კვირის ამბები

ხის ფიცრულებში – ზამთრის პირისპირ

16.12.2013 • 2071
ხის ფიცრულებში  – ზამთრის პირისპირ

ნინო გუნდაძე წელიწადზე მეტია ყოფილ 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ჩადგმულ პატარა ხის ფიცრულში ცხოვრობს.  ოთხკუთხა ფორმის ნაგებობა, რომელსაც ნინო და მისი შვილები სახლს უწოდებენ, ხისგანაა შეჭედილი. სიცივისა და წვიმისგან დასაცავად ცელოფნები აქვთ შემოკრული, კედლებზე მუყაოა გაკრული, იატაკი ყანყალებს. ფიცრულში, ისევე როგორც მთელს დასახლებაში, არ არის ელექტროგაყვანილობა, შესაბამისად არ არის შუქი. მიუხედავად იმისა, რომ ღუმელი ანთია, ერთი  ოთახისგან შემდგარ სახლში ძალიან ცივა. ნინო გუნდაძე ამბობს, რომ გასათბობად შეშა შაბათს მოჭრილი ალვის ხიდან ერგო, რომელიც იქვე, დასახლების ტერიტორიაზე იზრდებოდა. ხეების მოჭრა დასახლებაში მცხოვრებმა ვეფხვია ბერიძემ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი თქმით  მთავრობისთვის არაერთგზის მიმართვამ შედეგი არ გამოიღო.

„მივმართეთ  მთავრობას  ერთხელ, ათჯერ, ასჯერ, მაგრამ არ მოგვაქცია ყურადღება. ხეების მოჭრა  შაბათს  დავიწყეთ, ძალიან რომ შეგვცივდა, ბავშვები იყინებოდნენ. კინაღამ დამიჭირეს. გათბობა გვინდა და შუქი. წვიმისგან  ლოგინები გაუფუჭდათ ოჯახებში და საწოლებიც აღარ აქვთ, რომ დაიძინონ. ბავშვებს ტანსაცმელი არ აქვთ, ვალინკი არ აქვთ და ფეხშიშველი დარბიან. კიდევ კარგი მერიამ  გამოყო ხალხი და მოგვიჭრა ხეები. 450 ოჯახზე განაწილდა შეშა,“ –  უთხრა „ბათუმელებს“ ვეფხვია ბერიძემ.

ხეების მოჭრის და შეშის განაწილების პროცესს „ბათუმელებიც“ შეესწრო.  როგორც გვითხრეს, გარემოს დაცვის სამმართველომ  მოსახლეობას ნებართვა მისცა, რომ დასახლების ტერიტორიაზე არსებული ალვის ხეები მოეჭრათ და გასათბობად გამოეყენებინათ.

მოქალაქეები, რომლებიც ყოფილ 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, საკუთარ თავს ეკომიგრანტებს უწოდებენ, თუმცა აჭარის მთავრობამ მათი სტატუსი ასე განსაზღვრა  –  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობების უკანონოდ დამკავებელი მოქალაქეები.  მთავრობამ დასახლებაში კარავი გაშალა,  სადაც მსურველებს ცხელი საკვების მიღება და გათბობა შეეძლოთ. თუმცა მოსახლეობამ კარავი მთავრობას დააშლევინა და ერთჯერად საკვებსა და გათბობაზე უარი თქვა.

მიზეზს დასახლებაში მცხოვრები ვეფხვია ბერიძე ასე განმარტავს: „კარავი ჩადგეს, მაგრამ მერე გვითხრეს, გათბობა თუ გინდათ, ის ქოხები დაანგრიეთ და შეშად გამოიყენეთ, სადაც ახლა არავინ ცხოვრობსო. სხვის ნაშრომს ვერ დავანგრევდით და ვუთხარით წასულიყვნენ.“

53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ნანა მსხალაძე კი კარვის დაშლის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს. მისი თქმით კარვის გაშლის წინააღმდეგ ის ადამიანები გამოვიდნენ, ვისაც შედარებით ნაკლებად უჭირთ და მოსახლეობის ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვეს.

„მე თვითონ ჩამოვწერე სია, 88 ოჯახია, რომელსაც სურს საკვები მიიღოს. 40 ბავშვია მარტო. არ გვინდა დაპირისპირება მოხდეს, მაგრამ ჩვენს ბედს ორი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს,“ – ამბობს ნანა მსხალაძე.

დასახლებაში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ეკომიგრანტების ერთ ჯგუფს სოციალური შემწეობა მოხსნილი აქვს. როგორც ამბობენ, მიზეზი საცხოვრებელი ადგილის შეცვლაა.

„არანაირი შემოსავალი არ მაქვს. სოციალური დახმარება ერთი წელია შეჩერებული მაქვს. აქ რომ ჩამოვედით და ჩავდგით ქოხი, მაშინ შეგვიჩერეს. დაშალე ქოხი, წადი და აღგიდგენთო, მაგრამ სად წავიდე,“ –  ამბობს ეთერ მამულაძე.

 

რას აკეთებს აჭარის მთავრობა ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის?

„აჭარის მთავრობამ  მიიღო გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცნობილია რასთან გვაქვს საქმე, ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან სასტიკი ზამთრის პირობებში, ერთჯერადი კვებით და თბილი სივრცით უზრუნველვყოთ. საუბარია ერთი კვირის პერიოდზე, სანამ ცუდი ამინდია,“  –  თქვა კობა ჩხეიძემ, აჭარის მთავრობის აპარატის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა.

მისივე თქმით 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანმა მოახდინა პროვოცირება და მთავრობას კარვების დაშლა მოსთხოვა. თუმცა არის მოქალაქეთა ჯგუფი, რომელსაც დახმარების მიღება სურს. კობა ჩხეიძეს მსგავსი 25-ე ბატალიონის  ტერიტორიაზე არსებული ტიპის დასახლების  მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ იქ მცხოვრებმა ადამიანებმა სია წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც რამდენიმე დღეა იღებენ საკვებს.

„ჩვენ იქ 100 ადამიანზე დავდგით კარავი,  უკვე ორჯერ ვუზრუნველყვეთ კვებით იქ მცხოვრები ადამიანები. ამასთან დამიკავშირდნენ 53-ე ბატალიონიდან და მომაწოდეს   100-კაციანი სია. აქცენტი ბავშვიან ოჯახებზე გვაქვს გაკეთებული და ეს ადამიანები ხვალიდან მიიღებენ საკვებს,“  – ამბობს კობა ჩხეიძე.

კითხვაზე, არსებობს თუ არა  რაიმე გეგმა და რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს აჭარის მთავრობა სამომავლოდ ამ ადამიანებთან დაკავშირებით, კობა ჩხეიძე პასუხობს, რომ მთავრობამ მიიღო ამ ეტაპზე საჭირო გადაწყვეტილება კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სხვა დამატებითი  გადაწყვეტილებების დრო ამ წუთას არ არის.

გადაბეჭდვის წესი