მთავარი,სიახლეები

„ბრძოლა გამარჯვებამდე, არ დანებდეთ“ – ბათუმელი მედროშის წერილი იზოლატორიდან

25.02.2025
„ბრძოლა გამარჯვებამდე, არ დანებდეთ“ – ბათუმელი მედროშის წერილი იზოლატორიდან

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], უკვე 40 დღეა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მეორედ კი – იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. თემურ ქათამაძე უკანონო პატიმრობის გარდა აპროტესტებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლება უარს ეუბნება ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

თემურ ქათამაძეს არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და სრულფასოვნად ფლობს ქართულ ენას. მას ასევე ცაბარებული აქვს საქართველოს ისტორიის გამოცდა.

თემურ ქათამაძემ დღეს, 25 თებერვალს, კიდევ ერთი წერილი გაავრცელა იზოლატორიდან, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

„მივესალმები სულით, გულით და დიდი სიყვარულით იმ თანამებრძოლებს, რომლებიც 3 თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში სამშობლოს სადარაჯოზე დგას.

ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ ყველა თქვენგანით.

30 წლის წინ, პირველად საქართველოში ჩამოვედი, ვისწავლე ისტორია და გავიცანი ეროვნული გმირები. მანამდე მე ვიცნობდი გმირად მხოლოდ „ჩვენებურების“ ბელადს – ახმედ მელაშვილს, რომელმაც თავი გაწირა სამშობლოსთვის.

თუმცა შემდეგ გავიგე, რომ ქართველ ერს უამრავი გმირი ჰყოლია: 9 ძმა ხერხეულიძე, მარო მაყაშვილი, მიხა ხელაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მემედ აბაშიძე, გიორგი მაზნიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგი მესხი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, 9 აპრილის, აფხაზეთის ომის გმირები, შინდისის გმირები და სხვები.

ჩემს თანამებრძოლებში, ესე იგი ყველა თქვენგანში, მე ვხედავ ეროვნული გმირების გულწრფელ, პატრიოტულ სულისკვეთებას.

ამ ფაქტიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თქვენ ხართ დიადი ქართველი ერის თავისუფალი, ცივილიზებული, დემოკრატიული, პატრიოტი, ნათელი და მებრძოლი სახე.

3 თვის ბრწყინვალე ბრძოლით, თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს ქართველი ერის მებრძოლი სახე.

ყველა თქვენგანს გულით, სულით და დიდი პატივით გაფასებთ. ყველანი უზომოდ მიყვარხართ. ყველას გეხუტუნებით – უფროსებს ხელებზე, უმცროსებს თვალებზე კოცნით.

ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხებისთვის, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი ფორმა. სამშობლოს გადარჩენისთვის, მიმდინარე პროცესში ჩემი ბრძოლით, პირადი წვლილი მინდა შევიტანო. ამჟამად ჩემი ბრძოლის ფორმა შიმშილობაა.

გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემს პატრიოტულ, გულწრფელ გადაწყვეტილებას.

ჩვენი საერთო მუხტის და გამძლეობის შენარჩუნებისთვის, ბრძოლის გაგრძელებაა საჭირო. სინდისის პატიმრების აქ, ციხეში, თქვენი კი რუსთაველის გამზირზე. ასევე სხვა ქალაქებშიც ბრძოლის გაგრძელება ჩვენი გამარჯვებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

ჩვენი სამშობლოს, საქართველოს გადარჩენის ეს წმინდა ბრძოლა, ერთად უფრო ძლიერია.

მინდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ ვართ საქართველო, უფალი ჩვენთან არის, მე მჯერა გამარჯვების.

„ჩვენ გადავცურავთ ზღვას“ და აუცილებლად „გავიმარჯვებთ სახელოვნად“.

სოლიდარობა სამშობლოს ყველა თანამებრძოლს და სინდისის ყველა პატიმარს.

ცეცხლი ოლიგარქიას და ჯოჯოხეთი ივანიშვილს!

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე: „არასდროს, არასდროს არ დანებდე!“

„ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე, არ დანებდეთ“.

მე აქ ძალიან კარგად და მხნედ ვარ. მინდა, რომ თქვენც ჩემსავით იყოთ. ძალა ერთობაშია!“- წერს თემურ ქათამაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: