კვირის ამბები

განწყობით განმუხტვა ფიზიკის გაკვეთილზე

21.05.2014 • 2269
განწყობით განმუხტვა ფიზიკის გაკვეთილზე

უნდოდა ექიმი გამხდარიყო. თუმცა მშობლებმა სხვა ქალაქში სასწავლებლად არ გაუშვეს. ბათუმის პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ინსტიტუტში ერთი გამოცდით ჩაირიცხა და ფიზიკოსი გახდა.

„თავიდან გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ ახლა აღარ ვნანობ. ყოველდღიურად დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემი მუშაობის პარალელურად – ქუჩაში ჩემი ყოფილი მოსწავლე მხვდება, სადმე მივდივარ დაწესებულებაში, იქაც ჩემი მოსწავლე მხვდება. მიხარია, რომ ვუყვარვარ ჩემს მოსწავლეებს. არ არსებობს, რომ ვინმემ ცუდად მომიხსენიოს. ყველა ასე მეუბნება – ძალიან გვიყვარხარო. ცხოვრებაში ეს ძალიან დიდი სტიმულის მომცემია“, – ამბობს ნინო.

ნინო რუსეიშვილი

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პედაგოგის კარიერა შუახევში, სოფელ ჭვანის სკოლაში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ ბათუმში გადმოვიდა და უკვე 40 წელია ბავშვებს ფიზიკას ასწავლის. საბჭოთა კავშირის დროს მიღებული აქვს მედალი შრომაში წარმატებისათვის, რამდენიმე წლის წინ კი განათლების სამინისტრომ დააჯილდოვა წარჩინებული პედაგოგის სამკერდე მედლით.

კითხვაზე – როგორ ახერხებს დააინტერესოს და შეაყვაროს ბავშვებს ფიზიკა, პასუხობს, რომ მთავარი სიყვარულია, რომელსაც ბავშვების მიმართ გრძნობს.

„ბავშვი მიყვარს – ეს არის ჩემი მთავარი ამოსავალი, ჩემი მამოძრავებელი ძალა. პირველ რიგში, ბავშვი პიროვნებად უნდა  ჩათვალო – შენს თანატოლად, მაგრამ ზღვარიც უნდა დაიცვა. თავისთავად პასუხისმგებლობა მაქვს და საგანსაც ვფლობ შესაბამისად. ჯერ არ მახსოვს ბავშვი ნაწყენი იყოს ჩემზე, ან მე გავუბრაზდე და ჩავიდო გულში. ხანდახან კი მაბრაზებენ, მაგრამ ისე არ ვბრაზდები, რომ ბავშვმა შემატყოს. მაბრაზებენ ძირითადად იმით, რომ გაკვეთილს არ სწავლობენ. ეთიკურად ვაძლევ შენიშვნას.

ნინოს თქმით, მნიშვნელობა იმასაც კი აქვს, როგორ ლაპარაკობს მასწავლებელი ან როგორ აცვია: „პირადი მაგალითი ბევრს ნიშნავს. თვითონ მასწავლებელი უნდა იყოს მოწესრიგებული, საუბრობდეს მტკიცედ, დაბალი ტონით. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ  მის მიმართ კეთილგანწყობილი ხარ და შემდეგ უნდა გქონდეს უნარი, საგანი გადასცე საინტერესოდ. ალბათ არის ჩემში ეს უნარი.

პირველ რიგში განწყობა უნდა შექმნა გაკვეთილზე. ბავშვები უნდა განიმუხტონ. ცხოვრებისეული მაგალითებით იწყება ყველაფერი, ვაჩვენებ სხვადასხვა მაგალითს. მერე ვეკითხები რა იციან ამა თუ იმ საკითხზე. ამის შემდეგ გადავდივარ გაკვეთილის მიზანსა და თემაზე. ეს გონებრივი იერიში ძალიან შველის“.

ნინო რუსეიშვილი თავისი შრომის ეფექტს გამოცდების შედეგებში ხედავს: `ვერ ვიტყვი, რომ ყველა ბავშვი სწავლობს ფიზიკას, მაგრამ სხვა სკოლებთან შედარებით საატესტატო გამოცდებს პირველი სკოლიდან უმრავლესობა აბარებს. ძალიან ცოტა ბავშვი იჭრება ამ საგანში… მათემატიკა არის ფიზიკის „და“. მათემატიკა თუ არ იცის მოსწავლემ, რთულია ფიზიკის სწავლება. ბავშვებს საგანი რომ შევაყვარო, ცხოვრებიდან მომყავს მაგალითები. ცდების ჩატარება უწინ უფრო გვიწევდა, თვალსაჩინოებით ვიყავით მომარაგებული. ზრუნავდა სამინისტრო, იყო ბაზა, თითქმის ყოველწლიურად ივსებოდა ფიზიკის ლაბორატორიები. გვყავდა ლაბორანტი, რომელიც გვეხმარებოდა. ახლა უკვე ამ ფუფუნებას მოკლებული ვართ“.

ამბობს, რომ გული წყდება მის საგანში ახალი, კარგი კადრების არ არსებობის გამო: „რომ ვნახო მცოდნე, ენერგიული და ბავშვების მოყვარული მასწავლებელი, იმ წამსვე დავუთმობ ჩემს საათებს. ოღონდ კარგი ახალგაზრდა ფიზიკოსი მოვიდეს.

მიზეზი? მიზეზი ისაა, რომ არ არის ხიდი გავლებული სკოლას, უმაღლეს სასწავლებელსა და სახელმწიფოს მოთხოვნებს შორის. არ მესმის, როგორ შეიძლება სახელმწიფოს ინჟინერი, ელექტრიკოსი, მშენებელი არ დასჭირდეს“.

მისი თქმით, ახლა მისი მთავარი საზრუნავი ოჯახი და სკოლაა. ნინოს ორი შვილი ჰყავს. ადრე დაქვრივდა და ბავშვები მარტომ გაზარდა: „მეორე კურსის ბოლოს უკვე შვილი მყავდა. მეუღლე 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავკარგე. ორი შვილი დამრჩა, ბიჭი მეცხრე კლასში სწავლობდა, გოგონა – მეხუთე კლასში. მარტომ გავზარდე შვილები. ახლა სამი შვილიშვილი მყავს.

ამავე დროს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ სკოლის მიმართ. ხუთი წუთიც რომ დავაგვიანო სკოლაში, ვნერვიულობ. ცხრის ნახევარზე უნდა ვიყო აქ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი სკოლადამთავრებული იყოს ჩამოყალიბებული და განათლებული პიროვნება. ჩვენი სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია. ამას ვაღწევთ მიზანდასახულობითა და შრომით. მგონი, სწორი მიმართულება გვაქვს აღებული“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: