მთიანი აჭარა

თვითმმართველობის კანონი და სოფელი

16.12.2013 • 1961
თვითმმართველობის  კანონი და სოფელი

 

ელგუჯა ბაჯელიძე ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოგნიძეებში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ თვითმმართველობის კანონპროექტის შესახებ, რომელსაც მთავრობა განიხილავს, მისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. იგი ფიქრობს, რომ ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში სოფელი მეტ დამოუკიდებლობას მიიღებს.

 

„სოფლის გასაჭირი გლეხკაცს უფრო ესმის. ზემოდან  მოსული კაცი ვერ გაგვიკეთებს იმას, რაც ჩვენთვის საჭიროა. პირველ ეტაპზე სამეურნეო პრობლემებია მისახედი. მექანიზაციის გარეშე სოფელი ვერ განვითარდება. მისახედია სოფლის გზები,“ – ამბობს ის.

 

მალხაზ ხიმშიაშვილი ზამლეთის თემის რწმუნებულია. იგი ამბობს, რომ კანონპროექტის დეტალებს არ იცნობს, თუმცა მოლოდინი იმის, რომ სოფელში ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება, არსებობს: „თუკი ყველა თემს თავისი ბიუჯეტი ექნება, თვითონ განკარგავს და  გამგეობაზე აღარ იქნება დამოკიდებული, ამას რა ჯობია, ზედმეტ ბიუროკრატიას თავს დავაღწევთ.“ იგი იმაზეც ფიქრობს, როგორ შეიძლება სოფელი სამომავლოდ განვითარდეს: `ჩვენს სოფელში ისტორიული ციხესიმაგრე   და მუზეუმია, თუ ინფრასტრუქტურა  გაკეთდება, არც ტურისტებს დაეზარებათ ამოსვლა, ადგილზე ხელნაკეთებს იყიდიან, ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და შემოსავალი გაჩნდება. 

 

თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონპროექტის დეტალები უცნობია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში მცხოვრები თამილა შალიკაშვილისთვისაც, თუმცა მას მიაჩნია, რომ თუკი სოფელს დამოუკიდებელი ბიუჯეტი ექნება, მომავლის პერსპექტივას გააჩენს: „ჩვენს სოფელში მოსახლეობამ თხილის ბაღების მოშენება დაიწყო, თუკი ეს მეურნეობა განვითარდება, შემოსავალიც გაჩნდება. სხვა პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.“

 

კანონპროექტის იმ ვარიანტის თანახმად, რომელიც მთავრობამ მოიწონა, რეგიონული გაერთიანების ხელმძღვანელი ცენტრალური მთავრობის მიერ ადგილზე დანიშნული მოხელე, გუბერნატორია, ხოლო მის კოლეგიურ ორგანოს წარმოადგენს საბჭო, რომლის წევრებიც არიან გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩეული წევრები, რომელთა რაოდენობა თუ პოლიტიკური კუთვნილება კანონში მოცემული კალკულაციის ფორმულით განისაზღვრება. საბჭო ზრუნავს მასში შემავალი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისათვის საერთო მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელებაზე, საერთო გზების მოვლა-პატრონობაზე და ასე შემდეგ, ხოლო მისი ხელმძღვანელი გუბერნატორი, რომელიც რეგიონში ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელია, ასევე ანგარიშვალდებული ხდება საბჭოს წინაშეც, რომელსაც მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების ბერკეტიც აქვს.

 

„პირველი შემთხვევაა  არამარტო აღმოსავლეთ, არამედ მთელი ევროპის სისტემაში, როდესაც ხელისუფლება თვითონ ეუბნება თვითმმართველობებს, რომ ის უფლებები, რაც თქვენია, უნდა გადმოგცეთო. ამიერიდან მე აღარ გიბრძანებთ რა ჩაიცვათ, ეს უკვე თქვენი ნებააო. მმართველი ელიტა არასდროს ნებით არ უშვებს ამ ბერკეტებს ხელიდან“, – ამბობს დავით ლოსაბერიძე „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის წარმომადგენელი“, რომელიც თვითმმართველობის რეფორმას წლებია ლობირებს.

 

თუმცა საზოგადოებრივი ჯგუფები მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსი, გამომდინარე ქვეყნის რეგიონული დაყოფის პრინციპიდან, ავტონომიის ერთგვარ ჩანასახს შეიძლება წარმოადგენდეს და ზოგიერთ კუთხეში შესაძლოა მომავალში სეპარატიზმიც წაახალისოს. ამ სულისკვეთებას იზიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც კანონპროექტის კონკრეტული მუხლის თუ კარის დასახელების გარეშე ზოგადად განაცხადა, რომ ქვეყნის დაშლის საფრთხეს ისიც ხედავს.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი, რომელიც ერთ-ერთი სპეციალისტია მათ შორის, ვინც ამ კოდექსის მომზადებაზე იმუშავა, „ბათუმელებთან“ აბსურდს უწოდებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რეგიონულ გაერთიანებებს რაიმე სხვა მიზნები ჰქონდეს ან უარყოფითი შედეგები მოიტანოს ქვეყნის დაშლის თვალსაზრისით:

 

„საბჭო გააკონტროლებს გუბერნატორს, რომელზეც ხშირად არის ლაპარაკი, რომ ადგილზე უკონტროლო მოხელეა და ზეწოლას ახდენს თვითმმართველობაზე. მავანი ამბობს, რომ აი, თქვენ საქართველოს შლით და რომ, სიტყვაზე, ორი თაობის შემდეგ კახელი იტყვის, რომ მე ვარ  არა ქართველი, არამედ კახელი… ასეთი დამოკიდებულება [მოქალაქეების მიმართ] პირდაპირ შეურაცხმყოფელია და თუ ამ დონეზე ვართ, მაშინ სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკიც ზედმეტია“, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ზემოხსენებულ რეგიონულ გაერთიანებებს არავითარი საკანონმდებლო ან სახელმწიფოებრივი ბერკეტი არ გააჩნია იმისათვის, რომ პოტენციურად მაინც შექმნან რაიმე სახის საფრთხე სეპარატიზმის თვალსაზრისით.

 

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კოდექსი ქვეყნის დაშლის საფრთხეს ქმნის, არ იზიარებენ არც საპარლამენტო უმცირესობაში. როგორც უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ  „ბათუმელებს“ განუცხადა, რომელიც თვითთმართველობის საკითხზე მუშაობს, რეგიონული გაერთიანებების იდეა მისთვის ბუნდოვანია, თუმცა მისი პარტია რეფორმას არამარტო მხარს დაუჭერს, არამედ გულმხურვალე მხარდამჭერიც იქნება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რეგიონული განვითარების სამინისტრო პარტიის პოლიტიკური მდივნის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ დასმულ 9 საჯარო შეკითხვას ადეკვატურად უპასუხებს. `ნაცმოძრაობის~ შეკითხვები შეეხება იმას, თუ რა დამატებითი სახსრების გამოყოფა გახდება საჭირო ბიუჯეტიდან ზოგადად მთლიანი რეფორმის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე წელზეა გათვლილი. ასევე პარტიას აინტერესებს კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტებს მიენიჭებათ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, როდის დაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რა სისტემით ჩატარდება.

 

რას შეცვლის თვითმმართველობის შესახებ კანონი სოფლებისა და მუნიციპალიტეტებისთვის და არის თუ არა დღეს ქვეყანა მზად ახალი რეგიონალური მოწყობისთვის? 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე, იურისტი ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის ახალი კანონის ამოქმედება ქვეყანაში რეალურ დეცენტრალიზაციას შექმნის.

 

 „ქვეყანაში უნდა არსებობდეს რეალური დეცენტრალიზაცია. დღემდე თვითმმართველობა იმყოფებოდა პოლიტიკური წნეხის ქვეშ და უფლებამოსილების გამიჯვნა რეალურად არ ხდებოდა.

 

დეცენტრალიზაციის პირველი რეალური გამოხატულება იქნება არჩევითობის ინსტიტუტი, როცა მერებისა და გამგებლების არჩევა მოხდება პირდაპირი წესით.    შესაბამისად, ეს პირები აღარ იქნებიან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის  გავლენების ქვეშ.

 

სოფლებში აირჩევა სოფლის საბჭოები, რომლებიც შეიმუშავებენ ძირითად პრიორიტეტებს და წარადგენენ საკრებულოებში. დეტალები, რა თქმა უნდა, დაიხვეწება, აქ მთავარი პრინციპი ის არის, რომ სოფლის გადასაწყვეტი ხდება პრიორიტეტები. ყველას გვახსოვს სოფლის დახმარების პროგრამა, რომელიც წინასწარ იყო გაწერილი, კრებები ფორმალურად ტარდებოდა და ეს გამოვლინდა კიდეც იმაში, რომ ყველა სოფელში გაკეთდა ძირითადად მოსაცდელები და თან ყველა ერთნაირი ფორმის და ფერის. მას შემდეგ, რაც სოფელი გახდება იურიდიული პირი, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მის სახელზე წამოვა და შემცირდება ბიუროკრატიული ბარიერები.“ 

 

პრიორიტეტების დამტკიცების შემთხვევაში კონკრეტული სოფელი დაფინანსებას მიიღებს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. „სოფელს შეუძლია თვითონ დაწეროს კონკრეტული პროექტი და რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებაც კი მიიღოს, გააჩნია, რას მოიფიქრებენ და როგორ“, –  განმარტავს ასლან ჭანიძე.

 

რამდენად პერსპექტიულია  თვითმმართველობის კანონი ნახევრადდაცლილი სოფლებისთვის და  როგორ განვითარდება მენეჯმენტი კვალიფიციური რესურსების გადინების პირობებში? –  ასლან ჭანიძის განმარტებით, დეცენტრალიზაციის პრინციპი სწორედ ამ პროცესების შეჩერებისკენ იქნება მიმართული: „სოფლები იმიტომ იცლება, რომ არავითარი ნათელი წერტილი განვითარების, არ არსებობს.  დეცენტრალიზაციის პირობებში შეიძლება რამდენიმე ახლომდებარე სოფელი გაერთიანდეს და რაღაც ერთობლივი პროექტები დაგეგმოს. არავინ უნდა იფიქროს, რომ  მე კანონი დავწერე და აწი სოფელმა მიხედოს თავის თავს. ნებისმიერი სტრუქტურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იყოს მიმართული სოფლის განვითარებისკენ, მაგალითად, განათლების სამინისტრომ სკოლების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. არის სოფლები, სადაც შესანიშნავ ხელნაკეთობებს ამზადებენ, ეს შეიძლება განავითარო. თითოეულ სოფელთან უნდა მოხდეს  სპეციფიკური მიდგომა და ექსპერტებმა უნდა იმუშაონ, რა იქნება უმჯობესი კონკრეტული სოფლისა თუ რაიონისთვის. 

 

სოფლის თითოეული მცხოვრები უნდა იყოს დაინტერესებული, რომ  სოფელი ნაბიჯ-ნაბიჯ გახადოს მიმზიდველი. თუკი გომარდულში არის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მან განვითარება უნდა აიღოს იქეთკენ, რომ კურორტი მიმზიდველი გახადოს არა მარტო ზამთარში. პრიორიტეტები  კონკრეტული სოფლის თუ რაიონის საჭიროებებიდან უნდა განისაზღვროს. შეიძლება შუახევს ამ ეტაპზე სჭირდებოდეს ვერტმფრენი ან ყველგანმავალი მანქანა, ეს უნდა გადაწყვიტონ თვითონ. რაც შეეხება კვალიფიციურ რესურსს, რომ არ მოხდეს კადრების ქალაქში მიგრირება, საკრებულოებში უნდა შეინარჩუნონ ისინი, რომ შემდგომ სწორად წარიმართოს კონკრეტული სოფლის ლობირება.“  

 

 რაც შეეხება ენერგორესურსებს. ექნებათ თუ არა თვითმმართველობებს უფლება, მათ ტერიტორიაზე არსებული ჰესების თუ სხვა მსხვილი პროექტებიდან მოითხოვონ დივიდენდები თვითმმართველობის ბიუჯეტისთვის? როგორც ასლან ჭანიძე ამბობს, ენერგორესურსები ეკუთვნის სახელმწიფოს, „მაგრამ თუკი ხელისუფლების პოლიტიკა იქნება იქეთკენ მიმართული, რომ თვითმმართველობა ფინანსურად გაძლიერდეს, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რომ ვთქვათ 0,1 პროცენტი მსხვილი ბიზნესის შემოსავლებიდან წავიდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში“.     

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი