სპორტი

მძლეოსნები ჩემპიონატის წინ

21.05.2014 • 1605
მძლეოსნები ჩემპიონატის წინ

 

მძლეოსნობა რატომ გახდა თქვენი არჩევანი?

 

დავითი: ტანვარჯიშზე, კალათბურთზე, ჭიდაობაშიც დავდიოდი, მერე მძლეოსნობა ვცადე და აღმომაჩნდა ნიჭი. მიყვარს სირბილი და სამომავლოდ ვაპირებ ვიყო 100 და 200 მეტრზე მორბენალი, ანუ სპრინტერი.

მარიამი: არც ვიცოდი ეს სპორტი თუ არსებობდა. სპორტული ტურნირები ტარდებოდა ბათუმში, სკოლაში ფიზიკური მომზადების მწვრთნელი იყო მოსული. იქიდან აგვარჩია რამდენიმე. მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი. ჩემი პირველი ტრენერი კახა ვაჩეიშვილი გახდა. ახლაც ის მამზადებს. პირველ რიგში მთავარია ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ვარჯიშის გემოს რომ გაიგებ, მერე გიჭირს თავის დანებება. არ ვიცი, ამას რა ჰქვია. მონდომება მთავარია, თუმცა პირობებიც ბევრს ნიშნავს.

 

ოჯახში მარტო მე ვარ სპორტით დაინტერესებული. ამ სპორტში მამამ მომიყვანა, ის ახლა ცოცხალი აღარაა. დედას ძალიან უნდა, რომ მივაღწიო წარმატებას. მიუხედავად იმისა, მშობლების უმეტესობა ფიქრობს გოგოსთვის შეუფერებელი სპორტია, ის არასდროს მაცდენინებს ვარჯიშს, მაშინაც კი, თუ რამე მტკივა, მეუბნება შევეცადო, არ გავაცდინო.

 

თქვენ მოსწავლეები ხართ. როგორ გაქვთ გადანაწილებული დრო სპორტისა და სწავლისთვის?

მარიამი: ცოტა რთულია ორივეს ერთად კეთება, მაგრამ მთავარია მონდომება. დილით არ ვვარჯიშობ, გაკვეთილები მაქვს. სკოლის მერე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტდარბაზში ვვარჯიშობ, საათნახევარ ან ორსაათს,  გააჩნია რა დატვირთვა მაქვს. ღამე კი ვსწავლობ. ჯერჯერობით ამ რეჟიმში ვარ, სანამ სკოლას მოვრჩები. მერე არ ვიცი, თუ შესაბამის ინფრასტრუქტურას განავითარებენ, ალბათ გავყვები ამ სპორტს. ისე, მინდა იურისტი ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გავხდე.

დავითი: სკოლაში კარგად ვსწავლობ. არ მიჭირს შევუთავსო ვარჯიში და სწავლა ერთმანეთს, რადგან სირბილი ჩემი საყვარელი საქმეა.

 

როგორ შეაფასებთ საკუთარ თავს, რამდენად მზად ხართ საქართველოს ჩემპიონატზე პირველობისთვის?

მარიამი: კარგად ვიყავი მომზადებული, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მქონდა პრობლემა. ჰაიმორიტის გამო ბევრჯერ მომიწია ვარჯიშის გაცდენა. ორი კვირაც არაა, რაც ვარჯიში ხელახლა დავიწყე. ამ დროში ცოტა ძნელია შედეგის მიღწევა, მითუმეტეს მძლეოსნობა შრომატევადი საქმეა. ვცდილობ, გავუმკლავდე იმ დატვირთვებს, რასაც ტრენერი მაძლევს. 

დავითი: სანამ პარკში გარბენებს დავიწყებ, მანამდე საზღვაო აკადემიის სპორტულ დარბაზში ძალის ვარჯიშებს ვაკეთებ. ეს აუცილებელია საერთო ფიზიკური მომზადების შესანარჩუნებლად. დღეში საათნახევარი ან ორი საათი ვვარჯიშობ ყოველ დღეს, კვირის გარდა. გააჩნია, ტრენერი რა დატვირთვას მაძლევს. პირობები არ არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ მომზადებას. მთავარია, ტრავმა არ მაქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: