სიახლეები

ბათუმის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესები

22.05.2014 • 1594
ბათუმის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესები

 

ორგანიზაციის წარმომადგენელმა მალხაზ ჭკადუამ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შესწავლილი ტენდერების საფუძველზე განაცხადა, რომ ბათუმის თვითმმართველობაში გამარტივებული ტენდერების მეშვეობით კორუფციის რისკები იკვეთება.

 

მალხაზ ჭკადუა

 

 „ტენდერები ხშირ შემთხვევაში იყო გაუმჭვირვალე. კომპანიები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას, იყვნენ ერთი პრეტენდენტით წარმოდგენილი, მათ კონკურენტი არ ჰყავდათ. ბათუმის საკრებულომ წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა პრაქტიკა, როცა გამარტივებულ შესყიდვებს აფორმებდა იმ კომპანიებთან, სადაც წილებს ფლობდნენ ბათუმის საკრებულოს წევრები. საუბარია მილიონობით ლარზე“.

 

ორგანიზაციის მოკვლევით ბათუმის საკრებულოს ექვსი წევრი იმ კომპანიების მეწილეები არიან, რომლებიც ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერებში რეგულარულად იმარჯვებდა.

 

ნუკრი დოლიძე დამოუკიდებელი დეპუტატი, ბათუმის საკრებულოს წევრი. ფლობს კომპანია „მონოლითი 2005“-ის 25%-იან წილს, ასევე კომპანია „ბონდი-2009“-ის 25%-იან წილს. „მონოლითი 2005“-მა 2011 წლიდან დღემდე 66  ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა. 27 ტენდერში გაიმარჯვა. ამ ხნის განმავლობაში კომპანიის შემოსავლი 7 500 710 ლარი შეადგინა.

 

ბესარიონ ჭოხონელიძე დამოუკიდებელი დეპუტატი ბათუმის საკრებულოს წევრი. ბესარიონ ჭოხონელიძე შპს „ვიპ დიზაინის“  20%-იანი წილის მფლობელია. 2013 წლის 16 იანვრამდე ჭოხონელიძე 15%-იანი წილი ეკუთვნოდა შპს „გრანიტში“. 2013 წლის 16 ოქტომბრამდე ბესარიონ ჭოხონელიძეს ეკუთვნოდა 25%-იანი წილი შპს „სამშენებლო კომპანია ბათუმშიც“, რომელმაც 2013 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს რეგიონული განითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან  გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე სენაკი-ფოთის საავტომობილო გზის 117-119 მონაკვეთზე ფერდობების გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები 1 771 822.38 ლარად შეასრულა.

 

თამაზ გორგილაძე დამოუკიდებელი დეპუტატი ბათუმის საკრებულოს წევრი. 25%-25%-იან  წილს ფლობს კომპანიებში „სამშენებლო კომპანია ბათუმსა“ და შპს „დელტაში“.

 

გიორგი გაბაიძე დამოუკიდებელი დეპუტატი. ბათუმის საკრებულოს წევრი. შპს „ბარამბო XXI“-ში 25%-ის მეწილე და შპს „ზედაზენი აჭარის“ 10%-იანი წილის მფლობელი.

 

ვაჟა ვერულიძე დამოუკიდებელი დეპუტატი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. შპს „აუდიტორული, საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრი BDO ლიდერი“ 50%-ს ფლობს. დანარჩენ 50%-ს კი მისი მეუღლე ნანა ხინიკაძე. ნანა ხინიკაძე „თაობა XXI“-შიც ფლობს 20-%.

 

მამული ჟღენტი „კონსერვატიული პარტია“ ბათუმის საკრებულოს წევრი. ის 100%-ით ფლობს შპს „კეთილ საქმეს“.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის წარმომადგენლობა რეკომენდაციით მიმართავს სახელმწიფო დაწესებულებებს.

 

 „გამარტივებული შესყიდვა ეს არის ფორმა, როცა გადაუდებელი საჭიროება დგას რაღაც საკითხის მოსაგვარებლად და უწყებას უწევს ფორსმაჟორ სიტუაციაში მუშაობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეკომენდაციაა ბათუმის თვითმმართველობამ და სხვა სახელმწიფო დაწესებულებამ, უკიდურეს შემთხვევის გარდა, თავი აარიდონ გამარტივებულ შესყიდვების ხელშეკრულებებს, რომ დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები და შემცირდეს კორუფციის რისკები,“ – განაცხადა მალხაზ ჭკადუამ. 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობა სამომავლოდ,  დეკლარაციის სწორად შევსებისა და ქონების არ დამალვის მიზნით აპირებს შეისწავლოს აჭარაში სახელმწიფო სამსახურებში  ქონებრივი დეკლარაციები.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი