სიახლეები

აჭარაში სახნავი მიწების 60 პროცენტი ეროზირებულია

20.05.2014 • 2941
აჭარაში სახნავი მიწების 60 პროცენტი ეროზირებულია

 

 

მაღალმთიანი აჭარა; სოფელი ვაშლოვანი [მანანა ქველიაშვილის ფოტო]

 

ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი არსია: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ქვეშ გავრცელებული ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა (ინვენტარიზაცია) და საჭიროების შესაბამისად სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

 

ნიადაგების საინფორმაციო სივრცის სრულყოფა (გერმანიის განვითარების (KfW) ბანკის დაფინანსებით შესრულებული კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის პროექტის მიწის კონსოლიდაციის კომპონენტის ფარგლებში შექმნილი მონაცემთა ბაზის აღდგენა და მისი შემდგომი გაფართოება).

 

როგორც მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული: საქართველოს ტერიტორია ხუთ კლიმატურ სარტყელს და რვა ნიადაგურ ზონას მოიცავს. ნიადაგური საფარის ტიპოლოგიურ–ტაქსონომიური მრავალკომპონენტიანობის მიუხედავად, მისი გეოგრაფიული განაწილება კარგად გამოხატული ზონალური კანონზომიერებით ხასიათდება.

 

დასავლეთ საქართველოს ალპურ და სუბალპურ ზონაში გავრცელებულია: მთა–მდელოს, მთა–მდელოს შავმიწისებრი, მთა-ტყე-მდელოს ნიადაგები. მთა-ტყის ზონის ძირითად ნიადაგურ ტიპს ყომრალი და ყვითელ–ყომრალი ნიადაგები წარმოადგენს. გორაკ-ბორცვიან ზონაში გვხვდება წითელმიწები და ყვითელმიწები. კოლხეთის დაბლობზე განსხვავებული გეომორფოლოგიური პირობების შესაბამისად გვხვდება ყვითელმიწა (სუბტროპიკული) ეწერი, ყვითელმიწა (სუბტროპიკული) ეწერ-ლებიანი და ჭაობიანი ნიადაგები.

 

აღმოსავლეთ საქართველოს ალპურ და სუბალპურ ზონაში გავრცელებულია მთა-მდელოს, მთა–მდელოს შავმიწისებრი, მთა-ტყე მდელოს ნიადაგები. მთა–ტყის ზონაში საკმაო ფართობზე გვხვდება ყომრალი ნიადაგები. ტყე–სტეპის ზონა უკავია ყავისფერ ნიადაგებს, ხოლო დეპრესიულ ადგილებში გავრცელებულია მდელოს–ყავისფერი ნიადაგები. სტეპის ზონაში ბარის შავმიწებსა და რუხ–ყავისფერ ნიადაგებს შორის გვხვდება ნეშომპალა–სულფატური (ე.წ. გაჯიანი) ნიადაგები. დამლაშებული ნიადაგების არეალი ალაზნის, ელდარის, ტარიბანა–ნატბეურის და რიგ სხვა აკუმულაციურ ვაკეებსაც მოიცავს. საქართველოს სხვადასხვა ბუნებრივ ზონაში, ალუვიონის მასალაზე, ფორმირდება ალუვიური ნიადაგები, ხოლო კორდიან-კარბონატული ნიადაგების არეალი ემთხვევა კირქვებისა და მერგელების არეალს.

 

სამხრეთ საქართველოში ძირითადად გვხვდება შავმიწები და მთა–მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები, რომელთაც დიდი ფართობი უკავიათ ჯავახეთის, წალკის, გომარეთის, დმანისის ზეგნებსა და ვაკეებზე. მთა-ტყის ზონის ფარგლებში ასევე ფართოდაა გავრცელებული ყომრალი ნიადაგები.

 

საქართველოს ნიადაგური რესურსი, მიუხედავად ნიადაგური მრავალფეროვნებისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საკმაოდ შეზღუდულია. ქვეყნის სავარგულების 70%-ზე მეტი აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, განსაკუთრებით მაღალია მისი წილი კახეთსა და ჯავახეთში, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასოფლო – სამეურნეო სავარგულების (მთელი ფართობის) 6,7% უკავია დაბალნაყოფიერ და მლაშე ნიადაგებს, 11%- (300 000ჰა) მჟავე, 7,3%-(210 000ჰა) დაჭაობებულ, ხოლო 33% (1 მილონი ჰა) ეროზირებულ ნიადაგებს.

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახნავი მიწების 60% სხვადასხვა ხარისხითაა (სუსტად ეროზირებულია 2,7 ათასი ჰა (31 %), საშუალოდ – 2,5 ათასი ჰა, (28 %), ძლიერ – 0,1 ათასი ჰა.) ეროზირებული. სწორედ ამ რეგიონში შეინიშნება ე.წ. „ნიადაგური მიგრაცია”, რასაც თან სდევს მოსახლეობის მიერ ძირძველი საცხოვრებელი ადგილების მიტოვება.

 

ასევე, 2005 წელს, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის პროექტის მიწის კონსოლიდაციის კომპონენტის მიერ ჩატარებული კვლევებით ჩანს, რომ საქართველოს სასოფლო – სამეურნეო სავარგულის 70–80% ღარიბია მცენარისთვის აუცილებელი საკვები ელემენტებით, ხოლო ნიადაგების ხარისხობრივმა შესწავლამ აჩვენა, რომ ძირითადი სასოფლო – სამეურნეო კულტურების წარმოებისთვის ქვეყნის ნიადაგები „კარგ” და „საშუალო” კატეგორიას განეკუთვნებოდა.

 

ამრიგად, საქართველოს ნიადაგური რესურსები საჭიროებს ნაყოფიერების კონსერვაცია–გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის გაფართოებისა და მათი დაცვის მიზნით, მელიორაციული ღონისძიებების გატარებას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: