კვირის ამბები

„ყველა ქალი ფემინისტია“

14.02.2014 • 1751
„ყველა ქალი ფემინისტია“

 

  

 “ვინ ვარ? ალბათ ვერშემდგარი საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, რომელსაც ძალიან უყვარს მუსიკა, კინო, თეატრი და ზოგადად ხელოვნება.” – ასე იწყებს საკუთარ თავზე საუბარს 22 წლის კაპელდინერი მარიამ სალუქვაძე. მარიამი კაპელდინერად ხელოვნების ცენტრში გახსნის დღიდან მუშაობს. ამბობს, რომ არ უყვარს თავის სამუშაოზე საუბარი: “ჩემი მოვალეობაა დარბაზში შევხვდე ხალხს, მივესალმო და მივუთითო მათი ადგილები რომელ მხარესაა. ზოგჯერ მკაცრიც ვარ, ხშირად ვიძლევი შენიშვნებს ხმაურისას. რაზეც ვოცნებობდი, ის სამსახური არ არის, დადებითი რაც აქვს, არის ის, რომ უყურებ ყველაფერს რასაც აჩვენებენ. საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენ, პასუხობ მარტივ შეკითხვებზე. მე მინდა შემოქმედებითად გავიზარდო, ამისთვის ბევრ რამეს ვაკეთებ.” 

 

 

მარიამი ექვსი თვის განმავლობაში აჭარის ტელევიზიის “დილის ტალღაში” რეპორტიორად მუშაობდა: “აჭარის ტელევიზიაში კარგა ხანს უნდა იყო სტაჟიორი, რომ აგიყვანონ, ადრეც ვიყავი იქ სტაჟიორად ცოტა ხნით, უნივერსიტეტის გამო ვერ ვახერხებდი, თან ვხედავდი, რომ ნაკლები იყო შანსი ჩემი აყვანის, ამიტომაც წამოვედი. შემდეგ, როცა რეორგანიზაცია მოხდა, დამირეკეს და შემომთავაზეს სტაჟირება. ექვსი თვე ველოდებოდი, რომ ამიყვანდნენ, დავიღალე და წამოვედი. ალტრუიზმია როგორც ასეთი, დიდხანს მოხალისეობრივი ცხოვრება მოსაბეზრებელია, როცა მთელ სულს და გულს დებ იმაში, რასაც აკეთებ და ვერ იღებ შედეგს. მატერიალური ინტერესიც მაქვს, 22 წლის ვარ, ფულის გარეშე ვერაფერს გააკეთებ, ვერ წახვალ თეატრში, კინოში და საერთოდ ვერ გააკეთებ იმას, რაც გინდა.” – ამბობს მარიამი.

 

“დაკარგული ოთხი წელი” მარიამისთვის საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლისთვის საჭირო პერიოდია: “ხელოვნების უნივერსიტეტში მინდოდა ჩაბარება, მშობლებმა არ ჩამაბარებინეს, სხვა ვერსად წარმომედგინა თავი, სულერთი იყო რაზე ვისწავლიდი. ყველა დანარჩენს ისევ დიპლომატია ვარჩიე, რადგან ახალი სპეციალობა იყო. პირველი კურსი იყო ჩემთვის ტანჯვა-წამება, საერთოდ არ მაინტერესებდა რასაც მასწავლიდნენ, მერე შევეჩვიე. მაგისტრატურას ხელოვნების უნივერსიტეტში ვისწავლი, სავარაუდოდ ხელოვნების მენეჯმენტს.”

 

უნივერსიტეტში მარიამმა კინოკლუბი შექმნა, რომლითაც სტუდენტების დაინტერესებას სამი წლის განმავლობაში ცდილობდა: “როცა პატარა ვიყავი, მე და მამაჩემი ერთად ვუყურებდით ფილმებს, მას შემდეგ შემიყვარდა ფილმები. კინოკლუბი იმის გამო გავაკეთე, რომ მინდოდა არა ჰოლივუდური, არამედ ევროპული ფილმები გვენახა, რომელიც არის უფრო მეტად ღირებული და ბევრი სიახლის მომცემი. ჩემთვის მტკივნეული თემაა, უნივერსიტეტი შესაბამისი ტექნიკით ვერ გვამარაგებდა, მე და ჩემს ორ მეგობარს გვიწევდა ყველაფერზე სირბილი. თან მაქსიმუმ 10-12 ბავშვი თუ ესწრებოდა კინოჩვენებებს, ისევ ჩემი მეგობრები, რომლებიც ჩემი ხათრით დადიოდნენ.”

 

ამბობს, რომ არამყარი ხასიათი აქვს, რადგან ყველაზე ხშირად შეხედულებები ეცვლება: “კოსმოსური სისწრაფით მეცვლება ხასიათი, ყველაფერი მოქმედებს _ გარემო, ამინდი, სამსახური, მუსიკა. ყველაზე მეტად მაინც მუსიკა მოქმედებს, რადგან ჩემთვის ყველაფერია, მუსიკას ვუსმენ ყველგან, სადაც ამის საშუალება მეძლევა. ქუჩაში ყოველთვის ყურსასმენებით დავდივარ, ამის გამო ყველა მეჩხუბება: – რომ გეძახდი რატომ არ გამომხედე? რატომ არ მესალმები? – ზოგს ამის გამო ამპარტავანი ვგონივარ, არადა მე უბრალოდ საყვარელ მელოდიას ვუსმენ. მუსიკაშიც არამდგრადი ვარ, ვუსმენ ყველა ჟანრს რაც კი არსებობს, მომწონს კლასიკა, პოპი, მეტალი. გააჩნია, როგორ განწყობაზე ვარ.”

 

მარიამი ფემინისტია. არ მოსწონს ფემინიზმის ის აღქმა, რაც საქართველოში აქვთ: “ფემინისტები ჰგონიათ ლესბოსელები, ეკლესიის მოწინააღმდეგეები. ნებისმიერი ქალია ფემინისტი, არც ერთ ქალს არ მოსწონს, როცა მასზე მბრძანებლობენ ან ცუდად ექცევიან. ფემინიზმი ეს არის თანასწორობის, თანაბარი შესაძლებლობების სურვილი. ისიც არ იციან, რომ ორგვარი ფემინიზმი არსებობს: რადიკალური და ლიბერალური. რადიკალურს აქვს მკაცრი მოთხოვნები, გათხოვება მათთვის არის მამაკაცის მონობა. მე ლიბერალი ფემინისტი ვარ, რაც სულ სხვა რამაა, აქ არის გენდერულ თანასწორობაზე საუბარი, რაც ეხება კარიერას და განათლების მიღების შესაძლებლობას, ქალსა და კაცს უნდა ჰქონდეს ერთნაირი უფლებამოსილება.” – ამბობს მარიამი.

 

მარიამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გამოიყურება, ყველა სტილის მორგებას ახერხებს, ერთადერთი რასაც ვერ ეგუება, ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია, ამბობს, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობს: “წითელი პომადა განსაკუთრებულად მიყვარს, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინ აუცილებლად უნდა მესვას. სულ ვიპრანჭები, დილას მაკიაჟით ვიწყებ, მომწონს, როცა კარგად გამოვიყურები, სარკეში რომ ჩავიხედავ, საკუთარი თავი უნდა მომეწონოს, არც ბევრი დრო მჭირდება მოწესრიგებისთვის. ჩემს ხელფასს კოსმეტიკასა და წიგნებში ვხარჯავ.”

 

გარდერობში ყველანაირი სტილის ტანსაცმელი აქვს, ფერების არევა არ უყვარს: “არ გამოვდივარ გარეთ, თუ წითელი ფერი არ ურევია ან ჩემს სამოსში ან მაკიაჟში. უფრო ხშირად შავი ფერი დომინირებს, ფერების არევა არ მიყვარს.” – ამბობს მარიამი.

 

მარიამი ოცნებობს პატარა საკონდიტრო მაღაზიის გახსნაზე: “მინდა ძალიან ლამაზი ქაფქეიქები იყიდებოდეს ჩემს მაღაზიაში, რომელიც სიხარულს და სიამოვნებას მოგვრის ხალხს. მაღაზიას ალბათ რომელიმე სიმღერის სახელს დავარქმევ. დიდი ფინანსები არ სჭირდება ჩემს ამ იდეას, ამ დროისთვის მშობლების იმედი მაქვს, თუ დამეხმარებიან, განვახორციელებ.” – ამბობს მარიამი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: