ავტომრბოლელი N27

ნუკრი ჯანგველაძე

ნუკრი ჯანგველაძე 15 წელია ავტომრბოლელია. ამ ხნის მანძილზე მას მხოლოდ რამდენიმე წაგება აქვს, ერთხელ საბურავი გაუსკდა ავტომობილს, მეორეჯერ ძრავი გადახურდა. სხვა შემთხვევაში საპრიზო ადგილები აქვს მოპოვებული. შეჯიბრებებზე ის საბჭოთა “ვაზ-2107”-ით გამოდის. “ამ მანქანით როცა თამაშობ, მთავარი ოსტატობაა, მძღოლის ტექნიკაზეა დამოკიდებული შედეგი და ნაკლებად ავტომობილის მონაცემებზე”, – ამბობს 38 წლის სპორტსმენი.

დასაწყისი

მესამე წელია ნუკრი ჯანგველაძე აჭარის საავტომობილო ფედერაციის მოწვევით აჭარის სახელით ასპარეზობს. სანამ პროფესიონალი ავტომრბოლელი გახდებოდა მინიმოპედი ჰქონდა:

“8 წლის ვიყავი მინიმოპედი რომ ვიყიდე. მერე მოზრდილ მოტოციკლეტზე “Иж Юпитер 5”-ზე გადავედი. მოგვიანებით მოტოციკლეტი “ჩეზეტი” შევიძინე. გავხდი “მოტომრბოლელი”და საქართველოს ჩემპიონობაც მოვიპოვე მოტოსპორტში. ვასპარეზობდი სკეიტბორდითაც. მანქანის არაფერი ვიცოდი”.

2001 წელს “ჩეზეტით” ხუთსართულიანი კორპუსის სახურავიდან ხუთსართულიანი კორპუსის სახურავზე გადახტა. კორპუსების დაშორება 30 მეტრი იყო. ვიღაცას პოლიციაში დაურეკია კაცი თავს იკლავსო. ასევე, მოტოციკლეტით ვარდები მიუტანა შეყვარებულს მეცხრე სართულზე.

მისი პირველი მანქანა “ვაზ-2101” იყო. პირველი შეჯიბრი კი – 1999 წელს. სპორტსმენი რომ გამოვსულიყავი, არ მიფიქრიაო ამბობს:

“დავიწყე მანქანის გაკეთება, დავშალე და ავაწყე. ყველა ავტომოყვარულს თავისი იდეა და დიზაინი აქვს ავტომობილის მოწყობის. მე თვითონ დავამატე რაღაც დეტალები. “ნაკლეიკები” დავაკარი, დისკები გამოვუცვალე და უფრო გავაფართოვე, სხვა საბურავები დავამაგრე, ცოტა არ იყოს მესიამოვნა ეს პროცესი. თანდათან შევისწავლე ავტომობილი და უფრო დამაინტერესა. მივმართე ავტოსპორტის ფედერაციას. ფედერაციის პრეზიდენტს გავაცანი ჩემი თავი – მოყვარული ვარ და ჯერ იმ დონეზე ტარება მანქანისა არ ვიცი, როგორც მრბოლელს სჭირდება-მეთქი. თქვენისთანა ხალხს ვეძებთო-მითხრა და მიმიღეს. მასწავლეს ტარება. ამიხსნეს ექსტრემალური მართვის ნიუანსები. იმის მერე ვაკვირდებოდი მრბოლელებს და მე თვითონ ვსწავლობდი. როგორ შემოუვლიდა ბარიერებს, როგორ შევიდოდა მოსახვევში. ბოლოს ისე შემიყვარდა ეს სპორტი, რომ საქართველოში რბოლა არ გამომიტოვებია, მონაწილეობა რომ არ მიმეღო”.

ნუგზარ ჯანგველაძე ოთხგზის საქართველოს ჩემპიონია პროფესიონალებს შორის. შეჯიბრებებზე მისი ნომერია 27. ციფრს სიმბოლური დატვირთვა არ გააჩნია, ის ნომერი ავიღე, რომელიც თავისუფალი იყოო, – ამბობს მრბოლელი.

რატომ “ვაზ-2107”

დღემდე რამდენიმე მანქანა ჰქონდა, რომლითაც შეჯიბრებებზე გამოდიოდა, მათ შორის HONDACR-X, HONDA CIVIK, HONDA NATION, BMW (E30) “ხულიგანკას” რომ ეძახიან.

“რბოლაში წინ ვიყავი ამ მანქანებით, მაგრამ მათი მომზადება ძვირი ჯდება, ნაწილები ძვირია და ამის გამო დავუბრუნდი ისევ საბჭოთა მარკის მანქანას. თუმცა მთელი აზრი იმაშია, რომ ამ მოდელის მანქანით იმ დონეზე ასრულებ, როგორც ვთქვათ “HONDA”-თი ან “BMW”-თი მოასპარეზე. „ვაზ-2107“-ს არა აქვს ჰიდრავლიკა, რომელიც მძღოლს მოსახვევებში წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. ჰიდრავლიკურ ავტომობილზე კი მძღოლი ნაკლებად დაძაბულია, მარტივია მუხრუჭის გამოყენებაც”.

იმისთვის, რომ “ვაზ-2107” BMW-ს გაეჯიბროს, განსაკუთრებული შესაძლებლობები არ აქვს დამატებული. თუმცა გაუმჯობესებული აქვს ძრავიც და სავალი ნაწილიც.

“თავიდან ჰქონდა 75 ცხენის ძალის ძრავი და ავიყვანე 140 ცხენის ძალამდე. ავტომობილი დამჩატებულია. “კლაპნები”, რომელიც არასაჭირო ჰაერს გამოდევნის ტურბინიდან, რვა მილიმეტრით გავადიდე, გავზარდე წვის კამერაც, ყველა დეტალი გაუმჯობესებულია ოთხმაგად, მანქანა საკუთარი ხელით, საკუთარი ფინანსებით გავაკეთე”.

„ლადა კლუბი“

“ვაზ”-ი ავტომობილების წარმოების ერთ-ერთი ცნობილი რუსული ფირმაა (ВАЗ – Волжский Автомобильный Завод -ვოლგის საავტომობილო ქარხანა), რომელმაც 1967 წელს ქალაქ ტოლიატიში, იმავე სტავროპოლში დაიწყო “ლადას”, “ნივისა” და “ჟიგულის” წარმოება.

საქართველოში საბჭოთა მარკით სხვა ავტომრბოლელებიც დაინტერესდნენ. “ავიყოლიე საბჭოთა მარკის მოყვარული ხალხი და ჩამოვაყალიბეთ “ლადა კლუბი”, – ამბობს ნუკრი ჯანგველაძე.

კლუბის წევრებმა მეთაურად ნუკრი ჯანგველაძე აირჩიეს. კლუბი სამი თვეა არსებობს და მასში 14 ავტომრბოლელია გაწევრიანებული. ისინი შეჯიბრებებზე ერთ გუნდად დადიან, ამარცხებენ და კონკურენციას უწევენ თანამედროვე ავტომობილებს.

“ბიჭებს “ჟიგულები” ჰყავთ. ვერ წვდებიან ფინანსურად, რომ უცხოური მანქანებით იასპარეზონ”, “ჟიგული” კი ეკონომიურიაო”, –  ამბობს “ლადას კლუბის” ხელმძღვანელი.

 

სპონსორი

მრბოლელები შეჯიბრების წინა დღეებში ავტომობილს პროფილაქტიკას უტარებენ. ნუკრი ჯანგველაძე ამბობს, რომ “ლადა კლუბის” თითო მრბოლელს თითო შეჯიბრებაზე 500 ლარი სჭირდება. ავტოსპორტში სხვადასხვა სახის შეჯიბრება კი თვეში სამჯერ ტარდება.

“ტოიო პროქსესის” ისეთი ზომის საბურავები მიყენია, რომელიც აქ არ იშოვება და იაპონიიდან ჩამომაქვს. მხოლოდ ზაფხულის საბურავებით ვსარგებლობ, რადგან ერთი საბურავი 330 ლარი ღირს, საბურავები ორ რბოლას ყოფნის. ახლა გაცვეთილი საბურავები მიყენია და მანქანა ცურავს, მაინც ვიმარჯვებ შეჯიბრებაზე, მაგრამ ვაგებ ჩემ თავთან. ახალი საბურავების შემთხვევაში ნაკლებ დროს მოვანდომებდი იმ მანძილს, რასაც გაცვეთილი საბურავებით ვფარავ.
დღემდე ვეძებთ სპონსორებს. ბევრ ბიზნესმენს, პარლამენტარს თუ ფირმას მივმართე სპონსორობის გაწევის თხონით, მაგრამ ვერ ვიპოვე. არადა, მე შემიძლია დავუმტკიცო ყველას, რომ მთელი ცხოვრება წაგება არ მქონია და არც ახლა მექნება, ოღონდ მცირე ბიძგი მჭირდება და ფინანსური დახმარება.

მიწვევა მქონდა რუსეთიდან და ბალტიის ქვეყნებიდან. საპრიზო თანხა 50 ათასი ევრო იყო. ვერ ვიპოვე ხუთი ათასი ლარი, რომ წავსულიყავი. ისევ მიწვევენ ამ ქვეყნებიდან, მაგრამ ისევ ვერ მივდივარ.

ისიც არ შემიძლია, რომ რბოლას თავი დავანებო. დიდი ხარჯი მაქვს, მიჭირს, შეჯიბრებების დროს ავტომობილში ვითევ ღამეს, მაგრამ სისხლში მაქვს გამჯდარი ავტორბოლის სიყვარული.

მადლიერი ვარ, რომ ზეთის სპონსორი მაინც გამომიჩნდა კომპანია “ზეთ-მუსკულის დანართის” მფლობელები ლევან ბასილაია და გიორგი ქებურია.

მეტი ექსტრემი

ნუკრი ჯანგველაძე ამბობს, რომ ხიფათის თვალსაზრისით ყველაზე რთული რალი და წრიული რბოლაა. მას 15 წლის განმავლობაში ავარია არ შემთხვევია.

“წარმოიდგინეთ, რომ ჩოხატაურიდან ბახმაროში სწრაფი სვლით ახვიდე, სადაც გადასავარდნებია. ზედმეტი მოცურება, მცირე შეცდომა და სადმე ხევში გადავარდები. წრიულ შეჯიბრში აჩქარება დიდია, რომ მოგიცურდეს მანქანა, რთულია მისი დამორჩილება. რალიც იგივეა, აჩქარება დიდია და მკვეთრი მოსახვევებიცაა.
ავტორბოლა რა არის იცით, შეიძლება ძალიან ძლიერი მრბოლელი იყო, რბოლაზე არ მოგივიდეს მექანიკური შეცდომა, მაგრამ ქალაქში დაიბნე. უნდა იყო მობილიზებული, ტვინი უნდა მუშაობდეს ასი პროცენტით. უნდა აკონტროლო წამზომი, დრო, შესახვევის მოახლოება, შესვლის კუთხე. რბოლის მერე ენერგიისგან დაცლილი და დაღლილი ხარ”.

პირადი ფაილი

ნუკრი ჯანგველაძე
დაბადების ადგილი და თარიღი: 1976 18 მარტი, თბილისი.
სიმაღლე: 188 სმ.
წონა: 70 კგ.
პროფესია: მსახიობი, მოცეკვავე, მომღერალი, ავტომრბოლელი
მოქმედი საქმიანობა: ავტორბოლა
შემოსავლის წყარო: ხელოსნობა
ოჯახი: ჰყავს მეუღლე და შვილები – რვა წლის თათია და 16 წლის ნათია.

“ვაზ-2107: ავტომობილით დავდივარ ქალაქშიც, სამუშაოზეც და რბოლაზეცო, ამბობს მრბოლელი #27.

ახალი პროგრამა ბარაკებში მცხოვრებთათვის



ლია ჯაფარიძე ბარცხანის დასახლებაში მაღლივი კორპუსის მერვე სართულზე ცხოვრობს. მისი ბინის აივანი ბარაკული ტიპის დასახლების გადასაღებად ფოტოობიექტივისთვის ყველაზე მოსახერხებელი ადგილია.

“ამათ ეშველოთ ოღონდ და გადაიღეთ”, – ამბობს მასპინძელი. მცირე ზომისა და სხვადასხვა ფორმის სახლების სახურავებზე დალაგებულ ქვებზე მანიშნებს და მიყვება: “როცა ქარია, მათი სახურავებიდან ქვები ცვივა. ალაგებენ, რომ ქარმა სახლის სახურავი ვერ წაიღოს. 50 წელზე მეტია, რაც ამ ბინაში ვცხოვრობ და აივნიდან ვუყურებ მათ. მოდით, მზე რომ გამოანათებს და ნახავთ ყველას ლეიბი და საბანი გარეთ აქვს გამოფენილი, ცდილობენ ასე უშველონ ჯანმრთელობას. ბევრმა ტუბერკულოზი გადაიტანა. რამდენჯერ მიფიქრია, ნეტა, კომუნისტებს მათთვისაც მოესწროთ ბინის აშენება. მათ შორის ყველა მუშაობდა და ბინას ელოდებოდა. ჩვენ რომ ეს ბინა მივიღეთ, შემდეგ ისინი იდგნენ რიგში. ნავთობის ხალხი ვართ, ტერმინალში ვმუშაობდით”.

ნინო დოლიძე დედასთან ერთად ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს. წლების წინ, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე პირადად ესტუმრა სახლში და დაჰპირდა… იმედი მიეცა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და კიდევ ბევრჯერ დაჰპირდნენ. ამიტომ ახალ დაპირებას ისეთი სიხარულით ვეღარ ხვდება:  “არ მინდა ისევ თავი მოვიტყუოო”.

თამარის დასახლებაში ბარაკულ დასახლებად უბინაოდ დარჩენილმა ოჯახებმა ყოფილი სამხედრო ყაზარმა აქციეს. არიან ოჯახებიც, რომლებმაც “ახალი ბინის ვერ, მაგრამ მიშენებისა და რემონტისთვის საჭირო” თანხის შეგროვება შეძლეს: “შედეგი მაინც ვერ მივიღეთ, რადგან სახლს მეორე მხარეს ფანჯრები ვერ გავუკეთეთ, რადგან უკანა მხარეს სხვისი ოთახებია”, – ამბობს ლამარა მხეიძე. ლამარას თქმით, დაბალი სახლი და ოთახებში ფანჯრების არ არსებობა ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის.

ამ დროისთვის თამარის დასახლებაში ბარაკულ სახლებში სამოცზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

 

მთავრობის ახალი პროგრამა

“არასათანადო-არსატანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამა” საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 11 ივნისს (დადგენილება # 393) დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში “ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობების მქონე შენობების ლიკვიდაციის ხელშეწყობა” და, შესაბამისად, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იგეგმება.

დადგენილების მიხედვით, აჭარის მთავრობა დაინტერესებულ დეველოპერებს საფინანსო ორგანიზაციასთან თავდებად დაუდგება. პროგრამაში ჩართული საფინანსო კომპანია კი, პროექტის დასრულებისა და მისი ექსპლუატაციაში შეყვანის ვალდებულებას იღებს.

დაინტერესებული დეველოპერული კომპანიები ბათუმში მცხოვრები არასტანდარტული საცხოვრისის მესაკუთრეებისგან გამოისყიდიან ქონებას. ისინი თავად აწარმოებენ მოლაპარაკებას საფინანსო კომპანიასთან პროექტის დაფინანსების თაობაზე, შემდეგ კი პროგრამის შესაბამისად გააფორმებენ ხელშეკრულებას აჭარის მთავრობასთან. მთავრობა მათ თავდებობას სთავაზობს.

მთავრობის პირობებით, დეველოპერმა, რომელსაც “ბარაკების ლიკვიდაციის” პროექტში ჩართვის სურვილი ექნება, არანაკლებ 500 კვ/მეტრი უნდა აითვისოს. ერთი პროექტის ღირებულება მაქსიმუმ სამი მილიონი უნდა იყოს. პროექტის თავდებობისთვის მთავრობამ 20 მილიონი დოლარი გამოყო. უკვე დადგენილი კრიტერიუმებით ერთი პროექტის მშენებლობის დასრულების ვადა მაქსიმუმ სამი წელი იქნება.

პროგრამის პრეზენტაცია აჭარის მთავრობამ ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად მოაწყო. ამავე პრეზენტაციაზე პროგრამაში საქართველოს ბანკი ჩაერთო.

პრეზენტაციას დეველოპერებიც ესწრებოდნენ. მათ კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ. სხვა საკითხებთან ერთად ითქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ დეველოპერების უმეტესობა შესაძლოა ქალაქის ცენტრალური ნაწილით დაინტერესდეს, სადაც ცოტა ბარაკია, ვიდრე ქალაქის გარეუბნებში. გარდა ამისა, საცხოვრებელი კორპუსი ცენტრალურ ნაწილში კომერციულადაც უფრო მომგებიანია. ეს კი დეველოპერებს, როგორც ათვისებისა და ოჯახების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე კომერციულად არათანაბარ პირობებში ჩააყენებს.

ამ საკითხზე გასულ კვირაში ბათუმის საკრებულოშიც იმსჯელეს. საკრებულომ მთავრობის თხოვნით იმ დეველოპერებისთვის, რომლებიც “არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის” სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვებიან, სპეციალური ზონალური მოსაკრებელი გააუქმა.
ეს მოსაკრებელი (K2) ცოტა ხნის წინ ძველი ბათუმის მშენებლობისგან განტვირთვისა და გარეუბნებში დეველოპერების სტიმულირების მოტივით დააწესეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, იონა წითელაძის განმარტებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ბარაკული დასახლებების ათვისებასა და გარეუბნებში არსებული იმავე დასახლებების ათვისებაზე მთავრობას განსხვავებული სტანდარტები დაწესებული არ აქვს. “ამ მხვრივ მთავრობა გარეუბნებზე დეველოპერის სტიმულირებას ვერ მოახდენდა”.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ პროგრამა დაიწუნა. “რამდენადაც მახსოვს ზონალური მოსაკრებელი ძველ ბათუმში დავაწესეთ იმის გამო, რომ გარეუბნებით დეველოპერები დაგვეინტერესებინა. ახლა პირდაპირ ცენტრზე წამოვლენ, რადგან გადასახადს ვაუქმებთ. მითუმეტეს, როცა ცენტრში ბინა უფრო ძვირად იყიდება”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ.

მოსაზრებას ბათუმის არქიტექტორი გიორგი რამიშვილი არ ეთანხმება: “ეს პოლიტიკურ თემად აქციეს. ბათუმში დაწესებული რეგულაციები არ დაირღვევა, ზონალური მოსაკრებლებისგან მხოლოდ ის დეველოპერები გავათავისუფლეთ, რომლებიც ბარაკულ დასახლებას აითვისებენ. k1-k2 შენობის მხოლოდ სიმაღლეში გაზრდას არ ითვალისწინებს, ეს პირდაპირ კავშირშია შენობის მოცულობასთან”.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის იონა წითელაძის ინფორმაციით, პროექტით დეველოპერები უკვე დაინტერესდნენ.
პროგრამა “ბათუმი ბარაკების გარეშე” ყოფილმა მთავრობამ 2008 წელს წამოიწყო, ბათუმის მერიამ ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებთან გააფორმა მემორანდუმები, რომლის ფარგლებშიც აშენდა საცხოვრებელი კორპუსი ბაგრატიონის ქუჩაზე. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ამ კორპუსში ბარაკებში მცხოვრებლებიდან მხოლოდ 52 ოჯახს მისცეს ბინა, სხვები კი დანაპირების შესრულებას დღემდე ელიან.

6 მაისის პარკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოებს შპს “გზამშენპროექტი” განახორციელებს.

ხელშეკრულების თანახმად კომპანიას ევალება მიწისქვეშა კომუნიკაციების, გზების, ქუჩების, პარკების, სკვერების, მოედნებისა და სხვა კეთილმოწყობის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება.

ამ სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 48 850 ათას ლარია გამოყოფილი.

ყველა ეს სამუშაო, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.

 

 

ბათუმში ნეონატოლოგთა კონფერენცია გაიმართება

 

 კონფერენციას დაეწრებიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგებლები.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ნეონატოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები. კონფერენცია კვირას, 6 ივლისს დასრულდება.

ბათუმის მერიამ სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო

 

 

პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება, მისი პირველი ეტაპი დღეს, 4 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება, ხოლო მეორე ეტაპი – 4 აგვისტოდან 29 აგვისტომდე გაგრძელდება.

 

თითოეული ეტაპის ბოლოს, პროგრამაში მონაწილე სტუდენტები 375 ლარის ოდენობის ანაზღაურებას მიიღებენ.

 

,,სტუდენტური დასაქმების“ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრება უტოლდება ან აღემატება 81 ქულას, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს,  ობლებს, მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს (ოთხი ან მეტი), იძულებით გადაადგილებულის სტატუსის მქონე სტუდენტებს. 

 

პროგრამის განხორციელებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 124 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

პროგრამას ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება ახორციელებს.

100 წლის ზექიე დავითაძეს აჭარის მთავრობის საჩუქარი 1 000 ლარი გადაეცა

 

 

ზექიე დავითაძეს 100 წელი 3 ივლისს შეუსრულდა. უხუცეს ქალბატონს საიუბილეო თარიღი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებმა მიულოცეს. ზექიე დავითაძეს 2 შვილი, 8 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი ჰყავს. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს.

 

2014 წლამდე აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 500 ლარი გადაეცემოდათ, წელს თანხის ოდენობა გაიზარდა და იგი 1 000 ლარს შეადგენს. აჭარაში დღეისათვის 100 წელს გადაცილებული 60 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრები 114 წლის სოფიო მიქელაძეა.

ბათუმში სასტუმროს მფლობელები პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს



შსს-ს ინფორმაციით დაკავებულები არიან: 1990 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უმითიაშარ ქ, 1985 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გოგა ა. 1973 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჯოშქუნ უ, 1977 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მოჰამმადჰოსეინი ლ, 1956 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის მოქალაქე კარინა გ, 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფერდი დ. დააკავეს, ხოლო 1972 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ლევან ზ. და 1993 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე მირიან მ. პასუხისგებაში მიეცნენ.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს სასტუმროების ნომრებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე პირები მოწმის სახით დაკითხეს.

 

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

 

ბათუმში ხარაჩოებიდან მუშა გადმოვარდა

 

 

ხარაჩო საიდანაც მუშა გადმოვარდა

თვითმხილველთა თქმით, დაახლოებით მეორე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდნილი 50-მდე წლის მუშა სასწრაფო დახმარების მანქანამ ბათუმის რესპუბლიკურ  საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს კომპანია “AKME GEORGIA” აშენებს.  

 

ცხოვრება ციხის შემდეგ

 არის თუ არა საკმარისი მსჯავრდებულისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება და რატომ არ ხდება მათი საქმეების გადახედვა?

 

სიუჟეტში თქვენ მოისმინეთ კონკრეტულ ისტორიებს, გაეცნობით საჯარო უწყებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის პრინციპებს.

 

საჯარო ლექციის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ

 

საჯარო ლექციები საგანმანათლებლო კლასში კვლევის მეთოდებსა და  მონაცემთა საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებაზე გაიმართა.   

 

რა არის კვლევა საგანმანათლებლო კლასში, ემპირიული და ნორმატიული მიდგომები, კვლევის როლი პროფესიულ პრაქტიკაში, კვლევის რაოდენობრივი, თვისობრივი და შერეული მეთოდური მიდგომების განსაზღვრება, კვლევების გამოყენება საგანმანათლებლო პრობლემებთან მიმართებაში და შეფასებითი კვლევა – საჯარო ლექციაზე მომხსენებელმა ყურადღება ამ  საკითხებზე გაამახვილეს.

 

 ანა გილ-გარსიას საჯარო ლექციების ციკლი 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში. 

 

თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იცვლება

 

“სს ”საქართველოს რკინიგზის” 2010 წლის 1 ივნისის ბრძანებულებით თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავ ელექტრო-მატარებლებზე, დადგინდა სამგზავრო ბილეთის ტარიფები; კერძოდ პირველი კლასის ბილეთის ფასი განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო მეორე კლასის ბილეთის ფასი – 23 ლარით.

 

2013 წლის 23 აპრილს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოქმედდა 10 თვიანი ფასდაკლება, რომელიც მოიცავს 16 სექტემბრიდან-10 ივლისამდე პერიოდს.

 

ფასდაკლების მიხედვით, პირველი კლასის ბილეთის ფასი 45 ლარის ნაცვლად გახლავთ 25 ლარი, მეორე კლასის ბილეთის ფასი 23 ლარის ნაცვლად 18 ლარი. ფასდაკლების ტარიფი 16 სექტემბრიდან კვლავ შევა ძალაში.

 

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რკინიგზამ 10 თვის განმავლობაში გააიაფა სამგზავრო ბილეთის საფასური და მხოლოდ ორი თვის გამნამვლობაში დატოვა ის ტარიფი, რომელიც 2010 წლიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში უცვლელად მოქმედებდა.

 

აღნიშნული ფასდაკლება ეხება მხოლოდ თბილისი-მახინჯაური-თბილისის სამგზავრო მატარებლებს. სხვა დანარჩენ მიმართულებებზე, სამგზავრო ტარიფი უცვლელი რჩება”. 

 

ტარიფები გასულ წელსაც ამავე პერიოდში შეიცვალა. 

 

 

დეპუტატი მის მიერ მოქალაქის დაჭრას უარყოფს

 

„საავადმყოფოში ვიყავი და ექიმმა ფრიდონ სირაბიძემ მითხრა, რომ მეტი აღარ მივიდე მასთან. უარი მითხრა ჭრილობის გადახვევაზე, უარი მითხრა ფირის მოცემაზე. მე მჭირდება გავიგო, აქვს თუ არა ექიმს უფლება პაციენტს საკუთარი რენტგენის ფირი არ მისცეს?!“

 

ექიმმა ფრიდონ სირაბიძე „აბსოლუტურ ტყუილს“ უწოდებს მამუკა მახარაძის განცხადებას. „რენტგენის ფირი იმიტომ ვერ მივეცით, რომ არ ბეჭდავს კომპიუტერი. რაც გვქონდა მივეცით – დასკვნა. რენტგენის ფირი შენახულია კომპიუტერში, ის რომ ამოვბეჭდოთ გვჭირდება პრინტერი, რაც გაფუჭებულია. სურათი დევს კომპიუტერში და ნებისმიერს შეუძლია ნახოს. ფირის ციფრულად გადაცემა შეიძლება – დისკზე ჩავწერთ.  მე ავუხსენი, რომ მივცემდით დასკვნას, რომელიც დაწერა ექიმმა, მაგრამ ფირი ამჟამად ვერ ამოიღება, სპეციალისტები გვჭირდება, რომ ტექნიკა დაალაგონ. ისე, კომპიუტერში ფირის ნახვა ნებისმიერს შეუძლია“, – ამბობს ფრიდონ სირაბიძე.

 

რაც შეეხება ჭრილობის შეხვევას, ექიმი ამბობს, რომ მან გუშინ პაციენტი მიიღო და შეუხვია კიდეც ჭრილობა ისე, რომ „ერთი კაპიკი არ გადაახდევინა, თუმცა ჰქონდა გადასახდელი“.

 

რა ზომის ჭრილობა ჰქონდა მიყენებული მამუკა მახარაძეს? – ამის დაზუსტება ექიმმა ფრიდონ სირაბიძემ იმის მიუხედავად არ მოისურვა, რომ მამუკა მახარაძე მათ დოკუმენტის გაყალბებაში ადანაშაულებს: „არ გეტყვით მაგას და მეტი ამ საკითხზე არ დამირეკოთ“, – თქვა მან.


თავად მამუკა მახარაძე კი ამბობს, რომ, როგორც მას უთხრეს, „5-7 სანტიმეტრის ჭრილობა უნდა ჰქონდეს ზურგის არეში. თუმცა, პოლიციისთვის გადაცემულ ცნობაში სხვა ციფრები ჩაწერეს“.  

 

მამუკა მახარაძის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტი გუშინ შს სამინისტრომ არ დაადასტურა.  სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

 

მამუკა მახარაძე ამბობს, რომ ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის,  ირაკლი ბარამიძის ძმამ, ბაქარ ბარამიძემ სამი დღის წინ დაჭრა „ხანჯლით“. ბაქარ ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში იყო და ახალი მოწვევის ქედის საკრებულოს დეპუტატი გახდა.

 

„ბათუმელები“ დაუკავშირდა თავად ბაქარ ბარამიძესაც. ის ამბობს, რომ არც ხანჯალი ჰქონია ხელში და არც დაუჭრია თანასოფლელი: „პოლიციამ დამკითხა. მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, თვითონ ნასვამი იყო, ღრიალებდა და მე მივედი. იქ რამდენიმე ადამიანი იყო და თვითონ დაგვიწყო ყველას ჩხუბი და თვითონ წაიქცა. ფეხი რომ წამოიკრა, მაგიდაც წაიქცა და თვითონაც. ჭიქა გატყდა და იმაზე გაიკაწრა უმნიშვნელოდ და ახლა გვაბრალის იმას, რაც არ ყოფილა“.

 

ბეშუმში საკურორტო სეზონი იხსნება

 

სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით სამედიცინო სამსახურების ორგანიზაციული საკითხების გაცნობის მიზნით  ბეშუმში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე ჩავიდა. მასთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული სამსახურის უფროსი მინდია კახიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგების სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ცეცხლაძეც იმყოფებოდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა  ხულოს მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლები მოინახულეს. ისინი ბეშუმში 10 ივნისიდან მორიგეობენ. შეხვდნენ კურორტზე მყოფ მოიალაღეებს და მოისმინეს მათი მოთხოვნები.

 

„მოიალაღეების მთავარ მოთხოვნას კურორტზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროული მიწოდება წარმოადგენს, რაც უკვე გადაწყვეტილია,“ – წერია პრესრელიზში.

 

 წელს ბეშუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები საკურორტო სეზონის დასრულებამდე, 15 სექტემბრამდე დარჩებიან. 

რა გამოცდილება და ქონება აქვთ ბათუმის საკრებულოს ახალ წევრებს

 

 

ირაკლი ჭეიშვილი
ირაკლი ჭეიშვილი

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ირაკლი ჭეიშვილია. ის ამ დრომდე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. წინასაარჩევნო პერიოდში მან შვებულებით ისარგებლა.

 

ირაკლი ჭეიშვილს არაოფიციალურად საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოიხსენიებენ. ვარაუდობენ იმასაც, რომ შესაძლოა მან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა არ დატოვოს და საკრებულოში რიგით წევრად დარჩეს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

 

 

2004-2005 წელს ირაკლი ჭეიშვილმა ბათუმის მერიაში სპეციალისტად დაიწყო მუშაობა. 2006 წელს მერის თანაშემწედ გადაიყვანეს. მალევე ის აჭარის მთავრობის აპარატის პროტოკოლისა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად დაინიშნა.

 

 

„ამ სამსახურში 2009 წლამდე ვიმუშავე და შემდეგ საკუთარი განცხადების საფუძველზე წავედი. შემდეგ ვიყავი ოპოზიციური გაერთიანება ალიანსი საქართველოსთვის წევრი. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი მაჟორიტარობის კანდიდატი ბონი-გოროდოკის უბანში. პარალელურად ვეწეოდი პატარა ბიზნესს, განსაკუთრებულს არაფერს“, – ამბობს ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც ფლობს ბებიის დანატოვარ კერძო სახლს ბონი-გოროდოკის უბანში და ბინას ბათუმში, რომელიც მან კრედიტით შეიძინა: „ეს ბინა ჯერ კიდევ არ არის ჩემს სახელზე, რადგან დავალიანება მაქვს. ბებიის დანატოვარ სახლში კი მშობლები ცხოვრობენ.“  

 

ირაკლი ჭეიშვილს აქვს მანქანა.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ირაკლი ჭეიშვილი „ქართული ოცნების“ ბონი-გოროდოკის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ლევან კინწურაშვილთან ერთად ფლობს შპს „ეიჩ ენდ ემს“ (50-50%). ეს კომპანია მათ 2010 წელს ერთად ჩამოაყალიბეს. ირაკლი ჭეიშვილის თქმით, ლევან კინწურაშვილი მისი მეგობარია: `ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, ამიტომ ეს საქმე ერთად დავიწყეთ, თუმცა ვერ ვამუშავეთ კომპანია, რადგან იმ დროს ბიზნესის კეთება რთული იყო.“

 

 

ლევან კინწურაშვილი
ლევან კინწურაშვილი

საკრებულოში შედის ბიზნესმენი ლევან კინწურაშვილიც. იგი  ბონი-ბარცხანა-გოროდოკის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება „ქართული ოცნებიდან“. ლევან კინწურაშვილი პროფესიით იურისტია და ბოლო პერიოდში სამშენებლო საქმიანობით იყო დაკავებული. 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. 2000-2002 წლებში კი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ყოფილა.

 

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით ლევან კინწურაშვილი ფლობს კიდევ ერთ კომპანიას შპს „ტიფლის დეველოპმენტ აჭარას“. ის ამ კომპანიის 50%-ის მფლობელია. ეს კომპანია თავდაპირველად დააარსეს სახელწოდებით „სახლი ბათუმში“, შემდეგ კი სახელი შეუცვალეს. ლევან კინწურაშვილის ინფორმაციით, კომპანიას მუშაობა დიდი ხანია შეჩერებული აქვს.

 

 

ლევან კინწურაშვილის სახელზე რეესტრში სხვა რაიმე სახის ქონება არ ირიცხება.

 

 

ირაკლი ჩავლეიშვილი
ირაკლი ჩავლეიშვილი

მეორე ნომერი ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე, ისტორიკოსი ირაკლი ჩავლეიშვილია. საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მისი შრომითი ბიოგრაფია 1973 წელს ბათუმის ელექტრომექანიკურ ქარხანაში დაიწყო, ამ ქარხანაში ირაკლი ჩავლეიშვილს მუშად უმუშავია.

 

 

„რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი 2006 წლიდან დღემდე საკრებულოს ორი მოწვევის წევრი იყო. 2013 წლის იანვრიდან კი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ჩაიბარა. ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მან ქონებრივი დეკლარაცია ორჯერ შეავსო. 

 

 

2013 წლის აპრილის მდგომარეობით ირაკლი ჩავლეიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე არანაირი ქონება, ბინა, მიწის ნაკვეთი და სხვა რაიმე სახის უძრავი ქონება არ ფიქსირდება. ამ წელს დეკლარაციაში ირაკლი ჩავლეიშვილმა ქონების ჩამონათვალის ნაწილში მხოლოდ პირადი ავტომანქანა „ტოიოტა 003“ შეიტანა. დოკუმენტის მიხედვით, ამ დროისათვის ირაკლი ჩავლეიშვილის საკრედიტო ანგარიშზე 448 ლარი, ხოლო სახელფასო ანგარიშზე ნული ლარი ირიცხებოდა. დეკლარაციაში მონაცემებს არ შეიცავს გრაფები ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული იმ ქონების შესახებ, რომლის ღირებულებაც 4 ათას ლარს აღემატება.

 

 

ირაკლი ჩავლეიშვილის ვაჟი შპს „ელდეპოს“ ბათუმის ფილიალის მენეჯერია და მისი ერთი წლის შემოსავალი 7 500 ლარია. მეორე ვაჟი, ზაზა ჩავლეიშვილი კი, „ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის მენეჯერია და მისი შემოსავალიც იგივეა.

 

 

2014 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ჩავლეიშვილი გურიაში, სოფელ შემოქმედში სამ სხვადასხვა ადგილზე ფლობს მიწის ნაკვეთს, 144.66 კვ/მ საცხოვრებელ სახლს და ორ ბინას ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე 37,58 კვ/მ და 158, 66 კვ/მ ბინას ჟორდანიას ქუჩაზე. ბათუმში გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე 65.1 კვ/მ ბინას ფლობს ირაკლი ჩავლეიშვილის რძალი ნინო ხელაია. ორ მიწის ნაკვეთს ფლობს ირაკლი ჩავლეიშვილის მეუღლე ნარგიზ ცერცვაძე ვანში.

 

 

ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტებით, მის სახელზე რეგისტრირებული ორივე ბინა მშობლების დანატოვარია. „ადრე იმიტომ არ გავიფორმე, რომ ოპოზიციაში ვიყავი და ნაციონალებისგან ყველაფერს ველოდი“, – ამბობს ის.

 

 

2013 წელს ირაკლი ჩავლეიშვილის სახელფასო შემოსავალი 65 550 ლარი ყოფილა.

 

 

თამაზ თურმანიძე
თამაზ თურმანიძე

სიის მესამე ნომერი ბიზნესმენი თამაზ თურმანიძეა. ის „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის შპს „სოლო ჯგუფის“ 30%-ის მფლობელია. კომპანია რეკლამაზე, დიზაინსა და პროგრამირებაზე მუშაობს. გარდა ამისა, მას აქვს რამდენიმე დეველოპერული კომპანია. ბიზნესი აქვს უკრაინასა და ჩეხეთში. თამაზ თურმანიძე ბოლოს თბილისში ცხოვრობდა.

 

 

„მაქვს სარეკლამო კომპანია „აითიბი ჰოლთინგი“ უკრაინასა და ჩეხეთში. სხვა კომპანიები, რაც საქართველოში მქონდა, უკვე გავასხვისე. მაქვს მხოლოდ ერთი კომპანია – „ექსპერტჯგუფი“, რომელიც 2008 წლიდან აღარ მუშაობს. ორივე კომპანია თბილისში მუშაობს, ამიტომ საკრებულოში მუშაობაში მე ბიზნესი ხელს არ შემიშლის. კომპანიებს დირექტორები მართავენ.“

 

 

ზაურ ახვლედიანი
ზაურ ახვლედიანი

საკრებულოს წევრი გახდება რესპუბლიკელიზაურ ახვლედიანიც. ის „ქართული ოცნების“ სიაში 22-ე ნომრად ეწერა. პროფესიით იურისტია და სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი. 2008 წელს დაამთავრა მახინჯაურის საზღვაო სასწავლებელი, რის შემდეგაც სხვადასხვა გემზე დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე, საზღვაო მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში მუშაობდა.

 

 

„მაშინ „რესპუბლიკელი“ ვერსად იმუშავებდა. ამიტომ გადავწყვიტე ზღვაზე წავსულიყავი, “_ ამბობს ზაურ ახვლედიანი „ბათუმელებთან“. 2013 წლიდან დღემდე ის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მუშაობს, პარალელურად „რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

 

 

რეესტრის მონაცემებით ზაურ ახვლედიანი ფლობს 615 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთს მახინჯაურში და 4919 კვ/ მ სასოფლო-სამურნეო მიწის ნაკვეთს ჰორტენზიის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან ერთად. რეესტრის მონაცემებით, ეს ნაკვეთი ზაურ ახვლედიანმა გასულ წელს საჩუქრად მიიღო. ის მახინჯაურში კიდევ ერთ – 3585კვ/მ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს ფლობს.

 

ზაურ ახვლედიანი ფლობს 7 000 ლარად ღირებულ მანქანასაც, რომელიც მეუღლის, მაკა ლომაძის სახელზეა რეგისტრირებული.

 

თენგიზ აფხაზავა
თენგიზ აფხაზავა

ქართული ოცნებისსიის მეხუთე ნომერი თენგიზ აფხაზავაა. არჩევნებამდე ის აჭარის ტელევიზიაზე გადაცემა „ეკონომიკურ სტრატეგიას“ უძღვებოდა.

 

 

თენგიზ აფხაზავა 2013 წლამდე „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ექსპერტად მუშაობდა – სატრანსპორტო და ლოგისტიკის საკითხებს კურირებდა. იმავე საკითხებში ის 2012 წელს გაეროს განვითარების ფონდის კონსულტანტადაც მუშაობდა. 2012 წლიდან დღემდე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორია. ასევე 2012 წლიდან დღემდე არის „ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის“ თავმჯდომარე, შპს „გ-ფუნდამენტისა“ და შპს „შთ LOGIშთIჩშ“-ის გენერალური დირექტორი. მისივე ინფორმაციით, ის ფლობს ბინას ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე და კიდევ ერთ ბინას თბილისში – ხუდადოვის ქუჩაზე.

 

 

თემურ ყურაშვილი
თემურ ყურაშვილი

მომავალი საკრებულოს კიდევ ერთი წევრი უმრავლესობიდან თემურ ყურაშვილია. ის 2006-2010 წლების საკრებულოს წევრი იყო. პროფესიით ეკონომისტია.  თემურ ყურაშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. 2012 წლის დეკემბერიდან დღემდე აჭარის უმაღლესი საბჭოში, ფრაქცია “აჭარის”– მოწვეულ სპეციალისტად, აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. 1991–1996 წლებში კი ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო.

 

 1980 წელს თემურ ყურაშვილი #5 ტრეტის ეკონომისტად, შემდეგ მრავალდარგობრივი კოოპერატივის ბუღალტრად მუშაობდა. 1996 წელს  ის განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრის „პლურალიზმის“ პროგრამის კოორდინატორი, 2000-2001 წლებში კი შპს „აჭარტრანსის“ ინჟინერი იყო.  

 

 

თემურ ყურაშვილსა და მისი ოჯახის წევრებზე რეესტრში უძრავი ქონება არ იძებნება. „ბინა მაქვს სამოთახიანი, ისიც პრივატიზებულია, ამიტომ არ მაქვს რეესტრში დარეგისტრირებული. არც ის მგონია, სამი წლის შემდეგ რამე მქონდეს“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

 

 

ნატალია ზოიძე
ნატალია ზოიძე

საკრებულოში ქართული ოცნებისკვოტით შედის ნატალია საზოიძე, მერიის მფლობელობაში არსებული შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორი. ნატალია ზოიძე რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია, პარალელურად მას აქვს იურისტ-ეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.  აქვს ასევე დოქტორის ხარისხი.

 

 

რეესტრის მონაცემებით ნატალია ზოიძე ფლობს 146,2 კვ/მ ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს ბათუმში, ფალავანდიშვილის ქუჩაზე დასთან, ქეთევან ზოიძესთან ერთად. სხვა ქონება მის სახელზე არ იძებნება.

 

 

საკრებულოში ქართულ ოცნებისკვოტით შედის დიმა დარჩია. იგი პროფესიით ეკონომისტია. 2008 წელს უმაღლეს საბჭოში დავით ბაციკაძის წარმომადგენლად მუშაობდა. 2011-2012 წლებში ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ბათუმისათვის“ მთავარი სპეციალისტი იყო. 2013 წლიდან დღემდე აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილეა.

 

დიმა დარჩია ფლობს ბაბუის დანატოვარ სახლს ლუკა ასათიანს ქუჩაზე. სხვა ქონება ამ დროისათვის მის სახელზე არ ირიცხება.

 

გაგრძელება იხილეთ გაზეთ „ბათუმელების“ ახალ, 7 ივლისის ნომერში. 

ბათუმის მერობის კანდიდატი: ტესტირების შემდეგ საკუთარ პარტიულ აქტივს დაასაქმებენ

 

 

„გვინდა გამოვეხმაუროთ ცვლილებებს, რომლებიც მზადდება  საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. კანონი საჯარო სამსახურის შესახებ  ითვალისწინებს ყოველ სამ წელიწადში ერთხელ საჯარო მოხელეებისათვის ატესტაციის ჩატარებას, თუმცა ეს, ჩვენი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს წინასაარჩევნოდ ან არჩევნების შემდგომ.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გია დიასამიძემ.

 

მისი თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ეს არ იქნება გამოყენებული „საკუთარი პარტიული აქტივის“ დასასაქმებლად:

 

„დღეს ბათუმის მერიას და თვითმმართველობას ჰყავს ძალიან კარგი გუნდი, ამ ადამიანების უმრავლესობა არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და ვფიქრობ, ასეთი გუნდის დაშლა, იმ მოტივით, რომ საკუთარი პოლტაქტივი დაასაქმო, არის ძალიან დიდი დანაშაული ქალაქის წინაშე. რაც შეეხება ზოგადად ატესტაციას, უნდა ჩატარდეს, მაგრამ ისე არა, როგორც ბოლო ოცი თვეა ტარდება ქვეყანაში,“  – განაცხადა გია დიასამიძემ.

 

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თემურ კახიძის თქმით, ამ დროისათვის მერიაში ტესტრება არ იგეგმება. მისივე თქმით, მერია თანამშომლების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე აკეთებს აქცენტს.  რაც შეეხება რეორგანიზაციას, რომელსაც თვითმმართველობის ახალი კოდექსი ითვალისწინებს, რეორგანიზაცია არჩევნების საბოლოო შეგედების გამოცხადების შემდეგ უნდა დაიწყოს.  

 

მისივე თქმით, თანამშრომელთა ტესტირება მერიაში ბოლოს 2004 წელს ჩატარდა. 

 

 ბათუმის მერიაში – 470, საკრებულოში კი 38 საჯარო მოხელე მუშაობს. 

 

 

„დეპუტატის ძმამ დამჭრა“

 

ქედის საავადმყოფოში ადასტურებენ მამუკა მახარაძი მიყვანის ფაქტს, თუმცა ჭრილობის ხარისხზე განმარტებას არ აკეთებენ.

 

„ბათუმელებმა“ მოახერხა დაკავშირებდა მამუკა მახარაძეს, რომელმაც ინციდენტის დეტალები მოყვა: „ხელს ვერ ვამოძრავებ მხარში. ჭრილობა ზურგზე მაქვს, 3 ნაკერია გაკეთებული. მეუბნებიან ჭრილობა 5-7 სანტიმეტრიაო, მაგრამ ეს დასკვნაში არ გადაცემულა. პოლიციაში არ გადაცემულა. რატომ არ ვიცი. არც ის ვიცი, ვინ გადაეწყვიტა, რომ არ გადაეცათ. მე დღეს მივდივარ თბილისში, ექიმს უნდა ვეჩვენო, ხელს ავამოძრავებ თუ ვერა და დანარჩენს მერე შევხედავ, ჩემ საქმეში“.

 

მამუკა მახარაძე ამბობს, რომ მასზე თავდამსხმელს „ნახევარმეტრიანი ხანჯალი ეკავა ხელში, მოჩუქურთმებული“: – რა იყო მიზეზი? – ჩვენ შორის კონფლიქტი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ვარიანტს მოყვა, საწყისი მაგი იყო, მაგრამ ამ მომენტში ჩვენ ამ თემაზე არ ვლაპარაკობდით. მე ვლაპარაკობდი ჩემ პირად საქმეზე და ის ჩამერია და მოულოდნელად დამარტყა ხანჯალი. მაგიდასთან ვიჯექი და ლუდს ვსვამდი“.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც პრესცენტრში ამბობენ, ამ ეტაპზე არ შეუძლიათ იმის თქმა, მამუკა მახარაძე იარაღით არის თუ არა დაჭრილი. მათი თქმით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

 

საქმეს ქედის პოლიცია იძიებს.

 

 

ხელოვნება მუზეუმიდან ქუჩაში

„მიმაჩნია, რომ ბათუმი უკვე თუნდაც საქართველოსა და ამიერკავკასიაზე 30 წლით წინ წავწიეთ თანამედროვე ხელოვნებაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ფესტივალის ორგანიზატორმა და ბათუმში პირველი თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელმა გელა წულაძემ.

„სტრიტ არტ ფესტივალი“ არტსტუდია „DOT COMMA“-ს მიერ იყო ორგანიზებული. თანამედროვე ხელოვნების ცენტრის განვითარების მენეჯერი მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც  მაღალ დონეზე გაკეთდა სტრიტარტი.

„სტრიტ არტი, რაც მივიღეთ არის ძალიან მაღალი მხატვრული ღირებულების. მე არა ერთ კრიტიკოსს ვესაუბრე, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს არ არის ორდინალური საქართველოსთვის, ეს არის ძალიან კოსმოპოლიტური პრინტები, არა ლოკალური მნიშვნელობის, არამედ საერთაშორისო. მასშტაბური აზროვნების ხარისხიანი პროდუქტი მივიღეთ,“ – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

მისივე თქმით, ფესტივალის დასრულების შემდეგ ქალაქში გაჩნდა ახალი ტურისტული მარშრუტი – „სტრიტ არტ ტური“.

„ტურისტული თვალსაზრისით ბათუმი გამრავალფეროვნდა, იმიტომ, რომ ტურისტებს დახვდათ `სტრიტ არტ მარშრუტი“. ამ პროექტმა ასევე  ქართველი და ფრანგი არტისტების დაახლოებას და მჭიდრო  თანამშრომლობას შეუწყო ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში ამ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ დაგეგმონ საქართველოში პროექტები და განახორციელონ. ბათუმში აქტიურად ვითარდება ურბანული ხელოვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნება მუზეუმიდან და ჩაკეტილი სივრციდან გადმოდის ქუჩაში. მომხმარებელი ხდება ყველა ადამიანი,  არა ის, ვინც მუზეუმში მიდის, არამედ ნებისმიერი გამვლელი,“ – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

„ფესტივალი კარგია განვითარებისთვის, კონტაქტებისთვის. კონტაქტი გვაქვს უცხოელებთან. ხედავ, ვინ რას აკეთებს და უფრო ახლო კონტაქტი გაქვს მსოფლიოსთან. სტიმული გაქვს, რომ რაღაც აკეთო. რაც მოგვწონს, იმას ვხატავთ, ეს არის  თავისუფალი ფესტივალი,“ – ამბობს ფესტივალის მონაწილე მხატვარი თამუნა წახნაკია.

კითხვაზე, რას ელოდნენ და რამდენად გაამართლა ფესტივალზე მიღებულმა საბოლოო შედეგმა მოლოდინი, გელა წულაძე პასუხობს:

„მოლოდინი იყო, რომ მოსახლეობა ამას შეხვდებოდა სიხარულითა და  სიყვარულით. ეს მოლოდინი გამართლდა. სადაც მივედით დასახატად, მოსახლეობა ყველგან გამოვიდა, დაგვეხმარა, ხან გვაჭამა, ხან ლუდი დაგვალევინა,  ხან რაღაცა გვთხოვა, ვიღაცები იმ ზომამდე მივიდნენ, რომ ჩვენი შენობის „არკა“ მოგვიხატონო, გვთხოვეს. ჩემი მოლოდინი ფესტივალმა გაამართლა,“ – ამბობს გელა წულაძე.

„სტრიტ არტ ფესტივალი“ 27 ივნისს დასრულდა, იმ დღეს, როდესაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი მიუძღვნეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, საქართველოს დასავლურ კურსსა და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

რა რეკომენდაციებს აძლევს დემოკრატიის ინსტიტუტი კომუნალური სერვისის მომწოდებელ კომპანიებს

«დემოკრატიის ინსტიტუტის» ფასილიტაციით საქართველოს რვა ქალაქში (ზუგდიდი, ქუთაისი, ლანჩხუთი, გორი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, ახალციხე, ქობულეთი და დაბა ხელვაჩაური),  23-26 ივნისის ჩათვლით კომუნალური სერვისის მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამუშაო შეხვედრები გაიმართა. სამუშაო შეხვედრებზე წარმოდგენილი იყო ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებელი კომპანიების მომსახურების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის არსებული პრაქტიკა, გამოვლენილი პრობლემები და რეკომენდაციები. შეხვედრები გაიმართა კოალიციური პროექტის «კომუნალური სერვისის მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია» ფარგლებში, რომელსაც 9 არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს: «სამოქალაქო განვითარების სააგენტო» (სიდა); „გორის საინფორმაციო ცენტრი»; «კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო»; «დემოკრატ მესხთა კავშირი»; «საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» ქუთაისის ფილიალი; «ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი»; «ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ცენტრის» მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი; «ათინათი»; «დემოკრატიის ინსტიტუტი».

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე საქართველოს 9 რეგიონის 10 ქალაქში (ზუგდიდი, ქუთაისი, ლანჩხუთი, გორი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, ახალციხე, ქობულეთი და დაბა ხელვაჩაური) მიზნობრივი კვლევა ჩატარდა, რამაც თითოეულ რეგიონში კომუნალური მომსახურების (წყალი, შუქი, გაზი) სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და ხარვეზები გამოავლინა. ასევე კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის სტანდარტები, რასაც სხვადასხვა სერვისის მომწოდებელი კომპანიები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით იყენებენ. მომდევნო ეტაპზე შემუშავდა რეკომენდაციები თითოეული რეგიონის მიხედვით, რაც წარმოდგენილი იყო აღნიშნულ შეხვედრებზე. რეკომენდაციები ძირითადად შეეხებოდა «ენერგო-პრო ჯორჯიას», «სოკარ ჯორჯია გაზსა» და «გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას». შეხვედრა ყველა რეგიონში სამუშაო და დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. მოწვეული სტუმრები, მათ შორის, ადგილობრივი კომუნალური სერვისის მომწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან ერთად, გამოვლენილი პრობლემებისა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივად მუშაობდნენ.

ლანჩხუთში კვლევა მოიცავდა სამ მომწოდებელ კომპანიას: «საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას», «ენერგო-პრო ჯორჯიასა» და «სოკარ ჯორჯია გაზს». სამივე მათგანის შემთხვევაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სხვადასხვა სახის პრობლემები არსებობს, კერძოდ როგორც მომხმარებელთან კომუნიკაციის მხრივ, ასევე ინფორმირებულობის საკითხში. მაგალითისთვის, არ არის გამართული ცხელი ხაზის მომსახურება, მისი საშუალებით მომხმარებლებს მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მიღება შეუძლია, ასევე ზოგადია კომპანიების ვებგვერდი. რეკომენდაციის მიხედვით უნდა გაუმჯობესდეს კომპანიებს ვებგვერდი, ასევე მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, არსებობდეს ელექტრონული სისტემა (კომპანიების ვებგვერდთან ადაპტირებული), რომლითაც მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, გაასაჩივროს კომპანიის მუშაობა, მისი წარმომადგენლის ქმედება და მიიღოს შესაბამისი პასუხი ან კონსულტაცია. სასურველია, ამოქმედდეს ონლაინკონსულტაციის მექანიზმი, რომლითაც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება (გაცვლა).

ქუთაისში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ვითარება თითქმის მეზობელი რეგიონის მსგავსია. ქუთაისში განხორციელებული კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ აქაც მომხმარებელთა ინფორმირებულობის დაბალი დონეა. პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა ადგილობრივ კომპანიებს მიმართეს რეკომენდაციით, რათა გააქტიურებულიყო ცხელი ხაზის საკითხი. ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს მრიცხველების კარადაზე, მითითებული უნდა იყოს პასუხისმგებელი (საკონტაქტო) პირის მობილური ტელეფონის ნომრები. რეკომენდაციები შეეხო როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყლისა და გაზის მომწოდებელ კომპანიებს.

საინტერესო შემთხვევა გამოიკვეთა ზუგდიდში, წყალმომარაგების მიმართულებით. კვლევამ აჩვენა, რომ ზუგდიდში არ არსებობს ერთიანი წყალმომარაგების სისტემა. მოსახლეობა, რომელიც კერძო სახლებში ცხოვრობს, სარგებლობს საკუთარი ინდივიდუალური ჭით, ხოლო კორპუსები _ ჭაბურღილებით. ჭაბურღილები კომპანიის ბალანსზეა და წყლის შემოწმება ხდება თვეში სამჯერ, ხოლო ჭის წყალი საერთოდ არ მოწმდება. გადასახადები დადგენილია სულადობის მიხედვით. ჭის წყლის სასმელად ვარგისიანობის შემოწმება შესაძლებელია ქუთაისში, მაგრამ მოსახლეობას ამის საშუალება არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეკომენდაციით მიმართეს კომპანიას, რათა ქალაქის ერთიანი წყალმომარაგების სისტემით წყლით მომარაგების საკითხის მოგვარებამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ და კომპანიამ განახორციელონ პროექტები, რომელთა მიზანი იქნება ქალაქში დღეს არსებული სასმელი წყლის რესურსების ვარგისიანობის, განსაკუთრებით ჭის წყლის (ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გავლენა) დადგენა არანაკლებ თვეში ერთხელ მაინც; წყლის ვარგისიანობის შეფასების კვლევა უნდა დააფინანსოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ.

წყალმომარაგებით უკმაყოფილო არიან გორის მცხოვრებლები. კვლევამ აჩვენა, რომ გორში მოუწესრიგებელია ოჯახებში სულადობის აღრიცხვის სისტემა, სარგებლობენ ძველი მონაცემებით, რაც ხშირად მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, მათ ოჯახებში ზედმეტი პირების არსებობის გამო ეზრდებათ გადასახადი. რთულია აბონენტის მხრიდან განცხადების საფუძველზე ჩასწორების გაკეთება მათი ოჯახის ზუსტი სულადობის შესახებ. გამოიკვეთა ასევე სხვადასხვა პრობლემები: წყლის დაბალი წნევა; ზოგიერთ უბანში დღემდე გრაფიკით წყლის მიწოდება; მაღალი ტარიფები. აღნიშნულ შემთხვევაშიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივ კომპანიებს სიტუაციის გამოსასწორებლად რეკომენდაციით მიმართეს.

წყალმომარაგების საკითხები იყო მთავარი პრობლემა მცხეთაშიც, სადაც ადგილზე (მცხეთაში) არ არსებობს «საავარიო-ტექნიკური ჯგუფი». საჭიროების შემთხვევაში ქ. თბილისიდან ხდება სპეციალისტების ჩამოყვანა, რის გამოც ვერ ხდება პრობლემების დროული აღმოფხვრა. «მცხეთის წყალში» მომსახურე პერსონალის ნაკლებობაა, რის მიზეზადაც მოსახლეობის მიერ წყლის მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს (ფინანსური კრიზისი). ორგანიზაციებმა მიმართეს „მცხეთის წყალს», რათა საავარიო-ტექნიკური ჯგუფის ადგილზე არსებობა უზრუნველეყოთ. მცხეთაში წყლის მიწოდების სერვისის გაუმჯობესების პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (სამართლებრივად უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი).

მცხეთის მსგავსი პრობლემებია რუსთავში (მცხეთასა და რუსთავს ერთი და იგივე კომპანია ემსახურება). ასევე გამოიკვეთა ცხელი ხაზის არაეფექტურობა და მომხმარებელთა დაბალი ინფორმირებულობის დონე. მთავარ პრობლემად დასახელდა მოუწესრიგებელი წყალმომარაგების სისტემა, ზამთარში, ყინვის დროს, უწყლობა და წყლის ხარისხი.

თელავში ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების კომპანიები სხვა დანარჩენი რეგიონებისგან განსხვავდება. თელავს ელექტროენერგიით „კახეთის ენერგოდისტრიბუცია» ამარაგებს. აქაც ცხელი ხაზის მუშაობის პრობლემაა, თანაც ელექტროენერგიის მიწოდება ამინდის გაუარესებასთან ერთად წყდება. საერთოდ უმოქმედოა ვებგვერდი, თუმცა, როგორც შეხვედრაზე მოსულმა წარმომადგენელმა განაცხადა, არსებულ პრობლემებს ეტაპობრივად მოაგვარებენ. მათივე განმარტებით ადგილი აქვს ელექტროენერგიის დიდ დანაკარგს (სავარაუდოდ ხშირია ელექტროენერგიის უკანონოდ დატაცების ფაქტები), შესაბამისად მოსაწესრიგებელია ელექტრომომარაგების ქსელი და დასასრულებელია გამრიცხველიანების პროცესი. რაც შეეხება გაზმომარაგებას, თელავს გაზით კომპანია «ვისოლი» უზრუნველყოფს, თუმცა მოსახლეობა ტარიფის სიძვირეზე საუბრობს. ასევე, ხელშეკრულების არ გაფორმებასა და გაზის დაბალ ხარისხზე მიუთითებენ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გაუწიეს მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ახალციხეში. კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ წყალმომარაგების მხრივ ახალციხეში ცუდი მდგომარეობაა, კერძოდ არ ხდება წყლის სტაბილური მიწოდება, არ არსებობს გრაფიკი წყლის მიწოდებისა, ხოლო თავად წყლის ხარისხი არის ცუდი, ქალაქში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა კი – ამორტიზირებული.

რაც შეეხება ქობულეთსა და ხელვაჩაურს, აქ გაზმომარაგებისა და ელექტროენერგიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტები ბათუმის მსგავსია, განსხვავებულია მხოლოდ წყალმომარაგების კუთხით გამოვლენილი ხარვეზები. ქობულეთში წყალმომარაგების კუთხით გამოვლინდა სტანდარტული პრობლემები და ხარვეზები, ხოლო ხელვაჩაურში საერთოდ არ არსებობს წყალმომარაგების ერთიანი სისტემა და აქ პრობლემები გაცილებით მეტია, ვიდრე ქობულეთში. ქობულეთსა და ხელვაჩაურში წყალმომარაგების სფეროში არსებულ ვითარებაზე «დემოკრატიის ინსტიტუტი» უახლოეს დღეებში ქ. ბათუმში სამუშაო შეხვედრისა და დისკუსიის მოწყობას გეგმავს.

 

პროექტი ხორციელდება «დემოკრატიის ინსტიტუტის» მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების» ფარგლებში.

პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

პროექტი მხარდაჭერილია «სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის» მიერ

პატიმრის ოჯახი: ხელისუფლებას ვთხოვთ სიმართლის დადგენას

 

ოჯახის ინფორმაციით, იმედა სურმანიძე 2010 წელს დააკავეს ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით. მას 12 წელი ჰქონდა მისჯილი, ამინისტრიის შემდეგ კი სასჯელი შეუმსუბუქდა, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარი ორჯერ იყო საავადმყოფოში გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა და ისინი სიმართლის დადგენას ითხოვენ, რადგან ბრალდების ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა.  

 

 

„სამნი დაიჭირეს, თავიდან ორი ამბობდნენ, რომ იმედა სურმანიძემ მისცა მათ წამალი, ისინი საპროცესო შეთანხმებით გამოვიდნენ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათ ჩვენება შეცვალეს და ხელახლა მისცეს ჩვენება, რომ იმედა სურმანიძე წამალი მათთვის არ მიუცია და თქვეს, მაიძულეს ასეთი ჩვენების მიცემაო. ჩვენი თხოვნაა, ხელახლა განიხილონ საქმე და სიმართლე დადგინდეს“ – ამბობს მალხაზ სურმანიძე, პატიმრის ძმა.

 

„დანაპირები სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს ქვეყანაში. დღეს ეს ხალხი მარტო იმედა სურმანიძეს კი არ უდგას გვერდით, არამედ ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ პატიმარს, რომლებიც დღეს წინა ხელისუფლების მსხვერპლნი არიან და სასჯელს უკანონოდ იხდიან  ციხეში, ბევრი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ, ვიბრძოლოთ, რომ მათ მიმართ აღდგეს სამართლიანობა. მე გავეცანი ამ საქმეს, ოჯახის წევრების, მოწმის ინფორმაციას, რომელმაც განაცხადა, რომ თავის დროზე სახელმწიფო ოპერატიული დეპარტამენტის და სხვა წყებების ერთობლივი ღონისძიების შედეგად იქნა მიცემული ცრუ ჩვენება, რომ თითქოსდა ადგილი ჰქონდა ნარკოტკის შენახვა-გადაზიდვა-რეალზაციას. ამ შემთხვევაში ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება დაუყოვნებლივ საქმის გადახედვა და ყველა დამნაშავე პირის დასჯა, რაც ჩვენ ქვეყანაში ჯერ ვერ ხდება“ –  განაცხადა აქციიაზე მყოფმა ადამიანის უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.

 

 

 

როგორ გავხდე გიდი

 

2013 წელს გადამზადებული გიდები აჭარაში. ფოტო: welcomebatumi.com
2013 წელს გადამზადებული გიდები აჭარაში. ფოტო: welcomebatumi.com

გასულ წლებში აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტისა და დონორი ორგანიზაციებისგან რამდენჯერმე დაფინანსდა გიდების მოსამზადებელი პროექტები, შემდეგ კი ამ საქმიანობამ კერძო სექტორში გადაინაცვლა. დღეს საქართველოში ამ კუთხით ყველაზე აქტიურად ორი ორგანიზაცია მუშაობს: საქართველოს გიდების ასოციაცია და აჭარის გიდების ასოციაცია. აჭარის გიდების ასოციაციას ამ დრომდე ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით დაახლოებით 300 გიდი ჰყავს გადამზადებული.

 

აჭარის გიდების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ია ბერაძე ამბობს, რომ მათთან კურსების გასავლელად არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნა არ არსებობს. გიდობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, სასურველია იცოდეს უცხო ენები და ჰქონდეს შესაბამისი განათლება.

 

აჭარის გიდების ასოციაციაში ბოლო მიღება ერთი კვირის წინ დასრულდა. ია ბერაძის თქმით, ახალი ჯგუფი, სავარაუდოდ, სექტემბრამდე აღარ შედგება, საამისოდ 15-მდე მსურველი უნდა შეგროვდეს. კურსის ხანგრძლივობა თვენახევარია და მისი ღირებულება 160 ლარია. ამ ხნის მანძილზე მომავალ გიდებს საჭირო უნარ-ჩვევებს ასწავლიან, მათ თეორიული და პრაქტიკული დავალებების შესრულება და საჩვენებელი ექსკურსიის მომზადებაც უწევთ. ინფორმაცია გიდების მიღების შესახებ ასოციაციის ვებგვერდზე ქვეყნდება.

 

აჭარის გიდების ასოციაციის კურსდამთავრებულები ავტომატურად ხვდებიან ასოციაციის გიდების ელექტრონულ კატალოგში, საქართველოს გიდების ასოციაციის ბაზაში ყოფნა კი წელიწადში 60 ლარი ღირს. სწორედ ასეთი ბაზებიდან ირჩევენ გიდებს ტურისტული სააგენტოები.

 

გარდა გიდების ასოციაციებისა, გიდის პროფესიის შემსწავლელი კურსები საზოგადოებრივ და კერძო პროფესიულ კოლეჯებსაც აქვთ. ასეთი კურსები უფრო გრძელვადიანია (6-8 თვე) და ისინი უფრო კონკრეტულ ცოდნას იძლევიან. მიღება ასეთ კურსებზე წელიწადში რამდენჯერმე ცხადდება.

 

თორნიკე თორია 17 წლის იყო, როცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გიდის კურსები გაიარა და როგორც კარგი შედეგების მქონე, მალევე მიიწვიეს თავის პირველ ექსკურსიაზე: „ეუთოს დელეგაციისათვის უნდა გამეკეთებინა ტრანსფერი – შერატონიდან გონიოს ციხემდე. მას შემდეგ დეპარტამენტი მაძლევდა ტურებს, მერე ნელა-ნელა გავრცელდა ინფორმაცია ჩემზე და ჩავები ამ ფერხულში“, – ამბობს ის.

 

თორნიკეს ძირითადად ინგლისურ ენაზე უწევს გიდობა, უფრო იშვიათად – რუსულ ენაზეც, ანაზღაურება კი ძირითადად ტურის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, მაგალითად, თუ ტური სამ საათზე მეტ ხანს გრძელდება, ანაზღაურება მინიმუმ 80 ლარია, თუ მთელ დღეს – 120 ლარი და მეტი. თორნიკე ახლა სტუდენტია, ამბობს, რომ გიდობა მისთვის შემოსავლის დამატებითი წყაროა, თუმცა, თუ ადამიანი მოინდომებს, შესაძლოა ამ პროფესიით საკმაოდ კარგი ანაზღაურებაც ჰქონდეს ყველა სეზონზე: „საქართველოს გიდების ასოციაცია ბევრ ტრენინგს სთავაზობს გიდებს: მთის გიდები, მუზეუმის, საზამთრო კურორტების, ღვინის და ა.შ. თუ ამ ყველაფერში დახელოვნდები, მაშინ ზამთარში – ზამთრის გიდობას გასწევ, ზაფხულში საერთოდ პიკია. შემოდგომა – რთველი და ღვინო, გაზაფხული კი, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი პერიოდია. თუ ძირითადი პროფესიაა, მაშინ ადამიანი ცდილობს გაძლიერებას და კვალიფიკაციის ამაღლებას“.

 

რა არის საჭირო იმისათვის, რომ კარგი გიდი გახდე? – თორნიკეს თქმით, გიდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უკომპლექსობა, მოქნილობა და თვითგანვითარებაა. „ღიმილიანი, ხალისიანი, თავდაჯერებული და მოსიარულე ენციკლოპედია უნდა იყო. ასევე ფანტაზიის უკიდეგანო ოკეანეებია საჭირო“, – ამბობს ის.

 

ზუსტი მონაცემები იმისა, თუ რამდენი გიდია აჭარაში, არ არსებობს. ამის მიზეზი ერთიანი ბაზის არ არსებობაა. ყველა ორგანიზაციას, რომლებიც გიდების გადამზადებით არიან დაკავებულები, გიდების თავიანთი ბაზა აქვთ, რომელშიც მხოლოდ მათ მიერ სერტიფიცირებული გიდებია შეყვანილი.

 

რაც შეეხება გიდების კვალიფიკაციას, საქართველოში გიდის კვალიფიკაციის შემოწმების არანაირი მექანიზმი არ არსებობს. გიდის პროფესიონალიზმის მთავარი საზომი მის მიერ ჩატარებული ტურით კმაყოფილი ან უკმაყოფილო ტურისტია. სწორედ ამით განისაზღვრება მომავალში მოისურვებენ თუ არა ამ გიდთან სხვა ჯგუფების დაკავშირებას.

 

ბათუმის ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფო ლაზიშვილი ამბობს, რომ დღეს სახელმწიფოს მხრიდან საკანონმდებლო კუთხით არც ლიცენზირების შესახებ კანონში და არც ტურიზმის შესახებ კანონში არ არის ნახსენები, რომ გიდისთვის აუცილებელია სერტიფიკატი, ან ის თუ ვინ უნდა გასცეს ეს სერტიფიკატი, „თუმცა სერტიფიკატის ქონა უკვე გარკვეული ხარისხის მაჩვენებელია და უცხოელ ტურისტებთან ექსკურსიებისას სერტიფიკატის მქონე გიდებს ენიჭებათ უპირატესობა“.

 

დატყვევებული მურა დათვების გაურკვეველი მომავალი

 

„ბათუმელების“ კითხვას, რა ტიპის სანქციები განხორციელდა/ან განხორციელდება იმ პირების მიმართ, ვისაც დათვი ჰყავს დატყვევებული, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურმა წერილობით უპასუხა:

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 853-ე მუხლის თანახმად, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება დასჯადი ქმედებაა და გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით“.

 

კითხვაზე, თუ როგორ აპირებენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და იგეგმება თუ არა რაიმე ღონისძიება მათ გარემოში დასაბრუნებლად, დეპარტამენტში ასე უპასუხეს:

 

„მურა დათვის დატყვევების ფაქტზე რეაგირება თავისთავად მოიცავს დატყვევებული ცხოველის კონფისკაციას. ამასთან, პრობლემაა გარეულ ცხოველთა თავშესაფრის არქონა, რაც შეუძლებელს ხდის ჩამორთმეული ცხოველების განთავსებას და მათ შემდგომ ადაპტაციას ველურ გარემოსთან.

 

დატყვევებული გარეული ცხოველის ველურ გარემოში დაბრუნება, განსაკუთრებით იმ ცხოველის, რომელსაც დაკარგული აქვს ბუნებრივი ინსტინქტები და ქცევის ნორმები, შესაძლებელია მხოლოდ მათი ველურ გარემოსთან ადაპტაციის შემდგომ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ღონისძიება შეიძლება დასრულდეს წარუმატებლად. პრობლემა შესაძლებელია მოგვარდეს შესაბამისი თავშესაფრის მოწყობით, სადაც მოხდება ველურ გარემოსთან ადაპტირების პროცესები“.

 

რაც შეეხება თავშესაფარს, ერთადერთი ადგილი, სადაც დატყვევებული მურა დათვის გადაყვანაა შესაძლებელი, თბილისის ზოოპარკია. ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, საკმარისი ადგილი დატყვევებული დათვების მისაღებად არ აქვთ.

 

„ამჟამად 15 დათვი გვყავს. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ვეღარ ეტევიან. მთლიანად საქართველოში 50 დათვია სხვადასხვა ადგილას უმძიმეს პირობებში, მაგალითად, რესტორნების ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ასეთი რესტორანი – „ედემის ბაღი“ რიკოთზეა, სადაც დათვი 2 კვადრატულ მეტრში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ყველა ეს დათვი ჩამოსართმევია, მაგრამ მათი გადაყვანის ადგილი ფიზიკურად არ არსებობს. თბილისის ზღვაზე სწორედ დათვების თავშესაფარი იქნება. ეს ყველაფერი 300-400 ათასი ლარი მაინც დაჯდება, რომელიც ჩვენი აზრით, ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს. შემდეგ უკვე მოვლა-პატრონობას ჩვენს თავზე ავიღებთ“, – ამბობს ზურაბ გურიელიძე.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1643 მურა დათვი ბინადრობს. კვლევა 2012 წელს ჩატარდა. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მეოცე საუკუნის განმავლობაში დათვი გაქრა წალის ტყიდან და აღარ ცხოვრობს ჯავახეთის ზეგანზე, დიდ და მცირე კავკასიონს შორის არ ხდება მდედრი დათვების გადანაცვლება, უფრო დეტალური ინფორმაცია და მონაცემები კი არ არსებობს.

როგორ მოხდება ჟილინის არხის რეკონსტრუქცია

„ჟილინის არხად“ წოდებული სანიაღვრე კანალიზაციის სისტემა მთისძირის ქუჩიდან იწყება. იგი დასაწყისში მცირე ზომის მიწის არხია, რომელიც თანდათან იზრდება და ზღვასთან მიერთების წინ, მისი სიგანე 6-8 მეტრს აღწევს. არხის საერთო სიგრძე 3320 მეტრია. „ჟილინის არხზე“ ნიაღვრის წყლების მოდინების ჯამური ფართობი 285,7 ჰექტარს შეადგენს.

 

არხის კვეთები შეზღუდულია მოსახლეობის მიერ აგებული კედლებით, ბოგირებით, ფარდულებით, ბეტონის ფილებითა და სხვადასხვაგვარი ხელოვნური ნაგებობებით, რაც, როგორც მერიაში აცხადებენ, არხის გამტარუნარიანობის შემცირებას და ინტენსიური წვიმის დროს მიმდებარე ტერიტორიების დატბორვას იწვევს.

 

მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს არხში განზრახ თუ შემთხვევით მოხვედრილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავი, რომლითაც ჩახერგილია არხის ფერდობები, მიმდებარე დასახლებაში (გენ. ასლან აბაშიძისა და ინასარიძის ქუჩები), შექმნილია ანტისანიტარული გარემო და დაბინძურებულია ზღვასთან მიერთების ადგილი.

 

არხის მთელ სიგრძეზე არსებობს კანალიზაციის წყლების მიერთება კერძო სახლებიდან და დასახლებული უბნებიდან, დღესდღეობით „ჟილინის არხთან“ სამეურნეო-ფეკალური კანალიზაციის მიერთების 160 წერტილია.

 

„ჟილინის არხის“ უდიდესი ნაწილი წარმოადგენს მიწის ღია ნაგებობას, თუმცა გამონაკლისია არხის მცირე უბანი, ბაგრატიონის ქუჩის გადაკვეთიდან ინასარიძის ქუჩამდე. ამ უბანზე ჩაწყობილია რკინა-ბეტონის მილები, თუმცა ქანობი იმდენად მცირეა, რომ ვერ უზრუნველყოფს მაქსიმალური ხარჯის გატარებას და თავისთავად იწვევს მიმდებარე ტერიტორიების პერიოდულ დატბორვას.

 

ბათუმის ძირითადი ტერიტორია დაბლობია (0,8-დან 10 მეტრამდე ზღვის დონიდან), ხშირად წვიმს (წელიწადში 170 დღე), „ჟილინის არხი“ კი ხშირ შემთხვევაში დასილულია, მას არ გააჩნია საკმარისი ქანობი, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს მოსული წვიმის წყლის გატარებას.

 

პროექტის მიხედვით, „ჟილინის არხის“ ღია სისტემიდან დახურულ სისტემაში გადასვლა ითვალისწინებს მთელ სიგრძეზე მიწის არხის შეცვლას რკინა-ბეტონის სწორკუთხა კვეთის არხებით. ახალ საპროექტო სისტემაში უცვლელადაა ჩართული არხის ის ნაგებობები, რომლებიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ასეთებია ახალაშენებული წყალგამტარები ორ უბანზე – ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებაზე, ახალი გზის ქვეშ, სიგრძით 35 მ. და ზღვის სანაპიროსთან ახლოს წყალგამტარი, სიგრძით 60 მეტრი. აღნიშნული ნაგებობები თავისი განივი კვეთის ზომებით უზრუნველყოფენ მაქსიმალური სანიაღვრე წყლის გატარებას.

 

არხის ღია სისტემიდან დახურულ სისტემაში გადასვლისას გაუქმდება ყველა ის ნაგებობა, რომლიც აშენებულია ღია არხზე – ბოგირები, რკინა-ბეტონის ფილები, მეტალის მცირე ზომის ხიდები, „უნებართვოდ აგებული ფარდულები და სხვა“ (მთლიანობაში გაუქმდება რკინა-ბეტონის 100-მდე ბოგირი და ხიდი და ათამდე ფარდული).

 

შეეხება თუ არა სამუშაოები კერძო საკუთრებას – მერიაში ვერ აკონკრეტებენ. პროექტში კი, რომელიც მერიის დაკვეთით სამი წლის წინ შეიქმნა, რაიმე საკომპენსაციო თანხა გათვალისწინებული არ არის.

 

დახურულ სანიაღვრე სისტემაზე გადასვლისას არხში შემავალ ყველა მიერთების წინ დაიდგმება ზედაპირული წყლის გისოსებიანი მიმღები, რაც, როგორც პროექტის ავტორები მიიჩნევენ, გამორიცხავს არხში და შემდეგ ზღვაში უცხო საგნების მოხვედრას. გაუქმდება ყველა სამეურნეო-ფეკალური კანალიზაციის მიერთება, სამუშაოების მიმდინარეობისას ეს არხები გადაერთებული იქნება ქალაქის ახალ საკანალიზაციო სისტემაზე.

 

ამასთან, ყველა წვიმმიმღებ ჭაში გათვალისწინებულია 0,5 მ სიღრმის დასალექი ზონის მოწყობა. ამ შემთხვევაში სანიაღვრე კოლექტორები ნაკლებად დაისილება და ამოივსება, მაგრამ საჭირო იქნება წვიმმიმღები ჭების ხშირი ამოწმენდა.

 

განსხვავებით ბათუმის შიგა სანიაღვრე ქსელებისაგან, „ჟილინის არხი“ წარმოადგენს წყალსატარს, რომელშიც წყალი მუდმივად გაედინება როგორც წლის მაქსიმალური, ასევე მინიმალური ნალექის დროს. განსხვავება მხოლოდ არხში გამდინარე წყლის რაოდენობაშია. ნალექის მაქსიმალური პერიოდისათვის არხში გამდინარე წყლის რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს 10 000 ლიტრს/წამში. ხოლო მინიმალური ნალექის დროს (მაგალითად, გვალვის პერიოდში) 50 ლ/წმ-მდე მცირდება.

 

აქედან გამომდინარე, „ჟილინის არხზე“ სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს წლის მინიმალური ნალექის დროს. უშუალოდ არხის გასაწმენდად საჭირო იქნება 16 ათასამდე ტონა ლამისა და 38 ათასი ტონა ზედმეტი გრუნტის გატანა 10 კმ-ზე; შემდეგ კი, თხრილის შესავსებად 20 000 კუბ/მ ახალი ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტის შემოტანა.

 

მერიაში მიიჩნევენ, რომ ზღვის სანაპირო ზოლთან არსებული ახლად აშენებული წყალგამტარი ნაგებობა აკმაყოფილებს პროექტით მოთხოვნილ პირობებს. ამიტომ  იგი უცვლელადაა ჩართული ახალ საპროექტო სისტემაში. არხის მშენებლობა განხორციელდება მხოლოდ ამ ნაგებობიდან ზემოთ.

 

შესაბამისი ელექტრონული ტენდერი არხის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიამ 12 ივნისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 28 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. სატენდერო თანხა 6 322 964 ლარია.

 

ტენდერში გამარჯვებული პასუხისმგებელი იქნება უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა; სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეებისა და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა და მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციისა თუ მტვრის გავლენა გარემოზე. საჭიროების მიხედვით შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით ჩამოაყალიბებს მშენებარე ობიექტზე გეოდეზიურ ზედამხედველობას.

 

„ჟილინის არხის“ რეკონსტრუქცია 2015 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

რა ინფორმაციას აწვდიდა აჭარის მთავრობის კაბინეტის უფროსი სპეცსამსახურებს


ბატონო ნუგზარ, თქვენ ამბობთ, რომ მასალებს აწვდიდით პრემიერ-მინისტრის აპარატს და ასევე შს სამინისტროს. რა ინფორმაციაზე საუბრობთ?


ეს იყო დახურული ინფორმაცია, რისი ცოდნაც იმ დროს საზოგადოებისთვის არც იყო აუცილებელი.  მე და ჯემალ ბერიძე, რომელიც იყო მთავრობის აპარატის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რამდენჯერმე შევხვდით შს სამინსიტროს შესაბამისი სამსახურის უფროსს. როცა ბიზნესმენები მოდიოდნენ აჭარის მთავრობაში, მათთან შეხვედრებს აწარმოებდა ბატონი ჯემალი და ის იყო შეწუხებული იმის გამო, რომ რაღაც ფორმით ხორციელდებოდა ზეწოლა ბიზნემენებზე. ეს შეწუხებული ბიზნესმენები შემოჰყავდა ჩემთან ბატონ ჯემალს.  მათზე ბევრი ფორმით ხორციელდებოდა ზეწოლა ხელისუფლებისგან. 

 

მაგალითად, რა ფორმით?


ნებართვები, ჯარიმები… საინვესტიციო კომპანიებზე იყო ზეწოლა, რომ დაკვეთა მიეცათ ადგილობრივი კომპანიისათვის და სთავაზობდნენ, რომ ეს კომპანია ყოფილიყო „ანაგი“ . აქ, როგორც ჩანს, მუშაობდა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ბალაძის მომენტი.  ვიცით, რომ ბალაძე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იყო ამ კომპანიის ფინანსური მენეჯერი. ერთ-ერთი კომპანიის, რომელსაც ხუთი მილიონ ნახევარი ჰქონდა გათვალისწინებული მშენებლობისთვის, ბიზნესმენისგან გვქონდა ინფორმაცია, რომ მასზე მთავრობის თავმჯდომარე ახორციელებდა ზეწოლას – ის მისცემდა ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ დაამატებდა მილიონს და დაკვეთას მიიღებდა „ანაგი.“ ეს იყო თურქული საინვესტიციო კომპანია. 

 

 

კომპანიას არ დაასახელებთ?


მგონი ეს იყო „ბაბილონი“.

 

 

„ბაბილონს“ წინა ხელისუფლება შეუთანხმდა, მე როგორც მახსოვს, და მშენებლობაც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. მშენებლობის ნებართვას ეს მთავრობა როგორ გასცემდა?

 

საბოლოოდ მათ ნებართვა ამ ხელისუფლების პირობებში მიიღეს. ბიზნესმენზე იყო სერიოზული ზეწოლა. ამის შესახებ მან ძალიან მძიმე საყვედური გამოთქვა ჩვენთან.


„ანაგმა“ რომ გიჩივლოთ სასამართლოში, დაამტკიცებთ იმას, რასაც ამბობთ – გაქვთ სათანადო მტკიცებულება?



თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე ბიზნესმენი სასამართლოში ზოწოლაზე განაცხადებს? – თუ მიჩივლებს, ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარვადგენ. მე აქ არ ვლაპარაკობ „ანაგზე“ და გოგოტიშვილზე, მე ვლაპარაკობ დავით ბალაძის დაინტერესებაზე და ამას ჯემალ ბერიძეც დაადასტურებს. ჩვენ დავინახეთ მისი ინტერესი.  

 

კიდევ შემიძლია მსგავსი მაგალითების დასახელება: ბულვარის შესასვლელში კაფე „ტყუპები“ ხომ იცით, მაგის შესყიდვის სანაცვლოდ შესთავაზეს თურქ  ბიზმესმენს უკვე უკანონოდ აშენებული პირსის კანონმდებლობის ჩარჩოებში მოყვანა. აუდიტს კაფე „ტყუპები“ ნახევარმილიონ დოლარად ჰქონდა შეფასებული. ინვესტორს სთხოვდნენ ეყიდა მილიონახევრად. ამ საქმეში მონაწილეობდა ვინმე ჭოხონელიძე. მე და ჯემალი მივედით შს სამინსიტროს შესაბამისი სამსახურის უფროსთან და ვუთხარით, რომ ჩვენთან მოვიდა ბიზნემენი, რომელმაც გვაჩვენა არჩილ ხაბაძის მიერ მიწერილი მესიჯი (ეს იყო გასული წლის 19 სექტემბერი). ხაბაძე წერდა 20 სექტემბერს, შაბათს თუ ეს საკითხი დადებითად არ გადაწყდება, მძიმედ წაგივათ საქმეო.  

 

ვინ არის ჭოხონელიძე?


კეთილისმსურველებმა მითხრეს, არ გინდა, შეეშვითო. ვიკითხე, რატომ-მეთქი. ჭოხონელიძე კახა კალაძის კაციაო. მე არ ვიცი მის პირველ აგენტზე რეზო ჭოხონელიძეზეა საუბარი თუ მის ძმაზე. ამ ჭოხონელიძის სახელი ვერ გავიგე.

 

ეს ჭოხონელიძე ითხოვდა ბიზნესმენისგან კაფე „ტყუპების“ მილიონნახევრად ყიდვას, სამაგიეროდ მოუგვარებდა პირსის კანონიერების საკითხს. ამ საქმეში მთავრობის თავმჯადომარის ჩართულობას ადასტურებს მესიჯი, რომელიც ამ ბიზნესმენმა გადმოგვიქაჩა. ეს მესიჯი უშიშროების უფროსს ვაჩვენეთ.

 

ბიზნესმენმა თქვა, რომ ის მიმართავდა ერდოღანს და მისი მეშვეობით ხმას მიაწვდიდა საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს.

 

ვინც ეს მესიჯი მოგვიტანა, ეს ბიზნესმენი ახლა სასათბურე პირობებით სარგებლობს აჭარის მთავრობაში. ხაბაძეს ის უცხოეთში ვიზიტებისას დაყვება. მან ჩვენთან კონტაქტი გაწყვიტა.

 

ვინ არის ეს ბიზნესმენი?


ზოგიერთ სახელს და გვარს ვერ დავასახელებ.

 

შარშან არჩევნების დროს, ბათუმში რამდენიმე ბიზნესმენთან მივიდა სამი ნარკომანი, რომლებიც მათ ფულს სძალავდნენ. ისინი მოქმედებდნენ მთავრობის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის, ჭეიშვილის სახელით. მე და ჯემალმა ამის შესახებაც მივაწოდეთ უშიშროების უფროსს ინფორმაცია. სამი დღის შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამიდან ერთი დააპატიმრეს. 

 

კიდევ ერთი მძიმე ფატის შესახებ გეტყვით, რასთან დაკავშირებითაც სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან შექმნილია კომისია და მიმდინარეობს მოკვლევა. საქმე ეხება მაღალჩინოსნის მანქანით საზღვარზე ნარკოტიკების გადმიტანას. ამ ფაქტთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელმაც საქმის კურსში ჩააყენა თბილისი.  ვშიშობთ, რომ ისინი შეეცდებიან ყველა კვალი წაშალონ.

 

კიდევ ვინ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ, ხაბაძესთან დალაპარაკება რატომ არ სცადეთ?


ჩვენ ამ ინფორმაციას ვაწვდიდით უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ფრაქციას. ამიტომაა, რომ ამ ჯგუფის წინააღმდე მძიმე ბრალდებებისა და ტალახის სროლა მიდის.  ფრაქცია ამ ამბებით ჩადიოდა პრემიერ-მინისტრთან. 

 

ბატონ არჩილთან შეხება არ მქონია 2013 წლის თებერვლის შემდეგ. ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი მხოლოდ ქაღალდზე და პრაქტიკულად ვსარგებლობდი სამთავრობო ფუფუნებით. ეს არის მანქანა, ტელეფონი, კაბინეტი. 2013 წლის თებერვლის შემდეგ,  მურმან დუმბაძის პრემიერთან პირველი დაპირისპირების შემდეგ, პრაქტიკულად, ჩვენი ჯგუფი ხელისუფლებას ჩამოსცილდა. ამის შემდეგ ერთადერთხელ შევხვდი არჩილ ხაბაძეს, როცა ბიზნესმენები მოვიდნენ მანდარინის საკითხთან დაკავშირებით.

 

ჩვენი საუბრები ისმინებოდა. აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს ყოფილი უფროსი თელია საკუთარ კაბინეტში ხაბაძეს ჩვენს საუბრებს ასმენინებდა. როგორც ჩანს, ცენტრიდან იყო დავალება, რომ ამ ორ ჯგუფს შორის ყოფილიყო მაქსიმალური სიცივე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო დავალება ცენტრიდან. პირველი ორი თვის შემდეგ ჩვენგან უკვე რეკომენდაციის გაწევაც კი დამღუპველი იყო. 

 

 

თუ ამდენი დანაშაული ხდებოდა და თქვენ ამას ხედავდით, ამ დრომდე რატომ არ გაასაჯაროვეთ – თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გაბრაზებული კაცის პოზიციიდან ხომ არ საუბრობთ?



ვაწვდიდი ინფორმაციას უშიშროებას და ფრაქციას. ვსაუბრობდით ამაზე შიგნით გუნდში. მე როგორც თანამდებობის პირს, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება არ მქონდა. ახლა გათავისუფლებული ვარ და უკვე შემეძლო ამაზე განცხადებები გამეკეთებინა.

 

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის აპარატში გააგრძელებთ მუშაობას, ასეა?

 

შემოთავაზება მაქვს, დავინიშნები თუ არა, ჯერ არ ვიცი. ვიმუშავებ, რატომაც არა, ეს ის ხალხია, ვისთან ერთადაც ჩვენ ვიბრძოდით.


 

 

სასწრაფო დახმარების ბრიგადები მაღალმთიან აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 2 ივლისს, აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული სამსახურის უფროსი მინდია კახიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ აბაშიძე კურორტ ბეშუმში  სამედიცინო სამსახურების ორგანიზაციულ საკითხებს გაეცნობიან.

 

ისინი გეგმავენ შეხვდრას  მემთეურებთან, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბეშუმში 10 ივნისიდან მორიგეობენ.

 

ბეშუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა საკურორტო სეზონის დასრულებამდე, 15 სექტემბრამდე დარჩება, ამ ხნის განმავლობაში მედიკოსები მომსახურებას მემთეურებთან ერთად დამსვენებლებსაც გაუწევენ.

უზენაესი სასამართლოდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში

 

 

2002 წელს დაამთავრა ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2002 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სამოსამართლო სწავლების ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი. 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

 

2006 წელს ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალობით. 2002-2006 წლებში მუშაობდა ქობულეთის რაიონის სანოტარო ბიუროში კონსულტანტად. 2007 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მთავარ სპეციალისტად.

 

2007 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ. 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის მაისამდე მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 27 მაისის №1/41 გადაწყვეტილებით დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ქობულეთის მუნიციპალიტეტში და 2014 წლის 9 ივნისიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

სტატისტიკა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე

 

2013 წელს – 493 პირის მიმართ (აჭარის ტერიტორიაზე 36 პირის მიმართ);
2014 წლის 4 თვეში -147 პირის მიმართ (აჭარის ტერიტორიაზე 6 პირის მიმართ).

 

ხელვაჩაურში მოქალაქემ პირი ამოიკერა

 

 

როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ანზორ ფერცელიძე ამბობს, ხელვაჩაურის სოფელ მახვილაურში მცხოვრები მურმან პაქსაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას სოციალური პირობების გამო მიმართა. 

 

„ოჯახი სოციალურად დაუცველია. გეოლოგების დასკვნით მისი სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარია და ამჟამად თავის ძმასთან ცხოვრობს“ – ამბობს ანზორ ფერცელიძე,

 

ანზორ ფერცელიძისვე თქმით, მურმან პაქსაძის სოციალურ მდგომარეობას სამთვრობო კომისია სწავლობს და სოციალურ სახლში, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, მურმან პაქსაძეს ბინას გადასცემენ.

ნაციონალურმა მოძრაობამ 103-ე უბანი მეორე ტურში მოიგო

 

 

 

 

 

 

დღეს 30 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი დიასამიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ 103-ე საარჩევნო უბანზე  ქართულ ოცნებას 30 ხმით მოუგეს. 

 

 

მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი მარინე ჩიხლაძეა, თუმცა ის ბათუმის საკრებულოს წევრი მაინც ვერ გახდება, რადგან სხვა უბნების მონაცემების მიხედვით, მისი ოპონენტი „ქართული ოცნებიდან“ თემურ ყურაშვილი ლიდერობს.

 

 

ამის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს წარმატება მნიშვნელოვანია:  „ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ხმების და ამომრჩევლის ხმების დაცვა. მოვახერხეთ ის რომ არ მომხდარიყო გაყალბება. ეს ტენდენცია გაგრძელდება მთელ ბათუმში და ასეთი იქნება შემდეგი მეორე ტურიც“ – განაცხადა გიორგი დიასამიძემ

 

 

მისივე ინფორმაციით, ნაციონალურ მოძრაობას მეორე ტურისთვის ზედმეტი ძალისხმევა არ დაუხარჯავს: „ეს არის გარკვეულწილად ქართული ოცნების დამსახურებაც, რადგან როგორც ჩანს მოაბეზრა ამომრჩეველს თავი მობილიზაციით. ჩვენ დამკვირვებლების მობილიზაცია გავაკეთეთ მხოლოდ, რადგან   პირველი ტური წარმოადგენდა  არა არჩევნებს არამედ სპეცოპერაციას“. 

„მე აქ ვიყავი“, – წარწერები ისტორიულ ძეგლებზე

 

 

 

 

ცირა ელისაშვილი

 

 

ორგანიზაცია „ტბილისის ჰამქარი“ წევრისა და GIPA-ს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელის, ცირა ელისაშვილის მოსაზრებით, არსებობს რაღაც ქმედებები, რომლებიც პიროვნული ჩვევებიდან გამომდინარეობს და ამას შინაგან კულტურას ვეძახით. „ეს შინაგანი კულტურა კი არის საკუთარი სურვილების რეგულაცია. შეიძლება მე ძალიან მინდოდეს ჩემი ნაკვალევი დარჩეს ისტორიას, მაგრამ თუ ამას გავაკეთებ ვანდალიზმის სახით, ამას უკვე სხვა შეფასება მიეცემა“.

 

 

ცირა ელისაშვილის თქმით, კონკრეტული ისტორიული მონაკვეთის კვლევის მიხედვით, საბჭოთა ეპოქაში, ისტორიულ ძეგლებზე შემორჩენილი წარწერები და ნაკვეთები არაქართულენოვანია. დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში კი უცხოს ჩაენაცვლა ქართულენოვანი წარწერები. „თუ ამას ადრე აკეთებდა საბჭოთა ტურისტი, ახლა ვაკეთებთ ჩვენ. მაშინ ქართველები ამას ვეძახდით ვანდალიზმს და გვქონდა რეაგირება, დღეს ვიმეორებთ ჩვენ იმავეს და ამაზე აღარ გვაქვს მგრძნობელობა“.

 

 

რესპონდენტის თქმით, არსებობს გრენადის კონვენცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, რომელიც არქიტექტურული ღირებულებების შესახებ ბავშვების, მოზარდების ინფორმირებულობას ითვალისწინებს. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ცირა ელისაშვილი ამბობს, ამ ვალდებულების განხორციელება ვერ ხერხდება. „ვერ დამისახლებთ ვერც ერთ სკოლას, თუნდაც თბილისის მასშტაბით, სადაც კულტურული მემკვიდრეობა როგორც საგანი, ისეა ჩასმული“.

 

 

ცირა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში აპრობირებული ექსკურსიების ფორმა ვერ უზრუნველყოფს ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემის განცდას და შინაგანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 

 

„რა არის ექსკურსიები? წავლენ სადღაც, გადაიღებენ ფოტოებს, შემდეგ დაყრიან ნაგავს, უკეთეს შემთხვევაში წამოიღებენ… არ მიმდინარეობს შემეცნებითი პროცესი. მაგალითად, „ტბილისის ჰამქარს“ აქვს სპეციალური ტურები და ამ ფორმატში ვახდენთ დაინტერესებული პირების ინფორმირებას იმ კონკრეტული ისტორიული უბნის თუ ძეგლის ირგვლივ, რომლის შესწავლაც აინტერესებთ ადამიანებს. ძალიან მოსაწყენი იქნება აჩვენო ადამიანს 21 სახლი და ელაპარაკო მხოლოდ მათ არქიტექტურულ ღირებულებაზე. პროცესი საინტერესო ხდება, როცა საუბარია, ვთქვათ, იმაზე, ვინ ააშენა ესა თუ ის ძეგლი. კიდევ რა აქვს აშენებული, რომ კავშირი გააბას მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ძალიან კარგად მუშაობს ადამიანური ისტორიები კონკრეტულ ძეგლთან მიმართებაში. არის სხვა მომენტებიც, რითაც განცდა უნდა გაუჩინო ადამიანს კონკრეტული ძეგლის მიმართ. ამის შემდეგ ადამიანები სხვა თვალით უყურებენ ისტორიულ მემკვიდრეობას“.

 

 

რესპონდენტის აზრით, გქონდეს მგრძნობელობა და პატივისცემის განცდა შენი ისტორიის მიმართ, ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ გრძელვადიანი პროცესი, რომელშიც საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი უნდა იყოს ჩართული. მათ შორის სკოლა, ოჯახი და ის გარემოც კი, სადაც შეიძლება შემთხვევით მოხვდე.

 

 

ცირა ელისაშვილის აზრით, აუცილებელია სკოლაში კულტურულ მემკვიდრეობას კომპეტენტური პედაგოგები ასწავლიდნენ და ეს საკითხები არ უნდა იყოს რაღაც თემების დანამატი: „არ არის აუცილებელი ეს გააკეთოს ლიტერატურის ან ისტორიის მასწავლებელმა. ეს უნდა იყოს პროფესიონალი მკვლევარი, რომლის ცხოვრების წესია, ჰქონდეს ყველა ინფორმაცია ისტორიულ მემკვიდრეობაზე და გაუზიაროს სხვებსაც“.

 

 

სპეციალისტის აზრით, ამ ინფორმაციის ბავშვები უნდა იღებდნენ არა მექანიკურად, საზეპიროების სახით, არამედ თანამონაწილეობის ეფექტით.
„გააჩნია ბავშვების ასაკს. თუ ასაკი პატარაა, როგორც ძეგლის მეგობარი – ასე შეიძლება ბავშვის თანამონაწილეობის განსაზღვრა. თუ უფროსკლასელები არიან, მაშინ იქნება არა ძეგლის მეგობარი, არამედ მეურვე. ვფიქრობ, დრო ჩვენი საზოგადოებისა და კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ მუშაობს. ჩვენ ვკარგავთ ისტორიას, რომელთა დაბრუნება, უბრალოდ, შეუძლებელია, ამიტომ დროულად უნდა ვიმუშავოთ ამ მიმართულებით“.
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ მგრძნობელობა ვანდალიზმზე, როდესაც ეს უცხოეთში ხდება ქართული ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ. მძაფრი რეაქცია გვქონდა იერუსალიმში რუსთაველის ფრესკის დაზიანების ფაქტზე, თუმცა სახელმწიფო პოლიტიკა ქვეყნის შიგნით კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, საკმაოდ ხისტია. ხშირად საერთაშორისო ორგანიზაციები თუ კონკრეტული მკვლევარები გვითითებენ, თუ როგორ არ უნდა მოვექცეთ საკუთარ მემკვიდრეობას. საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქციების მიუხედავად, მნიშვნელოვნად შეეცვალა იერ-სახე ბევრ ისტორიულ ძეგლს თუ უბანს.

 

ცირა ელისაშვილის აზრით, ბათუმი, თბილისი და კიდევ სხვა ისტორიული ქალაქები კლასიკური მაგალითია იმის, თუ როგორ არ უნდა ხელყოს ისტორია სახელმწიფომ. „რეაბილიტაციის წყალობით სხვადასხვა ქალაქი ერთმანეთს დავამსგავსეთ. ფოტო რომ ნახოთ, ვერ მეტყვით მცხეთაა თუ სიღნაღი. ისევე როგორც ბათუმი და პლეხანოვი დაემსგავსა ერთმანეთს. ქალაქებმა დაკარგა ინდივიდუალობა, რაც რთულად გამოსწორებადია“.
რესპონდენტის თქმით, თუ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს საკუთარ ფასეულობებს მემკვიდრეობის სახით ან არ უნდა გააცნობიეროს, რადგან მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ინვესტიციები, ამ შემთხვევაში აუცილებელია საზოგადოების მწვავე რეაქცია თუნდაც კონფრონტაცია, რომ არ წაიშალოს ისტორიული მემკვიდრეობა. „საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, როგორ უნდა მიიღო ეკონომიკური ეფექტი ისტორიული მემკვიდრეობისგან, ამის კვლევა „ტბილისის ჰამქარმა“ გააკეთებინა ჰოლანდიელ სპეციალისტებს, თუმცა შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესს გაგრძელება არ მოჰყოლია“.

 

როცა არტერიული წნევის ნიშნულები ერთმანეთს უახლოვდება

  • ქალბატონო თინა, რამდენი უნდა იყოს სხვაობა სისტოლურ და დიასტოლურ წნევის ნიშნულებს შორის?

სხვაობას სისტოლურ და დიასტოლურ წნევებს შორის პულსური წნევა ეწოდება, ჯანსაღი ზრდასრული ადამიანებისთვის დასვენებულ მდგომარეობაში ეს წნევა 35-50 ვწს (იდეალში 40+_5 ვწს) უნდა იყოს, ამაზე ნაკლები სხვაობა უკვე პათოლოგიაა, თუ მას პერმანენტული ხასიათი აქვს. პულსური წნევის ზღვარი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გართულებების განვითარებას იმ პაციენტებში, რომელთაც სხვადასხვა გულსისხლძარღვთა დაავადებები აქვთ. მას შეუძლია ადეკვატურად ასახოს სისხლძარღვების „რეალური ასაკი“, რომელიც შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს მათ „ბიოლოგიურ ასაკს“.

  •  რა ნიშნები ახასიათებს პულსურ დაბალ წნევას?

კონკრეტული ჩივილები დაბალ პულსურ წნევას არ ახასიათებს, ისევე როგორც მაღალ არტერიულ წნევას, ამ დროს ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, მას შესაძლოა აღენიშნებოდეს გახშირებული გულის ცემა, ჰქონდეს გარკვეული დისკომფორტის შეგრძნება, ასევე ტკივილის შეგრძნება გულის არეში, თავის ტკივილი და ა.შ.

  •  რა შეიძლება იყოს სისტოლური და დიასტოლური წნევის ნიშნულების ახლოს ყოფნის მიზეზი?

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰიპერტონია (არტერიული წნევის მატება) არსებობს პირველადი, ანუ ცალკე დამოუკიდებლად განვითარებული, რომელსაც ესენციურ ჰიპერტონიას უწოდებენ და სიმპტომატური – როცა ჰიპერტონია სხვა დაავადების შედეგად ვითარდება. პირველადი ჰიპერტონიის დიაგნოზი ისმება მაშინ, როცა ყველა სხვა მეორადი მიზეზი გამოირიცხება.

დაბალი პულსური წნევა შეიძლება განვითარდეს გულისა თუ ენდოკრინული დაავადებების დროს, მაგალითად, ტაქიკარდია (გულის ცემის ძლიერი გახშირება), გულის გამოხატული უკმარისობა (როცა გულის კუნთი სუსტად იკუმშება), ქვედა კიდურების სისხლძარღვების სპაზმი (რომელსაც დიდ ხანს სიცივეში ყოფნა იწვევს), ჰიპოვალემია (როცა ორგანიზმში სისხლის რაოდენობა ტრავმებისა და სისხლდენის გამო საგრძნობლად მცირდება).
წნევის ერთჯერადად ცვალებადობა შესაძლოა ზედმეტი ფიზიკური დატვირთვით ან სტრესითა და გადაღლილობითაც იყოს გამოწვეული.

  •  რა შეიძლება მოიმოქმედოს ადამიანმა ასეთი წნევის დროს?

ამ კითხვაზე ცალსახად პასუხის გაცემა რთულია, ვინაიდან ასეთ დროს ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მაგალითად, მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ასაკს, თანმხლებ დაავადებას, წნევის ძირითად მიზეზს – თუ რით არის დაბალი პულსური წნევა გამოწვეული, უშუალოდ წნევის მაჩვენებლებს (100/80-ზეა თუ 160/140ზე), ეს ერთჯერადად განვითარდა თუ სისტემატური ხასიათი აქვს. თუ ასეთი წნევა სისტემატური ხასიათისაა, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა ჩაუტარდეს სათანადო კვლევა და მკურნალობა.

იმ შემთხვევაში თუ წნევების მიზეზად, კონკრეტული დაავადება დასახელდება, აუცილებელია იმ დაავადების მკურნალობა და მის პარალელურად ჰიპერტონიის განკურნებაც.

რაც შეეხება პირველად დახმარებას მაშინ, როცა სისტოლური და დიასტოლური წნევა მაღალია, პაციენტმა შეიძლება გამოიყენოს სწრაფი მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები – კაპტოპრილი, ნიფედიპინი და მცენარეული სედატური საშუალებები – ვალერიანი, პუსტირნიკი, კორვალოლი, ვალიდოლი.

  •  რა შეიძლება გავაკეთოთ პროფილაქტიკისთვის?

პირველ რიგში ადამიანმა უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი, უნდა შეწყვიტოს თამბაქოს მოხმარება და მკვეთრად შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება. დაუშვებელია ცხოვრების პასიური რეჟიმი. ჰიპერტონიის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, კვირაში 4-5-ჯერ, დღის განმავლობაში 30-40 წუთით, ფეხით სიარული. პაციენტმა უნდა მოიშოროს ჭარბი წონა. კარგია თუ ცხოველური ცხიმს ჩაანაცვლებს მცენარეული ცხიმით, შეზღუდავს მარილს მენიუში და ყოველდღიურად მიიღებს ნახევარ კილო, თერმულად დაუმუშავებელ ხილ-ბოსტნეულს. მენიუში კარგია ზღვის პროდუქტებიც. არტერიული წნევის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ფსიქო-ემოციური სტრესი, ამიტომ ადამიანი უნდა შეეცადოს თავი აარიდოს სტრესულ სიტუაციებს და მეტი დრო დახარჯოს რელაქსაციაზე.

ტურიზმი გზის გარეშე

 

მტირალას ეროვნული პარკი

 

 

დათო ტრაპაიძე ერთ-ერთია, ვისაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა გადაადგილების დროს დისკომფორტს უქმნის. „14 კილომეტრია თუ არ ვცდები, ჩაქვთან გზა ძალიან ვიწროა და ხშირად უჭირს მანქანებს გვერდის ავლა. ორმოებიც ბევრია, არ არის პარკინგი, მანქანა რომ გააჩერო და გადმოხვიდე, ფოტო გადაიღო. ასეთი დეტალები მოსაწესრიგებელია“, – ამბობს ის.

 

მტირალას ეროვნული პარკის დირექტორი დავით ხომერიკი ამბობს, რომ პარკთან მისასვლელი გზა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მასზე ზრუნვის ვალდებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტს აქვს: „ყოველ წელიწადს გვეუბნებიან გავაკეთებთო. გაზაფხულზეც იყვნენ საგზაო დეპარტამენტიდან და გვითხრეს ვაპირებთ სამუშაოების დაწყებას და თქვენც შეგატყობინებთო, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოჩენილან. ჩვენი მოთხოვნაა, მისვლა-მოსვლა ვიზიტორებისთვის იყოს გამარტივებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ფინანსები არ გამოჩნდა. შარშან მხოლოდ ტრაქტორით მიმოასწორეს გზა“.

 

იგეგმება თუ არა დაცული ტერიტორიების მიმართულებით გზების შეკეთება? – ამ ინფორმაციის მისაღებად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსს დავუკავშირდით. კახა შაშიკაძის თქმით, წელს მტირალასთან მისასვლელი გზის მხოლოდ ორი კილომეტრის მოასფალტებაა დაგეგმილი. დანარჩენი ნაწილი კი, უბრალოდ, მოსწორდება.

 

„ყოველი ტურისტული სეზონის წინ ჩვენ ვუშვებთ ტექნიკას და გზას ვასწორებთ. ასე იყო წინა წელსაც. მტირალას მიმართულებით ორი კილომეტრი წელს დაიგება რეინჯერების სადგომამდე. რაც შეეხება კინტრიშს, მანდ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება და აქედან გამომდინარე გაჩერებულები ვართ, მაინც დაზიანდება ასფალტი. ჭახათამდე იყო დაგეგმილი, მაგრამ ვეღარ გავაკეთებთ, აზრი არ აქვს“.

 

კახა შაშიკაძე ამბობს, რომ ტურისტები კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე უგზოობის შემთხვევაშიც მივლენ: „ამდენ ხანს არ იყო ასფალტი, მაგრამ დადიოდნენ. გვინდა გავაკეთოთ, მაგრამ ამ წელს არ იქნება“.

 

ამავე სამსახურის თანამშრომლის ლია დავითაძის ინფორმაციით, ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის ათკილომეტრიანი მონაკვეთიდან წელს ორი კილომეტრი მოასფალტდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 465 ათასი ლარია გამოყოფილი. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან მისასვლელი გზა არის ბარცხანა-ორთაბათუმი-ყოროლისთავის მიმართულებით, რომელიც მოასფალტებულია და წელს მხოლოდ ორმული შეკეთებებია გათვალისწინებული“.

 

მტირალას ეროვნულ პარკში, დირექტორის განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, წელს ვიზიტორთა შვიდპროცენტიანი ზრდაა. „ტურისტული პიკი იწყება ივლისიდან და სექტემბრამდე გრძელდება“.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაცული ტერიტორიები აჭარის ტურიზმის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, თუმცა მათთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს რაღაც პრობლემა, რომელიც აბრკოლებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. „ზოგჯერ არის ბიუჯეტი, ზოგჯერ ელოდებიან დონორების დაფინანსებას და ა.შ. ეს კონკრეტული ფაქტორები კი ადგილზე, ადმინისტრაციებმა უნდა განიხილონ. დაცულ ტერიტორიებს ჰყავს თავისი მაკონტროლებელი ორგანო – დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს და მათ კომპეტენციაში ტურიზმის დეპარტამენტი ვერ ჩაერევა. ჩვენ მხოლოდ სიტყვიერ რეკომენდაციებს ვაძლევთ“, – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი.

 

ახდენს თუ არა გავლენას მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ტურიზმზე და როგორი უნდა იყოს ტურიზმის დეპარტამენტის პოლიტიკა ამ მიმართულებით? ტურიზმის სპეციალსიტის, ზვიად ელიზიანის აზრით, დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს: „ტურიზმის დეპარტამენტს ამ მხრივ ბევრი ბერკეტი არ აქვს, მთავრობამ უნდა იზრუნოს გზებზე. თუ არ ზრუნავს, მაშინ ან ფული არ აქვს, ან სხვა პრიორიტეტებზე იხარჯება თანხა. წესით, გზებს უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ტურიზმში“.

ბათუმში ღარიბაშვილის ხელწერიანი ტორტი გაჭრეს

 

 ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე  ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც რეფორმების განხორციელების კუთხით ეკისრება.

 

პრემიერ–მინისტრი მეუღლესთან ერთად

 

Exit mobile version