სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთში

13.02.2014 • 1388
ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთში

 

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით დაგეგმილია შიდა საქალაქო ქუჩების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში კეთილმოეწყობა თბილისის, სოხუმის, ჩეხოვის, ძნელაძის, კოსტავას, ჯაფარიძის ქუჩები და ჯაფარიძის ქუჩის I, II, III შესახვევი, ასევე რუსთაველის ქუჩაზე გაგრძელდება ტროტუარების მოწყობა. კეთილმოეწყობა თამარ მეფის სანაპიროს 1000-მეტრიანი მონაკვეთის სავალი ნაწილი და დაბა ჩაქვში თამარ მეფის ქუჩაზე ტროტუარები. მოწესრიგდება ქუჩებს შორის გადასასვლელები და განხორციელდება სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

წყალმომარაგების უზრუნველყოფისა და მოსახლეობაზე სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით კი დაგეგმილია წყალსადენის სათავე ნაგებობების, სატუმბი სადგურებისა და შიდა ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ქვედა და ზედა სამების, ქვედა ხუცუბნის წყალმომარაგების სისტემებს, ხოლო თეთროსნის დასახლებაში მრავალბინიანი საცხვრებელი სახლისთვის მოეწყობა სალექარი.

 

აღდგება გელაურის დასახლებასა და კომახიძის ქუჩაზე სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლის სისტემები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ოჩხამურში საავადმყოფოს უბნის დარჩენილი ნაწილის წყლისა და კანალიზაციის ქსელებს.

 

მიმდინარე წელს “მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის” მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 16 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვა, ხოლო სკოლამდელი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მათი ინვენტარიზაცია.

 

მუნიციპალიტეტის კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გათვალისწინებულია სპორტკომპლექსისა და კულტურის სახლის მშენებლობა. ინფრასტრუქტურული ღონისძიება გარდამავალი პროექტია და 2015 წელს დასრულდება. კულტურის სახლი თანამედროვე სტილის 400 მაყურებელზე გათვლილი შენობა იქნება, სადაც განთავსდება საკონცერტო, საგამოფენო, საკონფერენციო დარბაზები, სარეპეტიციო ოთახები, კვების ბლოკი და სხვა. სამშენებლო სამუშაოებისთვის 2 მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი