Batumelebi | შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკურნალობის პრობლემები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკურნალობის პრობლემები – Batumelebi
RU | GE  

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკურნალობის პრობლემები

 

არის თუ არა სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის? „ბათუმელებიდაინტერესდა, რამდენად ახერხებენ შშმ პირები სრულფასოვანი სარეაბილიტაციო კურსის გავლას და რა სირთულეებს აწყდებიან მკურნალობის პროცესში. როგორც აღმოჩნდა, ბათუმში დღემდე არ არსებობს სრულფასოვანი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც პაციენტებს საჭირო სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ. ამასთან, სახელმწიფო მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებს უფინანსებს რეაბილიტაციის კურსს. 

ძველი, ერთსართულიანი შენობის ჩაბნელებულ დერეფანში მშობლები და ბავშვები ექიმთან ვიზიტისათვის საკუთარ რიგს ელოდებიან. კედლებზე ნახატებია, სხვადასხვა მულტიპლიკაციური ფილმებიდან. ერთ-ერთ ოთახში 7 წლის გიგას ფსიქოლოგი გაკვეთილს უტარებს. იქვეა გიგას დედა, მაია რესულიძეც. მაია ამ გაკვეთილსაც ესწრება, ისე როგორც სხვა ვარჯიშებს. სარეაბილიტაციო ცენტრს სრულფასოვანი მოსაცდელი არ აქვს, სადაც მშობლები შვილებს დაელოდებიან. თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს აქვთ.

„ჩემი შვილი ექვსი თვიდან დადის სარეაბილიტაციო ცენტრში და კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რასაც მიაღწიეს აქ მუშაობით პედაგოგებმა.  თუმცა სამ თვეში ერთხელ 15 დღე არ არის საკმარისი. კურსის დამთავრების შემდეგ გაჩერება წყალში გვიყრის ყველაფერს, რასაც აღწევენ პედაგოგები. იქედან გამომდინარე, რომ არ მაქვს საშუალება სახელმწიფო პროგრამის მიღმა დამატებითი კურსი ჩავუტარო, სამი თვის გასვლას ველოდები,“ –  ამბობს  7 წლის გიგას დედა მაია რესულიძე.

„ჩვენ, ფსიქოლოგებს, ბავშვებთან სამუშაოდ სულ გვაქვს ხუთი დღე, ისიც ნახევარი საათი. ეს ნამდვილად არ არის საკმარისი დრო ბავშვებთან ურთიერთობისათვის. სასურველია, რომ გაიზარდოს ეს დრო. სამი თვის შემდეგ რომ მოდის, არის შემთხვევები, როცა ჩვენი შრომა არის წყალში ჩაყრილი,“ –  ამბობს ფსიქოლოგი ირინე ლაღიძე.

სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაცდელი

სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის პერსონალი ერთხმად ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სრულყოფილი სამედიცინო ცენტრის არარსებობაა.

„შენობა არ გვაქვს საკუთარი. სარეაბილიტაციო ცენტრს არ აქვს აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, სველი წერტილები. თუ უნდათ დახმარება ამ ბავშვებისთვის, პირველ რიგში აგვიშენონ კარგი ცენტრი. შიშველი ხელებით გვიწევს მუშაობა,“ –  ამბობს რეაბილიტაციის ცენტრის მეთოდისტი მაია ცინარიძე.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ორი პროგრამა – რეფერალური და რეგიონალური. აჭარაში მცხოვრები მოქალაქეები რეგიონული პროგრამით სარგებლობენ და ის რეფერალური პროგრამის იდენტურია. სახელმწიფო რეაბილიტაციის პროგრამის საჭიროების მქონე პირებს წელიწადში ოთხ სარეაბილიტაციო კურსს უფინანსებს. თითოეული კურსის ხანგრძლივობა 15 დღეა და 350 ლარი ღირს. სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეებს კურსს სრულად უფინანსებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლელა სურმანიძის თქმით, მაშინ როცა პროგრამას ადგენდნენ, რეფერალური პროგრამის მიხედვით იხელმძღვანელეს. პროგრამა ამ მიმართულებით გაგრძელდება მომავალ წელსაც.

„მომავალი წლისთვისაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ოთხი კურსის ჩატარება. ეს არის ექიმების, სპეციალისტების მოსაზრება. რა თქმა უნდა უკეთესია, თუ ხშირად ჩაიტარებს კურსს პაციენტი, მაგრამ სახელმწიფო მხოლოდ ოთხ კურსს დააფინანსებს. გარდა ამისა, პროგრამაში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი გაკვეთილები მშობლებისათვის, თუ როგორ უნდა ჩაუტარონ სახლის პირობებში რეაბილიტაციის კურსი,“ –  ამბობს ლელა სურმანიძე.

მაიასგან განსხვავებით, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, არ გაუმართლა რვა წლის სანდრას დედას მედიკო ბოლქვაძეს. მან იმის გამო, რომ შვილისთვის სათანადო მკურნალობა ჩაეტარებინა, საცხოვრებელი შეიცვალა და ხულოდან ბათუმში გადმოსახლდა. რვა წლის სანდრა წელიწადში ოთხჯერ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის. სანდრა ცერემბრალური დამბლითაა დაავადებული და მისთვის რეაბილიტაციის კურსი აუცილებელია. პირველი ორი წელი სანდრა მშობლებს ბათუმში ხულოდან დაჰყავდათ, თუმცა იმის გამო, რომ ტრანსპორტირება რთული იყო, ბათუმში საცხოვრებლად გადმოვიდნენ და ბინა დაიქირავეს.

„ორი წელი დამყავდა ბავშვი ხულოდან და ძალიან რთული იყო გადაადგილება. შესაბამისად რთული იყო მკურნალობაც. თან ჩვენ არ დავდივართ მხოლოდ რეაბილიტაციის ცენტრში, დავდივართ აუზზე და მასაჟზე. ამიტომ იძულებული გავხდით და გადმოვედით ქალაქში საცხოვრებლად,“  –  ამბობს სანდრას დედა მედიკო ბოლქვაძე.

სარეაბილიტაციო ცენტრში

დღეისათვის აჭარის მასშტაბით „ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგრამით“ 206 პაციენტი სარგებლობს, აქედან 22 პაციენტი მაღალმთიანი რეგიონიდანაა. სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ლელა სურმანიძის თქმით, მომავალი წლისთვის მაღალმთიანი რეგიონებისათვის სადღეღამისო მომსახურების ცენტრის გახსნაა დაგეგმილი.

„გვინდა, რომ სადღეღამისო მომსახურების ცენტრი გავხსნათ ქედაში, ხულოსა და შუახევში მცხოვრები პაციენტებისათვის. ჩამოვლენ ბათუმში და აქ გაივლიან რეაბილიტაციის კურსს,“ –  ამბობს ლელა სურმანიძე. თუმცა მისივე თქმით ეს, ჯერ მხოლოდ პროექტია.

დღეს მოქმედი პროგრამებით სახელმწიფო მხოლოდ 18 წლამდე პირების რეაბილიტაციის კურსს აფინანსებს. ექიმი ნევროლოგი იაგო ჯიბუტი ამბობს, რომ რეაბილიტაცია 18 წელსგადაცილებული ასაკის პირებსაც სჭირდებათ, თუმცა სახელმწიფო პროგრამებში ეს არ ასახულა.

„რეაბილიტაცია სჭირდებათ 18 წლის ასაკის ზემოთაც იმ პირებსაც, ვინც ინსულტი გადაიტანა, ან ინფექციური დაავადებები, თავის ტვინის ენცეფალიტი, ან ტრავმა მიიღო, მაგრამ რატომღაც ეს საკითხი ნაკლებ მწვავედ დგას. დიდი კონტინგენტია იმ ასაკოვანი ხალხის, რომელთაც ინსულტი ემართებათ და რეაბილიტაცია ესაჭიროებათ, თუმცა რატომღაც შეგუებულებივით არიან ოჯახის წევრები. იცით რას შემიძლია ეს სიტუაცია შევადარო?! 90-იან წლებში ნაკლებად დაინახავდით ქუჩაში შშმ პირებს. ნაკლებად დაინახავდით ამ პრობლემაზე მოსაუბრე ხალხს. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა მაშინ არ იყო, მაშინ ერიდებოდათ, რცხვენოდათ, სახლში ისხდნენ ეს ბავშვები და ნაკლებად გამოჰყავდათ. ზუსტად იგივე მდგომარეობაა ამჟამად ასაკოვან ადამიანებთან მიმართებაში,“  –  ამბობს იაგო ჯიბუტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი