მაია მიმინოშვილი ბათუმში მოსწავლეებს შეხვდა

 

„როგორც იცით, ეროვნული გამოცდებისთვის მე-12 კლასელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო, უცხო ენის გამოცდას დაემატა სმენითი ნაწილი და ამ საკითხზე იყო საუბარი მოსწავლებთან. ცვლილებები შეეხო  ზოგადი უნარების გამოცდასაც, სადაც  ბარიერი გაიზარდა. მაია მიმინოშვილმა ისაუბრა ამ ცვლილებების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე“.

 

 

მარიზა აბაშიძის თქმით, მეთორმეტე კლასელებს ეროვნულ გამოცდებში განხორციელებული ცვლილებების გამო შენიშვნები არ გამოუთქვამთ.   

 

 „როგორც ქალბატონი მაია აცხადებს, ამ ცვლილებებით უფრო გაადვილებულია გამოცდების ჩაბარების პროცესი, ვიდრე გართულებული“. _ გვითხრა მარიზა აბაშიძემ.

 

დირექტორი ამბობს, რომ ინგლისურ ენაში  სმენითი ნაწილის გაუმჯობესების მიზნით, სკოლას მოსასმენი დისკები გადასცეს. 

მძღოლების მოთხოვნებზე ინტერფრაქციული ჯგუფი იმსჯელებს

 

ავტობუსის მძღოლები ხელფასის გაზრდასთან ერთად, შპს „ბათუმი ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, გია ლორიას გადადგომასაც მოითხოვენ.

 

როგორც საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, დღეს პირველი საათისთვის მერიაში უნდა შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც მძღოლების მოთხოვნებზე იმსჯელებს.

 

 „ჯერ არ არის გადაწყვეტილი ვინ შევა ინტერფრაქციულ ჯგუფში,  საუბარია არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზეც, ჯგუფი განიხილავს  როგორც ხელფასების ასევე გია ლორიას გადაყენების საკითხსაც“-აცხადებენ საკრებულოს პრესსამსახურში.

 

მუნიციპალური ავტობუსების შეჩერებამ პრობლემები შექმნა მზგავრთა გადაადგილებაში. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ 320 მძღოლია დასაქმებული.

 

გაფიცული მძღოლები

ბათუმში ავტობუსის მძღოლებმა შიმშილობა დაიწყეს

„აქამდე ხელფასის მომატებას, დირექტორის გადადგომას და პროფკავშირებისათვის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახის გამოყოფას ვითხოვდით, მაგრამ ახლა მხოლოდ დირექტორის გადადგომას ვითხოვთ. გიორგი ლორია უნდა გადადგეს,“ – აცხადებს  შპს „ავტოტრანსპორტის“ პროფკავშირის ხელმძღვანელი ემზარ გოგიტიძე.

შპს „ავტოტრანსპორტის“ 300 მდე მძღოლი მეხუთე დღეა გაფიცულები არიან და ავტობუსები სამუშაოდ ხაზზე არ გამოჰყავთ.

 

სახელმწიფო ანსამბლის წევრები პროტესტს აგრძელებენ

 

 „ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე.  ყოველდღე ვცხადდებით სამსახურში, მაგრამ რეპეტიციებს მანამდე არ ჩავატარებთ სანამ თემურ ქორიძე არ დაბრუნდება სამხატვრო ხელმძღვანელად. სამოცი კაცი მოვითხოვთ თემურ ქორიძეს დაბრუნებას და ანსამბლის დირექტორი თუ ვერ იმუშავებს მასთან მაშინ თვითონ წავიდეს თანამდებობიდან,“- განაცხადა აქციის წევრმა ნათია მოისწრაფიშვილმა.

 

ანსამბლის ხელმძღვანელი ოთარ მიქელაძე ამბობს, რომ ანსამბლის ის წევრები, ვინც თემურ ქორიძის დაბრუნებას ითხოვს,  უმრავლესობას არ წარმოადგენენ, რადგან მათგან 15 ახალგაზრდა სტაჟიორია და არა აქვს შრომითი ხელშეკრულება ანსამბლთან გაფორმებული.

 

„ქორიძემ სტაჟიორები მოიყვანა და მათი პირადი საქმე არ შექმნა. არავითარი ბრძანებით არ გაუფორმებია ისინი. ახლა კი მათ თავის სასარგებლოდ იყენებს“- უთხრა „ბათუმელებს“ ოთარ მიქელაძემ.

 

 

„ვსაუბრობთ დემოკრატიაზე“ – სემინარების ციკლი ბათუმში

 

მომდევნო ლექცია ხვალ, 16 თებერვალსაა დაგეგმილი. ლექციის თემა იქნება „დემოკრატია და სახელმწიფო“.  პოლიტოლოგი კობა კუპრაშვილი დემოკრატიის არსზე ისაუბრებს. როდის ვითარდებიან ისინი სხვადასხვა მიმართულებით და როგორია იდეალური „დემოკრატია“ და „სახელმწიფო“.

 

სემინარები ტარდება პროექტის „დემოკრატიის ისტორიები სამოქალაქო ცნობიერებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ორგანიზაცია „ბორჯღალი“ს მიერ. 

„გვამებს მიმავალი ვაგონებიდან ყრიდნენ“

 

ვიოლეტა სიმაფორიდი

 

„1949 წლის დეკემბერში, შუაღამისას, რუსი ჯარისკაცები დაესხნენ ჩემს ოჯახს და ბებია, ბაბუა, ჩემი მშობლები და ოჯახის სხვა წევრები იძულების წესით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, შეყარეს სატვირთო მანქანაზე. დედა ამ დროისთვის ფეხმძიმედ იყო. როგორც დედისგან მახსოვს, ვაგონში მხოლოდ ერთი სარკმელი იყო და სუნთქვა ჭირდა. არ იყო საპირფარეშო, მგზავრობისას ბევრი ადამიანი დაიღუპა, გვამებს კი მიმავალი ვაგონებიდან ყრიდნენ. მხოლოდ გაჩერებისას, სადგურებში აწვდიდნენ თითო ნაჭერ პურს, ცხენის ხორცის ბალანდას და ცოტა წყალს. თუ წყლის დალევას ვერ მოასწრებდნენ, იყინებოდა. ასეთ ყინვაში იმგზავრეს 25 დღე.

გადასახლება შეეხო როგორც ბებიაჩემის, ასევე ბაბუაჩემის ოჯახებსაც. გადასახლებაში იყო დეიდაჩემიც.

ბაბუაჩემი თურქეთის მოქალაქე იყო. მას ახალშენში პირველი ცოლი და შვილები ჰყავდა. შემდეგ შექმნა ბებიაჩემთან ახალი ოჯახი. ბებიაჩემიც თურქეთის მოქალაქე იყო, იმ დროს თურქეთსა და საბერძნეთს ომი ჰქონდათ ერთმანეთთან. ბებიას ოჯახი საზღვართან ცხოვრობდა და მათი უსაფრთხოება დაცული არ იყო. ხშირად იტაცებდნენ გოგონებს, აუპატიურებდნენ ან ყიდდნენ. ამიტომ ბებიაჩემი გამოუშვეს საქართველოში ერთ ნათესავთან და შემდეგ დარჩა სამუდამოდ. მას 13 და-ძმა ჰყავდა და სიცოცხლის ბოლომდე მათ ნახვას ნატრობდა, თუმცა ვერ შეძლო. შემდეგ ის პერიოდი იყო, როცა მიმოწერაც კი არ შეიძლებოდა. პირველად 1994 წელს შეძლო მამაჩემმა ვიზით საბერძნეთში წასვლა.

ჩემი ოჯახი ყაზახეთში, ჩუმკეტში გადაასახლეს. ვაგონებიდან პირდაპირ დაუსახლებელ უდაბნოში დაყარეს ღია ცის ქვეშ. ამ პირობებში იმშობიარა დედაჩემმა და ქალიშვილი გააჩინა, რომელიც საშინელი პირობების გამო სამ თვეში გარდაიცვალა. მოგვიანებით დედაჩემის მამაც გარდაიცვალა, ბებიას კი ნერვები დაუავადდა. დედისთვის ეს ყველაზე შემზარავი და საშინელი დღეები იყო. მოგვიანებით, როცა მამაჩემმა მუშაობა შეძლო, პატარა ბარაკი ააშენეს, სადაც მე და ჩემი ძმა დავიბადეთ. ხუთი წელი გავატარეთ გადასახლებაში. ახლაც მახსოვს ის სახლი, ოთახები და ბაღი, სადაც ცოტა ხნით დავდიოდი. არც სათამაშო გვქონია და არც რაიმე გასართობი, ადგილობრივი ბავშვებიც კი ერიდებოდნენ ჩვენთან თამაშს. არც საკვები გვქონდა წესიერი. გასაკვირია, პატარები საერთოდ როგორ გადავრჩით. ყაზახეთში საცხოვრებლად უვარგისი ბუნებრივი პირობები იყო. არ იყო შუქი, შეშა… ზაფხულში ისეთი სიცხე იყო, დამდგარ წყალს მატლები ესეოდა. ბევრი ადამიანი მოკვდა წყლით. დედაჩემიც მოიწამლა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
ბოლო წლებში უფრო ადვილად გაგვქონდა თავი. საჭმელს ყველა ერთად ვჭამდით, ვინ რას იშოვიდა, იმის მიხედვით. ზოგი აცხობდა და ყიდდა, დეიდაჩემი კი კერავდა, ქსოვდა და შემდეგ საკვებზე ცვლიდა.

მამაჩემმა სტალინის სახელზე წერილი გააგზავნა და საქართველოში დაბრუნება სთხოვა. არ ვიცი, ეს წერილი მართლა მივიდა თუ არა სტალინამდე, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ დაბრუნების უფლება მოგვცეს. ხალხისგან განსაკუთრებული სიძულვილი არ გვიგრძნია, შეიძლება იმიტომ, რომ სიტუაცია შედარებით შეცვლილი იყო ქვეყანაში. თუმცა ცხოვრების თავიდან დაწყება ძალიან გაგვიჭირდა.

ბაბუაჩემი გაკულაკებული იყო და ქონება წართმეული ჰქონდა. არც ბებიაჩემის ოჯახს დაუტოვეს სახლი, იქ უკვე სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ.
ნაქირავებში ვცხოვრობდით დიდხანს, შემდეგ ერთი ოთახი მოგვცეს, სადაც კანალიზაციის მილები პირდაპირ იატაკზე გამოდიოდა. შემდეგ მოგვცეს ბინა, მაგრამ ავეჯი არ გვქონდა. დედაჩემი ჩემოდნებს გადააფარებდა სუფრას და ისე ვსადილობდით. შემდეგ დედაჩემმა ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა, მამაც მუშაობდა და ნელ-ნელა ავაწყვეთ ცხოვრება. თუმცა იმ წლებმა, რომელიც გადასახლებაში გავატარეთ, ჩვენს ცხოვრებაზე მძიმე კვალი დატოვა.
მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ეს ისტორიები, რადგან სწორად შეაფასონ მოვლენები. წარსული გამოცდილების ცოდნა მათ შეცდომებისგან დაიცავს. ვინმე რომ წაიწუწუნებდა, დედაჩემი იმ მძიმე დროს გაიხსენებდა ხოლმე. მეც დავბერდი და ზოგი რამ კარგად აღარ მახსოვს. კარგი იქნებოდა, ჩანაწერები რომ გამეკეთებინა. საინტერესო წიგნი გამოვიდოდა“.

პარადოქსი

შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლები, მტაცებელი ფრინველების მრავალრიცხოვანი მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია, სადაც ყოველწლიურად 800.000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ, ამ ფაქტის გამო ეს ადგილები მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მესამეა. იგი ცნობილია `აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის~ სახელით. შემოდგომის პერიოდში სკანდინავიიდან, რუსეთის ტყეებიდან და ცენტრალური აზიიდან 35 სახეობის გადამფრენი მტაცებელი მიფრინავს სამხრეთით, აფრიკისაკენ გამოსაზამთრებლად. სწორედ რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს ამდენი ჩიტის ერთ ადგილზე თავმოყრას, რაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღების უტყუარი წინაპირობაა.

 

ჭოროხის დელტის ტერიტორია მნიშვნელოვანია მიგრირებადი და მიმომფრენი ფრინველებისათვის. აქაა შემორჩენილი ფლორის ის სახეობები შავი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ევროკავშირის `ნატურა 2000~ და ზურმუხტის ქსელი იცავს. ტერიტორიას განსაკუთრებული სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ეკოტურისტული პოტენციალი აქვს. 2006-2007 წლებში ორგანიზაცია `ჭოროხმა~ მოამზადა კიდევაც კანონი `ჭოროხის დელტის~ დაცული ტერიტორიის ჩამოყალიბებისთვის, თუმცა ის დღემდე არ არის მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან. დღეს ჭოროხის დელტას საკურორტო რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს, ხოლო მის შემოგარენს ე.წ. `სამხედრო ბაზის~ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის. სამწუხაროდ, ეს სტატუსი ვერ იცავს მათ ხელყოფისაგან – ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, მასზე შეიძლება აშენდეს სასტუმროები, ადმინისტრაციული შენობები, გასართობი ცენტრები თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები (ნუსხა საკმაოდ ვრცელია).

 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს, ასევე რამსარის კონვენციით (1971, 2 თებერვალი, ქ. რამსარი ირანი), რომელსაც საქართველო 1996 წელს შეუერთდა, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ მათ უნდა უზრუნველყონ წყალჭარბი ტერიტორიების დაცვა და მდგრადი გამოყენება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მთავრობებმა მიწათსარგებლობის სახელმწიფო დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინონ წყალჭარბი ტერიტორიების დაცვის აუცილებლობა და შეუნარჩუნონ ამ ტერიტორიებს ეკოლოგიური ხასიათი.

 

რეკრეაცია ეს არის ადამიანის ბუნებასთან კავშირ-ზემოქმედების პროცესი.  ეკონომიკური თვალსაზრისით რეკრეაციულ რესურს ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი სწორად დაგეგმარებისა და გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკის საგრძნობლად გაზრდა.

 

ჩვენ შემთხვევაში კი ეკონომიკის ზრდა და ინვესტიციების მოზიდვა ხშირად წინააღმდეგობაში მოდის რეგიონის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან. ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მდინარე ჭოროხსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა; მდინარე აჭარისწყალზე (მდ. ჭოროხის შესართავი) სამსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა; ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა (48 კმ); ბათუმიდან მდ. ჭოროხზე საავტომობილო გზისა და ოთხხაზიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობა; ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამუშავებენ საინვესტიციო წინადადება/პროექტს, რომელიც ჭოროხის დელტისა და მიმდემბარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

 

ინფრასტრუქტურული პროექტები იწვევს გარემოს შეუქცევად ცვლილებას, ფრინველთა სიკვდილიანობის ზრდასა და გადაშენებას. სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს ის პრიორიტეტები და ფასეულობები, რაზეც აგებულია საინვესტიციო თუ ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა, ამისთვის კი პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: სად ვიმყოფებით დღეს, სად გვსურს, რომ ვიყოთ და როგორ ვაღწევთ სასურველ შედეგს.

 

და ბოლოს, ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესება ვისთვის პარადოქსი შეიძლება იყოს, ვისთვის კი გარემოსთან შეხების ერთ-ერთი საშუალება და სამყაროს ახლებური ხედვაა. ყველას გვქონია ბავშვობაში პირველი სიხარული, როცა მერცხლები ჩვენს აივანზე ბუდეს იშენებდნენ, შემდეგ ბარტყებზე ზრუნავდნენ და პირველ ფრენას ასწავლიდნენ. და როგორ ტოვებდნენ ბუდეს ზაფხულის მიწურულს… თურმე ისინი ჩვენი ჭოროხის დელტაზე აფარებენ თავს და შემდეგ აგრძელებენ გზას თბილი ქვეყნებისკენ.

 

პარადოქსი – (ბერძნული სიტყვა რწმენის მიღმა) საყოველთაოდ აღიარებული შეხედულების, საღი აზრის მკვეთრად საწინააღმდეგო (სინამდვილეში ან ერთი შეხედვით) მსჯელობა, მოსაზრება.

ბათუმში ხსოვნის დღე აღნიშნეს

 

ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ვეტერანებს საჩუქრად 200 ლარი გადაეცემათ. გარდა ამისა, ვეტერანთა ოჯახებისთვის გაზიფიკაციის ხარჯების 90 %-ს ქალაქის თვითმმართველობა გაიღებს.
 
 
ასევე, ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ვეტერანები თავისუფლდებიან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის, ტელეფონის სააბენონტო და კომუნალური გადასახადებისგან.
 
 
 
მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.

ბათუმის აფიშა

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში:

ფესტივალ „ბათუმური საღამოების“ ფარგლებში დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ორი ღონისძიებაა დაგეგმილი. 17 საათზე იხილავთ ახალგაზრდა  რეჟსორ ნინელი გოგიტიძის დოკუმენტურ ფილმს იური ხაბაძე – „პორტრეტს“. 18 საათზე პრემიერაა დაგეგმილი. ბათუმის მუსიკალური ცენტრის  ახალგაზრდულ–მუსიკალური თეატრი წარმოგიდგენთ  თეატრალიზებულ კონცერტს  რ. კოჩიანტის „Notre Dame De Paris“. ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში:

12:00 საათიდან 16:00 საათამდე, ახალგაზრდა ხელოვანის სულხან შაქარაძის მუყაოსგან დამზადებული ყვავილების, მანქანების, ბინების მაკეტების გამოფენა გიამართება. გამოფენა დღეს დასრულდება.

 

კონოთეატრ „აპოლოში“:

ევროკავშირის ფილმების ჩვენება 16 თებერვალს დასრულდება. დღეს ნაჩვენები იქნება ლატვიის ფილმი „დედა, მე შენ მიყვარხარ“. ფილმი ქართული და ინგლისური სუბტიტრებით იქნება.

„აპოლოში“ ასევე ნახავთ

12:00 საათზე – ტარზანი 3D – 7 ლარი

14:00 საათზე – ტარზანი 3D – 7 ლარი

16:00 საათზე – ფრანკენშტეინი 3D – 8 ლარი

18:00 საათზე – ევროკავშირი ფილმი – დედა, მე შენ მიყვარხარ – 0 ლარი

22:00 საათზე – უოლ სთრითის მგელი 3D – 8 ლარი

 

 

 

 

 

 

 

ავტობუსის მძღოლებსა და თვითმმართველობას შორის შეთანხმება არ შედგა

 

 

შეხვედრაზე ავტოტრანსპორტის პროფკავშირის ხუთი წარმომადგენელი, შპს „ავტოტრანსპორტის“ დირექტორი გია ლორია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი, ქალაქის ვიცე-მერები, აჭარის პროფკავშირების ხელმძღვანელი ილია ვერძაძე და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ.

 

გაფიცულ მძღოლებს ორი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: ხელფასების გაზრდა,  საათში 50 თეთრით და ავტოტრანსპორტის დირექტორის გია ლორიას თანამდებობიდან გადაყენება.

 

მოთხოვნა ქალაქის თვითმმართველობამ არ დააკმაყოფილა. რის შემდეგაც ავტოტრანსპორტის პროფკავშირის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.

 

მძღოლები გია ლორიას მმართველობას იწუნებენ და უპატივცემულობაში ადანაშაულებენ, რასაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის მთავარ მიზეზად ასახელებენ.

 

„მამისტოლა კაცს გინებით მესაუბრება, თუმცა მან დღეს შეხვერდაზე ეს უარყო“- გამოთქვა პროტესტი ერთ-ერთმა მძღოლმა ფერული ცინცაძემ.

 

„მე განვუცხადე ირაკლი ჩავლეიშვილს არ შეიძლება ისეთი ადამიანი იყოს საწარმოს დირექტორი ვინც დედას აგინებს თანამშრომლებს. შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ იმიტომ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გია ლორიას მფარველობს,“ – განაცხადა ბათუმის ავტოტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ ემზარ გოგიტიძემ.

 

საკრებულოს თავმჯდომარე მძღოლების პროტესტის დაკმაყოფილებას ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნით აპირებს.

 

„შევთავაზებთ, რომ შეიქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს თავიდან ბოლომდე შეისწავლის. განიხილავს მათ მოთხოვნებს – სახელფასო საკითხს, მათთვის გარკვეული ფართის გამოყოფასა და კოლექტიური ხელშეკრულების საკითხებს, რასაც ასევე მოითხოვენ. ჯგუფში იქნება, როგორც ბათუმის მერიისა და საკრებულოს, ასევე მათი წარმომადგენლებიც. კომისიის მუშაობის შემდეგ, თუ საჭირო გახდა დადგება ნებისმიერი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი,“ – განაცხადა შეხვედრის ბოლოს ირაკლი ჩავლეიშვილმა.

 

პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ ინტერაქციულ ჯგუფის შექმნას და მათი საკითხის ამ გზით გადაჭრას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ აქციის გაგრძელებას შიმშილობით გეგმავენ.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ავტობუსების მძღოლები მესამე დღეა გაფიცულები არიან. ქალაქში ყოველდღიურად მოძრავი 140 ავტობუსიდან არ ერთი არ ასრულებს სატრანსპორტო რეისებს. მათ ნაცვლად კი მგზავრები შეღავათიან ფასად – 30 თეთრად, მიკროავტობუსებით სარგებლობენ. 

 

აჭარის სპორტული ფედერაციები ყურადღებას ითხოვენ

 

ბათუმის სპორტული სკოლის ხელმძღვანელმა მუხრან ვახტანგაძემ აღნიშნა, რომ გარდა ფინანსური სიმწირისა, აჭარაში სპორტი უყურადღებობას განიცდის.

 

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილიც ესწრებოდა. მან სპორტის მოღვაწეებს უყურადღებობისთვის ბოდიში მოუხადა.

 

შეხვედრაზე ასევე მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებასა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების ყოველთვიურად 150 ლარით ანაზღაურებაზეც ისაუბრეს. ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მწვრთნელ ლევან შავაძის ინფორმაციით აჭარაში სულ  საქართველოს ექვსი დამსახურებული მწვრთნელია.

 

გიორგი თავამაიშვილი ფედერაციებს დაფინანსების გაზრდას შეჰპირდა, თუმცა დასძინა, რომ ამ პრობლემის მოგვარება იოლი არ არის.

„ყველა ქალი ფემინისტია“

 

  

 “ვინ ვარ? ალბათ ვერშემდგარი საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, რომელსაც ძალიან უყვარს მუსიკა, კინო, თეატრი და ზოგადად ხელოვნება.” – ასე იწყებს საკუთარ თავზე საუბარს 22 წლის კაპელდინერი მარიამ სალუქვაძე. მარიამი კაპელდინერად ხელოვნების ცენტრში გახსნის დღიდან მუშაობს. ამბობს, რომ არ უყვარს თავის სამუშაოზე საუბარი: “ჩემი მოვალეობაა დარბაზში შევხვდე ხალხს, მივესალმო და მივუთითო მათი ადგილები რომელ მხარესაა. ზოგჯერ მკაცრიც ვარ, ხშირად ვიძლევი შენიშვნებს ხმაურისას. რაზეც ვოცნებობდი, ის სამსახური არ არის, დადებითი რაც აქვს, არის ის, რომ უყურებ ყველაფერს რასაც აჩვენებენ. საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენ, პასუხობ მარტივ შეკითხვებზე. მე მინდა შემოქმედებითად გავიზარდო, ამისთვის ბევრ რამეს ვაკეთებ.” 

 

 

მარიამი ექვსი თვის განმავლობაში აჭარის ტელევიზიის “დილის ტალღაში” რეპორტიორად მუშაობდა: “აჭარის ტელევიზიაში კარგა ხანს უნდა იყო სტაჟიორი, რომ აგიყვანონ, ადრეც ვიყავი იქ სტაჟიორად ცოტა ხნით, უნივერსიტეტის გამო ვერ ვახერხებდი, თან ვხედავდი, რომ ნაკლები იყო შანსი ჩემი აყვანის, ამიტომაც წამოვედი. შემდეგ, როცა რეორგანიზაცია მოხდა, დამირეკეს და შემომთავაზეს სტაჟირება. ექვსი თვე ველოდებოდი, რომ ამიყვანდნენ, დავიღალე და წამოვედი. ალტრუიზმია როგორც ასეთი, დიდხანს მოხალისეობრივი ცხოვრება მოსაბეზრებელია, როცა მთელ სულს და გულს დებ იმაში, რასაც აკეთებ და ვერ იღებ შედეგს. მატერიალური ინტერესიც მაქვს, 22 წლის ვარ, ფულის გარეშე ვერაფერს გააკეთებ, ვერ წახვალ თეატრში, კინოში და საერთოდ ვერ გააკეთებ იმას, რაც გინდა.” – ამბობს მარიამი.

 

“დაკარგული ოთხი წელი” მარიამისთვის საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლისთვის საჭირო პერიოდია: “ხელოვნების უნივერსიტეტში მინდოდა ჩაბარება, მშობლებმა არ ჩამაბარებინეს, სხვა ვერსად წარმომედგინა თავი, სულერთი იყო რაზე ვისწავლიდი. ყველა დანარჩენს ისევ დიპლომატია ვარჩიე, რადგან ახალი სპეციალობა იყო. პირველი კურსი იყო ჩემთვის ტანჯვა-წამება, საერთოდ არ მაინტერესებდა რასაც მასწავლიდნენ, მერე შევეჩვიე. მაგისტრატურას ხელოვნების უნივერსიტეტში ვისწავლი, სავარაუდოდ ხელოვნების მენეჯმენტს.”

 

უნივერსიტეტში მარიამმა კინოკლუბი შექმნა, რომლითაც სტუდენტების დაინტერესებას სამი წლის განმავლობაში ცდილობდა: “როცა პატარა ვიყავი, მე და მამაჩემი ერთად ვუყურებდით ფილმებს, მას შემდეგ შემიყვარდა ფილმები. კინოკლუბი იმის გამო გავაკეთე, რომ მინდოდა არა ჰოლივუდური, არამედ ევროპული ფილმები გვენახა, რომელიც არის უფრო მეტად ღირებული და ბევრი სიახლის მომცემი. ჩემთვის მტკივნეული თემაა, უნივერსიტეტი შესაბამისი ტექნიკით ვერ გვამარაგებდა, მე და ჩემს ორ მეგობარს გვიწევდა ყველაფერზე სირბილი. თან მაქსიმუმ 10-12 ბავშვი თუ ესწრებოდა კინოჩვენებებს, ისევ ჩემი მეგობრები, რომლებიც ჩემი ხათრით დადიოდნენ.”

 

ამბობს, რომ არამყარი ხასიათი აქვს, რადგან ყველაზე ხშირად შეხედულებები ეცვლება: “კოსმოსური სისწრაფით მეცვლება ხასიათი, ყველაფერი მოქმედებს _ გარემო, ამინდი, სამსახური, მუსიკა. ყველაზე მეტად მაინც მუსიკა მოქმედებს, რადგან ჩემთვის ყველაფერია, მუსიკას ვუსმენ ყველგან, სადაც ამის საშუალება მეძლევა. ქუჩაში ყოველთვის ყურსასმენებით დავდივარ, ამის გამო ყველა მეჩხუბება: – რომ გეძახდი რატომ არ გამომხედე? რატომ არ მესალმები? – ზოგს ამის გამო ამპარტავანი ვგონივარ, არადა მე უბრალოდ საყვარელ მელოდიას ვუსმენ. მუსიკაშიც არამდგრადი ვარ, ვუსმენ ყველა ჟანრს რაც კი არსებობს, მომწონს კლასიკა, პოპი, მეტალი. გააჩნია, როგორ განწყობაზე ვარ.”

 

მარიამი ფემინისტია. არ მოსწონს ფემინიზმის ის აღქმა, რაც საქართველოში აქვთ: “ფემინისტები ჰგონიათ ლესბოსელები, ეკლესიის მოწინააღმდეგეები. ნებისმიერი ქალია ფემინისტი, არც ერთ ქალს არ მოსწონს, როცა მასზე მბრძანებლობენ ან ცუდად ექცევიან. ფემინიზმი ეს არის თანასწორობის, თანაბარი შესაძლებლობების სურვილი. ისიც არ იციან, რომ ორგვარი ფემინიზმი არსებობს: რადიკალური და ლიბერალური. რადიკალურს აქვს მკაცრი მოთხოვნები, გათხოვება მათთვის არის მამაკაცის მონობა. მე ლიბერალი ფემინისტი ვარ, რაც სულ სხვა რამაა, აქ არის გენდერულ თანასწორობაზე საუბარი, რაც ეხება კარიერას და განათლების მიღების შესაძლებლობას, ქალსა და კაცს უნდა ჰქონდეს ერთნაირი უფლებამოსილება.” – ამბობს მარიამი.

 

მარიამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გამოიყურება, ყველა სტილის მორგებას ახერხებს, ერთადერთი რასაც ვერ ეგუება, ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია, ამბობს, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობს: “წითელი პომადა განსაკუთრებულად მიყვარს, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინ აუცილებლად უნდა მესვას. სულ ვიპრანჭები, დილას მაკიაჟით ვიწყებ, მომწონს, როცა კარგად გამოვიყურები, სარკეში რომ ჩავიხედავ, საკუთარი თავი უნდა მომეწონოს, არც ბევრი დრო მჭირდება მოწესრიგებისთვის. ჩემს ხელფასს კოსმეტიკასა და წიგნებში ვხარჯავ.”

 

გარდერობში ყველანაირი სტილის ტანსაცმელი აქვს, ფერების არევა არ უყვარს: “არ გამოვდივარ გარეთ, თუ წითელი ფერი არ ურევია ან ჩემს სამოსში ან მაკიაჟში. უფრო ხშირად შავი ფერი დომინირებს, ფერების არევა არ მიყვარს.” – ამბობს მარიამი.

 

მარიამი ოცნებობს პატარა საკონდიტრო მაღაზიის გახსნაზე: “მინდა ძალიან ლამაზი ქაფქეიქები იყიდებოდეს ჩემს მაღაზიაში, რომელიც სიხარულს და სიამოვნებას მოგვრის ხალხს. მაღაზიას ალბათ რომელიმე სიმღერის სახელს დავარქმევ. დიდი ფინანსები არ სჭირდება ჩემს ამ იდეას, ამ დროისთვის მშობლების იმედი მაქვს, თუ დამეხმარებიან, განვახორციელებ.” – ამბობს მარიამი.

 

“Notre-Dame de Paris” ბათუმში

 

სპექტაკლს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი  წარმოადგენს.

 

სპექტაკლის რეჟისორი  ტიგრან გასპარიანია, დამდგმელი ქორეოგრაფი _ ზურაბ სვანაძე, დამდგმელი მხატვარი  _ ვაჰაგნ ტევანიანი, არანჟირება და გაორკესტრება კი  მინდია ხითარიშვილისაა. 

მიკროავტობუსებით მგზავრობისას მგზავრები 30 თეთრს გადაიხდიან

 

„ჩემი კომპანიის ყველა მძღოლი გავაფრთხილე, ავტობუსის ფასად ამგზავრონ მოქალაქეები. სპეციალურ განცხადებას სამწუხაროდ ვერ გამოვაკრავთ მარშუტკებში, მაგრამ მოქალაქეების ინფორმირებას სხვადასხვა გზებით ვცდილობთ,“ – განაცხადა შპს „მწვანე შუქის“ ხელმძღვანელმა ნოდარ ფუტკარაძემ.

 

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას ოთხი კომპანია ახორციელებს. აქცია ყველა კომპანიის კუთვნილ მიკროავტობუსებით მგზავრობაზე ვრცელდება. 

 

ბათუმში შპს „ავტოტრანსპორტის“ ავტობუსის მძღოლები  მესამე დღეა გაფიცულები არიან.  ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. 

კორუფციის კვლევის პრეზენტაცია ბათუმში

 

ორგანიზაციის მთავარმა ანალიტიკოსმა ერეკლე ურუშაძემ ისაუბრა კვლევაზე სახელწოდებით: „პოლიტიკოსები ბიზნესში და ბიზნესი პოლიტიკაში“:

„ამ თემაზე იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ ის კორუფციის ერთ-ერთ წყაროდ იქცევა ხოლმე. აღმოვაჩინეთ, რომ კომპანიები, ბიზნესმენები, რომლებიც დაკავშირებული არიან თანამდებობის პირებთან, მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობენ სახელმწიფოსგან. ჩვენი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სუბიექტური გადაწყვეტილებების შესაძლებლობა სახელმწიფო ორგანოებში. სახელმწიფო შესყიდვები არ უნდა ტარდებოდეს ტენდერის ავლით, პრივატიზება აუქციონის გზით უნდა ხდებოდეს და არა პირდაპირი მიყიდვის წესითა და კომპანიების თვითნებურად შერჩევით.“

 

გამარტივებული შესყიდვების შესახებ ისაუბრა „გამჭვირვალობის“ კიდევ ერთმა ანალიტიკოსმა გიორგი ჭანტურიამ:

 

„კვლევის ფარგლებში გავაანალიზეთ 450 ათასი გამარტივებული კონტრაქტი. მათ შორის ბათუმის მერიის მიერ დადებული კონტრაქტები. აღმოჩნდა, რომ არჩევნების პერიოდში ბათუმის მერია აქტიურად აწარმოებდა გამარტივებულ ანუ არაკონკურირებად შესყიდვებს“.

 

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც თანამდებობის პირთა ინტერესთა კონფლიქტებს არებულირებს ბიზნესში, გამჭვირვალობის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ნორმები არ ხორციელდება პრაქტიკაში. კანონმდებლობის შეცვლის რეკომენდაციით ისინი საქართველოს პარლამენტს მიმართავენ.

 

სამომავლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ამ კუთხით რეგიონული მონაცემების კვლევას გეგმავს.

 

კორპუსებში ინდივიდუალური წყალმზომი მრიცხველების დამონტაჟება იწყება

 

პროექტის ფარგლებში გაუქმდება საერთო მოხმარების ძველი, ამორტიზებული მილები და ახალი მილები დამონტაჟდება.

 

  „აბონენტთა კუთვნილ ქსელებში დანაკარგების მინიმუმამდე შესამცირებლად საჭიროა შიდა და საერთო კომუნიკაციის მოწესრიგება. საჭიროების შემთხვევაში  საერთო მოხმარების აღმავალ-დაღმავალი მილების შეცვლას კომპანია ბათუმის  წყალი უზრუნველყოფს,” –  ნათქვამია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

 

შიდა კომუნიკაციის მოსაწესრიგებლად მოსახლეობას მიეცემა ერთთვიანი საცდელი პერიოდი, მოხმარებული წყლის ზუსტი აღრიცხვის მიზნით. გადასახადის დარიცხვა კი მომდევნო თვიდან დაიწყება.

 

საცხოვრებელ ფართობში არსებული შიდა ქსელის გაუმართაობის შემთხვევაში, შპს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები უზრუნველყოფენ  კონსულტაციის გაწევას ინდივიდუალურად, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის ზედმეტ დანახარჯთან დაკავშირებული გაუგებრობები.  რაც შეეხება წყლის მრიცხველისა და მის მონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოების ხარჯებს,    მას  ბათუმის მერია დაფარავს.

 

პროექტის საერთო ბიუჟეტი 6.8 მილიონ ევროს შეადგენს, აქედან 4.5 მილიონი  ევრო ევროკავშირმა, 0.7 მილიონი _ გერმანიის განვითარების ბანკმა, ხოლო 1.6  მილიონი ქალაქ ბათუმის მერიამ გამოყო. სამუშაოები 2015 წლის ბოლომდე  გაგრძელდება. 

„ელექტრას“ პრემიერა ბათუმში

 

 

მიშა, რატომ გადაწყვიტეთ ანტიკური ტექსტის დადგმა?

 

იმიტომ, რომ ანტიკური ტექსტი ყოველთვის ახალია, არ  ძველდება, გაძლევს შენი ვერსიების განხორციელების საშუალებას და ეს ძალიან საინტერესოა. გარდა ამისა, მე მგონია, რომ ეს თემა აქტუალურია. `ელექტრა~ ღიად პოლიტიკური პიესაა და ლაპარაკია არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, არამედ ზოგადად ანგარიშსწორებაზე. ჩემი აზრით, დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პარალელურად თეატრიც უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში.

 

მედიასთან აღნიშნეთ, რომ ეს სპექტაკლი არის აგრესიული პროტესტი. რას აპროტესტებთ?

 

 

ვაპროტესტებ იმას, რაც ამდენი წელია ხდება ჩვენს თავს, რომ არაფრით არ დამთავრდა, არ დალაგდა და ვერ დაიწყო ქვეყანამ ნორმალურად ცხოვრება. მე არ ვიცი კონკრეტულად ვისკენ არის ეს პროტესტი მიმართული, ერთი მხრივ საზოგადოებისკენ, მეორე მხრივ პოლიტიკისკენ, ქვეყნის მმართველობისკენ, რომელმაც ვერ მოახერხა ის, რომ ქვეყნისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეექმნა.

 

 

მე 1990 წელს დავიბადე, იქედან მოყოლებული მთელი ქვეყანა არის პოლიტიზებული, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ, უბრალოდ, არ შეუძლიათ ამის გარეშე იცხოვრონ და ყოველდღიური რეალობა არის ის, რომ აინტერესებთ რა ჰქვიათ იმ ადამიანებს, ვინც მათ ცხოვრებას განაგებენ. ჩემთვის ეს სპექტაკლი აგრესიული პროტესტი იქნება იმიტომ, რომ მგონია, ასეთ ისტორიაში, როგორც ჩვენ, ქვეყნის ცხოვრება ბოლო 20-24 წელია ვითარდება, არ შეიძლება მშვიდად ვისხდეთ და ვლაპარაკობდეთ გრძნობებსა ან მოვლენებზე. ამიტომ გადავწყვიტე ზუსტად ამ ტექსტის დადგმა, მინდა, რომ დავსვა საკითხები და მოვთხოვო, პირველ რიგში საზოგადოებას პასუხი ამაზე, რატომ არის ჩვენი ცხოვრება ასეთი, რატომ ვერ ვახერხებთ მშვიდად ცხოვრებას.

 

 

რას უნდა ელოდეს მაყურებელი?

 

 

რა თქმა უნდა, სპექტაკლი კლასიკური დადგმისგან ძალიან შორსაა. ეს ჩემი ექსპერიმენტია, ვცდილობ, ავიღო კლასიკური ტექსტი და გავაკეთო ამ ტექსტის ახალი, თანამედროვე გააზრება. მაყურებელი უნდა ელოდეს `ელექტრას~ თანამედროვე კონტექსტს, უნდა ელოდეს ანტიკურ პიესას, რომელიც დღესაც, ამდენი საუკუნის შემდეგ, ისეთივე აქტუალურია, როგორც იყო მაშინ და, ჩემი აზრით, კიდევ უფრო აქტუალურიც. უნდა ელოდნენ, რომ ნახავენ ძველ პიესას საკუთარ თავზე, თავიანთ დროზე.

 

 

ვინ ასრულებს სპექტაკლში მთავარ როლს?

 

 

მეგი კობალაძე თამაშობს ელექტრას. სპექტაკლისთვის მუსიკა დაწერა ნიკა ფასურმა, ლევან ოჩხიკიძეა მხატვარი და ეს არის „ელექტრას“ ახალი, ორიგინალი თარგმანი, ტექსტი დათო გაბუნიამ თარგმნა სპეციალურად ამ დადგმისთვის.   

 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები შუახევში

 

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა გოროხოვმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები უკვე ჩაატარა  ქედის მუნიციპალიტეტში.

 

ასევე უფასო სამედიცინო გამოკვლევები დაგეგმილია  ხულოსა და ქობულეთში. ხულოს მუნიციპალიტეტში არსებულ პირველად ჯანდაცვის დაწესებულებაში გამოკვლევები 19 თებერვალს ჩატარდება,   20 თებერვალს კი _ ქობულეთში,  ჩაისუბნის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტალინის ტურისტულ გამოფენაზე

 

 გამოფენა 1991 წლიდან ტარდება ტალინში და მასში 25-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2014 წლის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრად სახელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მიმდინარე წელს ბალტიისპირეთის ქვეყნებში სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას გეგმავს.

 

გამოფენა 16 თებერვალს დასრულდება. 

„ნაციონალები“ კორუფციულ სქემაზე

 

 სოსლან ზოიძის განცხადებით, ამ სქემის შედეგია ის, რომ მადონა ჯოიძე, რომელიც, ზოიძის განცხადებით შუახევის გამგებლის ნათესავია და არ არის სტიქიის შედეგად დაზარალებული პირი,  სწორედ ნათესაობის ნიშნით შეიყვანეს ბინის გადასაცემ პირთა სიაში.

 

„ნაციონალების“ ბრიფინგს აჭარის მთავრობაში ასე უპასუხეს:

 

„ნამდვილად არ ვიცი, რა პირად ინტერესებეზეა საუბარი. გამოვა ეს საკითხი კომისიაზე   და იქნება განხილული. შეიძლება ნათესავიც არის, მაგრამ თუ სახლი ნამდვილად დაენგრა,  კომისია ამ საკითხს განიხილავს“ – განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ.

რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, არსებობს კრიტერიუმები იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებსაც სტიქიის შედეგად სახლები დაენგრათ. 

 

ყოფილ სამხედრო ბინებში მცხოვრებ პირთა მესაკუთრეობის საკითხს კომისია გადახედავს

 

როგორც სხდომაზე განაცხადეს, ასეთი დაახლოებით 450 ბინაა, რომლებიც აჭარის სხვადასხვა რეგიონშია განთავსებული. 90 ბინა განთავსებულია ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში, 79 ბინა _ ლერმონტოვის ქუჩაზე, ე.წ. „სამხედრო დასახლებაში“, 6 ბინა _ სახოკიას ქუჩაზე, 45-მდე კი _ ხულოს მუნიციპალიტეტში.

 

როგორც სხდომაზე განაცხადეს, აღნიშნული ბინებით არა მარტო სამხედრო პირები და მათი ოჯახები სარგებლობენ, ბინებს თვითნებურად შესახლებული პირებიც ფლობენ.

 

„სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომ დადგენილიყო რა კატეგორიის მოქალაქეებს აქვთ საცხოვრებელი ფართობები დაკავებული. იმისთვის, რომ პირს აღნიშნული ქონება კერძო საკუთრებაში გადაეცეს, აუცილებელია ჰქონდეს ბინის მფლობელობის ორდერი ან რაიმე დოკუმენტი, რომელიც გაცემულია სახელმწიფო უწყების მიერ. თვითნებურად შესახლებულ პირებს ბინები არ დაუკანონდებათ, მათთვის ცალკე წესია განსასაზღვრი“-განაცხადა აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით გაბაიძემ.  

 

ყოფილ მერს საკრებულოს თავმჯდომარემ პარტიაში შესვლა ურჩია

„შენ ხომ არ შესთავაზებდი“? – მიმართა  იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, გენო თებიძემ ირაკლი ჩავლეიშვილს. „დიდი სიამოვნებით, მაგრამ…“ უპასუხა კოლეგას საკრებულოს თავმჯდომარემ.

საკითხი ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის თანამდებობიდან წასვლის განცხადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ  სხდომის დღის წესრიგში პირველ ნომრად იყო შეტანილი.

კენჭისყრამდე ირაკლი ჩავლეიშვილმა განცხადება გააკეთა. მან თქვა, „რომ გულწრფელად გული წყდება ჯემალ ანანიძისნაირი გამოცდილი კაცის წასვლის გამო, მაგრამ ეს მხოლოდ მისი გადწყვეტილება იყო.“

საკრებულოს თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ  ჯემალ ანანიძესთან არანაირი გაუგებრობა და კონფლიქტი არასდროს ჰქონია.

სიტყვით ჯემალ ანანიძეც გამოვიდა. მან საკრებულოს მადლობა გადაუხადა და გათავისუფლების მოთხოვნაზე მხარდაჭერა სთხოვა.

„მე ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით შემოვდიოდი ამ დარბაზში, რადგან აქ მელოდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ანგარიშვადებულნი არიან ამომრჩევლთან,“ – განაცხადა ჯემალ ანანიძემ სხდომაზე.

ბათუმის საკრებულომ ჯემალ ანანიძის მოთხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე დააკმაყოფილა. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღეს. საკრებულოს თოთხმეტმა წევრმა მერის გადაყენებას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგ  ხმა  მხოლოდ იურიდიულ  და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გენო თებიძემ მისცა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით მერის  მოვალეობას ახალდანიშნული ვიცე-მერი გიორგი ერმაკოვი შეასრულებს.

14 ხმა ერთის წინააღმდეგ – ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

 

 

ბათუმის საკრებულომ ქალაქის მერის, ჯემალ ანანიძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილა. 14 ხმით ერთის წინააღმდეგ ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა.  

 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მერის გათავისუფლების წინააღმდეგ ერთი ხმა საკრებულოს წევრს, გენო თებიძეს ეკუთვნოდა. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი სუბსიდირების გამოძიებას ითხოვს

 

ჩვენი ინფორმაციით გაძარცვულია რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მანდარინის გადამამუშავებელი ქარხანა. უამრავი ადამიანი სუბსიდირების გარეშეა დარჩენილი. ქარხანა რეალურად დაკეტილია. რამდენიმე დღის წინ სამინისტროს შეხვედრა ჰქონდა ფერმერებთან, ფაქტობრივად სამინისტრომ იქ აღიარა, რომ სუბსიდირება არ გაიცემა და არის პრობლემები. იმის გამო, რომ ციტრუსის სეზონი ჩავარდა, უმაღლეს ხელისუფლებას პასუხი უნდა მოეთხოვოს“-  განაცხადა რეზო ხარაზმა.


რეზო ხარაზმა ახალსოფელში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ციტრუსის საწარმოზეც ისაუბრა.


ეს საწარმო ბიზნესმენ ოსმან მჟავანაძესა და აჭარის მთავრობასთანაა დაკავშირებული. იქ თანამშრომლებს დღემდე არ მიუღიათ ხელფასი. ჩვენი ვარაუდით ბიზნესისა და აჭარის მთავრობის ინტერესები იკვეთება“.


რეზო ხარაზი პროკურატურას მიმართავს, დაინტერესდეს ციტრუსის რეალიზაცებითა და სუბსიდირების გაცემის საკითხების გამოძიებით. 

რა საკითხები განიხილება აჭარის მთავრობის სხდომაზე

 

სხდომაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი 2013 წლის სამედიცინო პროფილაქტიკური და სოციალური პროგრამების ანგარიშს წარადგენს და აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების დახმარების ზოგადი წესის შესახებ ისაუბრებს.

 

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი დაგეგმილი პროგრამებისა და ქვეპროგრამების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით გამარტივებული შესყიდვების თაობაზე, ხოლო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე ფიზიკური პირებისთვის საინიციატივო საქმიანობის ხელშემწყობი პირობების განხორციელების შესახებ ისაუბრებს.

 

მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი პარმენ ჯალაღონია თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებლად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის საქმიანობას გააცნობს მთავრობის წარმომადგენლებს.

რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

 

ენერგო – პრო ჯორჯიას ინფორმაციით ელექტრო ენერგიის შეფერხებით მიწოდება, დეკემბერში დაზიანებული ანძის, აღდგენით სამუშაოებს უკავშირდება.

ქობულეთში სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

 

გაწმენდეთი სამუშაოები რადენიმე დღეა რეგურალურად მიმდინარეობს, რომელსაც ა(ა)იპ ქობულეთის გამწვანება და შპს „სანდასუფთავება“ აწარმოებს. გზის სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

სამშობიარო სახლში გარდაცვლილის ნათესავები პასუხს ითხოვენ

 

ვითხოვ სამართალს. არ გავჩერდები, არ ვაპატიებ. ამათ აქ არაფერი ესაქმებათ. ჩემი მეუღლე იყო ჯანმრთელი. მას არაფერი სჭირდა, ექიმების უყურადღებობის გამო გარდაიცვალა“, – ამბობს მზევინარ შაინიძის მეუღლე მერაბ დიასამიძე.

ახლობლები ექიმის სამუშაო ოთახში შევიდნენ და პასუხი მოსთხოვეს, თუ რატომ გარდაიცვალა ახალგაზრდა მშობიარე ქალი:

ექიმმა ნათესავებისთვის განმარტების გაკეთება სცად. მისი თქმით, ოპერაციის მსვლელობის დროს ქალს შიდა ორგანოების – ღვიძლისა და ელენთის ქრონიკული დაავადება აღმოაჩნდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა ანემია, რის გამოც საკეისრო კვეთით გამოწვეული სისხლის დაკარგვა ვერ გადაიტანა.

მზევინარ შაინიძის სიკვდილის მიზეზები ლევან სამხარაულის ბათუმის ბიუროს ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

ბრიფინგი სოფლის მეურნეობის სამინისტროში

მათი განმარტებით, წლევანდელ სეზონზე 65 ათასი ტონა ციტრუსია გატანილი უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ციტრუსის ექსპორტი, ხოლო არასტანდარტული მანდარინი ქობულეთის გადამამუშავებელმა ქარხანამ მიიღო.

რაც შეეხება სუბსიდიებს, მინისტრის მოადგილისა და გამგებლის ინფორმაციით, არასტანდარტული მანდარინის საფასურის 99% გადახდილია, სტანდარტული მანდარინის გადახდა კი დოკუმენტების მოწესრიგების შემდეგ მოხდება. დოკუმენტები კი ექსპორტიორებმა უნდა მოაწესრიგონ.

დაძმობილებული ქალაქები კლიმატის დაცვისათვის – საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

„საქართველოს შვიდი ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, გორი და  ზუგდიდი, მიუერთდა ევროკავშირის მერების  შეთანხმებას   რომელიც ითვალისწინებს სათბური გაზების შემცირებას 2020 წლისთვის. ცხადია, ქართული გამოცდილება ამ მხრივ არ არის საკმარისი.  დღეს ჩვენთან  ჩამოსული არიან  გერმანული მხარის წარმომადგენლები, რომლებსაც ასევე აქვთ აღებული ვალდებულება,  ისინი დაეხმარებიან  ჩვენს ქალაქებს თავიანთი გამოცდილების გაზიარებაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო შარაშიძემ.

მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს და გულისხმობს მწვანე ეკონომიკის განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში თითოეული მათგანის ნებაყოფლობით მონაწილეობას.

ბათუმი ,,კლიმატის ალიანსში“ გასულ წელს გაწევრიანდა, რითაც ჩაერთო კლიმატის დაცვის საერთაშორისო პროცესში და შეუერთდა მსოფლიოს იმ ქალაქებს, რომელთა მიზანიც CO2-ის გამოყოფის 10 პროცენტით შემცირებაა ყოველ 5 წელიწადში, განახლებადი ენერგიის გამოყენებითა და ენერგიის დაზოგვის გზით.

ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთში

 

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით დაგეგმილია შიდა საქალაქო ქუჩების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში კეთილმოეწყობა თბილისის, სოხუმის, ჩეხოვის, ძნელაძის, კოსტავას, ჯაფარიძის ქუჩები და ჯაფარიძის ქუჩის I, II, III შესახვევი, ასევე რუსთაველის ქუჩაზე გაგრძელდება ტროტუარების მოწყობა. კეთილმოეწყობა თამარ მეფის სანაპიროს 1000-მეტრიანი მონაკვეთის სავალი ნაწილი და დაბა ჩაქვში თამარ მეფის ქუჩაზე ტროტუარები. მოწესრიგდება ქუჩებს შორის გადასასვლელები და განხორციელდება სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

წყალმომარაგების უზრუნველყოფისა და მოსახლეობაზე სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით კი დაგეგმილია წყალსადენის სათავე ნაგებობების, სატუმბი სადგურებისა და შიდა ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ქვედა და ზედა სამების, ქვედა ხუცუბნის წყალმომარაგების სისტემებს, ხოლო თეთროსნის დასახლებაში მრავალბინიანი საცხვრებელი სახლისთვის მოეწყობა სალექარი.

 

აღდგება გელაურის დასახლებასა და კომახიძის ქუჩაზე სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლის სისტემები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ოჩხამურში საავადმყოფოს უბნის დარჩენილი ნაწილის წყლისა და კანალიზაციის ქსელებს.

 

მიმდინარე წელს “მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის” მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 16 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვა, ხოლო სკოლამდელი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მათი ინვენტარიზაცია.

 

მუნიციპალიტეტის კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გათვალისწინებულია სპორტკომპლექსისა და კულტურის სახლის მშენებლობა. ინფრასტრუქტურული ღონისძიება გარდამავალი პროექტია და 2015 წელს დასრულდება. კულტურის სახლი თანამედროვე სტილის 400 მაყურებელზე გათვლილი შენობა იქნება, სადაც განთავსდება საკონცერტო, საგამოფენო, საკონფერენციო დარბაზები, სარეპეტიციო ოთახები, კვების ბლოკი და სხვა. სამშენებლო სამუშაოებისთვის 2 მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ხიდის მშენებლობის მოთხოვნა კვირიკეში


 

ხიდი წყალდიდობის შედეგად ოქტომბერში დაზიანდა. დეპუტატი ადგილობრივ მთავრობას ხიდის მშენებლობის დაწყებით მიმართავს.


დეპუტატის თქმით სოფელში მცხოვრები 1200 ადამიანი ყოველდღურად სარგებლობს ამ ხიდით.


მანდარინის სეზონზე დიდი მოცულობის მანქანები ვერ გადიოდა, ციტრუსი პატარა ავტომობილებით გამოგვქონდა ხიდზე და ისე ვტვირთავდით. ჩემი გათვლით 40 ათასი ლარი დაჭირდება ხიდის მშენებლობას“- განაცხადა სოფლის დეპუტატმა.

“ადრეული ჩარევის” პროგრამის შედეგების შეჯამება

 

შეხვედრის მიზანი “ადრეული ჩარევის” პროგრამის შედეგების შეფასება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმის შემუშავება იყო. 

ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველო“ “ადრეული ჩარევის“ პროგრამას, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და 7 წლამდე ასაკის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების განვითარებასა და მათ სოციალურ ინტეგრაციაზე ზრუნვას ითვალისწინებს, 2012 წლიდან ახორციელებს. ამ ეტაპზე პროგრამა სპეციალური საჭიროების მქონე 40 ბავშვს აერთიანებს, რომლებიც თავიანთ ოჯახებში სამედიცინო, ფსიქო-სოციალურ და საგანმანათლებლო კურსს გადიან.

კონკურსი – მუნიციპალიტეტის საუკეთესო ახალგაზრდა მომღერალი

 

 

კონკურსანტმა შესარჩევ ტურზე უნდა შეასრულოს მისთვის სასურველი ერთი სიმღერის აკაპელა ან იმღეროს ცოცხალი აკომპანემენტის თანხლებით, (გიტარა და ფანდური) ასეთ შემთხვევაში კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს მუსიკალური ინსტრუმენტი, აღნიშნულ ტურზე შეირჩევა არაუმეტეს 15 მონაწილისა, რომლებიც დაიშვებიან ”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მომღერლის” საკონკურსო კონცერტზე;

 

რაც შეეხება მეორე ტურს, საკონკურსო კონცერტზე აუცილებელია კონკურსანტმა შეასრულოს ორი: ერთი ქართული და ერთი უცხოური სიმღერა მინუს ფონოგრამით;

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები 2014 წლის 27 თებერვლის ჩათვლით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში (ყოფილი დაბა ხელვაჩაური) ფრიდონ ხალვაშის გამზირი №366) უნდა წარადგინონ.

 

პირველ-მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან:

I ადგილი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მომღერალი) – პლანშეტური კომპიუტერი

III ადგილი – MP3 პლეერი.

II ადგილი – მობილური ტელეფონი

 

საკონკურსო კონცერტზე მონაწილე ყველა კონკურსანტს კი სახსოვრად წიგნები გადაეცემათ.


აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 114 წლისაა

 

სოფიო მიქელაძეს 10 შვილი, 50 შვილიშვილი, 150 შვილთაშვილი და 10 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. 

 

არჩილ ხაბაძემ უხუცეს ქალბატონს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება„ ფარგლებში 1000 ლარი გადასცა. 

 

არჩილ ხაბაძემ ჩანჩხალოში 104 წლის შუშანა მიქელაძეც მოინახულა, რომელიც სოფიო მიქელაძის მაზლის ცოლია. პროგრამის ფარგლებში 1000 ლარიანი დახმარება მასაც გადაეცა. შუშანა მიქელაძეს 8 შვილი, 25 შვილიშვილი, 56 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. 

 

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამნიტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების„ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. გასულ წლებში თითოეულ მოქალაქეს 500 ლარი გადაეცემოდა, წელს თანხის ოდენობა გაიზარდა და იგი 1000 ლარს შეადგენს. 

აჭარაში დღეისათვის 100 წელს გადაცილებული 63 მოქალაქე ცხოვრობს.

ოქროსმედალოსნების დაჯილდოება

 

ოქროსმედალოსნები გეგელიძეებიდანსკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის აჭარის განათლების მინისტრმა გია თავამაიშვილმა ქედის 7 კურსდამთავრებულს ოქროს, ორს კი ვერცხლის მედალი გადასცა.

 

„დავამთავრე გეგელიძეების საჯარო სკოლა, ახლა ვსწავლობ ბათუმის საზღვაო აკადემიაში, მივიღე ოქროს მედალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია. ჩემ გარდა ჩემი სკოლიდან ორმა მიიღო მედალი, მადლობა მინდა გადავუხადო სკოლას, ჩვენს პედაგოგებს და მინისტრს“, – ამბობს მართა ბალაძე.

 

„მერისის ფრიდონ თურმანიძის სახელობის სკოლა დავამთავრე, ვსწავლობ თბილისის საავიაციო უნივერსიტეტში. რაც შეეხება მედალს, სტიმულს უფრო ადრეული ასაკში აძლევს მოსწავლეს, როცა ბავშვი ხედავს მისი თანატოლი ჯილდოს იღებს, თვითონაც ცდილობს მიიღოს. ყველა ტურსა და შეჯიბრებაში ვიღებდი მონაწილეობას გამარჯვების იმედით“, – ამბობს ზაზა თურმანიძე.

 

„ახალგაზრდებისთვის ეს ერთგვარი სტიმულია. რა თქმა უნდა მედალოსანი შეღავათით არ სარგებლობს გამოცდების დროს, მაგრამ ალბათ ამის დროც დადგება. წარმატებულ მოსწავლეს ასეთი ფორმით რომ ახალისებ, ეს ერთი მხრივ, მისი შრომის დაფასებაც არის და საფუძველს აძლევს მოსწავლეებს იფიქრონ, რომ შრომა ფუჭად არ ჩაივლის. ოქროსმედალოსანი უმაღლეს სასწავლებელში ერთ გამოცდას რომ აბარებდეს, მედლის მიღების უფრო მეტი მსურველი იქნება“, – განაცხადა გია თავამაიშვილმა.

 

დაჯილდოებას ესწრებოდნენ ადგილობრივი გამგეობის, საკრებულოსა და რესურსცენტრის წარმომადგენლები.

Exit mobile version