ბათუმის ქედის მიმართულებით ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზვარეს მიმდებარედ წუხელ მეწყერი სამჯერ ჩამოწვა. როგორც „ბათუმელებს“ ქედის გამგებელმა, დავით დუმბაძემ განუცხადა ამჟამად მოძრაობა აღდგენილია და გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია, თუმცა მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება ისევ არსებობს.
„წუხელ ღამის 12 საათზე ჩამოწვა, მერე 3-ზე და დღეს დილით კიდევ 6 საათზე. ახლა გზა გაწმენდილია. მთელს მუნიციპალიტეტში შუქი არ არის, გზები იწმინდება, მაგრამ სოფლების მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ დავით დუმბაძემ.
დიდთოვლობაა შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტში. სოფლების უმრავლესობაში მისასვლელი გზები გაუწმენდავია. ზოგგან თოვლის საფარი 2,5 მეტრს აღწევს, 1,5 მეტრი თოვლია დაბა ხულოში.
„ამჟამად ხულოში გადაუღებლად თოვს. სოფლების უმრავლესობაში თოვლის საფარი მაღალია და იმის გამო რომ შუქი არაა, სატელეფონო კონტაქტიც ვერ ხერხდება. ცენტრალური მაგსიტრალი იწმინდება. ხულოში მეტრნახევარს აღწევს თოვლის საფარი,“ – განაცხადა ბათუმელებთან საუბარში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.
მისივე ინფორმაციით მოძრაობა შეზღუდულია სხალთის მიმართულებით. აჭარაში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს.