კვირის ამბები

„გვამებს მიმავალი ვაგონებიდან ყრიდნენ“

15.02.2014 • 1668
„გვამებს მიმავალი ვაგონებიდან ყრიდნენ“

 

ვიოლეტა სიმაფორიდი

 

„1949 წლის დეკემბერში, შუაღამისას, რუსი ჯარისკაცები დაესხნენ ჩემს ოჯახს და ბებია, ბაბუა, ჩემი მშობლები და ოჯახის სხვა წევრები იძულების წესით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, შეყარეს სატვირთო მანქანაზე. დედა ამ დროისთვის ფეხმძიმედ იყო. როგორც დედისგან მახსოვს, ვაგონში მხოლოდ ერთი სარკმელი იყო და სუნთქვა ჭირდა. არ იყო საპირფარეშო, მგზავრობისას ბევრი ადამიანი დაიღუპა, გვამებს კი მიმავალი ვაგონებიდან ყრიდნენ. მხოლოდ გაჩერებისას, სადგურებში აწვდიდნენ თითო ნაჭერ პურს, ცხენის ხორცის ბალანდას და ცოტა წყალს. თუ წყლის დალევას ვერ მოასწრებდნენ, იყინებოდა. ასეთ ყინვაში იმგზავრეს 25 დღე.

გადასახლება შეეხო როგორც ბებიაჩემის, ასევე ბაბუაჩემის ოჯახებსაც. გადასახლებაში იყო დეიდაჩემიც.

ბაბუაჩემი თურქეთის მოქალაქე იყო. მას ახალშენში პირველი ცოლი და შვილები ჰყავდა. შემდეგ შექმნა ბებიაჩემთან ახალი ოჯახი. ბებიაჩემიც თურქეთის მოქალაქე იყო, იმ დროს თურქეთსა და საბერძნეთს ომი ჰქონდათ ერთმანეთთან. ბებიას ოჯახი საზღვართან ცხოვრობდა და მათი უსაფრთხოება დაცული არ იყო. ხშირად იტაცებდნენ გოგონებს, აუპატიურებდნენ ან ყიდდნენ. ამიტომ ბებიაჩემი გამოუშვეს საქართველოში ერთ ნათესავთან და შემდეგ დარჩა სამუდამოდ. მას 13 და-ძმა ჰყავდა და სიცოცხლის ბოლომდე მათ ნახვას ნატრობდა, თუმცა ვერ შეძლო. შემდეგ ის პერიოდი იყო, როცა მიმოწერაც კი არ შეიძლებოდა. პირველად 1994 წელს შეძლო მამაჩემმა ვიზით საბერძნეთში წასვლა.

ჩემი ოჯახი ყაზახეთში, ჩუმკეტში გადაასახლეს. ვაგონებიდან პირდაპირ დაუსახლებელ უდაბნოში დაყარეს ღია ცის ქვეშ. ამ პირობებში იმშობიარა დედაჩემმა და ქალიშვილი გააჩინა, რომელიც საშინელი პირობების გამო სამ თვეში გარდაიცვალა. მოგვიანებით დედაჩემის მამაც გარდაიცვალა, ბებიას კი ნერვები დაუავადდა. დედისთვის ეს ყველაზე შემზარავი და საშინელი დღეები იყო. მოგვიანებით, როცა მამაჩემმა მუშაობა შეძლო, პატარა ბარაკი ააშენეს, სადაც მე და ჩემი ძმა დავიბადეთ. ხუთი წელი გავატარეთ გადასახლებაში. ახლაც მახსოვს ის სახლი, ოთახები და ბაღი, სადაც ცოტა ხნით დავდიოდი. არც სათამაშო გვქონია და არც რაიმე გასართობი, ადგილობრივი ბავშვებიც კი ერიდებოდნენ ჩვენთან თამაშს. არც საკვები გვქონდა წესიერი. გასაკვირია, პატარები საერთოდ როგორ გადავრჩით. ყაზახეთში საცხოვრებლად უვარგისი ბუნებრივი პირობები იყო. არ იყო შუქი, შეშა… ზაფხულში ისეთი სიცხე იყო, დამდგარ წყალს მატლები ესეოდა. ბევრი ადამიანი მოკვდა წყლით. დედაჩემიც მოიწამლა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
ბოლო წლებში უფრო ადვილად გაგვქონდა თავი. საჭმელს ყველა ერთად ვჭამდით, ვინ რას იშოვიდა, იმის მიხედვით. ზოგი აცხობდა და ყიდდა, დეიდაჩემი კი კერავდა, ქსოვდა და შემდეგ საკვებზე ცვლიდა.

მამაჩემმა სტალინის სახელზე წერილი გააგზავნა და საქართველოში დაბრუნება სთხოვა. არ ვიცი, ეს წერილი მართლა მივიდა თუ არა სტალინამდე, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ დაბრუნების უფლება მოგვცეს. ხალხისგან განსაკუთრებული სიძულვილი არ გვიგრძნია, შეიძლება იმიტომ, რომ სიტუაცია შედარებით შეცვლილი იყო ქვეყანაში. თუმცა ცხოვრების თავიდან დაწყება ძალიან გაგვიჭირდა.

ბაბუაჩემი გაკულაკებული იყო და ქონება წართმეული ჰქონდა. არც ბებიაჩემის ოჯახს დაუტოვეს სახლი, იქ უკვე სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ.
ნაქირავებში ვცხოვრობდით დიდხანს, შემდეგ ერთი ოთახი მოგვცეს, სადაც კანალიზაციის მილები პირდაპირ იატაკზე გამოდიოდა. შემდეგ მოგვცეს ბინა, მაგრამ ავეჯი არ გვქონდა. დედაჩემი ჩემოდნებს გადააფარებდა სუფრას და ისე ვსადილობდით. შემდეგ დედაჩემმა ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა, მამაც მუშაობდა და ნელ-ნელა ავაწყვეთ ცხოვრება. თუმცა იმ წლებმა, რომელიც გადასახლებაში გავატარეთ, ჩვენს ცხოვრებაზე მძიმე კვალი დატოვა.
მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ეს ისტორიები, რადგან სწორად შეაფასონ მოვლენები. წარსული გამოცდილების ცოდნა მათ შეცდომებისგან დაიცავს. ვინმე რომ წაიწუწუნებდა, დედაჩემი იმ მძიმე დროს გაიხსენებდა ხოლმე. მეც დავბერდი და ზოგი რამ კარგად აღარ მახსოვს. კარგი იქნებოდა, ჩანაწერები რომ გამეკეთებინა. საინტერესო წიგნი გამოვიდოდა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: