Batumelebi | კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე – Batumelebi
RU | GE  

კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

 

დღეს “კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. “ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრი” თითქმის ერთადერთი იყო, რომელმაც ეს დღე ბათუმში განსხვავებულად აღნიშნა: სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა მოზარდებმა პრესკაფეში გამოფინეს შესაბამისი ქვეყნების კერძები, რითაც მოგვიანებით მოწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდნენ. მოზარდები ამბობენ, რომ კერძები ინტერნეტში განთავსებული რეცეპტების დახმარებით მოამზადეს.

მოხალისეებმა ასევე მოაწყვეს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების შესახებ პრეზენტაცია და აჩვენეს ვიდეო-რგოლები.

გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ცენტრის წევრების მიერ მომზადებული ებრაული ფურიმი, უდიური ფახლინხუპი, სლავური ბლინები, თურქული ფუნთუშა და ჰალვა, სომხური ქადა, კლოჭი, ბერძნული და რუსული სალათები, ინდური ჩაი და სხვა კერძები.


სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდული ცენტრის წევრები ასე გამოიყურებოდნენ

ორგანიზატორების თქმით, ამ ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა რეგიონისა და ეთნიკური ჯგუფების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების გაღვივება, მათ მიმართ არსებული არასწორი სტერეოტიპების გაქარწყლება, აგრეთვე მათი კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

კახა გურგენიძე, ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეა, ის ბათუმელია და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტია,  კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, თურქეთის რესპუბლიკას წარმოადგენდა, მის აქტივობას კი ასე ხსნის:  „აი მაგალითად, რომ ამბობენ თურქებზე ესენი უკულტურო ხალხიაო,  ან  ბოშებს, რომ მათხოვრებად მიიჩნევენ, სულაც არ არის  ასე.

მე ყველანაირ უმცირესობების მიმართ ტოლერანტი ვარ. ჩემი მიზანია დავანახო ხალხს და გავაცნო, რომ მხოლოდ ქართველები არ გამოვირჩევით კულტურითა და ტრადიციებით, სხვისი, (ამ შემთხვევაში მე თურქეთს წარვადგენდი,) სხვისი კულტურაც დასაფასებელია და მრავალფეროვანი. რაც შეეხება სხვა უმცირესობებს, მაგალითად რელიგიური ან თუნდაც სექსუალური ძალიან ჭირდება ჩვენ ხალხს ამ თემებზე საუბარი, რადგან სიმართლე გაიგონ და ის ძველი და არასწორი შეხედულებები გაუქრეთ, აი თურმე ქართველი მუსულმანი არ არსებობს და რომ ქართველი გეი არ არსებობს, და ავადმყოფები არიან ეს არის არასწორი“.

ნინო ბერიძე, სკოლის მოსწავლე, ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე: ” მსგავსი ტიპის აქტივობა ძალიან საინტერესო და სახალისოა. ყოველი ჩვენთაგანი გავეცანით სხვადასხვა კულტურას, გავსინჯეთ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ტრადიციული საჭმელები და ჩავიცვით ზუსტად ისე, როგორც ისინი აკეთებენ. შანსი მოგვეცა მოგვესმინა ცოცხალი მუსიკაც, რომლებიც ბოშებმა შეასრულეს.”

აქტივობა განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის ფარგლებში “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში”(ANI). პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"