირო მეტი დრო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში ისევ ვაკო დაეხმარა.

 

 

ქორწინებამდე ბევრი იფიქრეს თუ სად და როგორ უნდა ეცხოვრათ:  „თავიდან გადაწყვეტილი გვქონდა თბილისში წავსულიყავით, დამოუკიდებლად, მშობლების დახმარების გარეშე გვეცხოვრა. თუმცა დავფიქრდი და მივხვდი, რომ უნდა გვეცხოვრა ვაკოს ოჯახში, ვაკოს მშობლებთან და მის დაიკოსთან ერთად. გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით დიდი ოჯახი. ეს ერთგვარი მადლობა იქნებოდა ჩემგან იმისთვის, რომ ვაკო არსებობს და არის ისეთი, როგორიც არის. ჩვენ გვაქვს ერთად საუზმის და ვახშმის ტრადიცია, ვაკოს ძალიან თბილი და მოსიყვარულე მშობლები ჰყავს. ვაკოს მამა ხშირად შემაქებს ხოლმე, ვფიქრობ ასე ცდილობს მხარი დამიჭიროს, მიუხედავად იმისა, რომ სახლში იშვიათად ვარ. როცა სახლში ვარ და ვალაგებ, მეუბნება `იმდენად ასუფთავებ, სახლი დაგვიპატარავეო და ვიცინით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გადავწყვიტე.“

 

ვინ იქნება შემდეგი – კრიტიკა ჯიპების გამო

პირველი დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ავტომანქანების შესყიდვაზე 31 ტენდერია გამოცხადებული, აქედან ერთი გაუქმებულია (უმაღლესი საბჭო), ხოლო ოთხი ტენდერი არ შედგა. დეკემბრის მონაცემებით მანქანებში 1 175199 ლარი დაიხარჯება. რა გაგრძელება ექნება ენერგეტიკის მინისტრისა და ამავე დროს ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებას – იცვლება ხელისუფლების პოლიტიკა ფუფუნების საგნების შესყიდვაზე თუ ავთანდილ ბერიძის პარტიულ პოლიტსაბჭოზე დაბარება რეგიონში უშუქობით გაბრაზებული მოქალაქეების დასაშოშმინებელი ერთჯერადი პიარის ნაწილია? – ამ კითხვაზე პასუხი უახლეს მომავალში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, თუ ავთანდილ ბერიძის მსგავსად რამდენი თანამდებობის პირი გააუქმებს გამოცხადებულ ტენდერს ავტომანქანების შესყიდვაზე.

დაზუსტებული ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობას აპირებს აჭარის განათლების სამინისტრო. მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა „ბათუმელებს“ განუცხადა: „ამ ეტაპზე ჩვენ გავდივართ შიდა კონსულტაციებს, საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ 18 დეკემბრამდე. ამ დღეს გვეწურება ხელშეკრულების დადების ბოლო ვადა“.

აჭარის განათლების სამინისტრო ვიცე-პრემიერის განცხადებამდე 73 500 ლარად ღირებული მაღალი გამავლობის ჯიპის ყიდვას გეგმავდა. ლადო მგალობლიშვილის თქმით, მანქანისთვის თანხა ხარჯების დაზოგვით გამონახეს: „მივლინებაში, წარმომადგენლობით ხარჯებსა და საწვავში დაგვირჩა ეკონომია. სამინისტროს არ ჰყავდა მაღალი გამავლობის მანქანა. აჭარა არის მთიანი რეგიონი, სადაც 400-მდე სკოლა გვაქვს. ამ სკოლებში მისასვლელად გვჭირდებოდა მაღალი გამავლობის მანქანა. სამინისტროს ბალანსზე სულ ხუთი მანქანა აქვს“, –  უთხრა ლადო მგალობლიშვილმა „ბათუმელებს“.

შედარებით ნაკლები ფასის – 37 800 ლარად ღირებულ მანქანას დეკემბერში ყიდულობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროც. ამ სამინისტროდან „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ წლის დასაწყისში მანქანის ყიდვა გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ წლის ბოლოსთვის დაზოგილი თანხით აპირებენ სატრანსპორტო საშუალების ყიდვას.

მინისტრ ზაურ ფუტკარაძის ხელმოწერილ დოკუმენტში, სადაც ის განმარტავს ახალი მანქანის შეძენის მიზანშეწონილობას, წერია: „სოფლის მეურნეობის გაზრდილი პროგრამებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება მოითხოვს სისტემურ მონიტორინგს სოფლებში, რისთვისაც საკმარისი არ არის არსებული ავტოპარკი. ამასთან, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოპარკი მოძველებულია და სისტემატურად გამოდის მწყობრიდან“.

მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე 6 მანქანა ირიცხება. მინისტრისავე თქმით, სამინისტრო ტენდერის გაუქმებას არ აპირებს.

ცოტა ხნის წინ, ჯიპში თითქმის 80 ათასი ლარი დახარჯა, მაგალითად, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა. „ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, რასაც ის გარდაბნის ყოფილ გამგებელზე დაყრდნობით ავრცელებს, ამ მუნიციპალიტეტში შარშან 95 ათას ლარად ღირებული მანქანაც იყიდეს. ეს მანქანა, ისე როგორც შარშან 91 220 ლარად ნაყიდი კიდევ ერთი ჯიპი, გარდაბნის მუნიციპალიტეტს რეგიონის სამხარეო პოლიციისთვის გადაუცია.

მანქანების ყიდვის განაცხადი 5 დეკემბერს გააკეთა მარნეულის მუნიციპალიტეტმაც. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამ ახალ ავტომობილში მუნიციპალიტეტი 170 ათასი ლარის გადახდას გეგმავს. ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ისკანდერ ქარიმოვი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არ აპირებენ ტენდერის გაუქმებას: „ძალიან ძველი მანქანები გვყავს, ამიტომ პარკი უნდა გავაახლოთ. ერთი მანქანა 28 ათასი ლარი ეღირება და მას საკრებულოს თავმჯდომარე გამოიყენებს, დანარჩენი ორი – სპეცმანქანაა“.

ისკანდერ ქარიმოვის თქმით, ისინი ძველი მანქანების გაყიდვას გეგმავენ.

საჯარო დაწესებულებათაგან ყველაზე ძვირადღირებული მანქანების შესყიდვის უფლებას საკუთარ თავს შს სამინისტრო აძლევს. შესყიდვების დოკუმენტების მიხედვით, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისთვის საჭირო მანქანების გარდა, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, უწყებამ რამდენიმე ძვირადღირებული მანქანა იყიდა, სავარაუდოდ, თანამდებობის პირებისთვის. მაგალითად, სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2013 წლის აპრილში 630 ათასი ლარი დახარჯა და ცხრა „ტოიოტა ჰაილენდერი“ შეიძინა – თითოეულში 70 ათასი ლარი გადაიხადა. ამის შემდეგ სააგენტომ დამატებით 43 700 ლარად ღირებული სამი ერთეული „ტოიოტა ჰაილუქსი“ და სამი ერთეული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“ შეისყიდა, თითოეული 63 ათას ლარად. ამას მოჰყვა კიდევ ორი, 93 ათას ლარად ღირებული „ლენდკრუიზერ პრადო“.

2013 წლის აპრილში სააგენტომ „ტოიოტა ლენდკრუიზერ 200“-ც იყიდა – ამ მანქანაში სამინისტრომ 121 700 ლარი გადაიხადა.

შს სამინისტრომ სულ ცოტა ხნის წინ, ოქტომბრის ბოლოს ძვირადღირებული მანქანები ისევ იყიდა. ამ მანქანებითაც, სავარაუდოდ, თანამდებობის პირები ისარგებლებენ. შს სამინისტრომ ოქტომბერში მანქანებში 645 ათასი ლარი დახარჯა. ამ თანხით 24 მანქანა იყიდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში კი ავტოპარკი ბოლოს 2012 წლის დეკემბერში განაახლეს. სამმართველომ 72 ათას ლარად ღირებული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“ იყიდა. შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისსა“ და სამმართველოს შორის ავტომანქანის მიწოდებაზე დადებულ ხელშეკრულებას სამმართველოს ხელმძღვანელი, ვალერიან თელია აწერს ხელს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, რომლის მინისტრიც კახი კალაძეა, 2013 წლის მაისში 2 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა შეიძინა, რაშიც, ჯამში, 78 500 ლარი გადაიხადა. კახა კალაძის უწყებამ არჩევანი „შკოდა ოქტავაზე“ შეაჩერა.

საიას კვლევის თანახმად, ახალმა მთავრობამ არჩევნების შემდეგ 768 ახალი მანქანა იყიდა. მათ შორის 2013 წლის პირველ ექვს თვეში – 307 ერთეული ახალი ავტომანქანა.

14 დეკემბერს კახი კალაძემ შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც არის ამავე დროს ქართული ოცნების წევრი, როგორც ჩანს, ვერ ათვიცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას. ის თვითონვე უნდა ხვდებოდეს ამას, თავს იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი საზოგადოების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის. ავთო ბერიძის საკითხს განიხილავს ქართული ოცნების პოლიტსაბჭო უახლოეს სხდომაზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.

კალაძის ეს განცხადება ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მურმან დუმბაძემ შეაფასა, როგორც ჩარევა: „საქართველოს მთავრობა თავის კომპეტენციებში უნდა ჩაჯდეს. ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს ცენტრალური მმართველობა დავამთავრეთ, აჭარის ავტონომიის ლიდერს აქვს უფლება, რომ განკარგოს ბიუჯეტი როგორც თავად მოისურვებს უმაღლესი საბჭო. ეს არის კანონი. კომპეტენციურად და ფუნქციურად კახა კალაძეს არ აქვს უფლება ზეწოლა განახორციელოს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტზე, ეს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტია“.

ერთი დღის შემდეგ იმავე თემაზე არჩილ ხაბაძემაც გაავრცელა შემდეგი შინაარსის განცხადება: „რაც შეეხება მურმან დუმბაძის მკვეთრ განცხადებას ავტონომიური რესპუბლიკის საქმიანობაში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩარევაზე – კატეგორიულად არ ვეთანხმები. აღნიშნული კონტექსტი არანაირ კავშირში არ არის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობასთან. ჩვენ ყველამ კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შედეგად დავიკავეთ აღნიშნული თანამდებობები. ავთანდილ ბერიძეც გახლავთ კოალიციის წევრი. შესაბამისად პოლიტსაბჭოს სრული უფლებამოსილება აქვს განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მისი პარტიის წევრის ქმედება პარტიის პოლიტიკას“.

ჯილეხის შემთხვევა ბათუმში

 

„ამჯერად მამაკაცმა მოგვმართა, ლაბორატორიული კვლევა ტარდება და 4 საათისთვის გვეცოდინება პასუხი, არის თუ არა ჯილეხი.  მოვუწოდებთ მოსახლეობას,  ნუ შეიძენენ შეუმოწმებელ ხორცს. ამასთან,   უმი ხორცის დამუშავების პროცესშიც  გარკვეული სიფრთხილეა საჭირო.  თუ ხელი დაზიანებულია, აუცილებელია ხელთათამანების გამოყენება,  რადგან უმი ხორცით შესაძლებელია გადავიდეს ადამიანზე დაავადება,“ – განუცხადა „ბათუმელებს“  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარო ჩხაიძემ.

 

მისივე განცხადებით  სურსათის უვნებლობის სამსახური აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს. ქალბატონი, რომელსაც ჯილეხის დაავადება აღმოაჩნდა, ბათუმის მცხოვრებია, მამაკაცი კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის.

 

„გარიყულები“ ღამის თავშესაფარში

გასულ ოთხშაბათს, 11 დეკემბრის თოვლიან ღამეს თავშესაფარში, ისევე როგორც მთელ ბათუმში, შუქი არ იყო. სანთლით განათებულ ჰოლში უკვე იკრიბებოდნენ ღამის თავშესაფარში მცხოვრებნი. თავშესაფარი აქამდე საღამოს შვიდ საათზე იღებოდა, თუმცა განსაკუთრებით ცივი ამინდის გამო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ექვს საათზე დაეწყოთ მუშაობა.

თავშესაფრის მენეჯერი, თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ დეკემბრის პირველ ნახევარში ამდენი ადამიანი თავშესაფარში არასდროს ყოფილა. ახლა აქ 33 უსახლკარო ადამიანი ათევს ღამეს. ცხელი საკვები, აბაზანა, საწოლი და სითბო მთელი დღე ქუჩაში, ღია ცის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის შვებაა. ზოგი აქ რამდენიმე დღეა ათევს ღამეს, ზოგიერთი კი – რამდენიმე წელია. მათ შორისაა ტარიელიც, რომელიც მეუბნება, რომ უკვე ექვსი წელია აქ ათევს ღამეს.

ტარიელი ხულოდანაა. ამბობს, რომ ადრე, ბავშვობაში, მის ოჯახს ორსართულიანი სახლი ჰქონდა წაბლანაში. ამ სოფელში 24 წლის წინ, 1989 წელს მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყო ტარიელის დედ-მამაც.

`მე პატარა ვიყავი და მთავრობამ და-ძმა უპატრონო ბავშვთა სახლში ჩაგვაბარა. და გათხოვილია, მე წასასვლელი არ მაქვს, სად უნდა მივიდე?! დღის მანძილზე ბაზარში გავდივარ, ვიღაცას მივეხმარები, საჭმელს უფასო სასადილოში ვჭამ. ამ თავშესაფრის ბინადარი ვარ, აქ დავბერდი.~ _ მიამბობს ტარიელი.

რამდენიმე წელია ღამის თავშესაფარში ათენებს ღამეს მაიაც. დღისით იგი ქუჩაშია. კითხვაზე, რას აკეთებს ქუჩაში, ამბობს რომ მოწყალებას ითხოვს. „შვილი მყავს, მაგრამ 16 ადამიანი ცხოვრობს იქ და ვერ მივდივარ, მრცხვენია. 57 წლის ვარ. ბავშვობაში თუ დავდიოდი, თორემ მას შემდეგ არ ვიცი ექიმი რაა. ისეთი რაღაცები მაქვს გადატანილი… თოვლში მეძინა ღამე.“

მეხუთე დღეა ღამის გასათევად თავშესაფარში მოდის ბეჟან გორგაძე. ბეჟანი მიამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დედა გარდაეცვალა და მამამ ცოლი შეირთო, დედინაცვალმა გამოაგდო სახლიდან და ქუჩაში დარჩა. „კაჭკა მაქვს, პურის ფულს ვაკეთებ. აქამდე კაჭკაზე მეძინა“.

ღამის თავშესაფარს სხვადასხვა ასაკის ადამიანები აფარებენ თავს. თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ აქ ძირითადად 20-დან 75 წლამდე ასაკის ადამიანები მოდიან. თავშესაფარში ამ დროისათვის ორი უსინათლო ადამიანიც ცხოვრობს, ივან ლაბაჩკოვი მათგან ერთ-ერთია. იგი თბილისიდან ჩამოვიდა, მოასწავლეს, რომ უსახლკაროთა თავშესაფარი ბათუმში იყო.

თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ თავშესაფარი 2003 წლიდან არსებობს: „ღამის თავშესაფარი არის საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოს კარიტასის, რომელიც არსებობს კათოლიკური ეკლესიის შემოწირულობით. თითქმის ათასამდე მოქალაქემ იცხოვრა ამ ხნის მანძილზე ჩვენთან, ზოგმა ერთი წელი, ზოგმა ერთი თვე, ზოგმა მეტი. ყველა წლებთან შედარებით წელს უფრო მეტი გვყავს. ერთდროულად 40 ადამიანის მიღება შეგვიძლია. მაგრამ იყო შემთხვევა, როცა დერეფანშიც დაგვიწვენია ადამიანები ღამის გასათევად.“

თავშესაფარში სულ ცხრა ადამიანი მუშაობს. აქ მუდამ არის ორი მორიგე, ქალი და მამაკაცი, რომ ქალებსაც დაეხმარონ და მამაკაცებსაც. თამაზ მღებრიშვილის თქმით, შენობა საქველმოქმედო ფონდს აჭარის მთავრობამ გადასცა უზურფრუქტის წესით. „აქ მხოლოდ კედლები იყო, ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ. ძირითადად კომუნალური ხარჯები გვაქვს, ქვითარს, რომელიც მოდის, აწერია: „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი, ღამის თავშესაფარი, კომერციული“. ყველაფრის კომერციულ ფასს ვიხდით, შეღავათები არ გვაქვს.

ძალიან ხშირად ისმის, რომ სახელმწიფომ უნდა გახსნას თავშეფარი. ხომ არსებობს ეს თავშესაფარი, ამდენ ხალხს ვუვლით, რას აკეთებენ, ხომ შეიძლება იმ მილიონების დახარჯვას, ჩვენსას დაამატონ ფართობი და დაგვეხმარონ, რომ მეტი ადამიანის მიღება შევძლოთ?

წლის მანძილზე თავშესაფარის შენახვა 28-29 ათასი ევრო ჯდება დაახლოებით, ეს ძირითადად კომუნალური ხარჯებია. ეს თანხა იტალიასა და ამერიკაში, კათოლიკე მრევლის დახმარებით გროვდება. არიან ოჯახები, სასულიერო პირები, რომლებიც წირავენ.“

კითხვაზე, დახმარებიან თუ არა ღამის თავშესაფარს ოდესმე კერძო კომპანიები, თამაზ მღებრიშვილი პასუხობს: „ვისთანაც არ მივსულვართ, ყველა გვეუბნება, კათოლიკური ეკლესია არის მდიდარი და ის დაგეხმაროთო. ძალიან გულსატკენია, რომ ასე განასხვავებენ ადამიანებს. ჩვენი მოქალაქეები არიან ესენი, ადამიანები. აქ არც ერთი კათოლიკე არ ცხოვრობს. ჩვენთვის ეროვნებას და რწმენას მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენთან მოდიან და გვინდა დავეხმაროთ.“

ღამის თავშესაფარი საღამოს 7 საათიდან დილის ცხრა საათამდე მუშაობს. აქ მოსახვედრად არ არის საჭირო უსახლკარო ადამიანს ყველა საბუთი მოწესრიგებული ჰქონდეს, ახალი პირადობის მოწმობის არ ქონის გამო უარს არავის ეუბნებიან, თუმცა თავშესაფრის ყველა სტუმრის მიღებისას ივსება ანკეტა. უსახლკარო ადამიანები აქ პოლიციასაც მოჰყავს.

„პირველი დღიდან ვინც იცხოვრა ჩვენთან, ყველა მონაცემი გვაქვს. ჩვენ ვაძლევთ თავშესაფარს, რომ ადამიანები გარეთ არ დარჩნენ. ერთადერთი აკრძალვაა, დალევა უნდა დათმონ, ნასვამ ადამიანებს ჩვენ არ ვუშვებთ იშვიათი გამონაკლისის გარდა.  არიან ადამიანები, ვინც მიდის, ვერ თმობენ სასმელს. ერთხელ გვთხოვეს, მერიიდან თოთო ბავშვიანი ქალი მოიყვანეს, ათი დღე გვყავდა მხოლოდ. აქ არ არის ბავშვიანი ქალის გაჩერების პირობები, ზოგი ავად არის, ზოგს რა უჭირს, ბავშვის გაჩერება შეუძლებელია.“ – ამბობს თამაზ მღებრიშვილი.

ღამის თავშესაფარს საკვებით ევანგელისტური ეკლესია ეხმარება. ყველაზე მეტად აქ თბილი ტანსაცმელი სჭირდებათ, რომ ქუჩიდან შემოსულ, დამზრალ ადამიანებს სველი ტანსაცმლის გამოცვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. შარშან ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავშესაფრისთვის აქცია გამართეს, რომელშიც არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურებიც ჩაერთნენ და თავშესაფრისთვის თბილი ტანსაცმელი შეაგროვეს. იმავე აქციის ორგანიზებას სტუდენტები წელსაც გეგმავენ.

დილის ცხრა საათზე თავშეფარში მცხოვრებნი შენობას ტოვებენ და დღიური ფულის საშოვნელად გარეთ გადიან. ღამის თავშესაფარში მცხოვრები ვერც ერთი ადამიანი ვერ იღებს სახელმწიფოსგან დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სიღატაკის ზღვარს მიღმა არიან. „საკუთარი სახლი უნდა გქონდესო, ქულებიო, ან დაბალი, ან მაღალიო, ამის გამო არ ხერხდება შეფასებაო. ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლიაო. ტაბიძეზეც ვიყავი, სხვაგანაც, მაგრამ უფასო სასადილოში ჭამის ნებას მოგცემთო, დახმარებას ვერაო“ – ამბობს ტარიელ ბერიძე.

„კანონმდებლობა არ ითვალისწინებსო. სოცდახმარების ახალმა უფროსმა შემოგვთავაზა, წერილი დაგვეწერა, გავაგზავნეთ ქუთაისში, პარლამენტში, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.“ – ამბობს თამაზ მღებრიშვილი.

კითხვაზე, ვინ უწევს უსახლკარო ადამიანებს სამედიცინო დახმარებას, თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს ერთადერთი დახმარებაა, სადაც სახელმწიფოსგან იღებენ: „ხუთი წლის წინ აქ იყო მოსული ლევან ანთაძე, მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი, მის გარდა აქ არავინ მოსულა. დაათვალიერა თავშესაფარი, დაგვაწერინა განცხადება და დღემდე გვაქვს უფასო მკურნალობა. თუ ჩვენთან მცხოვრები მოხვდება საავადმყოფოში, ჩვენ მიგვაქვს ოფიციალური წერილი „კარიტასის“ სახელით, რომ ეს არის უსახლკაროთა თავშესაფრის მცხოვრები და უფასოდ მკურნალობენ.“

ძირითადად რა მიზეზით რჩებიან ადამიანები სახლსა და ნათესავ-მეგობრების თანადგომის გარეშე? თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ ბევრი მათგანი სასმელის, სახლის გაყიდვისა და ოჯახური პრობლემების გამო აღმოჩნდა ქუჩაში. იგი ისეთ შემთხვევებსაც იხსენებს, როცა ადამიანებმა უკიდურესი სიღატაკისაგან თავის დაღწევა შეძლეს.

ინტერვიუს დასასრულსთამაზ მღებრიშვილი თავის და თავშესაფარში მცხოვრებთა დარდს მიზიარებს: „ახალი წელი მოდის ახლა, აქ ნაძვის ხეს ვდგამთ, თუ შესაძლებლობა გვაქვს. ნამცხვარს ვყიდულობთ… ამდენი ადამიანი ერთად უყურებს ტელევიზორს და ხედავენ, რომ ყველგან მიდიან, „სავანეში“, ბავშვთა სახლებში, კანფეტები და ტკბილეული მიაქვთ, კონცერტებს უმართავენ… აქ კი ათი წელია არც ერთ დღესასწაულზე არავინ მოსულა, არავის მიულოცავს მათთვის. აქ არავინ არ მოდის, გარიყულებივით არიან, თითქოს არც არსებობენ…“

რა ღირს ბათუმში ახალი წელი

ნათია სურგულაძე: „საახალწლოდ ბათუმის მერია არაერთ ღონისძიებას გეგმავს. ღონისძიებებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 68 ათასი ლარი დაიხარჯება. დაგეგმილია საახალწლო კონცერტები და წარმოდგენები. პირველ კონცერტს დავიწყებთ 27 დეკემბერს და ეს ყველაფერი დასრულდება 7 იანვარს. სცენა დაიდგმება ევროპის მოედანზე და ყოველდღე რაღაც აქტივობა იქნება ამ სცენაზე. დღისითაც და საღამოობითაც.

საბავშვო ბაღებში გაიმართება თეატრალიზებული საბავშვო სპექტაკლები, ხოლო ევროპის მოედანზე მოწყობილ სცენაზე _ საბავშვო სტუდიების მიერ წარმოდგენილი კონცერტები. ასევე დაგეგმილია დიასპორებთან შეხვედრა დახურულ სივრცეში.
გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, აქედან ნაწილი არის მერიის დაფინანსებით. ამასთან, ჩვენ გვაქვს სოციალური პროგრამები. საახალწლო საჩუქრებით მივალთ სოციალურ სახლში, ბაგრატიონზე. ვაპირებთ მისვლას მოხუცებულთა სავანეში, საბავშვო ბაღებისათვის იქნება თეატრალიზებული წარმოდგენები.

რაც შეეხება საახალწლო გალაკონცერტს, მიდის მოლაპარაკებები ჯგუფ „შინთან“. სავარაუდოდ ბათუმში ახალი წლის ღამეს ეს ჯგუფი  დაუკრავს.

ხის ფიცრულებში – ზამთრის პირისპირ

ნინო გუნდაძე წელიწადზე მეტია ყოფილ 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ჩადგმულ პატარა ხის ფიცრულში ცხოვრობს.  ოთხკუთხა ფორმის ნაგებობა, რომელსაც ნინო და მისი შვილები სახლს უწოდებენ, ხისგანაა შეჭედილი. სიცივისა და წვიმისგან დასაცავად ცელოფნები აქვთ შემოკრული, კედლებზე მუყაოა გაკრული, იატაკი ყანყალებს. ფიცრულში, ისევე როგორც მთელს დასახლებაში, არ არის ელექტროგაყვანილობა, შესაბამისად არ არის შუქი. მიუხედავად იმისა, რომ ღუმელი ანთია, ერთი  ოთახისგან შემდგარ სახლში ძალიან ცივა. ნინო გუნდაძე ამბობს, რომ გასათბობად შეშა შაბათს მოჭრილი ალვის ხიდან ერგო, რომელიც იქვე, დასახლების ტერიტორიაზე იზრდებოდა. ხეების მოჭრა დასახლებაში მცხოვრებმა ვეფხვია ბერიძემ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი თქმით  მთავრობისთვის არაერთგზის მიმართვამ შედეგი არ გამოიღო.

„მივმართეთ  მთავრობას  ერთხელ, ათჯერ, ასჯერ, მაგრამ არ მოგვაქცია ყურადღება. ხეების მოჭრა  შაბათს  დავიწყეთ, ძალიან რომ შეგვცივდა, ბავშვები იყინებოდნენ. კინაღამ დამიჭირეს. გათბობა გვინდა და შუქი. წვიმისგან  ლოგინები გაუფუჭდათ ოჯახებში და საწოლებიც აღარ აქვთ, რომ დაიძინონ. ბავშვებს ტანსაცმელი არ აქვთ, ვალინკი არ აქვთ და ფეხშიშველი დარბიან. კიდევ კარგი მერიამ  გამოყო ხალხი და მოგვიჭრა ხეები. 450 ოჯახზე განაწილდა შეშა,“ –  უთხრა „ბათუმელებს“ ვეფხვია ბერიძემ.

ხეების მოჭრის და შეშის განაწილების პროცესს „ბათუმელებიც“ შეესწრო.  როგორც გვითხრეს, გარემოს დაცვის სამმართველომ  მოსახლეობას ნებართვა მისცა, რომ დასახლების ტერიტორიაზე არსებული ალვის ხეები მოეჭრათ და გასათბობად გამოეყენებინათ.

მოქალაქეები, რომლებიც ყოფილ 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, საკუთარ თავს ეკომიგრანტებს უწოდებენ, თუმცა აჭარის მთავრობამ მათი სტატუსი ასე განსაზღვრა  –  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობების უკანონოდ დამკავებელი მოქალაქეები.  მთავრობამ დასახლებაში კარავი გაშალა,  სადაც მსურველებს ცხელი საკვების მიღება და გათბობა შეეძლოთ. თუმცა მოსახლეობამ კარავი მთავრობას დააშლევინა და ერთჯერად საკვებსა და გათბობაზე უარი თქვა.

მიზეზს დასახლებაში მცხოვრები ვეფხვია ბერიძე ასე განმარტავს: „კარავი ჩადგეს, მაგრამ მერე გვითხრეს, გათბობა თუ გინდათ, ის ქოხები დაანგრიეთ და შეშად გამოიყენეთ, სადაც ახლა არავინ ცხოვრობსო. სხვის ნაშრომს ვერ დავანგრევდით და ვუთხარით წასულიყვნენ.“

53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ნანა მსხალაძე კი კარვის დაშლის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს. მისი თქმით კარვის გაშლის წინააღმდეგ ის ადამიანები გამოვიდნენ, ვისაც შედარებით ნაკლებად უჭირთ და მოსახლეობის ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვეს.

„მე თვითონ ჩამოვწერე სია, 88 ოჯახია, რომელსაც სურს საკვები მიიღოს. 40 ბავშვია მარტო. არ გვინდა დაპირისპირება მოხდეს, მაგრამ ჩვენს ბედს ორი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს,“ – ამბობს ნანა მსხალაძე.

დასახლებაში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ეკომიგრანტების ერთ ჯგუფს სოციალური შემწეობა მოხსნილი აქვს. როგორც ამბობენ, მიზეზი საცხოვრებელი ადგილის შეცვლაა.

„არანაირი შემოსავალი არ მაქვს. სოციალური დახმარება ერთი წელია შეჩერებული მაქვს. აქ რომ ჩამოვედით და ჩავდგით ქოხი, მაშინ შეგვიჩერეს. დაშალე ქოხი, წადი და აღგიდგენთო, მაგრამ სად წავიდე,“ –  ამბობს ეთერ მამულაძე.

 

რას აკეთებს აჭარის მთავრობა ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის?

„აჭარის მთავრობამ  მიიღო გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცნობილია რასთან გვაქვს საქმე, ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან სასტიკი ზამთრის პირობებში, ერთჯერადი კვებით და თბილი სივრცით უზრუნველვყოთ. საუბარია ერთი კვირის პერიოდზე, სანამ ცუდი ამინდია,“  –  თქვა კობა ჩხეიძემ, აჭარის მთავრობის აპარატის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა.

მისივე თქმით 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანმა მოახდინა პროვოცირება და მთავრობას კარვების დაშლა მოსთხოვა. თუმცა არის მოქალაქეთა ჯგუფი, რომელსაც დახმარების მიღება სურს. კობა ჩხეიძეს მსგავსი 25-ე ბატალიონის  ტერიტორიაზე არსებული ტიპის დასახლების  მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ იქ მცხოვრებმა ადამიანებმა სია წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც რამდენიმე დღეა იღებენ საკვებს.

„ჩვენ იქ 100 ადამიანზე დავდგით კარავი,  უკვე ორჯერ ვუზრუნველყვეთ კვებით იქ მცხოვრები ადამიანები. ამასთან დამიკავშირდნენ 53-ე ბატალიონიდან და მომაწოდეს   100-კაციანი სია. აქცენტი ბავშვიან ოჯახებზე გვაქვს გაკეთებული და ეს ადამიანები ხვალიდან მიიღებენ საკვებს,“  – ამბობს კობა ჩხეიძე.

კითხვაზე, არსებობს თუ არა  რაიმე გეგმა და რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს აჭარის მთავრობა სამომავლოდ ამ ადამიანებთან დაკავშირებით, კობა ჩხეიძე პასუხობს, რომ მთავრობამ მიიღო ამ ეტაპზე საჭირო გადაწყვეტილება კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სხვა დამატებითი  გადაწყვეტილებების დრო ამ წუთას არ არის.

აჭარის მთა დღეს (ფოტორეპორტაჟი)

 

აჭარის მთებში ჯერ კიდევ ბევრი სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს. სოფლებს არც ელექტროენერგია მიეწოდება. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომანქანები ერთმანეთს გვერდს იმის გამო ვერ უვლის, რომ საავტომობილო მაგისტრალი სრულყოფილად არ არის თოვლისგან გაწმენდილი. 

კალათები კოლოტაურიდან

ხასან ფარტენაძის დილა ადრე იწყება. 9 საათიდან უკვე თხილის ბაღში, წნელების მოსამზადებლად გადის, თხილს ზედმეტ ქერქს აცლის, საგულდაგულოდ აწყობს, შემდეგ სახლთან ახლოს, ტყეში, სუროს მოსაგროვებლად ინაცვლებს და რამდენიმე საათში სახლში საქსოვად მომარაგებული მასალით ბრუნდება.

„ახლა გოდორს ვქსოვ, დილას თხილისა და სუროს წნელი დავამზადე, გავთალე, მერე წყალში ჩავდე დასალბობად. ადვილად რომ მოგყვეს მუშაობისას, ორი საათი მაინც უნდა გააჩერო წნელი წყალში, რომ დალბეს, მანამდე  წიფლის ბრტყელ სარებს ვამზადებ, მერე წყლიდან ამოვიღებ წნელებს, მრგვალად ვახვევ და მასალაც მზად არის. გოდორს, გიდელს, საკრეფელასა და კალათებს ვაკეთებ“, –  მიხსნის ბატონი ხასანი.

15 წლის იყო, როცა ეს ხელობა მეზობლისგან ისწავლა. ამბობს, რომ ახალგაზრდობაში ქსოვას ნაკლებ დროს უთმობდა, ახლა, როცა სამსახური არ აქვს, მთელ დღეს საყვარელ საქმეს აკეთებს.

„მეზობლად მოხუცი ბაბუა მაჰმუდი ცხოვრობდა, კარგი მოლაპარაკე მოხუცი იყო, სულ ქსოვდა. ერთ დღესაც ვუთხარი მასწავლე-მეთქი, მაშინ 15 წლისა ვიყავი. მითხრა, წადი, მოიტანე წნელები, მიყურე, ის გააკეთე, რასაც მე ვაკეთებ და ისწავლიო, მე რადა გასწავლო, ხელს ხომ ვერ მოგცემო – მითხრა. მახსოვს, მაშინ ამ სიტყვებზე გამეცინა. მართლაც ასე მოვიქეცი, კეთილი ბაბუისგან ვისწავლე ეს ხელობა, მეც დავიწყე ქსოვა, კარგა ხანს ვქსოვდი, მერე მძღოლად დავიწყე მუშაობა და საქსოვად დრო აღარ მრჩებოდა, როცა მოვიცლიდი, მაშინ ვამზადებდი გოდრებსა და კალათებს,“ – მიამბობს ბატონი ხასანი.

მუშაობისას სახერხი, ბრტყელტუჩა და ჩაქუჩი გვერდით უდევს, ამბობს, რომ ეს მისი ყოველდღიური სამუშაო ინვენტარია, ყველაზე მეტად მასალის შეგროვების პროცესი არ უყვარს:

„მასალის მომზადება რთულია, ტყეში წასვლა უნდა. ადგილზე რომ მოიტან, მერე ადვილია, ქსოვა მიყვარს, დრო გამყავს, რა უნდა აკეთო მოხუცებულმა, დაჯექი და ქსოვე, დროსაც გაიყვან, გაყიდი და ფულიც გექნება. ერთი გოდრის მოქსოვას სამი დღე მაინც სჭირდება, გოდორს ძირში სუროს წნელით ვქსოვ, მერე სუროს თხილის წნელით ვანაცვლებ“.

85 წლის მოხუცს ექვსი შვილი (ერთი გარდაეცვალა) 19 შვილიშვილი და  13 შვილთაშვილი ჰყავს. როცა ვეკითხები, ეხმარებიან თუ არა შვილები და შვილიშვილები საქმიანობაში, ეღიმება. საუბარში მისი ცოლი, ქალბატონი თენზილე ერთვება: „ვეხმარები შვილო, თხილისა და სუროს წნელების გათლაში. რა უნდა დემეხმაროს, მის გაკეთებულს ისევ ვთლი“ –  ხუმრობს ბატონი ხასანი.

ხასან ფარტენაძის რძალი, ციცინო ამბობს, არაერთხელ უთქვამთ მოხუცისთვის დაესვენა, მაგრამ იგი საქმეს ვერ ელევა.

„უქმად ყოფნა არ მიყვარს, დროც გამყავს, გავყიდი –  ფულიც მექნება, ბადიშებს ვაძლევ. უქმად რა გამაჩერებს, ბავშვობიდან ვშრომობ, დიდ გოდრებს 30 ლარში ვყიდი, პატარებს – 25 ლარად, ასეა გიდელიც, დიდი 20 ღირს, პატარა – 15, დიდი ზომისას დიდი შრომა უნდა, ასე არაა?!“

მოხუცებული არც მყიდველის ნაკლებობას უჩივის, ამბობს, რომ შეკვეთებსაც ხშირად იღებს:

„ყოველთვის მყავს მყიდველი, უფრო მეტად შემოდგომაზე, როცა ხურმა და მანდარინი შემოდის, ზოგი პატარა გოდორს მიკვეთავს, ზოგიც დიდს, მეც ვისაც როგორი უნდა ისეთს ვუმზადებ, მთავარია მყიდველსაც მოეწონოს და არც ის არ დარჩეს გულნატკენი. სულერთია რის გაკეთებას მთხოვს, ყველაფერს გულისყურით ვუდგები და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ზოგი ტელეფონზე მირეკავს, ზოგიც ადგილზე მოდის“.

აწუხებს ის, რომ მისი საყვარელი საქმე ახალგაზრდებს არ აინტერესებთ: „ახალგაზრდა ვინ მოდებს ხელს გოდორს, ახალგაზრდას არ აინტერესებს გოდორი, დიპლომებიანი არიან“.

თავისუფლების კუნძული

 

 

„ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა.  მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება… იცი რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ… და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად, სურს, რომ წაგართვას. შეუგნებლად ებრძვის შენს პიროვნებას და იცი, ერთხელაც, მწარედ, მწარედ გაგიკვირდება, რომ ის, ვინც გზრდიდა, გაჭმევდა, გბანდა, გივლიდა, გაცმევდა, ვერასოდეს ხვდება, რა დარდი გჭამს, რა სატკივარი“, – ეს ვაჟიშვილის აზრებია ნაირა გელაშვილის წიგნიდან `დედის ოთახი“.

 

პირადად მე ძალიან მიყვარს ეს წიგნი. მიზეზი, რატომაც ჩამიძვრა ის სულში და ზღვის იდუმალ ფსკერზე მაგრძნობინა თავი, დამაფიქრა საკუთარ სივრცეზე, არის აზრი, რომელიც გამიჩნდა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ. პირადი სივრცის შექმნას ასე თუ ისე ყველა ადამიანი ახერხებს, თუმცა, ცხოვრებისეული ვნებათაღელვების გამო უამრავ ცვლილებას განვიცდით და ადამიანმა შეიძლება მისი შენარჩუნება ძნელად შეძლოს.

 

მე ცალკეული ადამიანების კი არა, მშობლების „თავისუფლების კუნძულზე“ მინდა საუბარი. „დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა“ – გვანამუსებს ვაჟა. ჩვენ, შვილებს, მარტივად გამოგვდის საკუთარი სივრცის გამოყოფა, ჩვენს ცხოვრებასა და მშობლების ცხოვრებას შორის გამყოფი ხაზის გავლება. დავფიქრებულვართ ოდესმე, რომ მშობელსაც შეიძლება ჰქონდეს პირადი სივრცე? სივრცე, სადაც შეძლებს საკუთარ თავთან, აზრებთან, მისწრაფებებთან, უბრალოდ თავის ცხოვრებასთან პირისპირ დარჩენას. დარჩენას მარტო, ჩვენ გარეშე…

 

საქართველოში მიჩვეულები ვართ, რომ ოჯახის წევრების პირადი ცხოვრება ხშირად ერთმანეთშია გადახლართული; შვილებს ბუნებრივად მიაჩნიათ მშობლების ზრუნვა, ვალდებულადაც თვლიან მშობლებს, რომ ისინი დაეხმარონ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში.

 

არასოდეს გაგჩენიათ გრძნობა თითქოს ზღვაში იძირები, უამრავ გრძელ და გადახლართულ წყალმცენარეს ედები, როცა მშობლების, – დედის ან მამის ნივთებს, ოთახს ხედავ? იდუმალს, ჩვენთვის ამოუხსნელს და უცხოს. ამ პატარა დეტალებში თითქოს თავისუფლების კუნძულია დაუცველად განფენილი, რომელსაც მშობლებს ვართმევთ ხოლმე შვილები ჩვენი თავკერძობით, ეგოიზმით. და ისინი კი დაუნანებლად გვითმობენ… პატარა კუნძული, სადაც მშობლები ჩვენ გარეშე რჩებიან სხვაგვარ სიმშვიდეში… ამაზე როცა დავფიქრდი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი და მაშინ შემებრალა ჩემი მშობელი… დავფიქრდი იმაზე, რომ შვილებმა უნდა მივცეთ მშობლებს გარკვეული დოზით თავისუფლების უფლება, რათა სამაგიეროდ მივიღოთ იმავე დოზის თავისუფლების ისეთივე (ან ცოტა მეტი) ულუფა. მათი ცხოვრება ხომ ბოლომდე ჩვენსაშია ისე ჩაქსოვილი, რომ გამოცალკევება შეუძლებელი თუ არა, ძალზე ძნელია.

 

განსაზღვრავს თუ არა ოჯახის ტიპი (ლიბერალური, ინდიფერენტული, ავტორიტეტული და ავტორიტარული) „თავისუფლების კუნძულის“ ქონა-არქონას? ამასთან ერთად გამიჩნდა კითხვა: ნიშნავს თუ არა ლიბერალური ან ინდიფერენტული ოჯახი „თავისუფლების კუნძულის“ ქონას? ეს ორი ტიპი გამოვყავი იმ მიზნით, რომ ავტორიტეტული და ავტორიტარული ოჯახის ტიპები არ გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას, ზემოთ ჩამოთვლილი ორი კი „მსუბუქ ფორმას“ წარმოადგენს.

 

პირადად მე, მგონია, რომ არც ერთი მათგანი, მიუხედავად მათი სიმარტივისა, თავისთავად არ გულისხმობს „თავისუფლების კუნძულის“ არსებობა-არარსებობას. ლიბერალური ოჯახის თვალსაზრისით მშობლები ნაკლებად აკონტროლებენ შვილებს, აძლევენ მათ სრულ თავისუფლებას, თუმცა აქტიურად ადევნებენ თვალ-ყურს მათ ცხოვრებას და ნებისმიერ დროს მზად არიან დახმარება გაუწიონ. რაც შეეხება ინდიფერენტულ ოჯახს, ის მითუმეტეს არ გულისხმობს ამ კუნძულის არსებობას. მშობლები ბოლომდე არიან ჩართულები საკუთარ პრობლემებში და შვილების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. ეს არ გულისხმობს პირადი სივრცის არსებობას.

 

კუნძული მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა არსებობს ადგილი შვილებისთვის და პატარა თავშესაფარი, საკუჭნაო გამოყოფილია მშობლის საკუთარი „მე“-სთვის, სადაც მას შეუძლია მარტოობაც, განტვირთვაც. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს შვილებზე უარის თქმას, პირიქით, ამ კუნძულის წყალობით მშობლებისა და შვილების ურთიერთობა უფრო სისხლსავსე და მრავალფეროვანი უნდა გახდეს.

 

კიდევ ერთი კითხვა არ მასვენებს: იქნებ კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული ჰქონდეს თუ არა პირადი სივრცე და საკუთარი კუნძული? იქნებ ამ კითხვაზე პასუხის სირთულე მშობლისა და შვილის უპირობო სიყვარულში უნდა ვეძებოთ: შვილის გაჩენის დღიდან მშობელი ჩართულია მის მოვლა-პატრონობაში, მისთვის სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ცხოვრების ორგანიზებაში.  შვილები იზრდებიან, მშობლები ასაკში შედიან, ეს კავშირი კი უწყვეტია. ალბათ, ამ პირობებში რთულია თავისუფლების კუნძულის „კვება“, რათა ის საბოლოოდ არ გაქრეს ნისლივით. როგორ შეიძლება შეინარჩუნო საკუთარი, პირადი სამყარო, კუნძული, როცა შვილის ცხოვრებაში მუდამ ახალი ეპოქების მონაცვლეობა იწყება.     

რკინის მოაჯირები 200 ათასად რუსთაველის გამზირზე

 

რუსთაველის გამზირი მთლიანად რკინის მოაჯირებით შემოკავდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ მიიღო და ტექნიკურ სამუშაოებზე ტენდერიც გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანიის „ე-კლასის“ ხელმძღვანელი, ქეთევან ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ რკინის მოაჯირების დამონტაჟების პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.  

„ჯერჯერობით სამუშაოები მხოლოდ ამ ქუჩაზე მიმდინარეობს, თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული სხვა ქუჩებზეც, აუცილებლად მივიღებთ იქაც მონაწილეობას. მოაჯირის დიზაინი ჩვენი შემუშავებულია და ვფიქრობ, ძალიან ლამაზია“, – ამბობს ქეთევან ცეცხლაძე.

 

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ ბურკაძე აცხადებს, რომ რუსთაველის ქუჩის მსგავსი ბორდიურების გაკეთება სამომავლოდ გოგებაშვილის ქუჩაზეცაა გათვალისწინებული. „მოაჯირები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კეთდება. ფეხით მოსიარულეები ვეღარ გადაკვეთენ ყველგან ქუჩას და გადავლენ მხოლოდ სპეციალური გადასასვლელებით. რაც შეეხება გოგებაშვილის ქუჩას, ჯერ თანხა არ დაგვითვლია და არ ვიცი, რამდენი დაჯდება ღობის გაკეთება, მაგრამ სამომავლოდ ვაპირებთ“. 

 

მერიამ რკინით შემოაკავა ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის კვეთაში არსებული სკვერიც. ავთანდილ ბურკაძის თქმით, სკვერის შემოღობვა მოსახლეობის მხრიდან მწვანე საფარის გადათელვისგან დაცვით იყო განპირობებული. „ამ მონაკვეთში სტიქიური მოძრაობაა,  ფეხით მოსიარულეები ხშირად კვეთენ ამ სკვერს და მწვანე საფარს  აზიანებენ. ახლა კი მხოლოდ გადასასვლელი ბილიკით ისარგებლებენ“. 

სკვერის შემოღობვას შპს „მონოლითი 2005“-ი აწარმოებდა,  ტექნიკური სამუშაოები 21 ათასი ლარი დაჯდა. 

 

ცნობისთვის, ბათუმის ზღვისპირა, რუსთაველის ქუჩის რემონტისთვის, რომლის სიგრძეც 1600 მეტრია, ბათუმის მერიამ ბოლო ხუთ წელში 10-მილიონამდე ლარი დახარჯა. შესაბამისად, რუსთაველის ქუჩის ერთი მეტრის მოასფალტება-მოკირწყვლაში 566 ლარი, ხოლო განათებისთვის დამატებით ერთ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის წარმომადგენლის, ნინო ტავლალაშვილის შეფასებით, საბიუჯეტო დეფიციტის ფონზე მხოლოდ ერთი ქუჩისთვის საბიუჯეტო თანხის ყოველწლიურად ხარჯვა, არაგონივრულია.  „მსგავსი ჯებირებით და აკრძალვებით მოსახლეობას ვერ ასწავლი, როგორ გადაკვეთოს ქუჩა. ეს არის სამოქალაქო ცნობიერების საკითხი, რომელიც სხვა მხრივ უნდა უყალიბდებოდეს მოქალაქეს. ცოტა ხანში ჩვენ ვნახავთ იმას, რომ დაიწყება მსჯელობა რამდენად მიზანშეწონილი იყო ამ პროექტის განხორციელება, თუნდაც ესთეტიკური თვალსაზრისით. ამ პრინციპით, მაშინ მთელ ქალაქში უნდა მოხდეს ქუჩების აღჭურვა, რადგან ისეთივე ტემპით და ფორმით გადაკვეთენ მოქალაქეები ქუჩას სხვაგან, როგორც რუსთაველზე,  თუნდაც ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც ასევე საკმაოდ ხალხმრავალია.

 

მაშინ, როცა ჩვენ ბათუმის სინამდვილეში გვაქვს ისეთი ქუჩები და უბნები, რომელთა მოშანდაგებაც კი არ მომხდარა წლებია, აბსოლუტურად მოუწესრიგებელია და იმის გამო, რომ ქუჩები მოხრეშილიც კი არ არის, ფიზიკურად გადაადგილება შეუძლებელია, ზედმეტი ფულის ხარჯვა თუნდაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, არაგონივრულია“. 

 

ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, წელს ბათუმში 16 ქუჩის მოასფალტება დასრულდა. „გონიო-კვარიათში კეთდება 13 ჩიხი, რომელიც, ვფიქრობ, წელს მოესწრება. დაწყებულია ერისთავის, ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაცია, მალე დასრულდება გუდიაშვილისა და სათნოების ქუჩების მოასფალტებაც“.

 

 

 

 

საბავშვო ჯოჯოხეთი უილიამ გოლდინგისგან

 

„ბუზთა ბატონში“ გოლდინგი ცდილობს, დაგვანახოს, რა შეიძლება მოხდეს იმ საზოგადოებაში, სადაც არ არსებობს შეზღუდვის მექანიზმი, უგულვებელყოფილია ყველანაირი ნორმა, კანონი და ადათი. კუნძული ამ შემთხვევაში ჩაკეტილი საზოგადოებაა, მოჯადოებული წრე, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია.

 

როგორ წარმოგიდგენიათ ბავშვების ჯგუფი, რომელიც თვითმფრინავის დაღუპვის შემდეგ უკაცრიელ კუნძულზე ხვდება? გეტყვით, როგორც: ისინი კოცონს ანთებენ, ნადირობენ, ხილს აგროვებენ, მზეზე ირუჯებიან, ბანაობენ და ძალიან, ძალიან მხიარულად ატარებენ დროს. ბავშვები ხომ ყველაზე უცოდველი არსებები არიან.

 

თავიდან მართლაც ასე ხდება: ბავშვები ერთობიან. ზუსტად ისეთივე გასართობებით, როგორც ათასობით მათი თანატოლი გაერთობოდა. მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება, მათ შორის, გართობის საშუალებებიც. ბავშვები აღმოაჩენენ, რომ ძალაუფლება ყველაზე მძლავრი იარაღია,  ადამიანების სიცოცხლით გართობას კი ვერც ერთი თავშესაქცევი ვერ შეედრება, მითუმეტეს, თუ არავინ გაკონტროლებს, არც მშობელი ჩანს ახლომახლო და არც მასწავლებელი.

 

ცივილიზებული, კარგად აღზრდილი ბრიტანელი ბიჭები მალე გადაიქცევიან პატარა ველურებად, ზოგიერთი მათგანი კი ნამდვილ ურჩხულად. წიგნში ძალიან შემაძრწუნებლად და მოურიდებლადაა ნაჩვენები, რომ ურჩხული შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანში იმალებოდეს და უბრალოდ ხელსაყრელ დროსა და შესაბამის პირობებს ელოდეს გასაღვიძებლად.

 

მიუხედავად იმისა, რომ „ბუზთა ბატონი“, ერთი შეხედვით, ცუდად არ მთავრდება, დასასრული მაინც საოცრად უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს – ბავშვები, რომლებიც სახლში ბრუნდებიან, აღარასდროს იქნებიან ისეთები, როგორებიც კუნძულზე მოხვედრამდე იყვნენ –  მათ  ისეთი რამ ნახეს, რაც, შესაძლოა, ბევრ უფროსსაც არ უნახავს: ბევრი სისხლი და თანატოლები, რომლებიც მხოლოდ თამაშისა და ძალაუფლების გამო მზად იყვნენ მათ დასახოცად.

 

რაც შეეხება თვითონ ბუზთა ბატონს, ის სხვა არაფერია, თუ არა ყოველი ჩვენგანის ბნელი მხარე, ბოროტება, რომელიც ყოველ ადამიანში თვლემს. 

თვითმმართველობის კანონი და სოფელი

 

ელგუჯა ბაჯელიძე ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოგნიძეებში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ თვითმმართველობის კანონპროექტის შესახებ, რომელსაც მთავრობა განიხილავს, მისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. იგი ფიქრობს, რომ ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში სოფელი მეტ დამოუკიდებლობას მიიღებს.

 

„სოფლის გასაჭირი გლეხკაცს უფრო ესმის. ზემოდან  მოსული კაცი ვერ გაგვიკეთებს იმას, რაც ჩვენთვის საჭიროა. პირველ ეტაპზე სამეურნეო პრობლემებია მისახედი. მექანიზაციის გარეშე სოფელი ვერ განვითარდება. მისახედია სოფლის გზები,“ – ამბობს ის.

 

მალხაზ ხიმშიაშვილი ზამლეთის თემის რწმუნებულია. იგი ამბობს, რომ კანონპროექტის დეტალებს არ იცნობს, თუმცა მოლოდინი იმის, რომ სოფელში ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება, არსებობს: „თუკი ყველა თემს თავისი ბიუჯეტი ექნება, თვითონ განკარგავს და  გამგეობაზე აღარ იქნება დამოკიდებული, ამას რა ჯობია, ზედმეტ ბიუროკრატიას თავს დავაღწევთ.“ იგი იმაზეც ფიქრობს, როგორ შეიძლება სოფელი სამომავლოდ განვითარდეს: `ჩვენს სოფელში ისტორიული ციხესიმაგრე   და მუზეუმია, თუ ინფრასტრუქტურა  გაკეთდება, არც ტურისტებს დაეზარებათ ამოსვლა, ადგილზე ხელნაკეთებს იყიდიან, ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და შემოსავალი გაჩნდება. 

 

თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონპროექტის დეტალები უცნობია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში მცხოვრები თამილა შალიკაშვილისთვისაც, თუმცა მას მიაჩნია, რომ თუკი სოფელს დამოუკიდებელი ბიუჯეტი ექნება, მომავლის პერსპექტივას გააჩენს: „ჩვენს სოფელში მოსახლეობამ თხილის ბაღების მოშენება დაიწყო, თუკი ეს მეურნეობა განვითარდება, შემოსავალიც გაჩნდება. სხვა პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.“

 

კანონპროექტის იმ ვარიანტის თანახმად, რომელიც მთავრობამ მოიწონა, რეგიონული გაერთიანების ხელმძღვანელი ცენტრალური მთავრობის მიერ ადგილზე დანიშნული მოხელე, გუბერნატორია, ხოლო მის კოლეგიურ ორგანოს წარმოადგენს საბჭო, რომლის წევრებიც არიან გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩეული წევრები, რომელთა რაოდენობა თუ პოლიტიკური კუთვნილება კანონში მოცემული კალკულაციის ფორმულით განისაზღვრება. საბჭო ზრუნავს მასში შემავალი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისათვის საერთო მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელებაზე, საერთო გზების მოვლა-პატრონობაზე და ასე შემდეგ, ხოლო მისი ხელმძღვანელი გუბერნატორი, რომელიც რეგიონში ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელია, ასევე ანგარიშვალდებული ხდება საბჭოს წინაშეც, რომელსაც მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების ბერკეტიც აქვს.

 

„პირველი შემთხვევაა  არამარტო აღმოსავლეთ, არამედ მთელი ევროპის სისტემაში, როდესაც ხელისუფლება თვითონ ეუბნება თვითმმართველობებს, რომ ის უფლებები, რაც თქვენია, უნდა გადმოგცეთო. ამიერიდან მე აღარ გიბრძანებთ რა ჩაიცვათ, ეს უკვე თქვენი ნებააო. მმართველი ელიტა არასდროს ნებით არ უშვებს ამ ბერკეტებს ხელიდან“, – ამბობს დავით ლოსაბერიძე „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის წარმომადგენელი“, რომელიც თვითმმართველობის რეფორმას წლებია ლობირებს.

 

თუმცა საზოგადოებრივი ჯგუფები მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსი, გამომდინარე ქვეყნის რეგიონული დაყოფის პრინციპიდან, ავტონომიის ერთგვარ ჩანასახს შეიძლება წარმოადგენდეს და ზოგიერთ კუთხეში შესაძლოა მომავალში სეპარატიზმიც წაახალისოს. ამ სულისკვეთებას იზიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც კანონპროექტის კონკრეტული მუხლის თუ კარის დასახელების გარეშე ზოგადად განაცხადა, რომ ქვეყნის დაშლის საფრთხეს ისიც ხედავს.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი, რომელიც ერთ-ერთი სპეციალისტია მათ შორის, ვინც ამ კოდექსის მომზადებაზე იმუშავა, „ბათუმელებთან“ აბსურდს უწოდებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რეგიონულ გაერთიანებებს რაიმე სხვა მიზნები ჰქონდეს ან უარყოფითი შედეგები მოიტანოს ქვეყნის დაშლის თვალსაზრისით:

 

„საბჭო გააკონტროლებს გუბერნატორს, რომელზეც ხშირად არის ლაპარაკი, რომ ადგილზე უკონტროლო მოხელეა და ზეწოლას ახდენს თვითმმართველობაზე. მავანი ამბობს, რომ აი, თქვენ საქართველოს შლით და რომ, სიტყვაზე, ორი თაობის შემდეგ კახელი იტყვის, რომ მე ვარ  არა ქართველი, არამედ კახელი… ასეთი დამოკიდებულება [მოქალაქეების მიმართ] პირდაპირ შეურაცხმყოფელია და თუ ამ დონეზე ვართ, მაშინ სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკიც ზედმეტია“, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ზემოხსენებულ რეგიონულ გაერთიანებებს არავითარი საკანონმდებლო ან სახელმწიფოებრივი ბერკეტი არ გააჩნია იმისათვის, რომ პოტენციურად მაინც შექმნან რაიმე სახის საფრთხე სეპარატიზმის თვალსაზრისით.

 

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კოდექსი ქვეყნის დაშლის საფრთხეს ქმნის, არ იზიარებენ არც საპარლამენტო უმცირესობაში. როგორც უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ  „ბათუმელებს“ განუცხადა, რომელიც თვითთმართველობის საკითხზე მუშაობს, რეგიონული გაერთიანებების იდეა მისთვის ბუნდოვანია, თუმცა მისი პარტია რეფორმას არამარტო მხარს დაუჭერს, არამედ გულმხურვალე მხარდამჭერიც იქნება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რეგიონული განვითარების სამინისტრო პარტიის პოლიტიკური მდივნის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ დასმულ 9 საჯარო შეკითხვას ადეკვატურად უპასუხებს. `ნაცმოძრაობის~ შეკითხვები შეეხება იმას, თუ რა დამატებითი სახსრების გამოყოფა გახდება საჭირო ბიუჯეტიდან ზოგადად მთლიანი რეფორმის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე წელზეა გათვლილი. ასევე პარტიას აინტერესებს კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტებს მიენიჭებათ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, როდის დაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რა სისტემით ჩატარდება.

 

რას შეცვლის თვითმმართველობის შესახებ კანონი სოფლებისა და მუნიციპალიტეტებისთვის და არის თუ არა დღეს ქვეყანა მზად ახალი რეგიონალური მოწყობისთვის? 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე, იურისტი ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის ახალი კანონის ამოქმედება ქვეყანაში რეალურ დეცენტრალიზაციას შექმნის.

 

 „ქვეყანაში უნდა არსებობდეს რეალური დეცენტრალიზაცია. დღემდე თვითმმართველობა იმყოფებოდა პოლიტიკური წნეხის ქვეშ და უფლებამოსილების გამიჯვნა რეალურად არ ხდებოდა.

 

დეცენტრალიზაციის პირველი რეალური გამოხატულება იქნება არჩევითობის ინსტიტუტი, როცა მერებისა და გამგებლების არჩევა მოხდება პირდაპირი წესით.    შესაბამისად, ეს პირები აღარ იქნებიან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის  გავლენების ქვეშ.

 

სოფლებში აირჩევა სოფლის საბჭოები, რომლებიც შეიმუშავებენ ძირითად პრიორიტეტებს და წარადგენენ საკრებულოებში. დეტალები, რა თქმა უნდა, დაიხვეწება, აქ მთავარი პრინციპი ის არის, რომ სოფლის გადასაწყვეტი ხდება პრიორიტეტები. ყველას გვახსოვს სოფლის დახმარების პროგრამა, რომელიც წინასწარ იყო გაწერილი, კრებები ფორმალურად ტარდებოდა და ეს გამოვლინდა კიდეც იმაში, რომ ყველა სოფელში გაკეთდა ძირითადად მოსაცდელები და თან ყველა ერთნაირი ფორმის და ფერის. მას შემდეგ, რაც სოფელი გახდება იურიდიული პირი, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მის სახელზე წამოვა და შემცირდება ბიუროკრატიული ბარიერები.“ 

 

პრიორიტეტების დამტკიცების შემთხვევაში კონკრეტული სოფელი დაფინანსებას მიიღებს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. „სოფელს შეუძლია თვითონ დაწეროს კონკრეტული პროექტი და რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებაც კი მიიღოს, გააჩნია, რას მოიფიქრებენ და როგორ“, –  განმარტავს ასლან ჭანიძე.

 

რამდენად პერსპექტიულია  თვითმმართველობის კანონი ნახევრადდაცლილი სოფლებისთვის და  როგორ განვითარდება მენეჯმენტი კვალიფიციური რესურსების გადინების პირობებში? –  ასლან ჭანიძის განმარტებით, დეცენტრალიზაციის პრინციპი სწორედ ამ პროცესების შეჩერებისკენ იქნება მიმართული: „სოფლები იმიტომ იცლება, რომ არავითარი ნათელი წერტილი განვითარების, არ არსებობს.  დეცენტრალიზაციის პირობებში შეიძლება რამდენიმე ახლომდებარე სოფელი გაერთიანდეს და რაღაც ერთობლივი პროექტები დაგეგმოს. არავინ უნდა იფიქროს, რომ  მე კანონი დავწერე და აწი სოფელმა მიხედოს თავის თავს. ნებისმიერი სტრუქტურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იყოს მიმართული სოფლის განვითარებისკენ, მაგალითად, განათლების სამინისტრომ სკოლების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. არის სოფლები, სადაც შესანიშნავ ხელნაკეთობებს ამზადებენ, ეს შეიძლება განავითარო. თითოეულ სოფელთან უნდა მოხდეს  სპეციფიკური მიდგომა და ექსპერტებმა უნდა იმუშაონ, რა იქნება უმჯობესი კონკრეტული სოფლისა თუ რაიონისთვის. 

 

სოფლის თითოეული მცხოვრები უნდა იყოს დაინტერესებული, რომ  სოფელი ნაბიჯ-ნაბიჯ გახადოს მიმზიდველი. თუკი გომარდულში არის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მან განვითარება უნდა აიღოს იქეთკენ, რომ კურორტი მიმზიდველი გახადოს არა მარტო ზამთარში. პრიორიტეტები  კონკრეტული სოფლის თუ რაიონის საჭიროებებიდან უნდა განისაზღვროს. შეიძლება შუახევს ამ ეტაპზე სჭირდებოდეს ვერტმფრენი ან ყველგანმავალი მანქანა, ეს უნდა გადაწყვიტონ თვითონ. რაც შეეხება კვალიფიციურ რესურსს, რომ არ მოხდეს კადრების ქალაქში მიგრირება, საკრებულოებში უნდა შეინარჩუნონ ისინი, რომ შემდგომ სწორად წარიმართოს კონკრეტული სოფლის ლობირება.“  

 

 რაც შეეხება ენერგორესურსებს. ექნებათ თუ არა თვითმმართველობებს უფლება, მათ ტერიტორიაზე არსებული ჰესების თუ სხვა მსხვილი პროექტებიდან მოითხოვონ დივიდენდები თვითმმართველობის ბიუჯეტისთვის? როგორც ასლან ჭანიძე ამბობს, ენერგორესურსები ეკუთვნის სახელმწიფოს, „მაგრამ თუკი ხელისუფლების პოლიტიკა იქნება იქეთკენ მიმართული, რომ თვითმმართველობა ფინანსურად გაძლიერდეს, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რომ ვთქვათ 0,1 პროცენტი მსხვილი ბიზნესის შემოსავლებიდან წავიდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში“.     

 

 

 

 

 

 

 

 

 

სოფელ წინსვლაში სახლი ჩამოინგრა

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით მოზარდი უვნებლად გადარჩა, დედამ კი სავარაუდოდ ტვინის შერყევა მიიღო. ადგილზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. 

 

სახლის ნგრევის დროს ოჯახის ოთხივე წევრი სახლში იმყოფებოდა. ოჯახის წევრების თქმით, მათთვის უცნობია რა გახდა სახლის ჩამონგრევის მიზეზი. 

საგანგებო სხდომა აჭარის მთავრობაში

სხდომაზე რეგიონში შექმნის ვითარებას განიხილავენ. არჩილ ხაბაძის თქმით, ამ დროისათვის შუქი გრაფიკის გარეშე მიეწოდება ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს. 

 

გზებისა და სამელიორაციო განყოფილების უფროსის, კახა შაშიკაძის თქმით მინიმუმ ოთხო დღეა საჭირო, რომ აჭარის ყველა სოფელთან მისასვლელი გზა გაიწმინდოს.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნუგზარ სურმანიძის შეფასებით არსებულ სიტუაციისათვის მზად აღმოჩნდა რამდენიმე საავადმყოფო, მათ შორის, რეფერალური საავადმყოფო, „მედინა“ და „უნიმედ აჭარას“ ქსელი. მინისტრის თქმით ყველაზე დიდი პრობლემა პაციენტებისა და ფეხმძიმე ქალების ტრანსპორტირება აღმოჩნდა, იყო შემთხვევა, როცა მშობიარე ქალის საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხერხდა და ქალმა სახლში იმშობიარა.

 

განათლების მინისტრის, გიორგი თავამაიშვილის თქმით ამჟამად სასწავლო პროცესი ხულოს მუნიციპალიტეტის 49-ვე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.  

 

აჭარის მთავრობის სხდომაზე სატელეფონო კავშირით აჭარის რაიონების გამგებლებმა მინისტრებს შექმნილი მდომარეობა გააცნეს. მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ხულოს შუახევისა და ქედის გამგებლებს სარეზერვო თანხით დახმარება შესთავაზა, რომლითაც გზების თოვლისგან გაწმენდისთვის მუნიციპალიტეტებში არსებული კერძო ტექნიკის დაქირავებასა და საწვავს მოხმარდება.

 

 აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფასა და ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით ხვალ შეთანხმდებიან.

ჯაბა მემიშიში ევრაზიის თასის გათამაშების ჩემპიონი

 


ბათუმელი ჯაბა მემიშიში თავის წონით კატეგორიაში (60 კგ) ჩემპიონი გახდა კიკბოქსინგში ევრაზიის თასის გათამაშებაზე. შეჯიბრი თბილისში 29-30 ნოემბერს გაიმართა.

ჯაბა მემიშიშს თბილისში გამართულ ჩემპიონატზე ახლდა აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ დანელია. მწვრთნელის თქმით, ახალგაზრდა სპორტსმენმა ყველა მოწინააღმდეგე ღირსეულად დაამარცხა.

შეჯიბრში საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ სპორტსმენები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ირანიდან.

ჯაბა მემიშიში არის საქართველოს ნაკრების წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, კავკასიის ქვეყნების სამგზის ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

ევრაზიის თასის გათამაშებაზე კიდევ ერთი ბათუმელი, კიკბოქსინგის ფედერაციის წევრი სანდრო ტუღუში მსაჯის რანგში იყო მიწვეული. 23 წლის სანდრო ტუღუში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია.


მანდარინები

„ხომ შეიძლება თავისი ნებით გადაყაროს გლეხმა მანდარინი?“  –  ეს მურმან დუმბაძემ მკითხა გადაცემაში. მანამდე მე ვკითხე, აპირებდა თუ არა პოლიტიკის დატოვებას, თუკი ციტრუსის სეზონი ჩავარდება? საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე მურმან დუმბაძემ „დიალოგში“  თქვა: „თუკი წელს მეციტრუსე თუნდაც ერთ კაკალ მანდარინს გადააგდებს, პოლიტიკას დავტოვებ“.

ჰოდა, თუკი გლეხობას კარგ ფასს სთავაზობენ, მაგრამ ისინი მანდარინს მდინარეში ყრიან, მურმან დუმბაძემ პოლიტიკა რატომ უნდა დატოვოს? ან თუკი მეციტრუსეები ჭაჭას სვამენ და საქმეს არ აკეთებენ, მინისტრი ზაურ ფუტკარაძე რა შუაშია? მერე რა, რომ ციტრუსის სეზონის დაწყებამდე მინისტრი განბაჟების შემცირებულ ტარიფებზე საუბრობდა, ექსპორტიორები კი საუბრობენ იმაზე, რომ განბაჟებაში არაფერი შეცვლილა.

მერე რა, რომ დაპირებული გემი რახანია მოდის…

როდის ან რაში სჭირდებათ პოლიტიკოსებს ილუზიის შექმნა? ვინ შეიძლება დააჯერო, მაგალითად, როცა ირწმუნები: ციტრუსი იყიდება, ყველაფერი გენიალურადაა, მაგრამ „მეციტრუსე ციტრუსს წყალს ატანს“? „მეციტრუსეები ჭაჭას სვამენ და უმჯობესია ხარისხიანი ციტრუსის მოყვანაზე იზრუნონ“, ან კიდევ: „გადაცემაში ერთი წლის განმავლობაში ვერ გესტუმრეთ იმიტომ, რომ მოუცლელი ვარ და ძალიან ვიღლები“; (ეს ბოლო პასუხი ავთანდილ ბერიძეს ეკუთვნის).

ილუზია ალბათ მაშინაა „საჭირო“, როცა პოლიტიკოსს სჯერა, რომ რაც უნდა მოხდეს, სისუსტე არ უნდა აჩვენოს ვინმეს. პირიქით, უნდა დაანახოს ყველას, რომ უკან არ იხევს, სათავეში დგას, ძლევამოსილია, აღმატებულია, კი არ დაიქირავა ხალხმა, არამედ თავად მას ემორჩილებიან და ხალხს, რასაც უნდა იმას ეტყვის.

გეტყვის, რომ „მოგზავნილი ხარ“, „ჩაწყობილი ზარია“, „მითხარით სახელი და გვარი, სად ცხოვრობთ?“  – ამ ფრაზებით „უტევდა“ მურმან დუმბაძე მაყურებელს, ვინც სეზონის პრობლემებზე სვამდა შეკითხვებს.

მხოლოდ მაყურებელს არა, ჟურნალისტებსაც წამოგვიყენა პრეტენზია იმ საღამოს მურმან დუმბაძემ. გვითხრა, რომ „ვაწყობთ ზარებს“და `შეგნებულად ვარჩევთ კრიტიკულ ზარებს“.

მერე რა, რომ ამას ვერ ადასტურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი? მერე რა, რომ მაყურებელი ზედიზედ რეკავს და ერთსა და იმავეს ამბობს?

ეს ჟურნალისტები ამუქებენ სურათს, არ ასვენებენ მანდარინებს, თორემ არაფერი უჭირს მეციტრუსეს…

ჭაჭას სვამს და გაბრუებული დადის.

ბათუმი-ქედის მიმათულებით ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა

 

„წუხელ ღამის 12 საათზე ჩამოწვა, მერე 3-ზე და დღეს დილით კიდევ 6 საათზე. ახლა გზა გაწმენდილია. მთელს მუნიციპალიტეტში შუქი არ არის, გზები იწმინდება, მაგრამ  სოფლების მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ დავით დუმბაძემ.

 

დიდთოვლობაა შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტში.  სოფლების უმრავლესობაში მისასვლელი გზები გაუწმენდავია. ზოგგან თოვლის საფარი 2,5 მეტრს აღწევს, 1,5 მეტრი თოვლია  დაბა ხულოში.

 

„ამჟამად ხულოში გადაუღებლად თოვს. სოფლების უმრავლესობაში თოვლის საფარი მაღალია და იმის გამო რომ შუქი არაა,  სატელეფონო კონტაქტიც ვერ ხერხდება. ცენტრალური მაგსიტრალი იწმინდება. ხულოში  მეტრნახევარს აღწევს  თოვლის საფარი,“  – განაცხადა ბათუმელებთან საუბარში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.

 

მისივე ინფორმაციით მოძრაობა შეზღუდულია სხალთის  მიმართულებით. აჭარაში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს.

 

REAP -ის ტექნიკური დახმარების პროგრამაში მონაწილეობისთვის აგრობიზნესების მიერ განაცხადების წარდგენის მოთხოვნა

 

 


აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო  წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (შემდგომში REAP) საქართველოში ახორციელებს კომპანია CNFA, ქვეკონტრაქტორების – კომპანია CARANA და კომპანია WFLO (მსოფლიოს სურსათის ლოჯისტიკური ორგანიზაცია) დახმარებით. REAP სოფლად შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას ისახავს მიზნად აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვის და  ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით. ტექნიკური დახმარებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ამარაგებენ მცირე და საშუალო აგრობიზნესებს პირველადი წარმოებისათვის საჭირო  მასალებით (თესლი, ნერგები, სასუქი, მცენარეთა დაცვის საშუალებების და ა.შ.) ან უწევენ მათ სხვადასხვა მომსახურებას (კონსულტაციები, ტრენინგები, ინფორმაცია და ა.შ.). REAP ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას,  შეამცირებს სოფლად მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ – ფაქტორებს, გააძლიერებს მდგრად კომერციულ კავშირებს მწარმოებლებს, მიმწოდებლებს, დამამზადებლებს და ადგილობრივ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

REAP გამოსცემს წინამდებარე მოთხოვნას  საქართველოში რეგისტრირებული აგრობიზნესების მიერ ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით განაცხადების წარდგენის თაობაზე. ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი ტიპის აგროსაწარმოები:

 

  • პირველადი წარმოება (სანერგე მეურნეობები, სათესლე მასალის მწარმოებლები, სათბურები, ფერმერთა ორგანიზაციები)
  • ფერმერთა მომსახურების ცენტრები (კერძო აგრობიზნესი, კოოპერატივები, ფერმერთა რეგისტრირებული ორგანიზაციები)
  • ინფორმაციის და მომსახურების მიმწოდებლები (ლაბორატორიები, ბაზრის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლები, ინდუსტრიული ასოციაციები)
  • მექანიზაციის ცენტრები (კერძო აგრობიზნესები, კოოპერატივები, ფერმერთა რეგისტრირებული ორგანიზაციები)
  • მოსავლის აღების შემდგომი დამუშავების და გადამუშავების საშუალო და მცირე ზომის   საწარმოები (კერძო აგრობიზნესები, კოოპერატივები, მოვაჭრეები, ექსპორტიორები)

 

საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების შერჩევა მოხდება წინასწარ გაწერილი  პროცედურის შესაბამისად. ზემოთჩამოთვლილი აგრობიზნესების ტექნიკური დახმარება მოიცავს შემდეგ სფეროებს:

 

  • ბიზნესის ადმინისტრირება, მიწოდების ჯაჭვის მართვა და მარკეტინგი
  • ფერმერთა ტრეინინგი და ტექნოლოგიების და ჯიშების დემონსტრაცია
  • სურსათის ხარისხის და უვნებლობის სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება
  • მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის დაბინავების, შენახვის და გადამუშავების ტექნოლოგიების  და დანადგარების მოძიება და შესყიდვის ხელშეწყობა. 
  • ადამიანური რესურსების მომზადება
  • სპეციალური ინიციატივები

 

მცირე და საშუალო საწარმოების შესაბამისობის  მოთხოვნები

  1. კომპანიის ტიპი – კომპანია დარეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში და უნდა ოპერირებდეს  აგრობიზნესის სფეროში;
  2. საკუთრება – კომპანია უნდა იყოს 100% კერძო საკუთრებაში

 

დაინტერესებულმა აგროსაწარმოებმა სტანდარტული განაცხადი უნდა გაგზავნონ   ელ–ფოსტით, მისამართზე sme@georgiareap.org ან წარადგინონ REAP–ის ოფისში კოსტავას ქ. #47, ოთახი 22, არა უგვიანეს 2013 წლის 31დეკემბრის 17 საათისა თბილისის დროით. განაცხადის ფორმა, შერჩევის კრიტერიუმები და შესაბამისი დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.jobs.ge/66176/ გთხოვთ ელ.წერილის თემის სტრიქონში მიუთითოთ თქვენი კომპანიის სახელწოდება და“REAP SME EOI”. 

ცხელი ხაზის ნომერი: 595 030361

მოთხოვნა ბიზნეს–სერვისების მიმწოდებელი ქართული ორგანიზაციების მხრიდან დაინტერესების გამოხატვის შესახებ

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო  წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (შემდგომში REAP) საქართველოში ახორციელებს კომპანია CNFA, ქვეკონტრაქტორების – კომპანია CARANA და კომპანია WFLO (მსოფლიოს სურსათის ლოჯისტიკური ორგანიზაცია) დახმარებით. REAP სოფლად შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას ისახავს მიზნად აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვის და  ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით. ტექნიკური დახმარებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ამარაგებენ მცირე და საშუალო აგრობიზნესებს პირველადი წარმოებისათვის საჭირო  მასალებით (თესლი, ნერგები, სასუქი, მცენარეთა დაცვის საშუალებები და ა.შ.) ან უწევენ მათ სხვადასხვა მომსახურებას (კონსულტაციები, ტრენინგები, ინფორმაცია და ა.შ.). REAP ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას,  შეამცირებს სოფლად მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ – ფაქტორებს, გააძლიერებს მდგრად კომერციულ კავშირებს მწარმოებლებს, მიმწოდებლებს, დამამზადებლებს და ადგილობრივ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

REAP გამოსცემს წინამდებარე მოთხოვნას დაინტერესების გამოხატვის შესახებ (EOI) სათანადო კვალიფიკაციის მქონე ბიზნეს–მომსახურების მიმწოდებელი ქართული  ორგანიზაციების მხრიდან. ეს ორგანიზაციები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) კომერციულ საკონსულტაციო კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებს და  დარგობრივ ასოციაციებს. EOI-ის მიზანია აგრობიზნესის დარგში ბიზნეს–კონსულტაციების და ტრეინინგის მომსახურების განხორციელება ქვემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ სფეროებში:

 

  • ბიზნესის ადმინისტრირება, მიწოდების ჯაჭვის მართვა და მარკეტინგი
  • ფერმერთა ტრეინინგი და ტექნოლოგიების და ჯიშების დემონსტრაცია
  • ხარისხის სტანდარტები და სერტიფიცირება
  • მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის დაბინავების, შენახვის და გადამუშავების ტექნოლოგიები
  • ადამიანური რესურსების მომზადება
  • სპეციალური ინიციატივები
  •  

შერჩევის პროცესის  I ეტაპზე REAP განსაზღვრავს მინიმუმ 5 ბიზნეს–მომსახურების მიმწოდებელს (BSP), რომლებიც გაუწევენ მომსახურებას  REAP–ს, აგრობიზნესებს  და ფერმერებს   პროექტის პირველი წლის და შემდგომი პერიოდის განმავლობაში.  

 

შერჩევა ხდება შემდეგი კრიეტერიუმების საფუძველზე:

 

  1. ორგანიზაციის/კომპანიის გამოცდილება (კომპანიის და/ან მისი პარტნიორების და ძირითადი პერსონალის გამოცდილება);
  2.  თანამშრომელთა კვალიფიკაცია (პარტნიორების/ძირითადი პერსონალის პირადი საკვალიფიკაციო მონაცემები (CV));
  3. კომპეტენციის სფერო (კომპანიის და/ან მისი პარტნიორების ძირითადი პერსონალის პროფესიული გამოცდილება აგრობიზნესის დარგში);
  4. რეგიონში მუშაობის გამოცდილება (კომპანიის საკონსულტაციო ქსელის მასშტაბი, მცირე ქალაქებსა და სოფლებში სერვისების მიწოდების შესაძლებლობა და რესურსი);
  5. წარსულში განხორციელებული სამუშაო/სერვისები  (განხორციელებული სამუშაოები და გაზომვადი  შედეგები – მინიმუმ 5 მაგალითი, რეკომენდატორების მითითებით).

დაინტერესების შემთხვევაში საჭიროა განაცხადის და თანმდევი დოკუმენტების გაგზავნა ელ–ფოსტით შემდეგ მისამართზე: bsp@georgiareap.org არა უგვიანეს 2013 წლის 31დეკემბრის 17 საათისა. განაცხადის ფორმა  და შესაბამისი დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://www.jobs.ge/66177/ გთხოვთ ელ.წერილის თემის სტრიქონში მიუთითოთ თქვენი კომპანიის სახელწოდება და“REAP BSP EOI”.  

 

ცხელი ხაზი: 595 030361

ფოტორეპორტაჟი შუახევიდან

 

შუახევის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. შუახევში ისევ გადაუღებლად თოვს.

შუახევი ელექროენერგიის გარეშე დარჩა

მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის თქმით, ელექტოენერგიის მიწოდების აღდგენას გადაუღებელი თოვა უშლის ხელს.

 

„გუშინ და დღეს გადადაუღებლად თოვს. თოვლის საფარმა დაბაში 50 სმ-ს მიაღწია. სოფლებში უფრო მეტი სიმაღლის თოვლია. დაზიანებულია ელექტროენერგიის ძირითადი ხაზი და რაიონს ამ ეტაპისთვის არ მიეწოდება. გზები ჩაკეტილია. გარდა მაღალი სიმძლავრის მანქანებისა, სხვა ავტომობილები ვერ მოძრაობენ. ასეთ ამინდში რეკომენდირებული არ არის გაწმენდა. ტექნიკის მოძრაობამ შეიძლება ზვავიც კი გამოიწვიოს, ამიტომ ველოდებით თოვის გადაღებას. ტრაქრორები და საწვავი მობილიზებულია. ამინდი გაუმჯობესდება თუ არა დავიწყებთ გაწმენდას“, – განმარტა ტარიელ ებრალიძემ.

 

ხულოს სოფლებში 1 მეტრამდე თოვლი მოვიდა


 

„დაბაში ახალი თოვლი გვაქვს 50-60 სმ. სოფლებში მეტრზე მეტია. ამ ეტაპზე თოვს. ჩვენ ვეცდებით ცენტრალური გზები გავხსნათ, მუშაობს 4 თუ 5 ტრაქტორი. რაც შეეხება სოფლებში მისასვლელ გზებს, აქაც მუშაობს ტრაქტორი  ფეხით სასიარულო გზები რომ იყოს. ისეთი სიტუაცია არ გვაქვს, რომ ავადმყოფი იყოს გადასაყვანი, ან რამე მანქანა იყოს ჩაკეტილი. ბათუმი-ხულო-გოდერძის მიმართულებით გზა დაახლოებით 3 საათში გაიწმინდება.




ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი გვაქვს ის, რომ სხალთაში გუშინ ჩამოვიდა ზვავი და 40 მეტრი სიგრძის გზა გადაკეტა. ზვავს ზარალი არ მოჰყოლია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იმ ადგილას შემოვლითი გზა გაკეთდა, თუმცა მძღოლებს მაინც ვურჩევთ ამ მიმართულებით მოძრაობისგან შეიკავონ თავი“, – განმარტავს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე.


The Paper Cinema წარმოგიდგენთ „ოდისეას“

 

 

 

მაყურებელი ნახავს თანამედროვე, არაორდინალური კომპანიის The Paper Cinema და „ბათერსი არტ ცენტრის“ ერთობლივი პროექტით გაცოცხლებულ ჰომეროსის „ოდისეას“, რომელიც ილუსტრაციების, ცოცხალი მუსიკისა და თოჯინების გამოყენების საშუალებით იქნება გადმოცემული.

 

 

დასი იყენებს ანიმაციის, მუსიკის, კინოსა და თეატრის ენას, რათა მაყურებელს მოუთხროს ისტორიები. კალმითა და მელნით ოსტატურად შესრულებული ილუსტრაციების მანიპულირება ხდება  რეალურ დროში, ცოცხლად და ვიდეოკამერის მიერ და პროექცირდება დიდ ეკრანზე.

 

 

პრესრელიზის თანახმად, ქაღალდისგან გამოჭრილი თოჯინებით სავსე ჩემოდანი სცენაზევე  გარდაიქმნება ცოცხალ პერსონაჟებად და  ულამაზეს პეიზაჟებად.  ამასთანავე, მაყურებლის თვალწინ იქმნება მუნჯი კინო,  რომლის ილუსტრაციასაც  მუსიკოსების მიერ ცოცხლად შესრულებული მუსიკა ახდენს, რომელიც სპექტაკლის ორგანული ნაწილია. „ოდისეას“ კარგი გამოხმაურება ჰქონდა პრესაშიც, ბრიტანულმა „ტელეგრაფმა“ მას უწოდა „დახვეწილად შესრულებული სპექტაკლი, რომელიც აუცილებლად აღგაფრთოვანებთ“,  „გარდიანმა“ კი – „ჰომეროსის ისტორიის ოსტატური გადამუშავება“.  

 

 

კომპანია The Paper Cinema 2004 წელს დააარსეს ნიკოლას როულინგმა, იმოჯენ ჩარლსტონმა და კრისტოფერ რიდმა. კომპანია მათთვის დამახასიათებელ  ორიგინალურ  შემოქმედებას აცნობს მაყურებელს როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

 

The Paper Cinema მოწვევა გადაწყდა ბრიტანეთის საბჭოსა და  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თეატრალური პარტნიორობის  პროექტის ფარგლებში, რომლის განხორციელება 2012 წელს დაიწყო  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე.

 

 

 

სკრინინგის პროგრამით გამოკვლეული 1494 ქალიდან 207 სიმსივნე აღმოაჩნდა

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება სკრინინგის პროგრამაზე, საზოგადოების უმარავლესობამ მაინც არ იცის მის შესახებ და არც ის, თუ რატომ ხორციელდება. ჩვენი ორი ძირითადი გზავნილი არის, რომ ორ ასაკობრივ ჯგუფს, 25-დან 60 წლამდე და 40-დან 70 წლამდე ადამიანებს შეუძლია უფასოდ გაიკეთონ სკრინინგული გამოკვლევა წელიწადში ერთხელ. და მეორე  – გამოკვლევის ჩატარებისთვის არ არის საჭირო ადამიანს რამე სტკიოდეს“ –  აღნიშნა საზღვაო ჰოსპიტალის ონკოქირურგმა თეიმურაზ გოგიტიძემ.

 

 

საზღვაო ჰოსპიტალის მონაცემებით 2012 წლის მაისიდან დღემდე სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 1494 ქალს ჩაუტარდა საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევა. მათგან 207 პაციენტს გამოუვლინდა სიმსივნე. 150 გამოკვლეულ ქალში კი 4 აღმოაჩნდა ძუძუს კიბოს ავთვისებიანი სიმსივნე.

 

 

პროსტატის კიბოს სკრინინგი ჩაუტარდა 298 მამაკაცსაც. გამოვლინდა პროსტატის ჯირკვლის 12 ავთვისებიანი სიმსივნე.

 

როგორც ჰოსპიტალის წარმომადგენლები ამბობენ, გამოკვლევა საჭიროა მაშინაც კი, როცა ადამიანს არაფერი აწუხებს, სკრინინგის პროგრამა და ადრეული დიაგნოსტირება კი ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.

 

 

საქართველოს რეგიონებში სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგ ცენტრი კონტრაქტორ საავადმყოფოებთან ერთად, რომელთა შორის ბათუმში საზღვაო ჰოსპიტალიცაა. სკრინინგ პროგრამა დაფინანსებულია დაავადებათა კონტორლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.  

ბრალდება ყოფილ ვიცე-მერის წინააღმდეგ

 

ბაღების გაერთიანების დირექტორი დალი ფუტკარაძე  8 ივლისსს გადადგა თანამდებობიდან. გელა სურმანიძის თქმით კი დირექტორის არჩევა ხელოვნურად მეხუთე თვეა ჭიანურდება.

 

 

გელა სურმანიძე ბაღებში გაერთიანების დირექტორობის კანდიდატია და გარდა ამ ბრალდებისა ის ფიქრობს, რომ ნათია სურგულაძეს პირადი ანგარიშსწორება ამოძრავებს მასთან და დირექტორის თანამდებობაზე მის დანიშვნას ხელს შეუშლის. იგი  მე-8 ბაღში მომხდარ ფაქტზე ყვება:

 

 

„მაშინდელ 36-ე, ახლანდელმე-8 ბაღში მოხდა ინციდენტი. სანამ აღმზრდელები და ძიძა გვერდით ოთახში ყავას მიირთმევდნენ, უმცროსი ჯგუფიდან გაქრა ორი წლის აღსაზრდელი. მერიაში დარეკა უბნის მცხოვრებმა, გამგის მეზობელმა ქალმა. ამავე ბაღში მუშაობდა ჩემი მეუღლეც მეთოდისტად. სიტუაციის გარკვევის დროს არც ერთ თანამშრომელს არ უთქვამს, რომ მოხდა ცუდი ფაქტი. ორი წლის ბავშვი გავიდა შენობიდან და აღმოჩნდა 200-300 მეტრის დაშორებით, სავაჭრო ცენტრში, უცხო პირთან. ბაღის ყველა თანამშრომელს აინტერესებდა მხოლოდ ერთი, თუ ვინ დააბეზღა მერიაში და დააბრალეს ჩემს მეუღლეს, რადგანაც როგორც შემდეგ მითხრეს, ბაღის თანამშრომელმა, ნინო კერვალიშვილმა უთხრა გელას ცოლმა დარეკაო. დამიბარა ნათია სურგულაძემ და კატეგორიულად ამიკრძალა საბავშვო ბაღებში სიარული და კონტროლი. გარდა ამისა, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამინახევრა ხელფასი“.

 

 

ნინო კერვალიშვილი ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, გელა სურმანიძის თქმით ნათია სურგულაძე ცდილობს თანამდებობაზე დატოვოს ნინო კერვალიშვილი, რადგან ის მისი ნების უსიტყვო შემსრულებელია.

 

 

ფონდ „სოხუმსა“ და ბათუმის საკრებულოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

 

სხდომაზე ქალთა უფლებების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ბათუმის საკრებულოსთან, რომელიც მომავალში განსაზღვრავს ვალდებულებებს გენდერულ პოლიტიკაში, რომელსაც ხელს შეუწყობს გენდერული საკონსულტაციო საბჭო. ფონდმა მსგავსი მემორანდუმი გააფორმა ქუთაისის და ოზურგეთის საკრებულოებთანაც.

 

 

მემორანდუმს ხელი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა და ფონდ „სოხუმის“ ხელმძღვანელმა ალლა გამახარიამ მოაწერეს. ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ფონდთან თანამშრომლობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანია და საკრებულო მზადაა მხარი დაუჭიროს მათ ინიციატივებს.

 

 

ფონდი „სოხუმი“ ქალების უფლებების დაცვის და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში, მმართველობაში ჩართვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციაა. მასში გაერთიანებული არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალები. ფონდი 1997 წელს დაარსდა ქუთაისში.  

ტესტირება ქედის გამგეობაში

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმ ადგილებზე, სადაც დროებით მოვალეობის შემსრულებლად არიან დანიშნულნი საჯარო მოხელეები, გამოცხადებულია კონკურსი. შემოსული იყო 54 განაცხადი  ექვს, გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და სამ მთავარ სპეციალისტის შტატზე. აქედან, დღეს რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 38-მა.  თითოეულ მათგანს საათნახევარი აქვს დრო იმისთვის, რომ 50 შეკითხვას უპასუხოს. გამსვლელი ზღვარი 40 კითხვაზე სწორი პასუხის გაცემაა. შედეგებს კომპიუტერი ავტომატურად აჯამებს”- განმარტა „ბათუმელებთან“ საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა ასლან ბოლქვაძემ.

ტესტირებაში ქედის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით დუმბაძე და მისი თანაშემწე და მოადგილეებიც მონაწილეობენ.

“50-დან 49 გავეცი სწორი პასუხი. საკმაოდ იოლი შეკითხვები იყო. კმაყოფილი ვარ”- თქვა ტესტირების დამთავრებისას ქედის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით დუმბაძემ.

ამ დროის მონაცემებით ყველაზე მაღალი ქულა დავით დუმბაძეს (49), გიორგი ბარამიძეს(46) და გურამ ბერიძეს (49) აქვთ. გიორგი ბარამიძე დავით დუმბაძის მოადგილეა, ხოლო გურამ ბერიძე – თანაშემწე.

კომისიის ოქმის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა ერთი მონაწილე, გიორგი პავლიაშვილი იმის გამო, რომ მას საჯარო მუშაობის ერთ წლიანი სტაჟის დოკუმენტი არ ჰქონდა წარდგენილი.

კომისიის წევრი ასლან ბოლქვაძის თქმით: “კონკურსი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო 5 წუთიანი შეფერხება. კავშირი გაწყდა ძირითად კომპიუტერთან, სადაც პროგრამაა ჩატვირთული, თუმცა ამას ზეგავლენა არ მოუხდენია არც ერთი კონკურსანტის შედეგებზე არც ნამუშევარი დაკარგვიათ. ხარვეზის გამოსწორების შემდეგ გააგრძელეს მუშაობა”.

კონკურსი ორ ეტაპიანია. პირველი ეტაპი ტესტირების სახით, კომპიუტერის საშუალებით ტარდება, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხელშეკრულების საფუძველზე, რადგან კომპიუტერის მეშვეობით ტესტირების ჩატარების ლიცენზია ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს და საზღვაო აკადემიას აქვს.

პირველი ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნა კონკურსანტის კანონმდებლობის ცოდნის შემოწმებაა, რომელშიც შედის კითხვები საკანონმდებლო ბაზიდან, საქართველოს კონსტიტუციიდან, აჭარის კონსტიტუციიდან, თვითმმართველობის და საჯარო სამსახურის შესახებ კანონიდან და სხვა კანონიდან.  მეორე ეტაპი ჩატარდება 6 დეკემბერს ქედაში, გასაუბრების სახით და კომისია შეამოწმებს არა მარტო სამართლებრივ ცოდნას, არამედ ადამიანის ზოგად შესაძლებლობებს, პიროვნულ თვისებებს, გამოცდილებას. ორივე ეტაპის საერთო მონაცემების მიხედვით კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას.

კომისია შედგება ხუთი წევრისაგან. მისი თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ქობულაძე, საკრებულოს ორი დეპუტატი, საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ასლან ბოლქვაძე და აჭარის მთავრობის აპარატიდან სულხან ოქროპირიძე.

ცხრა წლის გოგონას მესამე ადგილი საერთაშორისო ტურნირზე

ანადეა ფიგურულ სრიალზე ოთხი წლიდან დადის. მშობლებმა ბათუმში გადმოსვლაც სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტეს, „ბათუმში ყინულის მოედანი სტანდარტულია. თბილისსა და ქუთაისში კი ძალიან პატარაა. რადგან სერიოზულად ვფიქრობთ ამ სპორტზე, საცხოვრებელი ადგილიც ამიტომ შევიცვალეთ“ –  ამბობს ანადეას დედა, თეა გულბიანი.

ანადეა ამბობს, რომ სლოვენიაში მას პირველი საპრიზო ადგილის აღების იმედი ჰქონდა, თუმცა ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა: „მინდა სპორტის ამ სახეობაში ვარსკვლავი გავხდე, აუცილებლად ვიბრძოლებ პირველი ადგილისთვის“ – გვითხრა ცხრა წლის მოციგურავემ.

ბათუმში ანადეას მწვრთნელი ლელა ჩოფიკაშვილია. იგი ამბობს, რომ კლასის ამაღლება უცხოეთში მასაც და ანადეასაც ხშირად უწევთ. „ჯერჯერობით ამ ყველაფერს საკუთარი ხარჯებით ვართმევთ თავს, სასურველი იქნება, თუ სპონსორიც გვეყოლება~ _ ამბობს მწვრთნელი.

ლელა ჩოფიკაშვილი ანადეას სხვა წარმატებებზეც გვიყვება: „შარშან ავიღეთ პრიზი  დანიაში, ასევე მოგებული აქვს რამდენიმე ტურნირი შვედეთში. სულ, 12 შეჯიბრიდან ექვსჯერ დაეუფლა პირველ ადგილს ასაკობრივ კატეგორიაში, ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო აქვს აღებული“.

ბათუმში გადმოსვლის შემდეგ ანადეა სასკოლო პროცესში ჩართვას ჯერჯერობით Home School-ის  მეშვეობით ახერხებს:  ეს არის სწავლის ამერიკული მეთოდი და მას ხშირად მიმართავენ ის ბავშვები, რომლებიც სპორტით ან სხვა სფეროთი არიან დაკავებული და ხშირად უწევთ სხვადასხვა ქალაქებში ან ქვეყნებში გადაადგილება.  ინტერნეტგაკვეთილები ჩვეულებრივ გაკვეთილებთან შედარებით უფრო რთულია, მაგრამ ფიგურული სრიალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის“.

ანადეა სპორტის გარდა ხატვითაცაა დაკავებული: „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დავდივარ და ვაპირებ გიტარაზე დაკვრაც ვისწავლო. მომწონს უცხო ენების შესწავლა და სამეცნიერო ლიტერატურა“.

როგორც ანადეას მწვრთნელი ამბობს, გეგმავენ მარტის დასაწყისში კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მიღებას.

ვინ უნდა იზრუნოს ქუჩის ძაღლებზე

აქცია ბათუმის მერიასთან. 29 ნოემბერი, 2013 წ.

ბათუმში, ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, შარაბიძეებში ამბობენ, რომ ბოლო დროს მათ უბანში უპატრონო ძაღლები მომრავლდნენ. შანიძის #12-ში მცხოვრები ლევან სურმანიძე ამბობს, რომ სახლში საღამოს  მისვლა სარისკოა, ქუჩაში ჯგუფ-ჯგუფად დადიან ძაღლები. მისი თქმით, ამ პრობლემას ისიც უწყობს ხელს, რომ ქალაქის სანდასუფთავება ნაგვის ურნებს დროულად არ ათავისუფლებს და სწორედ ამ ურნებთან იყრიან თავს უპატრონო ცხოველები.

„დაახლოებით 20 დღის წინ ამხანაგობის თავმჯდომარეებმა მივმართეთ დაბა ხელვაჩაურის რწმუნებულს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ პასუხად მივიღეთ, რომ საერთაშორისო კონვენცია კრძალავს ძაღლების მოკვლასო. ვერ ვკლავთ ერთია, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ რა გზას დავადგეთ, ან დავიჭიროთ, ან გადავიყვანოთ თავშესაფარში“- ამბობს ლევან სურმანიძე.

შარაბიძეებში გასულ წელს ბავშვის დაკბენის ფაქტიც დაფიქსირდა. „სტუმრები მყავდა. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. უცებ ჩემი გოგო შემოვარდა – დედიკო, ლუკას ძაღლი ჭამსო. რომ გავედი, ბავშვი მეზობელს ხელში ჰყავდა აყვანილი. იმ წუთას წავიყვანე ბავშვთა საავადმყოფოში. იმ დღეს ეს იყო ბავშვის დაკბენის მე-17 შემთხვევა. ერთი კვირა საავადმყოფოში დამყავდა და 40 დღე ნემსებს ვუკეთებდი დღეში ორჯერ„. – იხსენებს „ბათუმელებთან“ ნაირა ბერიძე, რომლის შვილიც   ძაღლმა გასულ წელს დაკბინა ხელის, სახისა და მუცლის არეში.

ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევათა რაოდენობა რომ გაიზარდა, ამას სტატისტიკაც მოწმობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით თუ 2012 წელს ბათუმში 1005-მა პაციენტმა გაიკეთა ცოფის საწინააღმდეგო აცრა, 2013 წლის იანვრიდან დღემდე, ანუ 10 თვის მანძილზე 1 299 პაციენტი ფიქსირდება. მთლიანად აჭარის მასშტაბით კი, იანვრიდან დღემდე, 2766 ადამიანმა გაიკეთა ცოფის საწინააღმდეგო აცრა, 2012 წელს – 2743-მა,  2011 წელს კი –  2734  ადამიანმა მიმართა ექიმს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად.

ვინ უნდა იზრუნოს უპატრონო ძაღლებზე? რამდენიმე წლის წინ ქალაქის ტერიტორიაზე მიუსაფარ ცხოველებს ბათუმის სანდასუფთავების სამსახური იჭერდა . ამ სამსახურში ახლა ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ მეთოდს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებენ.

„არანაირი მეთოდი არ გვაქვს მიუსაფარ ძაღლებთან მიმართებაში. იმიტომ, რომ არ გვაქვს თავშესაფარი. ადრე ჩვეულებრივად ვხოცავდით, არაჰუმანურიაო – თქვეს. ახლა აღარც ვიჭერთ და აღარც ვკლავთ. თუ უკიდურესი შემთხვევაა – ვიღაცა დაკბინა და ცოფი დაფიქსირდა, არის ჯგუფი, პოლიგონზე გაჰყავს ძაღლი და მისი გაუნებელყოფა ხდება“.  – ამბობს დავით ასამბაძე, ბათუმის სანდასუფთავების დირექტორი.

29 ნოემბერს, ბათუმის მერიასთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე კი ამბობს, რომ ბათუმის მერიამ და შ.პ.ს. სანდასუფთავებამ გააჩაღა სასაკლაო: „ძაღლებს არაჰუმანური მეთოდებით კლავენ, მაშებით ხოცავენ, ხერხემალში ამტვრევენ, შემდეგ კი მიაქვთ ბეიკერის ორმოში და ნახევრად ცოცხლებს ყრიან. დღეს ცივილიზებულ ქვეყანაში ეს არაჰუმანური საქციელია და ამის წინააღმდეგ ვიბრძვით ჩვენ.“

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად ცხოველის მოკვლა ისჯება ჯარიმით, იგივე ქმედების გამეორების შემთხვევაში კი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ცხოველებს იცავს ცხოველთა დაცვის ევროკონვენციაც. ცხოველთა უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრის ხმის“ ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე მიიჩნევს, რომ უპატრონო ცხოველების მოკვლით, ფაქტობრივად, თავად სახელმწიფო არღვევდა კანონს. იგი ერთადერთ გამოსავალს თავშესაფრის აშენებაში ხედავს:

„პრობლემის გადაჭრისათვის საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც პირველ რიგში სახელმწიფო თავშესაფრის აშენებას ითვალისწინებს, სადაც ძაღლებს ჩაუტარდებათ სტერილიზაცია (ოპერაციული ჩარევით გამრავლების უნარის მოსპობა) და ვაქცინაცია ცოფზე. ასევე უნდა ამოქმედდეს გაშვილების პროგრამა.

დღეს, ჩვენი ქალაქის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ აუცილებელია ქალაქში იყოს გარკვეული პოპულაცია მიუსაფარი ცხოველების, ვინაიდან ისინი მონაწილეობენ ბიოლოგიური ჯაჭვის დაცვაში. ბიოლოგიური ჯაჭვის დარღვევით ჩვენ ხელს შევუწყობთ მღრღნელების მომრავლებას ქალაქში, რასაც შემდგომში კიდევ უფრო მეტი სოციალურ-ეკონომიკური ზარალის მოტანა შეუძლია. მაგალითად, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ერთბაშად გაწყვიტეს ძაღლები და ბიოლოგიური ჯაჭვი დაირღვა, რასაც მღრღნელების გამრავლება მოჰყვა, ამიტომ მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა ბიოლოგიური ჯაჭვის აღსადგენად ძაღლები სხვა ქალაქიდან შეეყვანა. პრობლემა ისე უნდა მოგვარდეს, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ცხოველთა უფლებები არ დაირღვეს.“

ერთადერთი გამოსავალი რომ ცხოველთა სახელმწიფო თავშესაფარის აშენებაა, ამ აზრს სანდასუფთავების დირექტორი, დავით ასამბაძეც იზიარებს, თუმცა მისი თქმით, ასეთი თავშესაფრის აგება  თანხასთანაა დაკავშირებული.

ამ თემაზე საუბრისას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ცხოველთა თავშესაფრის აშენებას მილიონობით ლარი სჭირდება.

„თითქოს იოლად გადასაჭრელი საკითხი ჩანს, მაგრამ დაახლოებით თუ დავთვლით, ერთი ძაღლის შენახვა 28 ლარამდე ჯდება. მოკვლა არ შეიძლება, რასაც ცალსახად ვეთანხმები. რამდენჯერმე გვქონია არასამთავრობოებთან ერთად ამ საკითხის გადაჭრის გზებზე მსჯელობა, მათ თანხის მოძიება ვთხოვეთ, ჩვენ კი შესაბამისი ტერიტორიის მონახვა  დავიწყეთ. ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვეთ ტერიტორიის გამოყოფა ვოლიერის ასაშენებლად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარტო ვოლიერი საკმარისი არ არის. სამწუხაროდ მინდა ვაღიარო, რომ დღეს ამ პრობლემას ვერ ვწყვეტთ. ისევ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაგვეხმარონ თანხის მოძიებაში“ –  განაცხადა „ბათუმელებთან“ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ბათუმის მიმდებარედ ცხოველთა ორი თავშესაფარია. ადლიის ტერიტორიაზე არსებულ 52-ადგილიან კერძო ძაღლთა თავშესაფარში ამბობენ, რომ ამ დროისათვის ვერ უზრუნველყოფენ ათასობით ძაღლზე ზრუნვას. ახლა აქ 20 ადგილია თავისუფალი,  მაგრამ ეს საუკეთესო შემთხვევაა, რადგან ადლიაში არსებული თავშესაფარი, როგორც იქ მომუშავე პერსონალი ამბობს, მუდამ სავსეა.

ბათუმში ინკლუზიური სწავლების მოსწავლეები ორი თვეა სკოლაში ვერ დადიან

 

 

 მიზეზი ადაპტირებული ავტობუსის მწყობრიდან გამოსვლაა, რომლითაც რამდენიმე წელი მე-6 სკოლის ორმოცამდე მოსწავლე დადიოდა სკოლაში. იმისთვის, რომ ბავშვებმა შეძლონ სკოლაში მისვლა, მშობლები მსგავს ადაპტირებულ ავტობუსს ითხოვენ.

 

 

„არა გვაქვს იმის საშუალება რომ ყოველდღიურად ტაქსით წავიყვანოთ და მოვიყვანოთ. ძალიან მინდა ისწავლოს და მიიღოს განათლება. სკოლაში მთლიანად მოუხსნეს კომპლექსი. თუ იყო პერიოდი რომ უჭირდა იქ წასვლა ახლა პირიქით – უხარია. ამიტომ მისი სკოლის გაცდენა ჩემთვის ტრაგედიად  აღიქმება” – ამბობს ერთ-ერთი მშობელი იოსებ ფუტკარაძე, რომელიც 5 წლის წინ, სწორედ ინკლუზიური სწავლების არსებობის გამო საცხოვრებლად  ქუთაისიდან ბათუმში გადმოვიდა.

 

 

ამჟამად სპეციალური ავტობუსის გამო დარჩენილი მე-6 სკოლის ინკლუზიური სწავლების მოსწავლეები მერიის მიერ გამოყოფილი მიკრო ავტობუსებით სარგებლობენ. მოსწავლეების მშობლებს ამ პრობლემის გადაწყვეტაში არასამთავრობო ორგანიზაცია “შშმ პირთა უფლებებისთვის” შუამდგომლობს.

 

 

სკოლა და ჩაცმის სტილი

მარიტა გოგიჩაიშვილი

მარიტა გოგიჩაიშვილი

საჯარო სკოლებში „ფორმიანობის ხანა“ რამდენიმე წელია დასრულდა და ახლა უფროსკლასელები თავად არჩევენ ტანსაცმელს, რომლითაც სკოლაში წავლენ. თუმცა სკოლის შინაგანაწესში შემორჩენილია სიტყვა _ „შესაფერისი“, რომელიც სკოლაში ე.წ „დრესკოდს“ მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს. „ზოგადი განათლების კანონში არის ჩადებული და შინაგანაწესშიც გვიწერია, რომ მოსწავლე სკოლაში უნდა გამოცხადდეს შესაფერისად ჩაცმული“ _ ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე.

როგორც იგი განმარტავს, „შესაფერისი“ ნიშნავს თეთრ მაისურს ან პერანგს და შავ ქვედაბოლოს. „ვცდილობთ, რაღაც წესები ვუკარნახოთ მოსწავლეებს, მაგრამ უფროსკლასელებს ბოლომდე მაინც ვერ ვუკარნახებთ ჩაცმის წესს, რა ვქნათ, შემოგვაპარეს დახეული ჯინსები და მოკლე კაბებიც, შენიშვნებს ვაძლევთ, მაგრამ ხშირად არ ითვალისწინებენ“ _ ამბობს დირექტორი.

დირექტორის თქმით, შენიშვნები მოსწავლეების მიმართ მოზომილია. მოსწავლეები კი ამბობენ, რომ მასწავლებლების მხრიდან მოზომილობა ხშირად ასე ჟღერს: „პატრონი არ გყავს?!“

„ერთხელ სკოლაში ამერიკის დროშიანი ელასტიკით და ლურჯი მაისურით მივედი. ამის შემდეგ ამომიჩემეს და სულ მსაყვედურობენ. ვიღებავ თმასაც, მერა რა“-გვეუბნება მეცხრეკლასელი თეკლა თამლიანი.

მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი გიორგობიანი ცხვირსა და ყურზე საყურეს ატარებს და შინდისფერი თმა აქვს. „ერთფეროვნება არ მიყვარს. ვერც გრძელ კაბებს ვიტან. ვცდილობ, გარეგნობა შევიცვალო, ეს ჩემს ხასიათს გამოხატავს“. ანი ამბობს, რომ მისი სტილის გამო შენიშვნებს ხშირად იღებს, თუმცა არ ითვალისწინებს: „ფორმებს თუ დაგვირიგებენ, ჩავიცმევ, მაგრამ თუ თავისუფლებაა, მაშინ არ უნდა ჩაერიონ ჩვენს ჩაცმულობაში. მაღიზიანებს მოსწავლეების ამოჩემება და შემდეგ მუდმივი დევნა“.

„მე დრედების გაკეთებას ვაპირებ. ვთვლი, რომ ვარცხნილობა სკოლას უნდა შევუთანხმო. წესით ამან პრობლემა არ უნდა შემიქმნას, მაგრამ ვიცი, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მისაყვედურებს და ამისთვის მზად ვარ“ _ ამბობს მარიტა გოგიჩაიშვილი. მისი აზრით, ყველა ის დეტალი, რის ხაზგასმასაც ცდილობენ უფროსკლასელები ჩაცმულობაში, მათი პიროვნული ჩამოყალიბების პროცესზე მიანიშნებს და თვითგამოხატვის ასეთი ფორმა არ უნდა გახდეს სკოლის მხრიდან განსჯის საკითხი.

მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე დანელია მე-11 კლასში სწავლობს. მისი აზრით, როგორი ფერის ტანსაცმელი უნდა ატარონ მოსწავლეებმა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა გამომწვევი ჩაცმულობა სკოლამ უნდა აკრძალოს. „მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა არ არის ორიგინალურობა, არც ზედმეტად მოკლე კაბა. ვფიქრობ, სკოლა მართალი იქნება, თუ შეზღუდვებს დააწესებს. ჩვენს სკოლაშიც არიან მოსწავლეები, რომლებიც ზედმეტად მოკლე კაბებით დადიან, მე არ მომწონს. ჩაცმულობამ შეიძლება შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს, მაგრამ თმის ფერი არ ქმნის პრობლემას, თმა მეც შეღებილი მაქვს და ამას ხშირად სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს“.

პირველი და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები

„ჩემი აზრით თმის შეღებვა 17-18 წლის ასაკში არ არის გამართლებული. არც ზედმეტად მოკლე კაბა მომწონს, ბიჭები სხვა თვალით შეხედავენ“ _ ამბობს მეთერთმეტეკლასელი ავთო ბაკურიძე.

უფროსკლასელების აზრით, ჩაცმის სტილს ყველაზე ხშირად გარემო და ოჯახი კარნახობს მოზარდს. „ჩაცმის კულტურაზე სკოლა ნაკლებად საუბრობს. თუ რაღაც არ მოგვწონს, ჩვენს მეგობრებს ვეუბნებით, რომ ეს არ არის მისაღები, მაგრამ გემოვნებას, ჩემი აზრით, მაინც ოჯახი და გარემო აყალიბებს“ _ ამბობს მეთერთმეტეკლასელი მზია დიასამიძე.

თამუნა კორძაიაც მეთერთმეტეკლასელია. იგი ამბობს, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც უნდა ისწავლო: „ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენი მეგობარიც მოსულა გადაკრასკული, სამკაულებით, მაგრამ რომ არ გვესიამოვნა, შენიშვნა მივეცით და შემდეგ გაითვალისწინა“.

„ბიჭებიც არიან, რომლებიც ამოღებული მაისურებით და გამომწვევი შარვლებით დადიან. ჩვენ ვცდილობთ, მათ კარგი რჩევა მივცეთ“, _ ამბობს მეთერთმეტეკლასელი ნიკა ბერიძე.

სკოლა „ნიკეს“ ქართული ენის პედაგოგის კესო ბორჩხაძის აზრით, მთავარია სკოლაში მოსწავლე სწავლისთვის დადიოდეს და არა გასართობად: „მაშინ არ აქვს მნიშვნელობა რას გაიკეთებს ცხვირზე. მაგრამ, ფაქტობრივად, შიშველი როცა დადიან ან დახეული ჯინსები აცვიათ, ვფიქრობ, ეს არ არის მისაღები. ხშირად ამას მოჰყვება „მეც მინდა“. ვარცხნილობას კი არ უნდა მიაქციოს სკოლამ ყურადღება. უმჯობესია სხვა რამეში ჰქონდეს მოსწავლეს თვითგამოხატვა, რადგან ხშირად ეს უფრო მეტიჩრობაა, ვიდრე თვითგამოხატვა“.

სკოლამ უნდა აკონტროლოს თუ არა მოსწავლეების ჩაცმის სტილი? _ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფსიქონევროლოგ შორენა ვაშაძის აზრით, მერვე-მეცხრე კლასამდე მოსწავლის გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა აუცილებელია: „მაგრამ მეათე და მეთორმეტეკლასელებს, რა თქმა უნდა, მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.“

„მოზარდობის ხანა განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც ახლავს ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარებისთვის დამახიასეთებელი ნიშნები.“ _ განმარტავს შორენა ვაშაძე _ „ამ დროს მოზარდი ცდილობს განსაზღვროს თავისი იდენტობა. ის არის დამოუკიდებელი და ცდილობს დაუპირისპირდეს ყველაფერს, რაც მის თვითგამოხატვას შეზღუდავს. თუმცა, თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის კეთებას და სკოლის ფუნქცია სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ სკოლამ სწორად მიაწოდოს მოზარდებს ის, რასაც მათი ინდივიდუალიზმი მოითხოვს. სკოლა უნდა გახდეს მიმზიდველი მოზარდისთვის, თუნდაც იმავე ფორმებით, რაც იქნება დახვეწილი და თანამედროვე სტანდარტებთან შეხამებული. სკოლამ უნდა მოუსმინოს მოზარდებს და მათაც უნდა ჰქონდეთ უნარი სკოლის მიერ დაწესებულ სტანდარტებს ანგარიში გაუწიონ“.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა მოსაზრებები არსებობს საჯარო სკოლაში მოსწავლის ჩაცმულობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მსგავსი კვლევების შედეგები ხშირად ურთიერთგამომრიცხავია.

„სასკოლო ფორმის ტარება პოზიტიურად აისახება სასკოლო კლიმატზე, მოსწავლეების ქცევაზე, მოსწავლეების მიღწევებზე და მშობლებს ფულს უზოგავს“ _ ნათქვამია კვლევის შედეგებში, რომელიც არიზონას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, ქეთლინ უედიმ და მერი სტაფორდმა საჯარო სკოლის 415 მოსწავლისა და 83 მასწავლებლის გამოკითხვის საფუძველზე მოამზადეს.

საპირისპიროს ამბობს ენ ბოდაინის სტატია, რომელიც არიზონას უნივერსიტეტის სპეციალისტების სტატიას აკრიტიკებს არასწორად გაანალიზებული მონაცემების გამო. სასკოლო ფორმები არაფერს ცვლის. ამაზე მსჯელობა არის უფრო მწვავე პრობლემებიდან ყურადღების უმნიშვნელო საკითხებზე მიმართვა. გარდა ამისა, ფორმა მოსწავლეების ნაწილს კონფორმიზმისკენ, ნაწილს კი _ მეამბოხეობისკენ უბიძგებს. _ აღნიშნულია სტატიაში.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკურნალობის პრობლემები

ძველი, ერთსართულიანი შენობის ჩაბნელებულ დერეფანში მშობლები და ბავშვები ექიმთან ვიზიტისათვის საკუთარ რიგს ელოდებიან. კედლებზე ნახატებია, სხვადასხვა მულტიპლიკაციური ფილმებიდან. ერთ-ერთ ოთახში 7 წლის გიგას ფსიქოლოგი გაკვეთილს უტარებს. იქვეა გიგას დედა, მაია რესულიძეც. მაია ამ გაკვეთილსაც ესწრება, ისე როგორც სხვა ვარჯიშებს. სარეაბილიტაციო ცენტრს სრულფასოვანი მოსაცდელი არ აქვს, სადაც მშობლები შვილებს დაელოდებიან. თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს აქვთ.

„ჩემი შვილი ექვსი თვიდან დადის სარეაბილიტაციო ცენტრში და კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რასაც მიაღწიეს აქ მუშაობით პედაგოგებმა.  თუმცა სამ თვეში ერთხელ 15 დღე არ არის საკმარისი. კურსის დამთავრების შემდეგ გაჩერება წყალში გვიყრის ყველაფერს, რასაც აღწევენ პედაგოგები. იქედან გამომდინარე, რომ არ მაქვს საშუალება სახელმწიფო პროგრამის მიღმა დამატებითი კურსი ჩავუტარო, სამი თვის გასვლას ველოდები,“ –  ამბობს  7 წლის გიგას დედა მაია რესულიძე.

„ჩვენ, ფსიქოლოგებს, ბავშვებთან სამუშაოდ სულ გვაქვს ხუთი დღე, ისიც ნახევარი საათი. ეს ნამდვილად არ არის საკმარისი დრო ბავშვებთან ურთიერთობისათვის. სასურველია, რომ გაიზარდოს ეს დრო. სამი თვის შემდეგ რომ მოდის, არის შემთხვევები, როცა ჩვენი შრომა არის წყალში ჩაყრილი,“ –  ამბობს ფსიქოლოგი ირინე ლაღიძე.

სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაცდელი

სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის პერსონალი ერთხმად ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სრულყოფილი სამედიცინო ცენტრის არარსებობაა.

„შენობა არ გვაქვს საკუთარი. სარეაბილიტაციო ცენტრს არ აქვს აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, სველი წერტილები. თუ უნდათ დახმარება ამ ბავშვებისთვის, პირველ რიგში აგვიშენონ კარგი ცენტრი. შიშველი ხელებით გვიწევს მუშაობა,“ –  ამბობს რეაბილიტაციის ცენტრის მეთოდისტი მაია ცინარიძე.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ორი პროგრამა – რეფერალური და რეგიონალური. აჭარაში მცხოვრები მოქალაქეები რეგიონული პროგრამით სარგებლობენ და ის რეფერალური პროგრამის იდენტურია. სახელმწიფო რეაბილიტაციის პროგრამის საჭიროების მქონე პირებს წელიწადში ოთხ სარეაბილიტაციო კურსს უფინანსებს. თითოეული კურსის ხანგრძლივობა 15 დღეა და 350 ლარი ღირს. სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეებს კურსს სრულად უფინანსებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლელა სურმანიძის თქმით, მაშინ როცა პროგრამას ადგენდნენ, რეფერალური პროგრამის მიხედვით იხელმძღვანელეს. პროგრამა ამ მიმართულებით გაგრძელდება მომავალ წელსაც.

„მომავალი წლისთვისაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ოთხი კურსის ჩატარება. ეს არის ექიმების, სპეციალისტების მოსაზრება. რა თქმა უნდა უკეთესია, თუ ხშირად ჩაიტარებს კურსს პაციენტი, მაგრამ სახელმწიფო მხოლოდ ოთხ კურსს დააფინანსებს. გარდა ამისა, პროგრამაში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი გაკვეთილები მშობლებისათვის, თუ როგორ უნდა ჩაუტარონ სახლის პირობებში რეაბილიტაციის კურსი,“ –  ამბობს ლელა სურმანიძე.

მაიასგან განსხვავებით, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, არ გაუმართლა რვა წლის სანდრას დედას მედიკო ბოლქვაძეს. მან იმის გამო, რომ შვილისთვის სათანადო მკურნალობა ჩაეტარებინა, საცხოვრებელი შეიცვალა და ხულოდან ბათუმში გადმოსახლდა. რვა წლის სანდრა წელიწადში ოთხჯერ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის. სანდრა ცერემბრალური დამბლითაა დაავადებული და მისთვის რეაბილიტაციის კურსი აუცილებელია. პირველი ორი წელი სანდრა მშობლებს ბათუმში ხულოდან დაჰყავდათ, თუმცა იმის გამო, რომ ტრანსპორტირება რთული იყო, ბათუმში საცხოვრებლად გადმოვიდნენ და ბინა დაიქირავეს.

„ორი წელი დამყავდა ბავშვი ხულოდან და ძალიან რთული იყო გადაადგილება. შესაბამისად რთული იყო მკურნალობაც. თან ჩვენ არ დავდივართ მხოლოდ რეაბილიტაციის ცენტრში, დავდივართ აუზზე და მასაჟზე. ამიტომ იძულებული გავხდით და გადმოვედით ქალაქში საცხოვრებლად,“  –  ამბობს სანდრას დედა მედიკო ბოლქვაძე.

სარეაბილიტაციო ცენტრში

დღეისათვის აჭარის მასშტაბით „ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგრამით“ 206 პაციენტი სარგებლობს, აქედან 22 პაციენტი მაღალმთიანი რეგიონიდანაა. სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ლელა სურმანიძის თქმით, მომავალი წლისთვის მაღალმთიანი რეგიონებისათვის სადღეღამისო მომსახურების ცენტრის გახსნაა დაგეგმილი.

„გვინდა, რომ სადღეღამისო მომსახურების ცენტრი გავხსნათ ქედაში, ხულოსა და შუახევში მცხოვრები პაციენტებისათვის. ჩამოვლენ ბათუმში და აქ გაივლიან რეაბილიტაციის კურსს,“ –  ამბობს ლელა სურმანიძე. თუმცა მისივე თქმით ეს, ჯერ მხოლოდ პროექტია.

დღეს მოქმედი პროგრამებით სახელმწიფო მხოლოდ 18 წლამდე პირების რეაბილიტაციის კურსს აფინანსებს. ექიმი ნევროლოგი იაგო ჯიბუტი ამბობს, რომ რეაბილიტაცია 18 წელსგადაცილებული ასაკის პირებსაც სჭირდებათ, თუმცა სახელმწიფო პროგრამებში ეს არ ასახულა.

„რეაბილიტაცია სჭირდებათ 18 წლის ასაკის ზემოთაც იმ პირებსაც, ვინც ინსულტი გადაიტანა, ან ინფექციური დაავადებები, თავის ტვინის ენცეფალიტი, ან ტრავმა მიიღო, მაგრამ რატომღაც ეს საკითხი ნაკლებ მწვავედ დგას. დიდი კონტინგენტია იმ ასაკოვანი ხალხის, რომელთაც ინსულტი ემართებათ და რეაბილიტაცია ესაჭიროებათ, თუმცა რატომღაც შეგუებულებივით არიან ოჯახის წევრები. იცით რას შემიძლია ეს სიტუაცია შევადარო?! 90-იან წლებში ნაკლებად დაინახავდით ქუჩაში შშმ პირებს. ნაკლებად დაინახავდით ამ პრობლემაზე მოსაუბრე ხალხს. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა მაშინ არ იყო, მაშინ ერიდებოდათ, რცხვენოდათ, სახლში ისხდნენ ეს ბავშვები და ნაკლებად გამოჰყავდათ. ზუსტად იგივე მდგომარეობაა ამჟამად ასაკოვან ადამიანებთან მიმართებაში,“  –  ამბობს იაგო ჯიბუტი.

Exit mobile version