კვირის ამბები

ვინ უნდა იზრუნოს ქუჩის ძაღლებზე

03.12.2013 • 5771
ვინ უნდა იზრუნოს ქუჩის ძაღლებზე

აქცია ბათუმის მერიასთან. 29 ნოემბერი, 2013 წ.

ბათუმში, ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, შარაბიძეებში ამბობენ, რომ ბოლო დროს მათ უბანში უპატრონო ძაღლები მომრავლდნენ. შანიძის #12-ში მცხოვრები ლევან სურმანიძე ამბობს, რომ სახლში საღამოს  მისვლა სარისკოა, ქუჩაში ჯგუფ-ჯგუფად დადიან ძაღლები. მისი თქმით, ამ პრობლემას ისიც უწყობს ხელს, რომ ქალაქის სანდასუფთავება ნაგვის ურნებს დროულად არ ათავისუფლებს და სწორედ ამ ურნებთან იყრიან თავს უპატრონო ცხოველები.

„დაახლოებით 20 დღის წინ ამხანაგობის თავმჯდომარეებმა მივმართეთ დაბა ხელვაჩაურის რწმუნებულს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ პასუხად მივიღეთ, რომ საერთაშორისო კონვენცია კრძალავს ძაღლების მოკვლასო. ვერ ვკლავთ ერთია, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ რა გზას დავადგეთ, ან დავიჭიროთ, ან გადავიყვანოთ თავშესაფარში“- ამბობს ლევან სურმანიძე.

შარაბიძეებში გასულ წელს ბავშვის დაკბენის ფაქტიც დაფიქსირდა. „სტუმრები მყავდა. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. უცებ ჩემი გოგო შემოვარდა – დედიკო, ლუკას ძაღლი ჭამსო. რომ გავედი, ბავშვი მეზობელს ხელში ჰყავდა აყვანილი. იმ წუთას წავიყვანე ბავშვთა საავადმყოფოში. იმ დღეს ეს იყო ბავშვის დაკბენის მე-17 შემთხვევა. ერთი კვირა საავადმყოფოში დამყავდა და 40 დღე ნემსებს ვუკეთებდი დღეში ორჯერ„. – იხსენებს „ბათუმელებთან“ ნაირა ბერიძე, რომლის შვილიც   ძაღლმა გასულ წელს დაკბინა ხელის, სახისა და მუცლის არეში.

ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევათა რაოდენობა რომ გაიზარდა, ამას სტატისტიკაც მოწმობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით თუ 2012 წელს ბათუმში 1005-მა პაციენტმა გაიკეთა ცოფის საწინააღმდეგო აცრა, 2013 წლის იანვრიდან დღემდე, ანუ 10 თვის მანძილზე 1 299 პაციენტი ფიქსირდება. მთლიანად აჭარის მასშტაბით კი, იანვრიდან დღემდე, 2766 ადამიანმა გაიკეთა ცოფის საწინააღმდეგო აცრა, 2012 წელს – 2743-მა,  2011 წელს კი –  2734  ადამიანმა მიმართა ექიმს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად.

ვინ უნდა იზრუნოს უპატრონო ძაღლებზე? რამდენიმე წლის წინ ქალაქის ტერიტორიაზე მიუსაფარ ცხოველებს ბათუმის სანდასუფთავების სამსახური იჭერდა . ამ სამსახურში ახლა ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ მეთოდს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებენ.

„არანაირი მეთოდი არ გვაქვს მიუსაფარ ძაღლებთან მიმართებაში. იმიტომ, რომ არ გვაქვს თავშესაფარი. ადრე ჩვეულებრივად ვხოცავდით, არაჰუმანურიაო – თქვეს. ახლა აღარც ვიჭერთ და აღარც ვკლავთ. თუ უკიდურესი შემთხვევაა – ვიღაცა დაკბინა და ცოფი დაფიქსირდა, არის ჯგუფი, პოლიგონზე გაჰყავს ძაღლი და მისი გაუნებელყოფა ხდება“.  – ამბობს დავით ასამბაძე, ბათუმის სანდასუფთავების დირექტორი.

29 ნოემბერს, ბათუმის მერიასთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე კი ამბობს, რომ ბათუმის მერიამ და შ.პ.ს. სანდასუფთავებამ გააჩაღა სასაკლაო: „ძაღლებს არაჰუმანური მეთოდებით კლავენ, მაშებით ხოცავენ, ხერხემალში ამტვრევენ, შემდეგ კი მიაქვთ ბეიკერის ორმოში და ნახევრად ცოცხლებს ყრიან. დღეს ცივილიზებულ ქვეყანაში ეს არაჰუმანური საქციელია და ამის წინააღმდეგ ვიბრძვით ჩვენ.“

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად ცხოველის მოკვლა ისჯება ჯარიმით, იგივე ქმედების გამეორების შემთხვევაში კი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ცხოველებს იცავს ცხოველთა დაცვის ევროკონვენციაც. ცხოველთა უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრის ხმის“ ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე მიიჩნევს, რომ უპატრონო ცხოველების მოკვლით, ფაქტობრივად, თავად სახელმწიფო არღვევდა კანონს. იგი ერთადერთ გამოსავალს თავშესაფრის აშენებაში ხედავს:

„პრობლემის გადაჭრისათვის საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც პირველ რიგში სახელმწიფო თავშესაფრის აშენებას ითვალისწინებს, სადაც ძაღლებს ჩაუტარდებათ სტერილიზაცია (ოპერაციული ჩარევით გამრავლების უნარის მოსპობა) და ვაქცინაცია ცოფზე. ასევე უნდა ამოქმედდეს გაშვილების პროგრამა.

დღეს, ჩვენი ქალაქის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ აუცილებელია ქალაქში იყოს გარკვეული პოპულაცია მიუსაფარი ცხოველების, ვინაიდან ისინი მონაწილეობენ ბიოლოგიური ჯაჭვის დაცვაში. ბიოლოგიური ჯაჭვის დარღვევით ჩვენ ხელს შევუწყობთ მღრღნელების მომრავლებას ქალაქში, რასაც შემდგომში კიდევ უფრო მეტი სოციალურ-ეკონომიკური ზარალის მოტანა შეუძლია. მაგალითად, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ერთბაშად გაწყვიტეს ძაღლები და ბიოლოგიური ჯაჭვი დაირღვა, რასაც მღრღნელების გამრავლება მოჰყვა, ამიტომ მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა ბიოლოგიური ჯაჭვის აღსადგენად ძაღლები სხვა ქალაქიდან შეეყვანა. პრობლემა ისე უნდა მოგვარდეს, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ცხოველთა უფლებები არ დაირღვეს.“

ერთადერთი გამოსავალი რომ ცხოველთა სახელმწიფო თავშესაფარის აშენებაა, ამ აზრს სანდასუფთავების დირექტორი, დავით ასამბაძეც იზიარებს, თუმცა მისი თქმით, ასეთი თავშესაფრის აგება  თანხასთანაა დაკავშირებული.

ამ თემაზე საუბრისას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ცხოველთა თავშესაფრის აშენებას მილიონობით ლარი სჭირდება.

„თითქოს იოლად გადასაჭრელი საკითხი ჩანს, მაგრამ დაახლოებით თუ დავთვლით, ერთი ძაღლის შენახვა 28 ლარამდე ჯდება. მოკვლა არ შეიძლება, რასაც ცალსახად ვეთანხმები. რამდენჯერმე გვქონია არასამთავრობოებთან ერთად ამ საკითხის გადაჭრის გზებზე მსჯელობა, მათ თანხის მოძიება ვთხოვეთ, ჩვენ კი შესაბამისი ტერიტორიის მონახვა  დავიწყეთ. ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვეთ ტერიტორიის გამოყოფა ვოლიერის ასაშენებლად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარტო ვოლიერი საკმარისი არ არის. სამწუხაროდ მინდა ვაღიარო, რომ დღეს ამ პრობლემას ვერ ვწყვეტთ. ისევ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაგვეხმარონ თანხის მოძიებაში“ –  განაცხადა „ბათუმელებთან“ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ბათუმის მიმდებარედ ცხოველთა ორი თავშესაფარია. ადლიის ტერიტორიაზე არსებულ 52-ადგილიან კერძო ძაღლთა თავშესაფარში ამბობენ, რომ ამ დროისათვის ვერ უზრუნველყოფენ ათასობით ძაღლზე ზრუნვას. ახლა აქ 20 ადგილია თავისუფალი,  მაგრამ ეს საუკეთესო შემთხვევაა, რადგან ადლიაში არსებული თავშესაფარი, როგორც იქ მომუშავე პერსონალი ამბობს, მუდამ სავსეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: