კვირის ამბები

ბათუმის მერობის კანდიდატი „ერთიანობის დარბაზიდან“

21.05.2014 • 1616
ბათუმის მერობის კანდიდატი „ერთიანობის დარბაზიდან“

 

გამოდის, პარტია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ჩამოაყალიბეთ?

46 წლის განმავლობაში არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. შესაბამისად, ვფიქრობდი, რომ ამის ნაკლები მოტივაცია მქონდა. მიუხედავად ამისა, 1989 წლიდან, პრაქტიკულად, აჭარაში არ ყოფილა დიდი საპროტესტო გამოსვლა ან პოლიტიკური პროცესი, რომელშიც აქტიურად არ მიმიღია მონაწილეობა. პოლიტიკური პარტიის წევრობა არ იყო ამისათვის აუცილებელი. მქონდა შემოთავაზება სხვადასხვა პარტიიდანაც. ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება. მანამდე კონსულტაციები გავიარე საზოგადოების ცნობად სახეებთან. მინდოდა მქონოდა მოტივაცია მათი მხარდაჭერის სახით. მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია „ერთიანობის დარბაზი“, დავაფუძნეთ ის და, შესაბამისად, ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანდით.

 

ჩემთან ერთად არიან მეგობრები, რომლებიც იზიარებენ დასავლურ კურსს და ამასთან ერთად ინარჩუნებენ ჩვენი ქვეყნის მთავარ ღირებულებებს. ჩვენ არა მხოლოდ მონაწილეობისთვის, არამედ გარანტირებულად გამარჯვებისთვის ვიბრძვით. თუ ასე მოკლე დროში შევძელით პარტიის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მხარდამჭერთა რაოდენობის შეკრება, ჩვენ შევძლებთ არჩევნებში გამარჯვებასაც. ის გუნდი, რომელიც ჩვენ შევკრიბეთ, გამოცდილი და პასუხისმგებლობით გამორჩეული ადამიანებისგან შესდგება. ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება.

 

ვინ არიან ეს ადამიანები, არ ასახელებთ მათ სახელებსა და გვარებს?

ჩვენი პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება მწერალი რამაზ სურმანიძე, მას ყველა იცნობს. იქნებიან ახალი სახეები, რომლებიც არიან პოლიტიკურად აქტიურები. მე შემეძლო რომელიმე პოლიტიკური პარტიის სახელით მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ამ შემთხვევაში მოტივაცია უფრო მაღალი იყო. მინდა ვთქვა, რომ `ერთიანობის დარბაზი~ ეს არის წინა თაობის გამოცდილება და ჩვენი თაობის ენერგია, კრეატიული იდეების ერთიანობა, რომელიც იქნება საუკეთესო სინთეზი. ჩვენი პოლიტიკური პარტიის სლოგანია `ერთიანობაშია ქვეყნის მომავალი“. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სიის ძალიან კარგი ნაწილი მანდილოსნებით იქნება წარმოდგენილი.

 

მერობის შემთხვევაში რა პროექტებს განახორციელებთ, რატომ უნდა  გააკეთონ ბათუმელებმა არჩევანი თქვენზე?

პროგრამა უკვე მზად გვაქვს, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება და იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. პირველი და მთავარი ისაა, რასაც ვპირდები ამომრჩეველს, რომ ბათუმის მერია იქნება ყველაზე გამჭვირვალე სტრუქტურა. ეს იქნება ბათუმელების სახლი. ნებისმიერი ბათუმელი იქნება პროცესის მონაწილე, ბათუმელებს მაქსიმალურ ჩართულობას ვპირდები. თითოეულმა ბათუმელმა უნდა იგრძნოს, რომ თვითონ არის გადაწყვეტილების მიმღები. გარდა ამისა, არის სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა საკითხები, რაც პროგრამაში დეტალურად იქნება გაწერილი.

 

რა გამოცდილება გაქვთ?

პროფესიით მშენებელი ვარ, აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსპორტო საწარმოს, სააქციო საზოგადოება „ავტომობილისტის“ როგორც დირექტორი, ნაწილობრივ მეპატრონეც ვიყავი. 2005-2006 წლებში ვმუშაობდი ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, როცა ჩემი საკურატორო სფერო იყო სტატისტიკა, მშენებლობა და ტურიზმი. შემდგომ დავინიშნე აჭარის სტატისტიკის დეპარტამენტში და ახლაც ბათუმის სტატისტიკის სამმართველოს უფროსი ვარ. ბათუმის მერობის დღეს დასახელებულ კანდიდატთა შორის არ არის არც ერთი, ვისთანაც პირდაპირი ურთიერთობა არ მაქვს, უაღრესად კარგი ადამიანები არიან.

 

ამომრჩეველს არ დააბნევს ის, რომ მერობის კანდიდატები ერთმანეთს აქებთ?

მე ვიწყებ პოზიტივით. საზოგადოებამ ბიოგრაფიები ნახოს და ამის მიხედვით გააკეთოს არჩევანი. მე ჩემი გამოცდილებით მაქვს პრეტენზია, ვიყო ბათუმელების მრჩეველი.

 

ბათუმში საზოგადოებას ძალიან აღელვებს მშენებლობის საკითხები. თქვენი, როგორც მშენებლის მოსაზრება როგორია ამასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილების მიმღები, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური, უნდა იყოს დამოუკიდებელი.

 

საკრებულოს ერთ მესამედს აქვს უფლება არჩეული მერი გადააყენოს, ამაზე რას ფიქრობთ?

საკრებულოსთან ურთიერთობა წარმომიდგენია კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი ძალებით შევალთ საკრებულოში და გახსნილი ურთიერთობა გვექნება.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდით მერი, მაგრამ თქვენი პარტია უმრავლესობით ვერ შევიდა საკრებულოში…?

კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს, რვა სკოლა გამოვიცვალე, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლასთან დაკავშირებით. საკმაოდ ფართო სპექტრში მაქვს გამოცდილება. ლოგიკასა და ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული იდეების გატარება არ იქნება რთული. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მაღალი ნდობით არჩეული მერის გადაყენება არ იქნება ადვილი.

 

ვინ გაფინანსებთ, საარჩევნო კამპანია ხომ დიდ ხარჯებს უკავშირდება?

ბევრი მითქმა-მოთქმაა ამასთან დაკავშირებით, მე მყავს ბიზნესმენი მეგობრები, რომლებიც მეხმარებიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: