კვირის ამბები

ჩემი კლასელი თემური

18.12.2013 •
ჩემი კლასელი თემური

მახსოვს, ერთხელ მასწავლებელმა გაკვეთილების შემდეგ, სულ რაღაც 15 წუთით დატოვა ერთი ჩემი კლასელი თემური მარტო, რადგან არასდროს სწავლობდა არაფერს. ამ დროს მე და რამდენიმე მისი მეგობარი არ წავსულვართ, ვიცოდით რამდენიმე წუთს გაგრძელდებოდა და ველოდებოდით, როდის გამოუშვებდა. არ დამავიწყდება მისი შეშინებული, უიმედო და ჩამქრალი თვალები, როცა მასწავლებელმა კარი გაუხსნა და გამოუშვა.
ზუსტად ასეთი თვალები ვნახე ამ კვირაში, ოღონდ ბევრი, მთელი ქალაქის.

არჩილ კახაძე

არჩილ კახაძე

მე, პირადად, ასეთი შეშინებული ამდენი ხალხი ერთად აჭარაში ბოლო წლებში რამდენჯერმე მინახავს მხოლოდ: 2004 წელს ჩოლოქზე ხიდი რომ ააფეთქეს, 8 ნოემბერს – უნივერსიტეტი რომ დაარბიეს, აგვისტოს ომი რომ დაიწყო და ციხის კადრები რომ გავრცელდა. ჩამოთვლილ მოვლენებთან ერთად ეს უკანასკნელი როგორ უნდა დააყენოს კაცმა, რთულად წარმოსადგენია, ბოლოს და ბოლოს რა მოხდა ისეთი, გათოვდა რაა…

2013 წლის ზამთარში აჭარაში გათოვდა. რა უბრალოდ ჟღერს არა? ხულოელს ან შუახეველს ერთი მეტრი თოვლით გააკვირვებ? თუ ბათუმში ან ქობულეთში არ ყოფილა ჯერ 20 სმ სველი თოვლი? რა, შუქი არ გათიშულა თუ გზა არ ჩაკეტილა? მაგრამ 2013 წლის 8 დეკემბერს აჭარაში გათოვდა და თავისი მოქალაქეები სახელმწიფომ მიატოვა. მიატოვა მანქანებში, რომლებიც გაუვალ თოვლში იყო გაჩხერილი, მიატოვა საკუთარ სახლებში, გამათბობლის და ინფორმაციის გარეშე გათოშილი, მიატოვა პურის, სანთლის და „დვიჟოკის“ ხელოსანთან რიგში… ხალხს უცებ გაახსენდა სულ ახლახან გავლილი, ძლივს დავიწყებული წარსული და უცებ შეეშინდა, ძალიან შეეშინდა, რომ მისმა რჩეულმა, ძლივს დაბადებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ მიატოვა.

ერთხელ ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თქვა, ნუ ლანძღავთ ჩემს მინისტრებს, რადგან იმედგაცრუება ეუფლებათ, როცა ამდენს წვალობენ, ღამეებს ათენებენ ხალხზე ზრუნვაში, აკეთებენ და ოდნავადაც არ უფასებთო. შეიძლება ახლაც დაწყდეს გული იმ მინისტრს და იმ ხელისუფალს,  ვინც თუნდაც ერთი საათი გატარა ხალხთან ერთად, ადგილზე ნახა დაზიანებული გზები და ელექტროხაზები, მაგრამ ისინი მაშინ გამოვიდნენ გარეთ, როცა ადამიანებს მარტოობა უკვე ტვინში ჰქონდათ გამჯდარი, უკვე თვითონ ცდილობდნენ ცენტრალური გზების ნიჩბით გაწმენდას, უკვე გაძვირებული სანთელი ჰქონდათ ნაყიდი, პურის რიგში იყვნენ ნამყოფი და სახლში ხელცარიელი დაბრუნებულნი.

თუ არ მიუტოვებია სახელმწიფოს ხალხი, მაშინ რატომ ღირდა ქობულეთიდან ბათუმამდე მატარებლის ბილეთი 19 ლარი? მერე რა, რომ თბილისი-ბათუმის რეისი იყო. რა დააკლდებოდა ქვეყანას საერთოდაც „მარშუტკის“ ფასად რომ ჩაეყვანა სველი და გაყინული ხალხი? თუ მაღალმთიანი აჭარისკენ უცებ მოვიდა დიდი თოვლი და გაწმენდა არ შეიძლებოდა, ერთი საპატრულო ეკიპაჟი ვერ დააყენეს ხელვაჩაურში, რომელიც მგზავრებით გატენილ მარშუტკებს არ გაატარებდა და თოვლში არ ჩაყრიდა? რუსთაველისა და სტალინის ქუჩაზე ქვიშას და მარილს ვერ დაყრიდა, სულ მოლიპული რომ იყო ქვაფენილი ყინვისგან? შუქი არ გვაქვს და გრაფიკით მოგეწოდებათო, ვერ აუხსნიდა პირდაპირ იმის მაგივრად, რომ დაზიანებები არ მოემიზეზებინათ?

მხოლოდ ერთ მაგალითს ვიტყვი, როგორ იქცევა სახელმწიფო და დავასრულებ, რადგან ისედაც ბევრი ითქვა ამ თემაზე: მეზობელ თურქეთშიც ასეთივე „სტიქია“ იყო. საზღვრის მიმდებარედ არსებული ორგანიზაციები და მაღაზიები დღის სამი საათისთვის გააფრთხილეს, რომ შუქი არ იქნებოდა და ჩვენი უამრავი თანაქალაქელი, რომლებიც იქ მუშაობენ, 4 საათისთვის სახლში გამოუშვეს გასათბობად…

აჭარაში ამბობენ: „თოვლი მოვა და წყლად წავაო“… თოვლი წავა, გაქრება, მაგრამ ის შიში დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თუ ქვეცნობიერში მიტოვებულის კომპლექსად. დღესაც კი, როცა კლასელები ვიკრიბებით და სასიამოვნო ბავშვობას ვიხსენებთ, თემურს ის საშინელი დღე ახსენდება, როცა ნახევრად ჩაბნელებულ და უსაშველოდ ცარიელ კლასში მარტო დატოვეს და თვალებში ისევ ვხედავ იმ შიშს, რომელიც მხოლოდ მარტო დარჩენილ, მიტოვებულ ადამიანებს აქვთ…

არჩილ კახაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: