კვირის ამბები

როგორ გადაანაწილებს კვოტებს “ქართული ოცნება” არჩევნებისთვის

06.03.2014
როგორ გადაანაწილებს კვოტებს “ქართული ოცნება” არჩევნებისთვის

 

კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ექვსი პარტიაა გაერთიანებული. ამ ექვსი პარტიიდან ვის უფრო წარმომადგენლობითი კანდიდატები ეყოლება ერთიან საარჩევნო სიაში, ვინ მეტ კანდიდატს დაასახელებს მაჟორიტარულ ოლქებში ან მეტ წევრს შეიყვანს საკრებულოში, ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე, მერი ან გამგებელი _ ეს ის საკითხებია, რომლებზეც კოალიცია “ქართული ოცნების” პარტიები ჯერჯერობით დამოუკიდებლად, შიდა პარტიულ ორგანიზაციებში მსჯელობენ. ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი ჯერჯერობით ღია დაპირისპირების საბაბი არ გამხდარა.

 

“საერთო ფორმულა ჯერ შემუშავებული არ არის”, _ ამბობენ კოალიციაში შემავალი პარტიების რეგიონული ლიდერები აჭარაში. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტსაბჭო ჯერ არ შეთანხმებულა საერთო პრინციპზე, რომლის თანახმადაც გადანაწილდება ადგილები მაჟორიტარულ ოლქებსა და კოალიციის ერთიან საარჩევნო სიაში.

 

ვიდრე პოლიტსაბჭო თბილისში გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბება, პარტიები რეგიონებში დამოუკიდებლად მუშაობენ.
`მუშაობა მიმდინარეობს არამარტო ქალაქში, არამედ მუნიციპალიტეტებსა და თემებშიც კი. შევარცხვინე ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ახლა ამაზე არ ფიქრობს. ადამიანთა ჯგუფს, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს, ბუნებრივია აქვს სურვილი წარმომადგენლობით ორგანოში რაც შეიძლება მეტი წევრი ჰყავდეს, ასევე აღმასრულებელ ორგანოშიც. მერის ან გამგებლის თანამდებობაზე კი მისი წარმომადგენელი იყოს წარდგენილი, ეს არის სრულიად ბუნებრივი პოლიტიკური პროცესი~, _ ამბობს “ქართული ოცნების” წევრი მურმან დუმბაძე.

 

არათუ მუშაობენ, კანდიდატებზე უკვე შეჯერდნენ “კონსერვატორების” აჭარის რეგიონულ ორგანიზაციაში. “ჩვენ უკვე მზად ვართ, თუმცა საერთო პრინციპი რომლითაც ვიხელმძღვანელებთ, ჯერ პოლიტსაბჭოს არ მიუღია”, _ უთხრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაციკაძემ, “ბათუმელებს”.

 

“თითოეული პარტია წარმოადგენს თავის კანდიდატურას, შემდეგ კი შევჯერდებით. ერთადერთი, რაზეც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში ჩვენი პარტიის კანდიდატი, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე იქნება”, _ ამბობს “თავისუფალი დემოკრატების” რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

“თავისუფალი დემოკრატების”  ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე კობა ჩხეიძეა. ის ამჟამად აჭარის მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.

 

კანდიდატებზე მსჯელობენ “რესპუბლიკელებიც”, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი მასალკინის თქმით, სიის პირველ ნომრად ჩაწერილი პირი დღემდე არსებული პრაქტიკით საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია. შესაბამისი კარტბლანშის მინიჭების შემთხვევაში “რესპუბლიკელები” ამ თანამდებობაზე ბათუმის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს მოიაზრებენ.

 

კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები ბათუმში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიტსაბჭო თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიანი საარჩევნო სიისა და მაჟორიტარული ოლქების კანდიდატების დასაკომპლექტებლად `ორმოცდაათს პლუს ერთის” პრინციპს გამოიყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია `ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” საარჩევნო და მაჟორიტარული სიის 51 პროცენტს თავისი კანდიდატებით დააკომპლექტებს, დანარჩენს კი _ კოალიციაში შემავალი ხუთი პარტია _ “კონსერვატორები”, “რესპუბლიკელები”, “მრეწველები”, `თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი” _ გაინაწილებს.

 

პარტიების რეგიონულ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ გადანაწილების ეს პრინციპი მათთვის მისაღებია მხოლოდ საარჩევნო სიის დაკომპლექტებასთან მიმართებაში, მაჟორიტარული სია კი სხვა პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს.

 

“ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ ვის უფრო ავტორიტეტული კანდიდატები ეყოლება ოლქებში”, _ ამბობს გიორგი მასალკინი.
იმავე მოსაზრებას იზიარებენ სხვებიც.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.