ნეტგაზეთი • RU

კორპუსებში ინდივიდუალური წყალმზომი მრიცხველების დამონტაჟება იწყება

 

ბათუმის მერია და შპს ,,ბათუმის წყალი“ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას იწყებს.  ყველა აბონენტის საცხოვრებელ ბინაში ინდივიდუალური წყლის მრიცხველი დამონტაჟდება. 

 

პროექტის ფარგლებში გაუქმდება საერთო მოხმარების ძველი, ამორტიზებული მილები და ახალი მილები დამონტაჟდება.

 

  „აბონენტთა კუთვნილ ქსელებში დანაკარგების მინიმუმამდე შესამცირებლად საჭიროა შიდა და საერთო კომუნიკაციის მოწესრიგება. საჭიროების შემთხვევაში  საერთო მოხმარების აღმავალ-დაღმავალი მილების შეცვლას კომპანია ბათუმის  წყალი უზრუნველყოფს,” –  ნათქვამია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

 

შიდა კომუნიკაციის მოსაწესრიგებლად მოსახლეობას მიეცემა ერთთვიანი საცდელი პერიოდი, მოხმარებული წყლის ზუსტი აღრიცხვის მიზნით. გადასახადის დარიცხვა კი მომდევნო თვიდან დაიწყება.

 

საცხოვრებელ ფართობში არსებული შიდა ქსელის გაუმართაობის შემთხვევაში, შპს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები უზრუნველყოფენ  კონსულტაციის გაწევას ინდივიდუალურად, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის ზედმეტ დანახარჯთან დაკავშირებული გაუგებრობები.  რაც შეეხება წყლის მრიცხველისა და მის მონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოების ხარჯებს,    მას  ბათუმის მერია დაფარავს.

 

პროექტის საერთო ბიუჟეტი 6.8 მილიონ ევროს შეადგენს, აქედან 4.5 მილიონი  ევრო ევროკავშირმა, 0.7 მილიონი _ გერმანიის განვითარების ბანკმა, ხოლო 1.6  მილიონი ქალაქ ბათუმის მერიამ გამოყო. სამუშაოები 2015 წლის ბოლომდე  გაგრძელდება. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"