კვირის ამბები

ერთი წელი პარლამენტში – მურმან დუმბაძის ანგარიში

06.03.2014 • 1732
ერთი წელი პარლამენტში – მურმან დუმბაძის ანგარიში

 

მურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე

ბატონო მურმან, ერთი წელია პარლამენტში ხართ. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც რეგიონისთვის გააკეთეთ?

 

 

აჭარის ტელე-რადიომაუწყებელი გადავაქციეთ საზოგადოებრივ მაუწყებლად. ამ კანონპროექტის მომზადებაში თავად მივიღე მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ტელევიზიის ცნება გავაქრეთ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ბორდსა და ჟურნალისტებზე. მაქსიმალურად შევეცადეთ, ზარალი არავის მიდგომოდა, გათავისუფლება ან ფინანსური პრობლემები არ დაწყებულიყო…

 

 

 

ბიუროში მოქალაქემ მომმართა, რომელიც 36 წლის განმავლობაში მატარებლის მემანქანედ მუშაობდა. 2013 წლის ოქტომბერში ის გათავისუფლდა, ახლა ითხოვს სამსახურში აღდგენას.  სტაჟი და გამოცდილება აქვს. მისი სპეციალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მემანქანეები ბევრი არ გვყავს. მისი დასაქმება ჩემი ღირსების საკითხია, ვიწყებ ფიქრს მის აღდგენაზე. რანაირად ვიწყებ? ზეწოლით ან დარეკვით კი არა, დოკუმენტარულად. მოვთხოვე, რომ სამტრედიაში გაიაროს საკვალიფიკაციო ტესტირება. თუ მივახვედრეთ სარკინიგზო დეპოს ხელმძღვანელობას, რომ ამ კაცის აღდგენა შეიძლება, მაშინ ჩავთვლი, რომ ეს ყველაზე დიდი საქმეა, რაც გამომივიდა.

 

 

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რაც პარლამენტმა თქვენი მონაწილეობით განიხილა და დაამტკიცა?

 

 

სისხლის  სამართლის კოდექსში შევიტანეთ ცვლილება, ეს ძალიან ხანგრძლივი დებატების შედეგი იყო. შეკრებითობის პრინციპი გავაუქმეთ. სააკაშვილის მთავრობის დროს დანაშაულები იკრიბებოდა და ჯამურად ვიღებდით 30-28-წლიან სასჯელს. ის, რომ ვანო მერაბიშვილი გამოდის ტელევიზიით, ხელს გვიქნევს და ცოლს სიყვარულს უხსნის, პარლამენტის დამსახურებაა. ჩვენ დავაკანონეთ პროცესის საჯაროობა.

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე აღარ იყიდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია.  

 

 

ჩამოთვალეთ კონკრეტული სფეროები, სადაც თქვენი მუშაობა დადებითად აისახა ამომრჩეველზე.

 

 

პრიორიტეტად გამოცხადდა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება. ეს არის სწორი მიმართულება. საქართველოში დღეს სოციალურ დახმარებას 411 000 ადამიანი იღებს.

 

 

ეს ხომ თავისთავად დიდი პრობლემის მაჩვენებელია?

 

 

რა თქმა უნდა პრობლემაა, პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირების რაოდენობა არის საქართველოში 180 000, თითქმის მილიონამდე ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას ან ამ დახმარებასთან მიახლოებულ ანაზღაურებას, ეს უზარმაზარი დარტყმაა საქართველოს ბიუჯეტზე. პირველი ჯგუფის შშმ პირი იღებდა 100 ლარს, ახლა 150 ლარს იღებს. ასევე გავზარდეთ სოციალური დახმარება. ყველაზე დიდი სოციალური დახმარება მაინც ის არის, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამებზე გადავედით. ონკოლოგიური ოპერაციები ფინანსდება. 18 წლამდე მოქალაქეს ონკოლოგიური დაავადება თუ აქვს, მისი მომსახურება უფასოა.

 

 

ამ პაციენტების უმეტესობა ხშირად ფეისბუქზე აგროვებენ ფულს, ახლობლების საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასაყვანად...

 

 

ხარისხი სხვა საკითხია. ამერიკაში ვიყავი შვილთან, ძაღლი ჰყავს სახლში. რაღაც ვერ იყო გუნებაზე და საავადმყოფოში მივიყვანეთ. იქ ძაღლის მომსახურება ვნახე. მირჩევნია აქ ვიყო ძაღლი და ასე მომემსახურონ. ხარისხზე ნუ ვილაპარაკებთ. მე გიყვებით ტენდენციასა და მიმართულებაზე. მივდივართ იქით, რომ მდიდარია, ღარიბი თუ საშუალო ფენის მოქალაქე, სახელმწიფომ იკისრა მისი უფასო სამედიცინო მომსახურება. ახალი სიცოცხლის მოვლენა გახდა უფასო.

 

 

სამედიცინო მომსახურებისა და სახელმწიფო დაზღვევის კუთხით უამრავი პრობლემაა, ალბათ ამის შესახებაც გაიგებდით...

 

 

თუ ასეა და კანონის მიღმა მოქმედებს რომელიმე სადაზღვევო კომპანია ან საავადმყოფო, ამაზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო.

 

 

თქვენ იყავით ჩართული ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარებაში. აპირებდით პარლამენტისთვის წარგედგინათ კანონპროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციაბორჯღალიამზადებდა. რატომ გადაიფიქრეთ?

 

 

ჩემი უფლებამოსილების ოთხწლიან ვადაში ეკომიგრანტების შესახებ კანონს აუცილებლად დავწერ. არ არსებობს ეკომიგრანტის ცნება ქვეყანაში, ეს არის ჩვენი მოგონილი. მე მაქვს „ბორჯღალთან“ ურთიერთობა. საჭიროა მონაცემთა ბაზის შექმნა, რადგან აჭარის რეგიონიდან ბოლო 25-30 წლის განმავლობაში საქართველოს 55 რაიონში დაახლოებით 50 ათასი ადამიანი არის მიგრირებული. გაუსაძლისია მათთვის უსტატუსოდ ცხოვრება. ამ ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნა ურთულესია.

 

 

რამდენად ნორმალურია, როცა სახელმწიფო ამბობდეს, რომ  ეკომიგრანტი ოჯახების აღწერა არ შეუძლია?

ამას არ ვამბობ. სახელმწიფოს აქვს აღრიცხვა -მონაცემებს აზუსტებენ. არის ისეთი პარამეტრები, რომლებიც დამატებით შესწავლას მოითხოვს. ოჯახი, რომელიც ეკომიგრანტი გახდა 50-იან წლებში და შემდეგ მეორე ოჯახი შექმნა მისმა შვილმა, ისიც ეკომიგრატია თუ არა? – ეს ჩვენ არ ვიცით. დღევანდელი მონაცემებით ისიც ეკომიგრანტია. კანონმდებელმა ზუსტად უნდა განსაზღვროს, ვინ არის ეკომიგრანტი.

 

 

ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობამ წლის მუშაობა შეაფასა, თქვენ როგორ აფასებთ მათ საქმიანობას?

 

 

ხუთბალიანი სისტემით რომ განვსაზღვროთ, მე ვერ ვიტყვი, რომ აჭარის მთავრობის მუშაობა ხუთიანზე უნდა შევაფასოთ. არც უმადური ვარ, რომ ვთქვა ორიანი ეკუთვნით-მეთქი. ალბათ მაინც საშუალოზე შევაფასებ.

 

 

მთავრობა ისევ დიდ ფულს ხარჯავს კომფორტის შესაქმნელად, ასევე პრემიების მისაღებად. წარსულში თქვენ ამას აკრიტიკებდით. რაც პარლამენტში ხართ, მსგავსი ხმამაღალი განცხადება არ გაგიკეთებიათ. შეიცვალეთ აზრი?

 

 

საქართველოს მოქალაქეები ქირაობენ საქართველოს მთავრობას, ქირაობენ კანონმდებლებს… თუ ჩვენ ევროკავშირის ქვეყანა ვხდებით, იქ ხელფასები ძალიან მაღალია. საქართველოს ხელისუფლების ხელფასი არ არის ტოლი ევროკავშირის სახელმწიფო ხელფასისა. თუმცა ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე. მე ჩემს თავზე და საქართველოს პარლამენტზე შემიძლია ვაგო პასუხი, სადაც მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია მიჭირავს და ჩემს სიტყვასა და ხელის აწევას წონა აქვს. ჩვენ საქართველოს პარლამენტში საპრემიო სისტემა გავაუქმეთ. გავაუქმეთ საახალწლო დანამატიც. ეს დავით უსუფაშვილის დამსახურებაა.

 

 

ვიცეპრემიერმა გააკრიტიკა თქვენი გუნდის წევრი ავთანდილ ბერიძე ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენის სურვილისთვის, რამდენიმე დღეში საქართველოს სხვა წევრებმა შეიძინეს გაცილებით ძვირადღირებული მანქანები. ეს რას ნიშნავს?

 

 

კახა კალაძე არის ძალიან ეფექტური პრემიერი. განცხადება, რომელიც კახი კალაძემ გააკეთა, უადგილო არ იყო. როცა მე თითქოს გავაკრიტიკე ის, მე არ მითქვამს, რომ არასწორად მიუდგა საქმეს, მის მოსაზრებას სრულიად ვეთანხმები. უბრალოდ ვამბობ, რომ არ იყო საჭირო მისი გასაჯაროვება, რადგან მთავრობაში ამაზე საუბარი თითქმის დაწყებული იყო.

 

 

დაწყებული როგორ იყო? ამის შემდეგ ირინა იმერლიშვილის ახალი მანქანა ვიხილეთ.

 

ზოგი ჭირი მარგებელია. საქართველოს მთავრობამ მიიღო რეგულაციის კანონი. სამთავრობო დადგენილებით ზედა ზღვარი დადგენილია, თუ რა ტიპის მანქანა ეკუთვნის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. თუ ვიცე-სპიკერს ეკუთვნის X ლარის მანქანა, ის ვეღარ იყიდის Y ლარის მანქანას. ეს რეგულაცია აუცილებელი იყო. კალაძემ საკითხი სწორად დასვა. საქმე იმაშია, იყო თუ არა საკითხის საჯაროდ დასმის აუცილებლობა.

 

 

მურმან დუმბაძე ოპოზიციაში გადადის, შესაძლოა ის ნინო ბურჯანაძის პარტიაში ვიხილოთო ამბობენ. ეს სიმართლეა?

 

 

ასე არ არის. არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ მურმან დუმბაძე იხილოთ ოპოზიციაში. მე ვემსახურები საქართველოს. მინდა გითხრათ, რომ აჭარაში ოპოზიციას სერიოზული პრობლემები აქვს, ოპონენტი აღარ ჩანს. მე არასოდეს ოპოზიციური ფლანგიდან კვერცხი არ მისროლია ლევან ვარშალომიძის ფანჯარაზე. ოპოზიონერობა უნდა იყოს კრიტიკა და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება. თუ ხალხი იმ თვალსაზრისით საუბრობს, რომ ოპოზიციას უჭირს და მურმან დუმბაძე კარგი ოპოზიციონერი იქნება, ამაში გეთანხმებით.

 

 

ბოლო პერიოდში „ატკატების“ თემა გააქტიურდა. ითქვა, რომ უკვე დამტკიცებული დაბალსართულიანი პროექტები იცვლება უფრო მაღლივი პროექტებით. ამბობენ, რომ ამ ნებართვების გაცემას თქვენი გუნდის წევრები ლობირებენ, სანაცვლოდ კი ზოგს ბინას ჩუქნიან, ზოგს – ფულს…

 

 

ეს არის სერიოზული კრიმინალი, სცილდება ჟურნალისტის შეკითხვას და პარლამენტარის პასუხს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. თქვენ უნდა დაასახელოთ ის ვიღაც, ვინც ამბობს, მისი სახელი და გვარი. სისხლის სამართლის დანაშაული ის კი არ არის, რომ აქეთა მხარე ამას სჩადის და კადრულობს, სისხლის სამართლის დანაშაულია ადამიანს დააბრალო ის, რაც არ ჩაუდენია. ჩვენ მივალთ სასამართლოში, ეს სერიოზული ბრალდებააა. მურმან დუმბაძეს ბრალდება ის, რომ ბათუმში ატკატების სისტემა ჩამოყალიბდა და თქვენ გვარი უნდა დაასახელოთ, მე მას პასუხს გავცემ და მივალ სასამართლოში.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: