კვირის ამბები

„გარიყულები“ ღამის თავშესაფარში

17.12.2013 • 2821
„გარიყულები“ ღამის თავშესაფარში

გასულ ოთხშაბათს, 11 დეკემბრის თოვლიან ღამეს თავშესაფარში, ისევე როგორც მთელ ბათუმში, შუქი არ იყო. სანთლით განათებულ ჰოლში უკვე იკრიბებოდნენ ღამის თავშესაფარში მცხოვრებნი. თავშესაფარი აქამდე საღამოს შვიდ საათზე იღებოდა, თუმცა განსაკუთრებით ცივი ამინდის გამო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ექვს საათზე დაეწყოთ მუშაობა.

თავშესაფრის მენეჯერი, თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ დეკემბრის პირველ ნახევარში ამდენი ადამიანი თავშესაფარში არასდროს ყოფილა. ახლა აქ 33 უსახლკარო ადამიანი ათევს ღამეს. ცხელი საკვები, აბაზანა, საწოლი და სითბო მთელი დღე ქუჩაში, ღია ცის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის შვებაა. ზოგი აქ რამდენიმე დღეა ათევს ღამეს, ზოგიერთი კი – რამდენიმე წელია. მათ შორისაა ტარიელიც, რომელიც მეუბნება, რომ უკვე ექვსი წელია აქ ათევს ღამეს.

ტარიელი ხულოდანაა. ამბობს, რომ ადრე, ბავშვობაში, მის ოჯახს ორსართულიანი სახლი ჰქონდა წაბლანაში. ამ სოფელში 24 წლის წინ, 1989 წელს მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყო ტარიელის დედ-მამაც.

`მე პატარა ვიყავი და მთავრობამ და-ძმა უპატრონო ბავშვთა სახლში ჩაგვაბარა. და გათხოვილია, მე წასასვლელი არ მაქვს, სად უნდა მივიდე?! დღის მანძილზე ბაზარში გავდივარ, ვიღაცას მივეხმარები, საჭმელს უფასო სასადილოში ვჭამ. ამ თავშესაფრის ბინადარი ვარ, აქ დავბერდი.~ _ მიამბობს ტარიელი.

რამდენიმე წელია ღამის თავშესაფარში ათენებს ღამეს მაიაც. დღისით იგი ქუჩაშია. კითხვაზე, რას აკეთებს ქუჩაში, ამბობს რომ მოწყალებას ითხოვს. „შვილი მყავს, მაგრამ 16 ადამიანი ცხოვრობს იქ და ვერ მივდივარ, მრცხვენია. 57 წლის ვარ. ბავშვობაში თუ დავდიოდი, თორემ მას შემდეგ არ ვიცი ექიმი რაა. ისეთი რაღაცები მაქვს გადატანილი… თოვლში მეძინა ღამე.“

მეხუთე დღეა ღამის გასათევად თავშესაფარში მოდის ბეჟან გორგაძე. ბეჟანი მიამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დედა გარდაეცვალა და მამამ ცოლი შეირთო, დედინაცვალმა გამოაგდო სახლიდან და ქუჩაში დარჩა. „კაჭკა მაქვს, პურის ფულს ვაკეთებ. აქამდე კაჭკაზე მეძინა“.

ღამის თავშესაფარს სხვადასხვა ასაკის ადამიანები აფარებენ თავს. თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ აქ ძირითადად 20-დან 75 წლამდე ასაკის ადამიანები მოდიან. თავშესაფარში ამ დროისათვის ორი უსინათლო ადამიანიც ცხოვრობს, ივან ლაბაჩკოვი მათგან ერთ-ერთია. იგი თბილისიდან ჩამოვიდა, მოასწავლეს, რომ უსახლკაროთა თავშესაფარი ბათუმში იყო.

თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ თავშესაფარი 2003 წლიდან არსებობს: „ღამის თავშესაფარი არის საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოს კარიტასის, რომელიც არსებობს კათოლიკური ეკლესიის შემოწირულობით. თითქმის ათასამდე მოქალაქემ იცხოვრა ამ ხნის მანძილზე ჩვენთან, ზოგმა ერთი წელი, ზოგმა ერთი თვე, ზოგმა მეტი. ყველა წლებთან შედარებით წელს უფრო მეტი გვყავს. ერთდროულად 40 ადამიანის მიღება შეგვიძლია. მაგრამ იყო შემთხვევა, როცა დერეფანშიც დაგვიწვენია ადამიანები ღამის გასათევად.“

თავშესაფარში სულ ცხრა ადამიანი მუშაობს. აქ მუდამ არის ორი მორიგე, ქალი და მამაკაცი, რომ ქალებსაც დაეხმარონ და მამაკაცებსაც. თამაზ მღებრიშვილის თქმით, შენობა საქველმოქმედო ფონდს აჭარის მთავრობამ გადასცა უზურფრუქტის წესით. „აქ მხოლოდ კედლები იყო, ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ. ძირითადად კომუნალური ხარჯები გვაქვს, ქვითარს, რომელიც მოდის, აწერია: „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი, ღამის თავშესაფარი, კომერციული“. ყველაფრის კომერციულ ფასს ვიხდით, შეღავათები არ გვაქვს.

ძალიან ხშირად ისმის, რომ სახელმწიფომ უნდა გახსნას თავშეფარი. ხომ არსებობს ეს თავშესაფარი, ამდენ ხალხს ვუვლით, რას აკეთებენ, ხომ შეიძლება იმ მილიონების დახარჯვას, ჩვენსას დაამატონ ფართობი და დაგვეხმარონ, რომ მეტი ადამიანის მიღება შევძლოთ?

წლის მანძილზე თავშესაფარის შენახვა 28-29 ათასი ევრო ჯდება დაახლოებით, ეს ძირითადად კომუნალური ხარჯებია. ეს თანხა იტალიასა და ამერიკაში, კათოლიკე მრევლის დახმარებით გროვდება. არიან ოჯახები, სასულიერო პირები, რომლებიც წირავენ.“

კითხვაზე, დახმარებიან თუ არა ღამის თავშესაფარს ოდესმე კერძო კომპანიები, თამაზ მღებრიშვილი პასუხობს: „ვისთანაც არ მივსულვართ, ყველა გვეუბნება, კათოლიკური ეკლესია არის მდიდარი და ის დაგეხმაროთო. ძალიან გულსატკენია, რომ ასე განასხვავებენ ადამიანებს. ჩვენი მოქალაქეები არიან ესენი, ადამიანები. აქ არც ერთი კათოლიკე არ ცხოვრობს. ჩვენთვის ეროვნებას და რწმენას მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენთან მოდიან და გვინდა დავეხმაროთ.“

ღამის თავშესაფარი საღამოს 7 საათიდან დილის ცხრა საათამდე მუშაობს. აქ მოსახვედრად არ არის საჭირო უსახლკარო ადამიანს ყველა საბუთი მოწესრიგებული ჰქონდეს, ახალი პირადობის მოწმობის არ ქონის გამო უარს არავის ეუბნებიან, თუმცა თავშესაფრის ყველა სტუმრის მიღებისას ივსება ანკეტა. უსახლკარო ადამიანები აქ პოლიციასაც მოჰყავს.

„პირველი დღიდან ვინც იცხოვრა ჩვენთან, ყველა მონაცემი გვაქვს. ჩვენ ვაძლევთ თავშესაფარს, რომ ადამიანები გარეთ არ დარჩნენ. ერთადერთი აკრძალვაა, დალევა უნდა დათმონ, ნასვამ ადამიანებს ჩვენ არ ვუშვებთ იშვიათი გამონაკლისის გარდა.  არიან ადამიანები, ვინც მიდის, ვერ თმობენ სასმელს. ერთხელ გვთხოვეს, მერიიდან თოთო ბავშვიანი ქალი მოიყვანეს, ათი დღე გვყავდა მხოლოდ. აქ არ არის ბავშვიანი ქალის გაჩერების პირობები, ზოგი ავად არის, ზოგს რა უჭირს, ბავშვის გაჩერება შეუძლებელია.“ – ამბობს თამაზ მღებრიშვილი.

ღამის თავშესაფარს საკვებით ევანგელისტური ეკლესია ეხმარება. ყველაზე მეტად აქ თბილი ტანსაცმელი სჭირდებათ, რომ ქუჩიდან შემოსულ, დამზრალ ადამიანებს სველი ტანსაცმლის გამოცვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. შარშან ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავშესაფრისთვის აქცია გამართეს, რომელშიც არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურებიც ჩაერთნენ და თავშესაფრისთვის თბილი ტანსაცმელი შეაგროვეს. იმავე აქციის ორგანიზებას სტუდენტები წელსაც გეგმავენ.

დილის ცხრა საათზე თავშეფარში მცხოვრებნი შენობას ტოვებენ და დღიური ფულის საშოვნელად გარეთ გადიან. ღამის თავშესაფარში მცხოვრები ვერც ერთი ადამიანი ვერ იღებს სახელმწიფოსგან დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სიღატაკის ზღვარს მიღმა არიან. „საკუთარი სახლი უნდა გქონდესო, ქულებიო, ან დაბალი, ან მაღალიო, ამის გამო არ ხერხდება შეფასებაო. ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლიაო. ტაბიძეზეც ვიყავი, სხვაგანაც, მაგრამ უფასო სასადილოში ჭამის ნებას მოგცემთო, დახმარებას ვერაო“ – ამბობს ტარიელ ბერიძე.

„კანონმდებლობა არ ითვალისწინებსო. სოცდახმარების ახალმა უფროსმა შემოგვთავაზა, წერილი დაგვეწერა, გავაგზავნეთ ქუთაისში, პარლამენტში, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.“ – ამბობს თამაზ მღებრიშვილი.

კითხვაზე, ვინ უწევს უსახლკარო ადამიანებს სამედიცინო დახმარებას, თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს ერთადერთი დახმარებაა, სადაც სახელმწიფოსგან იღებენ: „ხუთი წლის წინ აქ იყო მოსული ლევან ანთაძე, მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი, მის გარდა აქ არავინ მოსულა. დაათვალიერა თავშესაფარი, დაგვაწერინა განცხადება და დღემდე გვაქვს უფასო მკურნალობა. თუ ჩვენთან მცხოვრები მოხვდება საავადმყოფოში, ჩვენ მიგვაქვს ოფიციალური წერილი „კარიტასის“ სახელით, რომ ეს არის უსახლკაროთა თავშესაფრის მცხოვრები და უფასოდ მკურნალობენ.“

ძირითადად რა მიზეზით რჩებიან ადამიანები სახლსა და ნათესავ-მეგობრების თანადგომის გარეშე? თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ ბევრი მათგანი სასმელის, სახლის გაყიდვისა და ოჯახური პრობლემების გამო აღმოჩნდა ქუჩაში. იგი ისეთ შემთხვევებსაც იხსენებს, როცა ადამიანებმა უკიდურესი სიღატაკისაგან თავის დაღწევა შეძლეს.

ინტერვიუს დასასრულსთამაზ მღებრიშვილი თავის და თავშესაფარში მცხოვრებთა დარდს მიზიარებს: „ახალი წელი მოდის ახლა, აქ ნაძვის ხეს ვდგამთ, თუ შესაძლებლობა გვაქვს. ნამცხვარს ვყიდულობთ… ამდენი ადამიანი ერთად უყურებს ტელევიზორს და ხედავენ, რომ ყველგან მიდიან, „სავანეში“, ბავშვთა სახლებში, კანფეტები და ტკბილეული მიაქვთ, კონცერტებს უმართავენ… აქ კი ათი წელია არც ერთ დღესასწაულზე არავინ მოსულა, არავის მიულოცავს მათთვის. აქ არავინ არ მოდის, გარიყულებივით არიან, თითქოს არც არსებობენ…“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: