დღეს დილით, ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მოკლული ქალის მეუღლე, სახლთან ახლოს ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ოჩხამურის რწმუნებულმა როლანდ ბერიძემ განუცხადა.
მკვლელობა ოჩხამურში გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქმარმა ცოლი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ცნობით, თეიმურაზ ქ-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლეს, 30 წლის რუსუდან ბ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა:
“დაჭრილი ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა თეიმურაზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 115-ე მუხლით)”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.