მთავარი,სიახლეები

საია თემურ ქათამაძისთვის თავდებობას ან გირაოს ითხოვს

26.02.2025
საია თემურ ქათამაძისთვის თავდებობას ან გირაოს ითხოვს

საია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს, მიმართოს სასამართლოს, რათა თემურ ქათამაძისთვის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.

თემურ ქათამაძე 41 დღეა შიმშილობს. ის 16 იანვრიდან დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება და ასაჩივრებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყნიდან მის გაძევებას უკავშირდება.

მისი დროებით დაკავება სამინისტროს შუამდგომლობას ეფუძნება, რომელიც მიმალვის საფრთხეს ასახელებს, თუმცა ქათამაძეს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და შემოსავალი აქვს, რაც დადასტურებულია.

საია მიიჩნევს, რომ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მიმდინარე სამართალწარმოების გათვალისწინებით, აუცილებელია მისი გათავისუფლება და ნაკლებად შემზღუდავი ზომების გამოყენება, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს სრულფასოვნად დაიცვას თავისი უფლებები.

„თემურ ქათამაძე 16 იანვრიდან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება და სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს დავას საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით.

თემურ ქათამაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 20 იანვარს მიმართა, რაზეც 3 დღის ვადაში ეთქვა უარი. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად კანონმდებლობა 6-თვიან ვადას განსაზღვრავს, ხოლო დაჩქარებული წესით განხილვისას გადაწყვეტილების მიღების ვადა ერთი თვეა. ამ შემთხვევაში საკითხის განსახილველად სამინისტროს მხოლოდ 3 დღე დასჭირდა.

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას თემურ ქათამაძე, ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს და ითხოვს სტატუსის მინიჭებას, რადგან თურქეთში მის წინააღმდეგ მიღებულია დაკავების ბრძანება და მას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების საკითხის განხილვა შეჩერებულია.

გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ბრძანებას საფუძვლად უდევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა.

საკითხის განხილვისას სამინისტროს და შემდგომ უკვე სასამართლო დაეყრდნო პირის მიმალვის საფრთხეს, ვინაიდან, სამინისტროს მითითებით, თემურ ქათამაძეს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და შემოსავალი. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად, მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში და არსებობს მისი შემოსავლის ქონის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც.

აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ასევე, შიმშილობის ამ ვადისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლები, რომ გაძევების საკითხის განხილვამდე, ნაცვლად მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისა, გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ისეთი ალტერნატიული ზომები, როგორიცაა: პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარული გამოცხადება, საქართველოს მოქალაქის თავდებობა, საბანკო გარანტია ან გირაო.

იქიდან გამომდინარე, რომ დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად სხვა ალტერნატიული ზომის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია, ამ მოთხოვნით მივმართეთ სამინისტროს“, – წერს საია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: