ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელი დანით დააზიანეს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მოშლა, მაგრამ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის. და სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?!
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
„2020 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ზ–ში, ………ს ქუჩა №…-ში მდებარე ყოფილი ……… ტერიტორიაზე, რ. გ–ა [რომელიც მანამდე ნასამართლევი იყო განზრახ მძიმე
დანაშაულისათვის], არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ………..მთავარი სამმართველოს, სახაზო საპატრულო სამმართველოს, სახაზო საპატრულო სამსახურის (ქ. ………) ათეულის მეთაურ ლ. შ–ს და დანის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამ საქმეზე [№130აპ.-22] პროკურატურამ რ.გ.-ს ბრალი „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით წარუდგინა [სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი], რაც გაიზიარა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, თუმცა ზემდგომმა სასამართლოებმა – ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ რ.გ. პოლიციელს თავს არ დასხმია.
სააპელაციო სასამართლომ რ.გ.-ს ქმედება გადააკვალიფიცირა პოლიციელზე წინააღმდეგობის მუხლით [სსკ-ის 353-ე], რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულია.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მითითებულ საქმეზე განავითარა შემდეგი მსჯელობა:
„რ. გ–ას ქმედებაში არ არის გამოკვეთილი ბრალად წარდგენილი დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშანი – პოლიციის თანამშრომლის – ლ. შ–ს ჯანმრთელობის ხელყოფის განზრახვა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულმა რ. გ–ამ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომელ – ლ. შ–ს, რომელიც ცდილობდა, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, რასაც მოჰყვა მისი სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს ამ მსჯელობით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულმა პოლიციელს მიაყენა სხეულის დაზიანება ცივი იარაღით, იგი არ მოქმედებდა მისი ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით, არამედ წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელს. სასამართლოს განმარტებით სსკ 353 1 -ე მუხლით [პოლიციელზე თავდასხმა] კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დამნაშავის ქმედება მიმართული იყოს პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებისაკენ და იგი მოქმედებდეს ამ განზრახვით.
მზია ამაღლობელის განზრახვის ყოველგვარი ანალიზის გარეშეც კი ცხადია, რომ სილის გაწვნა ვერ აყენებს საფრთხის ქვეშ ვერავის ჯანმრთელობას. გამოძიების მიერ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბათუმის პოლიციის უფროსს, დაზარალებულად შერაცხილ ირაკლი დგებუაძეს, არ მიუღია არანაირი დაზიანება.
- რა ხდება?
ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
უზენაესი სასამართლოს ეს და სხვა გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.
ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.
მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ რჩება.
ამ თემაზე:
ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა






