აჭარის ტელევიზიის ორი წამყვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს. თენგიზ აფხაზავას აჭარის ტელევიზიაზე ყოველკვირეული გადაცემა „ეკონომიკური სტრატეგია“ მიჰყავდა, ხოლო ნათია თავდგირიძეს „ერთი დღე სოფელში“.
თენგიზ აფხაზავა ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ იბრძოლებს, ნათია თავდგირიძე კი – პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზიდან“.
ნათია თავდგირიძემ საარჩევნო კანდიდატად გახდომამდე ტელევიზიიდან შვებულება აიღო. რაც შეეხება თენგიზ აფხაზავას, 19 მაისს როდესაც საავტორო გადაცემა მიჰყავდა, ამ დროს უკვე „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო ბათუმის საკრებულოში.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით „დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით“.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის სოსო სტურუას განცხადებით, მისთვის ცნობილი იყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის ფაქტი, თუმცა გადაცემის წამყვანის შეცვლა ვეღარ მოასწრო.
„ჩვენთვის სამი დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ კანდიდატი იქნებოდა. პროდიუსერთა ჯგუფს მოვთხოვეთ ახალი წამყვანი რომ ყოფილიყო პროექტში, თუმცა სამი დღის განმავლობაში ახალი წამყვანის შერჩევა ვერ შეძლეს. თენგიზ აფხაზავას გადაცემის ეთერში გასვლით დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, სადაც წერია, რომ ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა თავისი პოლიტიკური საქმიანობით. მომდევნო გადაცემამდე ბუნებრივია ნახავენ ახალ წამყვანს,“ – აცხადებს სოსო სტურუა.
რაც შეეხება თავად გადაცემის წამყვანს თენგიზ აფხაზავას, მისი განცხადებით, არ იცოდა თუ გადაცემის წაყვანით 19 მაისს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს არღვევდა.
„არ იყო ცნობილი თორემ არავითარ შემთხვევაში არ წავიყვანდი გადაცემას,“ – განაცხადა თენგიზ აფხაზავამ. მისივე თქმით, უკვე დაწერა განცხადება და ის გადაცემას აღარ წაიყვანს.
აჭარის ტელევიზიის კიდევ ერთი თანამშრომელი ნათია თავდგირიძე, რომელიც ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იბრძვის, ამჟამად შვებულებაშია გასული. სოსო სტურუას განცხადებით, ნათია თავდგირიძემ შვებულება გასულ კვირას აიღო.
„მაუწყებლის თანამშრომელი, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს კანონდებლობით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების არჩევნებში მონაწილეობას, კანდიდატურის წარდგენამდე უნდა აცნობოს მაუწყებელს და ითხოვოს შვებულება. ხოლო არჩევნებში გამარჯვების და მისი უფლებამოსილების ცნობის შემთხვევაში დატოვოს თანამდებობა. ჩვენთან შეიძლება ფასიანი და უფასო შვებულება. თუ ფასიანი შვებულება არ ეყო არჩევნებამდე მერე უფასოს გავუგრძელებთ,“ – ამბობს აჭარის ტელევიზიის დირექტორი სოსო სტურუა.
„ბათუმელების“ შეკითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა თვითთმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ჟურნალისტი ნათია თავდგირიძე პასუხობს:
„ხუთი წელია აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობ ჟურნალისტად. მესამე წელია ვაკეთებ ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემას „ერთი დღე სოფელში“. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მომმართავდა თხოვნით, sჭირდებოდათ სხვადასხვა დახმარება, ჩემი ძალიან სჯეროდათ, მაგრამ ჟურნალისტური მანდატი არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ხალხს დავხმარებოდი. ახლა მომეცა იმის საშუალება პოლიტიკური მანდატი ავიღო და ხალხზე ვიზრუნო პირველ რიგში“.
მისივე თქმით, თუკი ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში, ისევ ტელევიზიაში განაგრძობს მუშაობას.
ნათია თავდგირიძე: „ტელევიზიიდან არ წამოვსულვარ, მაქვს ერთთვიანი შვებულება. საკმაოდ რეიტინგულ გადაცემას ვაკეთებ, ვიღებ ახალ სეზონს, რამდენიმე გადაცემა წინა თვეში მაქვს გადაღებული. თუ ვერ გავიმარჯვე, დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას, გავაგრძელებ მოღვაწეობას და დაველოდები შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს. მინდა გითხრათ, რომ არ ვაპირებ ჩრდილში ყოფნას და დანებებას“.