მთავარი,სიახლეები

ძველ ბათუმში კიდევ ერთი ისტორიული შენობა განადგურდა – მთავრობის გულგრილობა და არა სტიქია

25.02.2025
ძველ ბათუმში კიდევ ერთი ისტორიული შენობა განადგურდა – მთავრობის გულგრილობა და არა სტიქია

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ორსართულიანი ისტორიული სახლი ჩამოინგრა. დიდი ალბათობით მიზეზად მთავრობა სტიქიას დაასახელებს, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ეს სახლი მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირების გულგრილობის მსხვერპლია.

ე.წ. დამწვარი სახლის გადარჩენაზე აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიაში ბევრი ილაპარაკეს, გადარჩენის ოპერაციის დაგეგმვას 10-ზე მეტი წელი მოანდომეს, მცდელობებიც ჰქონდათ თითქოს, თუმცა უშედეგოდ, სახლი ჩამოინგრა. არსებული პრაქტიკით, ეს საქმეს გაამარტივებს. ადგილს კორპუსის მშენებლობის მსურველი იყიდის და მშენებლობის ნებართვასაც მარტივად მიიღებს. რატომაც არა, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ისე ამთავრებს უფლებამოსილების ვადას, რომ დაპირებული გენერალური გეგმა ჯერ „ვერ დადო“. 

შენობა წლებია უსახურავოდაა დარჩენილი და ბათუმის არცერთმა მერმა მის გადასარჩენად არაფერი გააკეთა. მის გადასარჩენად არაფერი გაუკეთებია არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, რომლის მოვალეობაც სწორედ ძეგლის მოვლა-პატრონობა და საჭიროების შემთხვევაში მისი გადარჩენაა.

ბოლო რამდენიმე წელია სააგენტო იმით იწონებს თავს, რომ რამდენიმე შენობის რესტავრაციისთვის ტენდერი გამოაცხადა და შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის შემდეგ რესტავრაცია დაიწყო. საზოგადოებას ამ სახლის გადარჩენას ჰპირდებოდნენ: ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე, მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარიძეც. მათ წინამორბედებზე უკვე აღარაფერს ვიტყვი.

ე.წ. დამწვარი სახლი მერიამ არც კი შეფუთა, რომ მთელი იმ წლების განმავლობაში, როცა ის ხანძრის გამო უსახურავოდ იყო, წვიმა არ ჩასულიყო. მცდელობები კი, რომლებიც თითქოს ამ სახლის გადარჩენას ემსახურებოდა, უშედეგოდ დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო.

  • რა ვერ გააკეთეს

ძველ ბათუმში ისტორიული სახლების მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული ფართობების შეთავაზებისა და ამ სახლების კომერციულ ობიექტებად ქცევის პროექტი ბათუმის ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ შესთავაზა საკრებულოს. ამის შემდეგ იმავე პროექტის ფარგლებში ზვიად გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირველ წარმატებულ მაგალითად დაასახელა, როცა ბათუმის მერიამ მოახერხა მესაკუთრეებთან შეთანხმება მათ საკუთრებაში არსებული ბინების ალტერნატიულ ბინებში გაცვლაზე.

2018 წელს საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია წერდა, რომ სახლს პირობიანი აუქციონის წესით გაასხვისებდა, ერთ-ერთი პირობა კი შენობის პირვანდელი იერ-სახის აღდგენა და მასში საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობა იქნებოდა.

ფოტო: ნაიკო ქადიძე

ამის შემდეგ იყო საუბარი, რომ სახლის შესყიდვით კონკრეტული ინვესტორი იყო დაინტერესებული, თუმცა ეს ამბავი და პროექტიც დროში გაიყინა. 2020 წელს ლაშა კომახიძე გადადგა და მოვალეობის შემსრულებელი მოქმედი მერი, არჩილ ჩიქოვანი გახდა. შემდეგ ის მერად აირჩიეს.

2023 წელს ბათუმის მერიას ე.წ. დამწვარი სახლი ისევ გაახსენდა. მერიიდან საკრებულოში გადააგზავნეს დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც მერია გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიული სახლის მონაცემებს აზუსტებდა სახლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შესატანად.

განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში მერია არ აზუსტებდა, გამოჩნდა თუ არა დაინტერესებული ინვესტორი. ამ შემთხვევაში მერიისთვის გაგზავნილ დოკუმენტებში მხოლოდ ერთი პირობის შესახებ ამოვიკითხეთ – მყიდველს საფასური 30 დღის ვადაში უნდა დაეფარა.

ბათუმში, გამსახურდიას #11 – „დამწვარი სახლი“

საბოლოოდ მერიამ შენობა აუქციონზე ვერ გაიტანა. არაოფიციალური ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე კომერციული ობიექტების მესაკუთრეებისგან მერიამ სრული თანხმობა ვერ მიიღო.

ახლა 2025 წელია და ამდენი მცდელობის შედეგი ის არის, რომ ისტორიულ ზონაში ისტორიული სახლი მთავრობის ვერსიით ალბათ სტიქიამ, სინამდვილეში კი გულგრილობამ გაანადგურა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: