კვირის ამბები

თავისუფლების კუნძული

16.12.2013 • 3110
თავისუფლების კუნძული

 

 

„ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა.  მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება… იცი რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ… და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად, სურს, რომ წაგართვას. შეუგნებლად ებრძვის შენს პიროვნებას და იცი, ერთხელაც, მწარედ, მწარედ გაგიკვირდება, რომ ის, ვინც გზრდიდა, გაჭმევდა, გბანდა, გივლიდა, გაცმევდა, ვერასოდეს ხვდება, რა დარდი გჭამს, რა სატკივარი“, – ეს ვაჟიშვილის აზრებია ნაირა გელაშვილის წიგნიდან `დედის ოთახი“.

 

პირადად მე ძალიან მიყვარს ეს წიგნი. მიზეზი, რატომაც ჩამიძვრა ის სულში და ზღვის იდუმალ ფსკერზე მაგრძნობინა თავი, დამაფიქრა საკუთარ სივრცეზე, არის აზრი, რომელიც გამიჩნდა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ. პირადი სივრცის შექმნას ასე თუ ისე ყველა ადამიანი ახერხებს, თუმცა, ცხოვრებისეული ვნებათაღელვების გამო უამრავ ცვლილებას განვიცდით და ადამიანმა შეიძლება მისი შენარჩუნება ძნელად შეძლოს.

 

მე ცალკეული ადამიანების კი არა, მშობლების „თავისუფლების კუნძულზე“ მინდა საუბარი. „დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა“ – გვანამუსებს ვაჟა. ჩვენ, შვილებს, მარტივად გამოგვდის საკუთარი სივრცის გამოყოფა, ჩვენს ცხოვრებასა და მშობლების ცხოვრებას შორის გამყოფი ხაზის გავლება. დავფიქრებულვართ ოდესმე, რომ მშობელსაც შეიძლება ჰქონდეს პირადი სივრცე? სივრცე, სადაც შეძლებს საკუთარ თავთან, აზრებთან, მისწრაფებებთან, უბრალოდ თავის ცხოვრებასთან პირისპირ დარჩენას. დარჩენას მარტო, ჩვენ გარეშე…

 

საქართველოში მიჩვეულები ვართ, რომ ოჯახის წევრების პირადი ცხოვრება ხშირად ერთმანეთშია გადახლართული; შვილებს ბუნებრივად მიაჩნიათ მშობლების ზრუნვა, ვალდებულადაც თვლიან მშობლებს, რომ ისინი დაეხმარონ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში.

 

არასოდეს გაგჩენიათ გრძნობა თითქოს ზღვაში იძირები, უამრავ გრძელ და გადახლართულ წყალმცენარეს ედები, როცა მშობლების, – დედის ან მამის ნივთებს, ოთახს ხედავ? იდუმალს, ჩვენთვის ამოუხსნელს და უცხოს. ამ პატარა დეტალებში თითქოს თავისუფლების კუნძულია დაუცველად განფენილი, რომელსაც მშობლებს ვართმევთ ხოლმე შვილები ჩვენი თავკერძობით, ეგოიზმით. და ისინი კი დაუნანებლად გვითმობენ… პატარა კუნძული, სადაც მშობლები ჩვენ გარეშე რჩებიან სხვაგვარ სიმშვიდეში… ამაზე როცა დავფიქრდი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი და მაშინ შემებრალა ჩემი მშობელი… დავფიქრდი იმაზე, რომ შვილებმა უნდა მივცეთ მშობლებს გარკვეული დოზით თავისუფლების უფლება, რათა სამაგიეროდ მივიღოთ იმავე დოზის თავისუფლების ისეთივე (ან ცოტა მეტი) ულუფა. მათი ცხოვრება ხომ ბოლომდე ჩვენსაშია ისე ჩაქსოვილი, რომ გამოცალკევება შეუძლებელი თუ არა, ძალზე ძნელია.

 

განსაზღვრავს თუ არა ოჯახის ტიპი (ლიბერალური, ინდიფერენტული, ავტორიტეტული და ავტორიტარული) „თავისუფლების კუნძულის“ ქონა-არქონას? ამასთან ერთად გამიჩნდა კითხვა: ნიშნავს თუ არა ლიბერალური ან ინდიფერენტული ოჯახი „თავისუფლების კუნძულის“ ქონას? ეს ორი ტიპი გამოვყავი იმ მიზნით, რომ ავტორიტეტული და ავტორიტარული ოჯახის ტიპები არ გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას, ზემოთ ჩამოთვლილი ორი კი „მსუბუქ ფორმას“ წარმოადგენს.

 

პირადად მე, მგონია, რომ არც ერთი მათგანი, მიუხედავად მათი სიმარტივისა, თავისთავად არ გულისხმობს „თავისუფლების კუნძულის“ არსებობა-არარსებობას. ლიბერალური ოჯახის თვალსაზრისით მშობლები ნაკლებად აკონტროლებენ შვილებს, აძლევენ მათ სრულ თავისუფლებას, თუმცა აქტიურად ადევნებენ თვალ-ყურს მათ ცხოვრებას და ნებისმიერ დროს მზად არიან დახმარება გაუწიონ. რაც შეეხება ინდიფერენტულ ოჯახს, ის მითუმეტეს არ გულისხმობს ამ კუნძულის არსებობას. მშობლები ბოლომდე არიან ჩართულები საკუთარ პრობლემებში და შვილების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. ეს არ გულისხმობს პირადი სივრცის არსებობას.

 

კუნძული მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა არსებობს ადგილი შვილებისთვის და პატარა თავშესაფარი, საკუჭნაო გამოყოფილია მშობლის საკუთარი „მე“-სთვის, სადაც მას შეუძლია მარტოობაც, განტვირთვაც. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს შვილებზე უარის თქმას, პირიქით, ამ კუნძულის წყალობით მშობლებისა და შვილების ურთიერთობა უფრო სისხლსავსე და მრავალფეროვანი უნდა გახდეს.

 

კიდევ ერთი კითხვა არ მასვენებს: იქნებ კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული ჰქონდეს თუ არა პირადი სივრცე და საკუთარი კუნძული? იქნებ ამ კითხვაზე პასუხის სირთულე მშობლისა და შვილის უპირობო სიყვარულში უნდა ვეძებოთ: შვილის გაჩენის დღიდან მშობელი ჩართულია მის მოვლა-პატრონობაში, მისთვის სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ცხოვრების ორგანიზებაში.  შვილები იზრდებიან, მშობლები ასაკში შედიან, ეს კავშირი კი უწყვეტია. ალბათ, ამ პირობებში რთულია თავისუფლების კუნძულის „კვება“, რათა ის საბოლოოდ არ გაქრეს ნისლივით. როგორ შეიძლება შეინარჩუნო საკუთარი, პირადი სამყარო, კუნძული, როცა შვილის ცხოვრებაში მუდამ ახალი ეპოქების მონაცვლეობა იწყება.     

გადაბეჭდვის წესი


ასევე: