Batumelebi | სასამართლო დავა ყოფილი ფოსტის შენობის ირგვლივ სასამართლო დავა ყოფილი ფოსტის შენობის ირგვლივ – Batumelebi
RU | GE  

სასამართლო დავა ყოფილი ფოსტის შენობის ირგვლივ


ყოფილი ფოსტის შენობასთან მცხოვრები გეგენავების ოჯახი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უჩივის და იმ აქტების ბათილად ცნობას ითხოვს, რის თანახმადაც შპს „აქტივ ბათუმმა“ ყოფილი ფოსტის შენობის რესტავრაცია და 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა წამოიწყო. ოჯახის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ მშენებლობით დაირღვა მესაკუთრის უფლება, კომპანია „აქტივ ბათუმმა“ კი პროექტის პირობები დაარღვია. მშენებელი საქმეში მესამე მხარედ არის ჩართული


 

დები – ნათია, ხათუნა და თეა გეგენაძეები ფოსტის შენობასთან ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან #10-ში ე.წ. იტალიურ ეზოში ცხოვრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ შპს „აქტივ ბათუმმა“, რომელიც ფოსტის შენობის ადგილზე მაღალსართულიან სასტუმროს აშენებს, მათი უფლებები დაარღვია.

 

„როდესაც მშენებლობის ბანერები გამოაკრეს, მათთვის ამ ბანერებზე განთავსებული ინფორმაციით ცნობილი ვერ გახდა, თუ რა მანძილით იქნებოდა ფოსტის შენობა მათი სახლიდან დაშორებული. როდესაც მათ ეს ინფორმაცია მოიპოვეს, აღმოჩნდა, რომ კაზინოს შენობა, რომელსაც კომპანია იქვე აშენებს, სამშენებლო წესების დარღვევით იყო დაპროექტებული. არ არის დაცული მიჯნის ზონა. მოქმედი კანონმდებლობით არ შეიძლებოდა, რომ შენობას გეგენავების საცხოვრებელი სახლის მხარეს ფანჯრები ჰქონოდა, პროექტშიც ასე იყო და სამშენებლო წესებიც ამას ითხოვს. გეგენავების მოთხოვნაა, რომ შენობას ფანჯრები მათი სახლის მხარეს არ ჰქონდეს“, – ამბობს ადვოკატი გია წაქაძე.

 

გეგენავებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს, – გასაჩივრებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ყოფილი ფოსტის შენობაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მშენებლობის ნებართვა გაიცა. საქმეში მესამე პირად ჩაერთო მშენებელი კომპანია „აქტივ ბათუმი“.

 

საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს, რომელმაც მხარეებს მორიგების თხოვნით მიმართა.

 

მშენებელი კომპანიის იურისტი დავით ჯაიანი „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ კომპანიას წესები არ დაურღვევია, თუმცა გეგენავების ოჯახს მორიგება გარკვეული კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მაინც შესთავაზა.

 

„ჩვენ მორიგებას ვთავაზობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია მცდარია. მეზობლად ვაწარმოებთ მშენებლობას და ისე ვიქცევით, როგორც მეზობლურ ურთიერთობას შეეფერება. კომპანიამ ააშენა რამდენიმე სართული, მთელი ამ დროის განმავლობაში მათ პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ მესამე ან მეოთხე სართულის მშენებლობის დროს და არა მაშინ, როცა უკვე დასრულებულია მშენებლობა. ეს არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ მათი მოთხოვნა ხანდაზმულია“, – განმარტავს კომპანიის იურისტი.

გეგენავების ადვოკატის ინფორმაციით, დები ცხოვრობენ თბილისში და ბათუმში დროდადრო ჩამოდიან. ბოლო ჩამოსვლისას მათ შეამჩნიეს, რომ სამეზობლო საზღვარზე აშენებული ყრუ კედელი, რომელიც მათ მანამდე ღობე ან უფანჯრო კედელი ეგონათ, ასეთი არ ყოფილა: „აღმოჩნდა, რომ ამ კედელზე მოაწყვეს ფანჯრის ღიობები და აივნების მსგავსი კონსტრუქციები. მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ ან მშენებლობის პროექტი იქნებოდა არაკანონიერად გაცემული, ან მშენებლებს ექნებოდათ დარღვეული პროექტი. ამის გამოსარკვევად მათ 2013 წლის 6 სექტემბერს მიმართეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და მოითხოვეს პროექტის ასლი. 10 სექტემბერს კი დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია ჩაიბარეს“.

 

ადვოკატ წაქაძის განმარტებით, საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2012 წლის 14 აგვისტოს, შეთანხმებულა ისეთი პროექტი, სადაც აშკარად იყო დარღვეული საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის ბრძანების მოთხოვნები `დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“:

 

„გეგენავების მეზობელ მიწის ნაკვეთზე დაუპროექტებიათ მშენებლობა კანონით გათვალისწინებული წითელი ხაზების დაუდგენლად და უკანა ეზოს დატოვების გარეშე, ხოლო 15-სართულიანი სახლის მშენებლობა გაუთვალისწინებიათ პირდაპირ მიჯნის ზონაში. სამეზობლო საზღვრიდან მხოლოდ 58 სანტიმეტრის დაშორებით დაპროექტებულ კედელს, მე-3 სართულიდან ზემოთ, აღმოაჩნდა 10-10 ფანჯრის ღიობი თითო სართულზე. ამ აქტებით შეთანხმებული პროექტის განხორციელებით არსებითად არის შელახული მოსარჩელეთა უფლებები“.

 

ამ განმარტების მიხედვით ირკვევა, რომ გასაჩივრებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გაიცა ყოფილი ფოსტის შენობაზე, ანუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მშენებლობის ნებართვა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში სააგენტოს იურისტი თამილა აბუსელიძე იცავს. მისი განმარტებით, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნების ან მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, რომ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა, საინფორმაციო დაფა განთავსებული იყო ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე, რომელზეც ასახულია შენობის სართულიანობა და გაბარიტები, არქიტექტურული სახე, აგრეთვე ნებართვის ნომერი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2012 წლის 6 სექტემბერს ხათუნა გეგენავამ მოგვმართა წერილობით, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აცნობა სამშენებლო კომპანიის მიერ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შესახებ. ამ წერილის პასუხში ჩვენ მივუთითეთ იმ ბრძანების ნომერი და თარიღი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს მშენებლობა.

 

გარდა ამისა, ნათია გეგენავამ 2013 წლის 29 აგვისტოს მომართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნით. ამის მიუხედავად მოსარჩელეს 2013 წლის 9 ოქტომბრამდე არ გაუსაჩივრებია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაშვებულია გასაჩივრების ვადები“.

 

ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ არსებული სახით ამ მშენებლობის დასრულებისას, დაირღვევა გეგენავების ოჯახის უფლება ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობაზე, დაირღვევა თანაბარი შესაძლებლობების სივრცის პრინციპი, რადგანაც მრავალსართულიან კაზინოში კამათელის გასაგორებლად შესულ ნებისმიერ პირს შეეძლება არა მხოლოდ ათვალიეროს გეგენავების ეზო, არამედ დაუბრკოლებლად გადმოაგდოს სიმაღლიდან რაღაც ნივთები, თუნდაც ნაგავი და ა. შ.“

 

გეგენავების ადვოკატის მტკიცებით, კომპანიას სააგენტოსთან შეთანხმების პირობებიც აქვს დარღვეული და ამის დასამტკიცებლად სამხარაულის დასკვნას ელოდება. სააგენტოს იურისტის თქმით კი, სააგენტო მშენებლობის მიმდინარეობას პერიოდულად ამოწმებს და შეთანხმების პირობები არ დარღვეულა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე