კვირის ამბები

რკინის მოაჯირები 200 ათასად რუსთაველის გამზირზე

16.12.2013 • 2501
რკინის მოაჯირები 200 ათასად რუსთაველის გამზირზე

 

რუსთაველის გამზირი მთლიანად რკინის მოაჯირებით შემოკავდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ მიიღო და ტექნიკურ სამუშაოებზე ტენდერიც გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანიის „ე-კლასის“ ხელმძღვანელი, ქეთევან ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ რკინის მოაჯირების დამონტაჟების პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.  

„ჯერჯერობით სამუშაოები მხოლოდ ამ ქუჩაზე მიმდინარეობს, თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული სხვა ქუჩებზეც, აუცილებლად მივიღებთ იქაც მონაწილეობას. მოაჯირის დიზაინი ჩვენი შემუშავებულია და ვფიქრობ, ძალიან ლამაზია“, – ამბობს ქეთევან ცეცხლაძე.

 

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ ბურკაძე აცხადებს, რომ რუსთაველის ქუჩის მსგავსი ბორდიურების გაკეთება სამომავლოდ გოგებაშვილის ქუჩაზეცაა გათვალისწინებული. „მოაჯირები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კეთდება. ფეხით მოსიარულეები ვეღარ გადაკვეთენ ყველგან ქუჩას და გადავლენ მხოლოდ სპეციალური გადასასვლელებით. რაც შეეხება გოგებაშვილის ქუჩას, ჯერ თანხა არ დაგვითვლია და არ ვიცი, რამდენი დაჯდება ღობის გაკეთება, მაგრამ სამომავლოდ ვაპირებთ“. 

 

მერიამ რკინით შემოაკავა ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის კვეთაში არსებული სკვერიც. ავთანდილ ბურკაძის თქმით, სკვერის შემოღობვა მოსახლეობის მხრიდან მწვანე საფარის გადათელვისგან დაცვით იყო განპირობებული. „ამ მონაკვეთში სტიქიური მოძრაობაა,  ფეხით მოსიარულეები ხშირად კვეთენ ამ სკვერს და მწვანე საფარს  აზიანებენ. ახლა კი მხოლოდ გადასასვლელი ბილიკით ისარგებლებენ“. 

სკვერის შემოღობვას შპს „მონოლითი 2005“-ი აწარმოებდა,  ტექნიკური სამუშაოები 21 ათასი ლარი დაჯდა. 

 

ცნობისთვის, ბათუმის ზღვისპირა, რუსთაველის ქუჩის რემონტისთვის, რომლის სიგრძეც 1600 მეტრია, ბათუმის მერიამ ბოლო ხუთ წელში 10-მილიონამდე ლარი დახარჯა. შესაბამისად, რუსთაველის ქუჩის ერთი მეტრის მოასფალტება-მოკირწყვლაში 566 ლარი, ხოლო განათებისთვის დამატებით ერთ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის წარმომადგენლის, ნინო ტავლალაშვილის შეფასებით, საბიუჯეტო დეფიციტის ფონზე მხოლოდ ერთი ქუჩისთვის საბიუჯეტო თანხის ყოველწლიურად ხარჯვა, არაგონივრულია.  „მსგავსი ჯებირებით და აკრძალვებით მოსახლეობას ვერ ასწავლი, როგორ გადაკვეთოს ქუჩა. ეს არის სამოქალაქო ცნობიერების საკითხი, რომელიც სხვა მხრივ უნდა უყალიბდებოდეს მოქალაქეს. ცოტა ხანში ჩვენ ვნახავთ იმას, რომ დაიწყება მსჯელობა რამდენად მიზანშეწონილი იყო ამ პროექტის განხორციელება, თუნდაც ესთეტიკური თვალსაზრისით. ამ პრინციპით, მაშინ მთელ ქალაქში უნდა მოხდეს ქუჩების აღჭურვა, რადგან ისეთივე ტემპით და ფორმით გადაკვეთენ მოქალაქეები ქუჩას სხვაგან, როგორც რუსთაველზე,  თუნდაც ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც ასევე საკმაოდ ხალხმრავალია.

 

მაშინ, როცა ჩვენ ბათუმის სინამდვილეში გვაქვს ისეთი ქუჩები და უბნები, რომელთა მოშანდაგებაც კი არ მომხდარა წლებია, აბსოლუტურად მოუწესრიგებელია და იმის გამო, რომ ქუჩები მოხრეშილიც კი არ არის, ფიზიკურად გადაადგილება შეუძლებელია, ზედმეტი ფულის ხარჯვა თუნდაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, არაგონივრულია“. 

 

ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, წელს ბათუმში 16 ქუჩის მოასფალტება დასრულდა. „გონიო-კვარიათში კეთდება 13 ჩიხი, რომელიც, ვფიქრობ, წელს მოესწრება. დაწყებულია ერისთავის, ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაცია, მალე დასრულდება გუდიაშვილისა და სათნოების ქუჩების მოასფალტებაც“.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი