Batumelebi | 507 დღე მას შემდეგ, რაც არაფერი დამიწერია 507 დღე მას შემდეგ, რაც არაფერი დამიწერია – Batumelebi
RU | GE  

507 დღე მას შემდეგ, რაც არაფერი დამიწერია

 

რაც ბათუმიდან თბილისში – „გაზეთ ბათუმელებიდან“ „ტელეიმედში“ გადმოვედი სამუშაოდ, არაფერი დამიწერია. წიგნაკი მოყვითალო-მონაცისფრო, გახუნებული ფურცლებით თაროდან რამდენჯერმე ამიღია, მაგრამ არაფერი დამიწერია. ნერვიული მოძრაობით უკან დამიბრუნებია, მინდოდა თუნდაც მედიამანიპულაციების  არქიტექტურაზე მეთქვა,  – მაგრამ  მაინც არაფერი დამიწერია.

 

ნათია ზოიძე

ახლა კი  ცარიელ  წიგნაკში მხოლოდ ერთადერთი ჩანაწერია, სულ ნახევარი გვერდი: „გუკა, არ ვიცი რა მოგწერო, მგონია სიტყვები – თავს გაუფრთხილდი – ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ხარ ჩვეულებრივ ომში, როგორც არ უნდა გაუფრთხილდე, მაინც არ გამოგივა, ყოველი გამოშვების შემდეგ გირეკავ და გეუბნები „თავს გაუფრთხილდი”; ყოველი გამოშვების წინ კი გიკავშირდები და ისევ გეუბნები – „მასალა როდის გექნება? მოგვესწრება თუ არა? არ ვიცი რას ვითხოვ მე ან სხვები, ნეტა, რომელი უფრო გვინდა – თავს გაუფრთხილდე, თუ ცეცხლმოკიდებული მაიდნიდან შენ და გიორგის გქონდეთ პირველი კადრები იმაზე, თუ როგორ გაჰყავთ ცხედრები? საკუთარ თავს ვეკითხები – ნეტა ვინ ვარ ახლა? ჩვეულებრივი, ძარღვებში სისხლგაყინული „ტექნიკოსი”? იწყება ყველაზე მძიმე – კონფლიქტი საკუთარ თავთან, ასე ხდება ხოლმე, როცა კითხვაზე ვინ ხარ – პასუხი არ გაქვს, ან გაქვს და არ გაკმაყოფილებს.”

 

 

დღიურში ჩანაწერი აქ სრულდება. ამ ჩანაწერის წინაპირობა “გაზეთ ბათუმელების” მკითხველს მინდა გავუზიარო: 20 თებერვალია, საქართველოში იმ დღის მთავარი ამბავი უკრაინის მოვლენებია. მაიდანს ჩვენც პირდაპირ ეთერში გადმოვცემთ. გაჰყავთ დასისხლიანებული დაჭრილები, ადამიანი პირდაპირ ეთერში დაჭრეს. მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, სნაიპერები შენობის სახურავებიდან ისვრიან… “იმედის” ნიუსრუმში კი გაუთავებლად და შემაწუხებლად რეკავს ტელეფონი… 

 

 

გამოშვება იწყება, რამდენიმე წუთია დარჩენილი. უცხოეთის ბლოკის რეპორტიორი  ია თუ ნათია კითხულობს: “კაცი არის ოჯახში?” ყველამ იცის რისთვის ეძებს, მაგრამ ვიღაც აბეზარი მაინც ეკითხება „გააჩნია რისთვის გინდა?” (მგონი, ეს აბეზარი მიშა ფეიქრიშვილია. ბიჭი იმიტომ სჭირდებოდათ, უკრაინული და რუსული ინტერვიუები  გაახმოვანონ.) მძიმე დღის მიუხედავად, ორჯერ გამიხარდა – მასალა მოესწრო და  კარგი რაკურსით გადაღებული კადრები გვქონდა. გუკა (გურამ როგავა) უკრაინის მოვლენების შესახებ ყვება, ამჯერად საკმაოდ მშვიდად. მის სახეზე აზარტი და ჟინის ჩრდილები დავინახე, მის უკან კი ცხედრებია, არა ერთი და ორი – არამედ  ათეულობით.

 

 

გაცნობიერება რომ დავიწყე, სირცხვილი და შიში ვიგრძენი. სირცხვილი რამდენიმე წუთის წინ განცდილი კმაყოფილების გამო. შიშიც პრინციპში ბიჭების უსაფრთხოების და დიდწილად საკუთარი თავის გამო… (დედაჩემი ფიქრობს, რომ უშიშარი ვარ. სინამდვილეში ეს ასე არ არის, უბრალოდ, ბავშვობიდან შიშის დაძლევას ვახერხებდი. ერთ-ერთი პირველი სწორედ სიკვდილის დაძლევის შიში იყო, ეს მაშინ გამოვცადე, როცა გავაცნობიერე, როგორ მინდოდა სიცოცხლე და რისთვის.) 

 

 

იმ კადრების ეთერში გასვლის შემდეგ, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდი, ჩვენმა შემადგენლობამ სამუშაო დღე დაასრულა… გუკა, გიორგი, უკრაინა და ეროვნული ამბებიც დილის ჯგუფმა გადაიბარა…

 

 

სოციალური ქსელისთვის მოვიცალე. ეს ის შემთხვევა იყო, ქართველ ჟურნალისტებს  აქებდნენ, საზოგადოება, რომელიც ხშირად აკრიტიკებს მედიას გრამატიკის წესებისა თუ სხვა ბევრი რამის არცოდნისა თუ მანერულობის გამო, ვარდისფერ გულებს უგზავნიდნენ და ამხნევებდნენ. ფრაზა „თავს გაუფრთხილდი”  იქაც  სჭარბობდა.    დღიურის წერა დავიწყე. რაც დღიურში დავწერე, პრინციპში, გუკასაც ის მივწერე.

 

 

მეორე  დღეს გურამმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა – ის წუხდა: “დაღუპულთა შესახებ მუდმივად მზარდ მონაცემებს ისე ვასახელებთ, თითქოს ვალუტის კურსის ცვლილებაზე ვლაპარაკობთ. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი სტატისტიკაა. იმ მომენტში, ტრაგედიის გაანალიზების დრო არ გაქვს, როგორც ჟურნალისტს, ჯერ ფაქტები გაინტერესებს…

 

მეორე დღეს ჯანმრთელი და უვნებელი რომ იღვიძებ და სარკეში შენს გამურულ სახეს ხედავ, მხოლოდ მაშინ იწყებ ფიქრს კონკრეტული ადამიანების ტრაგედიაზე. გიჩნდება კითხვა, ნეტა რაზე ოცნებობდნენ? რა იყო სიკვდილის წინ ნათქვამი ბოლო ფრაზა?

 

“უკრაინას გაუმარჯოს!”, – დარწმუნებული ვარ, ამას დაიყვირებდნენ.

ნეტა ვინმემ თუ უპასუხა “დიდება გმირებს?!”

 

 

გუკა 20 თებერვლის დღეს და მის რეპორტაჟს გულისხმობდა. მეც ჩემს ჩანაწერზე პასუხი მივიღე. გურამზე ხომ ვწერდი: “მის სახეზე აზარტი და ჟინის ჩრდილები დავინახე, მის უკან კი ცხედრებია”.

 

 

სხვათა შორის, მაიდანზე გარდაცვლილთა შორის ჟურნალისტებიც იყვნენ. ალბათ, ბევრი არ ფიქრობს, რომ ისინი სულელური მიზნებისთვის დაიღუპნენ.

 

 

საქართველოს პარლამენტში იმ დღეს ბორჯომის ბოთლები ესროლეს ერთმანეთს… მიზეზი ალბათ რიგითი სისულელე იყო, ყოველ შემთხვევაში იმ დღეს ასე მომეჩვენა.

 

ჩემი დღიური ისევ 507-ე დღეზე შეჩერდა…

 

ნეტა რა მოხდება ყირიმში? ბიჭები “ქრონიკისთვის”  ახლა იქედან მუშაობენ. ვინ იცის, იქ ჩვენს კოლეგებს 10 წუთის განმავლობაში რამდენჯერ მოუწევთ არჩევანის გაკეთება და არავინ იცის, ეს არჩევანი რამდენჯერ გამოიწვევს მორალურ კრიზისს.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია ზოიძე, TV იმედი ჟურნალისტი