მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ ხელვაჩაურის სასამართლოში არ დააკმაყოფილა გოჩა მჟავანაძის სარჩელი. საქმე ხელვაჩაურის მერიიდან გათავისუფლებას ეხება. გოჩა მჟავანაძის გათავისუფლება უკანონობად 2022 წელს სახალხო დამცველმა შეაფასა.
გოჩა მჟავანაძე პროევროპული აქციის აქტიური მონაწილეა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარი, ანალიტიკოსი. იგი საჯარო მოხელე იყო – ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. გოჩა მჟავანაძე რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს. შტატების შემცირების გამო გათავისუფლებული ყველა მოხელე, გარდა გოჩა მჟავანაძისა, სხვადასხვა უწყებაში დაასაქმეს.
„…ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გოჩა მჟავანაძის მობილობის პროცესში დარღვეულია მობილობის განხორციელების წესის საკანონმდებლო მოთხოვნები,“ – ეწერა სახალხო დამცველის დასკვნაში.
ვიდრე ხელვაჩაურის საკრებულო რეორგანიზაციაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა [2022 წლის 13 მაისი], გოჩა მჟავანაძე 11 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. „დამაკავეს, რომ შემშინებოდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა მჟავანაძემ 2022 წელს და მიანიშნა, რომ ხელვაჩაურის მოქმედი მერი – ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსია.
ადმინისტრაციული დაკავებიდან რამდენიმე დღეში – 2022 წლის 19 მაისს გოჩა მჟავანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.
გოჩა მჟავანაძე სასამართლოში გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებას და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვდა განსხვავებული სამოქალაქო და პოლიტიკური შეხედულებების გამო.
ამ თემაზე:
„ვიდეოჩანაწერი 1 თვის დაგვიანებით გამოითხოვეს“ – პერსონალურ მონაცემთა დაცვას უჩივლეს






