კვირის ამბები

,,ქართული ოცნების’’ საარჩევნო სია ბათუმში

24.05.2014 • 2419
,,ქართული ოცნების’’ საარჩევნო სია ბათუმში

 

 

ბათუმში “ქართული ოცნების” პირველ ნომერთან – ირაკლი ჭეიშვილთან დაკავშირება “ბათუმელებმა” ვერ მოახერხა.
“ოცნების” სიაში მეორე ნომერი კი ირაკლი ჩავლეიშვილია. ის “ქართული ოცნების’’ პროპორციულ სიაში “რესპუბლიკელების” კვოტით მოხვდა. ირაკლი ჩავლეიშვილი უკვე მეორე მოწვევის საკრებულოს წევრი, 2013 წლის იანვრიდან კი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა. წინასაარჩევნოდ კვოტებისა და ადგილების გადანაწილებაზე საუბრისას “რესპუბლიკელები” ირაკლი ჩავლეიშვილს ახალარჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ მოიაზრებენ. თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად საკუთარ თავს ირაკლი ჩავლეიშვილი თავადაც განიხილავს. ის ამბობს, რომ როგორც ორი მოწვევის საკრებულოს წევრს და ამ მხრივ გამოცდილ ადამიანს, ამბიცია აქვს ისევ განიხილებოდეს ამ თანამდებობაზე.

“ის, რომ ირაკლი ჭეიშვილი სიის პირველი ნომერია, არ ნიშნავს იმას, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ განიხილება. ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. იმის თქმით, რომ ირაკლი ჭეიშვილი უკვე განიხილება, კნინდება საკრებულოს როლი. ამიტომ ვფიქრობ, რომ არასწორია. რაც შეეხება იმას, განვიხილავ თუ არა საკუთარ თავს მომავალი საკრებულოს თავმჯდომარედ. გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, განვიხილავ. ჩემი თავმჯდომარეობის დროს მე შევძელი ის, რომ დამებალანსებინა საკრებულო. ბათუმის საკრებულოში არ ყოფილა ისეთი შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება, როგორიც სხვა საკრებულოებში.

ჩემი თავმჯდომარეობის დროს შემოვიღეთ ასევე სხდომების პირდაპირი ტრანსლირება, რამაც უფრო მეტი ჩართულობა და ინტერესი გამოიწვია საზოგადოების მხრიდან” – უთხრა ირაკლი ჩავლეიშვილმა “ბათუმელებს”.

ირაკლი ჩავლეიშვილი 2006-2010 წლებში ბათუმის საკრებულოს წევრი, 2008-2010 წლებში საკრებულოში ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე იყო. 2010 წლის ივნისიდან ირაკლი ჩავლეიშვილი ახალი მოწვევის საკრებულოში ისევ შევიდა. ცოტა ხანში კი ოპოზიციური ფრაქციის “ბათუმისათვის” თავმჯდომარედ აირჩიეს. პარალელურად ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. ირაკლი ჩავლეიშვილი პროფესიით ისტორიკოსი დაისტორიის მეცნიერებათა დოქტორია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

მესამე ნომრად ბიზნესმენი თამაზ თურმანიძე ჩაწერეს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის ბათუმში კოალიციის ორგანიზაციის ლიდერადაც განიხილებოდა. ამ პერიოდში “ქართული ოცნების” ლიდერის ამპლუაში ბათუმში ჩამოვიდა.
თამაზ თურმანიძე წარმოშობით ბათუმელია. მისი მშობლები დღესაც ბათუმში ცხოვრობენ,თუმცა თვითონ, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, თბილისში ცხოვრობს და ბიზნესითაა დაკავებული. აქვს რამდენიმე დეველოპერული კომპანია, მათ შორის “სოლო ჯგუფი” და საკუთარი ჟურნალი, რომლის გამოცემა ამ პერიოდისთვის შეჩერებულია. საქართველოს გარდა, თამაზ თურმანიძეს ბიზნესი აქვს უკრაინასა და ჩეხეთში.” ბიზნესმენი ამბობდა, რომ მისი და პრემიერ ივანიშვილის პოლიტიკური გზები ბიზნესს არ უკავშირდება. ამბობს, რომ მისი პოლიტიკური აქტივობა 2003-2004 წლებში დაიწყო. “ეს აქტივობა აჭარის რევოლუციის მეორე დღესვე დასრულდა, როცა აჭარის ტელევიზიაში შევარდნენ. ჩავთვალე, რომ, ალბათ, მე ვერ ვხედავ რაღაცას სწორად-მეთქი და განვერიდე”.

მეოთხე ნომრად სიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი კობა ჩხეიძე ჩაწერეს. ის ირაკლი ალასანიას პარტიის ,,თავისუფალი დემოკრატების’’ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ცოტა ხნის წინ კი მთავრობის აპარატის სოციალურ ეკონომიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2008-2012 წლებში კობა ჩხეიძე “Adjarian Tobacco”- დირექტორის ასისტენტად მუშაობდა. კობა ჩხეიძეს დამთავრებული აქვს ევროსაბჭოს პოლიტიკურ სწავლებათა ზაფხულის უნივერსიტეტი და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა. ასვევე, ნიკოლაევის გემთმშენებელი ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (უკრაინა). “ჩემი მიზანია ბათუმის განვითარება, რაც მხოლოდ ინფრასტრუქტურას არ გულისხმობს. ეს გულისხმობს გარემოს, რომელშიც ბათუმელები ლაღად იგრძნობენ თავს. ვგულისხმობ ადამიანზე მორგებულ ინფრასტრუქტურას, წინასწარ პროექტირებაზე დაფუძნებულ საქმიანობას და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებას”, – უთხრა კობა ჩხეიძემ “ბათუმელებს.

მეხუთე ნომერი პროფესორი თენგიზ აფხაზავაა. მეექვსე ნომრად კი დიმიტრი დარჩია ჩაწერეს. მეშვიდე პოზიცია “ქართულ ოცნებაში – შეხვდა ნატალია ზოიძეს, შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორს. მერვე ნომრად მამუკა ჯაში ჩაწერეს. ის კოალიციაში მრეწველების კვოტით შევიდა.საკრებულოში სოციალური მიმართულებით გეგმავს მუშაობას. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძირითადად ოჯახური ბიზნესით იყო დაკავებული და სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობდა.

 

მამუკა ჯაში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი ჯაშის შვილია. მეცხრე პარმენ მგელაძე, მეათე კი ყოფილი მოსამართლე დავით ანანიძე იქნება. “ქართულ ოცნებას” ბათუმის ყველა უბანში თავისი მაჟორიტარები ჰყავს წარდგენილი. ბათუმის საკრებულოში კი სულ 23 დეპუტატი უნდა აირჩიონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: