მთიანი აჭარა

კალათები კოლოტაურიდან

16.12.2013 • 5738
კალათები კოლოტაურიდან

ხასან ფარტენაძის დილა ადრე იწყება. 9 საათიდან უკვე თხილის ბაღში, წნელების მოსამზადებლად გადის, თხილს ზედმეტ ქერქს აცლის, საგულდაგულოდ აწყობს, შემდეგ სახლთან ახლოს, ტყეში, სუროს მოსაგროვებლად ინაცვლებს და რამდენიმე საათში სახლში საქსოვად მომარაგებული მასალით ბრუნდება.

„ახლა გოდორს ვქსოვ, დილას თხილისა და სუროს წნელი დავამზადე, გავთალე, მერე წყალში ჩავდე დასალბობად. ადვილად რომ მოგყვეს მუშაობისას, ორი საათი მაინც უნდა გააჩერო წნელი წყალში, რომ დალბეს, მანამდე  წიფლის ბრტყელ სარებს ვამზადებ, მერე წყლიდან ამოვიღებ წნელებს, მრგვალად ვახვევ და მასალაც მზად არის. გოდორს, გიდელს, საკრეფელასა და კალათებს ვაკეთებ“, –  მიხსნის ბატონი ხასანი.

15 წლის იყო, როცა ეს ხელობა მეზობლისგან ისწავლა. ამბობს, რომ ახალგაზრდობაში ქსოვას ნაკლებ დროს უთმობდა, ახლა, როცა სამსახური არ აქვს, მთელ დღეს საყვარელ საქმეს აკეთებს.

„მეზობლად მოხუცი ბაბუა მაჰმუდი ცხოვრობდა, კარგი მოლაპარაკე მოხუცი იყო, სულ ქსოვდა. ერთ დღესაც ვუთხარი მასწავლე-მეთქი, მაშინ 15 წლისა ვიყავი. მითხრა, წადი, მოიტანე წნელები, მიყურე, ის გააკეთე, რასაც მე ვაკეთებ და ისწავლიო, მე რადა გასწავლო, ხელს ხომ ვერ მოგცემო – მითხრა. მახსოვს, მაშინ ამ სიტყვებზე გამეცინა. მართლაც ასე მოვიქეცი, კეთილი ბაბუისგან ვისწავლე ეს ხელობა, მეც დავიწყე ქსოვა, კარგა ხანს ვქსოვდი, მერე მძღოლად დავიწყე მუშაობა და საქსოვად დრო აღარ მრჩებოდა, როცა მოვიცლიდი, მაშინ ვამზადებდი გოდრებსა და კალათებს,“ – მიამბობს ბატონი ხასანი.

მუშაობისას სახერხი, ბრტყელტუჩა და ჩაქუჩი გვერდით უდევს, ამბობს, რომ ეს მისი ყოველდღიური სამუშაო ინვენტარია, ყველაზე მეტად მასალის შეგროვების პროცესი არ უყვარს:

„მასალის მომზადება რთულია, ტყეში წასვლა უნდა. ადგილზე რომ მოიტან, მერე ადვილია, ქსოვა მიყვარს, დრო გამყავს, რა უნდა აკეთო მოხუცებულმა, დაჯექი და ქსოვე, დროსაც გაიყვან, გაყიდი და ფულიც გექნება. ერთი გოდრის მოქსოვას სამი დღე მაინც სჭირდება, გოდორს ძირში სუროს წნელით ვქსოვ, მერე სუროს თხილის წნელით ვანაცვლებ“.

85 წლის მოხუცს ექვსი შვილი (ერთი გარდაეცვალა) 19 შვილიშვილი და  13 შვილთაშვილი ჰყავს. როცა ვეკითხები, ეხმარებიან თუ არა შვილები და შვილიშვილები საქმიანობაში, ეღიმება. საუბარში მისი ცოლი, ქალბატონი თენზილე ერთვება: „ვეხმარები შვილო, თხილისა და სუროს წნელების გათლაში. რა უნდა დემეხმაროს, მის გაკეთებულს ისევ ვთლი“ –  ხუმრობს ბატონი ხასანი.

ხასან ფარტენაძის რძალი, ციცინო ამბობს, არაერთხელ უთქვამთ მოხუცისთვის დაესვენა, მაგრამ იგი საქმეს ვერ ელევა.

„უქმად ყოფნა არ მიყვარს, დროც გამყავს, გავყიდი –  ფულიც მექნება, ბადიშებს ვაძლევ. უქმად რა გამაჩერებს, ბავშვობიდან ვშრომობ, დიდ გოდრებს 30 ლარში ვყიდი, პატარებს – 25 ლარად, ასეა გიდელიც, დიდი 20 ღირს, პატარა – 15, დიდი ზომისას დიდი შრომა უნდა, ასე არაა?!“

მოხუცებული არც მყიდველის ნაკლებობას უჩივის, ამბობს, რომ შეკვეთებსაც ხშირად იღებს:

„ყოველთვის მყავს მყიდველი, უფრო მეტად შემოდგომაზე, როცა ხურმა და მანდარინი შემოდის, ზოგი პატარა გოდორს მიკვეთავს, ზოგიც დიდს, მეც ვისაც როგორი უნდა ისეთს ვუმზადებ, მთავარია მყიდველსაც მოეწონოს და არც ის არ დარჩეს გულნატკენი. სულერთია რის გაკეთებას მთხოვს, ყველაფერს გულისყურით ვუდგები და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ზოგი ტელეფონზე მირეკავს, ზოგიც ადგილზე მოდის“.

აწუხებს ის, რომ მისი საყვარელი საქმე ახალგაზრდებს არ აინტერესებთ: „ახალგაზრდა ვინ მოდებს ხელს გოდორს, ახალგაზრდას არ აინტერესებს გოდორი, დიპლომებიანი არიან“.

გადაბეჭდვის წესი