მთავარი,სიახლეები

ბათუმში გაიხსნა შტაბი გურიასა და აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

26.02.2025
ბათუმში გაიხსნა შტაბი გურიასა და აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

გურიისა და აჭარის სოფლებში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შესაგროვებლად ბათუმში შტაბი გაიხსნა. “ასევე თუ საჭიროება გაჩნდა, დავეხმარებით ბათუმში სახლის ჩამონგრევის და სხვა უბედური შემთხვევების მსხვერპლებს“, – წერს ინიციატივის ავტორი დავით ჯინჭარაძე ფეისბუქში.

დახმარება გვჭირდება საჭირო ნივთების შეგროვებაში – სანთლები, მედიკამენტები, თბილი ტანსაცმელი, საჭმელი, რომელიც ადვილად არ ფუჭდება. ყველას შეუძლია შემოერთება, დაგვჭირდება ასევე დახმარება ამ ყველაფრის ტრანსპორტირებაში.

შტაბი მდებარეობს 26 მაისის #31-ში (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში) ვხსნით შტაბს, რომ დავეხმაროთ გურიისა და აჭარის დაზარალებულ სოფლებს, 

“ვისაც შეუძლია გვეხმარება ფულით, რითაც ვიყიდით ფოვერ ბანკებს [პორტატული დამტენები], ბავშვებისთვის თბილ ტანსაცმელს, საკვებს, ჰიგიენურ ნივთებს; ასევე მედიკამენტებსა და საკვებს, რომელიც ადვილად არ ფუჭდება [ნახევარ-ფაბრიკატები: წიწიბურა, კონსერვები] და წავიღებთ ოზურგეთამდე” – ამბობს დავითი.

ვინაიდან მაღალი გამავლობის მანქანები კვლავ პრობლემად რჩება, ბათუმიდან წაღებული ნივთებსა და პროდუქტებს ოზურგეთში, ასევე მოქალაქეების მიერ ორგანიზებულ შტაბებამდე მიიტანენ:

„კონკრეტულ სოფლებში, მაღალი გამავლობის მანქანაც შეიძლება ვერ ავიდეს, ამიტომ ამ ეტაპზე სტრატეგია არის ასეთი, რომ შევაგროვოთ ნივთები და მივიტანოთ ოზურგეთში – მთავარ პუნქტებში, საიდანაც  ხალხს შეეძლება გადანაწილება“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე – „ტრანსპორტირებისთვის საჭროა ძალიან მაღალი განმავლობის მანქანა, სხვანაირი მანქანით წამოსვლა იქნება პრობლემა”.

მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველო:

GE57BG0000000687945900 (დ.ჯ.)

GE12TB7872445064300048 (T.K.)

___

დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღეა დიდთოვლობაა, გურიაში მოსახლეობას არ მიეწოდება დენი, ბუნებრივი აირი და წყალი. გურიის დასახმარებლად შექმნილ მოხალისეების ჯგუფში არაერთი ადამიანი წერს, რომ დიდთოვლობის გამო ესაჭიროება დროული მხარდაჭერა. ვრცელდება ინფორმაციები, დიდთოვლობის გამო სახლების სახურავების ჩამონგრევაზე.

განვითარებულ სტიქიაზე, მთავრობის მხრიდან დაგვიანებული რეაგირების ფონზე, ადამიანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თვითორგანიზდნენ, შეაგროვეს საჭირო პროდუქტები და შესაბამისი აღჭურვილობით გაემგზავრნენ გურიაში. დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა ვებგვერდი moxalise.ge, სადაც მოხალისეებს შეუძლიათ ნახონ დახმარების მსურველთა ადგილმდებარეობა.

ვებგვერდზე არის ღილაკი – „დახმარების მოთხოვნა“. ამ ღილაკის მეშვეობით დაზარალებულ ადამიანს შეუძლია ითხოვოს მოხალისეებისგან დახმარება.

ბათუმიდან გურიის სოფლებში გუშინ, 25 თებერვალს მოხალისეების ათწევრიანი ჯგუფი გაემგზავრა. ისინი ამჟამადაც გურიაში იმყოფებიან.

ამ ჯგუფის წევრი, გიორგი წეროძე ამბობს, რომ ადგილზე რა საჭიროებებიც გამოიკვეთა არის მედიკამენტები [წნევის მარეგულირებლები, ტემპერატურის დამწევი და ტკივილგამაყუჩებლები], ბავშვებისთვის საკვები [0-1.5 წლამდე ასაკისთვის] და ჰიგიენური საფენები; ასევე, ფოვერ ბანკები და სანათი საშუალებები.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: