კვირის ამბები

ავტობუსის მძღოლებსა და თვითმმართველობას შორის შეთანხმება არ შედგა

14.02.2014 • 1272
ავტობუსის მძღოლებსა და თვითმმართველობას შორის შეთანხმება არ შედგა

 

 

შეხვედრაზე ავტოტრანსპორტის პროფკავშირის ხუთი წარმომადგენელი, შპს „ავტოტრანსპორტის“ დირექტორი გია ლორია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი, ქალაქის ვიცე-მერები, აჭარის პროფკავშირების ხელმძღვანელი ილია ვერძაძე და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ.

 

გაფიცულ მძღოლებს ორი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: ხელფასების გაზრდა,  საათში 50 თეთრით და ავტოტრანსპორტის დირექტორის გია ლორიას თანამდებობიდან გადაყენება.

 

მოთხოვნა ქალაქის თვითმმართველობამ არ დააკმაყოფილა. რის შემდეგაც ავტოტრანსპორტის პროფკავშირის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.

 

მძღოლები გია ლორიას მმართველობას იწუნებენ და უპატივცემულობაში ადანაშაულებენ, რასაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის მთავარ მიზეზად ასახელებენ.

 

„მამისტოლა კაცს გინებით მესაუბრება, თუმცა მან დღეს შეხვერდაზე ეს უარყო“- გამოთქვა პროტესტი ერთ-ერთმა მძღოლმა ფერული ცინცაძემ.

 

„მე განვუცხადე ირაკლი ჩავლეიშვილს არ შეიძლება ისეთი ადამიანი იყოს საწარმოს დირექტორი ვინც დედას აგინებს თანამშრომლებს. შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ იმიტომ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გია ლორიას მფარველობს,“ – განაცხადა ბათუმის ავტოტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ ემზარ გოგიტიძემ.

 

საკრებულოს თავმჯდომარე მძღოლების პროტესტის დაკმაყოფილებას ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნით აპირებს.

 

„შევთავაზებთ, რომ შეიქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს თავიდან ბოლომდე შეისწავლის. განიხილავს მათ მოთხოვნებს – სახელფასო საკითხს, მათთვის გარკვეული ფართის გამოყოფასა და კოლექტიური ხელშეკრულების საკითხებს, რასაც ასევე მოითხოვენ. ჯგუფში იქნება, როგორც ბათუმის მერიისა და საკრებულოს, ასევე მათი წარმომადგენლებიც. კომისიის მუშაობის შემდეგ, თუ საჭირო გახდა დადგება ნებისმიერი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი,“ – განაცხადა შეხვედრის ბოლოს ირაკლი ჩავლეიშვილმა.

 

პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ ინტერაქციულ ჯგუფის შექმნას და მათი საკითხის ამ გზით გადაჭრას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ აქციის გაგრძელებას შიმშილობით გეგმავენ.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ავტობუსების მძღოლები მესამე დღეა გაფიცულები არიან. ქალაქში ყოველდღიურად მოძრავი 140 ავტობუსიდან არ ერთი არ ასრულებს სატრანსპორტო რეისებს. მათ ნაცვლად კი მგზავრები შეღავათიან ფასად – 30 თეთრად, მიკროავტობუსებით სარგებლობენ. 

 

გადაბეჭდვის წესი