Batumelebi | საბავშვო ჯოჯოხეთი უილიამ გოლდინგისგან საბავშვო ჯოჯოხეთი უილიამ გოლდინგისგან – Batumelebi
RU | GE  

საბავშვო ჯოჯოხეთი უილიამ გოლდინგისგან

 

მარტივად, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, უილიამ გოლდინგის  „ბუზთა ბატონი“ ბავშვებზეა. პატარა ბიჭუნებზე, მოზარდებზე, რომლებიც ავიაკატასტროფის შედეგად დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდებიან. მაგრამ ეს არ არის მხიარული ისტორია „ოთხ რობინზონზე“, ან ტომ სოიერსა და ჰეკლბერი ფინის მსგავს ონავრებზე, არც ჰარი პოტერის, რომ უისლისა და ჰერმიონ გრეინჯერის მსგავსი ბავშვების მეგობრობა აქვს გოლდინგს აღწერილი. ეს  სხვანაირი ბავშვების სამყაროა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გოლდინდის ჯოჯოხეთში.

 

„ბუზთა ბატონში“ გოლდინგი ცდილობს, დაგვანახოს, რა შეიძლება მოხდეს იმ საზოგადოებაში, სადაც არ არსებობს შეზღუდვის მექანიზმი, უგულვებელყოფილია ყველანაირი ნორმა, კანონი და ადათი. კუნძული ამ შემთხვევაში ჩაკეტილი საზოგადოებაა, მოჯადოებული წრე, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია.

 

როგორ წარმოგიდგენიათ ბავშვების ჯგუფი, რომელიც თვითმფრინავის დაღუპვის შემდეგ უკაცრიელ კუნძულზე ხვდება? გეტყვით, როგორც: ისინი კოცონს ანთებენ, ნადირობენ, ხილს აგროვებენ, მზეზე ირუჯებიან, ბანაობენ და ძალიან, ძალიან მხიარულად ატარებენ დროს. ბავშვები ხომ ყველაზე უცოდველი არსებები არიან.

 

თავიდან მართლაც ასე ხდება: ბავშვები ერთობიან. ზუსტად ისეთივე გასართობებით, როგორც ათასობით მათი თანატოლი გაერთობოდა. მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება, მათ შორის, გართობის საშუალებებიც. ბავშვები აღმოაჩენენ, რომ ძალაუფლება ყველაზე მძლავრი იარაღია,  ადამიანების სიცოცხლით გართობას კი ვერც ერთი თავშესაქცევი ვერ შეედრება, მითუმეტეს, თუ არავინ გაკონტროლებს, არც მშობელი ჩანს ახლომახლო და არც მასწავლებელი.

 

ცივილიზებული, კარგად აღზრდილი ბრიტანელი ბიჭები მალე გადაიქცევიან პატარა ველურებად, ზოგიერთი მათგანი კი ნამდვილ ურჩხულად. წიგნში ძალიან შემაძრწუნებლად და მოურიდებლადაა ნაჩვენები, რომ ურჩხული შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანში იმალებოდეს და უბრალოდ ხელსაყრელ დროსა და შესაბამის პირობებს ელოდეს გასაღვიძებლად.

 

მიუხედავად იმისა, რომ „ბუზთა ბატონი“, ერთი შეხედვით, ცუდად არ მთავრდება, დასასრული მაინც საოცრად უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს – ბავშვები, რომლებიც სახლში ბრუნდებიან, აღარასდროს იქნებიან ისეთები, როგორებიც კუნძულზე მოხვედრამდე იყვნენ –  მათ  ისეთი რამ ნახეს, რაც, შესაძლოა, ბევრ უფროსსაც არ უნახავს: ბევრი სისხლი და თანატოლები, რომლებიც მხოლოდ თამაშისა და ძალაუფლების გამო მზად იყვნენ მათ დასახოცად.

 

რაც შეეხება თვითონ ბუზთა ბატონს, ის სხვა არაფერია, თუ არა ყოველი ჩვენგანის ბნელი მხარე, ბოროტება, რომელიც ყოველ ადამიანში თვლემს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მარი კორინთელი ირაკლი ბაკურიძე, მაღაზია "წიგნები ბათუმში"