სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი პოლიციელის ცემა „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელების ჯგუფურად ცემა, მათ შორის, ქალი პოლიციელის ცემა რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის, სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?!

ამ საქმეში [№1045აპ-22] ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 4 ბრალდებულს პროკურატურა 2 პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა: „პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია“.

უზენაესი სასამართლო განჩინებებს საქმეში მონაწილე პირების იდენტიფიცირების გარეშე, ინიციალებით აქვეყნებს, თუმცა უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ ამ განჩინების ერთ მონაკვეთში ჩანს, რომ დაზარალებულად მიჩნეული ერთ-ერთი პოლიციელი ქალია.

„ლ. ნ-მ ფიზიკურად იძალადა შს სამინისტროს… პოლიციის დეპარტამენტის … სამმართველოს … განყოფილების უფროს გამომძიებელ თ. ბ-ზე, კერძოდ, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, გაარტყა ხელი სახეში, ხოლო ფეხი ჩაარტყა ბარძაყში, ასევე – დაზიანებები მიაყენა მარჯვენა მუხლის არესა და მარცხენა ხელზე. ამავდროულად, ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული იყო პოლიციელი, რის გამოც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ იყო აგრესიული. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად თამარ ბიბილაშვილმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

პროკურატურის ბრალდება 2019 წელს მომხდარ ამ შემთხვევაზე ასე გრძელდება:

„ბრალდებულებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკურად იძალადეს შს სამინისტროს…. პოლიციის დეპარტამენტის …. სამმართველოს მე-.. განყოფილების უმცროს დეტექტივ დ. ტ-ზე, კერძოდ, დაზარალებულს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულისა და სახის არეში, ამასთან, ყურადღებას ამახვილებდნენ იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული იყო პოლიციელი, რის გამოც აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ იყვნენ აგრესიულები. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დ. ტ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

სამივე ინსტანციის სასამართლომ საქართველოში მიიჩნია, რომ ეს ქმედება პოლიციელებზე თავდასხმა არ იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წელს მიღებული განაჩენით, ოთხივე ბრალდებულს „პოლიციელზე თავდასხმის“ [სსკ-ის 353-ე პრიმა] მუხლი გადაუკვალიფიცირეს ჯგუფურად ძალადობის მუხლზე [სსკ-ის 126-ე მუხლი], რაც მსუბუქი კატეგორიის დანაშაულია. ორ ბრალდებულს 7-7 ათასი ლარის, დანარჩენ ორ ბრალდებულს კი, 10-10 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

„2019 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათიდან 22:30 საათამდე დროის შუალედში, …. მდებარე „…” ტერიტორიაზე, ლ. ნ-მ, დ. გ-მ, ნ. ჯ-მ და გ. ჯ-მ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს დ. ტ-ზე, კერძოდ, ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულისა და სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე – ლ. ნ-მ ფიზიკურად იძალადა თ. ბ-ზე, კერძოდ, ხელისა და ფეხის დარტყმით დაზიანებები მიაყენა სახის, ბარძაყის, მარჯვენა მუხლისა და მარცხენა ხელის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ამ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განჩინება 2023 წელს მიიღო.

  • რა ხდება?

ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

უზენაესი სასამართლოს ეს და სხვა გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.

ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.

გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.

მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელი დღეს, 26 თებერვალს კლინიკა „ვივამედიდან“ საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამ თემაზე:

ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

„პოლიციაში რუსული ტელევიზია იყო ჩართული“ – კიდევ რა ნახეს დაკავებულებმა იზოლატორებში

„როცა შემიყვანეს ბათუმის სამმართველოში, რუსული „პირველი არხი“ იყო ჩართული. სხვა არხზე გადართვა მოვითხოვე. „ტვ პირველი“ ხომ არ ჩაგირთოთო. უბრალოდ, რუსული არხი გადართეთ-მეთქი. შემდეგ „ჯიდიესზე“ გადართეს, ფილმი გადიოდა. ცდილობდნენ ინფორმაცია არ მიმეღო, გარეთ რა ხდებოდა“, – გვიყვება მათე ცენტერაძე, ბათუმელი აქტივისტი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი.

მათე ცენტერაძე 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს. იმ დღეს პოლიციამ ბათუმში სულ 12 ადამიანი დააკავა. იზოლატორში მომხდარი ამბების მოყოლის შემდეგ მათემ გვითხრა, რომ დაკავება ერთ-ერთი იყო იმ შიშებს შორის, რაც მას ამ დრომდე ჰქონია:

„საკუთარი თავი ბორკილებით არ წარმომედგინა. გამოსვლის შემდეგ, როცა დაკავების კადრები ვნახე, მივხვდი, რომ ეს შიშიც გადავლახე“.
  • პოლიციის სამმართველოში

„ძველებური, საბჭოთა შენობაა, მოუწესრიგებელი საპირფარეშო. გრჩება შთაბეჭდილება, რომ იქ ყველაფერი ძველი და გაფუჭებულია“, – ასე აღწერენ პროევროპული აქციების მონაწილეები ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ინტერიერს. აქ სხვადასხვა ოთახში ანაწილებენ დაკავებულებს, ვიდრე იზოლატორში გადაიყვანენ. მათე ამ ოთახებს კაბინეტებს უწოდებს:

„ერთ-ერთში მომიწია გაჩერება. ვცდილობდი გამეგო, როგორ იყვნენ სხვა დაკავებულები, მესმოდა მათი ხმები. პოლიციელები დაბნეულები და არეულები მოძრაობდნენ, თითქოს არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ“.

„თითის ანაბეჭდები აიღეს, სკანერი არ მუშაობდა. ხან კითხულობდა, ხან – არა. ნახევარ საათზე მეტი მოანდომეს“, – გვიყვება ვაჟა დარჩია. ის ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს. ვაჟა დარჩია ბათუმის საკრებულოს წევრია „ლელოდან“.

სამმართველოში რუსული „პირველი არხი“ იყო ჩართული - რას ჰყვება მათე იზოლატორში გატარებულ დღეებზე

 

  • ოქმის შევსება – ვინ ასწავლის პოლიციელებს ოქმის შევსებას

დაკავების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი პროცედურა დაკავების ოქმის შევსებაა. არაერთი დაკავებული გვიყვება, რომ პოლიციელებისთვის ოქმის შევსება არცთუ მარტივი საქმე ყოფილა. მათგან გავიგეთ, რომ ოქმის შესავსებად ბათუმის მთავარ სამმართველოში „თენგოს ეძებენ“, მისი გვარი არ ვიცით.

„თენგომ იცის“, „თენგოს ჰკითხეთ“ – იხსენებენ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები, რომლებსაც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე სამმართველოში გარკვეული დროის გატარება მოუწიათ. როგორც ჩანს, თენგო პოლიციელებს ხმოვანი შეტყობინებებით ასწავლის, როგორ შეავსონ დაკავების ოქმი.

„აღმოჩნდა, რომ არის ვიღაც უხილავი ხელი, თენგო, რომლის გარეშეც, პოლიციელები ვერ ახერხებდნენ იმის დაწერას, რომ თურმე ვეძახდით მონებს, ძაღლებს, რუსებს და ასე შემდეგ. ეს, სინამდვილეში, აქციის არც ერთი მონაწილის მხრიდან არ დაფიქსირებულა. ასე შეადგინეს ეს ფეიკოქმები“, – გვიყვება ვაჟა დარჩია.

ვაჟამ ჯერ ლანჩხუთის, შემდეგ სამტრედიის იზოლატორში, ჯამში 5 დღე გაატარა. მას ჯერ უთხრეს, რომ სტიკერის დაკვრის გამო დააკავეს, თუმცა იმ დღეს აქციაზე ვაჟა დარჩიას სტიკერი არ ჰქონია. ოქმში ჩაწერეს, რომ ის პოლიციელებს შეურაცხყოფდა – ღორებსა და რუსებს ეძახდა.

„დაკავების ოქმს ვინც ავსებდა, არ იცოდა რა ჩაეწერა, ვოისი [ხმოვანი შეტყობინება] გახსნა „ვოთსაფში“ და იქიდან იწერდა. კარნახობდენ: „არ აღმოაჩნდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება“ და ასე შემდეგ. ამის დაწერაც კი არ შეეძლო. დაატარებდა ჩემი დაკავების ოქმს, იქნებ ვინმეს მოეფიქრებინა, რა ჩაეწერა.

შემდეგ დაწერეს შაბლონურად – პოლიციელზე დაუმორჩილებლობა და მსგავსი. ამიტომაც ოქმზე ხელი არ მოვაწერე. ჩემს სასამართლოზე გავიგე ამ დაკავების ოქმში დამატებით ინფორმაციაზე, რაც შემდეგ მიუწერიათ“, – გვიყვება მათე ცენტერაძე.

ვაჟა დარჩიამ გვიამბო იმაზეც, რომ პოლიციელები დიდხანს ეძებდნენ ფურცლებს ოქმების დასაწერად: „ფურცლები, ფურცლები, სად არის ბიჭო, ფურცლებიო – დარბოდნენ. აღმოჩნდა, რომ არაფერი არ მუშაობს სამმართველოში გამართულად. კომპიუტერთან, სადაც ოქმი შემიდგინეს, რიგი იდგა, სხვა კომპიუტერებში ოქმის დაწერა ალბათ არ ხერხდებოდა“.

კერენ ესებუა ზუგდიდში პროევროპულ აქციებზე დააკავეს. იმ დღეს დააკავეს მარიამ სიჭინავაც. ჯერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, შემდეგ კი ოქმში დაამატეს 174-ე პრიმა  მუხლი, როგორც ახსნეს პიროტექნიკის გამოყენების გამო:

„სამმართველოში შემიყვანეს ოთახში, სადაც იყვნენ ქალი პოლიციელები. ისინი კარგად იქცეოდნენ, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, პატივისცემით მოგვექცნენ. სამმართველოში ყოფნის დროს გვესმოდა, როგორ მოვიდნენ ჩვენ მხარდასაჭერად აქციის მონაწილეები, გვესმოდა მათი გამამხნევებელი შეძახილები, რა დროსაც ფანჯრებთან არ მიგვიშვეს. ალკოტესტი გავიარეთ. ჩვენთან ოქმიც ჩვეულებრივად შეავსო დამკავებელმა, უპრობლემოდ. როცა წამაკითხეს, ადგილზე გავიგე, რომ დაამატეს 174-ე პრიმა მუხლი, რაც პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს. მინდოდა ადვოკატთან გასაუბრება, რაც, ვფიქრობ, განზრახ გააჭიანურეს.“

კერენ ესებუა
  • საპირფარეშო

მათეს თქმით, მან სამმართველოში საპირფარეშოთი ისარგებლა, რომელიც ძალიან მოუწესრიგებელი იყო:

„მრცხვენია, რომ პოლიციელებს, რომლებსაც სისტემა ფარად იყენებს დღეს, არ აქვთ ღირსეული სამუშაო პირობები. დღევანდელი პოლიცია არც იმსახურებს, თუმცა შემდგომში აუცილებლად გამოსასწორებელია.

კაბინეტში, სადაც შემიყვანეს, იყო ერთი დივანი, იქ მომათავსეს. კიდევ ორი მაგიდა და ორი კომპიუტერი. იქ იყო სეიფიც, რომელსაც ყველა ფუნქცია ჰქონდა, ყავას და შაქარსაც აქ ინახავდნენ.

რუსული არხის ნახვა, სადაც სიმღერები გადიოდა, სამმართველოს შენობაში მართლა შემაძრწუნებელი იყო. მეტი მნიშვნელოვანი იქ არაფერი არ ყოფილა“.

კერენი გვიყვება, რომ საპირფარეშოსთან დაკავშირებით პრობლემა არ შეუქმნიათ: „უბრალოდ, ის არის, რომ ძალიან ცუდი საპირფარეშოები აქვთ. მიგყვება ქალი პოლიციელი, რომელიც თავადაც თავს უხერხულად გრძნობს და ცდილობს ზურგით დადგეს“.

დაკავებულები ხაზგასმით აღნიშნავდნენ სასამართლოში გადაყვანიდან პროცესის დაწყებამდე მანქანაში ლოდინის პერიოდს. „საშინლად გვშიოდა. 14:00 საათსა და 20 წუთზე გადაგვიყვანეს და 22:30 წუთზე დაიწყო პროცესი“, – ამბობს ვაჟა დარჩია.

  • გინება და ცემა სამმართველოში 

„შემოვიდა ერთ-ერთი პოლიციელი, რამაზ კახაძე. მითხრა – მაინც ხომ დაგაკავეთ, შე… ასეთოო, ანუ შემაგინა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გავიდა და უკან დაბრუნების შემდეგ ყავა ან ჩაიო – შემომთავაზა. ვუპასუხე, შენი გაკეთებული ყავა და ჩაი არ მჭირდება-მეთქი.

შემდეგ შემოვიდა სხვა ორი პოლიციელი, შედარებით კეთილგანწყობილი, მათ დაიწყეს დაკავების ოქმის შევსება, ცდილობდნენ ჩემს დამკავებლებად გაესაღებინათ თავი.

მკითხეს, რაზე დაგაკავესო. გამეცინა, შემთხვევით ჩემ მოწმეობას ხომ არ აპირებთ-მეთქი. არა, ღმერთმა დამიფაროს, მე და შენ სუფრასთან უნდა დავსხდეთ, ბათუმი პატარა ქალაქია და კიდევ შევხვდებითო. სასამართლოზე როცა მივედი, სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდა ჩემი „მოწმე“, რომელიც რეალურად არის ცრუ მოწმე ჩემთვის, სასამართლოსთვის კი სისხლის სამართლის დამნაშავეა“, – გვიყვება მათე.

მათე „სპეცოპერაციას“ უწოდებს მომენტებს, როცა მის მიმართ ჯერ სამმართველოში, შემდეგ იზოლატორში კეთილგანწყობა გამოიჩინეს:

„იყვნენ პოლიციელები, მათ შორის მაღალჩინოსნები, რომლებიც ცდილობდნენ თბილად მომპყრობოდნენ. სპეცოპერაციას ვუწოდებ მე ამას, იმიტომ, რომ ეს იყო სრული სპექტაკლი, რასაც აკეთებდნენ.

გადაყვანის დროს მოვიდნენ ახალგაზრდა პოლიციელები, რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონიათ. მათი განათლების დონე იყო ძალიან დაბალი, პროფესიონალიზმის დონეც. მობილურის ეკრანზე ეყენათ შსს-ს ლოგო და ჩემს გვერდით სქროლავდნენ ტიკტოკს. ამოვარდებოდა ვიდეო: შიშველი ქალები, პოლიციელი, შემდეგ შიშველი ქალები. ეს არის ის სამყარო, რაშიც პოლიციელები არიან გამოკეტილები და მეც თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ეს ხალხი საერთოდ სხვანაირად ფიქრობდა, უფრო სწორად სხვანაირად აფიქრებინებდნენ ამ ყველაფერს“.

მათეს ვკითხეთ, რას გულისხმობს, როდესაც იყენებს სიტყვას -„აფიქრებინებენ“. იგი გვიყვება, რომ იყო მომენტები, როცა არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ პოლიციელი იყო მხარე, მაგრამ ამავდროულად ხვდებოდა, რომ ისინი პოლიტიკის ნაწილი არიან:

„პოლიტიკა იმდენად არის შესული შინაგან საქმეთა სამინისტროში და იმდენად ცდილობენ, რომ ჩანერგონ რწმენა პოლიციელებში, რომ ცუდი ხალხი ვართ და ჩვენი ბრძოლა არ არის სამართლიანი. ვფიქრობ, ძალიან ბევრს მუშაობენ რიგით პოლიციელებზე და ასრულებინებენ, რაც სურთ უფროსობას“.

ვაჟა დარჩიას თქმით, ბათუმის პოლიციის სამმართველოში ყოფნისას ორჯერ გაიგონა ჩხუბის, დაპირისპირების ხმა: „სამმართველოს ჰოლში ისმოდა ძალიან ცხარე დაპირისპირების, კამათის ხმა. შემდეგ გავიგე, რომ მალხაზ ირემაძეს სცემეს“.

„კარნახით შეადგინეს დაკავების ფეიკოქმები“ - აქციაზე დაკავებული ვაჟა დარჩია

  • „ჩემი გადაყვანისას პოლიციელებს ავტომანქანა ორჯერ ჩაუქრათ“

მათე გვიყვება, რომ მისი გადაყვანისას პოლიციელებს ავტომანქანა ორჯერ გაუჩერდათ:

„პოლიციის მანქანა ქრებოდა გზაში. მატარებლის ლიანდაგზე რომ ჩაქრა, ვუთხარი, ჰა, ახლა რას შვებით, გადადით ან მე გადამიშვით-მეთქი. პირველად ლანჩხუთის იზოლატორში ჩავედით, დიდხანს მოგვიწია მანქანაში გაჩერება, ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა დაკავებულების შესახლება იზოლატორებში. პირველად გხვდება ბადრაგი, რომელიც მართლა კეთილგანწყობილია, მათი მოვალეობაა, რომ ასეთები იყვნენ.

ლანჩხუთის იზოლატორში ექიმი არ ჰყავდათ. უნდა დაერეკათ სასწრაფოსთან და ჩვენი გადაყვანის დროსაც სასწრაფო დაგვხვდა, რომელიც შემდეგ სხვა გამოძახებაზე წავიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ველოდეთ, როდის დაბრუნდებოდა“.

გადაყვანის მომენტზე ვაჟა დარჩიამაც გაამახვილა ყურადღება. მან გვითხრა, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებულებიდან ოთხი – თავად ვაჟა, მალხაზ ირემაძე, გოდერძი ფრანგიშვილი და მათე ცენტერაძე 48 საათის გასვლის შემდეგ ლანჩხუთიდან სასამართლოში „ესკორტით გადაიყვანეს“:

„მინივენში ოცამდე პოლიციელი გვდარაჯობდა. მე, მათე, გოდერძი და მახო ვიყავით. თავი ტრანსნაციონალური დანაშაულის მონაწილე მეგონა. წინ მიდიოდა პატარა მანქანა და გაუთავებელი ინფორმაციის გაცვლა იყო – აქ ჩაუხვიეთ, აქ სუფთაა, აქ არა და ასე შემდეგ“.

კერენს კბილის ჯაგრისი არ მისცეს. აუხსნეს, რომ ვინც 24-48 საათით არის დაკავებული, წესები მისთვის ჯაგრისის გაცემას არ ითვალისწინებს.

  • იზოლატორში

ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეებმა ახლა უკვე იციან, რომ ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული ფოთის იზოლატორია.

„სხვებიც ამბობენ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად გაგვიმართლა, რადგან ფოთის იზოლატორში წაგვიყვანეს. იქ ბადრაგის დამოკიდებულებაც კარგი იყო, არ იყვნენ აგრესიულები, გვეუბნებოდნენ, ნუ იფიქრებთ, რომ კრიმინალებად გთვლით, ჩვენი ცხოვრება აქ არ დაწყებულა, უბრალოდ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ, ქუჩაში რომ შეგხვდებით გვინდა კარგი დამოკიდებულება გქონდეს ერთმანეთის მიმართო.

საკანში ციოდა, ლეიბისმაგვარი იყო რაღაც, თითქმის ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას. ისეთი შეგრძნება გქონდა, რომ რკინაზე იწექი“, – გვიყვება ლუკა ნაცვლიშვილი. ის 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დააკავეს.

„ლანჩხუთის იზოლატორში საპირფარეშოდან მოდიოდა აუტანელი სუნი. სენაკის იზოლატორში კი ვიმყოფებოდი სიგარეტის მწეველებთან, რის გამოც ძალიან ჭირდა სუნთქვა“, – გვიყვება გოდერძი ფრანგიშვილი.

გოდერძი ფრანგიშვილი

ფოთის იზოლატორში დიდი საკანი დამხვდა, სამი საწოლით, მარტო ვიყავი და ყველა დავისაკუთრე – გვიყვება კერენი. როცა გაიგო, რომ 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გააგრძელე, გადაწყვიტა დროის ეფექტურად გაყვანაზეც ეფიქრა. ის საკანში ვარჯიშობდა, საუბრობდა ინგლისურად, ამბობდა ლექსებს და მღეროდა:

„ვღიღინებდი, ინგლისურად ვლაპარაკობდი, სხვები, რომ არ შემეწუხებინა კონტექსტით. დავიწყე ფიქრი, რომ სისტემა ამ ხერხით ცდილობს გაგვტეხოს, შემდეგ მივხვდი, რომ ეს რეალურად საჭირო გამოცდილებაა, მექნება ცოდნა რას ნიშნავს შიგნით ყოფნა, საჭირო გამოცდილებაა. ვვარჯიშობდი, გაწელვებს ვაკეთებდი, არ ვიყავი მოდუნებული.“

  •  საკანს, საკვებს და ძილის შესაძლებლობას ყველა დაკავებული ერთნაირად აღწერს

„საკანი ძალიან პატარა ოთხი იყო, ორსართულიანი საწოლი დგას, საპირფარეშოა მხოლოდ გამოყოფილი ამ პატარა ოთახში.

ორი სკამია, რომელიც ჩამაგრებულია იატაკზე, შუაში მაგიდაა, სხვა არაფერი არ არის.

გაქვს ფანჯარა, რომელიც ატარებს მზის სინათლეს, მაგრამ მეორე იზოლატორში როცა გადამიყვანეს, იქ ფანჯარა გადიოდა დასასვენებელ ოთახში და რეალურად დღის სინათლე არც შემოდიოდა.

რკინის დიდი კარია, პატარა ფანჯარა აქვს, საიდანაც გახედვა არ შეგიძლია, ბადრაგი ყოველ ხუთ წუთში აქედან გამოწმებს. ყოველ ხუთ წუთში რეკავს მაღვიძარა, ამ პატარა ღია ფანჯრიდან ათვალიერებენ, რამეს ხომ არ აშავებს პატიმარი“, – ამბობს მათე ცენტერაძე.

  • „შუქი ღამითაც თვალებში განათებს“ – ძილი იზოლატორში

„არ გაქვს ბალიში, არ გაქვს თეთრეული, საწოლზე გიწევს ძილი და ყველაზე ცუდი რაც არის, შუქი არასდროს არ ქრება. შეუძლიათ, რომ დაუწიონ, მაგრამ არასდროს არ ქრება და განათებს თვალებში, პრაქტიკულად შეუძლებელია ძილი.

შუქი თვალებში გირტყამს და გამორთვა არ შეუძლიათ, დაწევის მიუხედავად მაინც შემაწუხებელია. ყოველ მეორე დღეს, დილის ათ საათზე შემოდის დამლაგებელი. ძალიან გაგვიჭირდა ძილი“, – ამბობს ლუკა. – „როცა გამოკეტილი ხარ ოთხ კედელში და ბევრი საფიქრალი გაქვს, დღის განმავლობაშიც ვეღარ ხარჯავ ენერგიას, ძილი გიჭირს“.

„საკანში ციოდა, რაღაც ლეიბისმაგვარი იყო“ - დაკავებული სტუდენტი

  • რუსული სუპი „მივინა“, „პაშტეტი“ და გემრიელი ჩაი

„კვებას რაც შეეხება, ლანჩხუთის იზოლატორში ამანათების შემოგზავნა შეიძლებოდა და არ გამისინჯავს არაფერი იზოლატორის საკვებიდან. სამტრედიაში ბადრაგები ატყუებდნენ, ამათ იმდენი რამე აქვთ, უკან გაგატანენო – შესაბამისად გვიწევდა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორის საკვებით გვესარგებლა.

შეგიძლია აირჩიო სამი საკვებიდან ერთ-ერთი: ეს არის პაშტეტი, ხორცის კონსერვი და წვნიანი ერთჯერადი ქაღალდის ჭიქებში. ამ საკვების აღება შეგიძლია მხოლოდ ერთხელ. ანუ, დილით თუ აიღებ წვნიანს, მერე წვნიანს ვეღარ შეჭამ და უნდა ჩაანაცვლო.

ჩაი შეგიძლია რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ შეუკვეთო. ჩაი მართლა გემრიელი აქვთ. ამას ამბობს ნებისმიერი, ვინც იზოლატორიდან გამოდის.

საკვები არის მართლა საშინელი, ერთი პური ორ ადამიანზე მთელი დღის განმავლობაში. ალუმინის დეფორმირებული თეფშებია, როგორც ფილმებში. პაშტეტი არ გამისინჯავს, მივხვდი, რომ იქნებოდა საშინელება, ხორცის კონსერვი შემოდის ალუმინის დეფორმირებული თეფშით. ალბათ იშიმშილებს ადამიანი, რომელიც ვერ ჭამს მსგავს საკვებს. 60 დღემდე გაზრდა ამ ყველაფრის, საშინელებაა“, – ამბობს მათე.

ლუკა ნაცვლიშვილის თქმით კი, მეგობრებს ფოთის იზოლატორში საკვების შეგზავნის პრობლემა არ ჰქონდათ. „იმდენი შემოგვიგზავნეს, ბადრაგიც შოკში იყო, ასეთი არაფერი გვინახავსო.

ფოთში ერთი პიცერიაა, რამდენიმეჯერ გამოგვიგზავნა პიცა. კოლოფზე მხარდასაჭერი წერილი იყო. ძალიან გამითბა გული“, – ლუკა ნაცვლიშვილი.

  • ხმა, რომელიც იზოლატორის საკანში აღწევს

„შემოდის სხვა პატიმრების ხმები, თუ ბადრაგს ესაუბრებიან.

მახსოვს მაღვიძარას ხმა, რომელიც ყოველ 5 წუთში რეკავს, რომ ბადრაგი გააფრთხილოს, ჩამოვლის დროაო. ამ ხმას თანდათან ეჩვევი და მელოდიასავით ჩაგესმის, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მაღვიძარა ვეღარ მაღვიძებდა.

ყველაზე კარგი ხმა გავიგონე სამტრედიის იზოლატორში. როცა იქ მიმიყვანეს, მითხრეს, რომ ერთ საკანში ქალი იყო, თან დაამატეს, აქციების მონაწილე არ არისო. როცა ამ გოგონას ხმა გავიგე, ბადრაგს დავუძახე, რომ წყალი ჩაერთო ჩემთვის, წყალს ბადრაგი გირთავს გარედან ხელის დასაბანად და ამ ხმის გაგონებაზე იმ გოგომ დაიყვირა საკნიდან – ბათუმელი აქტივისტები ხართო? – ვპასუხობ, რომ კი, შენ საიდან ხარ-მეთქი, ზუგდიდიდანო! მარიამი ხარ სიჭინავა-მეთქი? – კი, თქვენ გენაცვალეთო – იქიდან დაგვიძახა. ჩვენც იგივე დავუძახეთ“.

ლუკა ნაცვლიშვილმა გვიამბო, რომ ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, ფანჯარა ახლოს იყო და იქიდან აღწევდა წვიმის და ქარის ხმა: „სხვათა შორის, წიგნის კითხვას ძალიან უხდებოდა ეს გარემო“, – ამბობს ლუკა.

საკნების გახსნის და ჩაკეტვის, გასაღებების გადატრიალების, ბოქლომების ჩხაკუნის ხმა, მცირე გადალაპარაკებები: „ჩაი გინდა? – შაქარი რამდენი“, „ხელი მომიწერე“…

„ისმის მაღვიძარას ხმა და იწყება შემოვლა, ღია სარკმლიდან გიყურებენ 5 წუთში ერთხელ, რამდენჯერმე გავძახე, აქ ვარ არ წავსულვარ-მეთქი. ბოლოს თვითონაც იცინოდნენ, კიდევ აქ ხარ კაცოოო“, მეხუმრებოდნენ“, – იხსენებს კერენი.

  • „წარმოიდგინეთ, ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი“ 

პოლიციის სამმართველოს აღწერისას პროევროპული აქციების მონაწილე ლევან ხორავა გვთავაზობს გავიხსენოთ ქართულ ფილმი – „ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი“. მისი თქმით, ეს მოგვცემს საშუალებას გავიგოთ, რა ნახეს სამმართველოში დაკავებულებმა. ლევან ხორავა ოფიცერია, მას უმუშავია ძალოვან სტრუქტურაში.

„რაღაც პერიოდში შემოვიდა მოდაში, რომ პოლიციის ჩაცმულობა, აღჭურვილობა, შენობები გამჭვირვალე და ლამაზი უნდა ყოფილიყო. სამმართველოში მივაქციე ყურადღება, აი, რაღაც დივანი რომ დევს და წლების შემდეგ სოფელში რომ წაიღებ ისეთი – როგორ გითხრათ, „ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი“ ხომ გახსოვთ, რა გარემო იყო… ეს არის მიახლოებით.

ძველი საბჭოთა მილიციის შენობაა“.

ლევან ხორავა გვიყვება იმასაც, რომ სამმართველოში იყო დაბნეულობა და უხერხულობაც: „ეს იგრძნობოდა. ასე რატომ დაიჩაჩანაკეს თავი, არ ვიცი“.

ლევან ხორავა, როგორც სისტემის ყოფილი თანამშრომელი, საკანში ცალკე იყო. პოლიციელებს სთხოვა, თანამშრომელი ვარ და ცრუ მოწმეებად არ დამიდგეთო:

„ვუთხარი, რომ იქ კამერები იყო და ყველაფერი გადაღებულია, ხვალ და ზეგ ერთმანეთს უნდა შევხვდეთ, ამიტომ ცრუ მოწმეებად ნუ დამიდგებით-მეთქი. ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს. არ ვიცი, როგორია მათი სინდისის მდგომარეობა, ერთი პოლიციელი მართლა ძალიან ნერვიულობდა ჩემ პროცესზე, ცუდადაც გახდა. შუბლის ძარღვი არ ჰქონდა გაწყვეტილი. მაგრამ ფაქტია – შედეგი იყო ის, რომ დადგნენ ცრუ მოწმეებად“.

„ერთი პოლიციელი ძალიან ნერვიულობდა პროცესზე, ცუდადაც გახდა“ - ლევან ხორავა პოლიციელ ცრუ მოწმეებზე

  • საკანში სათვალის გარეშე და არამწეველი მწველებთან ერთად 

„11 დღე ერთ საკანში ვიყავით და ერთმანეთი არ გვინახავს“, – ხუმრობენ ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე. ისინი ლანჩხუთის იზოლატორში ერთ საკანში იყვნენ. მათ საკანში სათვალე არ შეატანინეს, უთხრეს, რომ ეს იზოლატორის წესებს ეწინააღმდეგება. ორივე მათგანი ამბობს, რომ სათვალის გარეშე ძალიან რთული იყო.

ვაჟა დარჩია, მალხაზ ირემაძე და გოდერძი ფრანგიშვილი სამტრედიაში გადაყვანის შემდეგ ერთ საკანში შეიყვანეს. ვაჟა და მალხაზი ხშირად ეწეოდნენ.

„როგორც გაირკვა საქართველოს არც ერთ დროებით მოთავსების იზოლატორში არ არის არამწეველების ოთახი. ყველა საკანს საერთო სავენტილაციო სისტემა აქვს. მაგალითად, ლანჩხუთის იზოლატორში თუ რომელიმე საკანში სიგარეტს ეწეოდნენ, ჩემს საკანში ცივი ჰაერი ქროდა. ძილის დროს თავზე ვიფარებდი ნაჭერს, რომ თავი დამეცვა ცივი ჰაერისა და მუდმივი შუქისგან.

როცა ცივი ჰაერი ჩერდებოდა, მოდიოდა ცხელი ჰაერი, რაც ცუდად მხდიდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ტანში ატანდა, შიგნიდან მაშრობდა, მაქედან დამეწყო ხველება, რომელიც დღემდე ვერ მოვიცილე“, – გვიყვება გოდერძი ფრანგიშვილი. ისიც პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ჯერ ლანჩხუთის იზოლატორში წაიყვანეს, მოსამართლის გადაწყვეტილებისა და ხუთდღიანი ადმინისტრაციული სასჯელი მისჯის შემდეგ კი – სენაკის იზოლატორში.

გოდერძი ვეგეტარიანელია და წუხს იმაზეც, რომ ციხეში არ არის ჯანსაღი, ვეგანური და ვეგეტარიანული საკვები: „ვიკვებებოდი მხოლოდ ოჯახის წევრების მიერ შემოგზავნილი საჭმლითო“.

დაკავებულებიდან ყველა მათგანს საუბარი სურს რამდენიმე მომენტზე – წუხან, რომ პოლიცია პროპაგანდის მსხვერპლია, როცა აქციის მონაწილეებში მათთან დაპირისპირებულ მხრეს ხედავენ.

ლუკა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მამა პოლიციელი იყო და კარგად იცის, რა არის პოლიციის მუნდირი:

„მამა მეუბნებოდა, იცოდე, არც ერთ პოლიციელს, რომელიც მაქ დგას, სინამდვილეში მაქ დგომა არ უნდაო. მე ვფიქრობ პოლიციელს არ უნდა უწევდეს ივანიშვილის დაცვა, ამაში მონაწილეობა“.

მშვიდობას უკრაინელი ჯარისკაცი აახლოებს მტრის სამიზნეზე დარტყმებით – „აზოვის“ მეთაური

უკრაინის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის, „აზოვის“ მეთაური, უკრაინის ეროვნული გმირი დენის პროკოპენკო, რომელიც მარიუპოლის დაცვას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება დამოკიდებულია არა უცხო ლიდერებზე, არამედ მათზე, ვის მხრებზეც ფრონტი ეყრდნობა.

„უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის, რომ შედეგი ცნობილია და ყველაფერი ჩვენთვის გადაწყდა. რომ ვიღაც შეთანხმებას მიაღწია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე.

ისინი ცდილობენ უკრაინელების გატეხას იმ ილუზიის შექმნით, რომ ჩვენ ყველა განწირულები ვართ და ბრძოლას აზრი არ აქვს.

გაიხსენეთ, იგივე ხდებოდა სამი წლის წინ. მაგრამ მაშინ უკრაინა გადარჩა, მიუხედავად ყველა პროგნოზისა, გათვლებისა და კაპიტულაციის შესახებ დარწმუნებისა. ჩვენი პასუხი იყო ისეთი, რასაც ჩვენგან არც ჩვენი მტრები ელოდნენ და არც მოკავშირეები. ეს იყო იმ მეომრების პასუხი, რომლებიც აჩერებდნენ მტრის კოლონებს, ხშირად სათანადო მომზადებისა და თანამედროვე იარაღის გარეშე, მაგრამ ყველამ იცოდა რატომ და რისთვის იბრძოდა. ეს წინააღმდეგობა გაწია ათასობით უკრაინელმა, რომლებმაც პირველად აიღეს ავტომატი ხელში 2022 წლის 24 თებერვალს.

ჩვენი სახელმწიფოს არსებობის შენარჩუნება არის არა უცხო ლიდერებს შორის შეთანხმებების შედეგი, არამედ ფრონტზე ასობით ათასი ჯარისკაცის ყოველდღიური ტიტანური მუშაობის შედეგი.

რუსებით გარშემორტყმულ მარიუპოლში სრულიად გულგრილი ვიყავით იმის მიმართ, რომ ვიღაც უკრაინას დამარცხებისთვის განწირულად თვლიდა და ელოდა, რომ დავთმობდით ჩვენს ტერიტორიებს და დამოუკიდებლობას. თითოეულმა ჩვენგანმა მიზანმიმართულად და თავდაუზოგავად შეასრულა თავისი საქმე, მიუხედავად ანალიტიკოსთა სკეპტიციზმისა და იმედგაცრუებისა, რის დატესვასაც მათ ცდილობდნენ უკრაინელებში.

ძლიერ მტერთან მძიმე ბრძოლების დროს ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი სახელმწიფოს ბედი წყდებოდა არა თანამდებობის პირების შორეულ კაბინეტებში, არამედ სწორედ აქ – ბრძოლის ველზე. და ჩვენ მართალი ვიყავით.

სამი წლის შემდეგ ჩვენც ასევე დარწმუნებული ვართ ამაში. ჩვენ ვიხსენებთ იმ რთულ გზას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გავიარეთ და გვესმის, რომ გვაქვს რაღაც საამაყო და აბსოლუტურად ზუსტად ვიცით ვისთვის და რისთვის ვიბრძოლოთ.

ამ სამი რთული წლის განმავლობაში უკრაინამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა არმიის წყალობით, რომლის ნამდვილი მხარდაჭერები მოხალისეები და მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ჯარს ფინანსურად უჭერდნენ მხარს. ეს ნიშნავს, რომ დღეს ქვეყნის ბედი დამოკიდებულია მათზე, ვის მხრებსაც უჭირავთ ფრონტი.

უკრაინელი ჯარისკაცის გამბედაობის შურს მსოფლიოს ნებისმიერი ჯარის კაბინეტის გენერალს. უკრაინის გამბედაობასა და თავდადებას პატივს სცემენ მილიონები. უახლესი სამხედრო დოქტრინა, მსოფლიოს უახლესი გეოპოლიტიკური რუკა, უახლესი ისტორია იწერება სანგრებში – იქ, სადაც უკრაინელი ჯარისკაცი მშვიდობას აახლოებს მტრის სამიზნეზე ზუსტი დარტყმებით“ – წერს პროკოპენკო ფეისბუქზე.

„აზოვი“, რომელსაც მოგვიანებით „აზოვის პოლკი“ უწოდეს, 2014 წელს დაარსდა. „აზოვს“ ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ლეგენდარულ უკრაინულ პოლკს, რომლის ჯარისკაცებიც განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩევიან.

2022 წელს „აზოვის პოლკი“, უკრაინის გენშტაბის ბრძანებამდე დანებების შესახებ, იბრძოდა ქალაქ მარიუპოლში, მესაზღვრეებთან, პოლიციასთან, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადასთან და მარიუპოლის ტერიტორიულ თავდაცვასთან ერთად.

„მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა“ – გამჭვირვალობა კიდევ ერთ რეპრესიულ კანონზე

„ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ შეფასებაში მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებაზე.

2025 წლის 24 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა. ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ხელისუფლება თავად დაადგენს „მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს“, ასევე შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, რითაც ფაქტობრივად აიკრძალება კრიტიკული მედიის უდიდესი ნაწილი, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი სწორედ საერთაშორისო გრანტებისგან შედგება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, ამ საკანონმდებლო ცვლილების მიზნებია:

  • დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. ეს აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის პასუხი ქართული მედიის საერთაშორისო მხარდაჭერაზე;
  • მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ;
  • შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. თუ აქამდე საზოგადოების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი სამთავრობო არხებზე გავრცელებული ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივების საპირწონედ კრიტიკული არხების მკვეთრად გამოხატული ანტირუსული კონტენტით სარგებლობდა, ამიერიდან მას ალტერნატიულ და კრიტიკულ კომენტარზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდება.
  • რა იკრძალება? 

საკანონმდებლო ცვლილებათა პირველი პაკეტის თანახმად, იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების [ფულადი თანხის ან სხვა სახის მატერიალური სიკეთე] მიღება. შესაბამისად, აიკრძალება არა მხოლოდ პირდაპირი ფულადი დახმარება, არამედ ტექნიკის გადაცემა, ტრენინგები, მედიის განვითარების პროგრამები და სხვ. გამონაკლისია მხოლოდ თანხის მიღება კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობის და პროგრამაში პროდუქტის [საქონლის/მომსახურების] განთავსებისათვის.

ზემოაღნიშნული გამონაკლისის გარდა, ასევე იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

„უცხოური ძალა არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანო ან ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ ფორმით სხვა სახელმწიფოსთან არის ასოცირებული. აკრძალული იქნება ასეთი პირის მიერ გაწეული ნებისმიერი სახის დახმარება, განურჩევლად იმისა, რაოდენ კეთილშობილურ და ამ ქვეყნისთვის საჭირო მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს იგი,“ – განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.

  • როგორ ამკვიდრებს „ოცნება“ ცენზურას? 

„ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებები მედიის თვითრეგულირების მექანიზმს ამცირებს, რაც არის მედიის დამოუკიდებლობის პირობა დასავლეთის ქვეყნებში და ზრდის კომუნიკაციების კომისიის როლს.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც საქმე ეხება ფაქტის ჯეროვან სიზუსტეს და მასზე პასუხის უფლებას, ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქების ვალდებულებას, ომის პროპაგანდაა, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემას, მაუწყებლების წინააღმდეგ საჩივარი პირმა შეიძლება წარადგინოს მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, რომლის გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ კი, საჩივრის შეტანა შესაძლებელი იქნება, როგორც თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ისე კომუნიკაციების კომისიაში.

„თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ნებისმიერი პირის მიერ საჩივრის შეტანა დე იურე კვლავ შესაძლებელი იქნება, მაგრამ ფაქტობრივად ეს ფუნქცია კომუნიკაციების კომისიას გადაეცემა, რადგან თუ მიზანი მაუწყებლის დასჯაა, თითქმის ნულის ტოლია იმის შესაძლებლობა, რომ პირმა საჩივარი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შეიტანოს და არა კომისიაში,“ – განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.

დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.

  • სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა „სამართლიანობის და მიუკერძოებლობის“ საფარველით

ცვლილების თანახმად, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.“

„ეს ნორმა სხვა არაფერია, თუ არა კომუნიკაციების კომისიის აღჭურვა უფლებამოსილებით, ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც აუცილებლად გამოიწვევს შედეგად ცენზურას ან თუნდაც თვითცენზურას.

ასევე დამატებულია მოთხოვნა, რომ საავტორო პროგრამაში ადეკვატურად იქნეს წარმოდგენილი „ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. ეს ბუნდოვანი ნორმა საშუალებას მისცემს კომუნიკაციების კომისიას „ფაქტის ან აზრის“ დამახინჯებად მიიჩნიოს მაუწყებლის ნებისმიერი ინტერპრეტაცია,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებაში.

  • განსაკუთრებით საგამოძიებო მედიისთვის, ვიდეო-აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლების შეზღუდვა ნიშნავს, რომ მას ფუნქცია წაართვა“

ეს ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს კანონის სპეციალურ მუხლზეც, რომელიც ემსახურება „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას“. TI-ის სამართლებრივი ანალიზით, ეს ნორმა ბუნდოვანია და პირიქით, იგი შეიძლება გახდეს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველი.

„მაგალითად, ერთ-ერთი ნორმის თანახმად, „საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიოჩანაწერის მომზადებისას აუცილებელია შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.“

პირველ რიგში სამაუწყებლო მედიისთვის და განსაკუთრებით საგამოძიებო მედიისთვის, ვიდეო-აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლების შეზღუდვა ნიშნავს, რომ მას ფუნქცია წაართვა.

ასევე, ამგვარი შეზღუდვის მიზნებისთვის საჯარო და კერძო დაწესებულებების ერთმანეთთან გაიგივება და მათ მიმართ დაცვის ერთი და იგივე სტანდარტის მისადაგება დაუშვებელია, რადგან საჯარო დაწესებულება გადასახადის გადამხდელთა სახსრებით არსებობს და მათ უნდა შეეძლოთ ვინმეს ნებართვის გარეშე მიიღონ, მათ შორის, აუდიოვიზუალური ინფორმაცია საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ.

მესამეც, როდესაც საქმე ეხება გამონაკლისს, კითხვებს წარმოშობს „საზოგადოებრივი ინტერესის“ ცნების შინაარსი. როდესაც მაუწყებელი ამა თუ იმ მოვლენას აშუქებს, იგი ცხადია „საზოგადოებრივი ინტერესით“ ხელმძღვანელობს. სხვა შემთხვევაში მისი პროგრამები საზოგადოებისთვის უბრალოდ უინტერესო იქნება. რაში მდგომარეობს საზოგადოებრივი ინტერესი, ეს, საინფორმაციო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის სფეროში მიღებული გადაწყვეტილების საგანი უნდა იყოს.

როდესაც ამგვარი ცნება კანონის ნორმის ნაწილი ხდება, მაშინ ამ საკითხის გადაწყვეტის ფუნქცია მაუწყებლის გარეთ – კომუნიკაციების კომისიაზე გადადის, რაც სარედაქციო პოლიტიკაში კიდევ ერთი გაუმართლებელი ჩარევის საფუძველს წარმოშობს.

ბუნებრივია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს საკითხი კერძო სამართლის ფარგლებში, პირის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით უნდა გადაწყდეს და არა მაუწყებლის საქმიანობაში ადმინისტრაციული ჩარევის გზით,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებაში.

ამ თემაზე:

ბათუმში გაიხსნა შტაბი გურიასა და აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

გურიისა და აჭარის სოფლებში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შესაგროვებლად ბათუმში შტაბი გაიხსნა. “ასევე თუ საჭიროება გაჩნდა, დავეხმარებით ბათუმში სახლის ჩამონგრევის და სხვა უბედური შემთხვევების მსხვერპლებს“, – წერს ინიციატივის ავტორი დავით ჯინჭარაძე ფეისბუქში.

დახმარება გვჭირდება საჭირო ნივთების შეგროვებაში – სანთლები, მედიკამენტები, თბილი ტანსაცმელი, საჭმელი, რომელიც ადვილად არ ფუჭდება. ყველას შეუძლია შემოერთება, დაგვჭირდება ასევე დახმარება ამ ყველაფრის ტრანსპორტირებაში.

შტაბი მდებარეობს 26 მაისის #31-ში (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში) ვხსნით შტაბს, რომ დავეხმაროთ გურიისა და აჭარის დაზარალებულ სოფლებს, 

“ვისაც შეუძლია გვეხმარება ფულით, რითაც ვიყიდით ფოვერ ბანკებს [პორტატული დამტენები], ბავშვებისთვის თბილ ტანსაცმელს, საკვებს, ჰიგიენურ ნივთებს; ასევე მედიკამენტებსა და საკვებს, რომელიც ადვილად არ ფუჭდება [ნახევარ-ფაბრიკატები: წიწიბურა, კონსერვები] და წავიღებთ ოზურგეთამდე” – ამბობს დავითი.

ვინაიდან მაღალი გამავლობის მანქანები კვლავ პრობლემად რჩება, ბათუმიდან წაღებული ნივთებსა და პროდუქტებს ოზურგეთში, ასევე მოქალაქეების მიერ ორგანიზებულ შტაბებამდე მიიტანენ:

„კონკრეტულ სოფლებში, მაღალი გამავლობის მანქანაც შეიძლება ვერ ავიდეს, ამიტომ ამ ეტაპზე სტრატეგია არის ასეთი, რომ შევაგროვოთ ნივთები და მივიტანოთ ოზურგეთში – მთავარ პუნქტებში, საიდანაც  ხალხს შეეძლება გადანაწილება“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე – „ტრანსპორტირებისთვის საჭროა ძალიან მაღალი განმავლობის მანქანა, სხვანაირი მანქანით წამოსვლა იქნება პრობლემა”.

მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველო:

GE57BG0000000687945900 (დ.ჯ.)

GE12TB7872445064300048 (T.K.)

___

დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღეა დიდთოვლობაა, გურიაში მოსახლეობას არ მიეწოდება დენი, ბუნებრივი აირი და წყალი. გურიის დასახმარებლად შექმნილ მოხალისეების ჯგუფში არაერთი ადამიანი წერს, რომ დიდთოვლობის გამო ესაჭიროება დროული მხარდაჭერა. ვრცელდება ინფორმაციები, დიდთოვლობის გამო სახლების სახურავების ჩამონგრევაზე.

განვითარებულ სტიქიაზე, მთავრობის მხრიდან დაგვიანებული რეაგირების ფონზე, ადამიანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თვითორგანიზდნენ, შეაგროვეს საჭირო პროდუქტები და შესაბამისი აღჭურვილობით გაემგზავრნენ გურიაში. დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა ვებგვერდი moxalise.ge, სადაც მოხალისეებს შეუძლიათ ნახონ დახმარების მსურველთა ადგილმდებარეობა.

ვებგვერდზე არის ღილაკი – „დახმარების მოთხოვნა“. ამ ღილაკის მეშვეობით დაზარალებულ ადამიანს შეუძლია ითხოვოს მოხალისეებისგან დახმარება.

ბათუმიდან გურიის სოფლებში გუშინ, 25 თებერვალს მოხალისეების ათწევრიანი ჯგუფი გაემგზავრა. ისინი ამჟამადაც გურიაში იმყოფებიან.

ამ ჯგუფის წევრი, გიორგი წეროძე ამბობს, რომ ადგილზე რა საჭიროებებიც გამოიკვეთა არის მედიკამენტები [წნევის მარეგულირებლები, ტემპერატურის დამწევი და ტკივილგამაყუჩებლები], ბავშვებისთვის საკვები [0-1.5 წლამდე ასაკისთვის] და ჰიგიენური საფენები; ასევე, ფოვერ ბანკები და სანათი საშუალებები.

 

ხვალ დღის ბოლოს გამოიდარებს. მოსალოდნელია მეწყრული პროცესები – ამინდი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 თებერვლის 21 საათიდან 27 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით თოვლ-ჭყაპი, მთაში – თოვა.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში ხვალ, 27 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ამავე დროს, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში – ზვავსაშიშროება.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 4 გრადუსი ყინვა – 1 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 28 თებერვალსა და პირველ  მარტს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

დღეს უქმდება რეისები თბილისი – ბათუმის მიმართულებით – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, უამინდობისა და დიდთოვლობის გამო დღეს, 26 თებერვალს, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი.

კერძოდ:

  • № 804 თბილისი – ბათუმი;
  • №801 ბათუმი – თბილისი;
  • №869 ზუგდიდი-თბილისი;
  • №874 თბილისი -ფოთი;
  • №617 ბორჯომი-თბილისი;
  • №686 თბილისი – ბორჯომი;

ასევე, რკინიგზის განცხადებით, 27 – 28 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები:

  • № 854 თბილისი-ოზურგეთი;
  • № 853 ოზურგეთი-თბილისი;
  • № 6355/6356 ქუთაისი-რიონი;
  • № 6353/6354 ქუთაისი -რიონი;
  • № 682/681 ქუთაისი- ბათუმი;
  • № 684/683 ქუთაისი-ბათუმი;
  • № 613/614 ბათუმი-ოზურგეთი;
  • №618/617 თბილისი – ბორჯომი;
  • №685 ბორჯომი-თბილისი.

„მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ.

საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“ – წერს რკინიგზა.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმის აეროპორტიდან ფრენები განახლდა

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს, 26 თებერვალს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა.

„ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელ-ავივის მიმართულებით და დღეს, 26 თებერვალს კიდევ 12 საერთაშორისო რეისია დაგეგმილი.

მეტეოროლოგიური პირობების გამო ავიაკომპანიებს 2 დღის განმავლობაში ბათუმის აეროპორტში ფრენა შეჩერებული ჰქონდათ. თუმცა, ამის მიუხედავად, „ტავ ჯორჯია“ აეროდრომის ხელოვნურ საფარს მუდმივ რეჟიმში ასუფთავებდა  თოვლისგან  და ამუშავებდა სპეციალური საშუალებებით, რათა აეროპორტი ნებისმიერ მომენტში ყოფილიყო მზად საჰაერო ხომალდის მისაღებად.

ავიაკომპანიებმა მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გასულ ღამეს მიიღეს“ – აცხადებს „ტავ ჯორჯია“.

ბათუმში მესამე დღეა არ მოძრაობს მუნიციპალური ავტობუსები, ტაქსით გადაადგილებაზე კი, მკვეთრად გაიზარდა ფასები; სწავლა/აღმზრდელობითი პროცესი შეწყვეტილია სკოლებსა და ბაღებში. მიზეზად მუნიციპალიტეტის მთავრობა უამინდობას ასახელებს.

ბათუმში, გაუწმენდავი გზების გამო, შეზღუდულია გადაადგილება.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო მატარებლის რეისები გააუქმა საქართველოს რკინიგზამაც.

მთავარი ფოტო: „ტავ ჯორჯია“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 870 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
  • ტანკი – 10 201 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 21 183 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 23 686 ერთეული [+34]
  • MLRS – 1 299 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 085 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 26 961 ერთეული [+194]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 064 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 38 702 ერთეული [+120]
  • სპეცტექნიკა – 3 759 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 656 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 44 616 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 597 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 21 742 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 522 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 042 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 32 121 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რაზე შეთანხმდნენ ტრამპის ადმინისტრაცია და კიევი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

საია თემურ ქათამაძისთვის თავდებობას ან გირაოს ითხოვს

საია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს, მიმართოს სასამართლოს, რათა თემურ ქათამაძისთვის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.

თემურ ქათამაძე 41 დღეა შიმშილობს. ის 16 იანვრიდან დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება და ასაჩივრებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყნიდან მის გაძევებას უკავშირდება.

მისი დროებით დაკავება სამინისტროს შუამდგომლობას ეფუძნება, რომელიც მიმალვის საფრთხეს ასახელებს, თუმცა ქათამაძეს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და შემოსავალი აქვს, რაც დადასტურებულია.

საია მიიჩნევს, რომ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მიმდინარე სამართალწარმოების გათვალისწინებით, აუცილებელია მისი გათავისუფლება და ნაკლებად შემზღუდავი ზომების გამოყენება, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს სრულფასოვნად დაიცვას თავისი უფლებები.

„თემურ ქათამაძე 16 იანვრიდან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება და სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს დავას საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით.

თემურ ქათამაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 20 იანვარს მიმართა, რაზეც 3 დღის ვადაში ეთქვა უარი. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად კანონმდებლობა 6-თვიან ვადას განსაზღვრავს, ხოლო დაჩქარებული წესით განხილვისას გადაწყვეტილების მიღების ვადა ერთი თვეა. ამ შემთხვევაში საკითხის განსახილველად სამინისტროს მხოლოდ 3 დღე დასჭირდა.

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას თემურ ქათამაძე, ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს და ითხოვს სტატუსის მინიჭებას, რადგან თურქეთში მის წინააღმდეგ მიღებულია დაკავების ბრძანება და მას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების საკითხის განხილვა შეჩერებულია.

გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ბრძანებას საფუძვლად უდევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა.

საკითხის განხილვისას სამინისტროს და შემდგომ უკვე სასამართლო დაეყრდნო პირის მიმალვის საფრთხეს, ვინაიდან, სამინისტროს მითითებით, თემურ ქათამაძეს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და შემოსავალი. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად, მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში და არსებობს მისი შემოსავლის ქონის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც.

აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ასევე, შიმშილობის ამ ვადისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლები, რომ გაძევების საკითხის განხილვამდე, ნაცვლად მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისა, გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ისეთი ალტერნატიული ზომები, როგორიცაა: პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარული გამოცხადება, საქართველოს მოქალაქის თავდებობა, საბანკო გარანტია ან გირაო.

იქიდან გამომდინარე, რომ დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად სხვა ალტერნატიული ზომის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია, ამ მოთხოვნით მივმართეთ სამინისტროს“, – წერს საია.

დღეს მზია ამაღლობელი თავისივე სურვილით პენიტენციურ დაწესებულებაში ბრუნდება

დღეს, 26 თებერვალს, კლინიკა ,,ვივამედიდან” მზია ამაღლობელს რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაიყვანენ. პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება მზია ამაღლობელის სურვილი იყო.

“მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა “ვივამედიდან” პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც.

ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში,” – ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

მზია ამაღლობელმა 38 დღე იშიმშილა. მან შიმშილობა დაკავების დღეს, 12 იანვარს დაიწყო უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად.

შიმშილობის 24-ე დღეს, 4 თებერვალს ის კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს აუცილებელი კვლევებისათვის.

ამაღლობელი მალევე ითხოვდა უკან, ციხეში დაბრუნებას, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აქამდე ექიმები ციხეში დაბრუნების რეკომენდაციას არ აძლევდნენ.

ამავე თემაზე: 

საიამ სასამართლოს საჩივრით მიმართა, მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.

ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.

პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. 

ამის შემდეგ, ამაღლობელის იურისტებმა კვლავ მიმართეს სააპელაციოს, ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბოლო, 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. თუმცა სააპელაციომ არც ეს საჩივარი განიხილა.

არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.

ბათუმში მეტაქსას ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა, ყველა მცხოვრები გადარჩა

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, სახლის სახურავი ჩაინგრა. შემთხვევა ღამით მოხდა.

როგორც  “ბათუმელებს” სახლის მეპატრონემ უთხრა, “სამაშველო დროულად მივიდა და ყველა მცხოვრებლის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლო”.

ოჯახი ამჟამად ბათუმის მერიისგან ელოდება დახმარებას. მერია ვალდებულია  მსგავსი შემთხვევების დროს დაზარალებულ ოჯახებს დაეხმაროს.

რამდენიმე დღეა ბათუმში დიდთოვლობაა.

თოვლის საფარმა ჩაანგრია ბათუმის აეროპორტის შესასვლელი. თითქმის მთელს ქალაქში დაზიანებულია მსუბუქი გადახურვები.

სახურავებიდან თოვლის ცვენა საფრთხეს უქმნის ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებს.

რიკოთზე ზვავმა 4 მანქანა მოიყოლა, მოძრაობა შეფერხებულია – დეპარტამენტი

საქარველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“.

„ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გზების დეპარტამენტმა დღეს, 26 თებერვალს, 02:25 წუთზე გაავრცელა.

ზვავი რიკოთზე / მამუკა ხორნაულის ფოტო

26 თებერვალს უქმდება რეისები ბათუმისა და თბილისის მიმართულებით – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ 26 თებერვალს უამინდობისა და დიდთოვლობის გამო უქმდება შემდეგი რეისები:

  • 26 თებერვალი – № 802 თბილისი – ბათუმი;
  • 26 თებერვალი – №803 ბათუმი – თბილისი;
  • 26 თებერვალი – №870 თბილისი-ზუგდიდი;
  • 26 თებერვალი – №873 ფოთი-თბილისი.

„მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ.

საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“ – აცხადებს რკინიგზა.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

სასამართლოს თქმით, პოლიციელის დანით დაზიანება პოლიციელზე თავდასხმა არ არის – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელი დანით დააზიანეს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მოშლა, მაგრამ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის. და სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?!

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

„2020 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ზ–ში, ………ს ქუჩა №…-ში მდებარე ყოფილი ……… ტერიტორიაზე, რ. გ–ა [რომელიც მანამდე ნასამართლევი იყო განზრახ მძიმე
დანაშაულისათვის], არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ………..მთავარი სამმართველოს, სახაზო საპატრულო სამმართველოს, სახაზო საპატრულო სამსახურის (ქ. ………) ათეულის მეთაურ ლ. შ–ს და დანის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამ საქმეზე [№130აპ.-22] პროკურატურამ რ.გ.-ს ბრალი „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით წარუდგინა [სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი], რაც გაიზიარა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, თუმცა ზემდგომმა სასამართლოებმა – ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ რ.გ. პოლიციელს თავს არ დასხმია.

სააპელაციო სასამართლომ რ.გ.-ს ქმედება გადააკვალიფიცირა პოლიციელზე წინააღმდეგობის მუხლით [სსკ-ის 353-ე], რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულია.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მითითებულ საქმეზე განავითარა შემდეგი მსჯელობა:

„რ. გ–ას ქმედებაში არ არის გამოკვეთილი ბრალად წარდგენილი დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშანი – პოლიციის თანამშრომლის – ლ. შ–ს ჯანმრთელობის ხელყოფის განზრახვა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულმა რ. გ–ამ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომელ – ლ. შ–ს, რომელიც ცდილობდა, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, რასაც მოჰყვა მისი სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს ამ მსჯელობით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულმა პოლიციელს მიაყენა სხეულის დაზიანება ცივი იარაღით, იგი არ მოქმედებდა მისი ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით, არამედ წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელს. სასამართლოს განმარტებით სსკ 353 1 -ე მუხლით [პოლიციელზე თავდასხმა] კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დამნაშავის ქმედება მიმართული იყოს პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებისაკენ და იგი მოქმედებდეს ამ განზრახვით.

მზია ამაღლობელის განზრახვის ყოველგვარი ანალიზის გარეშეც კი ცხადია, რომ სილის გაწვნა ვერ აყენებს საფრთხის ქვეშ ვერავის ჯანმრთელობას. გამოძიების მიერ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბათუმის პოლიციის უფროსს, დაზარალებულად შერაცხილ ირაკლი დგებუაძეს, არ მიუღია არანაირი დაზიანება.

  • რა ხდება?

ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

უზენაესი სასამართლოს ეს და სხვა გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.

ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.

გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.

მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ რჩება.

ამ თემაზე:

ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

„ბრძოლა გამარჯვებამდე, არ დანებდეთ“ – ბათუმელი მედროშის წერილი იზოლატორიდან

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], უკვე 40 დღეა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მეორედ კი – იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. თემურ ქათამაძე უკანონო პატიმრობის გარდა აპროტესტებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლება უარს ეუბნება ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

თემურ ქათამაძეს არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და სრულფასოვნად ფლობს ქართულ ენას. მას ასევე ცაბარებული აქვს საქართველოს ისტორიის გამოცდა.

თემურ ქათამაძემ დღეს, 25 თებერვალს, კიდევ ერთი წერილი გაავრცელა იზოლატორიდან, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

„მივესალმები სულით, გულით და დიდი სიყვარულით იმ თანამებრძოლებს, რომლებიც 3 თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში სამშობლოს სადარაჯოზე დგას.

ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ ყველა თქვენგანით.

30 წლის წინ, პირველად საქართველოში ჩამოვედი, ვისწავლე ისტორია და გავიცანი ეროვნული გმირები. მანამდე მე ვიცნობდი გმირად მხოლოდ „ჩვენებურების“ ბელადს – ახმედ მელაშვილს, რომელმაც თავი გაწირა სამშობლოსთვის.

თუმცა შემდეგ გავიგე, რომ ქართველ ერს უამრავი გმირი ჰყოლია: 9 ძმა ხერხეულიძე, მარო მაყაშვილი, მიხა ხელაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მემედ აბაშიძე, გიორგი მაზნიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგი მესხი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, 9 აპრილის, აფხაზეთის ომის გმირები, შინდისის გმირები და სხვები.

ჩემს თანამებრძოლებში, ესე იგი ყველა თქვენგანში, მე ვხედავ ეროვნული გმირების გულწრფელ, პატრიოტულ სულისკვეთებას.

ამ ფაქტიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თქვენ ხართ დიადი ქართველი ერის თავისუფალი, ცივილიზებული, დემოკრატიული, პატრიოტი, ნათელი და მებრძოლი სახე.

3 თვის ბრწყინვალე ბრძოლით, თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს ქართველი ერის მებრძოლი სახე.

ყველა თქვენგანს გულით, სულით და დიდი პატივით გაფასებთ. ყველანი უზომოდ მიყვარხართ. ყველას გეხუტუნებით – უფროსებს ხელებზე, უმცროსებს თვალებზე კოცნით.

ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხებისთვის, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი ფორმა. სამშობლოს გადარჩენისთვის, მიმდინარე პროცესში ჩემი ბრძოლით, პირადი წვლილი მინდა შევიტანო. ამჟამად ჩემი ბრძოლის ფორმა შიმშილობაა.

გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემს პატრიოტულ, გულწრფელ გადაწყვეტილებას.

ჩვენი საერთო მუხტის და გამძლეობის შენარჩუნებისთვის, ბრძოლის გაგრძელებაა საჭირო. სინდისის პატიმრების აქ, ციხეში, თქვენი კი რუსთაველის გამზირზე. ასევე სხვა ქალაქებშიც ბრძოლის გაგრძელება ჩვენი გამარჯვებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

ჩვენი სამშობლოს, საქართველოს გადარჩენის ეს წმინდა ბრძოლა, ერთად უფრო ძლიერია.

მინდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ ვართ საქართველო, უფალი ჩვენთან არის, მე მჯერა გამარჯვების.

„ჩვენ გადავცურავთ ზღვას“ და აუცილებლად „გავიმარჯვებთ სახელოვნად“.

სოლიდარობა სამშობლოს ყველა თანამებრძოლს და სინდისის ყველა პატიმარს.

ცეცხლი ოლიგარქიას და ჯოჯოხეთი ივანიშვილს!

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე: „არასდროს, არასდროს არ დანებდე!“

„ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე, არ დანებდეთ“.

მე აქ ძალიან კარგად და მხნედ ვარ. მინდა, რომ თქვენც ჩემსავით იყოთ. ძალა ერთობაშია!“- წერს თემურ ქათამაძე.

დღეს ბათუმში მაზნიაშვილის რაზმელების საფლავებთან შეიკრიბებიან

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 104 წლის თავზე, ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმელების საფლავთან [ბათუმში, გმირთა სკვერში მდებარე საერთო საფლავს ხშირად უწოდებენ „ქართველი იუნკრების საფლავს“, თუმცა აქ არა საქართველოს პირველი რესპუბლიკის იუნკრები, არამედ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმის წევრები არიან დაკრძალული – რედაქციის შენიშვნა] შეიკრიბებიან 18 საათზე.

დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ასევე გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე:

  • რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან, მიზეზები, შედეგი და თანამედროვე გამოწვევები
  • კონსტიტუცია, რომელიც ბათუმში დაიბადა

„25 თებერვალი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ისტორია განმეორდება.

დღეს ქართველები ზუსტად იმავე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, სადაც ან გავიმარჯვებთ, ან დავკარგავთ ყველაზე ფასეულს – სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

უკვე მესამე თვეა უწყვეტად ვდგავართ ქუჩაში და ვიცავთ საკუთარ მომავალს და განსხვავებით წარსულისგან, ამ ბრძოლაში ვართ ბევრად ძლიერები“- ვკითხულობთ ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე.

დღეს 90-ე დღეა საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან.

აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი არც 26 თებერვალს განახლდება

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი რეგიონში 26 თებერვალსაც არ განახლდება.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიდევ ერთი დღით – 26 თებერვალს, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ“, – წერს აჭარის განათლების სამინისტრო.

აჭარა-გურიაში რამდენიმე დღეა ინტენსიურად თოვს. ბოლო მონაცემებით, ბათუმში თოვლის საფარი ნახევარ მეტრზე მეტია.

ქუჩები არ არის სათანადოდ გაწმენდილი, რის გამოც შეჩერებულია მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანებს.

საია: საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფო არაეფექტიანად რეაგირებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფოს არაეფექტიან რეაგირებას ეხმაურება და წერს, რომ სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას. შედეგად ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა.

 „გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევს დიდთოვლობასთან გამკლავება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალისხმევა და გატარებული ღონისძიებები, სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით არ არის ეფექტიანი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გურიასა და აჭარაში დიდთოვლობის გამო რთული ვითარებაა. უხვი ნალექის გამო გურიის და აჭარის ნაწილს არ მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი ან/და ელექტროენერგია, დაზიანდა და ჩამოინგრა სახლები, გარესამყაროსაა მოწყვეტილი და დახმარებას საჭიროებს არაერთი მოქალაქე, მათ შორის არიან მოხუცები და ბავშვები. ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების გარდაცვალების და აუცილებელი დახმარების გარეშე დარჩენილი ადამიანების შესახებ. საია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

ადამიანთა სიცოცხლე და ფიზიკური ხელშეუხებლობა, ჯანმრთელობის დაცვა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებებია. ამასთან, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მოქალაქეებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.

სტიქიის დროს მოსალოდნელი საფრთხეების შეფასების შედეგად სახელმწიფო ვალდებულია დროულად გაატაროს ადეკვატური პრევენციული ღონისძიებები. სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს სათანადო ნაბიჯების გადადგმას საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, რაც, მათ შორის, მოიცავს ისეთი საფრთხეებისგან დაცვას, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფოსგან არ მომდინარეობს.

უფლების დაცვის ევროპული სტანდარტი მოითხოვს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც შესაძლებელს გახდის სტიქიური უბედურებების დროს სიცოცხლის დაკარგვის თავიდან აცილებას, მაშინაც კი, თუ თავად სტიქიური მოვლენები ადამიანის კონტროლის მიღმაა.

აღსანიშნავია, რომ საიამ ჯერ კიდევ 2023 წელს გამოაქვეყნა საადვოკაციო დოკუმენტი „ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ“, რომელშიც წამოჭრილია ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და შეკითხვები, რომელთა უმრავლესობა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.

მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი“, ეს დოკუმენტი აფასებს საგანგებო სიტუაციების რისკებს, შესაძლო შედეგებსა და მუნიციპალიტეტის მიერ გადასადგმელ პრევენციულ ნაბიჯებს. ასევე გამოიყენება რისკების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვისთვის.

უცნობია აქვს, თუ არა, უსაფრთხოების პასპორტი ყველა მუნიციპალიტეტს და ერთვის თუ არა მათ შესაბამისი რისკის მიხედვით ზონირებული რუკები.

ქვედა მამათი. წყარო: ფეისბუქ ჯგუფი „მოხალისეები გურიისთვის”

უსაფრთხოების პასპორტების არსებობის შემთხვევაში, ისინი არ არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, ჯერ კიდევ 2023 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, სამსახურმა გვაცნობა, რომ დონორული მხარდაჭერით, 21 მუნიციპალიტეტში ჩაატარა სწავლებები უსაფრთხოების პასპორტის შექმნასთან დაკავშირებით და კოორდინაციას უწევდა მომზადებული თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების პასპორტის შექმნაზე მუშაობას.

მიუხედავად ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისა, სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას, რის შედეგადაც ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა“, – წერს საია სპეციალურ გაცხადებაში.

ფოტო ფეისბუქ ჯგუფიდან „მოხალისეები გურიისთვის”

დღეს, 25 თებერვალს. არაერთი ადამიანი წერს, განსაკუთრებით გურიის რეგიონიდან, რომ დიდთოვლობის გამო ესაჭიროება დროული მხარდაჭერა.

ასევე ვრცელდება ინფორმაციები, დიდთოვლობის გამო სახლების სახურავების ჩამონგრევაზე.

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, შს სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად რეაგირებენ 112-ში შემოსულ შეტყობინებებზე.

27 თებერვლამდე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი.

ასევე, მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე – შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა – საფრთხის დონე მაღალი“ – იუწყება სააგენტო.

რაც შეეხება ამინდის პროგნოზს ბათუმში, აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 25 თებერვლის 21 საათიდან 26 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში
მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

აჭარის მთიან სოფლებში კვლავ თოვაა მოსალოდნელი, ზოგან – ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

სინოპტიკოსების ცნობით, 27 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, 28 თებერვალს კი გამოიდარებს.

 

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტის მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის, მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებული მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის, უკვე მეხუთედ მიიღო.

Global Finance-ის დაჯილდოება მეათედ ჩატარდა. გამარჯვებულები ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

„მოხარული ვარ, რომ თიბისის პერსონალური საბანკო მოსმახურება კიდევ ერთხელ აღიარეს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ჯილდო კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი მაღალშემოსავლიანი მომხარებლებისთვის, სანდო პარტნიორები ვართ და მათ შეუფერხებელ მომსახურებას, ციფრულ შესაძლებლობებსა და ინოვაციურ პროდუქტებს ვთავაზობთ. საერთაშორისო ტენდენციების თანახმად, მომხმარებლები მათი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისგან ერთიან მიდგომას ელიან, რაც არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ გრძელვადიან სტრატეგიას, ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებსა და მათი კაპიტალის გონივრულ მართვას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, სრულ თანხვედრაში ვიყოთ აღნიშნულ ტენდენციებთან და ამ ტენდენციების შესაბამისი მომსახურება და პროდუქტები შევქმანთ თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტის მიმართულებებით“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„სრულყოფილი პერსონალური ბანკინგი დღევანდელ დღეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საბანკო-საფინანსო მომსახურება. ის აერთიანებს როგორც სტრატეგიულ ხედვას, ასევე მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების ინდივიდუალური მიზნების სწორად გააზრებას. წელს ის ფინანსური ინსტიტუტები და ორგანიზაციები დავაჯილდოვეთ, რომლებიც არა მხოლოდ წარმატებით ართმევენ თავს მომხმარებლების ფინანსურ გამოწვევებს, არამედ მუდმივად ცვალებად გარემოში, ინოვაციური შესაძლებლობებით პასუხობენ მათ საჭიროებებს”, – ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.

Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ, გამარჯვებულები მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარდგენილი აპლიკაციების, ბაზრის მოთამაშეებისგან მოპოვებული ინფორმაციისა და დამოუკიდებელი კვლევების შედეგად გამოავლინა.

ბათუმი-თბილისის მატარებელი 2 საათი ზესტაფონში იყო გაჩერებული

ბათუმი-თბილისის მატარებელი თითქმის ორი საათია ზესტაფონშია გაჩერებული.

ერთ-ერთი მგზავრის თქმით, მატარებელი 13:17 საათზე თბილისში უნდა ყოფილიყო, თუმცა ისევ ზესტაფონში დგას.

„გაითიშა დენის წყარო, გათბობა, კონდიცირება, არ იღება კარები, რომ ჟანგბადი მაინც გვქონდეს“, – უყვება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი.

მისი თქმით,  იმის გამო, რომ ბათუმში გზები გაუწმენდავია და გადაადგილება შეფერხებულია, ზოგიერთმა მგზავრმა მატარებელზე დააგვიანა.

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ინფორმაციით, მატარებლის შეფერხების მიზეზი დიდთოვლობაა.

იყურეთ ზევით, აკონტროლეთ რის ქვეშ დადიხართ – რეკომენდაციები თოვლში ფეხით სიარულის დროს

ინტენსიური თოვის გამო ბათუმის ქუჩებში გადაადგილება შეზღუდულია. გუშინ დღის მეორე ნახევრიდან მუშაობა შეაჩერა მუნიციპალურმა ტრანსპორტმაც.

გთავაზობთ აშშ-ის თოვლისა და ყინულის მართვის ასოციაციისა (SIMA) და აღმოსავლეთ ორეგონის უნივერსიტეტის ზოგად რეკომენდაციებს, თოვლისა და ყინულის პირობებში გადაადგილების შესახებ:

  • იყურეთ ზევით, აკონტროლეთ რის ქვეშ დადიხართ. სახურავებიდან ჩამოვარდნილ თოვლსა და ყინულს შეუძლია მძიმე ტრავმების გამოწვევა.
  • გადადგით მოკლე ნაბიჯები.
  • სიარულისას დაიხარეთ ოდნავ წინ და დააბიჯეთ მთლიანი ტერფებით.
  • არ ჩაიწყოთ ხელები ჯიბეებში.
  • თოვლიან ქალაქში, მოყინულ გზებზე გადაადგილებისას ნუ მოუსმენთ მუსიკას ყურსასმენებში. თოვლში ფეხით მოსიარულეებს უნდა ესმოდეთ მოახლოებული მანქანის ან სხვა ხმები.
  • მზად იყავით დაცემისთვის. თუ დაეცემით, დაეცით შემდეგი თანმიმდევრული კონტაქტებით – ბარძაყით, თეძოსა და მხარზე. მოერიდეთ დაცემისას თავის შესაკავებლად გაშლილი ხელების გამოყენებას; მოხარეთ ზურგი და თავი წინ, რათა აირიდოთ თავის დარტყმა.
  • იარეთ ნელი ნაბიჯებით. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ კიბეზე ჩასვლისას. დარწმუნდით, რომ მყარად გიკიდიათ ხელი კიბის სახელურზე.
  • მოერიდეთ შეტყობინებების წერასა და ტელეფონზე ლაპარაკს თოვლში გადაადგილების დროს.
  • შენობებში შესვლისას მოიშორეთ თოვლი/წყალი ფეხსაცმლიდან.
  • ატარეთ ფეხსაცმელი ან ჩექმები, რომელთა ძირებიც უზრუნველყოფენ თოვლსა და ყინულზე მოჭიდებას.

 

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს.

კაცის გაყინვის ფაქტი დაგვიდასტურეს ქობულეთის მერიაში.

მერიის ინფორმაციით,  კაცის ცხედარი დღეს, 25 თებერვალს,  სახლთან ახლოს იპოვეს.

იყო თუ არა გარდაცვლილი პირი მარტოხელა ან როგორ აღმოჩნდა ის ზამთარში ქუჩაში, ამასთან დაკავშირებით ქობულეთის მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ.

ამ ტრაგედიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ ხერხდება.

ძველ ბათუმში კიდევ ერთი ისტორიული შენობა განადგურდა – მთავრობის გულგრილობა და არა სტიქია

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ორსართულიანი ისტორიული სახლი ჩამოინგრა. დიდი ალბათობით მიზეზად მთავრობა სტიქიას დაასახელებს, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ეს სახლი მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირების გულგრილობის მსხვერპლია.

ე.წ. დამწვარი სახლის გადარჩენაზე აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიაში ბევრი ილაპარაკეს, გადარჩენის ოპერაციის დაგეგმვას 10-ზე მეტი წელი მოანდომეს, მცდელობებიც ჰქონდათ თითქოს, თუმცა უშედეგოდ, სახლი ჩამოინგრა. არსებული პრაქტიკით, ეს საქმეს გაამარტივებს. ადგილს კორპუსის მშენებლობის მსურველი იყიდის და მშენებლობის ნებართვასაც მარტივად მიიღებს. რატომაც არა, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ისე ამთავრებს უფლებამოსილების ვადას, რომ დაპირებული გენერალური გეგმა ჯერ „ვერ დადო“. 

შენობა წლებია უსახურავოდაა დარჩენილი და ბათუმის არცერთმა მერმა მის გადასარჩენად არაფერი გააკეთა. მის გადასარჩენად არაფერი გაუკეთებია არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, რომლის მოვალეობაც სწორედ ძეგლის მოვლა-პატრონობა და საჭიროების შემთხვევაში მისი გადარჩენაა.

ბოლო რამდენიმე წელია სააგენტო იმით იწონებს თავს, რომ რამდენიმე შენობის რესტავრაციისთვის ტენდერი გამოაცხადა და შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის შემდეგ რესტავრაცია დაიწყო. საზოგადოებას ამ სახლის გადარჩენას ჰპირდებოდნენ: ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე, მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარიძეც. მათ წინამორბედებზე უკვე აღარაფერს ვიტყვი.

ე.წ. დამწვარი სახლი მერიამ არც კი შეფუთა, რომ მთელი იმ წლების განმავლობაში, როცა ის ხანძრის გამო უსახურავოდ იყო, წვიმა არ ჩასულიყო. მცდელობები კი, რომლებიც თითქოს ამ სახლის გადარჩენას ემსახურებოდა, უშედეგოდ დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო.

  • რა ვერ გააკეთეს

ძველ ბათუმში ისტორიული სახლების მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული ფართობების შეთავაზებისა და ამ სახლების კომერციულ ობიექტებად ქცევის პროექტი ბათუმის ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ შესთავაზა საკრებულოს. ამის შემდეგ იმავე პროექტის ფარგლებში ზვიად გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირველ წარმატებულ მაგალითად დაასახელა, როცა ბათუმის მერიამ მოახერხა მესაკუთრეებთან შეთანხმება მათ საკუთრებაში არსებული ბინების ალტერნატიულ ბინებში გაცვლაზე.

2018 წელს საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია წერდა, რომ სახლს პირობიანი აუქციონის წესით გაასხვისებდა, ერთ-ერთი პირობა კი შენობის პირვანდელი იერ-სახის აღდგენა და მასში საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობა იქნებოდა.

ფოტო: ნაიკო ქადიძე

ამის შემდეგ იყო საუბარი, რომ სახლის შესყიდვით კონკრეტული ინვესტორი იყო დაინტერესებული, თუმცა ეს ამბავი და პროექტიც დროში გაიყინა. 2020 წელს ლაშა კომახიძე გადადგა და მოვალეობის შემსრულებელი მოქმედი მერი, არჩილ ჩიქოვანი გახდა. შემდეგ ის მერად აირჩიეს.

2023 წელს ბათუმის მერიას ე.წ. დამწვარი სახლი ისევ გაახსენდა. მერიიდან საკრებულოში გადააგზავნეს დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც მერია გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიული სახლის მონაცემებს აზუსტებდა სახლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შესატანად.

განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში მერია არ აზუსტებდა, გამოჩნდა თუ არა დაინტერესებული ინვესტორი. ამ შემთხვევაში მერიისთვის გაგზავნილ დოკუმენტებში მხოლოდ ერთი პირობის შესახებ ამოვიკითხეთ – მყიდველს საფასური 30 დღის ვადაში უნდა დაეფარა.

ბათუმში, გამსახურდიას #11 – „დამწვარი სახლი“

საბოლოოდ მერიამ შენობა აუქციონზე ვერ გაიტანა. არაოფიციალური ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე კომერციული ობიექტების მესაკუთრეებისგან მერიამ სრული თანხმობა ვერ მიიღო.

ახლა 2025 წელია და ამდენი მცდელობის შედეგი ის არის, რომ ისტორიულ ზონაში ისტორიული სახლი მთავრობის ვერსიით ალბათ სტიქიამ, სინამდვილეში კი გულგრილობამ გაანადგურა.

ბათუმში ტაქსის ტარიფი გასამმაგდა

დღეს, 25 თებერვალს, ბათუმში მკვეთრად გაიზარდა ფასები ტაქსით გადაადგილებაზე. დილიდან ტაქსის გამოძახების აპლიკაციები ჩვეულებრივზე სამჯერ და ოთხჯერ მაღალ ფასს აჩვენებს და ამავე დროს, გაზრდილია დაცდის დროც.

მაგალითად, მემედ აბაშიძის ქუჩიდან ბონის აგრარულ ბაზრამდე ტაქსით მგზავრობის ფასი „ბოლტის“ აპლიკაციით საშუალოდ 16 ლარია, დაცდის დრო კი – 15 წუთი. ჩვეულებრივ, ამ მანძილზე იმავე აპლიკაციით ტაქსის გამოძახება საშუალოდ 5 ლარად არის შესაძლებელი, დაცდის დრო კი 4-5 წუთია.

უფრო იაფი, „მაქსიმის“ აპლიკაციით იმავე მანძილზე ტაქსის ფასი 14.4 ლარია.

ფასები გაზარდეს ინდივიდუალურმა ტაქსებმაც. მაგალითად, თუ აპლიკაციით 9 ლარია მგზავრობა, იმავე მომსახურებაში ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, კერძო ტაქსები, 15 ლარს ითხოვენ.

ბათუმში დღეს არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, ქუჩების დიდი ნაწილი თოვლისგან გაუწმენდავია და ავტომანქანების გადაადგილება ჭირს.

ბათუმის ქუჩებში ურნებს ნაგვისგან ვერ ცლიან

ბათუმის ქუჩებში განთავსებული ნაგვის ურნები და მიმდებარე ტერიტორია ნაგვითაა გადავსებული.

ქალაქში მეხუთე დღეა თოვლიანი ამინდია. ბოლო დღეებია დასუფთავების სამსახურს ნაგავი ვერ გააქვს.

„ბათუმელები“ სანდასუფთავების სამსახურს დაუკავშირდა შეკითხვით – როდის დაიწყებენ ნაგვის ურნების დაცლას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ბათუმი/25.02.2025
ბათუმი/25.02.2025
ბათუმი/25.02.2025
ბათუმი/25.02.2025
ბათუმი/25.02.2025
ბათუმი/25.02.2025
ბათუმი/25.02.2025
ბათუმი/25.02.2025
ბათუმი/25.02.2025

საიამ სასამართლოს საჩივრით მიმართა, მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მიანიჭოს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი და უკანონო იყო მზია ამაღლობელის დაკავების პროცესი, რადგან თან ახლდა ფიზიკური ძალადობა. სწორედ აღნიშნულის გამო მიიღო მან დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც.

სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ კი, პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა გამოძიებას.

დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა.

ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას.

მზია ამაღლობელი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოადგენს დაზარალებულს. მას დაკავების დღესვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიერ, რომლის დასკვნის მიხედვითაც, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

საქმის მასალების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ არსებობს მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი. ამ მიზნით უკვე არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, თუმცა, კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიუხედავად, ამ დრომდე დაზარალებულად ცნობაზე წერილობითი უარიც კი არ მიგვიღია.

ამ ფაქტზე, საჩივრით მივმართეთ გენერალურ პროკურორსაც. ამ დრომდე არც საჩივართან დაკავშირებით, მიგვიღია შესაბამისი პასუხი.

ამდენად, 2025 წლის 24 თებერვალს, საიამ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა სასამართლომ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ხსენებულ საქმეში. დაზარალებულის სტატუსი მას მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით“ – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

თოვლის შედეგად ბათუმში აეროპორტის შესასვლელი ჩამოინგრა

ბათუმში დიდთოვლობის გამო აეროპორტის შენობის შესასვლელი ჩამოინგრა. როგორც დღეს, 25 თებერვალს, აეროპორტში მისულ “ბათუმელებს” ადგილზე მომუშავე მუშებმა განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული ფასადის აღდგენითი სამუშაოები.

ბათუმის აეროპორტი

დიდთოვლობამ ქალაქში არაერთი შენობა-ნაგებობის ფასადი დააზიანა. თოვლის სიმძიმის გამო ჩამოინგრა აზერბაიჯანის საკონსულოს აივნის სახურავი.

აზერბაიჯანის საკონსულოს აივანი თოვლის საფარის სიმძიმის გამო ჩამოინგრა
ჩამონგრეული გადახურვა გორგილაძის ქუჩაზე

4 500 აბონენტს ბათუმში გაზი ისევ არ მიეწოდება – რას ამბობენ „სოკარში“

ბათუმში 4 500 აბონენტს გაზი ისევ არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ გვითხრეს, რომ გაზის მიწოდება დღეს, 25 თებერვალს, დღის ბოლომდე აღდგება.

„სოკარის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეწყვეტა დიდთოვლობის დროს მომხდარ ავარიულ დაზიანებებს უკავშირდება.

ამ თემაზე:

ბათუმში 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 869 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
  • ტანკი – 10 182 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 21 168 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 23 652 ერთეული [+26]
  • MLRS – 1 299 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 083 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 26 767 ერთეული [+122]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 064 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 38 582 ერთეული [+138]
  • სპეცტექნიკა – 3 759 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 656 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 44 431 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 596 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 21 734 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 521 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 007 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 32 099 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როდის აღდგება ბათუმში წყლის მიწოდება სრულად

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების ავარიულად დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალურ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეეზღუდება აბონენტებს შემდეგ მისამართებზე:

ჭავჭავაძის ქუჩა #1-ში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ადლიაში, ჰელიმიშისა და ნიჟარაძის ქუჩებზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მის შესახვევებსა და ჩიხებში, მახინჯაურის დასახლებაში, ბენზეში, ბარცხანაში, გოროდოკში, წინსვლაში, ორთაბათუმსა და ჩაისუბანში მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით წყალმომარაგება 25 თებერვლის 23:30 საათამდე აღდგება.

სასამართლოს თქმით, მინის ბოთლის თავში ჩარტყმა პოლიციელზე თავდასხმა არაა – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის მინის ბოთლის თავში ჩარტყმა, რამაც მტკივნეული ჰემატომა გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?!

სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც ბათუმში 2021 წელს გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება, დაადგინა შემდეგი:

„2021 წლის 4 აპრილს, ღამის საათებში, გამართული საპროტესტო აქციის დროს, გ. ნ-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების უბნის ინსპექტორ – გამომძიებელ ჭ. ა-ს მინის ბოთლი ჩაარტყა თავში,“ – ვკითხულობთ საქმეში [№481აპ-22], რომელზეც უზენაესმა სასამართლომ განჩინება 2022 წელს მიიღო.

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული მანამდე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და ბოთლის თავში ჩარტყმის მომენტში პოლიციელები იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და მოუწოდებდნენ მონაწილეებს წესრიგის დაცვისაკენ.

ამ საქმეში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულ პოლიციელს „აღენიშნებოდა კეფის არეში პალპატორულად მტკივნეული ჰემატომა, განვითარებული რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

ამავე განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მსჯავრდებულ გ.ნ-ს პოლიციელისათვის დაზიანება არ მიუყენებია მისი ჯანმრთელობის ხელყოფის მიზნით.

ბრალდების შესახებ დადგენილებით გ.ნ.-ს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 -ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავდასხმას პოლიციელზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა ბრალდებული გ.ნ. 3531-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და დაადგინა, რომ მითითებული ქმედება არ წარმოადგენს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით, გ.ნ.-ს მიმართ სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით [პოლიციელზე თავდასხმა, მისი ჯანმრთელობის ხელყოფა] წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე [პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ] მუხლის 1-ელ ნაწილზე. გ.ნ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, რაც არის ნაკლებად მძიმე დანაშაული.

2021 წლის 4 აპრილის აქციაზე ბათუმში კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ, ამ დროს დააკავეს სისხლის სამართლის წესით გ.ნ. მის დაკავებამდე აქციაზე 3 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის იყო იყო გენრი დოლიძე. მისი თქმით, დაკავების დროს მასზე პოლიციელებმა იძალადეს და მას სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. ასევე, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ჟურნალისტ თამარ თედიაშვილს.

ამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა არავინ დასჯილა ისე, როგორც 2023 წლის ზაფხულში, როცა რუსული გემის ბათუმში შემოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე ისევ გენრი დოლიძის თქმით, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მას დაკავების დროს სახეში ჩაარტყა ფეხი.

ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე „მზია ამაღლობელის საქმეში“ სილის გაწვნის გამო დაზარალებულად ცნობილი პირია. ამ დრომდე არ მიუნიჭებია პროკურატურას დაზარალებულის სტატუსი მზია ამაღლობელისთვის, რომლის განმარტებითაც დაკავების შემდეგ მას ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა, აგინა და ცდილობდა მასთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

  • რა ხდება?

ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

უზენაესი სასამართლოს ეს და სხვა გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.

ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.

გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.

მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ რჩება.

ამ თემაზე:

ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

 

 

მუნიციპალური ავტობუსები დროებით აჩერებს მუშაობას – „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით.

„ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას“ – წერს ავტოტრანსპორტი.

ბათუმში ინტენსიურად თოვს, 24 თებერვლისთვის თოვლის საფარი ნახევარ მეტრზე მეტია.

უამინდობის გამო სწავლა შეწყვეტილია სკოლებშიც.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

 

„შიდა სასოფლო გზები სრულიად პარალიზებულია“ – რა ხდება ლანჩხუთის სოფლებში

დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლების უმრავლესობა იზოლირებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაუწმენდავია შიდა სასოფლო გზები და ვეღარ მოძრაობს ტრანსპორტი.

„სასწაული ამბავი ხდება. არც სასწრაფოა, ვერც სამაშველო [მოძრაობს]. ვერაფერი ვერ გადაადგილდება. ამ მომენტში ეს მოცემულობაა.

ცენტრალური მაგისტრალი გაწმინდეს მხოლოდ, ნაწილობრივ, მხოლოდ ერთი ზოლი – ოზურგეთი-ლანჩხუთის დამაკავშირებელი გზა. მხოლოდ აქ შეუძლია გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტს. შიდა სასოფლო გზები სრულიად პარალიზებულია“, – ამბობს მამუკა ანანიძე ლანჩხუთის სოფელ ნინოშვილიდან. მოქალაქის თქმით, თოვლის სიმაღლე აქ მეტრ-ნახევარზე მეტია.

მოქალაქის თქმით, აზრი არ აქვს ცხელ ხაზზე დარეკვას დახმარების მიღების იმედად – „112-ში დარეკავ და გამისამართებენ მთავრობასთან. მთავრობასთან დარეკავ და პირიქით. ასე უნდა რეკო, სანამ ტელეფონი არ დაგიჯდება. ეს გამოცდილება მაქვს მე თვითონ. ჯერ დავურეკე ადგილობრივ მთავრობას და 112-ში დარეკეო. რომ დავრეკე [გზების] გაწმენდა ჩვენ არ გვევალებაო და ასეთი ამბავია, დარეკვასაც აზრი არ აქვს“.

მამუკა ანანიძე ამბობს, რომ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან მოქალაქეები მეზობელ სოფლებში. „მაღალ სოფლებში, მაგალითად ჩოჩხათში, ძალიან მძიმე სიტუაციაა. ფეხითაც ვერ გადაადგილდებიან აქ ადამიანები“.

„ბათუმელები“ სოფელ სუფსაშიც ესაუბრა მოქალაქეებს. ადგილობრივების თქმით, სუფსაში თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით ერთი მეტრია და სოფელი, ფაქტობრივად ჩაკეტილია, რადგან შიდა სასოფლო გზები გაწმენდილი არ არის. მიმდებარე მაღალ სოფლებში თოვლის საფარი კიდევ უფრო მაღალია.

„გაზი არის, შუქი პერიოდულად ქრება“ – გვითხრეს სუფსაში.

ლანჩხუთი, სოფელი ახალსოფელი. გზა მუნიციპალიტეტის „დაბალ“ სოფლებშიც გაუწმენდავია. 24.02.2025.

ნალექმა პრობლემები შექმნა ლანჩხუთის ცენტრშიც – „ლანჩხუთის ცენტრში რაც ხდება ამ მომენტში ის არის, რომ აფთიაქებშიც კი ვერ შედის ხალხი. გაუწმენდავია ტერიტორია, ელემენტარულად მარილიც კი ვერ მოაყარეს [ქუჩებში]… 20 თებერვლიდან დაიწყო თოვა და დღემდე გაუჩერებლად თოვს. საერთოდ არ არის მომზადებული მერია“, – გვეუბნება გივი ცინცაძე, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი.

ლანჩხუთის ცენტრალური ქუჩა. 24.02.2025.
ლანჩხუთის ცენტრალური ქუჩა. 24.02.2025.

ცინცაძის თქმით, არის სოფლები, მაგალითად აცანა და მამათი, რომელთა ცენტრალური გზაც კი გაუწმენდავია და აქ საერთოდ არ შესულა მძიმე ტექნიკა სამუშაოდ.

„თავისთავად პრობლემურია სასწრაფო დახმარების გადაადგილება“, – ამბობს გივი ცინცაძე ჩვენთან საუბრისას. მისი თქმით, სოფლების დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ჭირს ერთმანეთთან კომუნიკაციაც.

„ბათუმელებმა“ სცადა ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს დაკავშირებოდა იმის გასაგებად, თუ რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ლამცხუთი, სოფელი აცანა. 24.02.2025.

ბოლო ინფორმაცია ნალექთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ 7 საათის წინ გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. მერიის თქმით, 25 ერთეული ტექნიკაა მობილიზებულია, თუმცა „რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება ტექნიკის დროული გადაადგილება“.

 

 

ხელვაჩაურის მერიიდან გათავისუფლებული მოხელის სარჩელი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ ხელვაჩაურის სასამართლოში არ დააკმაყოფილა გოჩა მჟავანაძის სარჩელი. საქმე ხელვაჩაურის მერიიდან გათავისუფლებას ეხება. გოჩა მჟავანაძის გათავისუფლება უკანონობად 2022 წელს სახალხო დამცველმა შეაფასა.

გოჩა მჟავანაძე პროევროპული აქციის აქტიური მონაწილეა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარი, ანალიტიკოსი. იგი საჯარო მოხელე იყო – ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. გოჩა მჟავანაძე რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს. შტატების შემცირების გამო გათავისუფლებული ყველა მოხელე, გარდა გოჩა მჟავანაძისა, სხვადასხვა უწყებაში დაასაქმეს.

„…ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გოჩა მჟავანაძის მობილობის პროცესში დარღვეულია მობილობის განხორციელების წესის საკანონმდებლო მოთხოვნები,“ – ეწერა სახალხო დამცველის დასკვნაში.

ვიდრე ხელვაჩაურის საკრებულო რეორგანიზაციაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა [2022 წლის 13 მაისი], გოჩა მჟავანაძე 11 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. „დამაკავეს, რომ შემშინებოდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა მჟავანაძემ 2022 წელს და მიანიშნა, რომ ხელვაჩაურის მოქმედი მერი – ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსია.

ადმინისტრაციული დაკავებიდან რამდენიმე დღეში – 2022 წლის 19 მაისს გოჩა მჟავანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.

გოჩა მჟავანაძე სასამართლოში გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებას და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვდა განსხვავებული სამოქალაქო და პოლიტიკური შეხედულებების გამო.

ამ თემაზე:

„ვიდეოჩანაწერი 1 თვის დაგვიანებით გამოითხოვეს“ – პერსონალურ მონაცემთა დაცვას უჩივლეს

Exit mobile version