ტურნირში სულ 34 ქალი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გავიდა ეთერი ჩავლეიშვილი, მეორეზე – ნონა მალაყმაძე, მესამეზე – უსტინა პირიმიანი და მეოთხეზე – ნინო ტოროტაძე.
გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი პრიზები – სილამაზის სალონისა და პარფიუმერული მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები. ტურნირის მთავარი მსაჯის შალვა ტაბაღუას თქმით, ტურნირი ყოველწლიურია და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ 23 წელს გადაცილებულ ბათუმელ და ქალაქის სტუმარ ქალს.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის, შაქრო დუმბაძის განმარტებით, მართალია ისინი ჩამორთმეული მიწებით სარგებლობენ, თუმცა საკუთრებაში არ აქვთ დარეგისტრირებული.
გონიოელი ვაჟა მანველიძის თქმით, ისინი ელოდებიან მთავრობის მხარდაჭერას, თუმცა, ჯერჯერობით, მთავრობას ამის მცდელობა არ ჰქონია. აქციაზე მყოფი ვაჟა მამულაძე ამბობს, რომ მთავრობის ასეთი უყურადღებობის შემთხვევაში ისინი უფრო დიდ აქციას ჩაატარებენ.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ ბაკურიძე ამბობს, სამომავლოდ აქციებს ბათუმში, მთავრობის სახლთან და ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს შენობასთან ჩაატარებენ. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მთავრობამ გონიოში მცხოვრებ ასეულობით ოჯახს მიწები დაუკანონა. არჩევნების შემდეგ, ეტაპობრივად, დაკანონებული მიწების უმრავლესობა მოსახლეობას ჩამოართვეს.
ახლა კი ცარიელ წიგნაკში მხოლოდ ერთადერთი ჩანაწერია, სულ ნახევარი გვერდი: „გუკა, არ ვიცი რა მოგწერო, მგონია სიტყვები – თავს გაუფრთხილდი – ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ხარ ჩვეულებრივ ომში, როგორც არ უნდა გაუფრთხილდე, მაინც არ გამოგივა, ყოველი გამოშვების შემდეგ გირეკავ და გეუბნები „თავს გაუფრთხილდი”; ყოველი გამოშვების წინ კი გიკავშირდები და ისევ გეუბნები – „მასალა როდის გექნება? მოგვესწრება თუ არა? არ ვიცი რას ვითხოვ მე ან სხვები, ნეტა, რომელი უფრო გვინდა – თავს გაუფრთხილდე, თუ ცეცხლმოკიდებული მაიდნიდან შენ და გიორგის გქონდეთ პირველი კადრები იმაზე, თუ როგორ გაჰყავთ ცხედრები? საკუთარ თავს ვეკითხები – ნეტა ვინ ვარ ახლა? ჩვეულებრივი, ძარღვებში სისხლგაყინული „ტექნიკოსი”? იწყება ყველაზე მძიმე – კონფლიქტი საკუთარ თავთან, ასე ხდება ხოლმე, როცა კითხვაზე ვინ ხარ – პასუხი არ გაქვს, ან გაქვს და არ გაკმაყოფილებს.”
დღიურში ჩანაწერი აქ სრულდება. ამ ჩანაწერის წინაპირობა “გაზეთ ბათუმელების” მკითხველს მინდა გავუზიარო: 20 თებერვალია, საქართველოში იმ დღის მთავარი ამბავი უკრაინის მოვლენებია. მაიდანს ჩვენც პირდაპირ ეთერში გადმოვცემთ. გაჰყავთ დასისხლიანებული დაჭრილები, ადამიანი პირდაპირ ეთერში დაჭრეს. მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, სნაიპერები შენობის სახურავებიდან ისვრიან… “იმედის” ნიუსრუმში კი გაუთავებლად და შემაწუხებლად რეკავს ტელეფონი…
გამოშვება იწყება, რამდენიმე წუთია დარჩენილი. უცხოეთის ბლოკის რეპორტიორი ია თუ ნათია კითხულობს: “კაცი არის ოჯახში?” ყველამ იცის რისთვის ეძებს, მაგრამ ვიღაც აბეზარი მაინც ეკითხება „გააჩნია რისთვის გინდა?” (მგონი, ეს აბეზარი მიშა ფეიქრიშვილია. ბიჭი იმიტომ სჭირდებოდათ, უკრაინული და რუსული ინტერვიუები გაახმოვანონ.) მძიმე დღის მიუხედავად, ორჯერ გამიხარდა – მასალა მოესწრო და კარგი რაკურსით გადაღებული კადრები გვქონდა. გუკა (გურამ როგავა) უკრაინის მოვლენების შესახებ ყვება, ამჯერად საკმაოდ მშვიდად. მის სახეზე აზარტი და ჟინის ჩრდილები დავინახე, მის უკან კი ცხედრებია, არა ერთი და ორი – არამედ ათეულობით.
გაცნობიერება რომ დავიწყე, სირცხვილი და შიში ვიგრძენი. სირცხვილი რამდენიმე წუთის წინ განცდილი კმაყოფილების გამო. შიშიც პრინციპში ბიჭების უსაფრთხოების და დიდწილად საკუთარი თავის გამო… (დედაჩემი ფიქრობს, რომ უშიშარი ვარ. სინამდვილეში ეს ასე არ არის, უბრალოდ, ბავშვობიდან შიშის დაძლევას ვახერხებდი. ერთ-ერთი პირველი სწორედ სიკვდილის დაძლევის შიში იყო, ეს მაშინ გამოვცადე, როცა გავაცნობიერე, როგორ მინდოდა სიცოცხლე და რისთვის.)
იმ კადრების ეთერში გასვლის შემდეგ, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდი, ჩვენმა შემადგენლობამ სამუშაო დღე დაასრულა… გუკა, გიორგი, უკრაინა და ეროვნული ამბებიც დილის ჯგუფმა გადაიბარა…
სოციალური ქსელისთვის მოვიცალე. ეს ის შემთხვევა იყო, ქართველ ჟურნალისტებს აქებდნენ, საზოგადოება, რომელიც ხშირად აკრიტიკებს მედიას გრამატიკის წესებისა თუ სხვა ბევრი რამის არცოდნისა თუ მანერულობის გამო, ვარდისფერ გულებს უგზავნიდნენ და ამხნევებდნენ. ფრაზა „თავს გაუფრთხილდი” იქაც სჭარბობდა. დღიურის წერა დავიწყე. რაც დღიურში დავწერე, პრინციპში, გუკასაც ის მივწერე.
მეორე დღეს გურამმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა – ის წუხდა: “დაღუპულთა შესახებ მუდმივად მზარდ მონაცემებს ისე ვასახელებთ, თითქოს ვალუტის კურსის ცვლილებაზე ვლაპარაკობთ. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი სტატისტიკაა. იმ მომენტში, ტრაგედიის გაანალიზების დრო არ გაქვს, როგორც ჟურნალისტს, ჯერ ფაქტები გაინტერესებს…
მეორე დღეს ჯანმრთელი და უვნებელი რომ იღვიძებ და სარკეში შენს გამურულ სახეს ხედავ, მხოლოდ მაშინ იწყებ ფიქრს კონკრეტული ადამიანების ტრაგედიაზე. გიჩნდება კითხვა, ნეტა რაზე ოცნებობდნენ? რა იყო სიკვდილის წინ ნათქვამი ბოლო ფრაზა?
“უკრაინას გაუმარჯოს!”, – დარწმუნებული ვარ, ამას დაიყვირებდნენ.
ნეტა ვინმემ თუ უპასუხა “დიდება გმირებს?!”
გუკა 20 თებერვლის დღეს და მის რეპორტაჟს გულისხმობდა. მეც ჩემს ჩანაწერზე პასუხი მივიღე. გურამზე ხომ ვწერდი: “მის სახეზე აზარტი და ჟინის ჩრდილები დავინახე, მის უკან კი ცხედრებია”.
სხვათა შორის, მაიდანზე გარდაცვლილთა შორის ჟურნალისტებიც იყვნენ. ალბათ, ბევრი არ ფიქრობს, რომ ისინი სულელური მიზნებისთვის დაიღუპნენ.
საქართველოს პარლამენტში იმ დღეს ბორჯომის ბოთლები ესროლეს ერთმანეთს… მიზეზი ალბათ რიგითი სისულელე იყო, ყოველ შემთხვევაში იმ დღეს ასე მომეჩვენა.
ჩემი დღიური ისევ 507-ე დღეზე შეჩერდა…
ნეტა რა მოხდება ყირიმში? ბიჭები “ქრონიკისთვის” ახლა იქედან მუშაობენ. ვინ იცის, იქ ჩვენს კოლეგებს 10 წუთის განმავლობაში რამდენჯერ მოუწევთ არჩევანის გაკეთება და არავინ იცის, ეს არჩევანი რამდენჯერ გამოიწვევს მორალურ კრიზისს.
სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ღურტაში იმყოფებოდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი და მთავრობის სხვა წევრები. მათ მოსახლეობამ იმ ადგილზე მისვლის უფლება არ მისცა, სადაც კაშხლების მშენებლობაა დაგეგმილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ამ წუთებში სოფელში 400-ზე მეტი ადამინია შეკრებილი.
ადგილობრივები სოფლიდან გასახლებასა და კომპენსაციას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შუახევი ჰესისთვის კაშხლებისა და გვირაბების მშენებლობის უფლებას არ მისცემენ.
ღურტელებთან ერთად კომპანიას მუშაობის შესაძლებლობას არც სოფელ წაბლანაში აძლევენ.
„აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარის მთაში აშენებს ჰესებს, რომლის საერთო ღირებულებაც 600 მილიონი დოლარია.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვლევა, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურმა ჩაატარა.
გასული წლის 8 მარტს 157 ბავშვი დაიბადა, მათგან 80 გოგონა და 77 ვაჟი. 8 მარტს ყველაზე მეტი ბავშვი 1960 წელს დაიბადა. ამ წელს ქალთა საერთაშორისო დღეს დაბადებული 281 ადამიანია დარეგისტრირებული.
რაც შეეხება რეგიონებს, 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა იმერეთში (2173), ქვემო ქართლსა (2041) და კახეთში (1488) ცხოვრობს, ხოლო თბილისში8 მარტს დაბადებული 4349 მოქალაქეა რეგისტრირებული.
8 მარტს დაბადებულებს შორის ყველაზე გავრცელებული სახელები: გოგონების – ნინო (447), თამარი (369), მარიამი (330), მარინე (232) და მაია (232); ვაჟების: გიორგი (487), დავითი (285), ლევანი (123), ზურაბი (120) და ლექსანდრე (113).
„ჩვენთან ქალბატონები უფრო მეტნი არიან ვიდრე მამაკაცები. მათ საპატივცემულოდ გადავწყვიტეთ დღეს აგვეღნიშნა ეროვნული არქივის 90 წლის იუბილე,“- განმარტა ცენტრალური არქივის სამსახურის უფროსმა ელგუჯა გოგიბერიძემ.
იუბილესთნ დაკავშირებით წარმოდგენილი იყო ფოტო-კოლაჟი რომელიც 90 წლის მანძილზე ეროვნული არქივში დაგროვდა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და სხვადასხვა უწყებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდენ.
როგორც პროექტის ავტორები ამბობენ მათი მიზანია აჭარის რეგიონში 16-24 წლამდე ახალგაზრდების გააქტიურება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა.
„ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ დელეგატები აჭარის მაღალმთიანეთში გასვლებს გეგმავენ.
„მოხდება რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრა, მათი პრობლემების შესწავლა და შემდეგ ამ პრობლემებზე რეკომენდაციებისა თუ კანონპროექტების შემუშავება, რომელიც წარედგინება აჭარის უმაღლეს საბჭოს,“ – ნათქვამია „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ორგანიზაცია როგორც ააიპ 2014 წლის 2 თებერვალს დაარსდა. მისი დამფუძნებლები ბსუ-ს სტუდენტები გიგა ფარტენაძე და ირაკლი მურვანიძე არიან. ორგანიზაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 7 ათასი ლარით აფინანსებს.
ხვალ ფინალური შეხვედრა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე საჭადრაკო კლუბში გაიმართება.
„გასულ წელთან შედარებით, წელს ნაკლები ქალბატონი მობრძანდა სათამაშოდ. ნარდის ტურნირს რამდენიმე წელია ვატარებთ,“ – განაცხადა ნარდის ტურნირის მთავარმა მსაჯმა და ნარდის ტურნირის პროექტის ავტორმა შალვა ტაბაღუამ.
ნარდის ტურნირს ბათუმის მერია აფინანსებს. პირველ ოთხ ადგილზე გასულ გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სარეკლამო ბუკლეტების დამზადება, ტურისტული მარშუტების დაგეგმვა, რუკების, გზამკვლევების, ბანერებისა თუ საინფორმაციო ფლაერების დამზადება, სარეკლამო რგოლებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღება, ტურისტული ვებ-გვერდის შექმნა.
პროექტის გრძელვადიანი ფორმატიდან გამომდინარე მისი ეტაპობრივი განხორციელებაა დაგეგმილი.
პირველი ეტაპი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქრისტიანული სალოცავების შესახებ სამენოვანი ბუკლეტის დამზადებასა და მოკლემტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებას ითვალისწინებს. პირველი ეტაპის ბიუჯეტი 3 000 ლარია. ამ თანხით ბუკლეტი დაიბეჭდება. ხოლო საჭირო მასალების მოძიება-დამუშავებას, ფოტო-ვიდეო გადაღებას ტურიზმის განყოფილების ბაზაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს. ასევე პროექტში საზოგადოების ჩართულობის მიზნით შეიქმნება მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც სამუშაო ჯგუფთან ერთად იმუშავებს მასალების მოძიებაზე. მინი პროექტის დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება.
,,აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა“ ასე ჰქვია პროგრამას რომლის ფარგლებში უცხოელ და ადგილობრივ კინომწარმოებლებს დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ. პირობის მიხედვით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი აჭარის რეგიონში უნდა იყოს გადაღებული. ერთ კინომწარმოებელზე არაუმეტეს 40 000 ლარი გაიცემა.
პროექტში განცხადებების მიღება დღეს ხუთ საათზე წყდება.
„ჩვენი სლოგანია „უფლებებია ჩემი ყვავილები“, რაც ჩვენთვის ნიშნავს იმას რომ ქალთა დღეები და სიმბოლური თარიღები რაც გვაქვს იგივე დედის დღე, ქალთა საერთაშორისო დღე, არ არის მხოლოდ ყვავილებისა და სიმბოლური საჩუქრების დღე. ეს არის დღე როცა უნდა აღვნიშნოთ ქალთა წვლილი, დავიცვათ ქალთა უფლებები და ვისაუბროთ ქალთა პრობლემებზე,“ – განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეკა სხილაძემ.
შეხვედრას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული ქალთა კლუბის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტისა და USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ორგანიზებით მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს რვა ქალაქში გაიმართა.
აჭარის ტელე-რადიომაუწყებელი გადავაქციეთ საზოგადოებრივ მაუწყებლად. ამ კანონპროექტის მომზადებაში თავად მივიღე მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ტელევიზიის ცნება გავაქრეთ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ბორდსა და ჟურნალისტებზე. მაქსიმალურად შევეცადეთ, ზარალი არავის მიდგომოდა, გათავისუფლება ან ფინანსური პრობლემები არ დაწყებულიყო…
ბიუროში მოქალაქემ მომმართა, რომელიც 36 წლის განმავლობაში მატარებლის მემანქანედ მუშაობდა. 2013 წლის ოქტომბერში ის გათავისუფლდა, ახლა ითხოვს სამსახურში აღდგენას. სტაჟი და გამოცდილება აქვს. მისი სპეციალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მემანქანეები ბევრი არ გვყავს. მისი დასაქმება ჩემი ღირსების საკითხია, ვიწყებ ფიქრს მის აღდგენაზე. რანაირად ვიწყებ? ზეწოლით ან დარეკვით კი არა, დოკუმენტარულად. მოვთხოვე, რომ სამტრედიაში გაიაროს საკვალიფიკაციო ტესტირება. თუ მივახვედრეთ სარკინიგზო დეპოს ხელმძღვანელობას, რომ ამ კაცის აღდგენა შეიძლება, მაშინ ჩავთვლი, რომ ეს ყველაზე დიდი საქმეა, რაც გამომივიდა.
სისხლის სამართლის კოდექსში შევიტანეთ ცვლილება, ეს ძალიან ხანგრძლივი დებატების შედეგი იყო. შეკრებითობის პრინციპი გავაუქმეთ. სააკაშვილის მთავრობის დროს დანაშაულები იკრიბებოდა და ჯამურად ვიღებდით 30-28-წლიან სასჯელს. ის, რომ ვანო მერაბიშვილი გამოდის ტელევიზიით, ხელს გვიქნევს და ცოლს სიყვარულს უხსნის, პარლამენტის დამსახურებაა. ჩვენ დავაკანონეთ პროცესის საჯაროობა.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე აღარ იყიდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია.
პრიორიტეტად გამოცხადდა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება. ეს არის სწორი მიმართულება. საქართველოში დღეს სოციალურ დახმარებას 411 000 ადამიანი იღებს.
ესხომთავისთავადდიდიპრობლემისმაჩვენებელია?
რა თქმა უნდა პრობლემაა, პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირების რაოდენობა არის საქართველოში 180 000, თითქმის მილიონამდე ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას ან ამ დახმარებასთან მიახლოებულ ანაზღაურებას, ეს უზარმაზარი დარტყმაა საქართველოს ბიუჯეტზე. პირველი ჯგუფის შშმ პირი იღებდა 100 ლარს, ახლა 150 ლარს იღებს. ასევე გავზარდეთ სოციალური დახმარება. ყველაზე დიდი სოციალური დახმარება მაინც ის არის, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამებზე გადავედით. ონკოლოგიური ოპერაციები ფინანსდება. 18 წლამდე მოქალაქეს ონკოლოგიური დაავადება თუ აქვს, მისი მომსახურება უფასოა.
ხარისხი სხვა საკითხია. ამერიკაში ვიყავი შვილთან, ძაღლი ჰყავს სახლში. რაღაც ვერ იყო გუნებაზე და საავადმყოფოში მივიყვანეთ. იქ ძაღლის მომსახურება ვნახე. მირჩევნია აქ ვიყო ძაღლი და ასე მომემსახურონ. ხარისხზე ნუ ვილაპარაკებთ. მე გიყვებით ტენდენციასა და მიმართულებაზე. მივდივართ იქით, რომ მდიდარია, ღარიბი თუ საშუალო ფენის მოქალაქე, სახელმწიფომ იკისრა მისი უფასო სამედიცინო მომსახურება. ახალი სიცოცხლის მოვლენა გახდა უფასო.
ჩემი უფლებამოსილების ოთხწლიან ვადაში ეკომიგრანტების შესახებ კანონს აუცილებლად დავწერ. არ არსებობს ეკომიგრანტის ცნება ქვეყანაში, ეს არის ჩვენი მოგონილი. მე მაქვს „ბორჯღალთან“ ურთიერთობა. საჭიროა მონაცემთა ბაზის შექმნა, რადგან აჭარის რეგიონიდან ბოლო 25-30 წლის განმავლობაში საქართველოს 55 რაიონში დაახლოებით 50 ათასი ადამიანი არის მიგრირებული. გაუსაძლისია მათთვის უსტატუსოდ ცხოვრება. ამ ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნა ურთულესია.
ამას არ ვამბობ. სახელმწიფოს აქვს აღრიცხვა -მონაცემებს აზუსტებენ. არის ისეთი პარამეტრები, რომლებიც დამატებით შესწავლას მოითხოვს. ოჯახი, რომელიც ეკომიგრანტი გახდა 50-იან წლებში და შემდეგ მეორე ოჯახი შექმნა მისმა შვილმა, ისიც ეკომიგრატია თუ არა? – ეს ჩვენ არ ვიცით. დღევანდელი მონაცემებით ისიც ეკომიგრანტია. კანონმდებელმა ზუსტად უნდა განსაზღვროს, ვინ არის ეკომიგრანტი.
ხუთბალიანი სისტემით რომ განვსაზღვროთ, მე ვერ ვიტყვი, რომ აჭარის მთავრობის მუშაობა ხუთიანზე უნდა შევაფასოთ. არც უმადური ვარ, რომ ვთქვა ორიანი ეკუთვნით-მეთქი. ალბათ მაინც საშუალოზე შევაფასებ.
საქართველოს მოქალაქეები ქირაობენ საქართველოს მთავრობას, ქირაობენ კანონმდებლებს… თუ ჩვენ ევროკავშირის ქვეყანა ვხდებით, იქ ხელფასები ძალიან მაღალია. საქართველოს ხელისუფლების ხელფასი არ არის ტოლი ევროკავშირის სახელმწიფო ხელფასისა. თუმცა ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე. მე ჩემს თავზე და საქართველოს პარლამენტზე შემიძლია ვაგო პასუხი, სადაც მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია მიჭირავს და ჩემს სიტყვასა და ხელის აწევას წონა აქვს. ჩვენ საქართველოს პარლამენტში საპრემიო სისტემა გავაუქმეთ. გავაუქმეთ საახალწლო დანამატიც. ეს დავით უსუფაშვილის დამსახურებაა.
კახა კალაძე არის ძალიან ეფექტური პრემიერი. განცხადება, რომელიც კახი კალაძემ გააკეთა, უადგილო არ იყო. როცა მე თითქოს გავაკრიტიკე ის, მე არ მითქვამს, რომ არასწორად მიუდგა საქმეს, მის მოსაზრებას სრულიად ვეთანხმები. უბრალოდ ვამბობ, რომ არ იყო საჭირო მისი გასაჯაროვება, რადგან მთავრობაში ამაზე საუბარი თითქმის დაწყებული იყო.
ზოგი ჭირი მარგებელია. საქართველოს მთავრობამ მიიღო რეგულაციის კანონი. სამთავრობო დადგენილებით ზედა ზღვარი დადგენილია, თუ რა ტიპის მანქანა ეკუთვნის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. თუ ვიცე-სპიკერს ეკუთვნის X ლარის მანქანა, ის ვეღარ იყიდის Y ლარის მანქანას. ეს რეგულაცია აუცილებელი იყო. კალაძემ საკითხი სწორად დასვა. საქმე იმაშია, იყო თუ არა საკითხის საჯაროდ დასმის აუცილებლობა.
მურმანდუმბაძეოპოზიციაშიგადადის, შესაძლოაისნინობურჯანაძისპარტიაშივიხილოთო ამბობენ. ეს სიმართლეა?
ასე არ არის. არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ მურმან დუმბაძე იხილოთ ოპოზიციაში. მე ვემსახურები საქართველოს. მინდა გითხრათ, რომ აჭარაში ოპოზიციას სერიოზული პრობლემები აქვს, ოპონენტი აღარ ჩანს. მე არასოდეს ოპოზიციური ფლანგიდან კვერცხი არ მისროლია ლევან ვარშალომიძის ფანჯარაზე. ოპოზიონერობა უნდა იყოს კრიტიკა და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება. თუ ხალხი იმ თვალსაზრისით საუბრობს, რომ ოპოზიციას უჭირს და მურმან დუმბაძე კარგი ოპოზიციონერი იქნება, ამაში გეთანხმებით.
ბოლო პერიოდში „ატკატების“ თემა გააქტიურდა. ითქვა, რომ უკვე დამტკიცებული დაბალსართულიანი პროექტები იცვლება უფრო მაღლივი პროექტებით. ამბობენ, რომ ამ ნებართვების გაცემას თქვენი გუნდის წევრები ლობირებენ, სანაცვლოდ კი ზოგს ბინას ჩუქნიან, ზოგს – ფულს…
ეს არის სერიოზული კრიმინალი, სცილდება ჟურნალისტის შეკითხვას და პარლამენტარის პასუხს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. თქვენ უნდა დაასახელოთ ის ვიღაც, ვინც ამბობს, მისი სახელი და გვარი. სისხლის სამართლის დანაშაული ის კი არ არის, რომ აქეთა მხარე ამას სჩადის და კადრულობს, სისხლის სამართლის დანაშაულია ადამიანს დააბრალო ის, რაც არ ჩაუდენია. ჩვენ მივალთ სასამართლოში, ეს სერიოზული ბრალდებააა. მურმან დუმბაძეს ბრალდება ის, რომ ბათუმში ატკატების სისტემა ჩამოყალიბდა და თქვენ გვარი უნდა დაასახელოთ, მე მას პასუხს გავცემ და მივალ სასამართლოში.
კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ექვსი პარტიაა გაერთიანებული. ამ ექვსი პარტიიდან ვის უფრო წარმომადგენლობითი კანდიდატები ეყოლება ერთიან საარჩევნო სიაში, ვინ მეტ კანდიდატს დაასახელებს მაჟორიტარულ ოლქებში ან მეტ წევრს შეიყვანს საკრებულოში, ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე, მერი ან გამგებელი _ ეს ის საკითხებია, რომლებზეც კოალიცია “ქართული ოცნების” პარტიები ჯერჯერობით დამოუკიდებლად, შიდა პარტიულ ორგანიზაციებში მსჯელობენ. ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი ჯერჯერობით ღია დაპირისპირების საბაბი არ გამხდარა.
“საერთო ფორმულა ჯერ შემუშავებული არ არის”, _ ამბობენ კოალიციაში შემავალი პარტიების რეგიონული ლიდერები აჭარაში. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტსაბჭო ჯერ არ შეთანხმებულა საერთო პრინციპზე, რომლის თანახმადაც გადანაწილდება ადგილები მაჟორიტარულ ოლქებსა და კოალიციის ერთიან საარჩევნო სიაში.
ვიდრე პოლიტსაბჭო თბილისში გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბება, პარტიები რეგიონებში დამოუკიდებლად მუშაობენ. `მუშაობა მიმდინარეობს არამარტო ქალაქში, არამედ მუნიციპალიტეტებსა და თემებშიც კი. შევარცხვინე ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ახლა ამაზე არ ფიქრობს. ადამიანთა ჯგუფს, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს, ბუნებრივია აქვს სურვილი წარმომადგენლობით ორგანოში რაც შეიძლება მეტი წევრი ჰყავდეს, ასევე აღმასრულებელ ორგანოშიც. მერის ან გამგებლის თანამდებობაზე კი მისი წარმომადგენელი იყოს წარდგენილი, ეს არის სრულიად ბუნებრივი პოლიტიკური პროცესი~, _ ამბობს “ქართული ოცნების” წევრი მურმან დუმბაძე.
არათუ მუშაობენ, კანდიდატებზე უკვე შეჯერდნენ “კონსერვატორების” აჭარის რეგიონულ ორგანიზაციაში. “ჩვენ უკვე მზად ვართ, თუმცა საერთო პრინციპი რომლითაც ვიხელმძღვანელებთ, ჯერ პოლიტსაბჭოს არ მიუღია”, _ უთხრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაციკაძემ, “ბათუმელებს”.
“თითოეული პარტია წარმოადგენს თავის კანდიდატურას, შემდეგ კი შევჯერდებით. ერთადერთი, რაზეც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში ჩვენი პარტიის კანდიდატი, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე იქნება”, _ ამბობს “თავისუფალი დემოკრატების” რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.
“თავისუფალი დემოკრატების” ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე კობა ჩხეიძეა. ის ამჟამად აჭარის მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.
კანდიდატებზე მსჯელობენ “რესპუბლიკელებიც”, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი მასალკინის თქმით, სიის პირველ ნომრად ჩაწერილი პირი დღემდე არსებული პრაქტიკით საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია. შესაბამისი კარტბლანშის მინიჭების შემთხვევაში “რესპუბლიკელები” ამ თანამდებობაზე ბათუმის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს მოიაზრებენ.
კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები ბათუმში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიტსაბჭო თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიანი საარჩევნო სიისა და მაჟორიტარული ოლქების კანდიდატების დასაკომპლექტებლად `ორმოცდაათს პლუს ერთის” პრინციპს გამოიყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია `ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” საარჩევნო და მაჟორიტარული სიის 51 პროცენტს თავისი კანდიდატებით დააკომპლექტებს, დანარჩენს კი _ კოალიციაში შემავალი ხუთი პარტია _ “კონსერვატორები”, “რესპუბლიკელები”, “მრეწველები”, `თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი” _ გაინაწილებს.
პარტიების რეგიონულ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ გადანაწილების ეს პრინციპი მათთვის მისაღებია მხოლოდ საარჩევნო სიის დაკომპლექტებასთან მიმართებაში, მაჟორიტარული სია კი სხვა პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს.
“ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ ვის უფრო ავტორიტეტული კანდიდატები ეყოლება ოლქებში”, _ ამბობს გიორგი მასალკინი. იმავე მოსაზრებას იზიარებენ სხვებიც.
აღმაშენებლის ქუჩის სარემონტო სამუშაობის ფარგლებში დაგეგმილია სავალი ნაწილისა და სანიაღვრე ქსელის გამოცვლა, ასფალტ–ბეტონის საფარის დაგება, ავტოსადგომების, გარეგანათებისა და ბორდიურების გაკეთება. აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქალაქის მერიისგან 4 000 741 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს კომპანია „არნაბი-21“ ასრულებს. აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება ამ წლის ივლისში იგეგმება.
ჭავჭავაძის და ტბელ აბუსერიძის ქუჩებზე დაგეგმილია ხუთ სანტიმეტრი სისქის ასფალტისა და ფილების დაგება. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციას შპს „გზა“ აწარმოებს. სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.
გარდა ამისა ქალაქის მერია ერისთავის ქუჩის განახლებასაც აპირებს, რომელიც ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ნაწილია. ერისთავის ქუჩის მშენებლობის ღირებულება 13 000 500 ათასი ლარია.
ალბომის ავტორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ჯანბერიძეა.
ღონისძიებას აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ასევე, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ჰასან ჰელიმიშის შთამომავლები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჰასან ჰელიმიშის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის თურქეთისა და საბერძნეთის რესპუბლიკებში გეგმავს გამოფენების ორგანიზებას.
აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელი ანანო კითანავა ადასტურებს. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში კადრები ჩაანაცვლეს – „დავით დვალიშვილი გადაყვანილი იქნა ბათუმის საუბნო სამმართველოს უფროსად, ხოლო ირაკლი კალანდაძემ ქობულეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა”.
2012 წლის საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კალანდაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მცხეთა–მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყაზბეგის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო. ირაკლი კალანდაძეს 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შევსებული არ აქვს.
მემორანდუმის ფარგლებში სს “საზღვაო ჰოსპიტალი“ განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში – ქალაქ ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო – ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის 36 378 მოსწავლის სამედიცინო – პროფილაქტიკურ შემოწმებას.
მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის კონსულტაციები. პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში) განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიოგრამა და სხვა.
დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია. შეიქმნება მონაცემთა ელექტრონული ბაზა და ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრების) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობასა და ორაგნიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას.
პროექტის ფარგლებში რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებს სპეციალური გადამზადების კურსები ჩაუტარდებათ. სასწავლო კურსი ექვსი სამუშაო დღის მანძილზე თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს და ბიზნეს-კონსულტატების მომზადებას ისახავს მიზნად.
გადამზადების კურსებში მონაწილე აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებს შეეძლებათ კონსულტაციების გაცემა სოფლად ტურისტული მეურნეობის შექმნით დაინტერესებული პირებისათვის, მათთვის დახმარების გაწევა ტურისტული ბიზნესის უკეთ დაგეგმვასა და მართვაში.
ხვალ, 7 მარტს, ტრენინგის მონაწილეებს პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარდებათ ქედაში, სოფელ გობრონეთში, სადაც ისინი საოჯახო სასტუმროს მფლობელს ესტუმრებიან. კონსულტანტები სასტუმროში არსებულ მდგომარეობას ადგილზევე გაეცნობიან და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მეპატრონისთვის რეკომენდაციებს მოამზადებენ. 11 მარტს, ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.
პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ასლან ლორთქიფანიძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ვინ უხელმძღვანელებს ქედის რაიონულ ორგანიზაციას, ამ ეტაპზე საჯაროდ არ ცხადდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე მურმან დუმბაძე ექიმ ამირან ცინცაძეს სთავაზობს.
კოალიციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მურმან დუმბაძის კანდიდატურას ქედაში მხარს არ დაუჭერენ.
პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერების დავალებას ასრულებს.
„პოლიტიკური პარტიის ლიდერების დავალებით მოვალეობას აღარ ვასრულებ. დღეს ორგანიზაცია ქედაში არ მუშაობს, ჩატარდება კონფერენცია და აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს. რაც შეეხება ხელშეკრულებას ოფისის ფართობზე, რომელიც დაქირავებული გვქონდა, ვადა 28 თებერვალს ამოიწურა“, – აცხადებს ასლან ლორთქიფანიძე.
პარტიის აქტივისტებმა ასლან ლორთქიფანიძის შესაძლო გათავისუფლება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გააპროტესტეს. 11 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ერთიანი გუნდის დაშლას ქედაში მურმან დუმბაძე ცდილობს და კახი კალაძეს თხოვნით მიმართეს – რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ასლან ლორთქიფანიძე დარჩენილიყო.
„ასლან ლორთქიფანიძის მხარდამჭერი ხელწერები შეგროვდა, 71 დელეგატიდან მის კანდიდატურას 48 დელეგატი უჭერს მხარს. ამირან ცინცაძე პიროვნულად არ არის მიუღებელი, დადებითი პიროვნებაა, მაგრამ ერთ ჯგუფს ეკუთვნის“, – აცხადებს პარტიის წევრი, ლევან სურმანიძე.
რამდენიმე დღის წინ ქედაში კოალიციის მხარდამჭერთა მცირე ნაწილთან შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ. წყაროს ინფორმაციით, მურმან დუმბაძემ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ამირან ცინცაძე წარადგინა. შეხვედრას ვერ დაესწრო კოალიციის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი. როგორც ისინი აცხადებენ, შეხვედრა მათთვის გასაიდუმლოებული იყო.
ამირან ცინცაძე სატელეფონო კომენტარზე უარს აცხადებს. ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატურის ვინაობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ მათ სარემონტო სამუშაოების ნაბართვა არ გაუციათ და სააგენტოს ახალი დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, რომელიც აქამდე ამავე სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის უფროსი იყო, აპირებს ბათუმში, ადგილზე გაეცნოს ვითარებას. ნათია მურაჩაშვილი, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ყველა კომპეტენტური უწყება ინფორმირებულია.
ძეგლზე სარემონტო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო, ეკლესიის წინამძღვრის, მამა გიორგის (მამალაძე) თქმით, მეუფე დიმიტრის კურთხევით.
2014 წლის 11 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნებართვო ხელყოფისათვის საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შოთა გუჯაბიძემ საპატრულო პოლიციას მიმართა რეაგირებისათვის.
კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლზე აკრძალულია სამუშაოების ჩატარება შესაბამისი ნებართვის გარეშე.
წმ. ბარბარეს ეკლესიის სააღრიცხვო ბარათში აღნიშნულია, რომ შენობა მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზეა აგებული და ამ ადგილას მდებარე ძველი ჰოსპიტალის შენობების დანგრევის შემდეგ (1990 – იანი წწ.) ეკლესიამ ქალაქგეგმარების თვალსაზრისითაც შეიძინა მნიშვნელობა, როგორც ძველი განაშენიანების ნაწილმა. ეკლესიის წინამძღვრის თქმით, შენობა ბოლოს 1996 წელს გარემონტდა.
ანსამბლის წევრებმა თავისი პრეტენზიები ამჟამინდელი ხელმძღვანელის ოთარ მიქელაძის თანდასწრებით დააფიქსირეს. პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი და განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი.
„ვფიქრობ, რომ დიალოგის შემდეგ შეთანხმება მიღწეულია. ყოფილი სამხატვრო ხელმძრვანელი თემურ ქორიძე დირექტორის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ანსამბლიდან გათავისუფლებული წევრები ისევ დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმს. ექვსი თვის შემდეგ მსგავსი შეხვედრა ისევ შედგება და ანსამბლის მუშაობის შედეგების მიხედვით გადაწყდება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი. ვფიქრობ, არ უნდა იყოს ცუდი გადაწყვეტილება.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს, 17 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გიწვევთ დოკუმენტური ფილმის _ „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები“ _ ჩვენებასა და დისკუსიაზე.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები“ იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში რეპრესირებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წევრების ისტორიებს ასახავს. დისკუსიას გაუძღვება ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი
მემორანდუმის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა საჯარო და კერძო სკოლის 1-8 კლასის მოსწავლეს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. მოსწავლეებს გამოკვლევებს პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის და ორთოპედისაგან დაკომპლექტებული საზღვაო ჰოსპიტალის ექიმების ჯგუფი ჩაუტარებს.
„სირთულეების გამოვლენისას მოსწავლეებს სპეციალისტები შესაბამის მკურნალობას და დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ“ – განმარტა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, რომან ბოლქვაძემ.
გოგნიძეებში, მთის თავზე, საიდანაც მეწყერი იღებს სათავეს, დაჭაობებული ადგილებია. მოსახლეობა შიშობს, რომ ძლიერი წვიმის დროს შეიძლება აქ წყალი დაგუბდეს, რასაც მოშლილი ქანები ვეღარ გაუძლებს და მთის გარკვეული მასა კვლავ შეძლება დაიძრას სოფლისკენ. მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები სოფელი დახმარების მოლოდინშია.
„წვიმის დროს ხშირად მესიზმრება, რომ მეწყერი მოდის და მეღვიძება. ასეა სოფლის უმრავლესობა და ფსიქიკაც მოგვეშალა ამ დაძაბულობაში. გვინდა ბავშვები იყოს დაცული. ბოლო წლებია ახალგაზრდობა საერთოდ წავიდა სოფლიდან.“ – ამბობს გოგინიძეების მკვიდრი ნანუკა შარაშიძე.
2011 წელს, ზვავის განვითარების შემდგომ, 40 დღის მანძილზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. მაშველები არ უშვებდნენ საცხოვრებლად თავიანთ სახლში მოსახლეობას, რადგან ზვავი აქტიური იყო. 40 დღის შემდეგ გეოლოგების შეფასებით ზვავი საშიშროებას არ წარმოადგენდა, რის საფუძველზეც მოსახლეობას მისცეს უფლება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.
მას შემდეგ სამი წელი გავიდა. მოსახლეობა დღესაც შიშის ქვეშ ცხოვრობს და ყოველი გაწვიმების დროს ზვავის გააქტიურებას ელოდება.
ზვავის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 ოჯახს მე-2 კატეგორია მიანიჭეს იმ მოტივით, რომ სახლები დაზიანებული არ იყო. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას, რომ მომხდარყო კატეგორიის შეცვლა, მაგრამ ხელისუფლების განცხადებით, დღეს არსებული რეგულაციები კატეგორიის შეცვლის საშუალებას არ იძლევა.
„ალბათ ოდესმე პირველ კატეგორიასაც მოგვანიჭებენ, სახლები როცა დაინგრევა, მაგრამ ამ დროს რამდენი ჩვენგანი დარჩება ცოცხალი აღარ ვიცი…“ – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
ნანუკა შარაშიძე, სოფლის მკვიდრი, ასეთ ისტორიას იხსენებს:„სოფლის განაპირას ცხოვრობდა ზურაბ შერვაშიძის ოჯახი. ცოლ-ქმარი იყვნენ ოჯახში მარტო, ორივეს შეზღუდული შესაძლებლობების ჰქონდათ. დიდთოვლობის გამო დაბაში ნაქირავებ ბინაში იყვნენ და ზაფხულობით ამოდიოდნენ აქ. იმ დღეს აპირებდნენ ამოსვლას და რომ ვუთხარით, დიდი თოვლიაო, აღარ ამოსულან. ბედი მაგათ ქონიათ, იმ საღამოს მეწყერი დაატყდა სოფელს და მათ საცხოვრებელ სახლს ზვავის წნევამ ახადა სახურავი, ხოლო სახლი ჩაიტანა თან მიწაში. გამგეობამ ქედის სოციალურ სახლში 2 ოთახი გადასცა და ახლა იქ ცხოვრობენ“.
„მოგეხსენებათ, ბათუმში გაიხსნა სისხლის ბანკი, არის საჭიროება, რომ შეივსოს ეს ბანკი, ამიტომაც მოვაწყვეთ აქცია. იმედია, ჩვენ მიერ გაღებული სისხლი სასიკეთოდ მოხმარდება ყველას, მათ შორის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.“ – გვითხრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინა გიორგაძემ.
უკვე ასზე მეტმა სტუდენტმა გაიღო სისხლი „სისხლის ბანკისთვის“. აქციას სხვა ფაკულტეტების სტუდენტებიც შეურთდებიან.
„დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ სისხლი გავიღო ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, არაფერი დაგვიშავდება იმით, თუ მათთვის 250 გრამ სისხლს გავიღებთ.“ – ამბობს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ირინა მუკუტაძე.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხიდის ორივე მხარეს, ჯამში 100 მეტრი სიგრძის ჯებირის მშენებლობა. სამუშაოებს, რისთვისაც 238 ათასი ლარია გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბონდი 2009“ ასრულებს.
ხელშეკრულების შესაბამისად, სამუშაოები მიმდინარე წლის იანავარში დაიწყო და 15 აპრილს უნდა დასრულდეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა აეროპორტის გზატკეცილის #118-ის მიმდებარედ ჯებირის მოწყობას, რომლის სამუშაოები უკვე დასარულებულია. (დაიხარჯა 61 ათას 371 ლარი.)
აღნიშნული ჯებირები (ასევე, ჩაქვის ხიდი, რომელიც გასულ წელს აღდგა) სტიქიის დროს დაზიანდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
სასოფლო კრებებზე მოსახლეობის მიერ მიზნობრივი პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტები განისაზღვრება. მოსახლეობასთან შეხვედრებს ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობითა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ესწრება, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას ახდენს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად ბობოყვათის თემის მოსახლეობას შეხვდა. სასოფლო კრებები ბობოყვათის ცენტრსა და სოფელ ქვედა დაგვაში გაიმართა. შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და პრიორიტეტული ღონისძიებები განსაზღვრა. მათ პროგრამით გამოყოფილი ბიუჯეტით, რომელიც თემისთვის 62 990 ლარს შეადგენს, ბობოყვათში, სოფლის ცენტრში გარე განათების სისტემის მოწყობა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ხოლო ქვედა დაგვაში ცენტრალური სასოფლო გზების პრობლემატურ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა გადაწყვიტეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე შეხვედრა დაგვაში, გვარასა და ალამბარშიც გაიმართა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსაზღვრული მოსახლეობასთან შეხვედრები 6 მარტს დასრულდება, რომლის შემდეგაც მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და დაიწყება განსაზღვრული ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება.
მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 1 403 000 ლარია გამოყოფილი.
ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მარინა სალვარიძემ შუამდგომლობისთვის ორგანიზაციას _ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ მიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ და მარინა სალვარიძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საცხოვრებელი ფართობის მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
მარინა სალვარიძის თქმით, მან რამდენჯერმე მიმართა სახელმწიფო უწყებებს, მაგრამ უშედეგოდ.“
„ბინა არ მაქვს. 20 წელია ნაქირავებში ვცხოვრობ სამი შვილით. მეუღლე პენსიონერია, ჩერნობილის კატასტროფის დროს ჯანმრთელობა დაუზიანდა, იშემია აწუხებს. გიორგი, რომელიც 10 წლისაა, განსაკუთრებული საჭიროების მქონეა და ინკლუზიურ სკოლაში დამყავს. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება – 252 ლარი, გიორგის 100-ლარიანი პენსია და მეუღლის პენსია – 100 ლარია. დახმარებისთვის მივმართე ბათუმის მერიასაც, მაგრამ ყურადღება დღემდე არ მოუქცევიათ“.
გარდა სახელმწიფოსი, არასამთავრობო ორგანიზაცია დახმარებისკენ საქველმოქმედო ფონდებსაც მოუწოდებს.
საქველმოქმედო ფონდ „მომავლის ხედვის“ ხელმძღვანელმა გოჩა ადამიამ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სხვა ფონდებთან ერთად კიდევ ერთხელ გადახედავენ სალვარიძის ოჯახის საცხოვრებელ პირობებს და განიხილავენ „კეთილი სახლის“ ბინადართა სიაში შეყვანის საკითხს.
როგორც გოჩა ადამია განმარტავს, საცხოვრებელი კორპუსი _ „კეთილი სახლი“ _ შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კახაბერში აშენდება, თუმცა პროექტის განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდება.
„სოფლის გვერდით, მთაზე გაშენებული პლანტაცია იწვის. სოფლიდან მოშორებითაა, სამანქანო გზა არ მიდის და ფეხით მოუწიაT მაშველებს ასვლა. ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზებას ვცდილობთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ.
მისივე ინფორმაციით, ცეცხლი ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზეა მოდებული.
გარდაცვლილი პატიმრის ძმა კობა ფარტენაძე: „ჩემი ძმა ხშირად რეკავდა სახლში. ბოლოს გუშინ ველაპარაკეთ… დედაჩემმა გაუგზავნა ციხეში საჭმელი, მადლობა გადაუხადა დედას, გემრიელი იყოო. ვარჯიშობდა, მოჭიდავე იყო. 21 წლის იყო, როცა დააპატიმრეს. დღეს დილით დამირეკეს, რომ პროზექტურაშია და ჩამოაკითხეთო…
რა მოხდა, არავინ იცის, თუმცა ამბობენ, რომ ღამე მძინარეს ჩაიდანი ჩაარტყეს თავში. მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ რომელია სწორი, არ ვიცი. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. არ ვიცი, რა მოხდა, თუმცა როგორც ყოველთვის ახლაც პატიმარს დაბრალდება ალბათ ყველაფერი. სასჯელს იმის გამო იხდიდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები სცემა. ამას არც თვითონ უარყოფდა, შეუარცხყოფა მიაყენეს და სცემა. თუმცა მას სასჯელი ჰქონდა მისჯილი არასწორად, ხულიგნობის მუხლს ყაჩაღობის ბრალდებაც დაუმატეს და 16 წელი მიუსაჯეს. გავასაჩივრეთ, თუმცა სამართალს ვერ მივაღწიეთ.
მზია მიქაბაძე, დედა: ძალიან გთხოვთ, ეს ინფორმაცია გაავრცელეთ: ფეისბუქზე ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მას თავანი ჰქონდა ჩასაბარებელი. ჩემი შვილი მოთამაშე ნამდვილად არ ყოფილა. თავანიც ჩასაბარებელი არ ჰქონია. ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და გარდაცვლილ პატიმარს შეურაცხყოფას ნუ აყენებენ. მე ვერც ძველ მთავრობაში და ვერც ახალში ვერ ვნახე სამართალი, ყაჩაღები გამოუშვეს, ნარკომანები გამოუშვეს, ბარიგები… ყველა გამოუშვეს… ჩემმა შვილმა ორი ადამიანი გალახა – 15 წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს და მოკლეს ციხეში, ის მისით არ მოკვდებოდა, მას ვერ მოერეოდნენ.
ნანი კომახიძე, ბებია: ყველგან დავაგზავნე მაგის საბუთები, განცხადება პრეზიდენტ სააკაშილსაც მივაწოდე ხელში… ველოდებოდი, გადასინჯავდენ განაჩენს. მტკიცებულება არაფერი ყოფილა იმისა, რომ მას ყაჩაღობის მცდელობა ჰქონდა. დაჭრილი ვინმე არ ყოფილა, საავადმყოფოში არავინ წაუყვანიათ. სასამართლოზე თქვა, გასალახი იყო და გავლახეო… დაზარალებულებმაც თქვეს ოქრო და ფული შევთავაზეთ და არ წაუღიაო… მიუსაჯეს 15 წელი… ყველამ მინდა გაიგოს, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილიშვილის საქმის პროკურორი ზაზა მეტონიძე, მოსამართლე კი ვერა დოლიძე იყო.
“გეგუთის ციხეში გვიან ღამით, დახურულ საკანში, პატიმრებს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ერთი პატიმარი გარდაიცვალა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმით”, – განაცხადა სოზარ სუბარმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა.
“2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე იმყოფება საქმის ზედამხედველი პროკურორიც”, – წერია განცხადებაში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა.
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა ამ ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.
დაჭრილი მამაკაცი ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციაშია მოთავსებული. საავადმყოფოს ხელმძღვანელის, მალხაზ ხალვაშის ინფორმაციით, დაზარალებულს აქვს მრავლობითი სახის მძიმე ჭრილობები.
„ამ ეტაპზე დადებითი დინამიკაა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ არის ცნობილი, როდის გაწერენ რეანიმაციიდან“.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
იურისტ რამინ პაპიძის განმარტებით, მათი გათავისუფლება უკანონოა: „სასამართლოს გზით ჩვენ მოვითხოვთ გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, ვინაიდან იგი გამოიცა მაშინ, როცა მოცეკვავეები გაფიცვის რეჟიმში იყვნენ”. სამსახურიდან გათავისუფლებულებს 26 მარტამდე აქვთ ვადა სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის. ადმინისტრაციამ სამსახურიდან 32 მოცეკვავე დაითხოვა.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განსასჯელების ადვოკატების სამი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა საქმეში მტკიცებულების სახით ბადრაგის სამსახურის მაშინდელი უფროსის, დავით ბასილაძის წერილობითი განცხადების დასაშვებობა ითხოვეს. ადვოკატების თქმით, ბასილაძე წერს, რომ პატიმრების დაშინებას ბადრაგირებისას არავინ ცდილობდა. პროკურორებმა კი ამ ადამიანის დაკითხვა ითხოვეს. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, _ განცხადების ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა.
გიორგი ვეკუასა და ზაზა ჯიქიას პროკურატურა ათეულობით პატიმრის არაადამიანურ, დამამცირებელ და სასტიკად მოპყრობაში ადანაშაულებს. მოსამართლეებმა ისინი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
შესავალი სიტყვა
სახელმწიფო ბრალმდებელი, პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე:
დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ მომეყოლა ეს ამბავი სასამართლოსთვის. რთულია იმის აღწერა, რაც ციხეებში ხდებოდა. საქმეში 50-ზე მეტი დაზარალებულია, ასევე მოწმეები, რომლებიც ცემას ახორციელებდნენ ზაზა ჯიქიასა და გიორგი ვეკუას დავალებით.
ბათუმის მესამე საპყრობილეში პატიმრების არაადამიანური მოპყრობა 2009 წლის ზაფხულიდან დაიწყო. პატიმრები ამბობენ, რომ სამწელიწადნახევარი ისინი, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთში იყვნენ. ეს ის პერიოდია, როცა ჯიქია და ვეკუა ხელმძღვანელობდნენ ციხეს. სასამართლოში პატიმრები მოყვებიან ისტორიებს, როგორ აწამებდნენ მათ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ადგილი ჰქონდა ტანჯვასა და წამებას. ჩვენ მოვუსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ხედავდნენ. უშუალოდ ზაზა ჯიქიას მოთხოვნით პატიმრები მუდმივად იმყოფებოდნენ ფსიქოლოგიური სტრესისა და ზეწოლის ქვეშ.
პატიმრებს საკნებში გადანაწილების დროსაც კი სცემდნენ. მათ ეზღუდებოდათ პაემანის, მკურნალობის, ექიმთან ვიზიტისა და ამანათის მიღების უფლება. პატიმრებს სცემდნენ ჯგუფურად, ხელკეტებით. ჩვენ ასევე დავკითხავთ ციხის ექიმებსა და ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერების წიგნს. პროკურატურა მას შემდეგ დაინტერესდა მესამე საპყრობილეში არსებული მდგომარეობით, რაც გლდანის ციხეში გადაღებული პატიმრების წამების საზარელი კადრები გავრცელდა. სწორედ მას შემდეგ გაბედეს პატიმრებმა და მოგვმართეს კოლექტიური განცხადებით. მოწმეების ჩვენებით ირკვევა, რომ ნაწამები პატიმრების რიცხვი დაბალია მაშინ, როცა ზაზა ჯიქია შვებულებაში იმყოფებოდა. მოწმეები იტყვიან, რომ ვეკუა გასცემდა პატიმრების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების ბრძანებას.
პაატა ბოლქვაძე, ზაზა ჯიქიას ადვოკატი:
ასობით პატიმარი იხდიდა სასჯელს მესამე საპყრობილეში და მხოლოდ 50 პატიმარი ამბობს, რომ ცხოვრობდნენ ჯოჯოხეთში. ვერ დამტკიცდება ეს ბრალდება, რადგან ეს არის მიკერძოებული და განაწყენებული პატიმრების ჩვენება. ჩვენ დავკითხავთ გიორგი ვეკუას, რომელიც დაადასტურებს, რომ უკანონო ბრძანებას არ გასცემდა და არ ასრულებდა ზაზა ჯიქია. დარწმუნებული ვარ, რომ განსასჯელების ბრალეულობა არ დადგინდება.
სოსო ჯალაღონია, გიორგი ვეკუას ადვოკატი:
გადაჭარბებულია, თითქოს ვეკუა არაადამიანურად ეპყრობოდა პატიმრებს. ბრალდების მხარე ცდილობს, ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს სასამართლო. ათასობით პატიმარი იხდიდა სასჯელს, მარტო 50 როგორ იყო ცუდ დღეში, უნდა ვენდოთ ინტრიგნებს? კრიმინალებს? დამნაშავეებს? დიახ, დამნაშავეებს, რადგან ამ პატიმრებს უკვე სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ბრალდებას მოწმეები აერევა.
სამწუხაროა, რომ გიორგი ვეკუა კრიმინალების მსხვერპლი გახდა. გავიგეთ, რომ გამოკეტილი პატიმრები ვერ დაწერდნენ საჩივრებს, მაგრამ რას აკეთებდნენ თანამშრომლები, რომლებიც ხედავდნენ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას? რატომ არ მიდიოდნენ პროკურატურაში და არ ყვებოდნენ პატიმრებს წამების შესახებ? ან რატომ არ ისჯებიან ეს თანამშრომლები?
წესრიგი დაამყარა გიორგი ვეკუამ, ციხეში აღარ ხდებოდა ქურდული გარჩევები. ეს ბრალდება გაუმართავია და ჩვენ გამამართლებელ განაჩენს ველით.
გიორგი ვეკუა, განსასჯელი:
ბოდიშს ვიხდი იმისთვის, თუ ემოციებს ავყვები. საბრალდებო სკამზე ზის ზაზა ჯიქია, რომელიც არის ღირსეული ადამიანი, ჩვენ კრიმინალის წინაშე თავი არ დაგვიხრია. ჩვენს ქვეყანას ვაჟკაცურად ვემსახურებოდით. გარწმუნებთ, ის, რაც პროკურორმა თქვა, ტყუილია. ის თანამშრომლები, რომლებიც ახლა ჩემ წინააღმდეგ ჩვენებას აძლევენ, კრიმინალები არიან. ზაზა ჯიქიას მე მადლობას ვუხდი, ის არის ღირსეული თანამშრომელი, ჩვენ ერთად ვაშენებდით ჩვენს ქვეყანას.
ბატონო მოსამართლე, ჩემი თხოვნაა, ნუ მისცემთ ქურდულ სამყაროს გამარჯვების უფლებას, ჩვენთვის განაჩენის გამოტანა არის სახელმწიფოსთვის განაჩენის გამოტანა.
„ანალიზის საფუძველზე და სამინისტროს ხედვითაც გადაწყვეტილია, რომ მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვროს 25 მოსწავლით. ცვლილებები დაიწყება პირველი კლასიდან. მოსწავლეთა კონტინგენტი ზედა კლასებში არ გადანაწილდება. იმპლემენტაცია ეტაპობრივად განხორციელდება“, _ წერია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ გადმოგზავნილ წერილში.
ბათუმის პირველი და მეორე საჯარო სკოლები, ყველაზე მაღალკონტინგენტიანი სკოლებია აჭარაში. თითოეულში ორიათასამდე მოსწავლე სწავლობს. წელს პირველ საჯარო სკოლას ექვსი პირველი კლასი ჰყავს, თითოეულში 30 მოსწავლეა.
„დამატებით კლასებს გავხსნი თუ არა, ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი, რადგან მაღალკონტინგენტიან სკოლებს ფართობის პრობლემა გვაქვს. ახალი კლასები რომც გავხსნათ, ამას სჭირდება აღჭურვა _ მერხები, სკამები, კარადები. ამას ალბათ მოგვცემს სამინისტრო. თუმცა, რამდენი მოსწავლის მიღებასაც შევძლებთ, იმდენზე გავაკეთებთ სამინისტროში განაცხადს“, _ ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მედეა გვენეტაძე.
მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე კი აცხადებს, რომ ახალი ნორმის ამოქმედების გამო იძულებულია ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასებში მისაღებ მოსწავლეთა კონტინგენტი შეამციროს.
„წელს შვიდი პირველი კლასი მყავს, სადაც თითოეულში 30 მოსწავლე მიზის. თუ სამომავლოდ ექვსი პირველი კლასი მივიღე, კონტინგენტს განვსაზღვრავ 150 ბავშვით და არა 180-ით, როგორც ეს წელს იყო. 5-5 მოსწავლეს ყველა კლასს მოვაკლებ“.
როგორც მარიზა აბაშიძე ამბობს, კლასებში მოსწავლეთა შემცირებით შემცირდება ვაუჩერული დაფინანსებაც: „ახალ კლასებს ვერ დავამატებთ, რადგან მატერიალური შესაძლებლობები არ გვაქვს, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ვაუჩერის შემცირებასაც“.
გაეზრდებათ თუ არა ვაუჩერული დაფინანსება სკოლებს პირველკლასელთა შემცირების ხარჯზე? _ ამ კითხვაზე სკოლის დირექტორებს სამინისტროსგან პასუხი არ აქვთ.
პირველკლასელების ელექტრონული რეგისტრაცია მარტის ბოლოდან დაიწყება. მოქმედი ნორმების მიხედვით, მოსწავლეებს სასურველი სკოლის არჩევა თავისუფლად შეუძლიათ და ტერიტორიული შეზღუდვა აღარ არსებობს. როგორც სკოლის დირექტორები აცხადებენ, სასურველ სკოლაში მოხვედრა, ფაქტობრივად, დასწრებაზეა, რადგან მითითებული კონტინგენტის ამოწურვის შემდეგ სკოლას დამატებითი განაცხადების მიღება არ შეუძლია.
„რეგისტრაცია არის დასწრებაზე, ბევრი ადამიანი დარჩა გასულ წელს ჩვენი სკოლის გარეთ. სამომავლოდ ალბათ გაცილებით მეტი მსურველი დარჩება, რადგან მისაღებ კონტინგენტს შევზღუდავთ“, _ ამბობს მეორე სკოლის დირექტორი.
მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი თემურ სირაბიძე მიიჩნევს, რომ პირველკლასელთა შემცირებით მათ სკოლას პრობლემები არ შეექმნება: „სამ პირველ კლასს ვიღებდი თითქმის ყოველ წელს და ასე მივიღებ ალბათ მომავალშიც. თუმცა, ერთი კლასის დამატებას კიდევ შევძლებ“.
მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ხალვაში კი ამბობს, რომ კლასებს მოსწავლეთა განაცხადების მიხედვით დაგეგმავენ: „შევთანხმდებით, ალბათ, რომელ სკოლას რამდენი მოსწავლის მიღება შეეძლება და იმის მიხედვით გავხსნით კლასებს“.
მე-9 საჯარო სკოლის დირექტორის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, წელს სკოლაში ოთხი პირველი კლასია. სამომავლოდ კი მხოლოდ ერთი ახალი კლასის დამატებას შეძლებენ.
საჯარო სკოლების პედაგოგების ბოლო წლების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა კლასებში მოსწავლეების ჭარბი რაოდენობა იყო. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ როცა კლასში 30 და მეტი მოსწავლეა, თითქმის შეუძლებელია კარგი გაკვეთილის ჩატარება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება ერთ-ერთია იმ ცვლილებების პაკეტისა, რომელზეც სამინისტრო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეროვნულ სასწავლო გეგმის ანალიზზე დაყრდნობით, მუშაობდა.