სიახლეები

„მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა“ – გამჭვირვალობა კიდევ ერთ რეპრესიულ კანონზე

26.02.2025 •
„მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა“ – გამჭვირვალობა კიდევ ერთ რეპრესიულ კანონზე

„ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ შეფასებაში მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებაზე.

2025 წლის 24 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა. ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ხელისუფლება თავად დაადგენს „მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს“, ასევე შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, რითაც ფაქტობრივად აიკრძალება კრიტიკული მედიის უდიდესი ნაწილი, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი სწორედ საერთაშორისო გრანტებისგან შედგება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, ამ საკანონმდებლო ცვლილების მიზნებია:

  • დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. ეს აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის პასუხი ქართული მედიის საერთაშორისო მხარდაჭერაზე;
  • მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ;
  • შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. თუ აქამდე საზოგადოების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი სამთავრობო არხებზე გავრცელებული ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივების საპირწონედ კრიტიკული არხების მკვეთრად გამოხატული ანტირუსული კონტენტით სარგებლობდა, ამიერიდან მას ალტერნატიულ და კრიტიკულ კომენტარზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდება.
  • რა იკრძალება? 

საკანონმდებლო ცვლილებათა პირველი პაკეტის თანახმად, იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების [ფულადი თანხის ან სხვა სახის მატერიალური სიკეთე] მიღება. შესაბამისად, აიკრძალება არა მხოლოდ პირდაპირი ფულადი დახმარება, არამედ ტექნიკის გადაცემა, ტრენინგები, მედიის განვითარების პროგრამები და სხვ. გამონაკლისია მხოლოდ თანხის მიღება კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობის და პროგრამაში პროდუქტის [საქონლის/მომსახურების] განთავსებისათვის.

ზემოაღნიშნული გამონაკლისის გარდა, ასევე იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

„უცხოური ძალა არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანო ან ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ ფორმით სხვა სახელმწიფოსთან არის ასოცირებული. აკრძალული იქნება ასეთი პირის მიერ გაწეული ნებისმიერი სახის დახმარება, განურჩევლად იმისა, რაოდენ კეთილშობილურ და ამ ქვეყნისთვის საჭირო მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს იგი,“ – განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.

  • როგორ ამკვიდრებს „ოცნება“ ცენზურას? 

„ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებები მედიის თვითრეგულირების მექანიზმს ამცირებს, რაც არის მედიის დამოუკიდებლობის პირობა დასავლეთის ქვეყნებში და ზრდის კომუნიკაციების კომისიის როლს.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც საქმე ეხება ფაქტის ჯეროვან სიზუსტეს და მასზე პასუხის უფლებას, ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქების ვალდებულებას, ომის პროპაგანდაა, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემას, მაუწყებლების წინააღმდეგ საჩივარი პირმა შეიძლება წარადგინოს მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, რომლის გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ კი, საჩივრის შეტანა შესაძლებელი იქნება, როგორც თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ისე კომუნიკაციების კომისიაში.

„თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ნებისმიერი პირის მიერ საჩივრის შეტანა დე იურე კვლავ შესაძლებელი იქნება, მაგრამ ფაქტობრივად ეს ფუნქცია კომუნიკაციების კომისიას გადაეცემა, რადგან თუ მიზანი მაუწყებლის დასჯაა, თითქმის ნულის ტოლია იმის შესაძლებლობა, რომ პირმა საჩივარი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შეიტანოს და არა კომისიაში,“ – განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.

დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.

  • სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა „სამართლიანობის და მიუკერძოებლობის“ საფარველით

ცვლილების თანახმად, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.“

„ეს ნორმა სხვა არაფერია, თუ არა კომუნიკაციების კომისიის აღჭურვა უფლებამოსილებით, ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც აუცილებლად გამოიწვევს შედეგად ცენზურას ან თუნდაც თვითცენზურას.

ასევე დამატებულია მოთხოვნა, რომ საავტორო პროგრამაში ადეკვატურად იქნეს წარმოდგენილი „ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. ეს ბუნდოვანი ნორმა საშუალებას მისცემს კომუნიკაციების კომისიას „ფაქტის ან აზრის“ დამახინჯებად მიიჩნიოს მაუწყებლის ნებისმიერი ინტერპრეტაცია,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებაში.

  • განსაკუთრებით საგამოძიებო მედიისთვის, ვიდეო-აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლების შეზღუდვა ნიშნავს, რომ მას ფუნქცია წაართვა“

ეს ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს კანონის სპეციალურ მუხლზეც, რომელიც ემსახურება „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას“. TI-ის სამართლებრივი ანალიზით, ეს ნორმა ბუნდოვანია და პირიქით, იგი შეიძლება გახდეს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველი.

„მაგალითად, ერთ-ერთი ნორმის თანახმად, „საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიოჩანაწერის მომზადებისას აუცილებელია შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.“

პირველ რიგში სამაუწყებლო მედიისთვის და განსაკუთრებით საგამოძიებო მედიისთვის, ვიდეო-აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლების შეზღუდვა ნიშნავს, რომ მას ფუნქცია წაართვა.

ასევე, ამგვარი შეზღუდვის მიზნებისთვის საჯარო და კერძო დაწესებულებების ერთმანეთთან გაიგივება და მათ მიმართ დაცვის ერთი და იგივე სტანდარტის მისადაგება დაუშვებელია, რადგან საჯარო დაწესებულება გადასახადის გადამხდელთა სახსრებით არსებობს და მათ უნდა შეეძლოთ ვინმეს ნებართვის გარეშე მიიღონ, მათ შორის, აუდიოვიზუალური ინფორმაცია საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ.

მესამეც, როდესაც საქმე ეხება გამონაკლისს, კითხვებს წარმოშობს „საზოგადოებრივი ინტერესის“ ცნების შინაარსი. როდესაც მაუწყებელი ამა თუ იმ მოვლენას აშუქებს, იგი ცხადია „საზოგადოებრივი ინტერესით“ ხელმძღვანელობს. სხვა შემთხვევაში მისი პროგრამები საზოგადოებისთვის უბრალოდ უინტერესო იქნება. რაში მდგომარეობს საზოგადოებრივი ინტერესი, ეს, საინფორმაციო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის სფეროში მიღებული გადაწყვეტილების საგანი უნდა იყოს.

როდესაც ამგვარი ცნება კანონის ნორმის ნაწილი ხდება, მაშინ ამ საკითხის გადაწყვეტის ფუნქცია მაუწყებლის გარეთ – კომუნიკაციების კომისიაზე გადადის, რაც სარედაქციო პოლიტიკაში კიდევ ერთი გაუმართლებელი ჩარევის საფუძველს წარმოშობს.

ბუნებრივია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს საკითხი კერძო სამართლის ფარგლებში, პირის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით უნდა გადაწყდეს და არა მაუწყებლის საქმიანობაში ადმინისტრაციული ჩარევის გზით,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებაში.

ამ თემაზე:

„ოცნება“ ამჯერად მედიის წინააღმდეგ აანონსებს ახალ რეპრესიულ კანონს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: