,,ქართული ოცნების’’ საარჩევნო სია ბათუმში

 

 

ბათუმში “ქართული ოცნების” პირველ ნომერთან – ირაკლი ჭეიშვილთან დაკავშირება “ბათუმელებმა” ვერ მოახერხა.
“ოცნების” სიაში მეორე ნომერი კი ირაკლი ჩავლეიშვილია. ის “ქართული ოცნების’’ პროპორციულ სიაში “რესპუბლიკელების” კვოტით მოხვდა. ირაკლი ჩავლეიშვილი უკვე მეორე მოწვევის საკრებულოს წევრი, 2013 წლის იანვრიდან კი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა. წინასაარჩევნოდ კვოტებისა და ადგილების გადანაწილებაზე საუბრისას “რესპუბლიკელები” ირაკლი ჩავლეიშვილს ახალარჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ მოიაზრებენ. თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად საკუთარ თავს ირაკლი ჩავლეიშვილი თავადაც განიხილავს. ის ამბობს, რომ როგორც ორი მოწვევის საკრებულოს წევრს და ამ მხრივ გამოცდილ ადამიანს, ამბიცია აქვს ისევ განიხილებოდეს ამ თანამდებობაზე.

“ის, რომ ირაკლი ჭეიშვილი სიის პირველი ნომერია, არ ნიშნავს იმას, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ განიხილება. ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. იმის თქმით, რომ ირაკლი ჭეიშვილი უკვე განიხილება, კნინდება საკრებულოს როლი. ამიტომ ვფიქრობ, რომ არასწორია. რაც შეეხება იმას, განვიხილავ თუ არა საკუთარ თავს მომავალი საკრებულოს თავმჯდომარედ. გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, განვიხილავ. ჩემი თავმჯდომარეობის დროს მე შევძელი ის, რომ დამებალანსებინა საკრებულო. ბათუმის საკრებულოში არ ყოფილა ისეთი შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება, როგორიც სხვა საკრებულოებში.

ჩემი თავმჯდომარეობის დროს შემოვიღეთ ასევე სხდომების პირდაპირი ტრანსლირება, რამაც უფრო მეტი ჩართულობა და ინტერესი გამოიწვია საზოგადოების მხრიდან” – უთხრა ირაკლი ჩავლეიშვილმა “ბათუმელებს”.

ირაკლი ჩავლეიშვილი 2006-2010 წლებში ბათუმის საკრებულოს წევრი, 2008-2010 წლებში საკრებულოში ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე იყო. 2010 წლის ივნისიდან ირაკლი ჩავლეიშვილი ახალი მოწვევის საკრებულოში ისევ შევიდა. ცოტა ხანში კი ოპოზიციური ფრაქციის “ბათუმისათვის” თავმჯდომარედ აირჩიეს. პარალელურად ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. ირაკლი ჩავლეიშვილი პროფესიით ისტორიკოსი დაისტორიის მეცნიერებათა დოქტორია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

მესამე ნომრად ბიზნესმენი თამაზ თურმანიძე ჩაწერეს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის ბათუმში კოალიციის ორგანიზაციის ლიდერადაც განიხილებოდა. ამ პერიოდში “ქართული ოცნების” ლიდერის ამპლუაში ბათუმში ჩამოვიდა.
თამაზ თურმანიძე წარმოშობით ბათუმელია. მისი მშობლები დღესაც ბათუმში ცხოვრობენ,თუმცა თვითონ, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, თბილისში ცხოვრობს და ბიზნესითაა დაკავებული. აქვს რამდენიმე დეველოპერული კომპანია, მათ შორის “სოლო ჯგუფი” და საკუთარი ჟურნალი, რომლის გამოცემა ამ პერიოდისთვის შეჩერებულია. საქართველოს გარდა, თამაზ თურმანიძეს ბიზნესი აქვს უკრაინასა და ჩეხეთში.” ბიზნესმენი ამბობდა, რომ მისი და პრემიერ ივანიშვილის პოლიტიკური გზები ბიზნესს არ უკავშირდება. ამბობს, რომ მისი პოლიტიკური აქტივობა 2003-2004 წლებში დაიწყო. “ეს აქტივობა აჭარის რევოლუციის მეორე დღესვე დასრულდა, როცა აჭარის ტელევიზიაში შევარდნენ. ჩავთვალე, რომ, ალბათ, მე ვერ ვხედავ რაღაცას სწორად-მეთქი და განვერიდე”.

მეოთხე ნომრად სიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი კობა ჩხეიძე ჩაწერეს. ის ირაკლი ალასანიას პარტიის ,,თავისუფალი დემოკრატების’’ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ცოტა ხნის წინ კი მთავრობის აპარატის სოციალურ ეკონომიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2008-2012 წლებში კობა ჩხეიძე “Adjarian Tobacco”- დირექტორის ასისტენტად მუშაობდა. კობა ჩხეიძეს დამთავრებული აქვს ევროსაბჭოს პოლიტიკურ სწავლებათა ზაფხულის უნივერსიტეტი და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა. ასვევე, ნიკოლაევის გემთმშენებელი ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (უკრაინა). “ჩემი მიზანია ბათუმის განვითარება, რაც მხოლოდ ინფრასტრუქტურას არ გულისხმობს. ეს გულისხმობს გარემოს, რომელშიც ბათუმელები ლაღად იგრძნობენ თავს. ვგულისხმობ ადამიანზე მორგებულ ინფრასტრუქტურას, წინასწარ პროექტირებაზე დაფუძნებულ საქმიანობას და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებას”, – უთხრა კობა ჩხეიძემ “ბათუმელებს.

მეხუთე ნომერი პროფესორი თენგიზ აფხაზავაა. მეექვსე ნომრად კი დიმიტრი დარჩია ჩაწერეს. მეშვიდე პოზიცია “ქართულ ოცნებაში – შეხვდა ნატალია ზოიძეს, შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორს. მერვე ნომრად მამუკა ჯაში ჩაწერეს. ის კოალიციაში მრეწველების კვოტით შევიდა.საკრებულოში სოციალური მიმართულებით გეგმავს მუშაობას. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძირითადად ოჯახური ბიზნესით იყო დაკავებული და სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობდა.

 

მამუკა ჯაში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი ჯაშის შვილია. მეცხრე პარმენ მგელაძე, მეათე კი ყოფილი მოსამართლე დავით ანანიძე იქნება. “ქართულ ოცნებას” ბათუმის ყველა უბანში თავისი მაჟორიტარები ჰყავს წარდგენილი. ბათუმის საკრებულოში კი სულ 23 დეპუტატი უნდა აირჩიონ.

სოლიდარობის აქცია გეგუთის ციხეში დაღუპული პატიმრების ოჯახებს

 

სოციალურად დაუცველები, სოლიდარობას უცხადებენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გეგუთის ციხეზე მათი შვილების, გიგა ფარტენაძისა და ავთო მაისურაძის დაღუპვის გამო.

მაჭახლის თემში კულტურის სახლს რეაბილიტაცია უტარდება

 

 

სარემონტო სამუშაოებს შ.პ.ს. „ლადა“ აწარმოებს, სამუშაოები მიმდინარე  წლის აპრილის თვეში დაიწყო და 2 კვირაში დასრულდება. სამუშაოებზე ადგილობრივებია დასაქმებული.


25 წლის განმავლობაში შემოქმედებით ჯგუფებს ამორტიზირებულ კულტურის სახლში უწევდათ მუშაობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გეგმა ქობულეთში

 

12:00 საათი – საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის ყვავილებით შემკობა;


12:15 საათი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „დამოუკიდებლობის დღე“ –  საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის სკვერი;


12:15 – 13:00 საათი – ფოტო-გამოფენა – საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის სკვერი;


13:00 საათი – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი – ქობულეთის სახელოვნებო სკოლა;


14:00 საათი – მინი-ფეხბურთში გოგონათა შორის ტურნირი- ქობულეთის სასპორტო სკოლა.

კვლევა: დღევანდელი საარსებო მინიმუმი რეალურზე ორჯერ დაბალია

“კონკრეტულად აჭარის მნაცემებზე დაყრდნობით და ბათუმის ბაზრების შესწავლისას დავადგინეთ, რომ საარსებო მინიმუმი აჭარაში შრომისუნარიან მამაკაცისთვის შეადგენს  305 ლარს” – ამბობს როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი რამაზ გერლიანი.

ცენტრის თანამშრომლება კვლევა დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარადგინეს. “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან კრიალაშვილის განმარტებით, მათ აღმოაჩინეს მეთოდოლოგიური ხარვეზები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დაანგარიშებულ საარსებო მინიმუმში, რის გამოც საქართველოში საარსებო მინიმუმი ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს – ” საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს ძველი მეთოდოლოგიით ითვლის, ჩვენ კი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოვიანგარიშეთ ეს ციფრი”.

როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი რამაზ გერლიანი განმარტავს, მათ კვლევა 70 საკვები პროდუქტის ფასებზე აწარმოეს, მაშინ როცა სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, კვლევას საერთო ჯამში 40 საკვებ პროდუქტის ფასების მიხედვით აწარმოებს და მაშინ როცა ახლა, შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმად დღეში 2300 კილო კალორიაა დადგენილი, “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის” კვლევების მიხედვით, შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი დღეში 2500 კილოკალორიაა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კვლევა რვა რეგიონში – თბილისში, თელავში, მარეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში აწარმოა, მაშინ როცა სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, კვლევას საქართველოს მხოლოდ ხუთ ბაზარზე აწარმოებს.

რამაზ გერლიანისა და ქეთევან კრიალაშვილის თქმით, ინფლაციის დონისა და სხვა ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მათი საკვლევი მეთოდოლოგია თითქმის სრულად შეესაბამება დღევანდელ რეალობას და სასურველია კვლევის ეს მეთოდები სახელმწიფომაც გაითვალისწინოს.

თვის ბოლოს ორგანიზაცია კვლევის პრეზენტაციას თბილისშიც გეგმავს, სადაც რამაზ გერლიანის თქმით მოწვეული იქნება სახელისუფლებო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

შშმ პირები და სტუდენტური აქტივობები

 

 

შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა შშმ პირების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს როლი აღნიშნული სოციალური ჯგუფის უფლებების დაცვის რეგულაციების კუთხით და სხვა.

 

შეხვედრაზე მიწვეული იყო ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც, საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაუზიარეს სტუდენტებს, სოციალური ფონის გაუმჯობესების შესახებ შშმ პირების მიმართ.

 

აქტივობას ორგანიზებას უწევდა საინიციატივო ჯგუფი „დემოსი“, რომელიც ჩამოყალიბდა საუნივერსიტეტო საგნის „დემოკრატია და მოქალაქეობა“ ფარგლებში. ჯგუფი მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას.

 

 

26 მაისს ბათუმში, ერას მოედანზე, წიგნების გამოფენა – გაყიდვა გაიმართება

 

გამოფენაზე იქნება გამოტანილი 9 გამომცემლობის („ელფი“ „სულაკაური“,„დიოგენე“, „პალიტრა L“, „ლოგოს პრესი“, „ჯემალ ქარჩხაძე“, „საბავშვო ენციკლოპედია“ , „საქართველოს მაცნეს“ „ლაბრინტი“ ) ახალი წიგნები.

 

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ შეიძინონ ახალი წიგნი – ,,მოგზაურობა ძველ ბათუმში’’. წიგნში გამოქვეყნებული მასალები მომზადებულია ისტორიულ ცნობებზე, დოკუმენტებსა და მოგონებებზე დაყრდნობით. წიგნი დასურათებულია კერძო ფოტოკოლექციებში დაცული უნიკალური ფოტომასალით, რომელიც ძველი ბათუმის ყოფა-ცხოვრებას, ქუჩებსა და ისტორიულ ფაქტებს ასახავს.

 

ღონისძიება ტარდება არასამთავრობო ორგანიზაციების „პრესკაფეს“ და ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით.

 

გამოფენა – გაყიდვის საინფორმაციო მხარდაჭერები არიან ყოველკვირეული ბეჭდური გამოცემა – გაზეთი „ბათუმელები“ და ახალი ამბების  გამოცემა – www.netgazeti.ge

 

ოჩხამურში მოკლული ქალის შვილებს სახელმწიფო 600-700 ლარს გადაუხდის

 

მკვლელობა ოჩხამურში დღეს გამთენიისას  მოხდა. შსს-ს ცნობით ქმარმა ცოლი მოკლა, მოგვიანებით კი თავი ჩამოიხრჩო. მოკლულ ქალს რვა შვილი  ჰყავდა,  მეცხრეზე  კი ფეხმძიმედ იყო.  როგორც „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა თემურ ქარცივაძემ განუცხადა  რვავე ბავშვი გადაუდებლად  მინდობის აღზრდის პროგრამაში ჩაერთო.

 

„ბავშვები უკვე წამოვიყვანეთ სოფლიდან ჩვენს სოცმუშაკთან ერთად და განვათავსეთ წინასწარ მომზადებულ, ადაპტირებულ ოჯახებში.  ოთხ-ოთხი ბავშვი გადავანაწილეთ ორ ოჯახში. სოფლის ტიპის დასახლებაში იცხოვრებენ, ერთმანეთთან ახლოს  და ყოველდღიური კონტაქტი ექნებათ.  ამჟამად ძალიან კარგ პირობებში არიან, დაბანილები, ჩაცმულები და დაპურებულები,“ –  განაცხადა თემურ ქარცივაძემ.

 

მისივე განცხადებით ბავშვები სოციალური მუშაკის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. სასკოლო ასაკი ორი ბავშვისათვის კი შეირჩევა უახლოესი სკოლა და უმოკლეს დროში შეძლებენ სწავლის განახლებას.

 

„სახელმწიფო ამ ბავშვებზე 18 წლამდე იზრუნებს.  სახელმწიფო პროგრამით არანათესავი, მიმნდობი აღმზრდელი ოჯახი თითო ბავშვზე 600-დან 700 ლარამდე თანხას მიიღებს ყოველთვიურად,“ – აცხადებს თემურ ქარცივაძე.

 

 

 

ოჩხამურში მოკლული ქალის ქმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს

 

მკვლელობა ოჩხამურში გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქმარმა ცოლი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

 

შსს-ს ცნობით, თეიმურაზ ქ-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლეს, 30 წლის რუსუდან ბ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა:

 

“დაჭრილი ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა თეიმურაზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

 

 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 115-ე მუხლით)”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გოჩა გუგუნავა – ბათუმის მერობის კანდიდატი: ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს არ დავუჭერდი

 

 

 

გოჩა გუგუნავა თვლის, ბათუმში არსებული თვითმმართველობის მთავარი პრობლემა გამჭვირვალობის დეფიციტია. ის ამბობს, რომ თუ მერად აირჩევენ, ხალხთან ერთად გააკეთებს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვას. თუმცა, კითხვაზე -მოგითხოვიათ თუ არა რაიმე ინფორმაცია ბათუმის მერიიდან, რაზე პასუხიც არ მიგიღიათ, ამბობს – „პირადად მე არ მომითხოვია“.

 

გოჩა გუგუნავა, რომელიც საკუთარ თავს წარმატებულ ბიზნესმენს უწოდებს, ბიზნესის განვითარების მისეულ კონცეფციას ასე აყალიბებს: „ჩვენ ყველა ვიძახით და შეგვასწავლეს, ინვესტორი არის ან თურქი ან უკრაინელი ან ვიღაც სხვა ქვეყნიდან მოსული ადამიანი. მე, პირადად, მიმაჩნია – ინვესტორი ჩვენ ვართ თვითონ ქართველები. ჩვენ იმის უნარიც გაგვაჩნია და შესაძლებლობაც, ავაშენოთ და გავაკეთოთ კაფე-ბარებიც და თუ გინდ რესტორნებიც. ჩემი მერად მოსვლის შემთხვევაში, პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნება ქართველ ინვესტორზე, ვიდრე სხვა ინვესტორზე“.

 

შეკითხვაზე, მისი გამერების შემთხვევაში, ხომ არ გაჩნდება მერიის ტენდერებში ჩანაწერი – „მონაწილეობენ მხოლოდ ქართველი ბიზნესმენები“, ამბობს: არა, მაქ არ იწერება მასეთი რაღაცები, მაგრამ შეიძლება ჩაიწეროს ასეთი პუნქტები, რომ შესრულდეს ყველა მოთხოვნა, მაგალითად, ქართველი ხალხის დასაქმება“.

 

საკუთარ თავს უწოდებს სიტყვის კაცს. ფიქრობს, რომ ასლან აბაშიძის ვაჟთან, გიორგი ბაშიძესთან მეგობრობა ხმებს არ დააკარგვინებს: „გიორგი აბაშიძე და მე ვსწავლობდით ერთ სკოლაში. ჩვენ ვმეგობრობდით სკოლაში. მან დაინახა ჩემში პოტენციალი და 18 წლის ასაკში დამნიშნა დირექტორად. 18 წლის ასაკიდან დასაქმებული მყავდა მინიმუმ 1000 კაცი“.

 

ამბობს, რომ ასლან აბაშიძესთან ურთიერთობა ზოგადად არ ჰქონია, ბოლოს კი 2013 წელს შეხვდა, ანუ მაშინ, როცა მოსკოვში ვიზიტად მყოფ საქართველოს პატრიარქს ახლდა.  

ბათუმში ვირუსული მენინგიტის 11 შემთხვევა დაფიქსირდა

 

„მსუბუქი საშუალო სიმძიმის შემთხვევებია. ერთი ბავშვი გავწერეთ,  ერთი თბილისშია გადაყვანილი,  1 ამბულატორიულია,  8 პაციენტი კი ჰოსპიტალიზირებულია,“ – განუცხადა „ბათუმელებს“  აჭარის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ ნინო  ნიჟარაძემ.

 

განათლებისა და  ჯანდაცვის სამინისტროების გადაწყვეტილებით საქართველოს ყველა ბაღსა და საჯარო სკოლაში  მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლა 27 მაისამდე შეწყდა.     სწავლის შეწყვეტის მიზეზი ვირუსული მენინგიტის გახშირებული შემთხვევებია. 

ბათუმის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესები

 

ორგანიზაციის წარმომადგენელმა მალხაზ ჭკადუამ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შესწავლილი ტენდერების საფუძველზე განაცხადა, რომ ბათუმის თვითმმართველობაში გამარტივებული ტენდერების მეშვეობით კორუფციის რისკები იკვეთება.

 

მალხაზ ჭკადუა

 

 „ტენდერები ხშირ შემთხვევაში იყო გაუმჭვირვალე. კომპანიები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას, იყვნენ ერთი პრეტენდენტით წარმოდგენილი, მათ კონკურენტი არ ჰყავდათ. ბათუმის საკრებულომ წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა პრაქტიკა, როცა გამარტივებულ შესყიდვებს აფორმებდა იმ კომპანიებთან, სადაც წილებს ფლობდნენ ბათუმის საკრებულოს წევრები. საუბარია მილიონობით ლარზე“.

 

ორგანიზაციის მოკვლევით ბათუმის საკრებულოს ექვსი წევრი იმ კომპანიების მეწილეები არიან, რომლებიც ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერებში რეგულარულად იმარჯვებდა.

 

ნუკრი დოლიძე დამოუკიდებელი დეპუტატი, ბათუმის საკრებულოს წევრი. ფლობს კომპანია „მონოლითი 2005“-ის 25%-იან წილს, ასევე კომპანია „ბონდი-2009“-ის 25%-იან წილს. „მონოლითი 2005“-მა 2011 წლიდან დღემდე 66  ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა. 27 ტენდერში გაიმარჯვა. ამ ხნის განმავლობაში კომპანიის შემოსავლი 7 500 710 ლარი შეადგინა.

 

ბესარიონ ჭოხონელიძე დამოუკიდებელი დეპუტატი ბათუმის საკრებულოს წევრი. ბესარიონ ჭოხონელიძე შპს „ვიპ დიზაინის“  20%-იანი წილის მფლობელია. 2013 წლის 16 იანვრამდე ჭოხონელიძე 15%-იანი წილი ეკუთვნოდა შპს „გრანიტში“. 2013 წლის 16 ოქტომბრამდე ბესარიონ ჭოხონელიძეს ეკუთვნოდა 25%-იანი წილი შპს „სამშენებლო კომპანია ბათუმშიც“, რომელმაც 2013 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს რეგიონული განითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან  გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე სენაკი-ფოთის საავტომობილო გზის 117-119 მონაკვეთზე ფერდობების გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები 1 771 822.38 ლარად შეასრულა.

 

თამაზ გორგილაძე დამოუკიდებელი დეპუტატი ბათუმის საკრებულოს წევრი. 25%-25%-იან  წილს ფლობს კომპანიებში „სამშენებლო კომპანია ბათუმსა“ და შპს „დელტაში“.

 

გიორგი გაბაიძე დამოუკიდებელი დეპუტატი. ბათუმის საკრებულოს წევრი. შპს „ბარამბო XXI“-ში 25%-ის მეწილე და შპს „ზედაზენი აჭარის“ 10%-იანი წილის მფლობელი.

 

ვაჟა ვერულიძე დამოუკიდებელი დეპუტატი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. შპს „აუდიტორული, საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრი BDO ლიდერი“ 50%-ს ფლობს. დანარჩენ 50%-ს კი მისი მეუღლე ნანა ხინიკაძე. ნანა ხინიკაძე „თაობა XXI“-შიც ფლობს 20-%.

 

მამული ჟღენტი „კონსერვატიული პარტია“ ბათუმის საკრებულოს წევრი. ის 100%-ით ფლობს შპს „კეთილ საქმეს“.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის წარმომადგენლობა რეკომენდაციით მიმართავს სახელმწიფო დაწესებულებებს.

 

 „გამარტივებული შესყიდვა ეს არის ფორმა, როცა გადაუდებელი საჭიროება დგას რაღაც საკითხის მოსაგვარებლად და უწყებას უწევს ფორსმაჟორ სიტუაციაში მუშაობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეკომენდაციაა ბათუმის თვითმმართველობამ და სხვა სახელმწიფო დაწესებულებამ, უკიდურეს შემთხვევის გარდა, თავი აარიდონ გამარტივებულ შესყიდვების ხელშეკრულებებს, რომ დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები და შემცირდეს კორუფციის რისკები,“ – განაცხადა მალხაზ ჭკადუამ. 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობა სამომავლოდ,  დეკლარაციის სწორად შევსებისა და ქონების არ დამალვის მიზნით აპირებს შეისწავლოს აჭარაში სახელმწიფო სამსახურებში  ქონებრივი დეკლარაციები.

 

 

 

 

ოჩხამურში მოკლულ ქალს 8 შვილი ჰყავდა

 

მკვლელობა გამთენიით დილით 6 საათზე მოხდა. ქალი ყელის არეში ცულის ჩარტყმით არის მოკლული. როგორც სოფელში ამბობენ, მკვლელობას ჰყავს თვითმხილველები: ოჯახში ჰყავდათ სტუმრები, რომლებიც ღამეს ეზოში მანქანაში ათევდნენ. სწორედ მათ გაიგონეს ხმაური სახლიდან და პირველები  შევიდნენ მკვლელობის ადგილზე. სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო.

 

როგორც სოფელში ამბობენ, ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. მოკლული ქალი 30 წლისაა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიმალვაშია. 

როგორ აღნიშნავენ 26 მაისს ბათუმში

 

ღონისძიებები დილის თერთმეტი საათიდან დაიწყება. 11 საათზე ზღვისპირა პარკში ველორბოლა აიღებს სტარტს, პარალელურად  ყინულის სასახლეში ფიგურულ სრიალში გალა-წარმოდგენა გაიმართება.

 

12 საათზე 6 მაისის პარკში მკლავჭიდში შეჯიბრება მოეწყობა, პარალელულად, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ გაიმართება შეჯიბრება მაგიდის ჩოქბურთში, ხოლო მემედ აბაშიძისა და ნინოშვილის ქუჩებზე სასულე ორკესტრის მსვლელობა ,,ბერიკებთან ერთად“ გაიმართება.

 

13.00 საათზე სასტუმრო ინტურისტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბათუმელი მხატვრების გამოფენა მოეწყობა.

 

14.00 საათზე ამავე ადგილას კამერული ორკესტრის კონცერტი გაიხსნება, ხოლო მემედ აბაშიძის გამზირზე ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეთა აღლუმი დაიწყება.

 

15.00 საათიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმების წარმოდგენები გაიმართება, 18.00 საათზე კი კოლონადებთან ჯაზ-ბიგ-ბენდის კონცერტი შედგება.

 

20.00 საათზე დაგეგმილია გალა კონცერტი ევროპის მოედანზე და 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

 

ბათუმი

შსს: ოჩხამურში ქმარმა ცოლი მოკლა

 

  სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით ამჟამად  აჭარის მთავარი სამმართველო აწარმოებს სამძებრო ღონისძიებებს მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად.

 

გამოძიება  109-ე მუხლით მიმდინარეობს (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში).

დღეიდან ბაღებსა და სკოლებში სწავლა დროებით შეწყდა

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ ეს დღეები გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებებმა მოახდინონ სკოლებისა და ბაღების გაძლიერებული სანიტარული დამუშავება. გაცდენილი საგაკვეთილო საათები კი  ორი შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

 

განათლების სამინისტრო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის არაერთი შემთხვევა. მოზარდების, მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირებულობის, უსაფრთხოებისა და   პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ მკაცრად დაიცვათ სანიტარულ – ჰიგიენური ნორმები!

 

სკოლები ვალდებულნი არიან განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:


გააფრთხილონ მოსწავლეები და მასწავლებლები პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვის მნიშვნელობის შესახებ;

 

უზრუნველყონ სველი წერილებისა და სასადილოს ტერიტორიის ინტენსიური დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით;

 

მოახდინონ მოსწავლეების ინფორმირება, რომ კვებისას არ ისარგებლონ ერთი ჭურჭლით;

 

სკოლის მთელ ტერიტორიაზე  განახორციელონ დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშოები;

 

სველი წესით ან სადეზინფექციო საშუალებებით ინტენსიურად  დაამუშაონ ხშირად შეხებადი ზედაპირები.

 

 იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის პირველადი სიმპტომები:


გაღიზიანებადობა, უმადობა, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, კისრის დაჭიმვა, მკაფიო სინათლეზე სენსიტიურობა, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება – დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

 

იმ სკოლებმა, სადაც დაფიქსირდა მოსწავლის დაავადება ვირისული მენინგიტით, დაუყოვნებლივ მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. მშობლებმა უზრუნველყონ შვილების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ოჯახის პირობებში.

 

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს განმარტება მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით

 

ფოტო: www.adjaristsqali.com

 

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ განმარტება:


შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს განმარტებით, სტატიაში საუბარია მხოლოდ  მდინარის კალაპოტებზე, რომელთა გასხვისებაც ან პრივატიზაცია აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად, კომპანიას გადაეცა მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია ჰესის მშენებლობისათვის და სახელმწიფოს წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად.

 

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც მოსარგებლეებს არ გააჩნდათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ ფაქტობრივად სარგებლობდნენ ამ მიწებით (სათიბი, საძოვარი). მიუხედავად იმისა, რომ ამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო და არც კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთი მიწის ნაკვეთების კომპენსაციას, კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება და გასცა კომპენსაცია ასეთი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ. შედეგად, მიწის მოსარგებლეებმა მიიღეს საკომპენსაციო თანხა, რომელიც აღემატებოდა მიწის საბაზრო ღირებულებას. მოსარგებლეებზე გაცემულმა ჯამურმა თანხამ  10 მილიონ ლარზე მეტი შეადგენს.

 

მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მოსარგებლეებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდათ, კანონმდებლობის შესაბამისად დაარეგისტრირა სახელმწიფომ და თმობის ხელშეკრულებით დადასტურებული კომპენსირების საფუძველზე კომპანიას მიწა გადმოეცა ნომინალურ თანხად, 1 ლარად, რაც შესაბამისობაშია შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წელს ხელმოწერილ განხორციელების მემორანდუმთან.

 

ის მიწის ნაკვეთები კი, რომლებზეც მოსარგებლეები არ ფიქსირდებიან, კომპანიამ შეისყიდა სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოების მიერ დადგენილი ფასების შესაბამისად. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, კომპანიას დღემდე 250,000 ლარი აქვს გადახდილი.  

კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

მოხალისეებმა ასევე მოაწყვეს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების შესახებ პრეზენტაცია და აჩვენეს ვიდეო-რგოლები.

გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ცენტრის წევრების მიერ მომზადებული ებრაული ფურიმი, უდიური ფახლინხუპი, სლავური ბლინები, თურქული ფუნთუშა და ჰალვა, სომხური ქადა, კლოჭი, ბერძნული და რუსული სალათები, ინდური ჩაი და სხვა კერძები.


სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდული ცენტრის წევრები ასე გამოიყურებოდნენ

ორგანიზატორების თქმით, ამ ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა რეგიონისა და ეთნიკური ჯგუფების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების გაღვივება, მათ მიმართ არსებული არასწორი სტერეოტიპების გაქარწყლება, აგრეთვე მათი კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

კახა გურგენიძე, ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეა, ის ბათუმელია და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტია,  კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, თურქეთის რესპუბლიკას წარმოადგენდა, მის აქტივობას კი ასე ხსნის:  „აი მაგალითად, რომ ამბობენ თურქებზე ესენი უკულტურო ხალხიაო,  ან  ბოშებს, რომ მათხოვრებად მიიჩნევენ, სულაც არ არის  ასე.

მე ყველანაირ უმცირესობების მიმართ ტოლერანტი ვარ. ჩემი მიზანია დავანახო ხალხს და გავაცნო, რომ მხოლოდ ქართველები არ გამოვირჩევით კულტურითა და ტრადიციებით, სხვისი, (ამ შემთხვევაში მე თურქეთს წარვადგენდი,) სხვისი კულტურაც დასაფასებელია და მრავალფეროვანი. რაც შეეხება სხვა უმცირესობებს, მაგალითად რელიგიური ან თუნდაც სექსუალური ძალიან ჭირდება ჩვენ ხალხს ამ თემებზე საუბარი, რადგან სიმართლე გაიგონ და ის ძველი და არასწორი შეხედულებები გაუქრეთ, აი თურმე ქართველი მუსულმანი არ არსებობს და რომ ქართველი გეი არ არსებობს, და ავადმყოფები არიან ეს არის არასწორი“.

ნინო ბერიძე, სკოლის მოსწავლე, ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე: ” მსგავსი ტიპის აქტივობა ძალიან საინტერესო და სახალისოა. ყოველი ჩვენთაგანი გავეცანით სხვადასხვა კულტურას, გავსინჯეთ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ტრადიციული საჭმელები და ჩავიცვით ზუსტად ისე, როგორც ისინი აკეთებენ. შანსი მოგვეცა მოგვესმინა ცოცხალი მუსიკაც, რომლებიც ბოშებმა შეასრულეს.”

აქტივობა განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის ფარგლებში “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში”(ANI). პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

თანამედროვე ხელოვნება „41/41“-ზე

 

შემინული, გამჭვირვალე შენობა ორსართულიანია. პირველ სართულზე გამოფენაა, მეორეზე კი – მხატვარ გელა წულაძის სახელოსნო. შენობას ჯერ აბრა არა აქვს, თუმცა ცნობისმოყვარე ტურისტები და ახალგაზრდები ხანდახან მაინც სტუმრობენ გალერეას. გელა წულაძე ამბობს, რომ ამ შენობაში, გასულ წელს, აგვისტოში ჩატარებული ფესტივალ Street art“-ის ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრები გამოფინეს. შენობა მხატვრებს „სილქროუდ ჯგუფმა“ და „იბერია ჯგუფმა“ დაუთმეს.


გელა წულაძის განმარტებით, ფესტივალს  Street art, Dot Comma ატარებს. „ამ ჯგუფმა დააარსა ეს გალერეა. ასევე  პარიზში არის ძალიან ცნობილი გალერეა – „დაიჭირე სიზმარი“, რომელიც წარმოადგენს Street art-ის მხატვრებს. მათ ჰყავთ ოცამდე მხატვარი, რომლებიც ევროპის სხვადასხვა  ქალაქში მუშაობენ და მათთან თანამშრომლობით ვახერხებთ Street art-ის, ქუჩის მხატვრობის ჩვენებას საქართველოში.

 

„წელს ვემზადებით მეორე „შტრეეტ არტ“-სთვის, რომელიც 21 ივნისიდან 27 ივნისამდე ჩატარდება ბათუმში. მოიხატება ათამდე კედელი, ფესტივალში სულ 18 მხატვარი მიიღებს მონაწილეობას. ჩამოგვყავს ათი მხატვარი საფრანგეთიდან, ასევე თბილისიდან. ამ სივრცეში გამოიფინება ამ მხატვრების დაბეჭდილი ნამუშევრები, ეს Street art ერთი ნაწილია“, – ამბობს გელა წულაძე.

 

 

საგამოფენო დარბაზს 41/41 ეწოდება. „41 – ჩრდილოეთი, 41 – აღმოსავლეთი – ეს არის  ბათუმის კოორდინატები, მერიდიანისა და პარალელის გადაკვეთა. ასევე ჩვენ ვიყენებთ იმ იდეას, რომ ასი წლის წინ ძმებმა ზდანევიჩებმა, რომლებმაც თავის დროზე აღმოაჩინეს ფიროსმანი, შექმნეს პირველი ავანგარდული ჯგუფი „41 გრადუსი“. 2019 წელს იქნება 100 წლისთავი ამ ჯგუფის და ჩვენი იდეაა, გალერეამ იმუშაოს იმ ქალაქებთან, რომლებიც 41-ე გრადუსზე იმყოფებებიან. ესაა თბილისი, ბაქო, სტამბოლი, რომი, ბარსელონა, ნიუ-იორკი, პიცბურგი, ჩიკაგო და სხვა ქალაქები. ამ წრეზე გვინდა ვიმუშაოთ. პირველი გამოფენა კი, რომელიც წელს, Street art-ის შემდეგ იქნება, არის შავი ზღვის თემა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ერთი ნიუ იორკელი მხატვარი, ასევე, რომიდან იქნება ერთი მხატვარი, თბილისიდან და ბათუმიდან. ეს იქნება პირველი გამოფენა, რომელიც 41-ე პარალელზე იქნება დასმული“, – ამბობს გელა წულაძე.

 

გალერეაში შარშანდელი Street art-ის ფარგლებში წარმოდგენილი ნახატების გარდა გელა წულაძის ნამუშევრებიცაა წარმოდგენილი. „არის ჩემი ძველი ნახატები, 90-იანი წლების. ეს არის ის პერიოდი, როცა მე საფრანგეთში ვმუშაობდი, ბარსელონაში და ნიუ იორკში. შარშან გადმოვიტანე საფრანგეთიდან და ნელ-ნელა გამოვფინე“, – ამბობს გელა წულაძე.

 

ბათუმში გელა წულაძის ერთი ნამუშევარი – „ყირამალა“ დგას. მხატვარი უკვე მეორე წელია, რაც ბათუმში ცხოვრობს. ამბობს, რომ პარიზში 30 წელი ცხოვრობდა, უცხოვრია ბარსელონაში, ნიუ იორკში და ყველაფერი, რაც შეიძლება დიდ ქალაქს ჰქონდეს, ნანახი აქვს: „მე ზღვა მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით შავი ზღვა. ის ფონი, რაც აქ არის, შემოქმედებისთვის ძალიან საინტერესოა. ის, რაც დაიდგა ბათუმში ჩემი მუშაობით, ხელს უწყობს მონუმენტალური ქანდაკების წარდგენას. ფონია ისეთი, რომ ხელს არაფერს არ უშლის. და ასევე კლიმატი: ვგიჟდები ამ კლიმატზე, იძახიან,  ნესტიაო, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ პარიზის ცენტრში ექვსი თვის მანძილზე უფრო მეტი ნესტია, ვიდრე აქ. ასევე კავკასიონი, რომ ჩანს… მე ასეთი სილამაზის ხედი არ მინახავს. ექსპერიმენტალურ-ლაბორატორიულ-სამხატვრო სახელოსნოსთვის ბათუმი იდეალური ადგილია“.

 

გელა წულაძე ამბობს, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისგან შეთავაზებაც მიიღო და წელს ფესტივალში უნივერსიტეტის სტუდენტები ცნობილი მხატვრების ასისტენტები იქნებიან. „სექტემბრიდან კი ვაპირებთ ურბანული ხელოვნების სწავლებას. ვაპირებ სტუდენტების აქ მოყვანას, იმ პროექტების ჩვენებას, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, რომ ნახონ, როგორ სრულდება ეს. ჩვენთან, აკადემიაში, არ ასწავლიან, ვთქვათ, ხარჯთაღრიცხვას. მერე ხვდები, როცა 40-50 წლის ხარ, რომ ხარჯთაღრიცხვა თურმე აუცილებელია და რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, ეს აუცილებელია და როცა არ იცი, წვალობ. ეს მხარეც მინდა სტუდენტებს ვაჩვენო, რომ მიხვდნენ, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და უამისოდ თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან ძნელია. მე-19 საუკუნეში რაც იყო, მხატვრის რომანტიკული მხარე, უკვე დამთავრებულია. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვართ და აუცილებელია ეს იცოდე. შეიძლება მერე ეს გამოიყენო ან არ გამოიყენო, მაგრამ იმის თქმა, რომ მე ეს არ ვიცი, იმიტომ რომ მხატვარი ვარ… მხატვრის ეს სტერეოტიპი უნდა შეიცვალოს. ეს გალერეაც ამის მაგალითია, თურმე მხატვრებს ასეთი ადგილი შეიძლება ჰქონდეთ აქ ცენტრში და არა სადმე დარბაზში, დახურულ სივრცეში, სადაც არავინ მიდის, არავის არ აინტერესებს. აქ სივრცეა, სინათლეა და იმის საშუალებას გაძლევს, ეს ყველაფერი შეიგრძნო.

 

კითხვაზე, მისი აზრით, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ თანამედროვე ხელოვნება ქალაქის კულტურული ცხოვრების მიღმა დარჩეს, გელა წულაძე პასუხობს, რომ – არა.

 

„ახალგაზრდებმა, ვინც აქ დადიან, სკეიტბორდებით ვინც აქ ტრიალებენ, მათ იციან, რომ ეს მათთვის კეთდება. ეს დროის ამბავია. 20 წელიწადში, როცა ეს ყველაფერი ნანახი ექნებათ, ბევრად უფრო გახსნილი და თავისუფალი მოქალაქეები იქნებიან. ამ გალერეას პრეტენზია აქვს, თანამედროვე ხელოვნება აჩვენოს. ბათუმში უკვე არის რაღაც პრეცედენტები. „WHERE“ რომ არის ქანდაკება, ჟან დიუპის, „ლიბეხტე“, რომელიც არის ბენის, ეს ორი ძალიან დიდი მხატვარია, რომლებიც „ფლუქსუსის“ მიმდინარეობას წარმოადგენენ. ამ მიმდინარეობის ქანდაკება მსოფლიოში არსად არ არის გარდა ბათუმისა. ასე რომ, ბათუმს უკვე დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული, უბრალოდ, სანამ ამას გავაანალიზებთ, ალბათ დიდი დრო დასჭირდება. ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ქანდაკებების წინ გაიზარდნენ, როცა ნახავენ გამოფენებს, რაც აქ გაიმართება, მიმაჩნია, რომ ეს დიდი ნაბიჯია. ეს, ვისაც აინტერესებს ხელოვნება, ვინც არ არის დაინტერესებული, ბოლოს და ბოლოს მაინც მოვა და შეხედავს – არ არის აუცილებელი ყველა მხატვარი გახდეს, მაგრამ არ იტყვის, „ამას ხომ მეც დავხატავ“.

 

აჭარის მთავრობის პასუხი სამივლინებო და სოციალური ხარჯების დისბალანსთან დაკავშირებით

 

დღეს კი მალხაზ ჭკადუამ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:

 

აჭარის მთავრობის აპარატიდან მიღებული წერილის თანახმად, არჩილ ხაბაძის უწყებამ 2013 წელს 16 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით პატრიარქის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო მიღების გასამართად “ინტურისტ პალასს” 10 000 ლარი გადაუხადა, იმავე მიღების ფარგლებში ამავე სასტუმროს 18 ნომრისთვის – 11 240 ლარი, პატრიარქის თურქეთში გასამგზავრებლად 3277 ლარი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებისთვის გამართული სადილისთვის 27ივლისს 9 500 ლარი გადაიხადა, თამარ გვერდწითელის სახელობის მუსიკალური ფესტივალის მონაწილეთათვის სასტუმროს სერვისზე – 28 340 ლარი;


ეს მაშინ, როცა ბავშვთა დაცვის დღეს 2013 წლის 1 ივნისს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების გამასპინძლება სულ 433 ლარი დაუჯდა, 9 მაისის ღონისძიების აღნიშვნა კი 60 ლარი“.
 

 

ამის საპასუხოდ, აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, დავით გაბაიძემ მედიას განუმარტა, რომ ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ხარჯია და მათი ერთმანეთთან შედარება და ციფრების თანაფარდობით მანიპულირება ალოგიკურია:


“თუ სოციალური ხარჯები გაინტერესებთ 2013 წელს სოციალური კუთხით, სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 800 000 ლარი დაიხარჯა. უბრალოდ, ყველა ხარჯს თავისი დანიშნულება აქვს. ასე, რომ სოციალური დანიშნულებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, შესაბამისი ბიუჯეტებიდან ფინანსდება, ხოლო დისონანსი ამ აქტივობების დაფინანსებებს შორის გამოწვეულია ღონისძიების ხასიათით, ერთი უფრო მეტ ხარჯს მოითხოვდა, მეორე კი უფრო ნაკლებს”.


დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის მთავრობის მიერ, 2013 წელს მივლინებებზე დახარჯული 71, 619 ლარი, ოთხნახევარჯერ ნაკლებია 2011 წელს გაწეულ სამივლინებო ხარჯებზე. მისი ინფორმაციით, მაშინ ამ ციფრმა 318 000 ლარი შეადგინა: “ეს ციფრები მეტყველებენ იმაზე, რომ აჭარის ა/რ აპარატის მიერ მაქსიმალურად ყაირათანად ხდება ამა თუ იმ ხარჯის გაწევა”.

მერობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრები ბათუმიდან დაიწყო

 

შეხვედრით გათვალისწინებული ფორმატის მიხედვით ორი წუთის განმავლობაში მერობის კანდიდატებმა წარმოადგინეს თავი, რის შემდეგაც მათ დარბაზში დამსწრეთა კითხვებს უპასუხეს. კითხვები  ქალაქის განაშენიანებას, გარემოსა და რეკრეაციული ზონების დაცვას, სოციალურ პროგრამებს, მერიასთან მოქალაქეების ურთიერთობას შეეხებოდა.

 

 

 ბათუმში მერის თანამდებობაზე 11 კანდიდატი იყრის კენჭს:

 

ნუგზარ ჩხაიძე – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

დავით დიასამიძე – „ირაკლი ღლონტი – რეფორმატორები“

ალექსანდრე თევზაძე – არასაპარლამენტო ოპოზიცია „კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“

თეიმურაზ მიქელაძე – „დავით თარხან-მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

მურმან ბერიძე – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიაცია“

გოჩა გუგუნავა – „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“

დურმიშხან შაინიძე – საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს!“

გიორგი ერმაკოვი – საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“

გიორგი დიასამიძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

მერაბ ხიმშიაშვილი – პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზი“

ჯუმბერ თავართქილაძე – „ხალხის პარტია“

 

საჯარო შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ ბათუმის მერობის კანდიდატები: მურმან ბერიძე, თეიმურაზ მიქელაძე და დურმიშხან შაინიძე.

 

ბათუმის მერობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრა პროექტ „აირჩიე ქალაქის მერი“ ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრის ორგანიზატორი   „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“  იყო.  საჯარო შეხვედრას ორგანიზაციის ბათუმის კოორდინატორი თამილა დოლიძე მოდერატორობდა. მისი თქმით „პროექტის მიზანი ამომრჩევლის ცნობიერებისა და არჩევნების დემოკრატიულობის გაზრდაა“.

 

თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქის მერობის კანდიდატების საჯარო შეხვედრა პირველად ბათუმში ჩატარდა და მსგავსი შეხვედრა დანარჩენ 11 თვითმმართველ ქალაქშიც გაიმართება.

 

პროექტის „აირჩიე ქალაქის მერი“ ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საარჩევნო სისტემების საარჩევნო ფონდი (IFES).

 

მძლეოსნები ჩემპიონატის წინ

 

მძლეოსნობა რატომ გახდა თქვენი არჩევანი?

 

დავითი: ტანვარჯიშზე, კალათბურთზე, ჭიდაობაშიც დავდიოდი, მერე მძლეოსნობა ვცადე და აღმომაჩნდა ნიჭი. მიყვარს სირბილი და სამომავლოდ ვაპირებ ვიყო 100 და 200 მეტრზე მორბენალი, ანუ სპრინტერი.

მარიამი: არც ვიცოდი ეს სპორტი თუ არსებობდა. სპორტული ტურნირები ტარდებოდა ბათუმში, სკოლაში ფიზიკური მომზადების მწვრთნელი იყო მოსული. იქიდან აგვარჩია რამდენიმე. მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი. ჩემი პირველი ტრენერი კახა ვაჩეიშვილი გახდა. ახლაც ის მამზადებს. პირველ რიგში მთავარია ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ვარჯიშის გემოს რომ გაიგებ, მერე გიჭირს თავის დანებება. არ ვიცი, ამას რა ჰქვია. მონდომება მთავარია, თუმცა პირობებიც ბევრს ნიშნავს.

 

ოჯახში მარტო მე ვარ სპორტით დაინტერესებული. ამ სპორტში მამამ მომიყვანა, ის ახლა ცოცხალი აღარაა. დედას ძალიან უნდა, რომ მივაღწიო წარმატებას. მიუხედავად იმისა, მშობლების უმეტესობა ფიქრობს გოგოსთვის შეუფერებელი სპორტია, ის არასდროს მაცდენინებს ვარჯიშს, მაშინაც კი, თუ რამე მტკივა, მეუბნება შევეცადო, არ გავაცდინო.

 

თქვენ მოსწავლეები ხართ. როგორ გაქვთ გადანაწილებული დრო სპორტისა და სწავლისთვის?

მარიამი: ცოტა რთულია ორივეს ერთად კეთება, მაგრამ მთავარია მონდომება. დილით არ ვვარჯიშობ, გაკვეთილები მაქვს. სკოლის მერე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტდარბაზში ვვარჯიშობ, საათნახევარ ან ორსაათს,  გააჩნია რა დატვირთვა მაქვს. ღამე კი ვსწავლობ. ჯერჯერობით ამ რეჟიმში ვარ, სანამ სკოლას მოვრჩები. მერე არ ვიცი, თუ შესაბამის ინფრასტრუქტურას განავითარებენ, ალბათ გავყვები ამ სპორტს. ისე, მინდა იურისტი ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გავხდე.

დავითი: სკოლაში კარგად ვსწავლობ. არ მიჭირს შევუთავსო ვარჯიში და სწავლა ერთმანეთს, რადგან სირბილი ჩემი საყვარელი საქმეა.

 

როგორ შეაფასებთ საკუთარ თავს, რამდენად მზად ხართ საქართველოს ჩემპიონატზე პირველობისთვის?

მარიამი: კარგად ვიყავი მომზადებული, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მქონდა პრობლემა. ჰაიმორიტის გამო ბევრჯერ მომიწია ვარჯიშის გაცდენა. ორი კვირაც არაა, რაც ვარჯიში ხელახლა დავიწყე. ამ დროში ცოტა ძნელია შედეგის მიღწევა, მითუმეტეს მძლეოსნობა შრომატევადი საქმეა. ვცდილობ, გავუმკლავდე იმ დატვირთვებს, რასაც ტრენერი მაძლევს. 

დავითი: სანამ პარკში გარბენებს დავიწყებ, მანამდე საზღვაო აკადემიის სპორტულ დარბაზში ძალის ვარჯიშებს ვაკეთებ. ეს აუცილებელია საერთო ფიზიკური მომზადების შესანარჩუნებლად. დღეში საათნახევარი ან ორი საათი ვვარჯიშობ ყოველ დღეს, კვირის გარდა. გააჩნია, ტრენერი რა დატვირთვას მაძლევს. პირობები არ არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ მომზადებას. მთავარია, ტრავმა არ მაქვს.

რას ელიან ღორჯომში არჩევნებისგან

თქვეს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით საარჩევნოდ ზეწოლას არ განიცდიან. „დღეს არჩევნებზე ყველა თავისუფალი იქნება“, – თქვა ადგილობრივმა იმედა ირემაძემ. მათთვის მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. ფიქრობენ, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს არ წარადგენენ.

„შანსები ისეთია, რომ არ გაიფუჭებს ადამიანი თავს. შენზე მეტი შესაძლებლობები როცა აქვთ, არ უნდა ებრძოლო. ეძებენ ისეთ კანდიდატს, რომელიც სარგებლობს მხარდაჭერით. ვისაც მფარველობს ამხელა ძალა, ის იმარჯვებს“, – ამბობს იმედა ირემაძე.

კითხვაზე, როგორ კანდიდატს ისურვებდით? – ღორჯომში პასუხობენ:  განათლებულს, სოფელს კარგად უნდა იცნობდეს. აქ ამბობენ, რომ გამოცდილება მნიშვნელოვანია, თუმცა ახალგაზრდული ენერგიაა საჭიროა მთის პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ღორჯომელები იმასაც ამბობენ, რომ არ ექნებათ პრობლემა კანდიდატი ქალი იყოს, ეს იმ ფონზე, როცა შეხვედრაზე ერთი ქალიც კი არ მოსულა.

სად არიან ქალები? – ამ კითხვაზე გვიპასუხეს, რომ ქალებმა არ იცოდნენ შეხვედრის შესახებ. „აქ ზამთარი რვა თვეს გრძელდება, დედაკაცს გაუჭირდება გადაადგილება, პრობლემის ეპიცენტრში მისვლა, სოფელში ტექნიკური საშუალებებიც კი არ გვაქვს ზამთარში გზის გასახსნელად“, – ამბობს თენგიზ ირემაძე, სოფლის გამგებელი.

„ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, ეს პრობლემები წლებია გვაწუხებს, თუმცა არავინ ზრუნავს მის მოგვარებაზე. ხომ იმგზავრეთ ჩვენს ოღრო-ჩოღრო გზაზე – ოცი წუთის სავალს ორ საათს ვანდომებთ. ისეთ გამგებელს ვისურვებდით, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემებს“, – ამბობს ოთარ პაიჭაძე.

შეხვედრის დასასრულისკენ დისკუსიის მოდერატორმა სოფლის მოსახლეობას პრობლემების დასახელება სთხოვა. ამან მსმენელების გააქტიურება გამოიწვია.

„თავს ვინახავთ სოფლის მეურნეობით, კარტოფილის მოსაყვანად დიდი შრომაა საჭირო, სასუქი ძვირია და გვიჭირს შეძენა, სახელმწიფო რასაც გვაძლევს, არასაკმარისია და ხშირ შემთხვევაში უხარისხოც. წვალებით მოყვანილ კარტოფილს ვერ ყიდი – ფასით კონკურენციას თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილი გიწევს. ჩვენ კილო კარტოფილის მოყვანა ორმოცი თეთრი გვიჯდება – ამაზე ნაკლებად ვერ ჩავაბარებთ. გვიფუჭდება მოსავალი, არც კი გვიღირს მოყვანა. მესაქონლეობასაც მივსდევთ, თუმცა შესაძლებლობა არ გვეძლევა ექსპორტზე გავიტანოთ ხორცი, ეს უსამართლობა არ არის?“ – ასე აყალიბებს სოფლის სათქმელს ერთ-ერთი გამომსვლელი.

აქ ამბობენ, რომ სპეციალისტების არ არსებობის გამო მათ შვილებს განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ: „ჩემი შვილი შარშან ჩაიჭრა ეროვნულ გამოცდებზე, ერთი ქულა დააკლდა ინგლისურში. სოფელში არ ასწავლიან უცხო ენას ისე, როგორც ქალაქად. ხომ შეიძლება შეღავათი გაუწიონ ამ ბავშვებს, მისცენ საშუალება ჩაბარების, იქ რომ არ ისწავლიან, მერე გამომიგზავნონ ვერ სწავლობსო. ახლა ამ ბიჭებს ხომ უყურებთ? – მაისის დადგომას ელოდებიან, რომ წავიდნენ თურქეთში სამუშაოდ. განათლებას ვერ იღებენ და ოჯახები ხომ უნდა არჩინონ. ამის გამო მონურ პირობებს უძლებენ, ჯანმრთელობას იფუჭებენ, ჩაის პლანტაციებში მუშაობენ დღეში 12 საათს“, – ამბობს ადგილობრივი ექიმი ალიკა პაიჭაძე.

სოფელში ცოტაა სამუშაო ადგილი, მოსახლეობა დაბალი ანაზღაურების გამოც ჩივის: „ორასი ლარი რაში გეყოფა? როცა მუშაობ, ნორმალური ანაზღაურება უნდა გქონდეს. მწვრთნელი გვჭირდება, მაგრამ შტატი არ არსებობს, რომ ვინმე მოვიყვანოთ სამუშაოდ. ჩვენს ბაღნებს ფეხები სულ გადატყავებული აქვთ, ბეტონის სტადიონზე თამაშობენ ფეხბურთს. რა მოხდება, სტადიონზე ხალიჩა რომ დააგონ“, – ამბობს ოთარ პაიჭაძე.

სოფელში სახანძრო ბრიგადის საჭიროებაც გაამახვილეს ყურადღება. სოფლიდან, სადაც ჯერ კიდევ ხის სახლებში ცხოვრობს უმრავლესობა, სახანძრო სამსახური 15 კილომეტრითაა დაშორებული – ხულოს ცენტრში მდებარეობს. ცუდი გზის გამო ამ მანძილის დაფარვას თითქმის ორი საათი სჭირდება. როგორც სოფელში თქვეს, რამდენიმე თვის წინ ერთი სახლი სახანძროს მოსვლამდე მთლიანად დაიწვა.

იმედა ირემაძე კი ინტერნეტს ითხოვს: „21-ე საუკუნეში ინტერნეტი არ გვაქვს, ხომ ლაპარაკობენ სოფლის განვითარებაზე, რეალურადაც უნდა ზრუნავდნენ ამაზე, არჩევნების შემდეგაც ახსოვდეთ პირობები, რომელსაც გვთავაზობენ“

დისკუსია ღორჯომში არასამთავრობო ორგანიზაცია „შენ დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით გაიმართა და მას ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვერა გოგოხია უძღვებოდა.

შემოტანილი თევზი – საკალმახე მეურნეობების პრობლემა

 

„ერთი კილოგრამი კალმახის წარმოება მეთევზეს ექვსი ლარი უჯდება, არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა შრომას ითხოვს ეს ყველაფერი. იშვიათად შვიდ ან რვა ლარად თუ ჩააბარებ თევზს. ფასი იკლებს, როცა თურქეთიდან გამოშიგნული, გასუფთავებული თევზი შემოდის და უფრო დაბალ ფასად იყიდება“, – ამბობს ასლან დუმბაძე. ის ხუთწელზე მეტია, რაც კალმახის წარმოებას ეწევა.

 

მეთევზეების მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ადგილზე თევზის საკვები პროდუქტი ე.წ. კორმა არ იწარმოება. „რაღაც პერიოდში მარნეულში აწარმოებდნენ, მაგრამ უხარისხო იყო“.

 

კორმა, ძირითადად, თურქეთიდან შემოაქვთ, კილოგრამის ფასი სამი ლარია. ევროპიდან შემოტანილი კორმა კი 3,50 ლარი ღირს და უფრო ხარისხიანია. თუმცა როგორც მეთევზეები ამბობენ, ძირითადად, თურქულ კორმას იყენებენ.

 

ასლან დუმბაძის თქმით, არის შემთხვევები, როცა შემოაქვთ ხარისხიანი კორმა, რომელშიც მეთევზეები სამ ლარს იხდიან, შემდეგ ჯერზე კი იმავე ფასად უხარისხო კორმა შემოაქვთ, ანუ ხარისხი არ კონტროლდება.

 

„ჩვენ ხარისხის ვიზუალურად განსხვავება არ შეგვიძლია და ამიტომაც ვზარალდებით“, – ამბობს მეწარმე.

 

გაცილებით მაღალი, 17-18 ლარია კორმის იმ სახეობის ფასი, რომელსაც ე.წ. ლიფსიტების გამოსაკვებად იყენებენ.

 

იმისთვის, რომ მეთევზეს მოგება დარჩეს და მას საქმიანობის გაგრძელების სტიმული ჰქონდეს, თევზი თვითღირებულებაზე ერთი ლარით მეტად მაინც უნდა ჩააბაროს.

 

გასულ წელს 800 ტონამდე თევზის წარმოება შეძლო სოფელ მარადიდის მკვიდრმა თამაზ ღომიძემ. ის ამბობს, რომ მისი თევზი გემრიელია, რადგან თევზს მდინარის წყალში ზრდის და ხარისხიანი პროდუქტით კვებავს. შესაბამისად, გაყიდვაც არ გასჭირვებია და კილოგრამი თევზი ბაზარზე რვა ლარად ჩააბარა. წელს იმის გამო, რომ პროდუქტის ჩასაბარებელი ფასი არასტაბილურია, მეწარმემ გადაწყვიტა, პროდუქტის ნაწილი ბაზარში არ ჩააბაროს. `ვაპირებ, სოფელში მოვაწყო ინფრასტრუქტურა, რაც თევზის ადგილზე გაყიდვის საშუალებას მომცემს. ეს იქნება რესტორანი ღია ცის ქვეშ, საბანაო აუზით, სადაც სტუმრებს დასვენებისა და გართობის საშუალება ექნებათ“, – ამბობს თამაზ ღომიძე.

 

გასულ წელს მეთევზეებმა პრობლემების ერთად დაძლევის მიზნით აჭარის მეთევზეთა ასოციაცია ჩამოაყალიბეს. ასოციაციას მეთევზეების პრობლემების შესწავლაზე, გაანალიზებასა და დაფინანსებაზე უნდა ემუშავა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დავით ბერიძის ინფორმაციით, მეთევზეები ასოციაციის საქმიანობით დიდად არ დაინტერესებულან.

 

„ჩვენთან არ დაუსვამთ საკითხი იმაზე, რომ შემოტანილი თევზი იაფია და ეს მათ პრობლემებს უქმნის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავარი პრობლემა თევზის საკვებია, რაც ადგილობრივ ბაზარზე არ იწარმოება“.

 

მეწარმე იოსებ ანანიძის თქმით, ასოციაციაში მხოლოდ კონსულტაციით შემოიფარგლებიან, მათ კი სხვა რამეც სჭირდებათ: „კარგი იქნებოდა, თუ დააწესებენ შეღავათიან კრედიტს, მეწარმესთვის მისაღები გრაფიკით. ეს გამოიწვევს საკალმახე მეურნეობის განვითარებასა და ადამიანების დასაქმებას. ადგილზეც შესაძლებელია ხარისხიანი კორმის წარმოება, მაგრამ საქმის დასაწყებად პირობები არ არის. მეც მივმართე ბანკს იაფი აგროსესხის მისაღებად, მაგრამ… საქმის დაწყებაში სახელმწიფო ფულს არ დებს“.

 

მეწარმეები ამბობენ, რომ საქართველოში ექსპორტიორები უკეთეს პირობებში არიან, ვიდრე თვითონ, ანუ სახელმწიფო არ იცავს ადგილობრივი ბზნესის ინტერესებს. მეწარმეებს არ ეთანხმება გელა სამხარაული, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. „იმის გამო, რომ საქართველო საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, რაც ქვეყნებს შორის თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს, საქართველო რეგულაციების დაწესებით ქართველ მეწარმეს განსაკუთრებულ პირობებში ვერ ჩააყენებს. მეთევზეებთან დაკავშირებით კი ჩემი მოსაზრებაა – შეიძლება სახელმწიფო ადგილზე ე.წ. კორმის დამზადებისთვის საჭირო საწარმოების შექმნით დაეხმაროს“, – ამბობს გელა სამხარაული.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მეორე კომპონენტის ფარგლებში მეთევზეობის დარგის დაფინანსების მიზნით 133 კრედიტი, სულ 3 973 250 ლარია გაცემულია, აქედან აჭარის რეგიონში გაიცა ექვსი კრედიტი.

 

მესამე კომპონენტის ფარგლებში გაცემულია მილიონ 296 000 აშშ დოლარის ოდენობის 18 შეღავათიანი აგროკრედიტი. აქედან აჭარის რეგიონში გაიცა ერთი სესხი და გაიხსნა ახალი საწარმო.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საკალმახე მეურნეობის დარგის ხელშეწყობის პროგრამა არ აქვთ. ამ უწყების ინფორმაციით, აჭარაში 91 საკალმახე მეურნეობა მუშაობს.

 

„ბათუმელები“ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას დაუკავშირდა. ამბობენ, რომ ინფორმაციას მეთევზეების პრობლემებზე არც იქ ფლობენ.

განწყობით განმუხტვა ფიზიკის გაკვეთილზე

უნდოდა ექიმი გამხდარიყო. თუმცა მშობლებმა სხვა ქალაქში სასწავლებლად არ გაუშვეს. ბათუმის პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ინსტიტუტში ერთი გამოცდით ჩაირიცხა და ფიზიკოსი გახდა.

„თავიდან გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ ახლა აღარ ვნანობ. ყოველდღიურად დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემი მუშაობის პარალელურად – ქუჩაში ჩემი ყოფილი მოსწავლე მხვდება, სადმე მივდივარ დაწესებულებაში, იქაც ჩემი მოსწავლე მხვდება. მიხარია, რომ ვუყვარვარ ჩემს მოსწავლეებს. არ არსებობს, რომ ვინმემ ცუდად მომიხსენიოს. ყველა ასე მეუბნება – ძალიან გვიყვარხარო. ცხოვრებაში ეს ძალიან დიდი სტიმულის მომცემია“, – ამბობს ნინო.

ნინო რუსეიშვილი

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პედაგოგის კარიერა შუახევში, სოფელ ჭვანის სკოლაში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ ბათუმში გადმოვიდა და უკვე 40 წელია ბავშვებს ფიზიკას ასწავლის. საბჭოთა კავშირის დროს მიღებული აქვს მედალი შრომაში წარმატებისათვის, რამდენიმე წლის წინ კი განათლების სამინისტრომ დააჯილდოვა წარჩინებული პედაგოგის სამკერდე მედლით.

კითხვაზე – როგორ ახერხებს დააინტერესოს და შეაყვაროს ბავშვებს ფიზიკა, პასუხობს, რომ მთავარი სიყვარულია, რომელსაც ბავშვების მიმართ გრძნობს.

„ბავშვი მიყვარს – ეს არის ჩემი მთავარი ამოსავალი, ჩემი მამოძრავებელი ძალა. პირველ რიგში, ბავშვი პიროვნებად უნდა  ჩათვალო – შენს თანატოლად, მაგრამ ზღვარიც უნდა დაიცვა. თავისთავად პასუხისმგებლობა მაქვს და საგანსაც ვფლობ შესაბამისად. ჯერ არ მახსოვს ბავშვი ნაწყენი იყოს ჩემზე, ან მე გავუბრაზდე და ჩავიდო გულში. ხანდახან კი მაბრაზებენ, მაგრამ ისე არ ვბრაზდები, რომ ბავშვმა შემატყოს. მაბრაზებენ ძირითადად იმით, რომ გაკვეთილს არ სწავლობენ. ეთიკურად ვაძლევ შენიშვნას.

ნინოს თქმით, მნიშვნელობა იმასაც კი აქვს, როგორ ლაპარაკობს მასწავლებელი ან როგორ აცვია: „პირადი მაგალითი ბევრს ნიშნავს. თვითონ მასწავლებელი უნდა იყოს მოწესრიგებული, საუბრობდეს მტკიცედ, დაბალი ტონით. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ  მის მიმართ კეთილგანწყობილი ხარ და შემდეგ უნდა გქონდეს უნარი, საგანი გადასცე საინტერესოდ. ალბათ არის ჩემში ეს უნარი.

პირველ რიგში განწყობა უნდა შექმნა გაკვეთილზე. ბავშვები უნდა განიმუხტონ. ცხოვრებისეული მაგალითებით იწყება ყველაფერი, ვაჩვენებ სხვადასხვა მაგალითს. მერე ვეკითხები რა იციან ამა თუ იმ საკითხზე. ამის შემდეგ გადავდივარ გაკვეთილის მიზანსა და თემაზე. ეს გონებრივი იერიში ძალიან შველის“.

ნინო რუსეიშვილი თავისი შრომის ეფექტს გამოცდების შედეგებში ხედავს: `ვერ ვიტყვი, რომ ყველა ბავშვი სწავლობს ფიზიკას, მაგრამ სხვა სკოლებთან შედარებით საატესტატო გამოცდებს პირველი სკოლიდან უმრავლესობა აბარებს. ძალიან ცოტა ბავშვი იჭრება ამ საგანში… მათემატიკა არის ფიზიკის „და“. მათემატიკა თუ არ იცის მოსწავლემ, რთულია ფიზიკის სწავლება. ბავშვებს საგანი რომ შევაყვარო, ცხოვრებიდან მომყავს მაგალითები. ცდების ჩატარება უწინ უფრო გვიწევდა, თვალსაჩინოებით ვიყავით მომარაგებული. ზრუნავდა სამინისტრო, იყო ბაზა, თითქმის ყოველწლიურად ივსებოდა ფიზიკის ლაბორატორიები. გვყავდა ლაბორანტი, რომელიც გვეხმარებოდა. ახლა უკვე ამ ფუფუნებას მოკლებული ვართ“.

ამბობს, რომ გული წყდება მის საგანში ახალი, კარგი კადრების არ არსებობის გამო: „რომ ვნახო მცოდნე, ენერგიული და ბავშვების მოყვარული მასწავლებელი, იმ წამსვე დავუთმობ ჩემს საათებს. ოღონდ კარგი ახალგაზრდა ფიზიკოსი მოვიდეს.

მიზეზი? მიზეზი ისაა, რომ არ არის ხიდი გავლებული სკოლას, უმაღლეს სასწავლებელსა და სახელმწიფოს მოთხოვნებს შორის. არ მესმის, როგორ შეიძლება სახელმწიფოს ინჟინერი, ელექტრიკოსი, მშენებელი არ დასჭირდეს“.

მისი თქმით, ახლა მისი მთავარი საზრუნავი ოჯახი და სკოლაა. ნინოს ორი შვილი ჰყავს. ადრე დაქვრივდა და ბავშვები მარტომ გაზარდა: „მეორე კურსის ბოლოს უკვე შვილი მყავდა. მეუღლე 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავკარგე. ორი შვილი დამრჩა, ბიჭი მეცხრე კლასში სწავლობდა, გოგონა – მეხუთე კლასში. მარტომ გავზარდე შვილები. ახლა სამი შვილიშვილი მყავს.

ამავე დროს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ სკოლის მიმართ. ხუთი წუთიც რომ დავაგვიანო სკოლაში, ვნერვიულობ. ცხრის ნახევარზე უნდა ვიყო აქ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი სკოლადამთავრებული იყოს ჩამოყალიბებული და განათლებული პიროვნება. ჩვენი სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია. ამას ვაღწევთ მიზანდასახულობითა და შრომით. მგონი, სწორი მიმართულება გვაქვს აღებული“.

სასამართლო დავა ყოფილი ფოსტის შენობის ირგვლივ

 

დები – ნათია, ხათუნა და თეა გეგენაძეები ფოსტის შენობასთან ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან #10-ში ე.წ. იტალიურ ეზოში ცხოვრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ შპს „აქტივ ბათუმმა“, რომელიც ფოსტის შენობის ადგილზე მაღალსართულიან სასტუმროს აშენებს, მათი უფლებები დაარღვია.

 

„როდესაც მშენებლობის ბანერები გამოაკრეს, მათთვის ამ ბანერებზე განთავსებული ინფორმაციით ცნობილი ვერ გახდა, თუ რა მანძილით იქნებოდა ფოსტის შენობა მათი სახლიდან დაშორებული. როდესაც მათ ეს ინფორმაცია მოიპოვეს, აღმოჩნდა, რომ კაზინოს შენობა, რომელსაც კომპანია იქვე აშენებს, სამშენებლო წესების დარღვევით იყო დაპროექტებული. არ არის დაცული მიჯნის ზონა. მოქმედი კანონმდებლობით არ შეიძლებოდა, რომ შენობას გეგენავების საცხოვრებელი სახლის მხარეს ფანჯრები ჰქონოდა, პროექტშიც ასე იყო და სამშენებლო წესებიც ამას ითხოვს. გეგენავების მოთხოვნაა, რომ შენობას ფანჯრები მათი სახლის მხარეს არ ჰქონდეს“, – ამბობს ადვოკატი გია წაქაძე.

 

გეგენავებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს, – გასაჩივრებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ყოფილი ფოსტის შენობაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მშენებლობის ნებართვა გაიცა. საქმეში მესამე პირად ჩაერთო მშენებელი კომპანია „აქტივ ბათუმი“.

 

საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს, რომელმაც მხარეებს მორიგების თხოვნით მიმართა.

 

მშენებელი კომპანიის იურისტი დავით ჯაიანი „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ კომპანიას წესები არ დაურღვევია, თუმცა გეგენავების ოჯახს მორიგება გარკვეული კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მაინც შესთავაზა.

 

„ჩვენ მორიგებას ვთავაზობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია მცდარია. მეზობლად ვაწარმოებთ მშენებლობას და ისე ვიქცევით, როგორც მეზობლურ ურთიერთობას შეეფერება. კომპანიამ ააშენა რამდენიმე სართული, მთელი ამ დროის განმავლობაში მათ პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ მესამე ან მეოთხე სართულის მშენებლობის დროს და არა მაშინ, როცა უკვე დასრულებულია მშენებლობა. ეს არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ მათი მოთხოვნა ხანდაზმულია“, – განმარტავს კომპანიის იურისტი.

გეგენავების ადვოკატის ინფორმაციით, დები ცხოვრობენ თბილისში და ბათუმში დროდადრო ჩამოდიან. ბოლო ჩამოსვლისას მათ შეამჩნიეს, რომ სამეზობლო საზღვარზე აშენებული ყრუ კედელი, რომელიც მათ მანამდე ღობე ან უფანჯრო კედელი ეგონათ, ასეთი არ ყოფილა: „აღმოჩნდა, რომ ამ კედელზე მოაწყვეს ფანჯრის ღიობები და აივნების მსგავსი კონსტრუქციები. მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ ან მშენებლობის პროექტი იქნებოდა არაკანონიერად გაცემული, ან მშენებლებს ექნებოდათ დარღვეული პროექტი. ამის გამოსარკვევად მათ 2013 წლის 6 სექტემბერს მიმართეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და მოითხოვეს პროექტის ასლი. 10 სექტემბერს კი დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია ჩაიბარეს“.

 

ადვოკატ წაქაძის განმარტებით, საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2012 წლის 14 აგვისტოს, შეთანხმებულა ისეთი პროექტი, სადაც აშკარად იყო დარღვეული საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის ბრძანების მოთხოვნები `დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“:

 

„გეგენავების მეზობელ მიწის ნაკვეთზე დაუპროექტებიათ მშენებლობა კანონით გათვალისწინებული წითელი ხაზების დაუდგენლად და უკანა ეზოს დატოვების გარეშე, ხოლო 15-სართულიანი სახლის მშენებლობა გაუთვალისწინებიათ პირდაპირ მიჯნის ზონაში. სამეზობლო საზღვრიდან მხოლოდ 58 სანტიმეტრის დაშორებით დაპროექტებულ კედელს, მე-3 სართულიდან ზემოთ, აღმოაჩნდა 10-10 ფანჯრის ღიობი თითო სართულზე. ამ აქტებით შეთანხმებული პროექტის განხორციელებით არსებითად არის შელახული მოსარჩელეთა უფლებები“.

 

ამ განმარტების მიხედვით ირკვევა, რომ გასაჩივრებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გაიცა ყოფილი ფოსტის შენობაზე, ანუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მშენებლობის ნებართვა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში სააგენტოს იურისტი თამილა აბუსელიძე იცავს. მისი განმარტებით, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნების ან მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, რომ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა, საინფორმაციო დაფა განთავსებული იყო ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე, რომელზეც ასახულია შენობის სართულიანობა და გაბარიტები, არქიტექტურული სახე, აგრეთვე ნებართვის ნომერი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2012 წლის 6 სექტემბერს ხათუნა გეგენავამ მოგვმართა წერილობით, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აცნობა სამშენებლო კომპანიის მიერ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შესახებ. ამ წერილის პასუხში ჩვენ მივუთითეთ იმ ბრძანების ნომერი და თარიღი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს მშენებლობა.

 

გარდა ამისა, ნათია გეგენავამ 2013 წლის 29 აგვისტოს მომართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნით. ამის მიუხედავად მოსარჩელეს 2013 წლის 9 ოქტომბრამდე არ გაუსაჩივრებია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაშვებულია გასაჩივრების ვადები“.

 

ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ არსებული სახით ამ მშენებლობის დასრულებისას, დაირღვევა გეგენავების ოჯახის უფლება ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობაზე, დაირღვევა თანაბარი შესაძლებლობების სივრცის პრინციპი, რადგანაც მრავალსართულიან კაზინოში კამათელის გასაგორებლად შესულ ნებისმიერ პირს შეეძლება არა მხოლოდ ათვალიეროს გეგენავების ეზო, არამედ დაუბრკოლებლად გადმოაგდოს სიმაღლიდან რაღაც ნივთები, თუნდაც ნაგავი და ა. შ.“

 

გეგენავების ადვოკატის მტკიცებით, კომპანიას სააგენტოსთან შეთანხმების პირობებიც აქვს დარღვეული და ამის დასამტკიცებლად სამხარაულის დასკვნას ელოდება. სააგენტოს იურისტის თქმით კი, სააგენტო მშენებლობის მიმდინარეობას პერიოდულად ამოწმებს და შეთანხმების პირობები არ დარღვეულა. 

ბათუმის მერობის კანდიდატი: „მრცხვენია რომ ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლეებმა, ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარი დაუჭირეს“

ჯუმბერ თავართქილაძე: „ ამჟამად ბათუმში გვყავს 19 560 პენსიონერი, მე ვაპირებ პენსიებს დავამატო ადგილობრივი  ბიუჯეტიდან 30 ლარი, ეს არის 6 მილიონი და მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის რაღაც კატასტროფული თანხა.“

„მე მაინტერესებს რისთვის ვიზიდავთ ტურისტს, თუ ადგილზე არ გვეყოლება ჯანსაღი საზოგადოება, რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ჩვენი ხალხი ვერ ყიდულობს წამალს, ჩვენი ხალხისთვის მიუწვდომელია საავადმყოფო და შობადობა შემცირდა, გამოდის რომ ჩვენ არ ვზრუნავთ ხალხზე და ვზრუნავთ მხოლოდ ერთეულებზე.  ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან, თუ საქართველოს მასშტაბით უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებდა 100 სტუდენტი, აქედან 70 იყო აჭარიდან, ანუ 70%. ეს არის მისასალმებელი, ეს არის ძალიან სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ დღეს აჭარაში სოციალური ფონია ისეთი შექმნილი, რომ მე ძალიან ბევრ ახლობელს ვიცნობ, არა ახლობელ ოჯახებსაც ვიცნობ, სადაც არა აქვთ იმის საშუალება, რომ სწავლა-განათლება გააგრძელონ ბავშვებმა. მე ვაპირებ 50%-იანი თანადაფინანსებით,  ბათუმში ყველა სტუდენტი დავაფინანსო ჩემი 4 წლის მერობის განმავლობაში.“

„მე ქართველი ვარ, ჯუმბერი ვარ თავართქილაძე და ანტიდისკრიმინაციულ კანონს არ დავუჭერდი მხარს, მრცხვენია რომ ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლებმა, რომლებიც ხალხის დასანახად, თითქოს 24 საათი პირჯვარს გადაიწერენ და ეკლესიაში დადიან ამ კანონს მხარი დაუჭირეს.“

ბათუმის მერობის კანდიდატი „ერთიანობის დარბაზიდან“

 

გამოდის, პარტია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ჩამოაყალიბეთ?

46 წლის განმავლობაში არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. შესაბამისად, ვფიქრობდი, რომ ამის ნაკლები მოტივაცია მქონდა. მიუხედავად ამისა, 1989 წლიდან, პრაქტიკულად, აჭარაში არ ყოფილა დიდი საპროტესტო გამოსვლა ან პოლიტიკური პროცესი, რომელშიც აქტიურად არ მიმიღია მონაწილეობა. პოლიტიკური პარტიის წევრობა არ იყო ამისათვის აუცილებელი. მქონდა შემოთავაზება სხვადასხვა პარტიიდანაც. ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება. მანამდე კონსულტაციები გავიარე საზოგადოების ცნობად სახეებთან. მინდოდა მქონოდა მოტივაცია მათი მხარდაჭერის სახით. მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია „ერთიანობის დარბაზი“, დავაფუძნეთ ის და, შესაბამისად, ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანდით.

 

ჩემთან ერთად არიან მეგობრები, რომლებიც იზიარებენ დასავლურ კურსს და ამასთან ერთად ინარჩუნებენ ჩვენი ქვეყნის მთავარ ღირებულებებს. ჩვენ არა მხოლოდ მონაწილეობისთვის, არამედ გარანტირებულად გამარჯვებისთვის ვიბრძვით. თუ ასე მოკლე დროში შევძელით პარტიის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მხარდამჭერთა რაოდენობის შეკრება, ჩვენ შევძლებთ არჩევნებში გამარჯვებასაც. ის გუნდი, რომელიც ჩვენ შევკრიბეთ, გამოცდილი და პასუხისმგებლობით გამორჩეული ადამიანებისგან შესდგება. ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება.

 

ვინ არიან ეს ადამიანები, არ ასახელებთ მათ სახელებსა და გვარებს?

ჩვენი პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება მწერალი რამაზ სურმანიძე, მას ყველა იცნობს. იქნებიან ახალი სახეები, რომლებიც არიან პოლიტიკურად აქტიურები. მე შემეძლო რომელიმე პოლიტიკური პარტიის სახელით მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ამ შემთხვევაში მოტივაცია უფრო მაღალი იყო. მინდა ვთქვა, რომ `ერთიანობის დარბაზი~ ეს არის წინა თაობის გამოცდილება და ჩვენი თაობის ენერგია, კრეატიული იდეების ერთიანობა, რომელიც იქნება საუკეთესო სინთეზი. ჩვენი პოლიტიკური პარტიის სლოგანია `ერთიანობაშია ქვეყნის მომავალი“. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სიის ძალიან კარგი ნაწილი მანდილოსნებით იქნება წარმოდგენილი.

 

მერობის შემთხვევაში რა პროექტებს განახორციელებთ, რატომ უნდა  გააკეთონ ბათუმელებმა არჩევანი თქვენზე?

პროგრამა უკვე მზად გვაქვს, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება და იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. პირველი და მთავარი ისაა, რასაც ვპირდები ამომრჩეველს, რომ ბათუმის მერია იქნება ყველაზე გამჭვირვალე სტრუქტურა. ეს იქნება ბათუმელების სახლი. ნებისმიერი ბათუმელი იქნება პროცესის მონაწილე, ბათუმელებს მაქსიმალურ ჩართულობას ვპირდები. თითოეულმა ბათუმელმა უნდა იგრძნოს, რომ თვითონ არის გადაწყვეტილების მიმღები. გარდა ამისა, არის სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა საკითხები, რაც პროგრამაში დეტალურად იქნება გაწერილი.

 

რა გამოცდილება გაქვთ?

პროფესიით მშენებელი ვარ, აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსპორტო საწარმოს, სააქციო საზოგადოება „ავტომობილისტის“ როგორც დირექტორი, ნაწილობრივ მეპატრონეც ვიყავი. 2005-2006 წლებში ვმუშაობდი ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, როცა ჩემი საკურატორო სფერო იყო სტატისტიკა, მშენებლობა და ტურიზმი. შემდგომ დავინიშნე აჭარის სტატისტიკის დეპარტამენტში და ახლაც ბათუმის სტატისტიკის სამმართველოს უფროსი ვარ. ბათუმის მერობის დღეს დასახელებულ კანდიდატთა შორის არ არის არც ერთი, ვისთანაც პირდაპირი ურთიერთობა არ მაქვს, უაღრესად კარგი ადამიანები არიან.

 

ამომრჩეველს არ დააბნევს ის, რომ მერობის კანდიდატები ერთმანეთს აქებთ?

მე ვიწყებ პოზიტივით. საზოგადოებამ ბიოგრაფიები ნახოს და ამის მიხედვით გააკეთოს არჩევანი. მე ჩემი გამოცდილებით მაქვს პრეტენზია, ვიყო ბათუმელების მრჩეველი.

 

ბათუმში საზოგადოებას ძალიან აღელვებს მშენებლობის საკითხები. თქვენი, როგორც მშენებლის მოსაზრება როგორია ამასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილების მიმღები, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური, უნდა იყოს დამოუკიდებელი.

 

საკრებულოს ერთ მესამედს აქვს უფლება არჩეული მერი გადააყენოს, ამაზე რას ფიქრობთ?

საკრებულოსთან ურთიერთობა წარმომიდგენია კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი ძალებით შევალთ საკრებულოში და გახსნილი ურთიერთობა გვექნება.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდით მერი, მაგრამ თქვენი პარტია უმრავლესობით ვერ შევიდა საკრებულოში…?

კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს, რვა სკოლა გამოვიცვალე, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლასთან დაკავშირებით. საკმაოდ ფართო სპექტრში მაქვს გამოცდილება. ლოგიკასა და ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული იდეების გატარება არ იქნება რთული. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მაღალი ნდობით არჩეული მერის გადაყენება არ იქნება ადვილი.

 

ვინ გაფინანსებთ, საარჩევნო კამპანია ხომ დიდ ხარჯებს უკავშირდება?

ბევრი მითქმა-მოთქმაა ამასთან დაკავშირებით, მე მყავს ბიზნესმენი მეგობრები, რომლებიც მეხმარებიან.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხულოს მუნიციპალიტეტში გრძელდება

 

სამედიცინო აქცია 12:00 საათზე დაიწყება. პაციენტების მიღება სხალთის თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში იქნება შესაძლებელი. მოსახლეობას  სამედიცინო მომსახურებას ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები გაუწევენ.

 

სამედიცინო ბრიგადა  კარდიოლოგით, ექოსკოპისტით, ნევროლოგით, ნეიროქირურგით, ენდოკრინოლოგით, ქირურგით, ოფთალმოლოგით და ოტო–რინო–ლარინგოლოგითაა დაკომპლექტებული.

 

უფასო სამედიცინო აქცია სამედიცინო დაწესებულების ინიციატივით იმართება, საორგანიზაციო მხარეს  კი  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს.

 

ხულოს მუნიციპალიტეტში ღორჯომისა და რიყეთის თემში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები უკვე  ჩატარდა.

ქობულეთში აიეტის ქანდაკება ინგრევა

 

 

 

მისივე ინფორმაციით, “ქანდაკების ავტორმა  ამაშუკელმა ძეგლის შესაკეთებლად, საკმაოდ ბევრი ორასი ათასი ლარი მოითხოვა”. 

 

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს,  რომ ძეგლი აუცილებლად შეკეთებას საჭიროებს, თუმცა ბოლო ორი წელია საჭირო თანხები ბიუჯეტიდან ამისთვის ვერ გამოყვეს. 

მუზეუმების საერთაშორისო დღე მაჭახლის მუზეუმში

 

მაჭახლის ხეობის შესასვლელში  მაჭახელას თოფის ძეგლი დგას, რომლის ისტორიას ხეობა საუკუნის განმავლობაში ინახავს. კაჟიანი თოფი ხეობის სიამაყე, ისტორია და წარსულია. მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იმ ადამიანებს ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის მაჭახლის მუზეუმის შენარჩუნებაში მადლობის სიგელები გადაეცათ.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ღონისძიებაში ფოლკლორული ჯგუფებიც მონაწილეობდა, რომელსაც ადგილობრივებთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  მუზეუმის თანამშრომლებმა მიწვეულ სტუმრებს ხეობის ისტორიის  შესახებ ესაუბრა. ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მაჭახლის თემში სოფელ ზედა ჩხუტუნეთში მდებარეობს.

აჭარაში სახნავი მიწების 60 პროცენტი ეროზირებულია

 

 

მაღალმთიანი აჭარა; სოფელი ვაშლოვანი [მანანა ქველიაშვილის ფოტო]

 

ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი არსია: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ქვეშ გავრცელებული ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა (ინვენტარიზაცია) და საჭიროების შესაბამისად სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

 

ნიადაგების საინფორმაციო სივრცის სრულყოფა (გერმანიის განვითარების (KfW) ბანკის დაფინანსებით შესრულებული კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის პროექტის მიწის კონსოლიდაციის კომპონენტის ფარგლებში შექმნილი მონაცემთა ბაზის აღდგენა და მისი შემდგომი გაფართოება).

 

როგორც მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული: საქართველოს ტერიტორია ხუთ კლიმატურ სარტყელს და რვა ნიადაგურ ზონას მოიცავს. ნიადაგური საფარის ტიპოლოგიურ–ტაქსონომიური მრავალკომპონენტიანობის მიუხედავად, მისი გეოგრაფიული განაწილება კარგად გამოხატული ზონალური კანონზომიერებით ხასიათდება.

 

დასავლეთ საქართველოს ალპურ და სუბალპურ ზონაში გავრცელებულია: მთა–მდელოს, მთა–მდელოს შავმიწისებრი, მთა-ტყე-მდელოს ნიადაგები. მთა-ტყის ზონის ძირითად ნიადაგურ ტიპს ყომრალი და ყვითელ–ყომრალი ნიადაგები წარმოადგენს. გორაკ-ბორცვიან ზონაში გვხვდება წითელმიწები და ყვითელმიწები. კოლხეთის დაბლობზე განსხვავებული გეომორფოლოგიური პირობების შესაბამისად გვხვდება ყვითელმიწა (სუბტროპიკული) ეწერი, ყვითელმიწა (სუბტროპიკული) ეწერ-ლებიანი და ჭაობიანი ნიადაგები.

 

აღმოსავლეთ საქართველოს ალპურ და სუბალპურ ზონაში გავრცელებულია მთა-მდელოს, მთა–მდელოს შავმიწისებრი, მთა-ტყე მდელოს ნიადაგები. მთა–ტყის ზონაში საკმაო ფართობზე გვხვდება ყომრალი ნიადაგები. ტყე–სტეპის ზონა უკავია ყავისფერ ნიადაგებს, ხოლო დეპრესიულ ადგილებში გავრცელებულია მდელოს–ყავისფერი ნიადაგები. სტეპის ზონაში ბარის შავმიწებსა და რუხ–ყავისფერ ნიადაგებს შორის გვხვდება ნეშომპალა–სულფატური (ე.წ. გაჯიანი) ნიადაგები. დამლაშებული ნიადაგების არეალი ალაზნის, ელდარის, ტარიბანა–ნატბეურის და რიგ სხვა აკუმულაციურ ვაკეებსაც მოიცავს. საქართველოს სხვადასხვა ბუნებრივ ზონაში, ალუვიონის მასალაზე, ფორმირდება ალუვიური ნიადაგები, ხოლო კორდიან-კარბონატული ნიადაგების არეალი ემთხვევა კირქვებისა და მერგელების არეალს.

 

სამხრეთ საქართველოში ძირითადად გვხვდება შავმიწები და მთა–მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები, რომელთაც დიდი ფართობი უკავიათ ჯავახეთის, წალკის, გომარეთის, დმანისის ზეგნებსა და ვაკეებზე. მთა-ტყის ზონის ფარგლებში ასევე ფართოდაა გავრცელებული ყომრალი ნიადაგები.

 

საქართველოს ნიადაგური რესურსი, მიუხედავად ნიადაგური მრავალფეროვნებისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საკმაოდ შეზღუდულია. ქვეყნის სავარგულების 70%-ზე მეტი აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, განსაკუთრებით მაღალია მისი წილი კახეთსა და ჯავახეთში, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასოფლო – სამეურნეო სავარგულების (მთელი ფართობის) 6,7% უკავია დაბალნაყოფიერ და მლაშე ნიადაგებს, 11%- (300 000ჰა) მჟავე, 7,3%-(210 000ჰა) დაჭაობებულ, ხოლო 33% (1 მილონი ჰა) ეროზირებულ ნიადაგებს.

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახნავი მიწების 60% სხვადასხვა ხარისხითაა (სუსტად ეროზირებულია 2,7 ათასი ჰა (31 %), საშუალოდ – 2,5 ათასი ჰა, (28 %), ძლიერ – 0,1 ათასი ჰა.) ეროზირებული. სწორედ ამ რეგიონში შეინიშნება ე.წ. „ნიადაგური მიგრაცია”, რასაც თან სდევს მოსახლეობის მიერ ძირძველი საცხოვრებელი ადგილების მიტოვება.

 

ასევე, 2005 წელს, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის პროექტის მიწის კონსოლიდაციის კომპონენტის მიერ ჩატარებული კვლევებით ჩანს, რომ საქართველოს სასოფლო – სამეურნეო სავარგულის 70–80% ღარიბია მცენარისთვის აუცილებელი საკვები ელემენტებით, ხოლო ნიადაგების ხარისხობრივმა შესწავლამ აჩვენა, რომ ძირითადი სასოფლო – სამეურნეო კულტურების წარმოებისთვის ქვეყნის ნიადაგები „კარგ” და „საშუალო” კატეგორიას განეკუთვნებოდა.

 

ამრიგად, საქართველოს ნიადაგური რესურსები საჭიროებს ნაყოფიერების კონსერვაცია–გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის გაფართოებისა და მათი დაცვის მიზნით, მელიორაციული ღონისძიებების გატარებას“.

მიწები 1 ლარად მშენებარე ჰესებისთვის

 

სოფელი ღურტა

 

 

ზემოაღნიშნული კომპანიისთვის გადასაცემი მიწის საერთო (317 967 კვ/მ)  ფართობიდან 274 266 კვ/მ ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში, 37 686 კვ/მ – ხულოს რაიონის, სოფელ დიდაჭარაში, ხოლო 6 015 კვ/მ – შუახევის რაიონის, სოფელ ტაკიძეებში მდებარეობს.

 

მთავრობის 2 მაისის განკარგულებაში აღნიშნულია: „მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები საქართველოს მთავრობას, CLEAN ENERGY INVEST AS- სა და შპს ,,აჭარისწყალ ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ზემოაღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების ვადით, მაგრამ არა უმეტეს 99 წლისა, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიური ანაზღაურებით – 1 (ერთი) ლარი, გადასცეს შპს „აჭარისწყალ ჯორჯიას“.

 

შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ, საქართველოს მთავრობას, CLEAN ENERGY INVEST AS- სა დაშპს ,,აჭარისწყალ ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაფორმებული ხელშეკრულება და აღნაგობის უფლება უქმდება.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის თებერვალში, საერთო ჯამში 18 560 კვ/მ მიწის ფართობი 96 900 ლარად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ გადასცა (1 კვ/მ მიწის ნაკვეთი 5,22 ლარად). ეს მიწის ნაკვეთები ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობასა და სოფელ ჭახათში მდებარეობს.

აჭარის ტელევიზიის ორი წამყვანი ბათუმის საკრებულოში კენჭს იყრის

 

ნათია თავდგირიძემ  საარჩევნო კანდიდატად გახდომამდე ტელევიზიიდან შვებულება აიღო. რაც შეეხება თენგიზ აფხაზავას, 19 მაისს როდესაც საავტორო გადაცემა  მიჰყავდა,  ამ დროს უკვე „ქართული ოცნების“  კანდიდატი იყო ბათუმის საკრებულოში.

 

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით „დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით“.

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის სოსო სტურუას განცხადებით, მისთვის ცნობილი იყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის ფაქტი, თუმცა გადაცემის წამყვანის შეცვლა ვეღარ მოასწრო.

 

„ჩვენთვის სამი დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ კანდიდატი იქნებოდა. პროდიუსერთა ჯგუფს მოვთხოვეთ ახალი წამყვანი რომ ყოფილიყო პროექტში,  თუმცა სამი დღის განმავლობაში ახალი წამყვანის შერჩევა ვერ შეძლეს. თენგიზ აფხაზავას გადაცემის ეთერში გასვლით დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, სადაც წერია, რომ  ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა თავისი პოლიტიკური საქმიანობით. მომდევნო გადაცემამდე ბუნებრივია ნახავენ ახალ წამყვანს,“ – აცხადებს სოსო სტურუა.

 

თენგიზ აფხაზავა

 

 

რაც შეეხება თავად გადაცემის წამყვანს თენგიზ აფხაზავას, მისი განცხადებით, არ იცოდა თუ გადაცემის წაყვანით 19 მაისს მაუწყებელთა ქცევის  კოდექსს არღვევდა.

 

„არ იყო ცნობილი თორემ არავითარ შემთხვევაში არ წავიყვანდი  გადაცემას,“ – განაცხადა თენგიზ აფხაზავამ. მისივე თქმით,  უკვე დაწერა განცხადება და ის გადაცემას აღარ წაიყვანს.

 

აჭარის ტელევიზიის კიდევ ერთი თანამშრომელი ნათია თავდგირიძე, რომელიც ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იბრძვის,  ამჟამად შვებულებაშია გასული. სოსო სტურუას განცხადებით, ნათია თავდგირიძემ შვებულება გასულ კვირას აიღო.

 

„მაუწყებლის თანამშრომელი, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს კანონდებლობით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების არჩევნებში მონაწილეობას, კანდიდატურის წარდგენამდე უნდა აცნობოს  მაუწყებელს და ითხოვოს შვებულება. ხოლო არჩევნებში გამარჯვების და მისი უფლებამოსილების ცნობის  შემთხვევაში  დატოვოს თანამდებობა. ჩვენთან შეიძლება ფასიანი და უფასო  შვებულება. თუ ფასიანი შვებულება არ ეყო არჩევნებამდე მერე უფასოს გავუგრძელებთ,“ – ამბობს აჭარის ტელევიზიის დირექტორი სოსო სტურუა.

 

„ბათუმელების“ შეკითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა თვითთმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ჟურნალისტი ნათია თავდგირიძე პასუხობს:

 

„ხუთი წელია აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობ ჟურნალისტად. მესამე წელია  ვაკეთებ ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემას „ერთი დღე სოფელში“. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მომმართავდა თხოვნით, sჭირდებოდათ სხვადასხვა დახმარება,  ჩემი ძალიან სჯეროდათ,  მაგრამ ჟურნალისტური მანდატი არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ  ხალხს დავხმარებოდი. ახლა მომეცა იმის საშუალება პოლიტიკური მანდატი ავიღო და ხალხზე ვიზრუნო პირველ რიგში“.

 

მისივე თქმით, თუკი ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში, ისევ ტელევიზიაში განაგრძობს მუშაობას.  

 

ნათია თავდგირიძე: „ტელევიზიიდან არ წამოვსულვარ, მაქვს ერთთვიანი შვებულება. საკმაოდ რეიტინგულ გადაცემას ვაკეთებ, ვიღებ ახალ სეზონს,  რამდენიმე გადაცემა წინა თვეში მაქვს გადაღებული. თუ ვერ გავიმარჯვე, დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას, გავაგრძელებ მოღვაწეობას და  დაველოდები შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს. მინდა გითხრათ, რომ არ ვაპირებ  ჩრდილში ყოფნას და დანებებას“.  

 

ნათია თავდგირიძე

 

დერმატოლოგებისა და ონკოლოგების უფასო კონსულტაციები

 

 25 მაისს 10:00-17:00 საათამდე საქართველოს ფოტოდერმატოლოგთა ასოციაციის ექიმები, მედიცინის დოქტორი და პროფესორი ლალი მეკოკიშვილი და მაია დათუნაშვილი ჩაატარებენ უფასო კონსულტაციებს და კვლევას დერმატოსკოპიის საშუალებით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკვა ნომერზე: 568 000 600

ნაპირგამაგრებას გადაშენების პირას მყოფი მცენარეები ეწირება

 

ჩვეულებრივი წაბლი

 

 

 „ქალაქ ბათუმში, ადლიის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობის მიზნით საჭირო ინერტული მასალის მოსაპოვებლად, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ მიეცეს უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის თხილნარის სატყეოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების შემდეგი სახეობები:

 

ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 22 (ოცდაორი) ინდივიდი;

 

ბ) კაკლის ხე (Juglans regia L.) – 12 (თორმეტი) ინდივიდი“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

 

ამავე განკარგულებით, „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს.

 

ამასთან, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.

Exit mobile version